მიჩნეულია, რომ დაბნელება ადამიანთა ბედზე გარკვეულ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. როგორც წესი, რუკიდან გათვალისწინებით, დაბნელების პერიოდში (პლიუს–მინუს რამდენიმე დღე) ადამიანს უწევს მნიშვნელოვან საკითხებთან შეხება, გადაწყვეტა. პირველ რიგში, არაა სასურველი მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევა–დაგეგმვა დაბნელების დროს. ეს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში და ისიც გონებით უნდა გადაწყვიტოთ. დაბნელებამდე და დაბნელებიდან 2-3 დღის განმავლობაში სასურველია მოერიდოთ დიდ შენაძენს. ასევე, სასურველია თქვენს გარშემო მოვლენებს დაუკვირდეთ და გაანალიზოთ.
რა არის მთვარის დაბნელება?
მთვარის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა და ნიშნავს, რომ ამ დროს დედამიწა ექცევა მზესა და მთვარეს შორის, ანუ მთვარემდე ვეღარ აღწევს მზის სხივები და მთლიანად „იფარება“, „ბნელდება“. დაბნელებებს ასტროლოგიაშიც აქცევენ ყურადღებას და დაკავშირებულია მნიშვნელოვან, განვითარებისთვის აუცილებელ ცვლილებებთან. მზის დაბნელების დროს თუ ეგო „იბლოკება“ ემოციების გამოხატვითა და ქვეცნობიერის მიერ, მთვარის დაბნელების დროს პირიქით ხდება – წინ იწევს რაციონალური აზროვნება, ეგო და ქვეცნობიერი „მზის სხივებქვეშ ექცევა“. მთვარის დაბნელება სავსემთვარეობის დროს ხდება ხოლმე, რაც ამ დღის ენერგიას ორმაგად აძლიერებს და მისი გავლენა ან შედეგი შეიძლება სამიდან ექვს თვემდეც კი მივიღოთ. ნებისმიერი მთვარის დაბნელება ქალური ბუნების მატარებელია და ყურადღებას გვაქცევინებს იმ საკითხებზე, რაც აუცილებელია გავუშვათ, შევცვალოთ, გავწმინდოთ. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მთვარის დაბნელება მხოლოდ ქალებზე მოქმედებს, უბრალოდ მათზე მეტ გავლენას ახდენს, უფრო მგრძნობიარეები, ემოციურები ხდებიან, იმატებს ადვილად განაწყენების ალბათობა, რადგან მთვარე ე.წ. მდედრობითი საწყისისაა და ქალის რუკაშიც უფრო მეტად ვლინდება. დაბნელებების დროს არაა რეკომენდირებული ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
დაბნელების პერიოდში სასურველია მოერიდოთ:
- მგზავრობას
- ბევრი საკვების მიღებას
- ალკოჰოლის მიღებასა და მოწევას
- საჭესთან იყავით ყურადღებით
- ფინანსურ ოპერაციებს
- ხალხის მასასთან კონტაქტს ან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს
- ახალი საქმეების დაწყებას
რეკომენდირებულია:
- კონტრასტული შხაპი
- ლოცვა და წარმატების თხოვნა
- ძველი მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება (მისი დაწყება)
რას უნდა ველოდოთ
მთვარის დაბნელება არის დასრულების, დაწყებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო. მნიშვნელოვანია დაბნელების წინა და შემდგომ ერთი–ორი დღეც. ის გავლენას ყოველთვის ახდენს „ურთიერთობებზე“; მთვარის დაბნელება დაკავშირებულია შინაგან მდგომარეობასთან, ქვეცნობიერ პროცესებთან, ემოციურ ბუნებასთან, გამოვლენასთან, იმ პრობლემებზე მუშაობასთან, რომელიც შინაგანად განიცდება. როგორც წესი, მთვარის დაბნელებები იწვევს იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს პირად გრძნობებთან, განწყობებთან, გრძნობებთან და აზრებთანაა დაკავშირებული. ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია როგორ ვურთიერთობთ, როგორ გამოვხატავთ ემოციებს. მთვარის დაბნელების პერიოდში ემოციური ფონი, გაღიზიანება იმატებს, ორიენტირება რთულდება, მოქმედებების დროს მიზანი გამოკვეთილი არაა, შესაძლოა ადამიანთა უმეტესობამ ისე იმოქმედოს, რომ „ემოციებს აჰყვეს“.
მთვარის დაბნელების პერიოდში ჩვენ: ვერთიანდებით, ვიყრებით, სპონტანურები ვართ, კონტაქტებს ვაძლიერებთ, ემოციურ საჭიროებებზე ვფიქრობთ, თავს უფრო მეტად გამოვხატავთ, ცვლილებების სურვილი გვიძლიერდება, ვიცვლებით, ახალ პერსპექტივებს ვამჩნევთ, უფრო სწრაფად ვიწყებთ გადაადგილებას, დაღლილობას ვგრძნობთ, გვაქვს განცდა რომ „დროში ვიწვებით“, ემოციური კრიზისი, ვინმესადმი მიკუთვნებულობის მოთხოვნილება გვაქვს.
პროექტები, რომლებიც თვის ან წლის დასაწყისში დაიწყო, დასრულდება. დასრულება აუცილებლად უარყოფითად არ უნდა გავიგოთ, რადგან ის შეიძლება იყოს როგორც დადებითი შედეგის მომტანი, ასევე უარყოფითისაც.
რა შეიძლება მოიმოქმედოთ მთვარის დაბნელების პერიოდში?
პირველ რიგში დაფიქრდით იმ იდეებზე, ინფორმაციაზე, გარემოსთან ურთიერთობაზე, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ ვერ შემოვიდა, რომ ადგილი არ იყო. მეორე რიგში – სუფთა გულით გაუშვით ადამიანები, რომლებსაც საკუთარი დრო, ენერგია, ინტერესები ისე დაუთმეთ, რომ სამაგიერო არ მიგიღიათ (და არც მოგითხოვიათ). მესამე – გაიხსენით ახალი ინფორმაციისადმი, რომელიც თქვენამდე ინტერნეტით ან მეგობრების მხრიდან გულითა და სულით მოდის. ორიენტირდით დადებით აზრებზე, დადებითი ემოციები გამოხატეთ.
სასურველია სახლში იყოთ, დაბნელებას მშვიდად შეხვდეთ, განწყობა აიმაღლოთ, სანთლები დაანთოთ და ცეცხლის ალს მშვიდად უყუროთ. ცეცხლის ენერგია დაგეხმარებათ სახლი უარყოფითი ენერგიისგან გაწმინდოთ. და ბოლოს, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ მფარველ ანგელოზთან კონტაქტი (ან მასთან, ვინც თქვენი აზრით მფარველობას გიწევთ და გიცავთ) და სთხოვეთ დაცვა, მფარველობა.
კარგი იქნება თუ:
– ყველა მატერიალურ ვალს მაქსიმალურად გაისტუმრებთ
– გაათავისუფლეთ სახლი, ტრანსპორტი, სამსახურის ოთახი ზედმეტი პირადი ნივთებისგან, გაასუფთავეთ, გაწმინდეთ.
– არ მიირთვათ მძიმე მოსანელებელი საკვები, განსაკუთრებით ხორცეული. არ გამოიყენოთ ალკოჰოლი. წვენებისა და სხვა სასმელების ნაცვლად სუფთა წყალი დალიეთ. შეგიძლიათ სუნთქვითი ვარჯიშებით დაკავდეთ (მსუბუქად).
– გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი, ნეგატიური და უსარგებლო ფიქრისგან, სასურველია ლოცვა, მანტრების წარმოთქმა. თუ მოახერხებთ თავი აარიდეთ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს. მედიტაციის ჩატარება საფრთხილოა.
–დაბნელების დღეს სასურველი არაა ბევრი აქტიურობა და მოქმედება, სასურველია ეს დღე სახლში გაატაროთ. ხანგრძლივ მოგზაურობაში ეცადეთ არ წახვიდეთ.
7 აგვისტო, 2017
- დაბნელების პიკი: 22:21 სთ
- მთვარის დაბნელება ხდება მერწყულის მე-16 გრადუსზე
მთვარის დაბნელება მერწყულში პოტენციალის რეალიზებას, შემოქმედებითი უნარების წინ წამოწევას, სიყვარულის მიღება-გაცემის, სოციალური აქტიურობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროებს ააქტიურებს. დაბნელება და სავსემთვარეობა ძველის დასრულებას უკავშირდება. ერთ-ერთი კარგი პერიოდია ძველი საქმეების, საკითხების დასრულებისთვის.
დაბნელების პერიოდში მზე ლომშია, მთვარე – მერწყულში, რაც მიანიშნებს გონებასა (მერწყული) და გულს (ლომი) შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობაზე. ნებისმიერი საქმე გულით გააკეთეთ, ბალანსი დაიცავით სიყვარულის მიღებასა და გაცემას შორის. გაანალიზეთ რისგან/ვისგან იღებთ სიამოვნებას, რას აკეთებთ გულით? რისი შეცვლაა აუცილებელი საკუთარი თავის რეალიზებისთვის? რას იზიარებთ სხვებთან? შესაძლოა არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს პირად სურვილებსა და სხვების სურვილებს (მათ მიმღებლობას) შორის.
მარსის შეერთება მზესთან (და შესაბამისად – მარსის ოპოზიცია მთვარესთან) მოუთმენლობას, იმპულსურ და დაუფიქრებელ მოქმედებებს, ენერგიის მოზღვავებას იწვევს, კამათის ალბათობას ზრდის. იუპიტერისა და პლუტონის ასპექტის (კვადრატი) გავლენით მოიმატებს წარმატების მიღწევის, სხვებზე გავლენის მოხდენის, მანიპულირების სურვილი. სასურველია გაანალიზდეს რის ფასად გვსურს ამის მიღწევა? რა იქნება „საფასური“?
მთვარის დადებითი ასპექტი იუპიტერთან ზოგად დაძაბულობას შედარებით ამსუბუქებს და ზრდის წარმატების მიღწევის შანსს, კმაყოფილების განცდას. ეს ასპექტი სირთულეების გადაწყვეტაში ხელშემწყობი იქნება.
მთვარის დაბნელება მეტად შეეხება ადამიანებს, ვის რუკაშიც პირადი დონის პლანეტები (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი) კუროს, ლომის, მორიელის, მერწყულის 12°-20° შუალედში მდებარეობს.
მთვარის დაბნელების ახსნა პირად რუკის მიხედვით
მთვარის დაბნელების გავლენა რომ აიხსნას თქვენზე, როგორც ინდივიდუალურ პიროვნებაზე, კარგი იქნება თუ ტრანზიტული (ახლანდელი) მთვარის მდებარეობასთან (უხეშად რომ ვთქვათ, თქვენი რუკის მიხედვით მერამდენე სახლში ხვდება მერწყულის მე-16 გრადუსი) ერთად თქვენს რუკაში ნახავთ ტრანზიტული მთვარის აღმავალი კვანძის (ჩრდილოეთ კვანძის) მდებარეობას – რომელ სახლს გადის კვანძი თქვენი რუკის მიხედვით, სწორედ იმ სახლის სფეროებში მიიღებთ მნიშვნელოვან შედეგს, მიღწევას, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა დიდი მოგებასთან ერთად შეიძლება დანაკარგიც ნახოთ, რაც აუცილებელი იქნება განვითარების ახალი ეტაპის დასაწყებად. ტრანზიტული დაღმავალი კვანძის მდებარეობა სახლში კი მიანიშნებს იმ სფეროებზე, რომლებშიც მოსალოდნელია კრიზისი, საგნებს და მოვლენებს აბრუნებს უკან ისე, რომ ბალანსი აღდგეს. თუ დაბნელება თქვენს რომელიმე პლანეტასთან ახლოს მოხდა, ითვლება, რომ ეს დაბნელება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს.
ტრანზიტული მთვარის მდებარეობა თქვენი რუკის მიხედვით:
I სახლში – იმიჯის, პიროვნული გამოხატვის ფორმის შეცვლა; მნიშვნელოვანი ხდება დამოუკიდებლობასა და დაქვემდებარებას შორის ბალანსის მოძებნა. ასეთი მდებარეობის შემთხვევაში ემოციებზე კონტროლის გავლენა იზრდება. კარგი დროა საკუთარი საჭიროებების პირველ პლანზე დაყენებისთვის, ლიდერული თვისებების გამოვლენისთვის.
II სახლში – მომავალ პერიოდში საჭირო გახდება ცხოვრებაში ფინანსური მხარის მოწესრიგება, ცვლილებები, მოიმატებს იმ რესურსების გაზიარების სურვილი, რაც თქვენ გაქვთ. ამ მდებარეობის შემთხვევაში ზღვარის გავლება ხდება „ჩემსა“ და „შენს“ შორის.
III სახლში – წინა პლანზე იწევს კომუნიკაციები. შესაძლოა განვითარდეს კომუნიკაციის სფეროებში დრამა, პრობლემა წარმოიქმნას მეზობლებთან, და–ძმასთან, გადაადგილებასთან დაკავშირებით. ინდივიდს ყოველდღიური რუტინა მოწყინდება და ახალ თავგადასავლებს დაუწყებს ძებნას. გაიზრდება მოგზაურობებისა და განათლებასთან დაკავშირებული საქმიანობების რიცხვი.
IV სახლში – ოჯახთან დაკავშირებული საქმეები წინა პლანზე იწევს. მზრუნველობა, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, საჭიროებები და ვინმესადმი მიკუთვნებულობა – აი, ის სფეროები, რაც ყურადღებას მიიქცევს. რაც არ უნდა საქმიანი იყოს ადამიანი, უახლოეს პერიოდში მისი ყურადღება ოჯახისკენ იქნება მიმართული და მოუწევს ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის აღდგენა.
V სახლში – რომანტიული ურთიერთობების „გამოცდის“ პერიოდია. პარტნიორებს მართლა უყვართ ერთმანეთი თუ ილუზიაა, ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს თუ შეწყდეს, ბავშვებთან ურთიერთობა, სიამოვნების სხვადასხვა წყაროები, გართობის სფეროები – ინდივიდის ყურადღებას ითხოვს. ამ სფეროებში მოსალოდნელია ცვლილებები. ახალი კრეატიული ან შემოქმედებითი პროექტების განხორციელების პერიოდია.
VI სახლში – ცვლილებები საჭიროა სამსახურისა და ჯანმრთელობის სფეროებში. სასურველია ადამიანმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ გადაიტვირთოს. ემოციური დამოკიდებულება დადებითად შეცვალოს, რამე მოიმოქმედოს, რაც სამსახურეობრივ რუტინულ ცხოვრებას შეცვლის (ამის სურვილი გაუჩნდება). შესაძლოა დიეტაც დაიწყონ.
VII სახლში – ყურადღებას იქცევს პარტნიორული ურთიერთობები (საქმიანი, პირადი), თუ ძლიერია და მყარი, პრობლემაც არაფერია. ინდივიდს მოუწევს ბალანსის აღდგენა პარტნიორებისა და საკუთარ საჭიროებებს შორის, ურთიერთობებში კომპრომისზე წასვლა. მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში ინდივიდი უფრო მეტად სოციალური და გახსნილი ხდება.
VIII სახლში – სხვების ფინანსებთან და დაზღვევასთან დაკავშირებული საქმეები, ეჭვიანობა, პარტიორულ ურთიერთობაში სიღრმის ძიება, სიკვდილ–სიცოცხლესთან, ინტიმთან დაკავშირებული მოვლენები, ფიქრები, ინტერესი ეზოთერული მეცნიერებებისადმი – აი, ის მცირე ჩამონათვალი, რაც წინა პლანზე წამოიწევს. ინდივიდს მოუწევს საკუთარი და სხვების კომფორტს, საჭიროებებს შორის დაბალანსება.
IX სახლში – თქვენი პიროვნული რწმენის შემოწმების დრო დადგა, ორიენტირდებით თავგადასავლებზე, სწავლაზე, გართობაზე. ოპტიმიზმის დონე მოიმატებს. შესაძლოა უმაღლესი განათლებასთან დაკავშირებით მნიშნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ ან ახალი შემოთავაზება გამოჩნდეს.
X სახლში – შესაძლოა მოგიწიოთ კარიერულ სფეროზე, სოციუმზე დაფიქრება. ყურადღებას იქცევს კარიერული წინსვლა, სამსახური. ინდივიდი პრობლემას აწყდება სოციუმში პოზიციის დაფიქსირებაში, საზოგადოებრივ გამოსვლებში, ფართო მასებთან კონტაქტში. ამ პერიოდში მოსალოდნელია სხვებისგან უფრო მეტად განცალკევბა, ურთიერთობებში სიცივე. ოჯახსა და კარიერას შორის საქმეების დაბალანსება მოუწევს.
XI სახლში – გამოცდის წინაშე დგას ურთიერთობები ჯგუფებში, გაერთიანებებში, კლუბებში, ორგანიზაციებში. ინდივიდი ამ პერიოდში მეგობრებისგან მხარდაჭერას უფრო მეტად ელოდება ან დასჭირდება. მასზე გავლენა ექნება ბავშვებს, რომანტიულ პარტნიორს, კრეატიულ პროექტში მონაწილეობას და საზოგადოებრივ საქმიანობებს.
XII სახლში – თუ ტრანზიტული მთვარე დაბნელების მომენტში მე–12 სახლში მოხვდა, ინდივიდის წინაშე სულიერი განახლებისა და დასვენების საჭიროება დგება. ის ყოველდღიური საქმიანობებისგან დაღლას იგრძნობს და განცალკევების, სულიერ მხარეზე ზრუნვის, სიმშვიდის მოთხოვნილება გაუჩნდება. უფრო მეტად ორიენტირდება მოქმედებების გასაიდუმლოებისკენ, დაფარვისკენ.
დამატებითი სტატიები:
სავსემთვარეობა ან/და მთვარის დაბნელება პირადი რუკის მიხედვით