მითრა (თარგმანში მითრა ნიშნავს-მოლაპარაკებას, შეთანხმებას) ინდოარიული მარად ახალგაზრდა ღვთება, რომელმაც გავრცელება ჯერ აქემენიდურ სპარსეთში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში ჰპოვა. მითრა სამართლიანობის ღვთაებაა, რომელიც სჯის ყველა ფიცის დამრღევვთ, ასევე დაკავშირებულია მზესთან, ის მზეზე ადრე ამოდის ცის კაბადონზე, ის მეომარი ღვათაებაა რომელიც ბოროტებას, ბოროტ ძალებს ებრძვის.მითრას გამოსახავდნენ, როგორც ცხენზე ამხედებულ ახალგაზრდა უწვერულ ყმაწვილს ფრიგიული ქუდით და თანმდევი ცხოველებით: ღორი, ყვავი, გველი, მამალი.
მითრას კულტი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თაყვანსაცემი ღვთაება იყო. მის კულტს რომაელები გნეუს პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობების დროს გაეცნენ და ჯარისკაცთა შორის თავიდანვე დიდი პოპულარობით დაიწყო სარგებლობა. მითრა უბრალო ხალხის, დაბალი ფენის წარმომადგენელთა მფარველი ღვთაებაა.
აქემენიდურ ირანში ზარატუშტრას მიერ გატარებული რეფორმების შემდეგ მითრას კულტი მეორე კატეგორიის ღვთაებათა ე.წ იაზატთა ფენაში გადაიტანეს და უმაღლეს ღვთაება აჰურამაზდას დაუქვემდებარეს, ანუ ძველი წელთაღრიცხვის შემდეგ უმაღლეს ღვთაება აჰურამაზდასადმი დაქვემდებარებული ხდება, ეხმარება რა უმაღლეს აჰურას ტყუპისცალი ძმის ბოროტ ძალა არიმანთან (აჰრიმანთან) ბრძოლაში. ეს ფუნქცია-ბოროტი ძალებისადმი მეომარის არც ელინისტურ პერიოდში დაუკარგავს და არც ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ.
რატომ სარგებლობდა ესეთი პოპულარობით მითრა ელინისტურ სამყაროში? პირველ რიგში ის პასუხობდა პლებეების მოთხოვნებს, ის ჩაგრულთა მფარველი ღვთაებაა, რომელიც უბრალო ხალხს ჰპირდებოდა რომ “თუ იცხოვრებ ღირსეულად სიკვდილის შემდეგ მუდმივი სიცოცხლე გელის”, ანუ იმქვეყნიურ ცხოვრებას ჰპირდებოდა. სწორედ იმიტომ რომ ეს ღვთაება ჩაგრულთა ნუგეშად ევლინებოდა ხალხს არის მიზეზი მისი პოპულარობისა. ეს ღვთაება არჩევს სროშას და რაშნუს დახმარებით ვინ მოხვდება „ჯოჯოხეთში“ და ვინ მოხვდება „სამოთხეში.“ მითრა ერთ-ერთი იმ ღვთაეაბათაგანია, რომელთან ბრძოლაც ქრისტიანობას გაუჭირდა.
ქრისტიანული რელიგიამ სახელმწიფო რელიგიად ცნობის შემდეგ, აირჩია ბრძოლის ორიგინალური გზა, დაიწყო კერპთაყვანისმცემელთა, წარმართთა „დევნა“, ანუ ეს იყო პირველი კლასიკური მაგალითი ჯვრით და მახვილით ბრძოლისა (გავიხსენოთ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობის ბრძოლის მაგალითი წარმართობასთან მე-4 საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინო კახეთისკენ მიემართება ქრისტიაონობის გასავრცელებლად, მას კი თან ახლავს მეფე მირიანისგან ბოძებული არმია: „მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახჳლითა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნეთ ძესა ღმრთისასა და ვათაყუანნეთ პატიოსანსა ჯუარსა…..ხოლო მათ არა ინებეს ნათლის-ღება. მაშინ ერის-თავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახჳლი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი“.), ორიგინალობა კი იმაში მდგომარეობდა რომ კერპებს რომლებიც პოპულარობით სარგებლობდა ხალხში და რთული იყო მათთან ბრძოლა, ახალი რელიგია შეეცადა შეეთავსებინა ქრისტიანულ რელიგიასთან (ანუ ძველი ღვთაება ახალი სახელით, რომელიც თავის თავდაპირველ ფუნქციებს არ დაჰკარგავდა).
ასე მოხდა მითრასთან დაკავშირებითაც. მითრას სახელი, როგორც ღვთაებისა დაიკარგა (თუმცა მისი სახელი დღესაც პოპულარობით სარგებლობს, მაგალითისთვის სახელი მირიანი ღვთაება მითრას სახელისგან მომდინარეობს. მირიანი იყო პირველი ქრისტიანი მეფე საქართველოს ისტორიაში), ანუ მითრას როგორც ღვთაების სახელი გაქრა, თუმცა როგორც მამაკაცის საკუთარი სახელი შემორჩა, რადგანაც ქრისტიანობასთან ასოცირდებოდა.
მივყვეთ მითრასთან და ქრისტიანობასთან დაკავშირებულ დამთხვევებს. პირველ რიგში მითრაიზმის მორალი არაფრით არ განსხვავდება ქრისტიანობის მორალისგან: ადამიანმა უნდა არჩევანი გააკეთოს ბოროტსა და კეთილს შორის, ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში უნდა იყოს სამართლიანი, ბრძენი და და კეთილი საქმეები აკეთოს. როგორც მეცნიერი ნ. კუნი თავის ნაშრომოში შენიშნავდა: „მითრა ისევე როგორც ქრისტე ითვლებოდა შუამავლად ღმერთსა და ადამიანებს შორის. ქრისტეც და მითრაც ებრძვიან ბოროტებას, როგორც მითრა ებრძვის აჰრიმანს ისევე იბრძვის ქრისტე სატანას წინააღმდეგ,ისევე როგორც მითრა რომელიც კეთილი საქმეების ჩადენის შემდეგ უმაღლეს აჰურთან ადის ზეცაზე, ისვე ადის ზეცაზე მამა ღმერთთან ქრისტეც…….
ბევრი საერთო აქვთ ქრისტიანულ და მითრაისტულ რიტუალებსაც, მითრას კულტთან დაკავშირებით არსებობდა განბანვის რიტუალი (ავტორის შენიშვნა: ერთ-ერთი მეცნიერის ჯონ რობერტსონის ვარაუდით სახელი მითრა უნდა იყოს კავშირში ებრაულ სიტყვა MTR თან რაც ნაკურთხ წყლად ითარგმნება, ამის დასტურად გარდა ამ ებრაული სიტყვისა მეცნიერს მოჰყავს ის ვარაუდი, რომ არც ძველ ბერძნულში და არც ლათინურში არ გვხდება სიტყვა, რომელიც იქნებოდა შესატყვისი სიტყვისა მითრა, რომლიდანაც მოდის სახელწოდება იმ თავსაბურავისა, რომელსაც ქრისტიანულ სამყაროში სასულიერო პირები ატარებენ- mitra) (Н. А. Морозов “Христос” 4 Книга, Часть 5 იხილეთ ბმულზე: http://www.doverchiv.narod.ru/morozov/4-05-02.htm ), რომლის დროსაც ცოდვებისგან განბანვა ხდებოდა. მითრაისტების ტრაპეზას კი პირდაპირი კავშირი აქვს ქრისტანულ საიდუმლო სერობასთან, რომლის დროსაც რიტუალის მონაწილენი მიირთმევდნენ წყალში აზელილ პურს, ისევე როგორც ეს რიტუალი უკავშირდებოდა მითრას უკანასკნელ მიწიერ ტრაპეზას, ისევე ქრისტესთან დაკავშირებული საიდუმლო სერობაც უკავშირდებოდა მის ამქვეყნიურ, მიწიერ უკანასკნელ ტრაპეზას“ (სრულად იხილეთ: «Предшественники христианства (восточные культуры в Римской империи)» (1922) (ავტორის შენიშვნა: ახ.წ.აღ. მე-2 საუკუნეში მოღვაწე იუსტინე მოწამის ნაშრომში: „საუბარი ტრიფონ იუდეველთან“ ერთგან საუბარია სავარუადოდ მითრას მიმდევრებზე, რომლებიც ასევე თავისი რიტუალების დროს იყენებენ პურს და ჭიქა წყალს (ა.შ. შესაძლოა ღვინოს) და რაღაც სიტყვებს წარმოთქვამენ, ამას კი იუსტინე სატანის ქმედებს მიაწერს, რომ ჭეშმარიტი რელიგიის (ქრისტიანობის) მიმდევარნი დააბნიოს. (იხ: Юстин ( Иустин) Мученик Раглвлр с Трифоном-Иудеем (Публикуется по изданию Сочинения святого Иустина философа и мученика М 1891 – იხილეთ ბმული: http://khazarzar.skeptik.net/books/justinus/tryphon.htm).
მითრას დაბადების დღეს წარმართულ სამყაროში 25 დეკემბერს აღნიშნავდნენ (ამაზე ყურადღება ქართველი მეცნიერებიდან ჯერ კიდევ სერგი მაკალათიამ გაამახვილა ნაშრომში „ჯეგე მისარონის კულტი საქართველოში“, უცხოელებიდან კი ჯეიმს ჯორჯ ფრეზერის ნაშრომს „ოქროს რტოს“ გამოვყოფდი). ქრისტიანობამდელ სამყაროში (ანუ სანამ ქრისტიანობა დომინანტი გახდებოდა) 25 დეკემბერს მზის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. წარმართულ სამყაროში სჯეროდათ, რომ ამ დღეს მდიდარი მსხვერპლის და ცეცხლის დანთებით სამსხვერპლოზე შესაძლებელი იყო ხელი შეეწყოთ „მზის დაბადებისთვის“ ანუ იმისთვის რომ თბილი დღეები მალე დამდგარიყო. რომში მითრასადმი დღესასწაულს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და თითქმის მთელს იმპერიაში აღინიშნებოდა. დასაწყიში ამ დღესასწაულში მონაწილეობას ქრისტიანებიც ღებულობდნენ და მითრაისტებთან ერთად აღნიშნავდნენ.
ქრისტიანული ეკლესიის მამები ხედავდნენ რა მითრას პოპულარობას იმპერიაში შეეცადნენ ეს დღესასწაული დაეკავშირებინათ იესო ქრისტეს დაბადებასთან და ამით მოეხდინათ „წარმართული“ და ქრისტიანული რელიგიების სინთეზი, რასაც მათი აზრით ქრისტიანობის პოზიციების გამყარება უნდა მოჰყოლოდა. აი რას წერდა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის მამათაგანი: „25 დეკემბერს წარმართები მზის შობას აღნიშნავდნენ, უნთებდნენ რა მას კოცონს, სამსხვერპლო ცეცხლს. ამ დღესასწაულში მონაწილეობას ქრისტიანებიც ღებულობდნენ. დაინახეს რა ქრისტიანული ეკლესიის მამებმა რომ ქრისტიანიბის მიმდევარნი აქტიურად ჩართულნი იყვნენ ამ დღის აღნიშვნაში, გააკეთეს შემდეგი ნამდვილი შობის აღნიშვნის დღესასწაული 25 დეკემბერს გადაიტანეს, დატოვეს რა 6 იანვარიც, როგორც ღვთის მოვლინების დღე, ასე შეძლეს მათ ამ დღესასწაულის და ცეცხლის დანთების ტრადიციის შენარჩუნება“ (Алмазов Сергей Францевич и Питерский Петр Янович ПРАЗДНИКИ ПРАВОСЛАВНОЙ ЦЕРКВИ–http://lib.rus.ec/b/340895/read).
საინტერესო ფაქტს ვაწყდებით საქართველოში 25 დეკემბრის აღნიშვნასთან დაკავშირებით ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში. გ. ჩუბინაშვილი ნეკრესის სამლოცველო კომპლექსში შემავალ ერთ-ერთ დარბაზული ტიპის ტაძარში, რომელიც მე-4 საუკუნითაა დათარიღებული, წარმართულ (საკულტო) ნაგებობას ხედავდა (Чубинашвили Г. „Архитектура Кахетии“ Тб. 1959 ст. 38), რომელიც ლ. ჭილაშვილმა მითრეუმად მიიჩნია (ჭილაშვილი ლ. „ნეკრესის წარმართული სამლოცველოები“ თბ.2000 გვ.44-59). მეცნიერთა აზრით არსებული წარმართული ტაძარი, სავარაუდოდ მითრეუმია, მათ ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ეს ერთადერთი სამონასტრო კომლექსი (ქრისტიანული სამლოცველო ადგილი) გახლავთ სადაც 25 დეკემბერს ღორს სწირავენ მსხვერპალდ, ქრისტიანობამდელ სამყაროში კი ღორს ღვთაება მითრას სწირავდნენ: „საქართველოში თითქმის ყველგან წესად იყო, რომ შობის დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ-ერთ გადმონაშთთან…25 დეკემბერი, ქრისტიანული შობის დღესასწაული, ქრისტიანობამდე ჩვენშიც იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხოველად ითვლებოდა (კ.კეკლლიძე „ქრისტიანობა და მითრაიზმი, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ.1945 გვ.351 და მაკალათია. ს. „ღვთაება მითრას კულტი საქართველოში“, თბილისი საქ. მუზეუმის მოამბე 3, გვ.179, თბ.1926).
მეტი თვალსაჩინეობისთვის წარმოგიდგენთ ამ მითრეუმის ფოტოს ნეკრესის სამონასტრო კომპლექსიდან, რომელიც არცერთ სხვა ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ჩარჩოებში არ ჯდება:
კლასიკური მითრეუმი განთავსებული იყო კლდეებში, სადაც მდებარეობდა მითრას მიმდევართა სატრაპეზო, რომლის ცენტრშიც აღმართული იყო მითრასადმი მიძღვნილი სამსხვერპლო, ან კერპი. ძველი კლდის მითრეუმები ძალაუნებურად მოგავგონებს საქართველოში, დავით გარეჯში საბერეებთან არსებულ სატრაპეზოებს, რომლებიც ასევე კლდეში მდებარეობს და მე-6-მე-7 საკუკუნეებით თარიღდება, მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ მითრეუმისა და დავით გარეჯის სატრაპეზოს ფოტო მასალას:
უცნაური სულაც არ არის რომ მითრეუმის ანალოგი ყოფილიყო დავით გარეჯში. დავით გარეჯელი ერთ-ერთი ასურელი მამაა, რომელიც საქართველოში მე6-მე-7 საუკუნეებში მოღვაწეობდა და სხვა ასურელი მამების მსგავსად ქრისტიანული რელიგიის გამყარების მიზნით ჩამოვიდა საქართველოში, სხვა ასურელი მამების ცხოვრებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმართობას და წარმართულ კერპებს ებრძვიან, დავით გარეჯელის ცხოვრებაში პირდაპირ მინიშნებას წარმართობასთან ბრძოლასთან დაკავშირებით არ ვხდებით, თუმცა ვხდებით გველეშაპთან ბრძოლის სცენას, ამასთან დაკავშირებით ჩვენს ნაშრომში „იბერიის სამეფოს წარმართული ღვთაებები“ (თბ.2007, გვ. 76) გამოვთქვით ვარაუდი, რომ „დავით გარეჯელის ცხოვრებაში გველეშაპი ბნელეთის ძალებთან, ეშმაკთან ასოცირდება, რადგანაც ქრისტიანობის დამკვიდრებიდან ურჩხული (გველეშაპი) წარმოიდგინებოდა, როგორც ბოროტი, დამანგრეველი ძალა და დემონური სიმბოლო, რომელიც სულიერ საგანძურამდე მიმავალ გზას იცავს. მასზე გამარჯვება, სულის გამარჯვებაა კოსმოსზე…დრაკონის დამმარცხებელნი იყვნენ: ინდრა, აპოლონი, ზევსი, მითრა,ჰერაკლე და წმინდა გიორგი“.
აჰრიმანი – ბოროტი ძალა ზოროასტრულ ტრადიციაში ვეშაპთან (გველეშაპთან) იყო გაიგივებული, რომელის წინააღმდეგაც მითრა იბრძვის, თუმცა ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ გველეშაპთან მებრძოლი ყველა წარმართული ხანის გმირის ტრანსფორმაცია მოხდა გველეშაპში, გველეშაპი წარმართობასთან ასოცირდება, მაშასადამე ქრისტიანობაში გველეშაპთან მებრძოლი წმინდანები წარმართობას, ბოროტებას ებრძვიან, ისვე როგორც დავით გარეჯელი. გველ-გველეშაპთან და მითრასთან დაკავშირებით ნიშანდობლივია კიდევ ერთი ფაქტი, მითრას ხშირად გამოსახავდნენ როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებულ მხედარს, რომლის ქვემოთაც მისი წმინდა ცხოველი გველი მისრიალებს, შესაძლოა მითრას ასოცირება მოხდა ქრისტიანულ ეპოქაში გველთან, რამაც გამოძახილი ჰპოვა დავით გარეჯელის ცხოვრებაშიც. დავით გარეჯელის მიერ გველეშაპის დამარცხება-განდევნა, წარმართული ნაშთების დამარცხებას უნდა გულისხმობდეს, დავით გარეჯელმა მოსპო ყველაფერი წარმართული რაც შეიძლება ამ წარმართობასთან ყოფილიყო კავშირში გარეჯის უდაბნოში.
რაც შეეხება მითრას იკონოგრაფიას ქრისტიანულ სამყაროში. მითრას როგორც ზევით აღვნიშნეთ გამოსახავდნენ ცხენზე ამხედრებულ ახალგაზრდა ჭაბუკს, რომელსაც თან სდევს ყორანი, გველი, მამალი, ტახი, ან ლომი.
მითრა როგორც ზევით აღვნიშნეთ პოპულარული ღვთაება იყო, რომლის ერთი ხელის მოსმით აღმოფხვრა შეუძლებელი იყო, ეკლესიის მამები მითრას იკონოგრაფიასაც დაესესხნენ, წარმართი ადამიანისთვის უმტკივნეულო და გასაგები რომ ყოფილიყო ახალი რელიგია მცირედით გადააკეთეს მითრას გამოსახულება, მოაშორეს ზედმეტი არსებები, დატოვეს რა მხოლოდ ერთი გველი, ისიც იმიტომ რომ გველი პირველ ცოდვასთან ასოცირდება ძველი აღთქმის მიხედვით. (გველი-გვეშაპი ის არსებაა, რომელიც ბოროტებასთან ასოცირდებოდა აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროში).
მითრას, როგორც მეომარ ღვთაებას შუბი დააკავებინას, რომელიც მიმართული იყო გველ-გველეშაპის წინააღმდეგ და კლასიკური მითრა მოდერნიზებულ-ქრისტიანულ წმინდანად აქციეს-პარალელი წმინდა გიორგისთან.
(წმინდა გიორგის შუბი მოგვიანო პერიოდში, არა გველეშაპის წინააღმდეგ იყო მიმართული, არამედ დიოკლეტიანეს წინააღმდეგ), ასე მარტივად გადაწყვიტეს პირველმა ქრისტიანებმა მითრას იკონოგრაფიის საკითხი ახალ ქრისტიანულ სამყაროში.
(არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, საიდან იყო აღებული მითრას ზემოთ წარმოდგენილი იკონოგრაფია, ის ეგვიპტურ ღვთაება ჰორს უკავშირდება ..
მოცემულ ილისტრაციაზე, რომელიც ახ.წ.აღ მე-4 საუკუნით თარიღდება ღვთაება ჰორი (ოსირისი ძე) ამარცხებს ბოროტ ძალას სეტს, ამ უკანასკნელს ზოგჯერ ნიანგის სახით გამოსახავდნენ. თუმცა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჰორი ისეთივე პოპულარული ღვთაება ყოფილიყო, როგორც მითრა, გავითვალისწინოთ ისიც, რომ მითრა გველეშაპებთან მეომარი ღვთაებაა და აჰრიმანთან და მასთან დაქვემდებარებულ ბოროტ ძალებთან უწევს ბრძოლა, ამ უკანასკნელთ კი ხშირად გველეშაპის სახით გამოსახავდნენ. იმ პერიოდის ხალხში მითრას გამოსახულება ბევრად უფრო ცნობილი უნდა ყოფილიყო დასავლური სამყაროსთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ჰორმა ისეთი პოპულარობა ვერ მოიპოვა, როგორც მითრამ.)
(საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოში წმინდა გიორგი ყველაზე მეტად პოპულარობით მთის ხალხში სარგებლობდა, იმ მთის ხალხში, რომლებმაც წარმართული ტრადიციები და წეს-ჩევულებები თითქმის უკანასკნელ პერიოდამდე შეინარჩუნეს. ზღაპრებშიც ხშირ შემთხვევაში წმინდა გიორგი იესო-ქრისტეზე და ელია წინასწარმეტყველზე მაღლაა დაყენებული, ისევე, როგორც თქმულებაში იესო-ქრისტეზე, ელია წინასწარმეტყველზე და წმინდა გიორგიზე. წმიდა გიორგი როგორც თქმულებიდან ჩანს, ადამიანის მფარველია, მეტადრე გაჭირვების დროს, და კაცს ყოველგვარი ბოროტებისა და უბედურებისაგან იხსნის ხოლმე, რის გამოც იესოსგან და ელიასგან განსხვავებით უბრალო მწყემსი ბიჭი განსაკუთრებული პატივისცემით ამ წმინდანს ეპყრობა. (http://www.ireporter.ge/thqmuleba-ieso-qristesi-e/), შესაძლოა იმის გამო სარგებლობდა წმინდა გიორგი პოპულარობით, რომ მთის ხალხი, მასში იმ ქრისტიანობამდელ ღვთაებას ხედავდა, რომელსაც თაყვანს სცემდა ახალი რელიგიის შემოსვლამდე, ამასთანავე ბარის მოსახლეობისგან განსხვავებით საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელება მტკივნეულად წარიმართა.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ამჯერად თანამედროვეობიდან აღებული, თბილისში მე-19 საუკუნის ბოლო- მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი სახლის მთავარ შესასვლელთან, რომელიც კარის ზემოთ არის განთავსებული ვხდებით ჭაბუკის გამოსახულებას, რომელიც 7 ქიმიან ვარსკვლავშია ჩასმული. სახლი მეტეხის ქუჩის 33 ნომერში მდებარეობს, სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია ამ სახლის თავდაპირველი დანიშნულება, თუმცა უდავო ფაქტია, რომ ჩვენს წინ მზის კულტთან ასოცირებული, რომელიმე ღვთაება იყოს წარმოდგენილი. მსგავსი გამოსახულება ქრისტიანობამდელ ეპოქაში ხშირად გვხდება, მათ შორის მითრაშიც.
ეს გახლავთ ანტიკურ, ქრისტიანობამდელ სამყაროში მზის ღვთაების გამოსახულება, დისკოში (რომლიდანაც მზის სხივები გამოდის) ჩასმული ღვთაების თავი. მაშასადამე ჩვენს წინაშე მზის გამოსახულებაა, რომელიც არის მამაცობის, სიმდიდრის, ყოველივე დაფარულისა გამომეძიებლის სიმბოლო. თბილისი ერთ-ერთ შენობაზე წარმოდგენილი გამოსახულება ანუ წრეში მოთავსებული ჭაბუკის თავი, რომელსაც მზის სხივები ადგას გარშემო გვხდება ევროპაში შუა საუკუნეებიდან. თუმცა მოცემული სახლის შესახებ ინფორმაციის სიმწირის ამოვსება არქივში შეიძლება.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად დამკვიდრების შემდეგ, ახალმა რელიგიამ ბრძოლა გამოუცხადა წარმართულ კულტებს, ბევრი მათგანის განადგურება მოხდა,ან მოხდა მათი დაკავშირება შავ-ბნელ ძალებთან, გამოცხადებული იყვნენ რა სატანის მეომრებად, ეშმაკეულებად. ღვთაებათა მცირე ნაწილმა მოახდინა გადარჩენა თავისი პოპულარობის ხარჯზე, რომელთა ძლევა საწყის ეტაპზე ახალი რელიგიისთვის რთული იყო, თუნდაც იმის გამო რომ ახალი რელიგიის მიმდევრები შეეგუებინათ საწყის ეტაპზე ქრისტიანული მოძღვრებისთვის. ეკლესიამ მოახდინა ასეთი ღვთაების მოდერნიზაცია, გაქრისტიანება, ანუ წარმართული ღვთაებების „ნათლობა“ ახალ ყაიდაზე. ძლიერი წარმართული კერპები, ისევე როგორც ადამიანები ქრისტიანულად „ინათლებოდნენ“, ეს საჭირო იყო, თუნდაც იმიტომ რომ ახალ რელიგიას ძალა მოეკრიბა და თავი დაეცვა ჯერ კიდევ მძლავრი წარმართებისგან. მითრას კულტის ტრანსფორმაცია ქრისტიანულ სამყაროში ამ გარდამავლი ეპოქის ცვლილებების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.
ავტორი: ვლასი ვაწაძე