1.ვიტალურობა
(ბიო-ფიზიკური დონის)
ნათალურ ასტროლოგიაში ყოველი პლანეტა დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მენტალური სტრუქტურების რამდენიმე პრინციპთან. პიროვნების განვითარების ხასიათს ყველა სუბიექტის ორი უძლიერესი მისწრაფება განსაზღვრავს: აღმშენებლობა და ნგრევა. კონსტრუქციისკენ მისწრაფებისგან წარმოიქმნება სიყვარული, სულგრძელობა, გულუხვობა, შემოქმედება და შთამომავლობის კვლავწარმოება. სწორედ აღმშენებლობაში მონაწილეობს აქტიურად მზის პირველი,ბიოფიზიკური,პრინციპი,რასაც პირობითად ვიტალურობას უწოდებენ. ის განსაზღვრავს ადამიანის პოტენციურ სასიცოცხლო ძალას.
ფუნქციები: გათბობა, გაცემა, გაჩუქება, სიყვარული, განკურნება, გაცოცხლება.
მზეზე დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკური ძალა და ამტანობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, გულუხვობა, ინტენსივობა და სექსუალური პოტენცია,როგორც სიცოცხლის გაგრძელების უნარი. მზე მიუთითებს,საიდან და რა მეთოდებით იღებს ადამიანი ვიტალურობას. სასიცოცხლო ენერგია გამოიხატება ნებელობითი ძალისხმევით, თავდაჯერებით, თვითრწმენითა და გამბედაობით; სიყვარულის,შექებისა და განებივრების უნარით. ისვე განსაზღვრავს ადამიანის მოთხოვნას სითბოს, ალერსის, ზრუნვის, მხარდაჭერის, სიამოვნებისა და დასვენების მიმართ.
ჩვენ ენერგიით ვივსებით,როდესაც მშვიდები,მოდუნებული და კეთილგანწყობილები ვართ; როდესაც გვიხარია და კარგ განწყობაზე ვიმყოფებით; როდესაც სიმშვიდესა და თავდაჯერებას ვასხივებთ. დაძაბულობა და უზომო სიფრთხილე, მღელვარება და შფოთი_ორგანიზმში ენერგიის უკამარისობის ან პირიქით,ჭარბი ენერგიის სიგნიფიკატორებია. შესაბამისად,მზის პირველი პრინციპი მართავს სიხარულს, დღესასწაულს, დასვენებას, სიმშვიდეს, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების უნარს. ის აჩვენებს თითოეული ადამიანის ოპტიმიზმის ხარისხს. ვიტალურობის პრინციპი ასევე პასუხისმგებელია კონსტრუქციულ შემოქმედებით აქტივობაზე.
ამიტომ მართავს მზე კურორტებსა და დასვენების ადგილებს, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს, თეატრებს, სტადიონებს, მხატვრულ გამოფენებსა და სახელოსნოებს, ისევე როგორც ამ სფეროებში მომუშავე ადამიანებს.
2. ცენტრი
(ფსიქო-სოციალური დონის)
მზის მეორე,ფსიქოლოგიურ-სოციალური პრინციპი, რომელსაც პირობითად ცენტრს ვუწოდებთ, დაკავშირებულია ადამიანის ცნობიერებაში საფუძვლიანად ჩაბეჭდილ რწმენასთან, საკუთარი უნიკალობის შესახებ. ეს რწმენა ყველაზე ცხადად და თავისუფლად სიზმრებში ვლინდება, სადაც სუბიექტი თავს ყოვლისშემძლედ, გენიალურად, დაუმარცხებლად და ულამაზესად ხედავს. მაგალითად, უმცირესი ძალისხმევის გარეშეც, ადვილად იზიდავს უმშვენიერეს ქალებს. ის, უდაოდ შემოქმედების მწვერვალია.
ფუნქციები: მიზიდვა, მოხიბვლა, წრეში შესვლა. მაყურებლების, მსმენელებისა და თაყვანისმცემლების გარს შემოკრება. ყურადღების მიპყრობა, აქცენტირება, გამოყოფა, დემონსტრაციულობა, სხვების დაჩრდილვა, მეფობა.
მზე ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრია,მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ „კოსმიური წებო“, რადგან სწორად მას უჭირავს საკუთარ ორბიტაზე დანარჩენი პლანეტები.
ცენტრის პრინციპი სუბიექტის მოქმედებებს თვითრეალიზაციისა და პირადი მიღწევებისკენ მიმართავს; მიუთითებს,რამდენად არის ადამიანი დამოკიდებული გარშემომყოფთა აღიარებაზე, რამდენად სჭირდება პუბლიკა და როგორ იცვლება მისი საქციელი მაყურებლების გამოჩენისას. მზე განსაზღვრავს ეგოცენტრიზმისა და საკუთარი ღირსების განცდის ხარისხს. მართავს მაგნიტიზმს_ინდივიდის უნარს,მიიზიდოს სხვა ადამიანები და მიიპყროს მათი ყურადღება. აჩვენებს, რამდენად აქვს ადამიანს განვითარებული სიყვარულისა და აღტაცების,პირადი წარმატების, დიდებისა და აღიარების მოთხოვნა,გმირული საქციელის ჩადენის უნარი. თუმცა იმავდროულად უკავშირდება დესპოტიზმს,ადამიანებისა და გარემოებების დამორჩილების შესაძლებლობას. ის მართავს არტისტულობას,სიამაყესა და პატივმოყვარეობას.
ცენტრის პრინციპი დაკავშირებულია ისეთ თვისებებთან,როგორც არის ლოიალობა,ერთგულება და თავდადება. ის მიუთითებს რომელი თვისებები არის ადამიანისთვის უმთავრესი. კარგად დაიხსომეთ,მზე ადამიანის პიროვნული სტრუქტურის ცენტრია (რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი დანარჩენი).
მზე მართავს მონარქებს, ლიდერებს, სამეფოებს, რეზიდენციებს, ცერემონიებს, დაჯილდოებებს, დიპლომატებსა და ცნობილ ადამიანებს, პრეზენტაციებს, საჯარო გამოსვლებს, სანახაობებს, იუბილეებსა და დღესასწაულებს.
3. სინათლე
(იდეალური დონის)
და ბოლოს მზის იდეალური პრინციპი განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერების დონეს, აზროვნების სიცხადესა და იდეალების ხასიათს.
ფუნქციები: აღმოჩენა, ამოცნობა, გამოვლენა, გამოაშკარავება, გაცნობიერება, გარკვევა, სინათლის მოფენა.
ეს პრინციპი დაკავშირებულია ისეთ თვისებებთან, როგორიცაა ბრწყინვალება, სიცხადე, სიმკვეთრე, სიმართლე, ნიჭიერება. მზე მიუთითებს ადამიანის ხასიათის ნათელ მხარეებზე, მის ღირსებებზე, თვალსაჩინო მოვლენებზე. სუბიექტი ეცდება გააცნობიეროს, საით აქვს გზა ხსნილი(განათებული), რას გამოარჩევს და რაზე ამახვილებს ყურადღებას გარესამყაროში. სინათლის პრინციპი ასევე აჩვენებს პიროვნების გახსნილობასა და სამყაროს აღქმის ტიპსაც.
ასტროლოგიაში მიღებულია ადამიანთა დასახელება მზის ნიშნის მიხედვით_ ლომი, მორიელი, მერწყული და ა.შ. ეს იმას გულისხმობს, რომ ნატივის (ადამიანის, ინდივიდის) ჰოროსკოპში მზე ამ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. საქმე ის არის, რომ მზის სინათლე განსაკუთრებულად ასხივებს მოცემულ ზოდიაქოს ნიშნის არსს, რომლის პრინციპები და პრობლემატიკა მჭიდროდ არის გადახლართული პიროვნების თავისებურებებთან და მის არქეტიპულ შტრიხებს განსაზღვრავს. არც ისე იშვიათად ადამიანის საქმიანობა მზის ნიშნით განისაზღვრება, რადგან სწორედ ამ სფეროებში განსაკუთრებულად ეხმარება ინდივიდს, თავისი არსებობით.
მზე ასევე განსაზღვრავს კუმირების ხასიათს,რომელთაც ადამიანი ბაძავს ცხოვრებაში. მზე არის ადამიანის წარმოდგენა იდეალურ „მეზე“ _ როგორ ხედავს ინდივიდი საკუთარ თავს სრულყოფილებაში.
ადამიანი ღმერთს მიმართავს, როგორც ყველაზე ნათელ და ცხად წერტილს საკუთარ არსებაში. რადგან მზის სისტემაში მზე ერთადერთი სინათლის წყაროა(შეგახსენებთ,რომ მთვარე მხოლოდ ირეკლავს მის სხივებს), იდეალურ დონეზე მზე დაკავშირებულია სამყაროს შემოქმედთან_ღმერთთან. ამ კონტექსტში მზე სიმბოლურად ასახავს ღვთაებრივ ნაპერწკალს ადამიანში,მაშასადამე მის სულიერებას. მზე მართავს გასხივოსნების ფსიქოლოგიურ მექანიზმსაც.
მზის როლები რადიქსში: მამაკაცური ფუნდამენტური საწყისის პრინციპი_ ღმერთი. მამა(როგორც ფიზიკური სიცოცხლის მომნიჭებელი პრინციპი); ქმარი(ბუნებრივია,ქალის ჰოროსკოპში), იდეალი, კუმირი, მეფე, მხატვარი, არტისტი, შემოქმედი ადამიანი, არისტოკრატი, გმირი.
მზის მდგომარეობები: გაცნობიერება, სიყვარული, ბედნიერება, სიხარული, წარმატება, დომინირება, პოპულარობა, შთაგონება, შემოქმედებითი აღმასვლა, თამაში, სიზარმაცე.
მზის მოვლენები: დღესასწაული, დაბადების დღე, საჯარო გამოსვლები, სანახაობები, დასვენება, გართობა, დაჯილდოება, სპეკულაციები.
მზის გავლენა ფიზიკურ სხეულზე: გული, მზის წნული, პოტენციური ძალა, სექსუალური პოტენცია, მამაკაცის მარჯვენა და ქალის მარცხენა თვალი.
მზის მეტალი: ოქრო.
მზის ფერთა გამა: მკრთალი ყვითლიდან მკვეთრ წითლამდე.
სტატიის ავტორი: Qet Adastra