უნდა ჩავთვალოთ თუ არა მთვარის კვანძების ანალიზი ტრანზიტული (პროგნოზირების) რუკის შედგენის დროს? და თუ უნდა ჩავთვალოთ რაზე მიანიშნებს?
მთვარის კვანძების თემა საინტერესოა, იმ კუთხით, რომ ჩვენი დაბადების საიდუმლოს ძიებას ხშირად სწორედ ამ წერტილებთან მივყავართ. მათი დახმარებით ვიგებთ ჩვენს ცხოვრებისეულ ამოცანაზე, კარმულ პროგრამაზე, დამუშავებაზე და ა.შ. ამ კუთხით, ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ტრანზიტის დროს უკავშირდება მთვარის კვანძებს – მნიშვნელოვანი მოვლენების ალბათობას ზრდის.
მთვარის კვანძები გამოვიყენოთ თუ არა ტრანზიტული რუკის შედგენის დროს, გვიჩვენებს მათი ჩართვის დროს მოვლენათა ანალიზი – მოხდა კი რამე მთვარის კვანძების ასპექტების დროს?
მთვარის კვანძების ტრანზიტის დროს (როცა ტრანზიტული მთვარის კვანძები ასპექტს ქმნიან სხვა პლანეტასთან) შემთხვევით არაფერი ხდება. დაღმავალი კვანძის ასპექტი პლანეტას სრულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევს, შესაძლოა ყველაფერი წაერთვას, წარსული „დაბრუნდეს“ და ა.შ. აღმავალი კვანძის შემთხვევაში – პლანეტის ფუნქციების, მახასიათებლების მაქსიმალური გახსნა ხდება, თითქოს „მეორე სუნთქვა“ ირთვება. დადებითი ასპექტის შემთხვევაში – სწორი მიმართულებით სვლაზე მინიშნებას იღებს.
როცა ტრანზიტული პლანეტა ასპექტს ქმნის ნათალურ მთვარის კვანძებთან, მნიშვნელოვანია ზოდიაქოს ნიშნისა და სახლის შესწავლა, რომელშიც მთვარის კვანძები და ტრანზიტული პლანეტა დგას. აღმავალი კვანძი – მიზანი, რეალიზება, ამოცანების რეალიზებისთვის ყველაფრის მიღებას ნიშნავს. ესაა ყოველივე ნათელი, დადებითი. პლანეტა, რომელიც ასპექტს ქმნის – მისი პრინციპები ნათლად, შესამჩნევად ვლინდება. დაღმავალი კვანძი კი – წარსულიდან გამოგზავნილი მინიშნებები, ვალების გასტუმრება, უპასუხო, გადაუჭრელი საკითხების მობრუნებაა, რომელთა გადაწყვეტაც ინდივიდს მოუწევს, სირთულეებზე მიანიშნებს; მოკლედ, ამ პერიოდში ვიღებთ მას, რაც „დავიმსახურეთ“. ამავე დროს, ასპექტით დაკავშირებული პლანეტის პრინციპები ვერ ან ნაკლებად ვლინდება.
ასპექტი, რომელიც ჩვენს რუკაშია, ტრანზიტის დროს მეტად ვლინდება და შესამჩნევია. მაგალითად, თუ რუკაში მერკურისა და რომელიმე მთვარის კვანძის შეერთებაა, ტრანზიტის შემთხვევაში იგივე ასპექტი მეტად ვლინდება.
ახლა კი მოკლედ ის, რისი გათვალისწინება და პოვნაც მთვარის კვანძების ტრანზიტის საშუალებით შეგვიძლია:
ტრანზიტული პლანეტა – მიანიშნებს რა შეიძლება მოხდეს;
წერტილი, რომელთანაც ასპექტს ქმნის/სახლი, რომელშიც ასპექტია – სად, რა სფეროში ხდება მოვლენა;
ასპექტი – როგორ მოხდება მოვლენა (დადებითად/უარყოფითად…)
ტრანზიტული პლანეტის შეერთება მთვარის ერთ-ერთ კვანძთან (მეორე კვანძი ავტომატურად ოპოზიციაში ხვდება)
რას ვპოულობთ? – მთვარის კვანძების გამოვლინებას ადამიანებთან, მოვლენებთან, ენერგიებთან შეხებით/შეჯახებით (რომლებიც პლანეტის სიმბოლიზებას წარმოადგენენ). მაგ: ტრანზიტული მზის აღმავალ კვანძთან შეერთებით უფრო შემოქმედებითები, შესამჩნევი ვხდებით. ამავე დროს, მზემიანიშნებს იმ გზაზე, რომელიც ჩვენს ამოცანებს შეესაბამება და რომლებსაც ვაწყდებით.
ტრანზიტული აღმავალი კვანძის ასპექტი პლანეტასთან
რას ვპოულობთ? – ახალ მოტივებს. აღმავალი კვანძი ხსნის პლანეტის სფეროებში ახალ კარს, შესაძლებლობებს. ამ პერიოდის მახასიათებელი შესაძლოა იყოს ცხოვრების სხვა სფეროების გაცნობის, ახალი გამოცდილების მიღების, ქცევის შეცვლის სურვილი. მაგ: აღმავალი კვანძის მთვარესთან შეერთებით – შესაძლოა დედასთან/ქალებთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს.
ტრანზიტული დაღმავალი კვანძის შეერთება ჩვენს პლანეტასთან
რას ვპოულობთ? – სირთულეებს ადამიანებთან, მოვლენებთან, ენერგიებთან დაკავშირებით, რომლებსაც პლანეტა შეესაბამება (პლანეტის ფუნქციები გავიხსენოთ). დაღმავალი კვანძი დროებით „ბლოკავს“ პლანეტის გამოვლენას, კარმული ვალის გასტუმრებას ხელს უწყობს. მაგ: დაღმავალი კვანძის შეერთება მარსთან – აქტიურობა, მოქმედება დროებით შენელებული ან შეზღუდულია; მერკურის შემთხვევაში – კომუნიკაცია, კონტაქტები დაბალია.
სახლი, რომელსაც ტრანზიტული მთვარის კვანძი გადის.
რას ვპოულობთ? – თემას/სფეროს, რომელზეც ახალი გამოცდილების მისაღებად კონცენტრირება გვიწევს. მაგ: ტრანზიტული აღმავალი კვანძის მე-7 სახლში ყოფნა მიანიშნებს ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებზე, ახალ ურთიერთობებზე; შესაბამისად დაღმავალი კვანძის პირველ სახლში ყოფნა საკუთარ თავზე ორიენტირების საშუალებას არ გვაძლევს.
მომზადებულია ე.სალიკოვასა (“ტრანზიტული ასპექტების მეთოდები – საიდუმლოებები დამწყები ასტროლოგებისთვის”) და ე.კუშის მასალებზე დაყრდნობით.
სტატიის ავტორი: თამთა