მზის და სატურნის ტრინი

მზის და სატურნის ტრინი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და სატურნის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

მზის ტრინი

როდესაც ბედის მხარდაჭერას გრძნობ, დაფიქრდი, კონკრეტულად რას უჭერს ის მხარს

მზესთან ტრინი ძალიან ძლიერი ასპექტია. თითქოს კარმა სამუდამო კეთილდღეობას, ჰარმონიასა და ბედნიერებას უქადის პლანეტას. ყოველ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, ადამიანს ასე ეჩვენება და გარკვეულწილად, ასეც არის. კარმა პლანეტის პრინციპებს გამარჯვებისთვის „განწირულ“ მსვლელობას სთავაზობს, მხოლოდ დამუშავების პირობით! ადამიანი ყოველთვის კონსტრუქციულ მიმართულებას მიიღებს, თუ მუშაობა მოინდომა. იმ შემთხვევაშიც, თუ მან პლანეტის პრინციპების სათავისოდ მოხმარება განიზრახა, წინ ვერაფერი აღუდგება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მზის ტრინი პლანეტის პრინციპების ყვავილობას ნიშნავს. ასეთივე წარმატებით მან შეიძლება მის ლპობასაც შეწყოს ხელი (და მაინც, ფასადური სილამაზის შენარჩუნებით), თუ ადამიანის ნება მტაცებლური მოთხოვნებით არის მოტივირებული. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად საშიშია მზე-მთვარის ტრინი, განსაკუთრებით ძლიერი მზის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად ბოროტად სარგებლობს საკუთარი ჯანმრთელობით.

მთლიანობაში, ტრინის და განსაკუთრებით მზის ტრინის ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული მის დამუშავებაზე. დაბალ დონეზე, ნების ეგოისტურად მიმართვისას, ადამიანი სწრაფად შეეჯახება უსიამოვნო ფაქტს, რომ იმპერატიული გარემოებები მხოლოდ დასანახად უწყობს ხელს პლანეტის პრინციპებს, შინაგანად კი, ე.ი. არსებითად, ის არ ვითარდება, თანდათან იყინება და ადამიანი უზომოდ მოსაწყენი ხდება.

მეორეს მხრივ, პლანეტის პრინციპების აქტიური დამუშავება და მისი განვითარება კარმის ძლიერ მხარდაჭერას იძლევა, რომელიც ადამიანს სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ მისი ნებელობითი ძალისხმევის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი მუშაობა, რადგან ტრინის შემოქმედებითად მხარდამჭერი გავლენა მყისვე წყდება, როგორც კი ადამიანი კონსტრუქციულ ძალისხმევას ასუსტებს. მაშინ ტრინი მძარცველს ემსგავსება, რომელიც გარემოსგან ძალადობრივი გზით ითვისებს ჰარმონიას და ადამიანს იმ ფორმით აწვდის, რომელიც მისთვის უკვე უინტერესოა.

გაფრთხილება: პლანეტით მართულ სფეროში, ნატივთან შებრძოლება ძალიან სახიფათოა, რადგან ის ძალა, რომელიც მის გარშემო ჰარმონიას ინარჩუნებს, თქვენთან ცერემონიებს არ დაიწყებს.

ტრინის განმარტების დროს, ყურადღება უნდა დაეთმოს არამხოლოდ მზის და პლანეტის ძალებს (აფეტიკით), არამედ კონკრეტულ გარემოებებსაც ადამიანის ცხოვრებაში.  ნებისმიერ შემთხვევაში, ნატივს გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი ნება, პლანეტარული პრინციპების გამოვლენისას,  სრულყოფილია და მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

სატურნის ტრინი: „ევოლუცია ყველას საერთო აქვს“

სატურნის ტრინი ადამიანს ბუნებრივი სერიოზულობით, კონცენტრაციის უნარითა და სიბეჯითით აჯილდოვებს, პლანეტით მართულ სფეროებში. სურვილის შემთხვევაში, ნატივს შეუძლია სხვებს გადააკისროს საკუთარი სიმძიმე. თუმცა მეორეს მხრივ, სატურნთან ტრინის ჰარმონიული ასპექტიც კი პლანეტას გარკვეულ თავშეკავებას, სიცივეს და სიმკაცრეს მისცემს, რაც მისი პრინციპების შინაგანი გადამუშავებით გადაილახება.

როგორც ვხედავთ, აქ ერთგვარი წინააღმდეგობაა: ერთის მხრივ, ტრინი სიზარმაცეს განაპირობებს და მეორეს მხრივ, სატურნი შრომას მოითხოვს.  ამ წინააღმდეგობაში სატურნი ტრინს გაანეიტრალებს, თუმცა ადამიანი მიდრეკილი იქნება, იშრომოს ზუსტად იმდენი, რამდენსაც მისგან გარემოებები მოითხოვს და არც ერთი წამით მეტი.  თავის მხრივ, გარემოებები არასდროს აიძულებს მას საკითხებზე ზედმეტად დიდხანს და დაძაბულად კონცენტრირებას. მართალია, ის შეიძლება თავგანწირულ შრომის გმირად გამოიყურებოდეს, მაგრამ მისი შინაგანი კონცენტრაცია აშკარა უკმარისობით ხასიათდება. მაგალითად, სატურნი-მზის ტრინი გაოცებული უცქერს ისეთ ადამიანებს, ვისაც მობილიზება და ობიექტურად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა უჭირს და მით უმეტეს, არ ესმის, რატომ წუწუნებენ სხვები კონცენტრაციის და დისციპლინის უუნარობაზე.

ასპექტის დამუშავება პლანეტარული პრინციპების სერიოზულ განვითარებას მოგვცემს, პირველ რიგში, ადამიანის შიგნით _ მაშასადამე, შესაბამისი ქვეცნობიერი პროგრამების სიღრმისეულ და სრულყოფილ გამომუშავებას, რომელიც დიად პროფესიულ მიღწევებს უქადის.

მეორეს მხრივ, დაბალ დონეზე, ზედაპირული ძალისხმევა და საშუალო დონის კონცენტრაცია პლანეტის პრინციპებზე, პროფესიული იმედგაცრუებების საწინდარია, როდესაც სერიოზული პოტენციალის მქონე ადამიანის იმედები ხუხულასავით ინგრევა და ფიზიკის ფაკულტეტის ბრწყინვალე ასპირანტი საშულო ინჟინერ-პროგრამისტი ხდება (დაუმუშავებელი სატურნ-ურანის ტრინი). სამწუხაროდ, ეს კიდევ არ არის ყველაზე უარესი. სატურნთან ტრინი, კარმულად, პლანეტარული პრინციპების სიღრმისეულ დამუშავებას მოითხოვს და ადამიანს ყველა პირობას უქმნის ამისთვის.  თუ ასე არ მოხდა, სატურნი გაყინავს პლანეტას და ადამიანი, შესაბამის სფეროებში, დაკარგავს საზრიანობასა და მოქნილობას. მაშინ ის სასტიკი ეგრეგორის დაქვემდებარებაში აღმოჩნდება. მაგალითად, სატურნი-მზის ან სატურნი-პლუტონის ტრინმა შესაძლოა მოგვცეს საკონცენტრაციო ბანაკის ან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ხელმძღვანელი.

 

მზის და სატურნის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

მზის და სატურნის ჰარმონიული კავშირი წესიერ, რეალისტ და შრომისმოყვარე პრაგმატიკოს გვაძლევს. ბრწყინვალე ორგანიზატორები ცხოვრებაში დიდ წარმატებებს გულითადი შრომით, მოთმინებითა და თვითდისციპლინით აღწევენ. ძალზედ სერიოზული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებაში გამეფებულ წესრიგსა და მორალთან მშვიდობიან თანხმობაში ცხოვრობენ. მტკიცე ჯანმრთელობა აქვთ. მიდრეკილნი არიან თავშეკავებისკენ და ამიტომ, მშვენივრად ფლობენ თავს. ფხიზლად აზროვნებენ, პრაქტიკულად და მეთოდურად მოქმედებენ. მათი ცხოვრება თანაბარ ტემპში მიმდინარეობს. დიდ როლს ასრულებს მამის ან უფროსი ასაკის მამაკაცის კეთილგანწყობა და მიმღებლობა.

განუხრელად, მტკიცედ და ბეჯითად მიიწევენ სოციალურ საფეხურებზე. ყველა საქმეს პოტენციური სარგებლის ჭრილში უყურებენ. ნებისმიერ პრობლემას პრაგმატულად და ტაქტიანად უდგებიან, რისი წყალობითაც უფროსი თაობის/ხელმძღვანელობის კეთილგანწყობით სარგებლობენ. წარმატებას უმეტესად მოწიფულ ასაკში აღწევენ.

ზომიერება, მოწესრიგებული ცხოვრების რიტმი და ასკეტიზმისადმი მიდრეკილება  საშუალებას აძლევთ დიდი ხნით შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და ყველა ის სიკეთე, რასაც გულითადი შრომით მიაღწიეს. ისინი ეკონომიურად და წინდახედულად ხარჯავენ ენერგიას და რესურსებს. უპრობლემოდ გადააქვთ შავი დღეები, რადგან მათი რეზერვები, ყოველთვის სავსე თუ არ არის, არც არასდროს ცარიელდება. თვითშეზღუდვა მათთვის აუცილებელიც არის. ზოგადად, მათ მშვენივრად იციან, როგორც გამოიყენონ წესები და რეგულაციები თავის სასარგებლოდ. პერიოდულად დამახასიათებელია განმარტოების მოთხოვნა.

როგორც წესი, ცოტა შვილი ჰყავთ, თუმცა მათ პროფესიული მიღწევები უფრო აბედნიერებთ, ვიდრე პირადი. მოსალოდნელია ქორწინება უფროსი ასაკის ან/და გავლენიან ადამიანზე. მეგობრებისა და ხელმძღვანელობისადმი იშვიათი ერთგულებით გამოირჩევიან. დიდი ალბათობით, ბავშვობაში მკაცრი დიქტატით იზრდებოდნენ, რაც ხელს უწყობს პასუხისმგებლობის განვითარებას. ადამიანთა უმეტესობა მათ მკაცრ და პროზაულ პიროვნებებად ხედავს.

მათ მართლაც დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ამბიციები აქვთ, თუმცა ნუ ეცდებით მათ ავანტიურებში ჩათრევას და ნუ უბიძგებთ ხმამაღალი სიტყვებით, გაბედულად გარისკონ _ მათ ეს არ უყვართ. სამაგიეროდ, ბრწყინვალეს მუშაობენ სტრატეგიულ გეგმებთან, რეალისტურად თვლიან რისკებს და მოხერხებულად ატარებენ პრევენციულ სამუშაოებს. სიტუაციების უკიდურესად რეალისტურად შეფასება და ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით მოქმედება _ მათი მთავარი უპირატესობაა. ცხოვრების მეორე ნახევარში არაერთ ჯილდოს და აღიარებასაც იღებენ პირადი ძალისხმევისთვის.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top