მთვარის კვადრატი სინასტრიულ პლანეტებთან

მთვარის კვადრატი სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის მთვარე კვადრატში ქალის მზესთან  

ეს ასპექტი ართულებს ურთიერთშემეცნებასა და ურთიერთგაგებას. მათ არასწორად ესმით ერთმანეთის გრძნობები, შეხედულებები და პრინციპები, რადგან თითოეული ინდივიდი შინაგან ბრძოლას განიცდის, სექსუალურ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით. ამ ურთიერთობაში ქალი არ არის დარწმუნებული საკუთარ ქალურობაში, მამაკაცი კი საკუთარ მამაკაცურობაში. ეს პიროვნული პრობლემები მძაფრად აისახება მათ ურთიერთობაზე და  ბლოკავს გაცილებით მნიშვნელოვან მისწრაფებებს, სანამ პარტნიორები არ ისწავლიან ანიმეს და ანიმუსის შეცვლილი როლების კონსტრუქციულად გადალახვას, რითაც ისინი ერთმანეთს ამოწმებენ.

 

ქალის მთვარე კვადრატში მამაკაცის  მზესთან    

ეს ასპექტი ორივესთვის პრობლემატურია, რადგან ისინი ინსტინქტურად ცდილობენ მიაღწიონ იდენტობას. შესაძლოა ორივეს ერთი მიზანი ჰქონდეს, მაგრამ, საკუთარი გამოცდილებით, სხვადასხვა მეთოდს ამჯობინებდნენ მის მისაღწევად. მამაკაცმა უნდა გადალახოს ქვეცნობიერში გადანახული მოგონებები დედაზე. ქალმა უნდა შეწყვიტოს მამის სახებისადმი ქვეცნობიერი თაყვანისცემა. თუ ამას მიაღწევენ, ეს ურთიერთობა შეიძლება ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.

 

მთვარეების  კვადრატურა

თითოეული ინდივიდი წარსული გამოცდილებით განპირობებულ დაძაბულობას აწყდება, რაც მიმდინარე ურთიერთობას დანგრევით ემუქრება. დედის გავლენა ორივე პარტნიორში თავისებურად ვლინდება, ასე რომ, ეს საკმაოდ კონფლიქტური ურთიერთობაა. სექსუალური მიზიდულობა შესაძლოა ძლიერი იყოს, მაგრამ  უამრავი უთანხმოება, ოჯახთან, სახლთან, ემოციებთან, ბავშვებსა და მათ აღზრდასთან  დაკავშირებით, ხშირად ცივ წყალს ასხამს და შესამჩნევად აგრილებს რომანტიკას.

 

 

მამაკაცის  მთვარე  კვადრატში  ქალის  მერკურისთან

მამაკაცი, ქვეცნობიერად, თავიდან ათამაშებს ბავშვობის სირთულეებს, მაგრამ ამჯერად ის მიდრეკილია შეასრულოს თავისი დედის როლი ქალთან მიმართებაში. ქალი კი ისე იქცევა, როგორც მოზარდობის პერიოდში. იმავდროულად, პარტნიორს საკუთარ დედას ამსგავსებს, რომელთანაც აზრობრივი უთანხმოება ჰქონდა.  ამ ასპექტით გამოწვეული სირთულეები დაკავშირებული  მათ ბავშვობის და მოზარდულ ასაკში გადატანილ  პრობლემებზე. ქალმა უნდა მოახერხოს და მენტალურად გადაჭრას ის ჭიპლარი, რაც საკუთარ დედასთან აკავშირებს. და ეს მაშინ, როდესაც მამაკაცი, თავისი დედის როლში, სიმბოლურად იბრძვის საკუთარი ბუდის დასაცავად და შესანარჩუნებლად.

 

ქალის  მთვარე  კვადრატში  მამაკაცის  მერკურისთან

ეს ასპექტი იწვევს ძლიერ დაძაბულობას ქალის ბუნებრივ დედობრივ ინსტინქტებსა და მამაკაცის  კონტაქტში შესვლის უნარს შორის. ამიტომ, მათი კომუნიკაცია საკმაოდ  გართულებულია, რაც ხელს უშლის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ქალი ვერ გრძნობს მამაკაცურ ძალას, რომელსაც ეძებდა, და იმედგაცრუებული საკუთარ თავში იკეტება. შესაძლოა საერთოდაც გაწყვიტოს კონტაქტი, თუ იგრძნო , რომ მის ქვეცნობიერს პარტნიორის მხრიდან საფრთხე ემუქრება.

 

 

 მამაკაცის   მთვარე   კვადრატში   ქალის   ვენერასთან

ეს ასპექტი ძლიერ დაძაბულობას იწვევს. ქალი იძულებულია შეეჩეხოს ქვეცნობიერ ქიშპობას თავის დედასთან. იმავდროულად, მამაკაცი შეიძლება ქალს  დაძაბულობის  წყაროდ აღიქვამდეს, მასსა და თავის დედას  შორის.  ამ ურთიერთობაში ქალი დომინირებს. ამიტომ, მამაკაცი ხშირად აწყდება ძლიერ წინააღმდეგობას, მამაკაცური როლის შესრულებისას. შედეგად, ეს ასპექტი ორივე პარტნიორში შინაგან წინააღმდეგობას  ავლენს, რაც მნიშვნელოვნად ართულებს გულღია ემოციურ და გრძნობით კონტაქტს.

 

ქალის  მთვარე  კვადრატში  მამაკაცის   ვენერასთან

აქ ქალი ცდილობს შეასრულოს თავისი დედის როლი, თუმცა კი ნათლად გრძნობს, როგორ ებრძვის ზრდასრული დედობრივი ინსტინქტი ბავშვს. იმის გამო, რომ მან ბოლომდე ვერ მოახერხა დედასთან ბავშვობის დროინდელი კონფლიქტების მოგვარება, ის მიდრეკილია თავისი დედის როლში ჩააყენოს პარტნიორი. მამაკაცი, თავის მხრივ, თავიდან განიცდის კონფლიქტს საკუთარ დედასთან. განსაკუთრებით აქტიურდება ბავშვობაში განცდილი აღშფოთებისა  და  წყენის გრძნობა.  ვინაიდან ორივე პარტნიორი წარსულიდან გამოყოლილ გრძნობებს ატარებს, თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება უნდათ, ეს არც ისე სასიამოვნო ემოციები  აუცილებლად უნდა გადაწყვიტონ.

 

 

მამაკაცის  მთვარე  კვადრტში  ქალის  მარსთან

აქ მამაკაცი ქვეცნობიერად ებრძვის თავს, რადგან ქალს საშუალებას აძლევს, განახორციელოს მისი სურვილების უმრავლესობა, რაც წინააღდეგობაშია იმასთან, რასაც დედა ასწავლიდა. იმავდროულად, ქალი  შესაძლოა  გრძნობდეს, რომ პარტნიორი ხელს კრავს მას. მას ასევე უჭირს გაიგოს საკუთარი აგრესიული ტენდენციები ამ ურთიერთობაში, რადგან ქვეცნობიერად ის საკუთარ დედას ებრძვის, პარტნიორის მეშვეობით. ამის გამო, ქალი ცდილობს  მორჩილ მდგომარეობაში ჩააყენოს მამაკაცი. მიუხედავად  ძლიერი სექსუალური მიზიდულობისა, მათი სექსუალური კავშირი ხშირად თეატრალიზებული საომარი მოქმედებებს ჰგავს, სადაც  ბავშვი ცდილობს  განთავისუფლდეს  მშობლების  გავლენისგან.

 

ქალის  მთვარე  კვადრატში  მამაკაცის  მარსთან

ეს ასპექტი ხასიათდება ძლიერი სექსუალური დაძაბულობით. რადგან მარსი განასახიაერებს ახალგაზრდა მამაკაცს, მთვარე კი დედას, ამ ურთიერთობაში შესაძლოა დამალული იყოს ერთგვარი ინცესტური ცდუნება. ქალი იღებს თავის „ომის ღმერთს“, მაგრამ რეალურად არ შეუძლია იყოს ის, ვინც არის, რადგან ბუნდოვნად თუ ქვეცნობიერად გრძნობს, არღვევს იმ მისაღებ როლს, რომელსაც საზოგადოებაში ასრულებს. ამრიგად, ის ცდილობს დაირწმუნოს თავი, რომ არ თრგუნავს თავის პარტნიორს, მაშინ  როდესაც, მამაკაცი, თავის მხრივ, გაბატონებისთვის იბრძვის. ეს ურთიერთობა ყოველთვის სავსეა ქვეცნობიერი შიშებით და ძლიერი დაძაბულობით.

 

 

მამაკაცის  მთვარე  კვადრატში  ქალის  იუპიტერთან

ეს ასპექტი იწვევს გადაჭარბებულ ემოციურ განცდებსა  და უსაფუძვლო განსჯას. მამაკაცის მესაკუთრული თვისებები წინააღმდეგობაში მოდის  ქალის თავისუფლებისკენ სწრაფვასთან.  თუმცა ოპტიმიზმი, რისი წყალობითაც ქალს პარტნიორის ცნობიერების ამაღლება შეუძლია, ზუსტად მისი თავისუფალი სულიდან მომდინარეობს. ამრიგად, სახეზე გვაქვს წინააღმდეგობრივი კონფლიქტი, რომელიც მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც მამაკაცი ცნობიერებას აიმაღლებს.

 

ქალის მთვარე კვადრატში მამაკაცის იუპიტერთან

ამ პარტნიორობაში ქალის ძირითადი თავდაცვითი  ინსტინქტები დათრგუნულია, რადგან მისი რაინდი, მბრწყინავ აბჯარში, თვითონაც მშვენივრად ახერხებს საკუთარი თავის დაცვას. ის უარყოფს ქალის მზრუნველობას და ემოციურ რეაქციებს, საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ქალი ვერ გამოხატავს იმ ინსტიქტებს, რაც დედისგან ისწავლა, ქვეცნობიერად, ის უკან, ბავშვობისდროინდელი მდგომარეობისკენ იხევს და თვალს ვერ უსწორებს იმ ფაქტს, რომ, როგორც ქალს, არ შეუძლია მიიღოს საყვარელი მამაკაცის მოუთვინიერებლობა.

 

 

 მამაკაცის  მთვარე  კვადრატში  ქალის  სატურნთან

აქ მამაკაცი თავისი დედის  მსგავს როლს ასრულებს, როდესაც ის(დედა)  მისი მამის აღიარების მოპოვებას ცდილობდა. ქალიც არანაკლებ დაძაბულობას გრძნობს თავისი მშობლების გავლენისგან და თავის მხრივ,  საკუთარი მამის როლშია, როდესაც ის (მამა) გარკვეული სოციალური მიღწევებით ცდილობდა მის დედაზე შთაბეჭდილების მოხდენას. ამ ურთიერთობაში ჩანერგილია ქვეცნობიერი შიშები და ურთიერთდამოკიდებულების  საფრთხე. უმეტეს შემთხვევაში, ამ ურთიერთობას თან სდევს თითოეული პარტნიორის წინა თაობებისგან გადმოყოლილი დაძაბულობა.

 

ქალის  მთვარე  კვადრატში  მამაკაცის  სატურნთან

აქ თითოეული ინდივიდი მშობლის როლს ასრულებს. ამ ურთიერთობაში წინააღდეგობაში მოდის ოჯახური ფასეულობები, რაც თითოეულის ოჯახის გაგრძელებას წარმოადგენს. კარმული მიზეზებით, მამაკაცი ცდილობს ზოგიერთი ტრადიციით შეაკავოს თავისი პარტნიორი. ქალი თავს ბლოკირებულად გრძნობს, რადგან მამაკაცი არც ისე დიდი გულისხმიერებით აღიქვამს მის ემოციურ რეაქციებს. რაც უფრო იკავებს ქალი ემოციებს,  მით უფრო მძაფრი განცდა ეუფლება მამაკაცს, რომ მისი გავლენა პარტნიორზე არაეფექტურია. თუ ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს, აუცილებელია ორივემ ღიად გადააფასოს ერთმანეთის ტრადიციული  ღირებულებები.

 

 

მამაკაცის მთვარე კვადრატში ქალის ურანთან

მამაკაცს გაძლიერებული აქვს მესაკუთრული გრძნობა, რადგან ქვეცნობიერად ეჭვიანობს ქალის უცნაურ პოზიციებზე, რასაც მისი ემოციური საიმედოობისთვის მუდმივად იმედგაცრუება მოაქვს. ის სერიოზულ საფრთხეს გრძნობს პარტნიორის მხრიდან გამოხატული უნივერსალური თავისუფლებით. მას შეიძლება თავადაც აკვირვებდეს, რატომ არ ეთანხმება ქალის მეტად ლიბერალურ პოზიციებს. საქმე ის არის, რომ სინამდვილეში ეს ქალი საკუთარი დედისგან განთავისუფლებას ცდილობს და ამიტომ უჯანყდება პარტნიორს, როდესაც ის მის მიმართ მშობლიურ მზრუნველობას ავლენს. ეს ერთ-ერთი ურთულესი ასპექტია ხანგრძლივი პარტნიორობისთვის.

 

ქალის მთვარე კვადრატში მამაკაცის ურანთან

ამ ასპექტში ქალი ძლიერ იმედგაცრუებას განიცდის, რადგან, მის პარტნიორ მამაკაცს, ერთის მხრივ, მისი საიმედოობის და ზრუნვის იმედი აქვს, მეორეს მხრივ კი, გულმოდგინედ იცავს თავს ემოციური დამოკიდებულებისგან. ის ამ ქალში თავის დედას ხედავს და ამ ურთიეთობას გამოწვევად განიხილავს, რომელიც უნდა გადალახოს, საკუთარი ინდივიდუალობის დასაცავად, იმ ბრძოლაში, რომელიც მიმართულია ქვეცნობიერი ჭიპლარის გადასაჭრელად. ქალს ის ძალზედ ამაღელვებლად, მასტიმულირებლად და უნიკალურად მიაჩნია. თუმცა, თუ ბოლომდე გულწრფელი იქნება, ვერასდროს უწოდებს მას „თავისას“, რადგან ამ მამაკაცის მომხიბვლელობის მსუყე ნაწილს მისი ფანტაზიები და ცვალებადი უცნაურობები შეადგენს, რომელსაც ის ემოციური მახეებისგან თავდასაღწევად იყენებს. ეს ძალზედ რთული ასპექტია მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

 

 

მამაკაცის მთვარე კვადრატში ქალის ნეპტუნთან

ამ ასპექტს ბუნდოვანება შემოაქვს ურთიერთობაში. მამაკაცს მუდამ თან სდევს შეგრძნება, რომ ეს ქალი ხელიდან უსხლტება. ამიტომ, ვერ აძლევს მას ზუსტ განსაზღვრებას. ის შეიძლება გულმოდგინედ ცდილობდეს მის დაცვასა და საიმედოობით უზურნველყოფას, მაგრამ ვერასდროს იქნება ბოლომდე დარწმუნებული მის ერთგულებასა და წრფელ ზრახვებში. მუდმივად ტყუილის შეგრძნება ბურუსში ახვევს არაერთ მნიშვნელოვან საკითხს. მამაკაცი ქვეცნობიერად ცდილობს აამოს დედას და ბოლომდე ებღაუჭება თავის ოცნების ქალს. რეალურად კი წარუმატებლობის გრძნობას განიცდის. თუმცა, თუ ის მისტიურ პასუხებს ეძებს, ამით მხოლოდ გაამძაფრებს საკუთარ მარტოობის შეგრძნებას. სიმბოლურად ის დონ კიხოტად იქცევა, რომელიც ქარის წისქვილებს დასდევს.

 

ქალის მთვარე კვადრატში მამაკაცის ნეპტუნთან

ქალი თავს მუდამ მარტოსულად გრძნობს, რადგან მისი იდეალიზებული წარმოდგენა ურთიერთობაზე თანდათან ირღვევა. რაც უფრო მეტად ცდილობს პარტნიორთან თავის გაიგივებას, მით უფრო კარგავს თავს. შესაძლოა მამაკაცი  შეეცადოს თავის პოვნას დედობრივი ინსტინქტის მეშვეობით, თუმცა, იმავდროულად, აღშფოთებულია სიმბოლურად ბავშვობასთან დაბრუნების გამო, რომელსაც გაურბის. ძლიერი ფსიქოლოგიური ურთიერთქმედება გარდაუვალია, რადგან თითოეული მათგანი პარტნიორის ღრმა შრეებს ეხება. თუმცა  გაუგებრობის, კონკრეტული მიზნების არქონის გამო, მათ ძალიან უჭირთ საკუთარი ურთიერთობის განსაზღვრა.

 

 

მამაკაცის მთვარე კვადრატში ქალის პლუტონთან

ამ ასპექტს ურთიერთობაში ძალადობრივი ელემენტები შემოაქვს. ფსიქოლოგიურ დონეზე, ორივე ინდივიდი  გამოცდებს უწყობს და წინააღმდეგობას უწევს პარტნიორს. ქალმა შეიძლება საერთოდ გაანადგუროს მამაკაცის კონცეფციები, საიმედო ოჯახზე. მამაკაცი, თავის მხრივ, ქალს აღიქვამს, როგორ საკუთარ თავს პერსპექტივაში, ანუ ვინ იქნებოდა თვითონ, უფრო უშიშარი და დაჟინებული რომ ყოფილიყო. ბუნებრივია, სექსუალური მიზიდულობა ძალიან ძლიერია, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება ეჭვიანობასა და ფიქოლოგიურ ქიშპობაზეც. მამაკაცის მცველის ინსტინქტი, ამ ქალის სახით, ღირსეულ მეტოქეს ხვდება, რომელსაც რეალურად შეუძლია საკუთარ თავის დაცვა.

 

ქალის  მთვარე  კვადრატში  მამაკაცის  პლუტონთან

აქ ქალს, სიტყვა სიტყვით, ხელს კრავენ დანტეს ჯოჯოხეთში. ეს ურთიერთობა აიძულებს მას, კონტაქტი გაწყვიტოს წარსულთან, მაგრამ, სანაცვლოდ, ბედნიერი მომავლის არანაირი იმედი არ არის.  მამაკაცი ყველა მეთოდით ცდილობს თავი დაიხსნას დედის წიაღიდან.  ის ხშირად ამცირებს პარტნიორს, რომ საკუთარი ძალა შიეგრძნოს. ეს ნამდვილი შერძოლებაა მამაკაცის ბნელ მხარეს, რომელსაც გარეთ გამოსვლა სწადია, და ქალს შორის, რომელსაც, ამ ასპექტის წყალობით, პარტნიორის მხოლოდ ნეგატიური მხარეების არეკლვა შეუძლია. ურთიერთობა შესაძლოა დალაგდეს დროთა განმავლობაში, თუ თითოეული მათგანი მოახერხებს უშიშრად ჩახედოს თვალებში თავიანთ შინაგან ბრძოლებს.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top