მინერალოგია –  გიშერი (გაგატი)

მინერალოგია – გიშერი (გაგატი)

გიშერს კავკასიის ქვეყნებში უწოდებენ, ქვის გავრცელებული სახელწოდებაა – გაგატი. ასევე, მისი ერთ-ერთი ძველი სახელწოდებაა შავი იასპი.

გიშერი მურანახშირთა ჯგუფს მიეკუთვნება და ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდანაა ცნობილი. ტერიტორიულად მოიპოვებენ კავკასიაში (მაგ: საქართველოში, ქუთაისში), ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ა.შ.შ.-ის იუტასა და კოლორადოს შტატების ტერიტორიაზე. პლინიუსის ცნობების მიხედვით გაგატი აზიის ერთ-ერთი მდინარის სახელწოდების გამო ეწოდა.

გიშრის გავრცელების „ოქროს ხანას“ მე-19 საუკუნე წარმოადგენს, როდესაც მოპოვებითა და გავრცელებით 1000-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა. მე-19 საუკუნის შუა წლებში მისგან მსხვილ, დიდი ზომის სამკაულებს აკეთებდნენ და ქალბატონებიც ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე ატარებდნენ. მოგვიანებით გიშრის პოპულარობამ იკლო.

სამკურნალო თვისებები

ლითოთერაპიაში გიშერი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება: მასაჟის ბურთულებად, თილისმად, უარყოფითი ენერგიის მოსაცილებელ ფირფიტებად და ა.შ. ძველად სჯეროდათ, რომ გიშერი ხელს უშლის კრუნჩხვებს და მშობიარობას აადვილებს, თუმცა ფეხმძიმობის დროს მის მუდმივად ტარებას რეკომენდაციას არ უწევდნენ. მიჩნეულია, რომ გიშერი დადებითად მოქმედებს ნიკრისის ქარის, არტერიული წნევის (ამაღლებს) დროს. ასევე – მფლობელს მოწამვლისა და კუჭის დაავადებებისგან იცავს.

მაგიური მახასიათებლები

ინდიელი ქურუმები თვლიდნენ, რომ გიშერი ადამიანს ბნელი ძალებისგან იცავს, ყველა ტკივილს, უარყოფითს, შიშებს თავად იღებს და ამცირებს. ძველ რომში იყენებდნენ როგორც დემონური ძალების საწინააღმდეგო ქვას და მასზე ხშირად გამოსახავდნენ ადამიანის ხელებს, მედუზას თავს ან პერსეფონეს ფიგურას. ინდოეთში კარმის გასაწმენდად, წარსული განსხეულების გახსნაში (გახსენებაში) დამხმარე ქვად თვლიდდენ. გავრცელებული ვერსიით, გიშერი უარყოფითი ენერგიის შთამთქმელია. ყველა ნეგატიური აზრი, მიმართულება სწორედ ამ თილისმაში იბუდებს და უფრო „აშავებს“.

ერთ-ერთი ვერსიით, თუ გიშერს ბალიშის ქვეშ დადებთ – ღამის კოშმარებისგან დაგიცავთ. ასევე გიშერი ითვლება ოჯახური საიდუმლოებების გამხსნელად და წინაპართა მფარველობის ხელშემწყობად. შუა საუკუნეების ევროპაში გიშრის მცირე ნაწილს სახლიდან ბოროტი სულების გასადევნად წვავდნენ, ადამიანებს ავი თვალისგან დასაცავად გიშრის დახმარებით ულოცავდნენ.

გიშერი დადებითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც სამყაროს შეცნობა სურთ. ასევე კარგია შიშების დასაძლევად. თუმცა მისი გამოყენება საფრთხილოა. კარგი დამცველია მშვიდი, წყნარი, ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვთ  (გიშერი ამ თვისებებს გააძლიერებს, მათ უარყოფით მხარეს). გიშერი საიდუმლოს, დაფარულს აცხადებს.

გიშერი, რომელზეც გამოსახულია დამცავი რუნა ალგიზი.

ასტროლოგია: მორიელი, თევზები, თხის რქა (მეტად შეეფერება). ნაკლებად სასურველია კუროებისა და სასწორებისთვის, ასევე მათთვის, ვის რუკაშიც  ვენერის ძლიერი მდებარეობაა. პლანეტებიდან შეესაბამება სატურნს.

ჩაკრებზე გავლენა: 1-ელი და მე-3 ჩაკრა. პირველი ჩაკრა გავლენას ახდენს ფიზიკურ ენერგიაზე, სიცოცხლისუნარიანობაზე, ხოლო მე-3 ჩაკრა – ღვიძლზე, ელენთაზე, მომნელებელ სისტემაზე. ასევე ჩაკრა პასუხისმგებელია ემოციების გამოვლენასთან, გამომხატველობასთან, თავდაჯერებულობასთან.

ენერგია: ინი

დამატებითი ინფორმაცია: საქართველოში გიშერს  სხვადახვა რიტუალის დროს იყენებდნენ: ე.წ. „სულზე დატირება“ (რომლის დროსაც უპირატესობას დაუმუშავებელ გიშერს ანიჭებდნენ), თვალზე შესალოცად, გათვალვის საწინააღმდეგოდ, უარყოფითისგან დასაცავად და ა.შ. გიშერს უმეტესად ვერცხლში სვამენ, რასაც დამატებითი დატვირთვაც აქვს: გიშერი ღამესთან ასოცირდება, სატურნის ქვად ითვლება, ხოლო ვერცხლი მთვარესთან და სატურნთან მეტადაა დაკავშირებული (ოქრო – მზესთან, დღის სინათლესთან).

მომზადებულია ჯასპერ სტოუნისა და იულია კაფთანოვას მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top