მზის და იუპიტერის ტრინი

მზის და იუპიტერის ტრინი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და იუპიტერის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

 

მზის ტრინი

როდესაც ბედის მხარდაჭერას გრძნობ, დაფიქრდი, კონკრეტულად რას უჭერს ის მხარს

მზესთან ტრინი ძალიან ძლიერი ასპექტია. თითქოს კარმა სამუდამო კეთილდღეობას, ჰარმონიასა და ბედნიერებას უქადის პლანეტას. ყოველ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, ადამიანს ასე ეჩვენება და გარკვეულწილად, ასეც არის. კარმა პლანეტის პრინციპებს გამარჯვებისთვის „განწირულ“ მსვლელობას სთავაზობს, მხოლოდ დამუშავების პირობით! ადამიანი ყოველთვის კონსტრუქციულ მიმართულებას მიიღებს, თუ მუშაობა მოინდომა. იმ შემთხვევაშიც, თუ მან პლანეტის პრინციპების სათავისოდ მოხმარება განიზრახა, წინ ვერაფერი აღუდგება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მზის ტრინი პლანეტის პრინციპების ყვავილობას ნიშნავს. ასეთივე წარმატებით მან შეიძლება მის ლპობასაც შეწყოს ხელი (და მაინც, ფასადური სილამაზის შენარჩუნებით), თუ ადამიანის ნება მტაცებლური მოთხოვნებით არის მოტივირებული. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად საშიშია მზე-მთვარე ტრინი, განსაკუთრებით ძლიერი მზის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად ბოროტად სარგებლობს საკუთარი ჯანმრთელობით.

მთლიანობაში, ტრინის და განსაკუთრებით მზის ტრინის ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული მის დამუშავებაზე. დაბალ დონეზე, ნების ეგოისტურად მიმართვისას, ადამიანი სწრაფად შეეჯახება უსიამოვნო ფაქტს, რომ იმპერატიული გარემოებები მხოლოდ დასანახად უწყობს ხელს პლანეტის პრინციპებს, შინაგანად კი, ე.ი. არსებითად, ის არ ვითარდება, თანდათან იყინება და ადამიანი უზომოდ მოსაწყენი ხდება.

მეორეს მხრივ, პლანეტის პრინციპების აქტიური დამუშავება და მისი განვითარება კარმის ძლიერ მხარდაჭერას იძლევა, რომელიც ადამიანს სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ მისი ნებელობითი ძალისხმევის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი მუშაობა, რადგან ტრინის შემოქმედებითად მხარდამჭერი გავლენა მყისვე წყდება, როგორც კი ადამიანი კონსტრუქციულ ძალისხმევას ასუსტებს. მაშინ ტრინი მძარცველს ემსგავსება, რომელიც გარემოსგან ძალადობრივი გზით ითვისებს ჰარმონიას და ადამიანს იმ ფორმით აწვდის, რომელიც მისთვის უკვე უინტერესოა.

გაფრთხილება: პლანეტით მართულ სფეროში, ნატივთან შებრძოლება ძალიან სახიფათოა, რადგან ის ძალა, რომელიც მის გარშემო ჰარმონიას ინარჩუნებს, თქვენთან ცერემონიებს არ დაიწყებს.

ტრინის განმარტების დროს, ყურადღება უნდა დაეთმოს არამხოლოდ მზის და პლანეტის ძალებს (აფეტიკით), არამედ კონკრეტულ გარემოებებსაც ადამიანის ცხოვრებაში.  ნებისმიერ შემთხვევაში, ნატივს გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი ნება, პლანეტარული პრინციპების გამოვლენისას,  სრულყოფილია და მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

იუპიტერის ტრინი

იღბლიანი შესაძლებლობების აღმოჩენის დღესასწაულს მათი რეალიზების გლოვა ამწუხრებს“

ეს წინასაახალწო განწყობის ბუნებრივი მდგომარეობაა _ უფასო ჰარმონიული კეთილდღეობა, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში კეთილი სურვილების სახით უფრო ვლინდება, ვიდრე რეალიზებით. საქმე ის არის, რომ ტრინი, ჰარმონიისა და სიმტკიცის გარდა, საკუთარ თავში ბანალურობის ელემენტს ატარებს, დაუმუშავებელი ტრინი _ მოწყენილობისა და ერთფეროვნებისაც. მაგალითად, მერკურის ტრინი, ნებისმიერ პლანეტასთან, საზრიანობის გარდა, საკუთარი აზრების ჩვეულებრივობის ღრმა განცდას იძლევა, რისგან თავის დაღწევაც საკმაოდ რთულია. მერკური-ურანის ტრინის შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანის უკიდურესად ორიგინალური და ექსცენტრული აზრები, ახლო დაკვირვების შედეგად, სხვების შეხედულებების გადამღერება აღმოჩნდება ხოლმე. ანალოგიურად, იუპიტერის ტრინი, პლანეტით მართულ სფეროებში, საერთო დაცვას იძლევა _ბედისწერას ყოველთვის მზად აქვს ადამიანისთვის, მომღიმარი შესაძლებლობებითა და კეთილგაწნყობილი მფარველებით სავსე, ლამაზად მოქარგული ტომარა, რაც მას საშუალებას აძლევს, უვნებლად დააღწიოს თავი ნებისმიერ რთულ მდგომარეობას პირველივე მოთხოვნისთანავე!  მაგრამ მსგავსი მომხმარებლურ-გამომყენებლური დამოკიდებულება მას ხელს აძლევს მხოლოდ პირველ ხანებში. შემდეგ ბეზრდება და რაღაც ირეალურად ეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ რეალური უბედურებისგან იხსნეს.  აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ გარემოებათა ბედნიერი დამთხვევა და ფართო შესაძლებლობები ნატივს კი არა, პლანეტის პრინციპებს სჭირდება,  განვითარებისა და დამუშავებისთვის, როგორც თავად ადამიანში, ისე გარესამყაროში.

სხვა სიტყვებით, იუპიტერის ტრინი სანტა კლაუსის ასპექტია, რომელიც უფასოდ ურიგებს ბავშვებს საჩუქრებს, და თუ ის საკმარისად ყურადღებიანი და უანგაროა, მისი ტომარა არათუ არასდროს დაცარიელდება, დროდადრო მასში შესაძლოა ძალიან უჩვეულო საჩუქრებიც აღმოჩნდეს. მაგრამ თუ ის საჩუქრებს მხოლოდ საკუთარი თავს მიუძღვნის, ტომარა თანდათან დაკარგავს თავის ბრწყინვალებას და საჩუქრებიც გაუფერულდება. რაც მთავარია, ადამიანს ძლიერი ქვეცნობიერი უკმაყოფილების გრძნობა გაუჩნდება საკუთარი თავისა და ბედის მიმართ, რაც ხშირად შემდეგი პროექციით რაციონალიზდება: „მე ყველაფერს ვაკეთებ სხვებისთვის! ისინი კი უმადურებით მიხდიან“. იუპიტერის ტრინის დაუმუშავებლობის პირველი სიმპტომი სწორედ ნატივის უმადურებაა, ადამიანებისა და ბედისწერის მიმართ, თუმცა თავად  ამას არასდროს აღიარებს.

 

მზის და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები

მზის და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები, უპირველს ყოვლისა, გარშემომყოფთა სიყვარულისა და პატივისცემის მაუწყებელია. მისი მფლობელები განსაკუთრებული სინათლით ბრწყინავენ. თუმცა არ ღირს მოდუნება, რადგან მან შესაძლოა სიზარმაცის და აპათიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. სამაგიეროდ, თუ ისინი თვითკმაყოფილების მორევში არ ჩაიძირებიან და ოდნავ ძალისხმევას მაინც გამოიჩენენ, ძალიან მარტივად მიიღებენ აღიარებას, დიდებასა და სიმდიდრეს. სამწუხაროდ, შრომა დიდად არ უყვართ, რადგან ცხოვრებას უშრომელადაც ნათელ ფერებში ხედავენ.

ასპექტი ხელს უწყობს ინტელექტის და თვალსაწიერის განვითარებას. როგორც წესი, ბრწყინვალე რეპუტაცია აქვთ და გავლენიანი პირების კეთილგანწყობითაც სარგებლობენ. ისინი იშვიათად რჩებიან მარტო. განებივრებულნი არიან საქმიანი თუ სასიყვარულო ურთიერთობებით/კავშირებით. გაფართოებული სასიცოცხლო ენერგიის წყალობით, ჯანმრთელი და დღეგრძელი ხალხია. მათი შრომა ყოველთვის ნაყოფიერი და შემოსავლიანია.

ამ გულწრფელად დიდსულოვან ხალხს დაბადებიდან თან ახლავთ ოპტიმიზმი.  ისინი მკაფიოდ განსაზღვრავენ საკუთარ მიზნებსა და ამოცანებს  და, შეიძლება ითქვას, ინტუიციურად აგნებენ სირთულეების გადალახვის გზებს. მზის და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები ერთგვარი ფარია, რომელიც ადამიანს ბედის მწარე დარტყმებისგან იცავს. იშვიათად, რომ მართლა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

სერიოზულ ინტერესს ავლენენ ფილოსოფიური და რელიგიური საკითხების მიმართ. სიამოვნებით მოგზაურობენ. წარმატებული იქნება  ნებისმიერი კონტაქტი უცხოელებთან. სიამოვნებით ეხმარებიან ადამიანებს. სათუთად ზრუნავენ სიმშვიდის შენარჩუნებაზე როგორც საკუთარ ოჯახში, ისე მთელს სამყაროში. ყველაფერში  პოზიტიურნი და ალტრუისტულნი, მარტივად იმსახურებენ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას და არანაკლები წარმატებით იმხრობენ ადამიანებს. ისინი ასხივებენ სიცოცხლის სიყვარულს. რთული დასამარცხებლები არიან, რადგან ყველა სიტუაციაში ახერხებენ დადებითი განწყობისა და შემართების შენარჩუნებას.

წესიერი და ღირსეული ხალხია, მაღალი მორალური ფასეულობებით. ხშირად აქვთ წინასწარმეტყველების უნარი. საერთოდაც, მდიდარი ემოციური ცხოვრებით ცხოვრობენ და უპრობლემოდ დემონსტრირებენ საკუთარ განცდებს. წარმატებულნი არიან ინვესტიციებსა და ფინანსურ ოპერაციებში. მშვენივრად აპელირებენ საზოგადოებრივ აზრებზე, რისი წყალობითაც მარტივად იგებენ სასამართლო პროცესებს და თითქმის ყოველთვის ახერხებენ საჩოთირო სიტუაციებიდან მშრალად გამოძვრომას.  ამას გარდა, გავლენიანი ადამიანების ფავორიტებიც არიან. მათთვის ძალიან მარტივია ხელმძღვანელობასთან საკუთარი აზრის გატანა და ზემდგომების თუ პარტნიორებისგან მხარდაჭერის მიღება.

მატერიალურად თუ მორალურად ყოველთვის მდიდარი ხალხია. ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრების განმავლობაში მართლაც სერიოზული პრობლემები ემუქრებათ, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სიამოვნების მიღების უზომო მიდრეკილებისადმი. გულუხვად ხარჯავენ ფულს და დაბადებიდან თანდაყოლილ სასიცოცხლო ენერგიას. თუ სხვა ასპექტებმა გონივრულობა და თანმიმდევრულობაც დაანათლეს, მზის და იუპიტერის მეგობრობის წყალობით, ცხოვრებაში ყველაზე სანუკვარი სურვილების და დიადი ოცნებების რეალიზებასაც მოახერხებენ.

მათი მოსაზრებები ყოველთვის ცხადია, არგუმენტირებული და შორსმხედველია. მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანები არიან. გულუხვად არიგებენ დაპირებებს და ისიც უნდა ითქვას, რომ მათ უმეტესობას ასრულებენ კიდეც. გულითადი ხელმძღვანელები და საიმედო შემსრულებლები არიან. ბევრს აღწევენ გავლენიანი ადამიანების პროტექციის წყალობით. როგორც წესი, ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში. ცდილობენ ყოველთვის შეინარჩუნონ კარგი ტონი და მისდიონ საზოგადოებაში გამეფებულ ტრენდებს.

 

Celebrities with Sun/Jupiter trine:

FIRE: Patricia Arquette ♈/♌, Marlon Brando ♈/♐, Emmanuelle Béart ♌/♈, Sean Penn ♌/♐, Kirk Douglas ♐/♈,  Ian Somerhalder ♐/♌.

EARTH: Cate Blanchett ♉/♍, George Carlin ♉/♑, Mickey Rourke ♍/♉, James Gandolfini ♍/♑, Aristotle Onassis ♑/♉, Rod Stewart ♑/♍.

AIR: Donald Trump ♊/♎, Heidi Klum ♊/♒, Howard Hughes  ♎/♊, Chuck Berry ♎/♒,   Oprah Winfrey ♒/♊, Alicia Keys ♒/♎.

WATER:  14th Dalai Lama ♋/♏, Tom Cruise ♋/♓, Martin Scorsese ♏/♋, Joaquin Phoenix ♏/♓,  Adam Levine ♓/♋,Glenn Close ♓/♏.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნის, სერგეი შესტაპალოვის, კეტრინ ობიეს და სხვა წყაროებზე დაყრდნობით.


About Qet

Scroll To Top