მითოლოგიის ლექსიკონი

მითოლოგიის ლექსიკონი

ადგილის დედა – კავკასიურ მითოლოგიაში: ცალკეული ფართო არეალის მქონე ადგილის (სოფელი, მთა…) მფარველი. მას მიწის ბარაქიანობასა და მოსავლის სიუხვეს შესთხოვდნენ. უფრო ვრცლად იხ. მიწის ღვთაებები

ალაურდი (ალაურდები) – კავკასიურ მითოლოგიაში: ოსების რწმენით ბატონების, ყვავილის ავადმყოფობის ღვთაება. უფრო ვრცლად იხ. ავადმყოფობის გამომწვევი ღვთაებები.

ალი – კავკასიურ მითოლოგიაში: წყლის არსება, ადამიანის მსგავსი, რომელიც მშვენიერი თმაგაშლილი ქალის სახით ეჩვენება მამაკაცს, წყალში იზიდავს და ახრჩობს. ალი ხშირად წყალში ზის ან ქვაზე და თმას ივარცხნის. თუ ამ დროს ვინმე მიეპარა და თმა შეაჭრა, ჩვეულებრივ ქალად იქცევა, სახლში გაჰყვება ადამიანს და ერთგულად ემსახურება, ვიდრე შეჭრილ თმას არ დაიბრუნებს. წავსლისას შურს იძიებს ხოლმე ოჯახზე, სადაც ტყვესავით იძულებით ამსახურებდნენ… ალებს კოჭები შებრუნებული აქვთ და ადამიანის ლაპარაკიც უკუღმა ესმით… ალს სხვად ქცევის (მაქციობის) უნარი აქვს: ვინმეს ახლობლის სახით გამოეცხადება, გაიტყუებს და რაღაც ზიანს მიაყენებს. კიდევ ერთი მავნე ჩვეულება აქვს ალს: შევა თავლაში, გამოიყვანს ცხენს, მთელი ღამე დააჭენებს და მერე გაოფლიანებულს ისევ თავლაში შეიყვანს, თან ფაფარს ისე დაუწნავს, რომ იშვიათად რომ ვინმემ დაუშალოს. ამგვარად დაწნული ფაფრით იცნობენ ხოლმე ალის ნაჭენებ ცხენს.

ანანა-გუნდა – კავკასიურ მითოლოგიაში: აფხაზთა მეფუტკრეობასა და ნადირობასთან დაკავშირებული ღვთაება; შვილოსნობისა და გვარის გამრავლების მფარველი. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

ანდრეზი - ამბავი, რომელიც რაიმე საგნის პირველად შექმნაზე, მოვლენის პირველად წარმოშობაზე თუ რაიმე დაწესებულების პირველად დაარსებაზე მოგვითხრობს. ანდრეზი შეიძლება იყოს მითოლოგიური ხასიათის, შეიძლება იყოს იურიდიული ხასიათის, რომელსაც სასამართლო პრაქტიკა ეფუძნება. „ამბავ რომ დაძველდების, ანდრეზ იქნების“, ამბობენ ხევსურეთში და ეს ნიშნავს, რომ რაიმე მომხდარი ამბავი გარკვეული დროის შემდეგ ანდრეზად იქცევა, ანუ ხდება რაიმეს ნიმუში, მაგალითი, არქეტიპი… ამბავი თუ წარსულში ხდება, ანდრეზის სახეს იგი ჩვენი არსებობის დროში მიიღებს. ანდრეზი თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას.

აშექალი- ქართულ მითოლოგიაში: ღვთისშვილთა ერთ-ერთი დობილი, რომელიც  ქაჯავეთის (ქაჯთა ქვეყნის) დალაშქვრის შემდეგ თან წამოიყვანეს. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

ბარბალე (ბარბარი/ბარბოლი) – ქართულ მითოლოგიაში: ნაყოფიერების ღვთაება. განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

ბატონები - კავკასიურ მითოლოგიაში: სნეულების მომტანი სულები. როცა ბატონები ეწვევიან ოჯახს, სადაც პატარა ბავშვია, მათ პატივით ეგებებიან; ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც მათ სიამოვნებთ. ბატონებს წითელი ფერი უყვართ, ამიტომაც ბატონებით დაავადებული ბავშვის ოთახს წითლად მორთავენ ხოლმე; ჩუმად დადიან, ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რათა როგორმე მათი გული მოიგონ და სახლიდან კმაყოფილნი გაისტუმრონ. უმღერიან საგანგებო სიმღერას „იავ ნანა, ვარდოვ ნანა, იავნანინაო…“. ვრცლად იხ: ავადმყოფობის გამომწვევი ღვთაებები

ბერმუხა - ქართულ მითოლოგიაში: ძველი მრავალწლიანი დაბერებული მუხა, ფშაური ანდრეზის მიხედვით წმინდა მუხა, რომლის საშუალებითაც ლაშარის წმ. გიორგი მორიგე ღმერთის კარამდე ადიოდა, სადაც თავისი საყმოს ვედრება და გასაჭირი მიჰქონდა. სამეგრელოში გავრცელებულია წმინდა ხის, დიდი მუხის, ჭყონის სახელით.

დალი – ქართულ მითოლოგიაში: ნადირობის ქალღმერთი, ველური/გარეული ცხოველების მფარველი. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

დასტური – ქართულ მითოლოგიაში: ჯვარის მსახური, ხელოსანი, რომელსაც ძირითადად სადღესასწაულო ლუდის დუღება ევალება. ზოგ საყმოში დასტურებს – ზოგან ორ-ორს, ზოგან ოთხ-ოთხს ან მეტს – ჯვარი ირჩევს ქადაგის შთაგონებით; ზოგან კი კენჭისყრით ირჩევენ ერთი ან ორი წლით. დასტურები ხუცესთა და ხევისბერთა ხელქვეითნი არიან, მათ ევალებათ დროშის გამოტანა ხატობის დროს, ხევისბერების დაწყალობების დროს. ხატის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე მედროშე, მეგანძური და ხატის დიასახლისი. მედროშეს ევალება ხატის დროშის ტარება და თვალყურის გდება: სადაც ჯვარიონნი წავლენ, მათ წინ მხარზე დროშით მედროშე მიუძღვის.

დედაბოძი - დარბაზული სახლის მთავარი ცენტრალური ბოძი, რომელზეც დაყრდნობილია სახლის სახურავი, მას უჭირავს თავის ბეჭზე სახლის ჭერი, როგორც ატლასს ცის თაღი. ამიტომაც იგი განასახიერებს ცისა და მიწის კავშირს, სამყაროს ღერძს. დედაბოძის ამგვარი სიმბოლურობა გაძლიერებულია იმ ორნამენტებით, რომლებითაც მორთულია იგი. ესენია: პირველ რიგში, ბორჯღალი, რომელიც მის შუაგულზეა გამოსახული; მზე და მთვარე, ვარსკვლავები, ჯვრები, წრეები, რომლებიც ძველისძველ მითოლოგიურ წარმოდგენებს გამოხატავენ.

დედა მიწა – კავკასიურ მითოლოგიაში: მიწის ღვთაებათა ტრიადაში (ფუძის ანგელოზი, ადგილის დედა, დედა მიწა) დიდი ქალღმერთი, რომელსაც ბავშვის დაბადებაში მონაწილეობას მიაწერდნენ და რიტუალებს უძღვნიდნენ. უფრო ვრცლად იხ. მიწის ღვთაებები

დევ-კერპნი - მითოლოგიურ თქმულებებში ასე იხსენებიან დევები. ორივე სიტყვა დევიც (დევ) და კერპი (კარპ) წარმოშობით ირანულია: პირველი ნიშნავს „დემონს“, „ბოროტ სულს“, მეორე – „სხეულს“, „ფორმას“, ხოლო ძველქართულ ტექსტებში – წარმართთა ცრუ ღმერთს (აქედან კერპთაყვანისმცემლობა). ძველად სპარსეთში დევ-კერპთა თაყვანისცემა იყო გავრცელებული, მე-5 საუკუნეში დარიოს მეფემ რელიგიური რეფორმა გაატარა ქვეყანაში და სასტიკად აკრძალა მათი კულტი, ისინი ბოროტ ძალებად გამოაცხადა და ასე დამკვიდრდდა შემდგომ საუკუნეებში, ასეთებად შემოვიდნენ ისინი ქართულ მითოლოგიაშიც. დევები თავების რაოდენობით განსხვავდებიან. ერთთავიანი დევები კეთილად, მაგრამ გონებასუსტებად ითვლებოდნენ.

ელია – ქართულ მითოლოგიაში: ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, რომელთანაც დაკავშირებულია დარ-ავდრის განწესრიგება ქვეყანაზე. მის სახელზე ეკლესიები აგებულია მაღალ ბორცვებზე და მთებზე. ელიას მოსამადლიერებლად სწირავდნენ თხას, რომელსაც დაკვლის შემდეგ ხელუკუღმა გადმოაგდებდნენ მთიდან. როცა ცა გრგვინავს, ამბობენ ელია დაგრიალებს ცაზე თავისი ეტლითო.

თუშოლი – კავკასიურ მითოლოგიაში: ჩეჩნებსა და ინგუშებთან – ნაყოფიერების ქალღმერთი. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

თხაგოლუჯი – კავკასიურ მითოლოგიაში: ადიღეელთა მითოსის პერსონაჟი; უოლსარის შვილი (იხ. უოლსარი), რომელმაც დედის ფუნქციები ჩაანაცვლა. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

იახსარი – ქართულ მითოლოგიაში: ფშავის ერთ-ერთი საყმოს – ქისტაურთა მფარველი ღვთისშვილი. იახსარი თავდაპირველად ხორციელი ყოფილა, წმინდა ბერი, ღვთის მლოცველი და ღვთისგან ძალმიცემული დევების წინააღმდეგ საბრძოლველად. დევები იმ დროს ცხადად იარებოდნენ, ხოცავდნენ და ჭამდნენ ხალხს. მათი შიშით ადამიანები გარეთ ვეღარ გამოდიოდნენ. ამიტომ ღმერთმა იახსარსა და კოპალას – ერთურთის მოძმეთ, ორივე წმინდა ბერს, მიჰმადლა ძალა, რათა შებრძოლებოდნენ დევებს და გაენადგურებინათ. იახსარს ნინახში (ადგილია შუაფხოში) ჰქონდა პატარა სამლოცველო და საბერო. ეს ადგილი მაშინაც მუხის ხეებით იყო დაბურული და ახლაც ასეა.

კარატის ჯვარი – ქართულ მითოლოგიაში: ხევსურეთში, კერძოდ ლიქოკის ხეობაში, ასე უწოდებენ ღვთისშვილ კოპალას, რდგან იგი პირველად კარატის მთის წვერზე დაარსდა. კარატის ჯვარი ლიქოკის საყმოს მთავარი სალოცავი და პატრონია, ამიტომაც მას ლიქოკის ჯვარის სახელითაც იხსენიებენ. ფშავისა და ხევსურეთის ღვთისშვილთაგან კარატის ჯვარი იმით გამოირჩეოდა, რომ მის დროშას ჰქონდა წყალში დამხრჩვალთა ან ზვავში მოყოლილთა მოძებნის უნარი. ხალხის რწმენით ამგვრად დაღუპულებს ავსულები და ეშმაკები ეპატრონებიან. და სწორედ ასეთ შემთხვევებში მოიყვანდნენ კარატის ხუცესს, რომელსაც სულის ხუცესი ეწოდებოდა, და იგი კარატის დროშით ეძებდა დაკარგულს. სადაც დროშა მკვდარს იპოვნიდა, ხუცესი-მედროშე იმ ადგილას დროშას დაარჭობდა, ცხვარსაც დაკლავდნენ დაღუპულის სულის პოვნისა და დაბრუნების ნიშნად. თუმცა კარატის ჯვარი ლიქოკშია დაარსებული, იგი მთელ ხევსურეთს – პირაქეთს და პირიქითს – ემსახურებოდა.

კვირია, კვირა, კვირაე (ბერძნ. კვირიოს – „უფალი“) – ქართულ მითოლოგიაში: ღვთისშვილთა შორის უპირველესი, მათგან გამორჩეული, ქრისტეს ნიშნებს ატარებს თავად სახელიდან (უფალი) დაწყებული მორიგე ღმერტის მარჯვენით ჯდომამდე: ფშავ-ხევსურული მითოსის თანახმად კვირიას კარავი უდგას მორიგე ღმერთის მარჯვნივ, ამიტომაც ასე მიმართავენ: „შენ გადიდოს, გაგიმარჯოს, კვირაევ, ხთის კარზე კარავიანო“, „დიდება დიდ კვირაეს, მაღლის ღვთის მოკარვესა“. მორიგე ღმერთთან ერთად იგი განსჯის და განიკითხავს ადამიანთა და ღვთისშვილთა სამართალს: „დიდება და გამარჯვება ძალს ღვთისას, სამართალს კვირიასას!“

კოპალა – ქართულ მითოლოგიაში: ღვთისშვილთაგან ერთ-ერთი. ფშავის (უძილაურთის) და ხევსურეთის (ლიქოკის) საყმოთა პატრონი და სალოცავია. კოპალა იყო ხორციელი, ხორციელის შვილი. ერთხელ, როცა შინ არავინ ჰყავდა, პატარა კოპალა დაიჭირეს დევებმა და თავისთან წაიყვანეს. აწვალებდნენ, ამუშავებდნენ, ისეთ საქმეს აკეთებინებდნენ, რაც არ შეეძლო. საჭმელსაც ისეთს აძლევდნენ, ადამიანისგან რომ არ იჭმეოდა. გაპარვას ვერ ახერხებდა, რადგან პატარა იყო და გზა არ იცოდა. ცოტა რომ მოიზარდა, გაიპარა და ბერებთან მივიდა. იფიქრა, ბერებთან ვილოცებ, დამბადებელს ძალას ვთხოვ და დევებს ამოვწყვეტო. ბერებმა კარგად მიიღეს, კოპალამაც ილოცა და დამბადებელმა შეუსრულა თხოვნა და იმდენი ძალა მისცა, რომ დევებს მორეოდა. მასვე მიაწერენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვის ბოროტი ძალებისაგან (იახსართან ერთად).

ლამარია – ქართული მითოლოგიაში:  დედობის, ბარაქიანობის, ნაყოფიერების, საქონლის, ხელსაქმის მფარველი ღვთაება (სვანეთში).  უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

მაზგვაშა – კავკასიურ მითოლოგიაში: ადიღეელთა ტყის მეუფე, ქალი-ღვთაება, რომელიც ჯერ ჯიხვისა და ტახის სახით არსებობდა, შემდგომ – ქალღმერთის. მოგვიანებით მამაკაცი ღვთაება მეზითხი ჩაენაცვლა. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

მეზითხი – კავკასიურ მითოლოგიაში: ადიღეელთა ტყის მეუფე, მამაკაცი ღვთაება, რომელმაც მაზგვაშა ჩაანაცვლა.

მესეფები – კავკასიურ-ქართულ მითოლოგიაში: მითიური არსებები, რომლებსაც ნადირთა მფარველობა და ამინდის გამგებლობა მიეწერებათ. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

მზექალი - ქართულ მითოლოგიაში: ღვთისშვილთა ერთ-ერთი დობილი, რომელიც  ქაჯავეთის (ქაჯთა ქვეყნის) დალაშქვრის შემდეგ თან წამოიყვანეს. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

მიქიელ მთავარანგელოზი – ქართულ მითოლოგიაში: იგივე მიქაელ მთავარანგელოზი, არხოტის ჯვარი, ხალხის რწმენით, ქისტებთან საბრძოლველად ყოფილა მოყვანილი ფშავიდან, სოფელ მათურიდან არხოტის თემში, რადგან მას მორიგე ღმერთისგან მოლოცვილი ჰქონია ბრძოლა მტრებთან და მათურაში ყოფნისას ქისტებთან ბრძოლაშ ეხმარებოდა მათურლებს. მათურაში რომ იყო დაბრძანებული, ხარის ყვირილზე გამწყრალა: ერთი ხარი მიდიოდა თურმე მის ადგილზე და გაგიჟებული ყვიროდა. მათურლებს მთავარანგელოზის ხათრი უნდა ჰქონოდათ, რომ ხარისთვის ყვირილის ნება არ მიეცათ. ხატი შემოსწყრომია მათურლებს, წამოსულა და არხოტში დაარსებულა. აქაური ხალხი მათრიანად ექცეოდა, ქალები სოფელშ ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ, ძაღლს არ აყეფებდნენ და ვირს არ აყროყინებდნენ. ამიტომ ხატი არხოტში დამკვიდრებულა.

მორიგე ღმერთი (მეორენაირად: გამრიგე ღმერთი) – ქართულ მითოლოგიაში: მამა ღმერთის, როგორც სამყაროს მომწესრიგებლის, ყოველი მოვლენისთვის რიგის მიმცემის, სახელი ფშავ-ხევსურთა რელიგიურ მითოლოგიაში. მათი რწმენით, მორიგე ღმერთს თავისი კარი აქვს, სადაც ტახტი უდგას და საიდანაც განაგებს ქვეყნიერებას. პერიოდულად მორიგე ღმერთის კარზე ადიან ღვთისშვილები, ააქვთ ადამიანთა ლოცვა-ვედრება და სათხოვარი. უკან დაბრუნებისას ისინი ადამიანებს უცხადებენ მორიგე ღმერთის ნებას, ვისთვის წყალობას და ვისთვის – სასჯელს.

ოზურმესი – კავკასიურ მითოლოგიაში: სათანეის მეუღლე.

ოჩოპინტრე – ნადირთა მწყემსი და მფარველი ქართულ მითოლოგიაში. მას შესთხოვდნენ კარგ იღბალს ნადირობაში… „ნადირთ მწყემსო ოჩოპინტრევ, შენ გეხვეწები, მამეცი ჯიხვთ თავი, მამაკვლიე! სულნი ხომ შენია ნადირთანი?”. ზოგჯერ ოჩოპინტრე სიზმრად ვაჟის სახით ეცხადება, თოფს უწვდის და ეუბნება: წამო სანადიროდ წავიდეთო. ეს იმის ცხადი ნიშანია, რომ ოჩოპინტრე უხვ ნანადირევს ჰპირდება. მწყემსი ოჩოპინტრეს ძმადნაფიცი თუ ხდება, ერთგულებასა და საიდუმლოს დაცვას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონადირეს არათუ ხელი მოეცარება, არამედ გარდაუვალი დაღუპვა მოელის. ხალხში თქმულება იყო, რომ ვინც ბევრ ნადირს ხოცავდა, ოჩოპინტრესთვის სული ჰქონდა მიცემული, რაც მონადირის საიდუმლო იყო.

პირქუში – ქართულ მითოლოგიაში: ფშავის საყმოთა მფარველი ღვთისშვილი. თავდაპირველად ხორციელი ადამიანი იყო, სახელად დავითი, ოქრომჭედელი, თასების, საბრძოლო და საყოფაცხოვრებო იარაღების  მკეთებელი. დანარჩენ ღვთისშვილებთან ერთად, დევებზე მონადირეცაა. ის მჭედლების პატრონად და შთამაგონებლად ითვლება, მისგან სწავლობენ მჭედლობის საქმეს.

როდხულაი -  კავკასიურ მითოლოგიაში: დაღესტნელთა რწმენით, ავადმყოფობასთან დაკავშირებული ღვთაება. უფრო ვრცლად იხ. ავადმყოფობის გამომწვევი ღვთაებები.

როკაპი – კავკასიურ მითოლოგიაში: ავსულთა უფროსი, რომელსაც წელიწადში ერთხელ ტაბაკონის მთაზე ხვდებოდნენ ალქაჯები და ანგარიშს აბარებდნენ თუ რა მავნებლობა ჩაიდინეს წლის განმავლობაში. ვრცლად: დემონური პერსონაჟები – ჭინკა.

სათანეი – კავკასიურ მითოლოგიაში: ნართების გვარის ფუძემდებელი, დედა და დიდი ოჯახის უფროსი; ასევე ნაყოფიერების განმასახიერებელი ღვთაება. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

სამძიმარი (სამძივარი) – ქართულ მითოლოგიაში: ხევსურეთში გავრცელებული ნაყოფიერების ღვთაება. ბევრი ნიშნით დალს ენათესავება. გადმოცემის მიხედვით, ღვთისშვილებმა ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ სხვა “ქაჯის ქალებთან” ერთად წამოიყვანეს. მოგვიანებით ღვთისშვილთა დობილი გახდა. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

სიმენქალი – ქართულ მითოლოგიაში: ღვთისშვილთა ერთ-ერთი დობილი, რომელიც  ქაჯავეთის (ქაჯთა ქვეყნის) დალაშქვრის შემდეგ თან წამოიყვანეს. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

სოსრუკო – კავკასიურ მითოლოგიაში: სათანეის უშობელი შვილი.

სუვ-ანასი – კავკასიურ მითოლოგიაში: დაღესტნელთა წარმოდგენით წყლის დედა; წყლის სული, რომელმაც შემდგომ ღვთაებრივი თვისებები დაკარგა და ავსულად იქცა. მან საკუთარი თავი შესთავაზა კაცს, შემდეგ თავისი გრძნეული თმა შემოახვია მას, რომელმაც ამას ვერაფრით დააღწია თავი. მიხვდა, თუ ქალის ნებას არ დაჰყვებოდა, ქალი მოაშთობდა. ქალმა ბეჭედი გაუკეთა თითზე და გააფრთხილა, არავისთვის არაფერი ეთქვა ამის შესახებ. კაცი დაბრუნდა თუ არა, თავის საცოლეს აჩუქა ის ბეჭედი. მესამე დღეს სუვ-ანასმა იგი წყალში დაახრჩო (სიხარულიძე 2007: 157). იხ: წყლის დედა

ტაბაკონი – ქართულ მითოლოგიაში: მთა სამეგრელოში, კუდიანების, ავსულებისა და ჭინკების შესაკრებელი ადგილი, სადაც წელიწადში ერთხელ თავს იყრინ და როკაპს, თავიანთ უფროსს, მოახსენებენ ყველა ავ საქმეს, რაც წლის განმავლობაში ჩაუდენიათ, და დავალებებს იღებენ სამომავლოდ.

უორსარი – კავკასიურ მითოლოგიაში: ადიღეელთა მითოსური პერსონაჟი, დედაბერი, რომელიც ყოვლისმცოდნედ, წინასწარმეტყველად და კერიის მფარველად ითვლებოდა. უფრო ვრცლად იხ: ნაყოფიერების ქალღვთაებები კავკასიურ მითოლოგიაში

ფუძის ანგელოზი – კავკასიურ მითოლოგიაში: ოჯახის მფარველი ღვთაება, რომელსაც თავდაპირველად გველის, მოგვიანებით კი ქალის სახით წარმოიდგენდნენ. უფრო ვრცლად იხ. მიწის ღვთაებები

ღვთის კარი – ქართულ მითოლოგიაში: ხევსურული თქმულების მიხედვით, აქ იკრიბებიან ღვთისშვილები, თავ-თავიანთი საყმოების გასაჭირს მოახსენებენ მორიგე ღმერთს,  მის გადაწყვეტილებებს ისმენენ და დავალებებს იღებენ.

ღვთისშვილი – ქართულ მითოლოგიაში: მორიგე ღმერთის გაჩენილ და ადამიანთა სახსნელად დედამიწაზე გამოგზავნილ ანგელოზურ არსებათა საერთო სახელი, (სხვანაირად ჯვარი, ანგელოზი, ღვთისნაბადები, ღვთისნასახი). ფშავ-ხევსურთა თქმულებით, ზოგი ღვთისშვილი დაბადებით ხორციელი ადამიანი იყო და მერე გადაიქცა უსხეულო არსებად – ღვთისშვილად და ჯვარად, ზოგი კი თავიდანვე სულიერი არსებები იყვნენ, ოღონდ მორიგე ღმერთმა ისინი ხორციელად ჩამოაგზავნა დედამიწაზე ადამიანთა საშველად, დევების ძალმომრეობისგან მათ გასათავისუფლებლად.

ჩხუდანი – ქართ. მითოლოგია: წმინდა ქვა, ოჯახის კერპი, სახლის სალოცავი. უფრო ვრცლად იხ. ჩხუდანი

ძიძლანი – კავკასიურ მითოლოგიაში: აფხაზურ მითოლოგიაში წყლის ღვთაება. ადრეულ საფეხურზე მას წვიმასაც შესთხოვდნენ. შემდეგი დროის თქმულებებში იგი ალის მსგავს ავსულ ქალად იქცა. აფხაზურ მითოლოგიაში სხვა ბინადარი ქალებიც არიან. ისინი ღამე გამოდიან და მამაკაცების შეტყუებას ცდილობენ. წყარო: nplg.gov.ge იხ: წყლის დედა

წყლის დედა – კავკასიურ მითოლოგიაში: წყლის ღვთაება, ავსული, რომელიც უმეტესად მამაკაცებს აცდუნებს. დაღესტანში – სუვ-ანასი ჰყავთ, აფხაზეთში – ძიძლანი, ჩეჩნები – ხი-ნანას უწოდებენ. ვრცლად იხილეთ: წყლის დედა

ჭინკა – კავკასიურ მითოლოგიაში: დემონურ პერსონაჟთაგან ერთ-ერთი, რომელიც ადამიანს ზიანს აყენებს. ბავშვური ხმით ადამიანები ადვილად შეჰყავს შეცდომაში. ის თმებს უფრთხილდება, რადგან თუ ადამიანის ხელში ჩავარდა, მისი მორჩილი ხდება. ვრცლად: დემონური პერსონაჟები – ჭინკა.

ხი-ნანა – კავკასიურ მითოლოგიაში: ჩეჩნებსა და ინგუშებთან წყლის დედა.

ჯარა – კავკასიურ მითოლოგიაში: აფხაზთა მებოსტნეობისა და მემინდვრეობის მფარველი.

ჯაჯი- კავკასიურ მითოლოგიაში: აფხაზთა ნათესების მფარველი.

შედგენილია შემდეგი წიგნების მიხედვით:

ქ. სიხარულიძე – “კავკასიური მითოლოგია”

ზ. კიკნაძე –  ”ქართული მითოლოგია”, ბაკმი, 2007

Scroll To Top