მზის ყოველი ასპექტი ხაზს უსვამს შინაგან „მეს“, პიროვნებას და ეგოს. ნებისმიერი პლანეტის პრინციპის გამოყენებისას, რომელიც მზესთან ასპექტებით არის დაკავშირებული, საჭიროა ცნობიერი ნების ჩართვა, ვინაიდან მზე განასახიერებს ადამიანის „თვითობას“. მზე ძალის და ძალაუფლების განვითარების პრინციპებს ატარებს. როგორი ჰარმონიული ჰოროსკოპიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, თუ მზე სუსტია, ამ მხრივ შორს ვერ წავა, რადგან მას არ ეყოფა გამბედაობა და ენერგია იმისთვის, რომ გამოიყენოს ცხოვრებისგან შემოთავაზებული შანსები.
მზის შეერთება პლანეტებთან
მზესთან შეერთება უშუალოდ მიუთითებს ადამიანის ეგოს პოტენციალზე. პლანეტას აჯილდოვებს ძლიერი ნებით, შემოქმედებითი უნარებით და ინიციტივით, მზით და პლანეტით მართულ სფეროებში*. კონსტრუქციულია ეს შეერთება თუ დესტრუქციული, დამოკიდებულია იმ პლანეტის ხასიათზე, რომელსაც მზე უერთდება. მაგალითად, ვენერა და იუპიტერი ყველა პლანეტას(და სახლს) აკეთილშობილებენ; მარსი, სატურნი და ურანი კი ასტროლოგიაში მთავარ „მავნებლებად“იწოდებიან. თუმცა უფრო მართებული იქნება, თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რა მდგომარეობაშია თავად კონიუქციის ასპექტი. მაშასადამე, დამხმარე/ჰარმონიული ასპექტებიც აქვს თუ დაზიანებულია სხვა დაძაბული ასპექტებით.
მზის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან
მზის სექსტილი აუმჯობესებს ეგოს გამოვლენის ფორმებს; მეტყველებს სულიერ თვითგამოხატვაზე, შემოქმედებითი ძალების განვითარების პერსპექტივაზე, მზით და პლანეტით მართულ სფეროებში.
მზის ტრიგონი პიროვნების ჰარმონიული გამოხატვის გარანტიაა. ეს ბედნიერების ასპექტია, რომელიც შემოქმედებითი ძალების თავისუფალ შემოდინებას უზრუნველყოფს. ადამიანი ძალიან მარტივად იკავებს წამყვან პოზიციას მზით და პლანეტით მართულ სფეროებში. მზის ტრიგონი ასევე ბედნიერ სიყვარულსა და ბავშვების წარმატებით აღზრდის უნარებზეც მეტყველებს. ადამიანი ეფექტურად გამოხატავს და იყენებს პიროვნულ ძალაუფლებას, რისი წყალობითაც ის მარტივად იკავებს ხელმძღვანელ პოსტებს. ის გამორჩეულად კარგი ორგანიზატორი და ადმინისტრატორია.
მზის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან
მზის კვადრატი გამოწვევას უცხადებს პიროვნებას და დაძაბულობას ქმნის ეგოს დონეზე. ის მიუთითებს ნატივის ძალისა და ნების პოტენციალის გონივრულად გამოყენების სირთულეებზე, განსაკუთრებით თუ წარსულში კვადრატის დაძაბული ენერგიის უმეცრად გამოყენების გამოცდილება აქვს, მზით და პლანეტით მართულ სფეროებში. მზის კვადრატის შემთხვევაში ყოველთვის მოსალოდნელია გეგმების რეალიზებასთან დაკავშირებული სირთულეები. ადამიანს მარტივად არაფერი ეძლევა და ყველაფრისთვის ბრძოლა უწევს. რა გავლენა იქონიებს მზის კვადრატი, ეს უკვე დამოკიდებულია ადამიანის ცნობიერების განვითარების დონეზე _ ვიღაცისთვის ის მეტის მიღწევის სტიმული ხდება; ვიღაცისთვის_იმედგაცრუების და შემდეგ უკვე ფრუსტრაციის წყარო, თანმდევი მელანქოლიითა და თვითგვემით.
მზის ოპოზიცია საკუთარი თავისა და გარშემომყოფების ხედვას ამწვავებს. ეს ნებელობითი კონფლიქტების ასპექტია პარტნიორებთან, რომელზეც ოპოზიციაში მყოფი პლანეტა მიგვითითებს. არც ისე იშვიათად მათი ეგოიზმი და ძალაუფლებისმოყვარეობა გარშემომყოფთა მწვავე ანტიპატიას იწვევს. დროთა განმავლობაში, გარემოცვამ შესაძლოა საერთოდ უგულვებელყოს ნატივი. მზის ოპოზიციის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ ყველაზე განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინება თუ არა, გაგება და მიღება მაინც. საქმე ის არის, რომ მათთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პარტნიორების სიმართლის აღიარება. რაც უფრო დაჟინებით ამწყვდევენ მათ კუთხეში, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას და სიჯიუტეს ავლენენ. კონფლიქტების და წინააღმდეგობის ხასიათი დამოკიდებულია იმ ნიშნებსა და სახლებზე, სადაც განთავსებულია ოპოზიცია.
* „პლანეტით მართული სფეროები“ _ ა) იგულისხმება სახლი რომელსაც მართავს პლანეტა. პლანეტა მართავს სახლს, რომლის კუსპიდიც (საწყისი საზღვარი) მდებარეობს მის სატახტო ნიშანზე. მაგალითად, მზე მართავს სახლს, რომელიც იწყება ლომზე. მთვარე მართავს სახლს, რომელიც იწყება კირჩხიბზე, მერკური _ ტყუპების კუსპიდს და ა.შ. ბ) ის სახლი, რომელშიც ვლინდება პლანეტის ენერგია. (მაგ.: პლანეტა III სახლში).
დამხმარე სტატიები:
მზე მზის პრინციპები მზის დამუშავება