მზის დაბნელება

მზის დაბნელება

როგორც ვიცით, მზის დაბნელება ახალმთვარეობაა ხანგრძლივი გავლენით, რადგან ხდება იმ დროს, როდესაც მზე ერთ-ერთ კვანძთან (მთვარის კვანძები) ახლოსაა. თუ ჩვეულებრივი ახალმთვარეობის შემთხვევაში მოვლენები ერთი თვის განმავლობაში ხდება, მზის დაბნელების მოვლენები – ხანგრძლივი ციკლის დაწყების პერიოდს მოასწავლებს.

დაბნელება შემთხვევითი ერთჯერადი მოვლენა არაა, ის ხანგრძლივად მოქმედი პროცესია. მეტონის ციკლის მიხედვით ყოველ 19 წელში ერთხელ ახალმთვარეობა ან მზის დაბნელება ხდება ზუსტად იმავე გრადუსზე, რომელზეც 19 წლის წინ მოხდა. დაბნელებისგან გამოწვეული მოვლენები ხდება როგორც კონკრეტულ თვეს, ასევე 6 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

ასტროლოგიის მიხედვით, მზის დაბნელებასთან ახლოს მნიშვნელოვანი, რადიკალური მოვლენები ხდება, რაც ახალი პროცესების დასაწყისია (ახლის დაწყება ნიშნავს ძველის დასრულებასაც). მიჩნეულია, რომ დაბნელება ადამიანთა ბედზე გარკვეულ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. როგორც წესი, რუკიდან გათვალისწინებით, დაბნელების პერიოდში (პლიუს–მინუს რამდენიმე დღე) ადამიანს უწევს მნიშვნელოვან საკითხებთან შეხება, გადაწყვეტა.

ასტროლოგიაში დაბნელებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ადამიანთა ბედზე მოქმედების წინასწარმეტყველებისთის. ესაა ე.წ. ფატალური ცვლილებების პერიოდი.

რა თქმა უნდა, აუცილებლად უარყოფითი მოვლენები არ იგულისხმება. მაგ: შესაძლოა საყვარელ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც მომავალ ცხოვრებას მთლიანად და რადიკალურად შეცვლის.

მზის დაბნელება ახალ ცხოვრებისეულ ციკლს ხსნის. წინა პლანზე წევს იმ მთავარ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა მნიშვნელოვანია; ახალ პერსპექტივებს გვიხსნის. მზის დაბნელება ბევრად იმპულსურად აღიქმება და მოქმედებს, ვიდრე მთვარის. სასურველია თუ მზის დაბნელების დროს ახალ საქმეებს არ წამოვიწყებთ რაც არ უნდა პერსპექტიულად და მომგებიანად გვეჩვენებოდეს.

მზის დაბნელება თუ ახალი ციკლის დაწყებას ნიშნავს, მთვარის დაბნელება ეს ძველი ეტაპის, ციკლის დასრულებაზე მოასწავლებს. ამ პერიოდში ხშირად უწევთ ძველის დატოვება, გაწმენდა, გადაფასება.

ასტროლოგიაში მთვარე მიჩნეულია ჩვენს ემოციურ რეაქციებზე, ქვეცნობიერზე პასუხისმგებლად, რაც „კეტავს“ მზეს, ანუ ჩვენს ეგოს, ცნობიერს. ეს მოვლენა კი გვიაქტიურებს და წინა პლანზე წევს ემოციურ საკითხებს, ქვეცნობიერს, მასში „გამომწყვდეულ“ ინსტინქტებს. რამდენადაც ჩვენი ცნობიერი „იკეტება“, იფარება, უფრო მეტად ვიწყებთ ქვეცნობიერით მოქმედებას, გრძნობას. ამიტომ, დაბნელების პერიოდში ადამიანები უფრო მეტად გრძნობენ, შეიგრძნობენ, ვიდრე გონებით მსჯელობენ.

ქვეცნობიერში ყოველთვის დადებითი მოვლენები არაა „დამარხული“, აქაა განდევნილი ან ჩვენი ცნობიერებისგან უარყოფილი ნეგატიური მოვლენები, რაც ზემოთ იწყებს ამოსვლას. შესაბამისად, დაბნელების პერიოდში სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა ჩვენმა იმპულსებმა დესტრუქციული/ დამანგრეველი მოქმედებები არ გაგვაკეთებინოს.  დაბნელება კარგ შესაძლებლობას იძლევა საკუთარ ბედის გასაგებად და სამუშაოდ. ამ პერიოდში ყველა იმას მიიღებს რაც სურდა, ან რისი სურვილიც ჰქონდა (თუნდაც ქვეცნობიერად), ყოველშემთხვევაში მიღების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ამიტომ, ამ პერიოდში „ფრთხილად საკუთარ სურვილებთან“, ისინი ახდება. თუ სურვილების კონტროლი გიჭირთ ან ფსიქოლოგიურად მზად არ ხართ მის მისაღებად, აჯობებს დაბნელების პერიოდში არაფერი ისურვოთ და უბრალოდ სამყაროს მადლობა გადაუხადოთ იმ ყველაფრისთვის, რაც გაქვთ.

დაბნელების პერიოდში შექმნილი ასპექტები (ჩვენს პლანეტებთან – ამისთვის ტრაზიტული, იგივე პროგნოზირების რუკა უნდა შედგეს) იმ თემებს წევს წინ, რომელიც პლანეტის სფეროებთანაა დაკავშირებული (ორბისები  პლიუს-მინუს 3 გრადუსით ითვლება – შეერთება, ოპოზიცია, კვადრატი, ტრინი, სექსტილი. შეერთება ყველაზე ძლიერმოქმედია).

ასევე, დაბნელება მნიშვნელოვნად ითვლება, თუ რომელიმე სახლის დასაწყისთან ახლოს ხდება.

ზოდიაქოს იმ ნიშნის შესაბამისი თემები აქტიურდება, რომელშიც დაბნელება ხდება. მორიელის ნიშანში დაბნელება გააქტიურებს ბიუჯეტის, ფინანსების, საერთო ქონების, გარდაცვალების, ინვესტიციების, მემკვიდრეობის, ენერგიის, სექსის თემას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ფინანსური ან ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობის საკითხებს და ა.შ.

მზის დაბნელება ცნობიერებაში კრიზისს იწვევს, შინაგან განწყობას, ატიტუდს გვიცვლის, იმ მოვლენებს ააქტიურებს, რომლებიც გამოვიწვიეთ. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, მზის დაბნელებას თან სდევს კარმული გაკვეთილები. თუ იუნგის სიტყვებს გავიხსენებთ – „სანამ არაცნობიერს არ გარდაქმნი ცნობიერად, მანამ ის წარმართავს შენს ცხოვრებას და მას ბედისწერას უწოდებ“.

დაბნელების პერიოდში სასურველია მოერიდოთ (როგორც მზის, ასევე მთვარის):

  • მგზავრობას
  • ბევრი საკვების მიღებას
  • ალკოჰოლის მიღებასა და მოწევას
  • საჭესთან დაჯდომას  (თუ მაინც მოგიწევთ, ყურადღებით იყავით)
  • ფინანსურ ოპერაციებს
  • ხალხის მასასთან კონტაქტს ან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს
  • ახალი საქმეების დაწყებას

რეკომენდირებულია:

  • კონტრასტული შხაპი
  • ლოცვა და წარმატების თხოვნა
  • ძველი მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება (მისი დაწყება)

 

რა შეიძლება მოიმოქმედოთ  მზის ან მთვარის დაბნელების პერიოდში?

დაფიქრდით იმ იდეებზე, ინფორმაციაზე, გარემოსთან ურთიერთობაზე, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ ვერ შემოვიდა, რომ ადგილი არ იყო. მეორე რიგში – სუფთა გულით გაუშვით ადამიანები, რომლებსაც საკუთარი დრო, ენერგია, ინტერესები ისე დაუთმეთ, რომ სამაგიერო არ მიგიღიათ (და არც მოგითხოვიათ). გაათავისუფლეთ ადგილი ახალი პერსპექტივებისთვის, რომლებსაც მზის დაბნელების შემდგომ გადააწყდებით. ორიენტირდით დადებით აზრებზე,  დადებითი ემოციები გამოხატეთ.

სასურველია სახლში იყოთ, დაბნელებას მშვიდად შეხვდეთ, განწყობა აიმაღლოთ, სანთლები დაანთოთ და ცეცხლის ალს მშვიდად უყუროთ. ცეცხლის ენერგია დაგეხმარებათ სახლი უარყოფითი ენერგიისგან გაწმინდოთ. და ბოლოს, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ მფარველ ანგელოზთან კონტაქტი (ან მასთან, ვინც თქვენი აზრით მფარველობას გიწევთ და გიცავთ) და სთხოვეთ დაცვა, მფარველობა.

კარგი იქნება თუ:

  • - ყველა მატერიალურ ვალს მაქსიმალურად გაისტუმრებთ
  • - გაათავისუფლეთ სახლი, ტრანსპორტი, სამსახურის ოთახი ზედმეტი პირადი ნივთებისგან, გაასუფთავეთ, გაწმინდეთ.
  • - არ მიირთვათ მძიმე მოსანელებელი საკვები, განსაკუთრებით ხორცეული. არ გამოიყენოთ ალკოჰოლი. წვენებისა და სხვა სასმელების ნაცვლად სუფთა წყალი დალიეთ. შეგიძლიათ სუნთქვითი ვარჯიშებით დაკავდეთ (მსუბუქად).
  • - გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი, ნეგატიური და უსარგებლო ფიქრისგან, სასურველია ლოცვა, მანტრების წარმოთქმა. თუ მოახერხებთ თავი აარიდეთ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს. მედიტაციის ჩატარება საფრთხილოა.
  • –დაბნელების დღეს სასურველი არაა ბევრი აქტიურობა და მოქმედება, სასურველია ეს დღე სახლში გაატაროთ. ხანგრძლივ მოგზაურობაში ეცადეთ არ წახვიდეთ.

 

პირადი რუკის მიხედვით დაბნელების მნიშვნელობა:

დაბნელება მეტად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც დაბნელების დროს დაიბადნენ ან მზის ახლანდელი მდებარეობა რუკის პლანეტებთან შეერთებაში იქნება. პირადი რუკის მიხედვით პლანეტების შეერთება ან სხვა ასპექტები უნდა განვიხილოთ მაქსიმუმ 2 გრადუსიანი გადახრით, სხვა შემთხვევაში არ ითვლება. თუ უარყოფითი ასპექტი დგება – რადიკალური და შესაძლოა კრიზისული ცვლილებების მანიშნებელი იყოს. თუ დადებითი ასპექტია – ცვლილებები და მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება, მაგრამ არა დამანგრეველი ან კრიზისული. მათ ადამიანი დადებითად გამოიყენებს.

თუ დაბნელება ხდება მზესთან შეერთებით – მნიშვნელოვანი პიროვნული ცვლილებები იქნება; მთვარესთან –  მომავალი ერთი თვე დატვირთული და გადამწყვეტი იქნება; თუ აღმავალ კვანძზე – ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებას ნიშნავს, დაღმავალ კვანძზე- წარსული გამოცდილების ამოწევა, რომელიც ან ეხმარება ან ახალ პერსპექტივებს აფერხებს. იუპიტერსა და/ან ვენერასთან შეერთება – დადებითი ცვლილებების მომტანად ითვლება. მარსსა და/ან სატურნთან – ნაკლებად სასურველია და მუშაობას, ცვლილებებს ითხოვს, მერკურთან – კონტაქტებზე მოქმედებს.

პირად რუკაში სახლი, რომელშიც დაბნელება ხდება, იმ შემთხვევაშიც აქტიურდება, თუ შიგნით პლანეტა არ მდებარეობს. კარდინალურ სახლებში (I, IV, VII, X) – აქტიურად, ძლიერად, პირდაპირ ვლინდება და ქმედებას ითხოვს. ფიქსირებულ სახლებში (II, V, VII, XI) – დაბნელება შესაძლებლობების, შეთავაზებების მიღებას უკავშირდება, მაგრამ მის გამოსაყენებლად მუშაობა მოგვიწევს, მუტაბელურ სახლებში (III, VI, IX, XII) – დაბნელება თქვენგან ცვლილებას, ადაპტაციას ითხოვს და მისი გავლენა უმეტესად სულიერ, ფსიქიკურ დონეზე აისახება.

 


About Tamta

Scroll To Top