მზის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მზის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მზეების  ოპოზიცია

ეს ასპექტი იშვიათად ტოვებს ადამიანებს გულგრილს. როგორც ორი უკიდურესობა, ისინი ან ძლიერ მიზიდულობას განიცდიან ან  მყისვე  განიზიდებიან. დაუმუშავებელი ოპოზიცია გამოვლინდება, როგორც მუდმივი  ბრძოლა ლიდერობისთვის, რომლის დროსაც თითოეული პარტნიორი ჯიუტად იცავს თავის პოზიციას. ისინი დიდ სირთულეებს წააწყდებიან ერთმანეთთან ადაპტაციის მცდელობისას. ასპექტის ძირითადი ამოცანა პირადი ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების, როლების გადანაწილების ურთიერთშეთანხმებაა. კარგი იქნება, თუ პარტნიორები წინასწარ შეთანხმდებიან, როდის და რომელ სიტუაციაში დაიკავებს ერთი წამყვანის და მეორე კი მხარდამჭერის როლს. დამუშავებული ოპოზიცია ორივეს უზარმაზარ ძალას მისცემს საერთო მიზნების მისაღწევად, თუმცა ამისთვის პარტნიორებმა ემოციური და ინტელექტუალური მოწიფულობა და კომპრომისუნარიანობა უნდა გამოავლინონ.

 

 

მამაკაცის მზე ოპოზიციაში ქალის მთვარესთან

ეს ასპექტი მშობლებთან არსებული პრობლემების გადალახვის მოთხოვნას განაპირობებს. მამაკაცი ამუშავებს დედასთან ურთიერთობაში განცდილ სირთულეებს. იმავდროულად, ქალი ცდილობს დაამუშავოს მამასთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები. ამიტომ, ეს  ასპექტი ორივე პარტნიორს პიროვნული ზრდა-განვითარების თანაბარ  შანსს აძლევს. ბუნებრივია, უხვად იქნება შეხლა-შემოხლა. თითოეული პარტნიორი იძულებულია ანიმეს და ანიმუსის ფიგურებს შეეჩეხოს. ხდება ამ ფიგურებთან დაკავშირებული ქვეცნობიერი მოლოდინების ტრანსფორმაცია. ეს ძალიან პრობლემატური ასპექტია ქორწინებისთვის, რადგან ბუნებრივი ჰარმონია, რაც აუცილებელია ურთიერთობისთვის, გადაფარულია ბავშვობის  მტკივნეული შთაბეჭდილებებისგან განთავისუფლების მწვავე მოთხოვნით.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცი  მთვარესთან

ეს ასპექტი მამაკაცს ბავშვობის დროინდელ მოგონებებს უღვივებს დედასთან ურთიერთობაზე. ამ ურთიერთობაში ქალი დომინირებს. მამაკაცის წარმოდგენა ქალზე და თავის ბავშვობაზე მის  უნებურად იცვლება. ამიტომ, მისი პარტნიორი ქალი გრძნობს, რომ ის დატვირთულია ორმაგი როლით: შეყვარებულის/ცოლის და იმავდროულად, მისი დედის.  ძალიან მაღალი ალბათობით, მას ეს როლი არ მოეწონება. ეს ერთერთი ურთულესი ასპექტია ქორწინებისთვის.

 

 

მამაკაცის  მზე  ოპოზიციაში  ქალის  მერკურისთან

ეს განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი ასპექტია ქალისთვის, რადგან ის გრძნობს, რომ პარტნიორს არასწორად ან საერთოდ ვერ ესმის მისი ქალურობა. მისი იდეები მკაფიოდ განსხვავდება მამაკაცის შეხედულებებისგან.  ლოგიკურია, რომ კომუნიკაცია გართულებულია, რადგან მამაკაცი პარტნიორში ქვეცნობიერად ეხმაურება თანატოლ „ბიჭს“, ამხანაგს და არა ქალს. ეს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობისთვის რთული ასპექტია, მით უმეტეს ქორწინებისთვის.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცის  მერკურისთან

ამ ურთიერთობაში ქალი უფრო ტიტულოვანი და ავტორიტეტული ფიგურაა. მამაკაცი მოზარდივით იქცევა, თუმცა კი გაუცნობიერებლად. ის შეიძლება გარკვეულ საფრთხესაც კი გრძნობდეს ქალისგან და არასრულფასოვნების განცდამაც შეიპყროს. ეგ გრძნობები აიძულებს, გულისყურით დააკვირდეს თავის შინაგან ძალას, რომელსაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდა.  ქალი ელის, რომ პარტნიორი იმას გამოხატავს, რაც მან, როგორც თვითონ მიაჩნია, ისედაც იცის. ეს მეტად არასასურველი ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობისთვის, მაგრამ ის შეიძლება კეთილისმყოფელი აღმოჩნდეს ორივესთვის, თუ ისინი ხანმოკლე დროით გადაიკვეთებიან.

 

 

მამაკაცის  მზე  ოპოზიციაში  ქალის  ვენერასთან

ეს ასპექტი ძლიერ მიზიდულობას წარმოშობს, თუმცა ორივესთვის მნიშვნელოვნად  აფერხებს ბუნებრივი სიყვარულისა და სინათლის დინებას. მართალია, ქალს ძლიერ იზიდავს მამაკაცი, მაგრამ მისი სასიყვარულო კონცეფცია მკაფიო წინააღმდეგობაშია იმასთან, რისი მიცემაც ამ მამაკაცს მისთვის შეუძლია. მამაკაცმა ან უარი უნდა თქვას საკუთარ თავზე, რომ ისეთი გახდეს, როგორიც ქალს სჭირდება ან  მოთმინებით მიიღოს ქალის თავშეკავებულობა და გაუცხოება, ეს კი ნამდვილად არ არის ის, რასაც პარტნიორები ისურვებნენ. მათ შეუძლიათ კეთილდღეობის მიღწევა, მაგრამ რეალური მანიფესტაცია მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა.  გარდა ამისა, ქვეცნობიერი სიზარმაცე და სიზანტე ამუხრუჭებს მათ საერთო წინსვლას.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცის  ვენერასთან

ეს ასპექტი გამოცდას უტარებს ორივე პარტნიორის როლურ ინდივიდუალიზმს. იმისთვის რომ ქალმა „მე“ შეინარჩუნოს, მას ხშირად მოუწევს საკუთარი ბუნებრივი სასიყვარულო ინსტინქტების წინააღმდეგ წასვლა. მაშინ როდესაც მამაკაცი, რომელიც აღფთოვანებულია ამ ქალის ძალით, თმობს თავის „მამაკაცურ როლს“, რადგან ამას ქალში ხედავს. დიახ, მამაკაცი აღტაცებულია მისით, თუმცა საკუთარ თავზე, და პირველ რიგში როგორც მამაკაცზე, იგივეს ვერ იტყოდა.

 

 

მამაკაცის  მზე  ოპოზიციაში  ქალის  მარსთან

ეს კონფლიქტების ასპექტია. ქალი იმაზე უფრო დაჟინებული და ენერგიულია, ვიდრე მამაკაცი წარმოიდგენდა. ამიტომ, მათ შორის მძაფრი კონკურენციაა. ერთმანეთის შეცნობით, თითოეული მათგანი გაცილებით დამოუკიდებელი და ენერგიული ხდება. თუმცა ამ პროცესს იმდენად დინამიურად მზარდი ხასიათი აქვს, მათ გაუცხოებას და დაშორებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე დაახლოვებას.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცის  მარსთან

შეჯიბრი და ბრძოლა ამ ასპექტის ტიპური მახასიათებლებია. მამაკაცური ეგო იბრძვის ქალზე აღმატებისთვის და ქალი ხშირად მარცხდება ამ ბრძოლაში. მზე-მარსის ნებისმიერი ასპექტისთვის თვისებრივია ძლიერი სექსუალური ენერგია, თუმცა ნეგატიურ ასპექტში მათ სექსუალურ ცხოვრებას აკლია სინაზე, რეალური ურთიერთზრუნვა. ამიტომ, სიყვარულის გამოვლენაზე მეტად, ამ წყვილს ერთმანეთის გამოწვევების მიღება, შეჯიბრი და გამარჯვება უფრო აინტერესებს.  საკმაოდ ლოგიკურია, რომ ეს გაუხედნავი, ველური ტიპის კავშირია, რაც ძალიან ართულებს ხანგრძლივი ურთიერთობის შანსს  და მით უმეტეს ქორწინებას.

 

 

მამაკაცის  მზე  ოპოზიციაში  ქალის  იუპიტერთან

ეს ასპექტი მიუთითებს ცხოვრების ძირითადი ფოლოსოფიების მკაფიო განსხვავებაზე. თითოეული მათგანი კბილებით ებღაუჭება საკუთარ ინდივიდუალიზმს და არ ავითარების თანამონაწილეობის გრძნობას, რაც აუცილებელია თბილი და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.  ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელია ბევრი მოგზაურობა და  სიმდიდრე თუ არა, მატერიალური კეთილდღეობა მაინც. თუმცა ქალმა შეიძლება დაკარგოს თავისი ქალურობის დიდი ნაწილი, შესაძლოა სექსუალობასთან ერთადაც, რადგან ის მძაფრად გრძნობს, რომ იძულებულია იბრძოლოს პარტნიორისგან აღიარების მოპოვებისთვის. საკმაოდ რთული ასპექტია ქორწინებისთვის.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცის  იუპიტერთან

ეს ასპექტი ურთიერთობას შემთხვევითობის ელემენტს სძენს, რაც, ლოგიკურად, ანგრევს საიმედოობის შეგრძნებას. მართალია, ორივე პარტნიორი ინარჩუნებს ინდივიდუალური თავისუფლების გრძნობას, მაგრამ სწორედ ქალი უზრუნველყოფს ორივეს დაცვას. კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების ნაკლებობა ორ ინდივიდს განხვავებული მიმართულებებისკენ უბიძგებს. თუ პარტნიორებს სურთ ამ ურთიერთობამ იმუშავოს, თითოეული უნდა შეეცადოს, დროთა განმავლობაში, თანდანთან, გადააფასონ საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპები და  ფილოსოფია.

 

მამაკაცის მზე ოპოზიციაში ქალის სატურნთან

ეს ასპექტი  მძიმე პასუხისმგებლობის მომასწავებელია ქალისთვის. სირთულეების გადალახვისას ის ხშირად მამის სახებას, მისი ცხოვრების სტილს ეყრდნობა, რაც მკაფიოდ განსხვავდება მისი პარტნიორის სტილისგან. კარგი ის არის, რომ, კონფლიქტებისა და შეტაკებების შედეგად, მისი შინაგანი ღერძი სულ უფრო ძლიერდება.  მამაკაცი კი გრძნობს, რომ მის ცხოვრებაში დღითი-დღე იმატებს პასუხისმგებლობა, იმ სერიოზულობის გამო, რასაც პარტნიორში აწყდება. ეს რთული ურთიერთობაა, მაგრამ შეიძლება დიდხანს გასტანოს, რადგან თითოეული პარტნიორი ძალის, მოთმინებისა და კეთილგონიერების კარმულ გაკვეთილებს სწავლობს.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცის  სატურნთან

ეს ასპექტი ქმნის მონობის სიტუაციას. ქალის სიკაშკაშე თითქმის მთლიანად დაჩრდილულია ზედმეტი მფარველობითა და მბრძანებლობით პარტნიორის მხრიდან. მამაკაცი პარტნიორთან თავს ბრძენად წარმოაჩენს. სინამდვილეში კი თავს მასზე უმცროსად და ნაკლებ კომპეტენტურად თვლის, მაგრამ, ავტორიტეტის დაკარგვის შიშით, გულმოდგინედ მალავს ამას. ურთიერთობა შეიძლება იყოს დღეგრძელი, თუ ქალს თავისი მზიური ინდივიდუალიზმის გამოხატვის ძლიერი მოთხოვნა არ აქვს.

 

მამაკაცის  მზე  ოპოზიციაში  ქალის  ურანთან

ეს ერთერთი ყველაზე რთული ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. მამაკაცი, დროთა განმავლობაში, ქალს უგრძნობად ჩათვლის, რადგან ქალი ზედმეტად იცავს საკუთარ თავისუფლებას. სექსუალური მიზიდულობაც საკმაოდ არამდგრადია, ხანდახან კი საერთოდ არც არსებობს. მამაკაცი შეიძლება გრძნობდეს, რომ ურთიერთობის მთელი ტვირთი მის მხრებზეა. მართალია, მას თბილი გრძნობები აქვს პარტნიორის მიმართ, მაგრამ  შეიძლება შვებითაც ამოისუნთქოს, როდესაც ურთიერთობა დასრულდება.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცის  ურანთან

ქალი ამაყობს პარტნიორის არატრადიციულობითა და კრეატიული მიდგომით ცხოვრების მიმართ. მამაკაცს ქალის თავდაჯერების იმედი აქვს და მისგან ელის ერთგვარ დაცვას. ამიტომ, ის ხშირად ქალს თავის „ღუზად“, რეალობად, პუბლიკად, მფარველად და საკუთარი არსებობის ცენტრადაც განიხილავს. თუმცა ინტერესთა კონფლიქტის გამო, მამაკაცი შეიძლება ქვეცნობიერად თავს იცავდეს მასთან ჭეშმარიტი სიახლოვისგან, რაც ქალს აუცილებლად სჭირდება. ამგვარი ურთიერთდამოკიდებულების შედეგად, ქალი სწავლობს იყოს მეტად დამოუკიდებელი. მაშინ როდესაც მამაკაცი იძულებულია ისწავლოს პარტნიორისგან მიღებული სითბოს, ტრადიციებისა და პასუხისმგებლობის ფასი. საუკეთესო შემთხვევაშიც კი, ეს საკმაოდ რთული ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობისთვის.

 

მამაკაცის  მზე  ოპოზიციაში  ქალის  ნეპტუნთან

ეს ასპექტი განაპირობებს ნდობის ნაკლებობას მამაკაცის მხრიდან. გულწრფელი გატაცების მიუხედავად, ის მაინც  ვერ ენდობა ამ ქალს და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი უნდობლობის მიზეზსაც ვერ ხვდება. ამ ასპექტისთვის დამახასიათებელია  ნაზი სექსუალური მიზიდულობა. მაგრამ მამაკაცს ხშირად ეუფლება ისეთი განცდა, რომ ამ ამოუხსნელ ფაქიზ ბურუსში საკუთარ თავს კარგავს.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცის  ნეპტუნთან

ეს ასპექტი ართულებს ნდობას პარტნიორებს შორის, განსაკუთერებით ქალის მხრიდან. შესაძლოა იმიტომ რომ, გაურკვეველი გარემოებებით, მამაკაცმა თავისი დაპირებები იქამდე დაარღვიოს, სანამ შესრულებას შეუდგება. ინტრიგა, შარმი, იდუმალი სინაზე  _ ძალიან  ტიპურად ახასიათებს ამ ურთიერთობას, მაგრამ ქალი გრძნობს, რომ მან უნდა იბრძოლოს საკუთარი კეთილგონიერებისა და საღი აზროვნების შენარჩუნებისათვის.

 

 

მამაკაცის  მზე  ოპოზიციაში  ქალის  პლუტონთან

ეს რთული ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. პარტნიორებს შორის  ერთდროულად  ძლიერი სექსუალური მიზიდულობა და უხილავი უფსკრულია. მამაკაცისთვის შესაძლოა დამახასიათებელი იყოს ქალის დამცირების ტენდენცია, თითქოს მისი დაკნინებით საკუთარ თვალში მაღლდება. სინათლისა და წყვდიადის ძალების  ბრძოლა მუდმივი  გაღიზიანების მიზეზი ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ეს ასპექტი მნიშვნელოვანი პიროვნული ზრდის საშუალებას იძლევა, რადგან ორივე პარტნიორი თანაბრად დაინტერესებულია გაიგოს, დღე მოსდევს ღამეს თუ ღამე დღეს.

 

ქალის  მზე  ოპოზიციაში  მამაკაცის  პლუტონთან

ეს ასპექტი  ყველაზე ხელსაყრელ არენას ქმნის ცხოველური ინსტინქტების ზედაპირზე ამოსატივტივებლად. ქალის ღირსება და კეთილშობილება, სიტყვა სიტყვით, ინგრევა მამაკაცის უხეშობის გამო, რომელიც მისი ყველაზე  წყვდიადით მოცული სიღრმეებიდან მოდის, რომ კონტაქტში შევიდეს ქალის სინათლესთან. ამ დროს ქალმა შეიძლება დიდი სულიერი საგანძური შეიძინოს, რადგან ის იწყებს გაცნობიერებას, რომ პლუტონის ენერგიის გაცილებით მაღალი საფეხურებიც არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელია სექსუალური დეგრადაცია, მაგრამ თუ ქალს მაღალი ზნეობრივი იდეალები აქვს, ის დაიცავს ურთიერთობას ამისგან. თუ ურთიერთობის დასაწყისში ქალი თმობს, საბოლოო ჯამში, სწორედ ის ამაღლდება, რადგან მისი ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა სულ უფრო გაძლიერდება ამ გამოცდების შედეგად.


About Qet

Scroll To Top