მთვარე თხის რქაში

მთვარე თხის რქაში

თორმეტ ასტროლოგიურ ნიშანს თავისი სტილი და მახასიათებელი თვისებები გააჩნია,რომელსაც მასში მოხვედრილი პლანეტა იღებს.საკმაოდ რთული პროცესია და მისი მთლიანობაში გადმოცემა არც ისე ადვილია. ნიშანი მიუთითებს როგორები ვართ, ჩვენს სტილზე, მახასიათებლებზე, ჩვენში მიმდინარე ფსიქოლოგიურ პროცესებზე…შესაბამისად მთვარის მდებარეობა რომელიმე ნიშანში იღებს იმ ნიშნის მსგავს ემოციურ ფუნდამენტს.

მთვარე თხის რქის ბედნიერება და კმაყოფილება პირდაპირ კავშირშია მის წარმატებულობასთან, ხშირად ორიენტირებულია მიღწევებზე, გამარჯვებებზე, მიზნებზე, ამბიციებზე. თხის რქას მმართველსაც უწოდებენ, შესაბამისად მთვარე თხის რქები მიდრეკილნი არიან მართვისკენ. მათ აქვთ კარგი ანალიზის უნარი და შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად, შეადგინონ დიდი სამოქმედო გეგმა, რომელიც მომავალზე იქნება გაწერილი. მთვარე თხის რქებმა კარგად იციან სიტყვა „კონსერვატიულის“ მნიშვნელობა, ეს არაა პოლიტიკური მნიშვნელობის, არამედ „არ დახარჯო და არ გასცე მასზე მეტი, ვიდრე საჭიროა“. მათთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა, როცა თავად წყვეტენ რა უნდა მოიმოქმედონ. კარგად იციან თვითდისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა, ჭკუა და სხვა პრაქტიკული მაგალითები მაღალ საფეხურზე რომ აიყვანენ, ისინი დარწმუნებულნი არიან კარიერულ სფეროში წარმატების მიღწევაში.


დადებითი გავლენა: პრაქტიკულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სიფრთხილე, დისციპლინირებულობა

უარყოფითი გავლენა: სიცივე, პესიმიზმი, სიჯიუტე, გადაჭარბებული მოთხოვნები

მთვარე თხის რქა – სულიერი სიძლიერე და სიღრმე, სერიოზულობა და პასუხისმგებლობა, სირთულეების მოყვარული და კარიერაზე ორიენტირებული, სერიოზული სამსახურსა და პირად სფეროში. გონების პრაქტიკული წყობა და ცხოვრების რეალური ხედვა, ამბიციური და მიზანმიმართული, კარგი ორგანიზატორი, ხელმძღვანელი და ცივი გონებით მმართველი, წესრიგის მოყვარული, ინსტრუქციების ხშირად მიმყოლი, მატერიალური ღირებულებებისადმი ძლიერი მიდრეკილება, მთვარის ამ მდებარეობაზე ძლიერი გავლენა აქვს სატურნს, თუ ის ძლიერი და დაუზიანებელია რუკაში მთვარის დადებითი კუთხე სჭარბობს, მეორე შემთხვევაში – ძლიერი შინაგანი დაძაბულობა და კონფლიქტურობა.

მთვარე თხის რქაში დაცემულია. როგორიც არ უნდა ჩანდეს გარშემომყოფებისთვის ან როგორც არ უნდა აღიქვამდეს თავს, შინაგანად სევდიანია.თუნდაც მისი ასცენდენტი მშვილდოსანი იყოს ან მზე ვერძში – მნიშვნელობა არ აქვს, საკუთარ ენერგიას ნაკლებად გასცემს და ხარჯავს. თხის რქის ხელში მთვარე პაიკი ხდება, ამ მდებარეობის მქონე ადამიანი შინაგანად კომფორტს ვერ გრძნობს, თუმცა საკუთარ პრინციპებს ან მიზნებს შეუძლია თავი მსხვერპლად შესწიროს ან სულაც ასკეტურ ცხოვრებას მიჰყოს ხელი. დაბალ დონეზე მთვარის დამუშავების შემთხვევაში შეგვიძლია ის შევადაროთ ჭუჭყიან, ტალახიან სახლს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მას სიბინძურე არ აწუხებს. საერთოდ, თხის რქა კარმულ მიზნებს ანიჭებს მთვარეს, მაგრამ თუ პიროვნების მზეს შეუძლია განახორციელოს მიზნები მთვარის დაუხმარებლად, მაშინ თხის რქა მთვარე განვითარების დაბალ დონეზე დარჩება – ხდება ეგოისტური, გარემოს და ადამიანებს იყენებს როგორც მეწველ ძროხას. დამუშავების შემთხვევაში პირიქით, ეს ადამიანი ზღუდავს საკუთარი თავისა და ოჯახის ეგოისტურ მისწრაფებებს და უფრო მაღალ ფასეულობებს იძენს.

თუ მთვარე დამწვარია, პიროვნება აქვს ათეისტური და მატერიალისტური ხედვა, ის არ აღიარებს არც ღმერთს და არც მატერიას, მხოლოდ მატერიალისტურ სამყაროზეა ორიენტირებული. თუ მთვარეს აქვს ტრინი კუროსთან ან ქალწულთან შინაგანად უფრო მეტად მატერიალისტური დამოკიდებულება და ფორმები ახასიათებს.

ეს ცივი ნიშანი არ უხდება მთვარის მდებარეობას, ის თხის რქის ზოდიაქოში თავს ტყვეობაში გრძნობს, მისთვის დამახასიათებელია ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულება, ახასიათებს მასსა და გარემოს შორის ბარიერების აღმართვა. მთვარე თხის რქა ჰგავს ადამიანს, რომელიც აღებს სახლის კარს, გარეთ იხედება და კითხულობს „ვინაა?“ მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია კარი ცხვირწინ მიუკეტოს არასასურველ სტუმარს. ისინი თავს გრძნობენ კარგად, მშვიდად სიტუაციებში, სადაც გარკვეულია ვის რა ადგილი უჭირავს და რა ფუნქციები აქვს. მთვარე თხის რქა სტრესთან გასამკლავებლად და ძალების აღსადგენად სხვებისგან განცალკევებას ამჯობინებს ისე, რომ ნაცნობებთან დისტანცია იგრძნოს, არც სხვასთან იქნება ამ დროს და არც თქვენთან, როგორც იტყვიან ამ შემოტევის დროს შეუძლია „ცივი წყალიც კი გადაგასხათ“ იმიტომ, რომ თავს არცთუ კარგად გრძნობს. თხის რქა მთვარიანებს სურთ იარონ საკუთარ სოციალურ კიბეზე და არავინ შეუძალოთ ხელი წარმატების მიღწევაში, ამიტომ უჩენენ ყველას თავის ადგილს. მაღალი სტანდარტებისა და მოთხოვნების გამო მთვარე თხის რქები შესაძლოა მკაცრი მშობლები და ახლო ნათესავები იყვნენ. ერთის მხრივ, მთვარე თხის რქის შვილებს არასდროს გაუჭირდებათ ფეხზე დადგომა, მაგრამ მეორეს მხრივ შესაძლოა ახლო ემოციურად გახსნილი ურთიერთობა მშობელთან ნაკლებად ჰქონდეთ.

მთვარე თხის რქამ კარგად იცის „როგორ დადგას კარგი შოუ“ და ყველაფერს გააკეთებს „შოუს“ წარმატებისა და მიზნის მისაღწევად. ხშირად ტოვებენ მორცხვის შთაბეჭდილებას ემოციების გამოუხატველობის გამო, თუმცა შინაგანად უფრო ძლიერია, ვიდრე ჩანს. ცხოვრების განმავლობაში მთვარე თხის რქა ხდება უფრო ცივი, რადგან ცხოვრებაში ბევრი სიძნელის გადალახვა უხდება. ამ მთვარეს შეუძლია ლოიალური იყოს მათ მიმართ, ვისაც აფასებს, ვინც უყვარს. თუ ერთხელ შეგიშვა საკუთარ სამყაროში (რაც სრულ ნდობას ნიშნავს), ის იცვლის დამოკიდებულებას .

 მთვარე თხის რქა: გრძნობა+კონცენტრაცია= ვალდებულების გრძნობა  

მთვარის ეს მდებარეობა მიუთითებს შეუპოვრობაზე, ჟინიანობაზე, სიფრთხილეზე, შრომისმოყვარეობაზე. პიროვნების ნეგატიური კუთხით განვითარების შემთხვევაში ადამიანი ხდება არაგულწრფელი და უპატიოსნო, ემორჩილება და ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით. ხშირადაა დეპრესიაში და განიცდის შიშს, მწუხარებას მომავალზე და დანაკარგებზე, შინაგანად ცივდება, იკეტება და ეგოცენტრული ხდება. პიროვნების დადებითი კუთხით განვითარების შემთხვევაში ფორმირდება ისეთი თვისებები, როგორიცაა მაღალი შერჩევითობის უნარი (არჩევს ხალხს, ქცევას, თვისებებს), გასაოცარი ერთგულება და მოწესრიგებული გონება.

ასეთი ადამიანი ცხოვრობს ინტენსიური და ღრმა ემოციებით, სულიერად ვითარდება, არის დისციპლინირებული და მიზანმიმართული. დამახასიათებელია აკურატულობა, რეალობის ნათელი სურათის შექმნა, ობიექტურობა, დიპლომატიურობა, კორექტულობა. ძლიერი კონცენტრაციის უნარისა და ყურადღების წყალობთ, შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზნებს. შინაგანი ემოციური რხევა საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოველთვის ზემოთ, სხვების დასანახად არ ამოდის.

სიძნელეებს და პრობლემებს ემოციურად განიცდის, თუმცა ამის შემდეგ მალევე ცდილობს მათ გადაჭრას ცივი გონებით.მთვარე თხის რქებისთვის დამახასიათებელია უბრალოება, სიზუსტეზე კონცენტრირება, სიმტკიცე პროფესიულ, სოციალურ და პირად ურთიერთობებში. ზოგჯერ მას არ ჰყოფნის შინაგანი ენერგია გაუმკლავდეს სიძნელეებს, ურთიერთობებს, რაც სიზარმაცის (ეზარება რამის მიღწევა,გაკეთება), თავის ცუდად გრძნობით, დეპრესიული ფონით გამოიხატება. ხშირად პრობლემების გადაწყვეტაში საკუთარ თავს ეყრდნობა,ამ დროს ემოციურად საკმაოდ ცივი და ახლობლებისთვის მიუწვდომელია შინაგანი დისტანციის გამო. მთვარე თხის რქებს ხშირად უწევთ ობიექტურობასა და პირად დამოკიდებულებას შორის არჩევანის გაკეთება.

საპირისპირო სქესთან მთვარე თხის რქების ურთიერთობა მუდმივად გადაუჭრელია, მათ ჰყავთ საკმაოდ ბევრი მტერი, რომლებიც ძირითადად მათი სახელისა და პროფესიული რეპუტაციის შელახვას ცდილობენ. გარშემომყოფები მთვარე თხის რქებს ხშირად მიიჩნევენ უგულო ადამიანებად, რომლებსაც სხვების ემოციები და გრძნობები არ ანაღვლებთ, რასაც არ იმსახურებენ. მთვარე თხის რქებს სჭირდებათ დრო ადამიანების გასაცნობად და ნდობის გასაჩენად ,მაგრამ თუ დროთა განმავლობაში მისი ნდობა მოიპოვეთ, ის მუდამ შეეცდება თქვენს დაცვას ,რადგან ახლობლების დაცვა ახასიათებს. მთვარე თხის რქები რომანტიულ სურვილებს და იდეალებს მალავენ, რადგან ისინი ბევრს მოითხოვენ საპირისპირო სქესისაგან, იშვიათად აღწევენ სასურველ ურთიერთობამდე. საკუთარ შინაგან სამყაროში გამონაკლისებს უშვებს; მოსწონს სულიერი სიძლიერის მქონე ადამიანები.

მთვარე თხის რქაში სატურნის გავლენას განიცდის, შესაბამისად ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ემოციური თავშეკავებულობა, ძლიერი (ღრმა) მეხსიერება (განსაკუთრებით ემოციური), გადაწყვეტის უნარი. ისინი ხშირად საკუთარ თავს თავად უქმნიან პრობლემებს. არაცნობიერი პროცესებისა და შინაგანი სამყაროს განვითარება როგორც წესი, რთულად მიმდინარეობს, ამის გამო ქვეცნობიერი რეაქციები გვიან ფორმირდება/ვლინდება. ამ ადამიანებს არ უყვართ შინაგანი რეაქციებისა და გრძნობების გამოვლენა, შესაძლოა რცხვენოდეთ კიდეც ჩვენება რომ „თავს ცუდად გრძნობენ“.ყველა ემოციური, შინაგანი მდგომარეობა შიგნითვე რჩება. შინაგანად მოწესრიგებული ადამიანები არიან, რომლებმაც იციან შიგნით „რომელ თაროზე რა წიგნი დევს და რომელ უჯრაში რას ინახავენ“. შესაძლოა განვითარდეს შინაგანი ასკეტიზმი. ასევე შესაძლოა მიზნის მისაღწევად შეზღუდოს საკუთარი თავი და ახლობლებიც. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ან აქცევენ საკუთარ ემოციურ სამყაროს ზედმეტ ყურადღებას, ან სულ უყურადღებოდ ტოვებენ.

ამ მთვარის მდებარეობის მქონე ადამიანებს დაეხმარებათ შინაგანი სამყაროს ფსიქოლოგიური ანალიზი და დასკვნების გაკეთება. დადებითი ანალიზისა და დამუშავების შედეგად მათ უყალიბდებათ სიტუაციებისა და ადამიანების მიმართ მგრძნობელობა, მიყვებიან კარმულ კანონებსა და გზას, არიან ეკონომიურები და პრაქტიკულები, სულიერად ძლიერნი. უარყოფითის შემთხვევაში სუსტები, მელანქოლიკები, შინაგანად ცივები, მატყუარები, ჩაკეტილები, სხვების გავლენის ქვეშ ხშირად მოქცეულები ხდებიან და მკვეთრად ზღუდავენ ყველას საკუთარი თავის ჩათვლით.

 მთვარე თხის რქის მქონე ადამიანი ემოციურად ფრთხილია

ქვეცნობიერად მთვარე თხის რქიანებს ეშინიათ უარყოფის და ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დისტანციურობას ინარჩუნებენ მანამ, სანამ ადამიანში ბოლომდე არ დარწმუნდებიან. ამ შიშის გამო დიდი დრო სჭირდებათ რომანტიულ პარტნიორთან ან მეგობრებთან კომფორტულად რომ იგრძნონ თავი. მათი თავდაცვა შესაძლოა არასწორად იქნეს ახსნილი როგორც სიცივე, გულგრილობა, დისტანციურობა. თუ თხის რქა მთვარიანი თქვენთან ემოციურად ცივია ან დისტანციას იჭერს ე.ი. არ გენდობათ ბოლომდე. საერთოდ მას ნდობა უჭირს, სანამ ბოლომდე არ გამოცდის/შეისწავლის ადამიანს. სინამდვილეში მთვარე თხის რქიანები მგრძნობიარეები (ასევე დრამატულებიც) არიან, მაგრამ სტაბილურობის განცდის გარეშე ამის ჩვენება უჭირთ. ისინი ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც ურთიერთობაში სიღრმეს არ ეძებენ, ზედაპირულად აფასებენ ურთიერთობებს და/ან უჭირთ მოთმენა, თხის რქები მათთან ურთიერთობაში ემოციურად გაუხსნელები რჩებიან. თუ გახსნა მოახერხეს, ურთიერთობაში ბევრ რამეს დებენ, ზოგჯერ იმაზე მეტსაც, ვიდრე იღებენ. თუმცა მათ ახასიათებთ პრინციპი „ჯერ ჩემს მიმართ გასცენ და მერე მე გავცემ“

 მთვარე თხის რქის მქონე ადამიანებს ხშირად რთული ბავშვობა აქვთ

მთვარე თხის რქები სიძნელეებს ბავშვობიდანვე აწყდებიან:დაბალი თვითშეფასება, დაუცველობის გრძნობა, დეპრესია…რაც გავლენას მათ ბავშვობის მოგონებებზეც ახდენს. ბავშვობაში მთვარე თხის რქიანები იქცევიან და აზროვნებენ როგორც უფრო დიდები, ხოლო რაც უფრო ასაკი ემატებათ, მით უფრო იხსნიან ტვირთს და უფრო ახალგაზრდულები ხდებიან. მათ ბავშვობიდანვე იციან, რომ რთული ცხოვრება ელით ,ამიტომ ამ პერიოდიდან ახასიათებთ მომავალზე ფიქრი, დაგეგმვა, მიზანსწრაფულობა, პასუხისმგებლობის გრძნობაც ბავშვობიდან ყალიბდება. მსგავს ნაადრევ დასერიოზულებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე.უარყოფითის მხრივ მთვარე თხის რქიანები რიგიდულები, მატერიალისტები, ავტორიტეტული ბუნების, პესიმისტები შეიძლება გახდნენ, ხოლო დადებითის მხრივ – პასუხისმგებლობის მქონე, ძლიერი, დისციპლინირებული, მომთმენი პიროვნება. ბავშვობის წლები მათთვის შეიძლება ითქვას ყველაზე რთული წლებია, რაც უფრო ასაკი ემატებათ, მით უფრო იზრდება შანსი თავი იგრძნონ ბედნიერებად და კმაყოფილებად.

 მთვარე თხის რქები თვითდისციპლინირებულები არიან

მთვარე თხის რქებისთვის უსაფრთხოება მოდის პროდუქტიულ ურთიერთობებთან და საქმიანობებთან ერთად, ისინი არიან მიღწევაზე ორიენტირებული ადამიანები, რომელთათვისაც კარიერას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მთვარე თხის რქიანები არიან ამბიციურები, კარგად ორგანიზებულები, ხშირად შემუშავებული აქვთ მიღწევათა გეგმა. პრაქტიკული ცოდნის გამოყენებით ადვილად აღწევენ წარმატებას. მთვარე თხის რქიანები არ ლაპარაკობენ საკუთარ დიდ და ამბიციურ გეგმებზე, მათ უბრალოდ ასრულებენ. მიუხედავად ემოციური გაუწონასწორებლობისა, ძლიერი თვითკონტროლის გამო საზოგადოებაში იმიჯს არ იფუჭებენ, შეუძლიათ ერთმანეთს შეუთავსონ კარიერა და ოჯახი, თუმცა ამ ორ მხარეს შორის დაუბალანსებლობის შემთხვევაში დიდია სტრესის და ემოციური არევის ალბათობა.

თუ თქვენი პარტნიორის რუკაში მთვარე თხის რქაშია, პირველი გაცნობისას ემოციურად შეიძლება მორცხვი ან მშვიდი მოგეჩვენოთ, რადგან ის გრძნობებს სერიოზულად იღებს. თუ გინდათ ბოლომდე მიგიღოთ, რომანტიულ განწყობასთან ერთად მოგიწევთ პასუხისმგებლობისა და სტაბილურობის გამომჟღავნება. სექსუალური თვალსაზრისით ის შეიძლება იყოს ცივიც და თბილიც, პარტნიორზე და მისდამი ემოციურ განწყობაზეა დამოკიდებული. გრძნობების რთულად გამოხატვის გამო შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენი პარტნიორი მთვარე თხის რქა ცარიელი ფურცელია, მაგრამ თუ ერთხელ მაინც სექსუალური ურთიერთობა გექნებათ, მას თქვენი ნებით არ მიატოვებთ.

 საცხოვრებელი

მთვარე თხის რქიანებისთვის სახლი მხოლოდ სახლს არ ნიშნავს, ესაა მათთვის გარკვეული სახის ინვესტიცია, ადგილი რომელშიც დებენ რესურსს, ზრუნავენ. ინტერესებს ხშირად განსაზღვრავს მთვარის მდებარეობა სახლში. საუკეთესოდ მოწყობილი სახლი მთვარე თხის რქიანისთვის არის სახლი, რომელშიც არ გრძნობ დროს, ისვენებს, ავეჯი კი გარკვეული სტილისაა და არა არეულ-დარეული. შესაძლოა მათ სახლში შეხვდეთ ანტიკვარულ ნივთებსაც.

 სიყვარული

სიყვარული თითქმის სინონიმია წარმატებისა. მთვარე თხის რქას აქვს სურვილი ჰყავდეს ვინმე, ვისაც დაეყრდნობა და ჰქონდეს ცხელ-ცივი ტიპის ურთიერთობა, მასზე ცუდად მოქმედებს ურთიერთობების დემონსტრაციული ჩვენება, გარჩევა, საუბარი პირად ურთიერთობაზე. მთვარე თხის რქამ რომ პარტნიორად მიიღოს, ადამიანი უნდა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი აზროვნების პიროვნება. ამ მთვარიანისთვის აუცილებელია თბილი ურთიერთობა, თავი საჭიროდ რომ იგრძნოს. ადვილად იხსნება და ურთიერთობს ადამიანთან, რომელიც არ ზღუდავს და მასზე პიროვნულად დამოკიდებული არ ხდება. მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, მთვარე თხის რქას სჭირდება პარტნიორი, რომელიც ადამიანების ნდობას ასწავლის და მასზე იზრუნებს.

 საკუთარი გზის დაკარგვა და ტკივილთან გამკლავება

როცა ცუდადაა ან რამე სტკივა, ძნელად თუ ხვდებიან გარშემომყოფები. მთვარე თხის რქიანს ურჩევნია პრობლემის გადაწყვეტაზე იზრუნოს, ვიდრე ემოციებს აყვეს და იწუწუნოს. რაც უფრო მეტად საჭიროებს ეს ადამიანი ზრუნვას, მით უფრო რაციონალური და ცივი ხდება. ადვილად შეუძლია კრიზისულ პერიოდში ემოციების მართვა, მაგრამ თუ კრიზისი დიდხანს გაგრძელდა, მისი პასუხები და ქცევები რობოტულ, ავტომატურ, ლაკონურად იქცევა. მშვიდი, ცივი და დამგეგმავი – ესაა სამი სიტყვა, რომელიც აღწერს მთვარე თხის რქას. მათ აქვთ ბნელი ფიქრები დ ემოციები, რომლებსაც ადვილად ფარავენ სარკასტული მანერებისა და ძლიერი ადამიანის ტიპის ქვეშ.

მთვარე ემოციებზე და პიროვნების მგრძნობიარე მხარეზე ახდენს გავლენას, თხის რქა კი თავშეკავებული ნიშანია. თხის რქა მთვარიანებს გარკვეული აზრით, საკუთარ პიროვნებასთან უწევთ ბრძოლა, რათა მიიღონ ის ბედნიერება, რასაც ეძებენ. მათ აქვთ პრაქტიკული, დეტალებზე გათვლილი აზროვნება, სწრაფად ითვისებენ ინფორმაციას და ადვილად სწავლობენ. მათ აინტერესებთ ის საკითხები, რომელთა გამოყენებასაც შემდეგ პრაქტიკაში შეძლებენ, აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და დაკისრებულ საქმეს ბოლომდე ასრულებენ.თუ გეგმა, გათვლა ან მიზანი ვერ შეუსრულდა, შესაძლოა დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობისა და მიზანსწრაფულობის გამო ისინი წარმატების მიღწევას რთულად, მაგრამ მაინც ახერხებენ. გავიხსენოთ თუნდაც – ედისონი, ნაპოლეონი, ჯორჯ ვაშინგტონი, ჰიტლერი, აბრაამ ლინკოლნი და ა.შ.

მთვარე თხის რქიანებს, რომლებსაც ერთ–ერთ კარდინალურ ნიშნაში ჰყავთ მზე ან ასცენდენტი (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) – გამოხატულად ფლობენ ლიდერულ თვისებებს.

საკუთარ თავს ხშირად ეუბნებიან „ნუ იქნები ბავშვი“ . ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რომ ნაკლებად მკაცრები იყვნენ საკუთარ „ბავშვურ“ ემოციურ სურვილებთან. სხვების თვალში ჩანან მკაცრები, ცივები, საქმიანები, მათ გარშემო უმეტესობამ არც კი იცის ზოგჯერ მათ გვერდით მჯდომი მთვარე თხის რქა რა ძლიერ და ღრმა გრძნობებს/ემოციებს მალავს. ისინი ხშირად ეძებენ ადამიანს, რომელსაც ჯერ ენდობიან და შემდეგ მათთან გაიხსნებიან, გამხიარულდებიან და თავიდან მოიცილებენ ზედმეტ და შემაწუხებელ ფიქრებს.თუმცა ყოველთვის უჭირთ ასეთი ადამიანის პოვნა. ამ მდებარეობის მქონე ადამიანების ცხოვრებაში რომელიმე მშობელს დიდი გავლენა აქვს (უმეტესწილად დედას)

ფული მათ ცხოვრებაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ფული სჭირდებათ არა მხოლოდ ნივთების, ავეჯის, ქონების საყიდლად, არამედ ფინანსური და საქმიანი სტატუსისთვის. მათთვის ფული სტატუსის მომტანია.

მათი ცხოვრება სხვებისთვის შესაძლოა განსაკუთრებული ჩანდეს, სხვები აფასებდნენ დისციპლინირებულობის, სერიოზულობისა და სტატუსის გამო, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის თხის რქა მთვარიანის ნამდვილი სახე და მათი მარტოობის განცდის შესახებ, რომელსაც თხის რქა მთვარიანები იუმორის ქვეშ ფარავენ. თხის რქა მთვარიანი საზოგადოებაში ხუმრობს? ჩათვალეთ, რომ ის სწორედ ამ დროს მარტოობის გრძნობით იტანჯება.

თხის რქა მთვარიანებს უჭირთ საკუთარ გრძნობებზე საუბარი, გამოხატვა, ამიტომ ისინი ხშირად ჩანან უემოციოები და უგრძნობი ადამიანები, თვით იმ დროსაც კი, როცა ემოციურად ძალიან უჭირთ.

მთვარე თხის რქა არასდროს მიიღებს უგუნურ გადაწყვეტილებებს. ის წინასწარ განიხილავს ყველა ვარიანტს და აირჩევს ყველაზე შესაფერის და უსაფრთხო ვარიანტს. თხის რქა მთვარიანი არ იცქარებს, დაელოდება საჭირო მომენტს და მერე იმოქმედებს.

გარშემომყოფების თვალში ეს ადამიანი არის კარგი დისციპლინისა და მართვის უნარების მქონე ,თუმცა სინამდვილეში თხის რქა მთვარიანების ნამდვილ სახეს/ვინაობას ხშირად ვერ იგებენ ზუსტად. შესაბამისად, მას არ ჰყავს მეგობრების დიდი წრე. მას აქვს შიში სხვების თვალში არ გამოიყურებოდეს სასაცილოდ– არ გახდეს სხვების დასაცინი– ხშირად ამ ფიქრს პანიკამდე მიჰყავს. ის აწესებს ბარიერს სხვებთან ურთიერთობებში და თავად აკონტროლებს ბარიერის მანძილს. შესაძლოა მიზნების მისაღწევად საკუთარი წესები და პრინციპები საზოგადოებრივზე წინ დააყენოს და ასე იცხოვროს მთელი ცხოვრება.

მთვარე თხის რქიანებს ადვილად შეუძლიათ დაფარონ საკუთარი ნამდვილი ემოციები და გრძნობები. გარშემომყოფები ვერასდროს მიხვდებიან (თუ თხის რქა მთვარიანი მოინდომებს) რა უნდათ თხის რქა მთვარიანებს მოცემულ მომენტში. ეს ადამიანები არასდროს ივიწყებენ მათ ცხოვრებაში მომხდარ ცუდ შემთხვევებს. ამ ნეგატიური შემთხვევების გაკვეთილად გამოყენებას ცდილობენ, რათა მომავალში იგივე შეცდომა არ დაუშვან. ისინი მუდამ მზად არიან სირთულეების გასამკლავებლად. მთვარე თხის რქები შიშობენ, რომ სხვა ადამიანებმა შესაძლოა მათი სისუსტეები მათ წინააღმდეგ გამოიყენონ და ამიტომ გულდასმით მალავენ სისუსტეებს. სამაგიეროდ, თავად შესაძლოა არ მოერიდნონ სხვების გრძნობებზე თამაშს, ეს იმ შემთხვევებში თუ ვინმეს დასჯა და მისთვის „ჭკუის სწავლება“ გადაწყვიტეს.

ასევე, აღნიშნავენ, რომ ამ ადამიანებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი არაა ოჯახური კავშირები, როგორც სხვა მთვარიანების შემთხვევაში. მათთვის პარტნიორებთან ურთიერთობა ჰგავს სამხედრო ზავს – სურს იცხოვროს საკუთარი წესებით და არა საზოგადო.

მთვარე თხის რქის მქონე ადამიანი ცხოვრებისგან საჩუქრებს არ ელის– ის თვითონ ცდილობს მოიპოვოს წარმატება და საკუთარი ადგილი საზოგადოებაში. ხშირად თავად ეძებს ხოლმე სირთულეებს.

მთვარე თხის რქა- მიწის სტიქია

ემოციური მდგომარეობა და ქცევა: თვითკონტროლი, სიფრთხილე, ამბიცია,მოთმინება, პასუხისმგებლობა,ორგანიზებულობა. ემოციის გამოხატვის დროს სიცივე.

მთვარე თხის რქა ყველაზე უკეთ თავს ავლენს ,როცა რამე ბარიერს აწყდება. ასეთ დროს ჩანს მისი ძლიერი მხარეები და „სენტიმენტალური“ ბუნება. თვითკონტროლისა და სიფრთხილის გამო თხის რქა მთვარის მქონე ადამიანი დისციპლინირებული, საკუთარ თავში დარწმუნებული და მოწესრიგებული ჩანს. თუმცა ძალიან იშვიათად ან სულ ვერ ამჩნევენ მის ემოციურ მდგომარეობას. ამაში, ერთის მხრივ, მთვარე თხის რქაცაა დამნაშავე, რადგან ზედმეტად ახლოს არავის უშვებს. იმისთვის,რომ მთვარე თხის რქის მქონე ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას და სიმშვიდეს, მან საკუთარი თავი შინაგანად უნდა მიიღოს, აღიაროს და ემოციურად გაიხსნას ახლობლებთან.

 ქალს მთვარე თხის რქით იზიდავს სერიოზული, საქმიანი მამაკაცები, რომლებსაც აქვთ საკუთარი მიზანი და იციან რა სურთ. როგორც დედა, ასეთი მდებარეობის ქალი იზრუნებს შვილზე, მის განათლებაზე, საზოგადოებაში მის ადგილზე; მოკლედ, შვილის მომავალზე აქტიურად იზრუნებს. კარიერაში ასეთი ქალი ადვილად ამჩნევს სად მიაღწევს წარმატებას და იმ სფეროზე კონცენტრირდება.

კაცი მთვარე თხის რქით ადვილად აღწევს საზოგადოებაში მაღალ ადგილს/თანამდებობას. ეს მდებარეობა ერთ-ერთი საუკეთესოა მატერიალური მიღწევებისთვის. კაცს მთვარე თხის რქით აქვს ყველაფერი, რაც სტაბილურობისთვის სჭირდება: ემოციებზე კონტროლის უნარი, სიფრთხილე, წინასწარ მოფიქრება, მიზანდასახულობა, რეგაირებს ფრთხილად და არ უშვებს შეცდომებს.

სანამ თხის რქა მთვარიანი რამე ახალს გასინჯავს, მანამდე კარგად შეისწავლის, დააკვირდება და მერე გადადგამს ნაბიჯს.ის არის იმდენად ფრთხილი, რომ დისტანციას იჭერს სხვებთან ურთიერთობის დროს. თუ რომელიმე ნაცნობი გადაწყვეტს უფრო დაუახლოვდეს მისი სურვილის გარეშე, თხის რქა მთვარიანი უფრო მეტ დისტანციას დაიჭერს და საკუთარ თავში ჩაიკეტება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ადაპტაციისთვის და ცვლილებებისთვის დიდი დრო სჭირდებათ, ძნელად ენდობიან ადამიანებს, იშვიათად გამოხატავენ ნამდვილ ემოციებს. შესაძლოა დატოვონ შთაბეჭდილება,რომ ყველა საკითხში დაგეთანხმნენ, მაგრამ სინამდვილეში მათსავე მიზნებთან, სურვილებთან შეუსაბამოს ძნელად თუ გააკეთებინებთ.

კარგად ასპექტირებული მთვარე პიროვნებას აძლევს ძლიერ შინაგან ენერგიას,ძალას, სერიოზულს, მიზანმიმართულს ხდის,აძლევს მოტივაციას მოქმედებისთვის ,რაც ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევაში ეხმარება. ცუდად ასპექტირებული კი იწვევს წარუმატებლობას, გაორებას, ან ადამიანს ექნება ნაკლები ძალა და ენერგია, სუსტი ჯანმრთელობა სიძნელეების გადასალახად.

მთვარე თხის რქას უძნელდება ადამიანებთან გახსნა, გრძნობების და ემოციების გამოხატვა,ასეთ დროს მას შინაგანი წინააღმდეგობის გრძნობა აქვს. მისი გრძნობები და ემოციები ზოგჯერ შემოვლითი გზით და უცნაური ფორმებით გამოიხატება, რასაც ურთიერთობები გაუგებრობამდე მიჰყავს. მთვარე თხის რქას ფარულად უცნაური შიშები, ფობიები, ნეგატიური აზრები აქვს.ქ ვეცნობიერ დონეზე ხშირად აქვს ემოციური გაუწონასწორებლობა, მძიმე დეპრესიული მდგომარეობა, ახასიათებს მიზანთროპობა. მოსალოდნელია,რომ ექნება მშობლებთან დისტანციური ურთიერთობა, ნაკლებად ახასიათებს ოჯახური და ნათესაური ტრადიციებისადმი მიყოლა, რადგან ურჩევნია თავისი გზით იაროს.

ხშირად მათთვის კარიერა, სოციალური სტატუსი კომპენსაციაა პირად ურთიერთობებში პრობლემების გამო. ისინი იშვიათად პოულობენ სიყვარულს ახალგაზრდობაში. თუმცა, როდესაც მათ უყვარდებათ და საპასუხოდ იღებენ სტაბილურობასა და დაცულობას (რასაც აფასებენ და ეძებენ) – მთლიანად იხსნებიან, ხშირად ურთიერთობაში დებენ იმაზე მეტსაც, ვიდრე იღებენ. ფაქტობრივად, საკუთარ სულს აძლევენ პარტნიორს.

მათ უფრო უადვილდებათ მუშაობა წიგნებთან, ციფრებთან, დოკუმენტებთან, ტექნიკასთან, ვიდრე ადამიანებთან.

ჯანმრთელობა

კარიერაზე ზრუნვის პარალელურად, საჭიროა ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან აქვთ მიდრეკილება ქრონიკული დაავადებებისკენ. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციონ ძვლოვან სისტემას, ძვლებს, კუჭ–ნაწლავს, ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, სახსრებს. ასევე სასურველია ხშირად მიაკითხონ სტომატოლოგს, თუნდაც პროფილაქტიკის მიზნით.

მთვარე თხის რქა ორგანიზმს თავისებურად აწყობს – სასიცოცხლო პროცესები ოდნავ შენელებულია და რამდენადაც თხის რქა განაგებს ძვლოვან სისტემას, უფრო ხშირად მთვარე თხის რქებს ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებით ექმნებათ პრობლემები. მათ აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ჯანმრთელობას და მიიღონ მინერალური მარილები. განსაკუთრებით მათთვის სასარგებლოა კალცის მიღება.

მთვარე თხის რქამ უნდა ისწავლოს საკუთარი ემოციების გამოხატვა, თუნდაც ახლობელ ადამიანებთან მარტო ყოფნის დროს, რადგან მათთვის საბოლოოდ ემოციების დაგროვება ცუდ შედეგს მოიტანს. საინტერესოა, რომ თხის რქა მთვარიანის ორგანიზმი ადვილად იტანს სიცივეს. ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება უნდა მიაქციონ ძვლოვან სისტემას და მორიდონ ძვლებზე ოპერაციებს.

თუ მთვარე აღმოჩნდა თხის რქის შემდეგ ინტერვალებში:

  •   0° – 10° – შეუპოვარი, ჟინიანი, გამძლე, მომთმენი, ამტანი, თავდადებული, შრომისმოყვარე, პროფესიონალი ნებისმიერ სფეროში
  •  10° – 20° – შეუძია წარმატებას მიაღწიოს მებაღეობაში, მეყვავილეობაში,ზოგადად სამეურნეო საქმეებში
  •  20° – 30° – მოწესრიგებული, ინტელიგენტი, პრაქტიკული. მთვარის ნეგატიური ასპექტების შემთხვევაში– ეგოიზმი, შინაგანი გაორება, უნდობლობა, ეჭვიანობა , გაუბედაობა

ცნობილი ადამიანები: აბრაამ ლინკოლნი, ადოლფ ჰიტლერი, ინდირა განდი, ფედერიკო ფელინი, ბრედ ბიტი, შერი, დევიდ ლეტერმანი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯორჯ ვაშინგტონი, ტომას ედისონი, ჯონი დეპი, მეტ დეიმონი, ოზი ოზბორნი, ნაპოლეონი, რობერტ კენედი, სარა ჯესიკა პარკერი და სხვები.

პ.ს. გამოყენებული და გაერთიანებულია რამდენიმე საიტის მასალა

სტატიის ავტორი: თამთა

მთვარე თხის რქა და ურთიერთობები

მთვარე თხის რქის შეთავსება სხვა მთვარეებთან


About Rusa

Scroll To Top