მითოლოგიური სიმბოლოები

მითოლოგიური სიმბოლოები

ეგვიპტური ანხი

ჯვარი

ჯვარი ქრისტიანობის ყველაზე გავრცელებული ნიშანია, ის ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. ქრისტიანებს ძველად წარმართები „ჯვრის თაყვანისმცემლებს“ უწოდებდნენ, მაგრამ ჯვრის გამოსახულება ქრისტიანობამდე გაცილებით ადრე არსებობდა. მას ვხვდებით ქრისტეს შობამდე თითქმის ყველა კულტურასა და ცივილიზაციაში. რას გამოხატავს ეს სიმბოლო?

პირველ რიგში, ის გამოხატავს ორიენტაციას სივრცეში. ის შეიცავს ზემოსა და ქვემოს, მარჯვენისა და მარცხენის გადაკვეთის წერტილს. ჯვარი უხილავად იმყოფება სამოთხის ბიბლიურ აღწერილობაში. სამოთხის ოთხი მდინარე, რომლებიც ერთი წყაროდან გამოედინებიან, ჯვრის სახეს ქმნიან. წრეში ჩახატულ ჯვარს კოსმოგონიური მნიშვნელობა აქვს, მისი ვერტიკალური მკლავი ის ღერძია, რომლის ბოლოები წარმოადგენენ ზენიტს და მის საპირისპირო წერტილს – ნადირს.

ამავე დროს ის გამოხატავს წელიწადის დანაწილებას ოთხ სეზონად. კვადრატში ჩახატული ჯვარი იდეალური ქალაქის სიმბოლოა: ჯვარი ხომ ოთხ თანაბარ ნაწილად ყოფს კვადრატს. კვადრატის (ე.ი. ქალაქის) ცენტრში იკვეთება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმავალი ქუჩები.

და ბოლოს, საინტერესოა, რომ ჯვარი ხელებგაშლილი ადამიანის სქემატური გამოსახულებაა, ამიტომაც ჯვარი შეიძლება ადამიანის სიმბოლოდ ჩავთვალოთ. ჯვრის ბევრი სახეობა არსებობს. ქრისტიანულ რელიგიაში თითქმის ყველა ფორმაა გამოყენებული, დაწყებული ძველეგვიპტურიდან, რომელსაც ეწოდება „ანხ“ (სიცოცხლე) – მას იყენებდნენ კოპტურ ეკლესიაში – ტოლმკლავებიანი ჯვრით დამთავრებული.

სვასტიკის სიმბოლო სახლის სახურავზე. სეული

სვასტიკის სიმბოლო შენობის სახურავზე. სეული.

სვასტიკა

სვასტიკა ჯვრის სახესხვაობაა. ჯვრის მკლავების ბოლოები რომ გადავხაროთ, სვასტიკას მივიღებთ. გადახრილი მკლავები მოძრაობის მიმართულებას მიუთითებს. ის თითქოს მოძრავმკლავებიანი ჯვარია. სვასტიკის სიმბოლ განსაკუთრებით ინდურ კულტურაშია გავრცელებული. ინდურ ბუდისტურ რელიგიაში მას „ბუდას გულის ბეჭედს“ უწოდებენ, ტიბეტში კი ბედნიერებისა დ მფარველობის ნიშნად მიიჩნევენ. ჩინელების წარმოდგენით, სვასტიკა გამოხატავდა წელიწადის სეზონების შეუწყვეტელ მონაცვლეობას. სვასტიკა მზის სიმბოლოდაც არის მიჩნეული.

ბორჯღალი. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია; სოფელი თაგილონი

ბორჯღალი

გავრცელებული შეხედულებებით, ბორჯღალი წარმოადგენს თავისი ღერძის, ანუ მკლავებს გადაკვეთილს წერტილის გარშემო მბრუნავ სვასტიკურ ჯვარს. ანუ სვასტიკა რომ თავისი ღერძის გარშემო დავაბრუნოთ, ბორჯღალს მივიღებთ. ფიქრობენ, რომ ამგვარად შექმნილი ეს მოძრავი (დინამიური) ფიგურა არის სიცოცხლის, ცეცხლის, მზის, მარადიულობის, მარადი განახლების სიმბოლო.

ბორჯღალი მიჩნეულია ქართულ ხალხურ სიმბოლოდ, მას ვხვდებით საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში კიდობნებზე, დარბაზული სახლების დედაბოძებზე და სხვა ნივთებზე. განსაკუთრებით გავრცელებულია სვანეთში, ხევსურეთში. ხევსურულ ყოფაში ხშირი იყო წრეში ჩახატული ბორჯღალები, რომელთაც ადგილობრივ დიალექტზე „ბორჯღლიან მირგვალაი“-ს უწოდებენ.

უკანასკნელ ხანს ბორჯღალის სახეცვლილება გამოჩნდა ეროვნული ფულის ნიშნებზე როგორც ქართული ეროვნული სიმბოლო.

ბორჯღალის გავრცელების არე არ შემოიფარგლება საქართველოთი. ანალოგიური გამოსახულებები გვხვდება ძველი კულტურის ხალხების ხელოვნებაში, როგორც დამოუკიდებლად, ისე ჩუქურთმებში.

წრე

წრე ყველაზე გავრცელებული და ამიტომაც საყოველთაო გეომეტრიული სიმბოლოა. მისი სრულყოფილი ფორმა ადრიდანვე გაცნობიერებული იყო და მას ხშირად ღვთაების ნიშნად მიიჩნევდნენ. ღმერთი არის წრიული სფერო, რომლის ცენტრი ყველგან არის. წრე ცას გამოხატავს. მას, როგორც ცას (ცარგვალს) არც დასაწყისი აქვს და არც ბოლო, არც მიმართულება. წრე ზოგიერთი ხალხის, მაგალითად, ეგვიპტელების წარმოდგენით მარადისობის სიმბოლოა. მარადისობის იდეა ხშირად გამოიხატებოდა წრიულად დახვეული გველის სახით, რომელსაც კუდი პირში უჭირავს. ეს ეგვიპტური იეროგლიფი დროისა და სივრცის, უსასრულობის ნიშანია.

 

ბორბალი

ბორბალი, როგორც წრის ფორმის საგანი, იმეორებს წრის სიმბოლიკას. ამავე დროს, ბორბალიც, როგორც ბორჯღალი, თავისი ცენტრის გარშემო დატრიალებული ჯვარია. თუ დავატრიალებთ წრეში ჩახატულ ჯვარს, მისი მკლავები ბორბლის მანებად გარდაისახება. ეს მანებია, რომელიც ბორბალს მოძრავ საგნად აქცევს. ასე, რომ ჯვრიანი ბორბალი ცის კიდობაზე მოძრავი მზის სიმბოლოა. აქედან მოდის წარმოდგენა მზის ეტლზე, რაც ძალიან გავრცელებული იყო ძველ მითოლოგიებში, განსაკუთრებით ელინურში. აქ ცნობილია ჰელიოსის ეტლი, რომელსაც ფაეტონი მართავს. ბორბალი მთელი კოსმოსის, მისი წრიული მოძრაობის სიმბოლოც არის.

კვადრატი

თუ წრეს ორიენტაცია არ გააჩნია, კვადრატი მის საპირისპიროდ ოთხივე კუთხის მიმართულებით გამოხატავს ორიენტაციას. ამით ის ჯვარს ენათესავება. ამის გამო კვადრატი დედამიწის სიმბოლოდ მიიჩნევა და უპირისპირდება წრეს, ცის სიმბოლოს. ამიტომაც იგი ხშირად შენობებისა და ქალაქების გეგმას უდევს საფუძვლად. წრეში ჩახატული კვადრატი ცისა და მიწის ერთიანობას, ანუ კოსმოსს გამოხატავს. ძველთაგანვე ადამიანი ცდილობდა კვადრატი წრედ ექცია, მაგრამ ამაოდ. კვადრატი რაციონალურ რიცხვზეა აგებული, წრე კი – ირაციონალურზე. რაც არ უნდა ვეცადოთ კვადრატის გარდაქმნას წრედ, ამას ვერ მოვახერხებთ. ეს შეუძლებლობა გვიჩვენებს ზეციერისა და მიწიერის ერთმანეთისადმი შეუსაბამობას.

სამკუთხედი

ამ გეომეტრიულ ფიგურას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს იმისდა მიხედვით, თუ როგორ პოზიციაში დავაყენებთ მას. ფუძით ქვემოთ და წვერით მაღლა მიმართული სამკუთხედი მთის სიმბოლოა, რამდენადაც თვალსაჩინოდ გამოსახავს მთის სქემატურ ნახაზს. ამრიგად, ის სიმაღლისკენ, ცისკენ სწრაფვას მიგვანიშნებს. წვერით ქვემოთ და ფუძით ზემოთ მიმართული სამკუთხედი სიღრმის სიმბოლოა. ამგვარად დახაზული სამკუთხედი გვაგონებს გულის სქემატურ ნახაზს, გული კი სიღრმეს გულისხმობს.

სამკუთხედს სხვა სიმბოლური დატვირთვაც აქვს. წვერით ზემოთ მიმართული სამკუთხედი მამაკაცურ, ხოლო ქვემოთ მოქცეული – ქალურ (დედაკაცურ) საწყისს განასახიერებს. პირველი ცეცხლისა და ჰაერის სიმბოლოა, მეორე – წყლისა და მიწისა, ზოგადად ცისა და მიწისა.

ერთმანეთზე გადაჭდობილი ორი სამკუთხედი, რომელიც ექვსქიმიანი ვარსკვლავის სახეს იღებს, ებრაელთა ეროვნულ-რელიგიური ნიშანია – „დავითის ფარი“ ან „სოლომონის ბეჭედი“. იგი გამოხატავს ცისა და მიწის ერთიანობას. ეს ფიგურა გამოსახულია ისრაელის სახელმწიფო დროშაზე.

სულიწმინდის გამოსახულება მტრედის სახით. "წმინდა სამება". Antonio De Pereda

მტრედი

მტრედი მშვიდობის, თვინიერებისა და სიწმინდის სიმბოლოა. ქრისტიანები ძველად ადამიანის სულს მტრედის სახით გამოსახავდნენ: მარადიულ სიცოცხლესთან ზიარების ნიშნად ისინი  ბარძიმს ეწაფებოდნენ. ხოლო ეკლესიას „მტრედის სახლს“ უწოდებენ (ქართულ მითოსში გვაქვს მითი „ეკლესიის მაშენებელი მტრედი“).  იგი უპირისპირდება გველს, რომელიც ბუდეს მიწის ხვეულებში იკეთებს. ქრისტიანობაში სულიწმინდის ერთადერთი გამოსახულება მტრედია. ასევე, მტრედი ინანას, ათენასა და აფროდიტეს წმინდა ფრინველად ითვლებოდა.

გველი

გველი, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს (ouroboros). შოტლანდია.

გველი ძველთაგანვე სიბრძნისა და ცბიერების სიმბოლოა. ის ორმხრივი ბუნებისაა, კეთილიც და ბოროტიც. ძველი ქრისტიანები ქრისტეს „კეთილ გველს“ უწოდებენ. იმის გამო, რომ გველი გაზაფხულობით კანს იცვლის და თითქოს მეორედ იბადება, გაახალგაზრდავებისა და განახლების სიმბოლოდ მიიჩნევა. გველის მომწამვლელ შხამს ამავე დროს განმაკურნებელი ძალა აქვს, ამიტომაც ძველ ბერძნებთან მკურნალობის მფარველ ღვთაების წმინდა ცხოველად ითვლებოდა. მიწის სოროებში მცხოვრები გველი ხთონური სამყაროს განსახიერებაა, თითქმის ყველა ხალხის მითოლოგიაში გველი დარაჯობს მიწაში ჩამარხულ საიდუმლო განძს. წრიულად დახვეული გველი, რომელსაც თავისი ბოლო პირით უჭირავს – მარადიულობის გამომხატველია.

კარი, ზღურბლი, კიბე, ხიდი

ეს საგნები წარმოადგენენ ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გადასასვლელის სიმბოლოებს. კარის საშუალებით შევდივართ გარედან შიგნით, კარი გვიშვებს შიგნით, როცა ღიაა და გვაბრკოლებს, როცა დახურულია. ზღურბლი გარე და შიდა სფეროების გამყოფია, ზღურბლზე მდგარი არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის – არც გარეთ არის, არც შიგნით. ზღურბლი მოსარიდებელი ადგილია. ალექსანდრე ყაზბეგი წერს ერთ თავის რომანში: „ნაბდიანები გარეთ დარჩნენ, რადგანაც მთის ჩვეულებებით, სანამ მასპინძელი არ გამოვიდოდა… ისინი კარის ზღურბლს ვერ გადასცდებოდნენ“. „ზღურბლის გადალახვა“ ადამიანის მდგომარეობის შეცვლის, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის, ადამიანის ფერისცვალების სიმბოლოა.

კიბე და ხიდი ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავებული სფეროების კავშირის სიმბოლოებია. კიბით დაბლიდან მაღლა ავდივართ, ამიტომაც კიბე სიმბოლოა მიწისა და ცის კავშირისა. ცნობილია ბიბლიური იაკობის კიბე და ლაშარის ბერმუხის კიბე (ლაშარის მუხის მითოსი). კიბე გამოხატავს ადამიანის თანდათანობით (საფეხურეობრივად) სულიერ ზრდას და ამაღლებას.

ხიდი, რომელიც მდინარის ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს, წარმოადგენს სააქაო და საიქიო სამყაროების დამაკავშირებელ სიმბოლოს. მდინარე ყოფს მათ, ხიდი კი აერთებს. ამ ხიდს ზოგიერთი ხალხის წარმოდგენაში „ბეწვის ხიდის“ სახე აქვს. ცოდვებით დამძიმებულ სულს ვერ უძლებს „ბეწვის ხიდი“ და ცოდვილი ადამიანი ადუღებული კუპრის მდინარეში ვარდება, უცოდველნი კი მსუბუქად გადიან გაღმა მხარეს.

ხიდის სიმბოლიზმი კარგად ჩანს ძველ რომაელთა ქურუმის სახელწოდებაში „პონტიფექს“, რაც ნიშნავს „ხიდის მკეთებელს“. ქურუმი ის ადამიანია, ვინც კავშირს ამყარებს ადამიანურ და ღვთაებრივ სფეროებს შორის. ტიტული პონტიფექსი დღემდე შერჩა რომის პაპს.

კვერთხი, გვირგვინი

კვერთხი, რომელიც წარმოშობით სხვა არაფერია, თუ არა მწყემსის კომბალი, მეფის უზენაესი ხელისუფლების სიმბოლო გახდა. ძველბერძნულ ენაში მწყემსის კომბალი და სამეფო კვერთხი ერთიდაიგივე სიტყვით გამოიხატება – ეს არის „სკეპტრონ“. აქედან სკიპტრა – იგივე კვერთხი. ის მეფის ხელში იგივეა, რაც კომბალი მწყემსის ხელში. მწყემსი კომბლით მირეკავს ცხვარს, აგროვებს ერთ ადგილზე, უგერიებს მტაცებელ მხეცებს. მეფე კი კვერთხით სიმბოლურად მართავს თავის ხალხს, სამეფოს. ბიბლიიდან ვიცით, რომ ისრაელის მეფე დავითი, სანამ მეფე გახდებოდა და კვერთხს იპყრობდა ხელთ, მწყემსი იყო და კომბალი ეჭირა. შეიძლება ითქვას, რომ მისი კომბალი კვერთხად გარდაიქმნა.

გვირგვინი მეფის თვალსაჩინო ნიშანია. გვირგვინი არ არის უბრალო თავსაბურავი, იგი მის პატროს ყველა ადამიანთა შორის გამოარჩევს, როგორც ყველაზე აღმატებულს. სამეფო გვირგვინის მასალა ყოველთვის ოქროა, რადგან ოქრო მზის მეტალია, მზე კი სამეფო მნათობია. გვირგვინი წრიულია და მისი წაწვეტებული „კბილები“ მზის სხივებს განასახიერებენ.

წყარო: ზ. კიკნაძე – „მითოლოგია“; გამომცემლობა ლოგოს პრესი, 2001 წ.


About Tamta

Scroll To Top