მითოლოგია

მითოლოგია

მითოს — ამბავი, გადმოცემა; ლოგოს — მოძღვრება

უძველესი დროიდან ადამიანებს აინტერესებდათ სამყაროს მოწყობის სტილი – როგორ შეიქმნა, როგორ მუშაობს, რატომ ხდება ისეთი მოვლენები როგორიცაა მზის ამოსვლა-ჩასვლა, გარდაცვალება, სად მიდის ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ, ვინ შექმნა სამყარო და ა.შ.

თითოეული კულტურის წარმომადგენლები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ. მათმა წარმოდგენებმა  მითების სახით მოაღწია. მითების დახმარებით ადამიანები გარემოს უფრო პიროვნულს ხდიდნენ. ხეებს, მდინარეებს, მზეს, მთვარეს და ცხოველებს აპიროვნებდნენ, ანუ ღმერთად ან მფარველად თვლიდნენ (მაგ: ბერძნულ მითოლოგიაში მზე ჰელიოსია; ეგვიპტურ მითოლოგიაში მდინარე ნილოსის ღმერთს ოსირისი ერქვა და ა.შ.).

კლასიკური განმარტების მიხედვით, მითი არის „შემთხვევა, რომელიც ხორციელდება განსაზღვრულ სივრცეში სულ, დროის მდინარების გათვალისწინების გარეშე“ [სემიოტიკა № 3, 2008].

მითი წარმოადგენს ამბავს, ისტორიას, რომელიც უმეტესად ღმერთების საქმიანობაზე გვიქმნის წარმოდგენას. მათში მოთხრობილია როგორ შექმნეს სამყარო, ერთმანეთთან ურთიერთობა, რას განაგებდნენ. ასევე მითებში ვხვდებით გმირებს, რომლებსაც სხვადასხვა საგმირო საქმე მიეწერებათ. ანუ, მითები ერთმანეთისგან კლასიფიკაციით განსხვავდება. თქმულებები ეხება  სამყაროს წარმოშობას, ღმერთებს, გმირებს, დემონებს, სულებს, ღვთისშვილებს, დევებს და ა.შ.

ზოგჯერ მითოლოგია გაიგივებულია ზღაპართან, დაუჯერებელ ამბავთან, მაგრამ ზღაპარსა და მითს შორის განსხვავებაა. ზღაპრის შემთხვევაში მას არავინ თვლის სინამდვილედ, გამოგონილი ისტორიაა, ხოლო მითზე ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით გამოგონილია, გაზვიადებული თუ სხვა მნიშვნელობა აქვს.

კიდევ ერთი განსხვავება მდებარეობაა – ზღაპრის შინაარსში ქვეყანა ხშირად არ კონკრეტდება (“ერთ დროს, ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა…”), მითები კი კონკრეტულ ქვეყანასა და კულტურას აღწერს.

მითებს რამდენიმე ფუნქცია ენიჭება:

  • მისტიკური ან მეტაფიზიკური – ცნობიერების შეთანხმება (შერიგება) საკუთარი არსებობის წინაპირობასთან;
  • კოსმოგონიური – მითები სამყაროს კოსმოლოგიური სახის გამოხატვა – გადმოცემაა, რომელშიც ყველაფერი ერთი დიდი საკრალური სურათის, ხატის ნაწილად მოიაზრება;
  • სოციოლოგიური – სპეციფიკური სოციალური წესრიგის განმტკიცებასა და შენარჩუნებას ემსახურებოდა;
  • ფსიქოლოგიური – ხელს უწყობდა ინდივიდების ჩამოყალიბებას მათი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიზნებისა და იდეალების მიხედვით, რომელთაც ისინი დაბადებიდან სიკვდილამდე ატარებენ.

რა არის მითები – ისტორიები, რომლებსაც უფრო სიღრმისეული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე „სისულელეს,  მონათხრობს“ თუ გაზვიადებული ისტორიები? მაგალითად ბერძნულ მითოლოგიაში პერსეფონე ჰადესის მიწოდებული ბროწეულისგან 4 მარცვალს გასინჯავს და მას შემდეგ უფლება არ აქვს მიწისქვეშეთის ღმერთი მიატოვოს. ბროწეული შეგვიძლია გავიგოთ როგორც ქორწინების, ნაყოფიერების ალეგორია, რამდენადაც  მას ეს მნიშვნელობაც ჰქონდა.

ან შუმერულ მითოსში ქალღმერთი ინან(ნ)ას მიწისქვეშეთში მოგზაურობა. უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით თუ ეს ადამიანის მიერ ქვეცნობიერში მოგზაურობა და საკუთარი თავის აღმოჩენაა?

არიადნეს ძაფი და მინოტავრის დამარცხება – ალეგორიული ხასიათისაა (საკუთარი შიშების დამარცხება ქვეცნობიერის „ლაბინირთებში“) თუ რეალური, მაგრამ გაზვიადებული ისტორიაა? ამ საკითხებზე ერთად ვიმსჯელოთ.

როგორც ზემოთ დაიწერა, მითები სხვადასხვა კულტურას ეკუთვნიან. ცნობილია ბერძნული, რომაული, ეგვიპტური, შუმერული, სკანდინავიური, ქართული და ა.შ. ვეცდებით თითოეულ მითოსზე  და კულტურაზე ინფორმაცია გაგიზიაროთ.

პ.ს. დამატებით წყაროდ გამოყენებულია წიგნი „მითოლოგია“ (ავტორები: ზ. კიკნაძე, ნ. ტონია) და სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე.

სტატიის ავტორი: თამთა

მსოფლიო მითოლოგია

About Tamta

Scroll To Top