ნათალური მთვარე I სახლში

ნათალური მთვარე I სახლში

გარშემომყოფებზე დამოკიდებული”

ემოციური, მგრძნობიარე და ცვალებადი ადამიანია. მის ურთიერთობებსა და საქმიანობაში ძალიან ბევრია დამოკიდებული მიმდინარე განწყობაზე, რომელიც სწრაფად და მკვეთრად ეცვლება. თუ ბუნებრივი სიმორცხვე გადალახა, სწრაფად მიაღწევს წარმატებას სოციუმში. საზოგადოებრივი აღიარება კი მისთვის ძალიან მნიშნველოვანი და საჭიროა. ყოველთვის ცდილობს სხვებს აამოს და ძალიან განიცდის, როდესაც მის ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს.

ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირი აქვს დედასთან. მდიდარ წარმოსახვას ფლობს და მძაფრად რეაგირებს გარშემომყოფებზე. ფიზიკურად საკმაოდ აქტიურია, რაც გარეგნულად შესამჩნევი შფოთიანობითა და ქაოტურობით ვლინდება. რადგან გარშემომყოფებსა და გარემოზე ცვალებადი და კაპრიზული რეაქციები აქვს, მისთვის რთულია ერთ კონკრეტულ მიზანზე დაფიქსირება და ერთი მიმართულებით მოძრაობა. მისი შთაბეჭდილებიანობა პარანორმალურ უნარებს ესაზღვრება. უცნაური უნარი აქვს, ჩაითრიოს სრულიად უცხო ხალხი პირადი საკითხების მოგვარებაში.

რადგან აღიარებისა და აპლოდისმენტების მოთხოვნა საკმაოდ დიდია, მის ამ თვისებას ხშირად სათავისოდ იყენებენ გამოცდილი მანიპულატორები. უყვარს გემრიელი საკვები, ამიტომ ნებისმიერ ფსიქოლოგიურ უსიამოვნებას წონაში მატება მოჰყვება. მისი ცხოვრება სავსეა სხვადასხვა მოვლენით, ბედი _ ცვალებადი და მრავალსახოვანია. როგორღაც ახერხებს, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში შეიცვალოს არაერთი საქმიანობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილიც კი.

ინტუიციური, მგრძნობიარე და შემეცნებითი გონება აქვთ, შემოქმედებითი და აქტიური წარმოსახვა. ამბიციურობა შეთავსებულია საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. საკმაოდ ტაქტიანი, დაკვირვებული და კრეატიულია. კარგი იქნება, თუ თავს საკუთარი ბუნების გაკეთილშობილებას მიუძღვნის; ასევე თუ გარშემომყოფებისგან ისარგებლებს საკუთარი ოჯახური ინტერესებისთვის. არც ისე იშვიათად  მიდრეკილია ნათელხილვისკენ.  მომავალზე ინფორმაციას ხანდახან წინასწარმეტყველური სიზმრების მეშვეობითაც იღებს.
მოძრავი, მოხეტიალე, მშვიდობიანი და კეთილგანწყობილი ხასიათი აქვს. მარტივად უყვარდება. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალთა სქესს და უპირატესობას მათთან ურთეირთობას ანიჭებს. როგორც წესი, ფართო პოპულობით სარგებლობს გარემოცვაში. კარგი მდებარეობაა საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

ეს კეთილშობილი და დიდსულოვანი, თუმცა მშიშარა ხალხია. ჩვეულებრივ, ბევრი შვილი ჰყავთ. ყოველთვის ცდილობენ მეგობრების მრავალრიცხოვანი არმია შეიძინონ. ბევრს ეჩვენება, რომ  შინაგანად ყოველთვის ღელავენ და ყოყმანობენ. მათი ცხოვრება სწრაფი და ხშირი ცვლილებებითა და გარდატეხებით გამოირჩევა. არც ისე იშვიათად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენები მკაცრად სინქრონიზებულია მთვარის რითმებთან, რაც მათი მხრიდან სტაბილურობისა და სიმტკიცის არარსებობად აღიქმება. აზროვნება და ქცევა მთლიანად დამოკიდებულია მიმდინარე განწყობაზე. რეაქციის სისწრაფე დიდია, ფანტაზია მდიდარი, გონება ემოციებთან გაიგივებული. ცვლილებები ყოველთვის და ცხოვრების ყველა სფეროში ერთდროულად თან სდევს.

სერგეი ვრონსკი:

ნათალური მთვარე I სახლში მუდმივ შფოთიან და მერყევ ემოციურ სისტემას იძლევა. მათ ცხოვრებაში უხვად არის გარდაქმნები, ცვლილებები, გადაადგილებები თუ მონაცვლეობა, მთვარის რითმების მსგავსად: აქეთ-იქეთ, წინ-უკან, ზემოთ-ქვემოთ. აქ ვერ შეხვდებით სტაბილურობასა და სიმყარეს. აზროვნებაცა და ქცევაც მთლინად დამოკიდებულია განწყობაზე. მთვარე I სახლში აძლიერებს რეფლექტორულ ფუნქციებს, ამდიდრებს ფანტაზიებს, აცოცხლებს წარმოსახვას, რითაც შესამჩნევად ზემოქმედებს ინდივიდის ზრახვებსა და სურვილებზე. ცვლილებები მიმდინარეობს ყველგან და ყოველთვის: სახლში, ოჯახში, სამსახურში, გარშემომყოფებთან ურთიერთობებში და მთლიანად გარესამყაროსთან მიმართებაში.

კონტაქტური და თავაზიანია, ყოველთვის მოხერხებულად ერგება ადამიანებს, ნივთებსა და გარემოებებს. აღმავალ მთვარეზე დაბადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელია მომატებული მგრძნობიარობა, შთაბეჭდილებიანობა, სენტიმენტალურობა, ბუტიაობა, თავშეუკავებლობა, უსაფუძვლობა და არაპროგნოზირებადობა.
სხვა პლანეტებთან დადებითი კონფიგურაცია აძლიერებს ემოციურობასა და გონების სიცხადეს, კეთილშობილებასა და კეთილგანწყობას. ნეგატიური ასპექტები წარმოშობს სიმორცხვესა და რიდს, სიზარმაცესა და ზოზინს, კაპრიზებს, ახირებებს, ისტერიულობას, დაბნეულობასა და არათანმიმდევრულობას.

პაველ გლობა

+ პირველი სახლის მთვარე იძლევა ძლიერ ემოციურობას, შთაბეჭდილებებს, მიმზიდველობას, არტისტულობას, ქალურ ბუნებას (მამაკაცებისთვის არც ისე სახარბიელო მდებარეობაა). მისი უნარები ადრეულ ასაკში ვლინდება. ბავშვობაში შეძენილი ჩვევები და მიჯაჭვულობები მთელი ცხოვრება მიჰყვება. დახვეწილი და რაფინირებული ემოციური აღქმა და მგრძნობიარობა, გარკვეული ჩაკეტილობის თანხლებით, ხელს უწყობს შინაგანი უნარების გახსნა-განვითარებას. განსაკუთრებით სიჩუმეში განმარტოებისას.

კაპრიზული და მარტივად შთაგონებადი ადამიანია, სწრაფად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. მიდრეკილია წუწუნისა და შინაგანი შფოთიანობისკენ. არ აქვს მკვეთრად გამოხატული ქცევის სტილი. მისი გზიდან გადაცდენა ძალიან ადვილია. შემოქმედებითი პოტენციალის გახსნაში ხელს უშლის ემოციურობა, მორჩილება, განწყობის ცვლა. ბევრი მავნე ჩვევა აქვს, რისი დაძლევაც გართულებულია.

ფრენსის საკოიანი

თვითშეგნება და ავტორიტეტების აღქმა ძლიერ არის შეფერილი ემოციებით, ბავშვობაში გადატანილი განცდებითა და ოჯახის გავლენით. ასეთ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს  ზემოქმედება. ცვალებადი და კაპრიზულია. ძლიერ არის მიჯაჭვული დედაზე. ხშირად მრგვალი, შევსებული სახე აქვს. ძალიან უყვარს ჭამა, ამიტომ სიმსუქნისკენ არის მიდრეკილი. სასიამოვნო გარეგნობა აქვთ. ყველა ადამიანთან კონტაქტი პირადი ურთიერთობების ხასიათს იღებს, რადგან გარშემომყოფების მიმართ მეტად ემოციური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვთ. ემოციები ხშირად იმარჯვებს საღ აზრზე, რაც  მიკერძოებულ აზრებსა და შეხედულებებს განაპირობებს. შთაბეჭდილებიანი და საკმაოდ რბილი ბუნება აქვს (ყოველ შემთხვევაში, ასეთი ჩანს). მისი განცდები ყოველთვის თვალშისაცემია და ემოციების დამალვაც არ გამოსდის.

ავესალომ პადვოდნი : კრუხი,ხმამაღალი კრიახით, წიწილებს ფრთის ქვეშ აგროვებს“

მთვარის ეს მდებარეობა ძლიერ პიროვნულ მოწყვლადობასა და მტკივნეულ თვითშეფასებას განაპირობებს, რაც აუცილებლად უნდა გადაილახოს. თუ ეს ადამიანი სათანადოდ განწყობილია, შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო მსმენელი იყოს, რომლის თანაგრძნობასა და ყურადღებაში ყველა პრობლემა თუ დარდი უმალვე ქრება, იმ შემთხვევაშიც, თუ მთვარე თხის რქის ან მერწყულის ნიშანში დგას. თუმცა თუ მას უხეშად ექცევიან, ძლიერ იტანჯება, ჯავშანში იმალება ან კონტრშეტევაზე გადადის, განსაკუთრებით თუ პირველი სახლის კუსპიდი მამაკაცურ ნიშანშია (ცეცხლის ან ჰაერის ნიშნები).

მათი სურვილები და ელემენტარული მოთხოვნები პირდაპირ და არაორაზროვნად გამოიხატება და თუ მთვარე ჰარმონიულად დგას რუკაში, ძალიან ლამაზი ფორმით კმაყოფილდება. მთელი ოჯახი იკრიბება იმის სანახავად, როგორ მიირთმევს საკვებს ბავშვობაში. ზრდასრულ ასაკში მისი სასიყვარულო აქტები იმდენად ლამაზია, შეიძლება პირდაპირ ვიდეოფირზე აღბეჭდოთ, განსაკუთრებით თუ ძლიერ ვენერას ჰარმონიული ასპექტი აქვს მთვარესთან.

ამ პიროვნებაში ბევრია ბიოლოგიური საწყისების და საერთო სოციალური სტერეოტიპების გავლენა. ერთიცა და მეორეც ნელ-ნელა თავიდან უნდა მოიშოროს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მეტად ალამაზებს ადამიანს, რადგან მის საქციელს ბუნებრივობას ანიჭებს. მეორეს გააზრება კი ძალიან რთულად ხდება, მაგრამ მნიშნველოვნად ეხმარება ადამიანს სოციალურ ადაპტაციაში. ამიტომ, გარკვეულწილად დადებით როლსაც ასრულებს  მის ცხოვრებაში. ცხადია, თუ მთვარე  ძლიერ დაზიანებული არ არის.

თუ პირველი სახლის მთვარე დაზიანებულია, ჰოროსკოპის მფლობელს მძიმე პრობლემები შეექმნება სოციუმსა და ბიოლოგიურ არასრულყოფილებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჯანმრთელობასთან, კვებასა თუ სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები. უფრო დეტალურ ინფორმაციას მთვარის ასპექტები აჩვენებს.

ასეთ ქალებს მკვეთრად გამოხარული დედობრივი საწყისი აქვთ. მამაკაცებს ძლიერი წადილი უჩნდებათ მათზე დაქორწინების, როგორც მინიმუმ მათთან შვილის ყოლის. დაზიანებული მთვარე მამაკაცურ ნიშანში ბადებს რადიკალურ ფემინისტს.

მამაკაცები, მთვარით I სახლში, დედის ფიგურის (ბიოლოგიური დედა ან აღმზრდელი,მზრუნველი) დიდ ყურადღებაზე მეტყველებს, რაც ბავშვობაში ჩამოყალიბდა და მთელი ცხოვრება თან სდევს. ის ქალებს და საკუთარ თავს სწორედ ამ ფიგურის თვალით აღიქვამს. დაზიანებული მთვარის და სუსტი მარსის შემთხვევაში, გართულებულია მამაკაცური თვითიდენტიფიკაცია.

ბორის იზრაიტელი

ასეთი ინდივიდი ყველგან მფარველებს ეძებს. რადგან ბავშვობაში გააცნობიერა, რომ მისი გადარჩენა (როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური) დედაზეა დამოკიდებული. ზრდასრულ ასაკშიც ფიქრობს, რომ მისი ქცევა უნდა აკმაყოფილებდეს მასზე ძლიერი პიროვნებების მოთხოვნებს. მას მუდმივად აქვს საფრთხის განცდა. სამყაროს აღიქვამს, როგორც რაღაც ძალიან მყიფე და ცვალებად ქმნილებას. მუდმივად იცვლის ქცევის სტილს, რადგან ცდილობს გარემოს და გარშემომყოფებს მოერგოს. თუ მთვარე დაზიანებული არ არის, მაღალი ადაპტაციის უნარითი გამოირჩევა. თუ დაზიანებულია _ გადაჭარბებულად დიდ ყურადღებას მოითხოვს და გარშემომყოფებს საკუთარი ახირებებით ტანჯავს.

დაზიანებული, მაგრამ სხვა ფაქტორებით ძლიერი მთვარე, ყოველთვის სიამოვნებას, კომფორტსა და მოდუნებულ მდგომარეობას ესწრაფვის. ადამიანი გაურბის პასუხისმგებლობას, დატვირთვას, ეძებს პროტექციასა და თავშესაფარს. ცდილობს მყუდრო და უსაფრთხო ადგილებში გაიხიზნოს, სადაც არავინ შეაწუხებს და არც სხვებზე მორგების აუცილებლობა შეექმნება.

ეს ადამიანი განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. განსხვავება დამოკიდებულია მის მიმდინარე განწყობასა და გარემოცვაზე. თუ კარგ განწყობაზეა, კარგ შთაბეჭდილებს ტოვებს; თუ ცუდადაა, მის გარშემო ემოციურ ატმოსფეროს ძაბავს და ამძიმებს.

ის არასოდეს ხვდება ყურადღების ცენტრში, ყოველთვის ამჯობინებს პერიფერიული მდგომარეობა დაიკავოს. მის გვერდით ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, რადგან ზედაპირზე მკვეთრად გამოხატული მდედრული საწყისია. სწორედ ამ სისუსტით თავისზე ბევრად ძლიერ ადამიანებს იზიდავს. მისი ცხოვრების პირველი პერიოდი, ჩვეულებრივ, იდეალურია.

თუ მთვარე ძლიერი და ჰარმონიულია_ახლო კავშირი აქვს დედასთან. დაზიანებული, მაგრამ ძლიერი მთვარე მიუთითებს დედის ჰიპერმზრუნველობაზე, რაც ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას უშლის ხელს. სუსტი და დაზიანებული მთვარე მეტყველებს დაძაბულ ურთიერთობებზე დედასთან, განწყობის სწრაფ ცვალებადობაზე, აშლილობებსა და ნერვულ დაავადებებზე. გარეგნობაც ასევე ცვალებადია, გარემოდან გამომდინარე. თვალები გადმოცვენილი, ცოცხალი, გამომსახველი. „სველი“ სახე აქვს. საერთოდაც, ორგანიზმში ჭარბი სითხეა. ნათელი,მაგრამ გაფითრებული კანი აქვს (განსხვავებით პირველი სახლის მზისგან).

ბილ ჰერბსთი

თვითგამოხატვა. აქ ვაწყდებით პარადოქსს: როდესაც მთვარე პირველ სახლში იმყოფება, „მეს” ბუნებრივი და აქტიური პროეცირება ინვერტირებულია(შებრუნებულია). ამიტომ, თვითგამოხატვა რეაქტიული ხდება ანუ ადამიანი საკუთარ შინაგან სამყაროს გამოხატავს მოპასუხის როლში. ის ძალიან გულისხმიერია და მისდამი არც ერთ მიმართვას უპასუხოდ და უყურადღებოდ არ ტოვებს. მისი ბუნებრივი პიროვნების გამოსხივება ემოციური, მგრძნობიარე და დედობრივი ხასიათისაა, ის _სალაპარაკო თემაა განწყობის ამაღლებისა და დაცემის მიზეზებზე. ადამიანის საჭიროებები პროეცირდება უშუალოდ ზედაპირზე და მათ ყველა ხედავს. როდესაც მისი მოთხოვნები არ კმაყოფილდება, შეიძლება განრისხდეს, ისტერიკაში ჩავარდეს ან თავდაცვითი მექანიზმი ამუშავდეს და „გაითიშოს“_ეს ძირითადი მახეებია. მთლიანობაში, მთვარის ასეთი მდებარეობა რბილ ადამიანთან ასოცირდება. ისინი იცავენ და ზრუნავენ მათზე, ვინც უყვართ და ვინც მათ ყურადღებას იპყრობს. ინდივიდი კარგად გრძნობს მათ მოთხოვნებს და იცავს მათ უცნობებისგან, რომლებიც უცხოდ და საფრთხისშემცველად ეჩვენება. ამოცანა: თქვენთვის მთავარია, მიაღწიოთ პირადი უსაფრთხოების შეგრძნებას და მხოლოდ შემდგომ გაიხსნათ.

ბუნებრივი პიროვნება. თქვენი ბუნებრივი სახება რბილია, დედობრივი, „ნოტიო“, თითქმის „ნესტიანი“ (დაღვრემილი, მოწყენილი, სევდიანი), თანაგრძნობით ან ჭირ-ვარამით აღსავსე, ან ორივე ერთად. ეს თითქმის ყოველთვის ასეა, როდესაც მთვარე ექსპანსიურ და ემოციურ ნიშანშია და ნაკლებ სავარაუდოა, თუ მაგალითად, მთვარე თხის რქაშია. ამ შემთხვევაში „ნესტიანობა“ შეიძლება შეიცვალოს ყრუ კედლით,რომელიც გარშემომყოფთა მხრიდან პასიურობად აღიქმება. თქვენი სახელი-იარლიყი ამბობს: „მე გულისხმიერი ვარ. მითხარით, რა გჭირდებათ და მე დავაკმაყოფილებ თქვენს მოთხოვნებს, რადგან ეს ჩემთვის ყველაზე მნიშნველოვანია“.

თვითშეგნება. ემოციური შემეცნების სპონტანური პროეცირება ბადებს ცენტრალური „მეს“ გაცნობიერებას. თვითგამოსხივება, „დედის“ ან „ბავშვის“ ფორმით (ჯავშანი, თავდაცვა, კვება, მოთხოვნების დაკმაყოფილება, მიჯაჭვულობა) გაჩვენებთ, როგორია თქვენი ნამდვილი შინაგანი ბუნება. ცნობიერება ეცემა და მაღლდება ემოციების პროპორციულად. როგორც კი თქვენს მოთხოვნებს ეხებით და საკუთარ „მეს“ აცნობიერებთ, ამის შედეგად ვლინდება თქვენი პიროვნება, რომელიც ზემოქმედებას იწყებს იმაზე, რა გაიგეთ და შეიმეცნეთ. სწორედ გარესამყაროსთან რეაქტიული ურთიერთობა მოგცემთ საშუალებას, გააცნობიეროთ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და რისი კეთება გსურთ სინამდვილეში.

საზღვრები. თქვენ სხვების საჭიროებებისადმი თანაგრძნობის მეშვეობით არბილებთ დაძაბულობას შიდა და გარე რეალობებს შორის. გულგრილობა ან ემოციური ექსპრესიის არარსებობა თიშავს ამ ორი რეალობას და ქმნის „მესგან“ გაუცხოებას. მაშინ როდესაც დედობრივი გრძნობების ან სხვების მოთხოვნების დაკმაყოფილების გაუცნობიერებელი მიდრეკილების იძულებით თავს მოხვევა შლის ზღვარს ამ რეალობებს შორის და იწვევს ქრონიკულ ემოციურ შიმშილს და სიცარიელის განცდას. თუმცა თქვენი ამოცანა  საკუთარი თავისა და გარშემომყოფების ისე გამოკვებაა, რომ არ წარმოიშვას დამოკიდებულება. ამ მისიის შესრულების დადებითი შედეგი კი უდიდესი შინაგანი კმაყოფილების განცდა.

ცხოველუნარიანობა. ცხოველუნარიანობა პირდაპირ დაკავშირებულია ემოციურ კეთილდღეობასთან. სასიცოცხლო ძალების შენარჩუნებას ხელს უწყობს სათანადო დიეტა და ემოციური სიმყუდროვე. თუმცა მთვარის ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია ასევე მომატებული მგრძნობელობა სითხეების მიმართ, ფაქიზი მომნელებელი ან რეპროდუქციული სისტემა. იმისათვის რომ რეაგირებებისადმი მიდრეკილება დაბალანსებული იყოს, თქვენ უნდა გაიაზროთ საკუთარი ქმედების აზრი. ჩვევები უდიდეს გავლენას ახდენს თქვენს ამტანობაზე, მისი დაცვისა და შენარჩუნების ან განადგურებისა და გამოფიტვის სახით. იმისათვის რომ თვითგანკურნება მოახერხოთ, შეისწავლეთ საკუთარი ჩვევები და უმკურნალეთ იარებს. თქვენი ურთიერთობა დედასთან ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მიუხედავად იმისა რეალურია თუ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭილებების შედეგად ჩამოყალიბებული, რომელსაც წლებია სულის სიღრმეში ინახავთ.

Het Monster.
უყვარს საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ცოცხალი წარმოსახვა და ინტუიცია აქვს. ხშირად იცვლის საცხოვრებელ სახლს, საერთოდ მის ცხოვრებაში ხშირია ცვლილებები, თუ პირველი სახლის კუსპიდი ვერძის, სასწორის, კირჩხიბის ან თხის რქის (კარდნალურ) ნიშანშია.

ინდუბალა
ამ ადამიანებს ბოძებული აქვთ რბილი და რომანტიული ხასიათი. სასიამოვნო, ლამაზი, მოსიყვარულე და პოპულარული ხალხია. გამოირჩევიან შესამჩნევი მენტალური აქტივობით, მგრძნობიარობითა და სულიერებით. უყვართ მოგზაურობა და ცვლილებები, ადამიანებზე ზრუნვა. როგორც წესი, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება აქვთ. კარგად მუშაობენ ისეთ სფეროებში, რომელიც საზოგადოებრივ საქმიანობას, ხალხთან კონტაქტებს უკავშირდება.

ბრუნო ჰუბერი
მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.
მთვარე პირველ სახლში მეტყველებს ემოციური კონტაქტების მოთხოვნაზე. იმისათვის რომ ცხოვრების გემო შევიგრძნოთ, აუცილებელია უამრავი მეგობარი და ამხანაგი გვყავდეს. ადამიანებთან კონტაქტი არსებითად მნიშნველოვანია ჩვენი „მეს“ სახების ფორმირებისთვის. შეგვიძლია თუ არა ინიციატივის გამოვლენა ამ კუთხით, დიდწილად  დამოკიდებულია მთვარის ნიშანზე. ალბათ, იცით, რომ ქალური ნიშნები (მიწა, წყალი) უფრო პასიურები და მერყევნი არიან. მამაკაცური ნიშნებისთვის (ცეცხლი,ჰაერი) გაცილებით მარტივია პირველი ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ნებისმიერი ნიშნის შემთხვევაში, როდესაც მთვარე პირველ სახლშია, სოციალური კონტაქტების მოთხოვნას ეგოცენტრიზმის შეფერილობა დაჰკრავს. ჩვენ მთელი ძალებით, ხანდახან სასოწარკვეთილადაც, გარკვეულწილად შეპყრობილებივით, ვცდილობთ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება, რადგან სხვების შეფასება არსებითად განსაზღვრავს ჩვენს თვითშეფასებას.

ცნობილი ადამიანები I სახლის მთვარით:
ვერძში: Jean-Marc Ayrault, Whitney Houston, Lucy Lawless, Antonio Banderas, Jared Leto, Heather Locklear, Emmanuel Kant, Heinrich Himmler, Chris Rock… 

კუროში: Kelly Clarkson, Sigourney Weaver, Carlos Castaneda, Elle MacPherson, Sheryl Crow, Marcel Proust, Brendan Fraser , Baruch Spinoza, Denis Diderot, Billy Crystal, Joe Cocker… 

ტყუპებში: Lionel Messi, Daryl Hannah, David Charvet, Queen Victoria, Leonard Nimoy… 

კირჩხიბში: Penélope Cruz, Osama bin Laden, Hugo Chavez, Keith Urban… 

ლომში: Katherine Moennig, Patricia Arquette, Paramahansa Yogananda, Leon Trotsky… 

ქალწულში: Bill Kaulitz, Mary-Kate Olsen, Ashley Olsen, Adrien Brody, Dolly Parton, Hulk Hogan, Fabien Barthez , Paul Gauguin, Lyndon Johnson… 

სასწორში: Leonardo DiCaprio, Kate Winslet, François Mitterrand, Ornella Muti, Walt Disney, Anna Nicole Smith, Justine Henin, Sidney Poitier, Richard Chamberlain, Rudolph Valentino… 

მორიელში: Charlie Chaplin, Katy Perry, Avril Lavigne, George Harrison, Amélie Mauresmo, Eric Clapton, Phil Collins, Linda McCartney, Rembrandt, Jimmy Carter, Quincy Jones… 

მშვილდოსანში: Ville Valo, Friedrich Nietzsche, Thomas Edison, Ivana Trump, Lewis Carroll… 

თხის რქაში: Laure Manaudou, James Hetfield, Nelly Furtado, Zooey Deschanel, Shirley Manson, Susan Sarandon, Nikki Sixx, Lucille Ball, Burt Lancaster… 

მერწყულში: Nolwenn Leroy, José Mourinho, Val Kilmer, Brandon Lee, Roberto Benigni, Joanne Woodward, Niccolò Machiavelli, Chris Isaak, François Truffaut, Leslie Nielsen.. 

თევზებში: Michael Jackson, Audrey Hepburn, Michèle Laroque, Jacques Brel, Alicia Silverstone, Patrick Dewaere, Charlotte Rampling, Robert Louis Stevenson…

ავტორი:Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top