მინერალოგია – ნეფრიტი

მინერალოგია – ნეფრიტი

ნეფრიტი ოდნავ გამჭვირვალე თეთრი ან მწვანე ფერის მინერალია. გარეგნულად ჟადეიტს ჰგავს. ორივე მინერალი სილიკომანგანუმის შემცველია, თუმცა ნეფრიტის შემთხვევაში დამატებულია მაგნიუმი, რკინა, ნიკელი, ქრომი და ვანადიუმი, ხოლო ჟადეიტი ნატრიუმს შეიცავს.

ესპანელები ნეფრიტს პირველად აცტეკების დაპყრობის დროს გადააწყდნენ და როგორც კი მის სამკურნალო თვისებებზე შეიტყვეს, hietta di hijada, ანუ „წელის ქვა“ უწოდეს. ევროპის ქვეყნებში lapis nephriticus-დ მოიხსენიებდნენ, რაც „თირკმლის ქვას“ ნიშნავს.

დიდი ხნის განმავლობაში ნეფრიტის მომპოვებელ ქვეყნად ბირმა ითვლებოდა, საიდანაც ყოველდღიურად 250 ტონა ნეფრიტი გადაჰქონდათ ჩინეთში. ამ ორი ქვეყნის გარდა ნეფრიტს მოიპოვებდნენ შუ აზიის ქვეყნებში, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, ინდოეთში, რუსეთში….

ჩინური ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ნეფრიტი იმპერატორის ლოცვის შედეგად გაჩნდა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ლოცულობდა ღმერთებს მისი მსხვერპლი შეეწირათ და სამართლიანი წესებით ცხოვრობდა. ღმერთებმა გადაწყვიტეს გულწრფელი ლოცვის შესმენა, 3 დღე-ღამის განმავლობაში ციდან სეტყვის სახით ნეფრიტის ქვები ცვიოდა. ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი, რომ სამყაროს აღსასრული მოახლოვდა, მაგრამ 3 დღის შემდეგ ქვის სეტყვამ გადაიღო. იმპერატორმა გადაწყვიტა პირველი თავად გასულიყო გარეთ, როგორც კი მწვანე ქვებს შეეხო, ღმერთებმა მინერალის გასაოცარი თვისებების შესახებ ცოდნა გადასცეს. ამის შემდეგ ნეფრიტი იმპერატორთა ქვად იწოდებოდა.

ჩინეთში ნაციონალურ ქვად ითვლებოდა და ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მე-2 საუკუნეში იცნობდნენ, მისგან წმინდა საგნებსა და თილისმებს ამზადებდნენ. ნეფრიტის მოხმარების შესწავლა წარმოდგენას შეგვიქმნის ჩინურ მოძღვრებებსა და კულტურაში სულისა და მატერიალური სამყაროს ურთიერთქმედებაზე. რამდენადაც ნეფრიტი სულის, სიბრძნისა და დახვეწილობის სიმბოლოა, ფულზე არ იცვლებოდა, სულიერ ღირებულებებთან ასოცირდებოდა. ითვლებოდა, რომ ოქროსაც კი შეიძლება  ფასი ჰქონდეს, ხოლო ნეფრიტს – არა, ფასდაუდებელია.

სამკურნალო თვისებები

ძველ დროში, ჩინეთში დანაყილ (დაფხვნილ) ნეფრიტს „უკვდავების ელექსირში“ ამატებდნენ, რომელიც ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას უნარჩუნებდა მიმღებს. სითბოს შემკავებლური თვისების გამო, მის მოზრდილ ნატეხს მუცელზე იდებდნენ როგორც დამამშვიდებელსა და ტკივილგამაყუჩებელს. მიიჩნევა, რომ თეთრი ნეფრიტი კუჭის დაავადებებს კურნავს და ნერვებს ამშვიდებს. მოწითალო შეფერილობის კი – გულის მუშაობას აუმჯობესებს. ნებისმიერი ფერის ნეფრიტი დადებითად მოქმედებს თირკმლის დაავადებების დროს.

მისი გამოყენება დადებითად აისახება თავის ტკივილზე, თავბრუსხვევაზე, ათეროსკლეროზის, ინსულტისა და თვალის დაავადებების დროს. ნეფრიტისგან დამზადებული მასაჟის ქვები თავის ტიკივილს აქრობს, არტერიულ წნევას არეგულირებს, სექსუალურ პოტენციალს აუმჯობესებს. ასევე გამოიყენება სახის კანის მასაჟისთვის (კოსმეტიკური მიზნებით).

მე-18 საუკუნეში იმპერატორისთვის დამზადებული ნაკეთობა. £600 000.

მაგიური მახასიათებლები

ჩინელები ნეფრიტს „მუდმივს“, „მიწისა და ცის ქვას“, „ღვთაებრივს“ უწოდებდნენ, სულიერი თვისებებიდან  ხუთ სათნოებას მიაწერდნენ: ნაზი ბრწყინვალების გამო – გულმოწყალებას, გამძლეობის გამო – სამართლიანობასა და ზომიერებას, დარტყმის დროს გამოცემულ ხმისთვის – მეცნიერების სიმბოლოს, უდრეკობისთვის – სიმამაცეს, გაყალბებას დაუქვემდებარებლობა (მინერალი, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია ან ძალიან რთულია) – სიწმინდის სიმბოლო იყო. ჩინეთში ადამიანის ქცევის მაჩვენებლის როლს მიაწერდნენ. თუ ქვა ნელ-ნელა „იღრუბლებოდა“ და მუქ ფერს იღებდა –  ცოდვის ჩადენაზე მიანიშნებდა.

კონფუცი ნეფრიტს გონების, ჰუმანურობის, ერთგულებისა და გულმართალობის სიმბოლოდ თვლიდა.  მონღოლებისთვის – გამარჯვების ქვად ითვლებოდა, მისით ხმლებსა და ქამრებს რთავდნენ. ევროპის ქვეყნებში – პატიოსნების, ერთგულების, სიბრძნის, სიმამაცის სიმბოლოდ მოიხსენიებდნენ.

მინერალი გვეხმარება ენერგეტიკული ველის გაწმენდაში, სიყვარულისა და სიბრძნის გამოვლენაში, სიწმინდის დაცვაში, ენერგიით გვავსებს, ცოდნის მიღების სურვილს მატებს.

ტიბეტში ნეფრიტს სულის ქვას უწოდებდნენ, რომელსაც შეუძლია მფლობელი დაიცვას ზებუნებრივი, დაპირისპირებული ძალებისგან, ოჯახურ კეთილდღეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს. მას მეხის დაცემის საწინააღმდეგოდაც იყენებდნენ.

ნეფრიტი – ადამიანის სულიერი განვითარების დონის მაჩვენებელია. მკვლევართა, სწავლულთა, მებრძოლთა ქვაა. თეთრი ფერის ნეფრიტი – შეგვიძლია გამოვიყენოთ პროფესიულ საკითხებში წარმატების მისაღწევად, ოჯახური კეთილდღეობისა და ბედნიერების მისაღწევად.

ნეფრიტის ტარება რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა სურთ, ახალ ეტაპზე გადადიან. ეს ქვა ცვლილებებზე მოქმედებს, ცხოვრებისეული ჩიხებისგან გამოსვლაში გვეხმარება.

ასტროლოგია: პლანეტებიდან შეესაბამება მთვარე, ვენერა, სატურნი. განსაკუთრებით რეკომენდებულია: ქალწული, სასწორი, კირჩხიბი, მერწყული, თევზები. კუროებისა და მშვილდოსნებისთვის ნაკლებადაა რეკომენდებული.

ჩაკრები: გულის ჩაკრა, მზის წნული – გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, გულმკერდის ზონაზე, ხელებზე. ეს ჩაკრა სიყვარულის განცდას ამაღლებს, ნებისყოფას აძლიერებს.

ფენ-შუი: ნეფრიტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვაა, რომელიც ქანდაკებებისა და თილისმების დასამზადებლად გამოიყენება. ქვის ენერგია მშვიდია, ენერგიის სწრაფ ცვლას არ იწვევს.  ფენ-შუიში ნეფრიტისგან  ხშირად ამზადებენ სხვადასხვა ნივთებს, რომლებსაც სახლში ჰარმონია და სიმშვიდე შეაქვთ. ნეფრიტი მიწის ელემენტია, ამიტომ მისი სახლში განთავსება უნდა მოხდეს სექტორში, რომელიც მიწას ან მონათესავე სტიქიას შეესაბამება. ბაგუას მიხედვით შეგვიძლია ნებისმიერ სექტორში განვათავსოთ გარდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის.

მომზადებულია ჯასპერ სტოუნის, სელინა ავრენოვას, lithotherapy.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top