მზე ტყუპები, მთვარე-ვერძი
ეს მდებარეობა ადამიანს ხდის მენტალურად სწრაფს, როგორც კატას. ის არის მახვილგონიერი, სწრაფი, მოძრავი, სხარტი, აგრესიული. ესაა “სული” და “სხეული” ერთად. როგორც წესი, ამ მდებარეობის მქონე ადამიანის ცნობიერი და არაცნობიერი შეთანხმებულია და შინაგანი კონფლიქტი არ აწუხებს. ის ხასიათდება აგრესიულობითა და დაჟინებულობით, მიუხედავად ცვალებადი ბუნებისა, შეუძლია თუ რამეს დაიჟინებს-მიაღწიოს.
კონფლიქტის შემთხვევაში საკმაოდ საშიში მოწინააღმდეგეა, რადგან სწრაფად აზროვნებს და მწარე რეპლიკით ყველაზე „გულქვა“ ადამიანსაც კი მიზანში მოარტყამს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები რომანტიულები, წარმატების ჯარისკაცები, ინდივიდუალისტები, მებრძოლები და მეგობრულები არიან. ურთიერთობებში ტყუპები მთვარით ვერძი არის საკმაოდ მხიარული, შეუძლია მოგიწყოთ სურპრიზები და წვეულებები. მას ხომ ენერგია არ ელევა. . . .მაგრამ ამავე დროს არის საშიში მოწინააღმდეგე. ის არც კი დაფიქრდება ისე გაგასწორებთ მიწასთან და ეს ყველაფერი მხოლოდ -საუბრის დონეზე.
ეს ტყუპები გამოირჩევა “მწარე” და პირდაპირი გამონათქვამებით. მოტივირებულია მუდმივად მიიღოს და შეაგროვოს ახალი ინფორმაცია. მისი ერთადერთ პრობლემად და ასევე დადებით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს მუდმივად მხიარული განწყობა, რაც “სერიოზულ ფიქრში” უშლის ხელს. ადამიანები მას უსიტყვოდ ენდობიან, რადგან ამ ადამიანმა კარგად იცის სად მიდის, რა მიზნით და რა გზით. საკუთარ თავში დარწმუნებულობა ხელს შეუწყობს მის ლიდერად ჩამოყალიბებას,, ქვეცნობიერად მას ხომ სწორედ ლიდერობა და პირველობა სურს.
შეიძლება ამ ადამიანმა დატოვოს ზედაპირული პიროვნების შთაბეჭდილება,რადგან მას თევზებივით სულაც არ ახასიათებს “ღრმად” ფიქრი და განცდა. შესაძლოა მთელი გულით უყვარდეს ადამიანი, მაგრამ მის პარტნიორს აუცილებლად მოუწევს მუდმივად ფორმაში ყოფნა და საინტერესო საუბრის გაბმა, რათა მუდმივად შეინარჩუნოს ტყუპებში აგიზგიზებული ცეცხლი.
მზე ტყუპები, მთვარე-კურო
ეს მდებარეობა იძლევა ერთ-ერთ პოპულარულ ხასიათსა და პიროვნებას. მათი შინაგანი სტაბილურობა და დიალოგის წარმართვის უნარი უამრავ ადამიანს იზიდავს. ეს ადამიანები იდეალებისა და მეგობრების ერთგულები დიდხანს რჩებიან. საკმაოდ რომანტიულები არიან, მაგრამ არა ცვალებადები. წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი კარგი მდებარეობაა, რადგან ასეთ ტყუპებს ბუნებრივად აქვს კარგი გონებრივი მონაცემები, საქმიანი ყნოსვა და ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა.
ერთ-ერთი კარგი მდებარეობაა. ტყუპების გონებამახვილობა შერწყმული კუროს სტაბილურობასთან.ასეთი ადამიანი არის სოციალური, მხიარული, ადვილად ითვისებს ნებისმიერ ინფორმაციას. კურო ტყუპებს სტაბილურობას მატებს,მას შეუძლია ადვილად და სწრაფად მიაღწიოს მიზანს და ამავე დროს იყოს სოციალურად მიღებული პიროვნება.
ტყუპები მთვარით კურო ადვილად მიაღწევს წარმატებას ბიზნესის სფეროში.შეუძლია სწრაფად გაიაზროს მოსალოდნელი შედეგები, რაც ტყუპებისთვის ზოგადად წარმოუდგენელია. ასევე ტყუპები ამ მდებარეობით ბევრად უფრო ხშირად ფიქრობს მატერიალურ სფეროზე,ვიდრე დანარჩენი ტყუპები. მას არ ეზარება უკანასკნელი თეთრის დახარჯვაც კი იმ დროისთვის მისთვის საყვარელ საგანზე (საგანი, რა თქმა უნდა, წიგნია ან შემეცნებისთვის საჭირო სხვა ნივთი)/პიროვნებაზე.
ეს ადამიანი ხშირად გამოირჩევა საკუთარ სანაცნობო წრეში მაღალი გონებრივი მონაცემებით, თუმცა ამის აღნიშვნა არ უყვარს-მას არ სურს გარშემომყოფებს გული ატკინოს და დაანახოს, რომ “მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი და გასაგები”.
მზე ტყუპები, მთვარე ტყუპები
ეს ადამიანი მოგვაგონებს ელექტროსადგურს, სადაც დენმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგარტყას. ემოციურად ცვალებადი ადამიანია, რომელიც აზრს ხშირად და გამუდმებით იცვლის. ენერგიის დახარჯვის ერთი გზა ცვლის მეორეს, მეორე მესამეს და ა.შ. ამ ადამიანისთვის მუდმივი არაფერია, ის ყველგანაა “აქ” და მეორე წუთში “იქ”. ტყუპები კვადრატში არის მოძრავი,სხარტი ადამიანი, რომელიც დიდხანს ვერ ძლებს ერთ საზოგადოებაში და ხშირად იცვლის მეგობრებს.
არ შეუძლია 1 ფოკუსით ყურება. მუდმივმა “გადართვებმა” კი შეიძლება გამოიწვიოს ნევროზი (კვადრატში). ამ ადამიანის ქცევის წამმართველი ყოველთვის კონკრეტული სიტუაციაა და არასდროს იცის წინასწარ 5 წუთის შემდეგ რას მოიმოქმედებს. თავს ცუდად გრძნობს, თუ გვერდით არ ჰყავს ადამიანი, რომელთანაც საუბარს შეძლებს. ტყუპებს კვადრატში ყველაფერი აინტერესებთ, ყველა სფერო, მაგრამ ღრმა ცოდნა არცერთ სფეროში (არ) აქვთ. მისთვის უკეთესი იქნება თუ ემოციების მართვას ისწავლის. ნერვები – ეს მათი სუსტი წერტილია.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ადვილად უყვარდებათ და ასევე ადვილად გადაუყვარდებათ ხოლმე. ხშირად აქვთ ცვლილების სურვილი. ერთ ადგილზე გაჩერება უძნელდებათ. თუ ადამიანთან ურთიერთობა მობეზრდათ, ადვილად ამჩნევენ მათ ნაკლს და შეუძლიათ პირდაპირ უთხრან. ხოლო როცა სხვები ურთიერთობის გაფუჭების მიზეზს არკვევენ, ის უკვე სხვა ადამიანებს ეცნობა.
ეს ადამიანები ყველაფერს კითხულობენ, რაც ხელში მოხვდებათ; კარგი იუმორის გრძნობა აქვთ და ხშირად ხუმრობენ. უყვართ მოგზაურობა და ახალი ადგილების დათვალიერება, ახალი ადამიანების გაცნობა. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ყბედი და ჭორკანა შეიძლება იყოს.
მზე ტყუპები, მთვარე-კირჩხიბი
ტყუპები მთვარე კირჩხიბები დამოუკიდებლები არიან, რაც ერთგვარი თავდაცვის ფუნქციის მატარებელია, რაც არ უნდა მოხდეს, სხვებზე დამოკიდებულებას გაურბიან. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი გამოირჩევა ტყუპისთვის იშვიათი ემოციურობით. მისი ცხოვრება სავსეა უამრავი სტიმულით, რომლებიც მასზე დიდ გავლენას ახდენს. ტყუპები მთვარით კირჩხიბი დაჯილდოვებულია ინტუიციით,ის ადვილად ხვდება ადამიანთა ფარულ ზრახვებს. ამიტომ მისი მოტყუება გაგიჭირდებათ.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ეძებს ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც სავსე იქნება მგრძნობელობით, რომანტიკით,რევოლუციური იდეებით. მთვარე კირჩხიბი ტყუპს ანიჭებს 1 საქმეზე კონცენტრაციის უნარს. თუ ის დიდხანს გაჩერდება რომელიმე საქმეზე და გაანალიზებს მას ბოლომდე, ტყუპებისთვის დამახასიათებელი ნევროზულობა მოიკლებს და საბოლოოდ გაქრება.
ამ ადამიანს აქვს სიმშვიდის, სტაბილურობის და სიყწნარის დიდი მოთხოვნილება, თუმცა პირად ცხოვრებაში და ოჯახში შეიძლება გაუჭირდეს ამ თვისებების გამოჩენა. ეს ადამიანები მოგვაგონებენ ღრუბელს, რომელიც ყველაფერს იწოვს. მათ გონებაში დიდხანს რჩება მოგონებები, განცდები, ემოციები. მათთვის აუცილებელია, რომ მგრძნობელობა და ემოციურობა კონსტრუქციულად გამოხატონ.
დროთა განმავლობაში შეუძლიათ ერთ საქმეზე კონცენტრაციის სწავლა, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, პირად ცხოვრებაში განცდილი ყველა მოგონება თუ ემოცია მუდმივად ახსოვთ. სხვა ტყუპებისგან განსხვავებით, ძნელად ივიწყებენ წყენას. ტყუპები მთვარით კირჩხიბები ხშირად ნევროზულ მდგომარეობამდე მიდიან და მათთვის მთავარ გაკვეთილად იქცევა – საკუთარი გონებისთვის ემოციების დაქვემდებარება.
მზე ტყუპები, მთვარე ლომი
მზე-მთვარის ეს კომბინაცია იძლევა საკმაოდ ძლიერი პიროვნული მახასიათებლების მქონე ადამიანს. მათი გონება დაუღალავია, ხშირად ერთი საგნიდან მეორეზე გადადის, გემოვნება, როგორც წესი, დახვეწილია, მაგრამ ამავე დროს – ცვალებადი. მათი ერთი შეხედვით უყურადღებო საქციელი საღ აზრს მალავს ისევე, როგორც შეუსაბამო სიყვარული შირმა და ნიღაბია თქვენი სულის წმინდა ნაწილის, ერთგულებისა და თავდადებისა.
სამუდამო სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ეჭვის, ყოყმანისა და ცრემლების გავლა გიწევთ, რადგან რეალურად, თქვენთვის რთულია მხოლოდ ერთ ადამიანთან გაჩერება. როგორც კი დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ, პარტნიორის ერთგული ხდებით. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ჭკვიანები არიან, გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად პოულობენ, ინფორმაციის მიღება სწრაფად შეუძლიათ და შეუძლიათ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდნენ. ახალგაზრდობაში იმდენად კომუნიკაბელურები იყვნენ, რომ ეს ხელს უშლიდან სწავლაში.
საგნებს ადვილად ითვისებენ არა ბეჯითი მეცადინეობით ან სწავლით, არამედ უფრო სწრაფი დამახსოვრების ნიჭით. ზრდასრულ ასაკში მთვარე ლომიანი ტყუპები ბევრად სერიოზულები არიან და ცხოვრებისგან უამრავ გაკვეთილს სწავლობენ. მათ მუდმივად აქვთ სიახლის მიღების სურვილი და კონტაქტურობას ინარჩუნებენ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებისთვის სიყვარული მნიშვნელოვანია და მზად არიან სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის ბევრი რამ გაიღონ.
აღშფოთების ან გაღიზიანების შემთხვევაში ადვილად გამოხატავენ აზრს. ამ დროს შეუძლიათ სწრაფად ისაუბრონ და რაც ენაზე მოადგებათ, ყველაფერი თქვან, რადგან ცოცხალი და სწრაფი გონება აქვთ. საკმაოდ დიდი შანსია, რომ მომავალში პოლიტიკური ლიდერები გახდნენ ბუნებრივი შარმისა და ენის წყალობით. თუ სიამაყეს და ზედმეტ ამბიციურობას გადალახავენ, ცხოვრებაში ბევრი რამის მიღწევას შეძლებენ.
მზე ტყუპები, მთვარე ქალწული
გონება – აი, მთვარე ქალწულის მქონე ტყუპების გასაღები. ისინი ტემპერამენტიანი და განწყობის ცვლილებას ადვილად ამყოლი ადამიანები არიან. გარეგნული მხიარულების მიღმა მწუხარების და სინანულის დამალვა, უარყოფით განცდებზე დაცინვა (საკუთარ თავს დასცინიან) ან იუმორით მიღება ახასიათებთ. ზოგჯერ ზედმეტად დრამატულები არიან, განსაკუთრებით როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება. ამ ტყუპებს ხშირად აქვთ განცდა, რომ ვერ უგებენ ან არ აფასებენ.
რომანტიზმი გონებით განისაზღვრება, უყვართ უფრო მეტად გონებით, ვიდრე გულით. მათთვის აუცილებელია, რომ გონებამ სასიყვარულო პარტნიორი მიიღოს. ამ ტყუპებისთვის დამახასიათებელია გარშემომყოფებზე ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე ყოფნა ან თავს ასეთად თვლიან. უჭირთ ერთ საგანზე კონცენტრირება, განსაკუთრებით სამსახურსა და ინტელექტუალური მუშაობის, სწავლის დროს; უჭირთ დაწყებული საქმის დასრულება, თუნდაც ენთუზიაზმით დაიწყონ.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანებმა რა თქმა უნდა, შეიძლება მიაღწიონ წარმატებას მწერლობაში, რეჟისორობაში, მაგრამ კონცენტრაცია უჭირთ და საჭიროებენ გარედან, სხვა ადამიანების მხარდაჭერას. წარმატებას მიაღწევენ ბიზნესში, რადგან სწრაფად შეუძლიათ ფიქრი, აზროვნება.
იზიდავთ ინტელექტუალური სამუშაო. მათი იუმორი კი „მშრალია“. მოსწონთ სხარტი და დელიკატური იუმორი. უფრო მეტად გაუმართლებთ და თავს კარგად იგრძნობენ, თუ მიიღებენ სამყაროს ისეთად, როგორიცაა. შედეგად მათი ბევრი მიზანი ადვილად ასრულდება.
მზე ტყუპები, მთვარე სასწორი
აქტიურები, რომანტიულები, ექსპრესიულები, ჭკვიანები და იდეალიზმისკენ მიდრეკილები არიან. როგორც წესი, აქტიური ცხოვრება აქვთ. საქმისა და სიამოვნების შეთანხმება შეუძლიათ. მეგობრების ფართო წრე ჰყავთ, რომელიც წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. პოზიტიური განწყობა და ხედვა კი პრობლემების მოგვარებაში ეხმარებათ. ისინი საგნებს და ფაქტებს ხედავენ ისე, როგორც სინამდვილეშია. ამავე დროს შეუძლიათ, რომ სხვებს საკუთარი აზრები და სტანდარტები არ მოახვიონ.
სადაც არ უნდა მოუწიოთ ყოფნა, არ უჭირთ ცხოვრების აზრის პოვნა, მხიარულება. მზე ტყუპებ, მთვარე სასწორებს მოგზაურობა, ახალი ნაცნობების გაცნობა, კომუნიკაცია უყვართ. შთაბეჭდილებების მოყოლა კი დეტალებში შეუძლიათ – ისინი ცდილობენ, რომ ჰარმონიული გარემო შექმნან, თუნდაც მხოლოდ თავის გარშემო. ასევე, მოსწონთ ჭორების, ახალი ამბების მოსმენა, სხვების ისტორიების გარკვევა (განსაკუთრებით -სასიყვარულო).
სასიყვარულო ურთიერთობებში პასიურ როლს ირჩევენ. შეიძლება ინტერესი სწრაფად შეეცვალოთ და მოწონების ობიექტიც სწრაფად შეიცვალონ. არ უყვართ, როცა არ აფასებენ და პარტნიორს უმალ მიატოვებს, ვიდრე უსამართლო მოქცევას აპატიებს. კარგი მდებარეობაა ჯგუფებთან სამუშაოდ, სოციალური სამსახურისთვის.
ეს კომბინაცია იძლევა მხიარულ, ჰუმანურ ადამიანს, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს და დიპლომატიურია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ცხოვრება მოსაწყენად არ მიაჩნიათ, რადგან იმდენად არიან დაკავებულები ან გატაცებულები საკუთარი თავით, ადამიანებით, მოგზაურობით – დრო არ ჩებათ მოსაწყენად.
მზე ტყუპები, მთვარე მორიელი
ამ კომბინაციის შემთხვევაში საზრიანობა და ემოციურობა ერთიანდება, რაც ადამიანს გადამწყვეტს, სიღმისეულს და დაჟინებულს ხდის. ტყუპებს მთვარე მორიელი ანიჭებთ სიღრმეს, ნაკლებად გამოაქვთ გარეთ ნაფიქრი, თუმცა ემოციურობა ორმაგდება. ეს ადამიანები ბევრ რამეს განიცდიან, როგორც წესი, კულისებს მიღმა. ტყუპებს მთვარე მორიელით ინტუიცია ძლიერი აქვთ, სხვების აზრის ჩაწვდომა ეხერხებათ.
ინტელექტისა და გონების გამოყენებით კარგად შეუზლიათ სხვების გამოყენება ან მართვა. თუმცა, როგორც კი იწყებენ მგრძნობელობის გამოვლინებას, საშიშროებაა რომ აქეთ გამოიყენონ სხვებმა და იარაღად იქცეს. თავის განსხვავებულად, მრავალფეროვნებითა და ამავე დროს, იდუმალებით გამოვლინება, არაერთს იზიდავს. მათ უმრავლესობას თვალებით და საუბრით შეუძლიათ ადამიანზე გავლენის მოხდენა. ეს ადამიანები ქამელეონს გვაგონებენ.
თუ ქვედინებების დანახვის მიუხედავად საკუთარი გზით ივლიან და ნაკლებ დროს დაუთმობენ სხვებთან ჭიდილს, ინტელექტუალური ჭეშმარიტების დამტკიცებას, მით მეტ წარმატებას მიაღწევენ. არ უნდა დაივიწყონ, რომ ნებისმიერი სახის მართვა შეიძლება ბუმერანგის პრინციპით ხასიათდებოდეს და თავად დაზიანდნენ. მათთვის უარყოფითი ემოციები საკმაოდ საზიანოა, თუმცა თავად შეუძლიათ სხვების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენონ. შესაძლოა გარშემომყოფების თვალში ენამწარის, სარკასტული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ამ მდებარეობის მქონე ორივე სქესის წარმომადგენელისთვის ხშირად პრობლემურია საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა.
ამ კომბინაციის მქონე ადამიანები მაგნეტურები, ძლიერები, ენერგიულები და მენტალურ დონეზე აქტიურები არიან. სხვა ტყუპებისგან განსხვავებით საკუთარ სიამოვნებაზე უფრო მეტად ზრუნავენ და ნაკლებად აინტერესებთ ჭორები. უფრო მეტად შეეფერებათ შემოქმედებითი ან პროფესიული კარიერა, ვიდრე ბიზნესი, რამდენადაც მათი „მე“ ინდივიდუალურ აღიარებას მოითხოვს. ასე მათი სიამაყე და ინდივიდუალური მოთხოვნილებები კონსტრუქციულად გამოიხატება.
მზე ტყუპები, მთვარე მშვილდოსანი
ეს კომბინაცია საკმაოდ არაკონტროლირებად პიროვნებაზე მიანიშნებს, რომელსაც ინტელექტუალური თავისუფლების, მოგზაურობის, თავგადასავლების უდიდესი სურვილი აქვს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები საჭიროებენ პირად თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ ურთიერთობას გაწყვეტენ ან გაიქცვიან. რომანტიულები არიან და ხშირად დიდობაშიც სჯერად ზღაპრების. იზიდავთ ყველაფერი, რაც შორსაა და ამჟამად მიუწვდომელია. მუდმივად ძიებაში არიან, მოსწონთ თავგადასავლები, მოგზაურობა, ისტორიების მოყოლა, სხვების გაკვირვება. შესაძლოა არამხოლოდ საკუთარი, არამედ მეგობრების ისტორიების მოყოლაც დაიწყონ.
მხიარული და ხალისიანი ადამიანები არიან, რომლებსაც მოსმენაც შეუძლიათ და საუბარიც. მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და შესაძლოა დატოვონ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყველაზე და ყველაფერზე ინფორმაციას ფლობენ. ამ ადამიანებისთვის რთული იქნება დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რადგან იმდენად მძაფრი წარმოსახვის უნარი აქვთ, ადვილად შეუძლიათ ისტორიის გაბუქება და სხვების შეცდომაში შეყვანა.
მათთვის მთავარია ისწავლონ აზრების სიცხადე – კრიტიკა და ანალიზი, რაც მათ წარმოსახვას ნაკლებ გასაქანს მისცემს. ზოგადად, ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ადვილად სწამთ სპირიტული სეანსების, მისტიური ისტორიების, ჯადოქრობის, შელოცვების, წყევლის. მათ აზრებს შური არ ურევია, მაგრამ შესაძლოა მაინც მოიტანოს პრობლემები.
სასიყვარულო ურთიერთობებში, როგორც წესი, რომანტიულები და რისკისკენ მიდრეკილნი არიან. საყვარელი ადამიანის ყურადღების მისაქცევად შეიძლება ავანტიურაც წამოიწყონ. თუმცა, როგორც ადვილად უყვარდებათ, ასევე სწრაფად გადაყვარებაც ახასიათებთ – ახალი გატაცების გამოჩენის გამო.
მზე ტყუპები, მთვარე თხის რქა
გარეგნული გულითადობისა და სირბილის მიღმა ძლიერი პიროვნება დგას. მათი ახლობლებისა და მეგობრებისთვის შეიძლება მოულოდნელი იქნება აღმოჩენა, რომ ამ ტყუპებისთვის ყველაფრის „აკიდება“ და დავალება არ გამოუვათ. როგორც წესი, თავაზიანები, მეგობრულები, კომუნიკაბელური, ძლიერი და მიზანმიმართული ხალხია. თუ არ უნდათ, მათ გადაბირებას ვერავინ მოახერხებს. შეუძლიათ ნებისმიერი საქმე კარგად დაგეგმონ, გადაწყვეტილებები სერიოზული დაფიქრების შემდეგ მიიღონ. ტყუპების ამ წარმომადგენლებს ადვილად გამოსდით სხვების დარწმუნება, განსაკუთრებით იმ საქმეებში, რომლებიც მათთვისაც საინტერესო ან მომგებიანია.
თავაზიანი ღიმილის, კარგი განწყობის უკან სიმტკიცე და ამბიციურობა დგას. ამ ტყუპებისთვის კანონების დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ იმ სოციალურ კანონებს იცავენ, რომელსაც იზიარებენ. როგორც წესი, ექსტრავერტები და თამამები არიან, თუმცა შინაგანად მორიდებულებიც. პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა ძლიერად აქვთ განვითარებული და მიუხედავად ინდივიდუალიზმის, შინაგანი დამოკიდებულებისა, შეთანხმებების დარღვევა არ უყვართ და ცდილობენ საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
როგორც წესი, ცხოვრების ადრეული წლებიდანვე სერიოზულად ფიქრობენ მომავალზე, კარიერაზე. თუ მოახერხებენ ნევროზულობის შეკავებას, ბევრს მიაღწევენ. ისინი ადამიანებს ინტელექტის მიხედვით აფასებენ. მათთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური სიახლოვე. ემოციურ დონეზე შესაძლოა ოდნავ ცივები იყვნენ, თუმცა შინაგანად მგრძნობიარეები არიან. მშვენივრად გრძნობენ სხვა ადამიანთა ემოციებს, მაგრამ თუ მათ ინტერესებს უპირისირდებიან, ყურადღებასაც არ აქცევთ.
ტყუპები მთვარით თხის რქა უფრო მეტად ანალიტიკურ-ინტელექტუალია, ვიდრე შემოქმედებითი პიროვნება. შემოქმედებითი პროფესიებით იშიათად ინტერესდებიან (თუ არ აქვთ კუროს გავლენა). ეს ადამიანები პიროვნულ და პროფესიულ თავისუფლებას აფასებენ და კარიერის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენიათ. როცა სჭირდებათ შეუძლიათ იყვნენ მკაცრები ან დიპლომატიურები. თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები ხელს უწყობთ, „კარგი პოლიტიკის გამტარებლები“ ხდებიან ოჯახსა და პროფესიულ სფეროში.
მზე ტყუპები, მთვარე მერწყული
ეს კომბინაცია წინასწარჭვრეტისა და ინტუიციის ძლიერ განვითარებაზე მეტყველებს, რაც შეთანხმებულია ინტელექტუალურ ნაწილთან – გონებასთან. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ცოდნის წყალობით ზუსტად აფასებენ ყველა შესაძლო მოვლენას, ადამიანთა თვისებებს, რას უნდა ელოდნონ მომავალში და ა.შ. ამ თვისების წყალობით წარმატებას მიაღწევენ მეცნიერების, გამოგონების, ანალიზის სფეროში. ასევე, იმ სფეროებში, რომლებშიც ადამიანთა კონტროლი შეიძლება. მაგ: პოლიტიკა, კანონების შემუშავება.
სწრაფი გონება, ადამიანების სიყვარული და ჰუმანურობა – ტყუპების მთვარე მერწყულის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. შეუძლიათ ერთი, მთლიანი, სრულყოფილი სურათის დანახვა. სწორად აფასებენ მოვლენებსა და ნებისმიერ შესაძლებლობას. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს ინერტულობა, გულგრილობა, შინაგანი სიცივე.
ზოგადად, ჰუმანური ხედვა ეხმარებათ ადამიანთა პატივისცემის მოპოვებაში. ეს ტყუპები თავისუფლებას ყველაზე მეტად აფასებენ. ხშირად სხვებს ეხმარებიან ცოდნის მიღებაში, სწვლაში, ინტელექტუალურ და ესთეტიურ ზრდაში. როგორც წესი, ამ ტყუპებს კარგი ორგანიზატორული და კომუნიკაციური უნარები გააჩნიათ, სხვების დარწმუნება ადვილად გამოსდით. რუტინული სამუშაოს შესრულება თუ უწევთ, დეპრესიაში ვარდებიან.
სასიყვარულო ურთიერთობებში ყოველთვის იდეალს და სრულყოფილს ეძებენ, რაც, რა თქმა უნდა, დიდხანს უგრძელდებათ. ძიების გამო ხშირად ინერტული, ურთიერთობაში ადვილად გაციებადის შთაბეჭდილებას ტოვებენ. უფრო მეტად გატაცებულები არიან სიყვარულისა და სითბოს გარეთ ძებნით, ვიდრე მისი შექმნით.
მზე ტყუპები, მთვარე თევზები
ეს კომბინაცია გაერთიანებაში იძლევა მას, რასაც „მეექვსე გრძნობას“ ვუწოდებთ. ერთმანეთში შერწყმულია გონება და ემოცია. როგორც წესი, ამ მდებარეობის მქონე ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე, აზრებზე დიდ გავლენას ახდენს ქვეცნობიერი, საკუთარი შიშები. ინტუიცია – მათი საუკეთესო მეგობარი და ყველაზე ცუდი მტერია. კარგია, როდესაც უტყუარია, ხოლო ცუდი – მცდარი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ შეითლება ეს ადამიანი შეცდეს, თავი მაინც სწორი ჰგონია. ტყუპები მთვარით თევზები მგრძნობიარე, სენტიმენტალურია და ხშირად საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს მალავენ. გაუგებრობის შიში აქვთ, ფიქრობენ, რომ შეიძლება ზედმეტი გულჩვილობის გამო გარშემომყოფებმა ვერ გაუგონ.
საკუთარი ქცევების ასახსნელად დიდხანს ფიქრობენ ან დიდხანს ხსნიან თუ რატომ მოიქცნენ „ასე“ და არა „ისე“. განვითარების მაღალ დონეზე თვითრეალიზებასა და სულიერ განვითარებას ახერხებენ, ცოდნას კი სხვების რეალიზებას ახმარენ. თვლიან, რომ სხვებისთვის ბოლომდე გახსნილები და მიღებულები არ არიან, ბოლომდე ვერ ჩაწვდებიან მის აზრებს. საკუთარ თავში დაფრინავენ და „მე“-ს სწავლობენ.
აზრებსა და ემოციებს ხშირად ერთმანეთში ურევენ. მიდრეკილნი არიან გადაწყვეტილებების ემოციების გავლენით მიღებისკენ. გარშემომყოფებისგან ხშირად ელოდებიან გაგებას, სითბოს მიღებას, აღიარებას. როგორც წესი, სითბოს საპასუხოდაც აბრუნებენ. პარტნიორად ეძებენ ადამიანს, რომელიც ერთდროულად ინტელექტუალიც იქნება და მგრძნობიარეც. თუ მოერევიან გაიდეალებას, მათგან კარგი საქმიანი პარტნიორი დადგება.
უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ვიღებთ მატყუარა ადამიანს, რომელიც არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც ატყუებს. ამაში კი გონებაც ეხმარებათ, რომელიც საკმაოდ მოქნილი და სწრაფია., ან ადამიანს, რომელიც „ღრუბლებში დაფრინავს“ და რეალობიდან გაქცევა ახასიათებს. კარგი იქნება, თუ გამოიმუშავებენ ოპტიმიზმს, ობიექტურობას, პრობლემების გვერდიდან შეხედვის უნარს, საკუთარ თავში დარწმუნებულობას. მათ უნდა ირწუნონ საკუთარი შესაძლებლობებისა და თავის, მხოლოდ ასე მიაღწევენ წარმატებას.
სტატიის ავტორი: თამთა