ჩვეულებრივ, მთვარის ქვას უწოდებენ ოდნავ გამჭვირვალე, მოცისფრო-მოვერცხლისფრო მინდვრის შპატებს (ქანების შემადგენელი მინერალების ყველაზე გავრცელებული ჯგუფი). ეს სახელწოდება („მთვარის ქვა“) შეფერილობის გამო მიიღო. ინდოეთში მთვარის თაყვანისმცემელთა შორის მინერალი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მთვარის ქვა შეიძლება იყოს: რძისფერი, ღია იისფერი, იშვიათად გვხვდება „კატის თვალის“ ეფექტების მქონეც.
ტიბეტში მთვარის ქვა ნებისმიერი დაავადების მკურნალ მინერალად ითვლებოდა და ფართოდ გამოიყენებოდა ტიბეტურ მედიცინაში. ინდოეთში – სიყვარულის, ერთგულების, სიწმინდის, უმანკოების, ბედნიერების სიმბოლო იყო. ამ ქვეყანაში შეყვარებულს ხშირად ჩუქნიდნენ მთვარის ქვით გაწყობილ სამკაულს. ქვას სხეულთან რაც შეიძლება ახლოს იკეთებდნენ, რაც მათი რწმენით ბედნიერებას, სიყვარულის შენარჩუნებას ხელს უწყობდა და გაჭირვებას არიდებდა. ძველ აღმოსავლეთში ნაყოფიერებას უკავშირებდნენ – თვლიდნენ, რომ თუ ქალს დაორსულება უჭირდა, მთვარის ქვის ტარება დაორსულებასა და ადვილ მშობიარობას ხელს შეუწყობდა.
წინასწარმეტყველთა შორის მთვარის ქვა და მთის ბროლი წინასწარმეტყველებასთან, ნათელმხილველობასთან, ინტუიციასთან, მკურნალობასთან იყო დაკავშირებული.
მთვარის ქვა ითვლებოდა ერთ-ერთ წმინდა ქვად, რომელსაც მაგიური თვისებები გააჩნდა. სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სიმბოლო იყო, თუმცა ერთი მსგავსება ყველგან ფიქსირდება – ადამიანების დასაცავად მთვარიდან გამოგზავნილ ქვად მიაჩნდათ.
ერთ-ერთი შეხედულების მიხედვით, ძველად თვლიდნენ, რომ მთვარის ქვა ეშმაკის შექმნილია. ლეგენდის მიხედვით, ეშმაკი დიდხანს უთვალთვალებდა ევას და შეამჩნია, რომ ქალს მთვარე, ყვავილები და სინატიფე მოსწონდა. ეშმაკმა მთვარის ქვა შექმნა, რომელშიც ევას წარმოსახვა და ფანტაზიები ასახა. ქვის შექმნის მიზეზი კი ადამიანთა ცდუნება და სიხარბის გამოწვევაა.
არსებობს სხვა ლეგენდაც. მისი მიხედვით, ნებისმიერ ქვაში დევს მთვარის ქვის საწყისი, მაგრამ ყველას არ უწერია ძვირფას მინერალად გადაქცევა. ამისთვის შესაძლოა მთვარის შუქზე წლობით მოუწიოს დება, ათასი სავსემთვარეობა გამოიაროს…შემდეგ კი მთვარის შუქი მასში აისახოს და უბრალო ქვამ ბრწყინვალება დაიწყოს.
კიდევ ერთი ვერსიით, ქვა მთვარეს უკავშირდება, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით – მთვარის ცრემლებად თვლიდნენ, რომლებიც დედამიწაზე სავსემთვარეობის დროს ცვიოდა და თითოეულს მთვარის ძალა გააჩნდა. სწორედ ამიტომ, ახლაც ითვლება, რომ ადამიანს, რომელსაც ეს მინერალი უკეთია – მთვარის გავლენას განიცდის ან გრძნობს.
მთვარის ქვას ქალდეველი მისნები იყენებდნენ როგორც წინასწარმეტყველებისა და ნათელმხილველობის ქვად, მას ენის ქვეშ იდებდნენ. მიაჩნდათ, რომ მისი გაკეთება რეკომენდებული არაა ახალმთვარეობაზე, რადგან ქვა საკუთარ თავზე იზიდავს „მკვდარი“ მთვარის თვისებებსა და უარყოფით გავლენას.
სამკურნალო თვისებები
ტიბეტურ მედიცინაში მთვარის ქვა ტრადიციულად ეპილეფსიის და სულიერი (ფსიქიკური) დაავადებების დროს გამოიყენება. თანამედროვე ლითოთერაპევტებიც ამ აზრს იზიარებენ. ითვლება, რომ მთვარის ქვის მქონე სამკაული დადებითად მოქმედებს თირკმელებზე, ნაღვლის ბუშტზე, საშარდე სადინარებზე, შეშუპების, ინფექციური დაავადებების, უძილობის, სეფსისის დროს.
მაგიური მახასიათებლები
მაგიაში ტრადიციულად მიჩნეულია, რომ ქვა ძლიერადაა დაკავშირებული მთვარესთან და მისი გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება სავსემთვარეობის დროს. ითვლება, რომ თუ ადამიანი უარყოფით გავლენას განიცდის სავსემთვარეობის დროს, მთვარის ქვა ამცირებს უარყოფით გამოვლინებებსა და ეფექტს, მთვარის ენერგიას შთანთქამს.
მთვარის ქვა იზიდავს სიყვარულის გრძნობას, მას იკეთებენ რათა ცხოვრებაში გრძნობები მოიზიდონ. ინდოელები თვლიან, რომ ქვა შთანთქამს მთვარის უარყოფით ენერგიას, გონებას ამშვიდებს, ადამიანებს მეოცნებეობასა და სინაზეს მატებს. მთვარის ქვას შეუძლია რისხვის შემცირება/აღმოფხვრა და დაძაბულობის მოხსნა.
მთვარის ქვისგან გაკეთებული თილისმა თუ დამცველი ქვა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მინერალისგან დამზადებული, მფლობელის ენერგეტიკას უნდა შეესაბამებოდეს, ამიტომ სანამ მთვარის ქვას ჩვენს თილისმად ვაქცევთ, გასათვალისწინებელია ჩვენი ენერგეტიკის თავსებადობა მინერალთან. მისგან დამზადებული დამცველი ნივთი (ამულეტი) სასურველია ხშირად გაიწმინდოს დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან.
დადებითად იმუხტება თუ გამოხდილ წყალში მოვათავსებთ და სავსემთვარეობის დროს ფანჯარაში დავდგამთ ისე, რომ მთვარის შუქი ქვას ეცემოდეს. როგორც თილისმა მფლობელს ეხმარება სიყვარულის პოვნაში, ფარული შესაძლებლობების გააზრებაში. როგორც დამცველი ქვა, იცავს უბედურებისგან, ავადმყოფობებისგან, უარყოფითი ენერგეტიკისგან.
ძველ დროში მთვარის ქვა ორატორებისა და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანების თილისმად ითვლებოდა. მისი ტარება რეკომენდებულია შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის.
სასურველია თუ მთვარის ფაზების მიხედვით გამოვიყენებთ, სავსემთვარეობის პერიოდში მისი გამოყენება დადებით ეფექტს მოგვცემს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ახალმთვარეობის შემთხვევაში. ქვა დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც სავსემთვარეობის პერიოდში დაიბადნენ.
ასტროლოგია: მთვარე. შეესაბამება კირჩხიბსა და თევზებს. მისი გავლენა დადებითად აისახება კუროებზე. ნაკლებად სასურველია ლომებისთვის.
ჩაკრები: მე-4 (გულის) და მე-6 (მესამე თვალის) ჩაკრა. მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გულმკერდის ზონაზე, ხელებზე, ადამიანების მიმართ სიყვარულის განცდაზე, გულღიაობასა და მგრძნობელობაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
- ადულიარი – მთვარის ქვის განსხვავებული სახელწოდებაა.
- ბელომორიტი – მთვარის ქვის სახესხვაობას წარმოადგენს.
- ინდოეთში მთვარის ქვას ჯანდარაჯანდს უწოდებენ.
მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, იულია კაფთანოვას, lunnyi-kamen.ru -სა და lithotherapy.ru-ს მიხედვით.
სტატიის ავტორი: თამთა