(დრაკონის თავი და კუდი, რაქუ და ქეთუ, იგივე აღმავალი და დაღმავალი კვანძი)
ასტრონომიული ხედვით, ეს წერტილები შეესაბამება ადგილებს, რომლებზეც მთვარის ორბიტა ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს.
მთვარის კვანძები მიანიშნებს ადამიანის ინდივიდუალურ ევოლუციურ განვითარებასა და გარესამყაროს ევოლუციურ განვითარებაში მონაწილეობაზე, ანუ კვანძები მოიცავს შინაგან და გარეგნულ განვითარებას.
აღმავალი კვანძი – მოიცავს ინფორმაციას, რა მხრივ უნდა განვვითარდეთ, ახალ გამოცდილებას რომელ სფეროებში მივიღებთ.
დაღმავალი კვანძი – მოიცავს ჩვენს მიერ დაგროვილ გამოცდილებას, რაც შეგვიძლია ახალი გზებისთვის ფუნდამენტად გამოვიყენოთ.
თუ ინდივიდი მხოლოდ დაგროვილ ინფორმაციას იყენებს, ევოლუციური განვითარების კუთხით დეგრადირდება; ხოლო თუ მხოლოდ ახალი გამოცდილებისკენ მიდის – ფუნდამენტს, ფეხქვეშ ნიადაგს კარგავს.
ლეგენდა მთვარის კვანძებზე
ლეგენდის თანახმად, ღვთაება ვიშნუმ (უზენაესი ღვთაება) გადაწყვიტა სხვა ღვთაებებისთვის უკვდავების ელექსირი (ამრიტუ) გაენაწილებინა.
ამრიტუს სურვილით შეპყრობილმა დრაკონმა, „ღმერთების“ ნადიმზე შეპარვა მოახერხა,
დაინახეს რა მზის (სურია) და მთვარის (ჩანდრა) ღვთაებებმა დრაკონი, უმალ ვიშნუს აცნობეს, მაგრამ მას ამრიტუს შესმა უკვე მოესწრო, განრისხებულმა ვიშნუმ გველეშაპი ხმლით ორად გააპო, მაგრამ ის უკვე უკვდავი იყო და ორივე ნაწილმა ცალ-ცალკე განაგრძო არსებობა.
ასე წარმოიქმნა დრაკონის თავი (რაქუ) და კუდი (ქეთუ). დრაკონის თავი და კუდი ეკლიპტიკაზე ერთმანეთის საწინააღმდეგო წერტილებში მდებარეობენ (ამიტომ ეფემერიდებში მითითებულია მხოლოდ რაქუს კოორდინატები, შესაბამისად ქეთუ, მის მოპირისპირედ მოიაზრება).
კვანძები საკმაოდ ნელა მოძრაობენ დედამიწის გარშემო (ერთ ციკლს 18.6 წელს ანდომებენ), პლანეტებისგან განსხვავებით ისინი მოძრაობენ საწინააღმდეგოდ, საათის ისრის მიმართულებით.
მზის დაბნელება– ახალი მთვარე (მზე&მთვარე ერთ ნიშანში) არის შეერთებაში დაღმავალ ან აღმავალ კვანძთან (გრადუსში). მთვარის დაბნელება – სავსე მთვარე (მზე&მთვარის ოპოზიცია) ოპოზიციაშია აღმავალ ან დაღმავალ კვანძთან (გრადუსში).
ნუმეროლოგიაში აღმავალ კვანძს ეკუთვნის ციფრი 4 და ის უფრო მეტ გავლენას ახდენს ადამანებზე, რომლებიც დაიბადნენ 4; 13; 22; 31 რიცხვებში. დაღმავალ კვანძს ეკუთვნის ციფრი – 7 შესაბამისად 7; 16; 25 რიცხვებში დაბადებულებს ის მართავს. ქეთუს ეგზალტაცია ვლინდება მორიელში აქ ის სასიკეთოდ ავლენს თავს. რაქუ განაგებს გონებას, ქეთუ კი სხეულს.
ასტროლოგიაში მთვარის კვანძებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ეს წერტილები მიგვანიშნებენ გზას, მიმართულებას, რომლისკენაც ჩვენი სული მიისწრაფის, ცხოვრების მთლიან გზას. მთვარის კვანძები არის ის, რასაც დასავლური და აღმოსავლური ასტროლოგია იყენებს.
ინდივიდუალური რუკის ანალიზი ნაკლებად ეფექტური იქნება თუ კვანძებს არ ჩავრთავთ, რადგან ეს წერტილები მიგვანიშნებენ იმ ეტაპებზე, კარმულ გაკვეთილებზე, რისი გავლაც მოგვიწევს, რისკენაც ვისწრაფვით, რაც დაგვყვა. ერთი ვერსიით, კვანძები მიანიშნებს ჩვენს წარსულსა და მომავალ ცხოვრებაზე, ხოლო „შუაში“ ინდივიდი და მისი ახლანდელი ცხოვრებაა. მეორე ვერსიით – ჩვენს თანდაყოლილ მახასიათებლებზე, თვისებებზე და მხარეზე, პროგრამაზე, რაც ახლა უნდა განვავითაროთ.
გავრცელებული ვერსიით, მნიშვნელოვანია მთვარის აღმავალი კვანძი, მისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, შევასრულოთ, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად ერთ მხარეს გადავიხაროთ, მეორე მხარე კი უარვყოთ. ინდივიდი სწორედ ამ ორი მხარის ბალანსის შედეგადაა აქ და ახლა. მთვარის დაღმავალი კვანძი კი არ უნდა უარვყოთ, ეს ჩვენი „ფუძეა“, ნიადაგი, რომელიც საყრდენად უნდა გამოვიყენოთ ევოლუციური განვითარებისთვის (ამ შემთხვევაში – აღმავალი კვანძისთვის).
დაღმავალი კვანძი – ადამიანის წარსულის სიმბოლური მანიშნებელია. არა ერთი ინკარნაციის, არამედ მოვლენების, იდეების, პოზიციის, აზრების, ცხოვრებათა კომბინაციის. მისი შეცვლა რთულია, რამდენადაც ფორმას დიდხანს იძენდა და „ავსებული ტომარაა“. დაღმავალი კვანძის შესაბამისი თვისებები, უნარ-ჩვევები, აზრები, ქმედებები ჩვენთვის უფრო ნაცნობი და მშობლიური სწორედ ამიტომაა.
დაღმავალი კვანძის ქმედება და აზრი უფრო გასაგები რომ გახდეს, შემდეგი მაგალითი გამოგვადგება: პრეზიდენტი თეთრ სახლში შედის საპრეზიდენტო ცხოვრების დასაწყებად. თუმცა, რას ფიქრობდა, ამბობდა და აკეთებდა კონგრესის სხდომებზე, მის ყველა ქმედებას შეუძლია ხელი შეუწყოს ან შეუშალოს საპრეზიდენტო იმიჯსა და ცხოვრებას. თქვენ სწორედ რომ პრეზიდენტი ხართ, კონგრესის სხდომებზე თქვენი ქმედებები – დაღმავალი კვანძის ფუნქციას ატარებს.
დაღმავალი კვანძი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც „მოგონებათა ბანკი“ უკვე მომხდარი მოვლენებისა და შედეგების გასაგებად. თუ მნიშვნელოვანი დატვირთვა არ აქვს (განსაკუთრებით სხვა პლანეტებთან შეერთება), ინდივიდს მომავლისკენ სვლა დაუბრკოლებლად შეეძლება.
აღმავალი კვანძი – მომავლის სიმბოლოა. ეს წერტილი წარმოადგენს ყოველივე სიახლეს, ახალ ციკლს, რომელიც ინდივიდის გამოცდილებაში არაა. ესაა მიმართულება, გზა, რომლისკენაც ბიძგს გრძნობს.
ადამიანს ახალი გამოცდილება და განცდები იზოლირებულად, განცალკევებულად ეჩვენება, როდესაც საკუთარ გზასა და ნაბიჯებში დარწმუნებული არაა. თუმცა, მალევე აცნობიერებს – იმისთვის, რომ უნიკალური გამოცდილება მიიღოს, გამბედაობა უნდა შეამოწმოს. სიახლეები მას თავისებურ ხიბლს უქმნის.
აღმავალი კვანძი ძაფზე გამობმულ სტაფილოს გავს, რომელიც უფრო შორ გზაზე „იტყუებს“. ყოველ ჯერზე, როდესაც ინდივიდს ეგონება, რომ აღმავალ კვანძს მიაღწია, მისიას ასრულებს, სულ უფრო დიდ გზას დაინახავს, რომელიც წინ უფრო მაღალ მიზნებსა და მისიებს, გზებს, შემოწმებას წარმოუდგენს. ეს ღმერთისკენ სპირალური გზით სვლას ჰგავს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანი აღმავალ კვანძს ვერ „მიაღწევს“, სანამ წარსულისგან გათავისუფლებას, კარმული ვალების გასტუმრებას, დაღმავალი კვანძის მნიშვნელობას არ ისწავლის. ჯერ უნდა გავთავისუფლდეთ უარყოფითი მოგოებებისგან, დამოკიდებულებისგან, აზრებისგან. ინდივიდი რაც უფრო უახლოვდება აღმავალი კვანძის მისიას, მით უფრო უკეთესად ფიქრობს საკუთარ თავზე. მის ცხოვრებას ახალი ხედვა, მნიშვნელობა ენიჭება როგორც კი განსხვავებული მეთოდების გამოყენებას ისწავლის.
ის, თუ როგორ ვრეალიზდებით, რამდენად ვვითარდებით შემოწმებადია.
ევოლუციური განვითარების შემოწმება ხდება ყოველ 18 წელში ერთხელ. ესენია: 18-19 წლის ასაკში – ადამიანი ჯერ ისევ ვითარდება, ამიტომ ნაკლებად მძიმე „გაკვეთილებს“ იღებს. 37-38 წლები – ამ წლებს სერიოზული სიტუაციები უკავშირდება, რომლებიც ცხოვრებაზე განსხვავებულ ხედვას უყალიბებს ან ახალ ეტაპზე გადადის. 56-57 წლები; 74 წელი.
შემოწმება იმისა, თუ როგორ ვიყენებთ გამოცდილებას, ყოველ 9,4 წელში ერთხელ ხდება: 27-28; 46-47; 65 და 83 წლის ასაკში.
თუ თქვენს რუკაში, დაღმავალი კვანძი რუკის ზედა ნახევარსფეროში (მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 სახლი) მოხვდა, წარსული გამოცდილების გაზიარების პერიოდი გაქვთ. ესაა გაცემის მისია, რადგან უკვე იმდენად დიდი გამოცდილება დაგროვდა, რომ სხვებთან გაზიარების დრო მოვიდა. თუმცა პერიოდულად ახალ ინფორმაციას, გამოცდილებას მიიღებთ, რათა თქვენი მისია უკეთესად შეასრულოთ.
თუ აღმავალი კვანძი რუკის ზედა ნახევარსფეროში (მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 სახლი) მოხვდა, ახალი გამოცდილების შეძენის დროა. ამ შემთხვევაში უფრო ადვილად გამოგდით სიახლეების მიღება, ახალი გამოცდილების დაგროვება, ზემოთ სვლა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თქვენი ამოცანის შესრულების დროს გზაზე „ვარდები გიფენიათ“. თუმცა ნუ დაივიწყებთ: თქვენთვის მოცემული შანსები, გამოცდილება და უნარები უარყოფითად ან საზიანოდ არ გამოიყენოთ.
ზოდიაქოს ნიშნის მმართველი, რომელშიც დაღმავალი კვანძი გყავთ, მიანიშნებს თქვენს შესაძლებლობებს, უნარებს, ქცევის მოდელებს, რომლებიც აშკარად შეინიშნება.
გასათვალისწინებელია, რომ აღმავალი კვანძი კონკრეტულ მისიას, დავალებას არ მოიცავს, ესაა მიმართულება, პერსპექტივა.
ქეთუ და რაქუ მზისა და მთვარის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, შესაბამისად არ სწყალობენ ლომს და კირჩხიბს, ხოლო ქალწულში და ტყუპებში – საუკეთესო თვისებებს ავლენენ, აქ ვლინდება მათი ეგზალტაცია. ასევე საუკეთესოდ ავლენენ თავს III; VI და XI სახლში.
რაქუ (აღმავალი კვანძი) ქალწულში ან ტყუპებში დიდებას, წარმატებებს პოლიტიკურ ასპარეზზე, სიმდიდრეს და ფიზიკურ მიმზიდველობას გაძლევთ.
თუ ის დადებითადაა ასპექტირებული იუპიტერთან ან ვენერასთან, ასეთ ადამიანს ის აჯილდოვებს საიდუმლო ცოდნით, გამორჩეული უნარებით ხატვაში, ტიპოგრაფიასა და პუბლიცისტიკაში.
ქეთუს (დაღმავალი კვანძის) შეერთება ვენერასთან (მაგ: სასწორში მე2 სახლში), ასეთი ადამიანი ხშირად მდიდარია, გამოირჩევა სხვადასხვა ტალანტით. ნებისმიერი პლანეტა, ეგზალტირებულ მდგომარეობაში კიდევ უფრო დიდ ძალას იძენს თუ ქეთუსთანაა შეერთება.
მთვარის კვანძების დამუშავება მოიცავს დაღმავალი კვანძის, აღმავალი კვანძის დამუშავებასა და მათ შორის ბალანსის დამყარებას. სასურველია ორივე წერტილი განვიხილოთ არა ცალ-ცალკე, არამედ როგორც ერთიდაიგივე ობიექტის ორი მხარე. კვანძების დამუშავება ორი მიმართულებით ხდება: მოვლენების უფრო დეტალური და სიღრმისეული ხედვა და კვანძის შინაგანი და გარეგნული მნიშვნელობა, ანუ სოციუმისა და ინდივიდის განვითარების პრობლემების გადაწყვეტა. კვანძების დამუშავება შესაძლოა სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობდეს. დამუშავებაზე შემდგომ სტატიაში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.
აღმავალ და დაღმავალ კვანძებს ევროპულ ასტროლოგიაში ნაკლებად გამოიყენება, აღმოსავლურ ასტროლოგიაში კი მათ საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევათ. ისინი თეთრ და შავ მთვარესთან ერთად ქმნიან ასტროლოგიის კარმულ ნაწილს და რეინკარნაციულ მისიებზე მეტყველებენ.
ტრანზიტული (ახლანდელი) მთვარის კვანძების გავლენა
ტრანზიტული მთვარის კვანძების შეერთება (ან სხვა ასპექტი) პლანეტასთან ან სახლთან იმ სფეროს მოვლენებს ააქტიურებს. ასპექტებს მცირე „გადაცდენით“ ვიღებთ (0,5° – 1°).
ტრანზიტული პლანეტის შეერთება თქვენს მთვარის კვანძთან – მთვარის კვანძის გამოვლინება ხდება იმ პლანეტის სფეროსთან დაკავშირებულ ადამიანებთან, სფეროსთან, მოვლენებთან, ენერგიებთან. მაგ: ტრანზიტული მზის შეერთება თქვენს აღმავალ კვანძთან მიანიშნებს შემოქმედებითი პოტენციალის ზრდაზე, პიროვნულად მეტად შესამჩნევი შეიძლება გახდეთ.
ტრანზიტული აღმავალი კვანძის შეერთება თქვენს პლანეტასთან – ახალი მოტივები, შესაძლებლობები. აღმავალი კვანძი ჩვენს წინ ახალ „კარს“, შესაძლებლობებსა და საშუალებებს ხსნის. ახალ გამოცდილებას ვიღებთ პლანეტის სფეროებში. მაგ: ტრანზიტული აღმავალი კვანძის შეერთება თქვენს მთვარესთან – ქალებთან ან დედასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.
ტრანზიტული დაღმავალი კვანძის შეერთება თქვენს პლანეტასთან – სირთულეები იმ ადამიანებთან, სფეროებთან, ენერგიებთან, რომლებიც პლანეტას უკავშირდება. დაღმავალი კვანძი დროებით „ანელებს“, „ბლოკავს“ პლანეტის გამოვლენის საშუალებას, ახალი გამოცდილების მიღებას. ამ პერიოდში ძველი ურთიერთობის, ვალის, ქმედების გამოსწორება ან დასრულება ხდება. მაგ: ტრანზიტული დაღმავალი კვანძი თქვენს მერკურს უერთდება – ახალი ნაცნობობა ნაკლებადაა მოსალოდნელი, ზოგადად ნაცნობების წრე იკვეცება ან ცვლილებას განიცდის, ძველი ნაცნობობის გახსენება და მისი დასრულება ხდება.
სახლი, რომელსაც მთვარის კვანძი გადის – თემა, სფერო, რომელზეც კონცენტრირება ან ახალი გამოცდილების მიღება გვიწევს. მაგ: ტრანზიტული აღმავალი კვანძი მე-7 სახლს თუ გადის, ახალ გამოცდილებას ვიღებთ პირად და საქმიან ურთიერთობებში, ამავე პერიოდში დაღმავალი გადის 1-ელ სახლს – ნაკლებად მოგვეცემა მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირების ან დაყრდნობის საშუალება.
წყარო: შულმანი, სელესტა ტილი, პოდვოდნი.
სტატიის ავტორი: თამთა და ქეთი
მთვარის კვანძების მდებარეობა ნიშნებში
მთვარის კვანძების მდებარეობა სახლებში