მომხიბვლელობის, სიყვარულის, თანაგრძნობის ქვა
ოპალი ამორფული (მინისებური და არა კრისტალური) წყალგაუმტარი, დაბალტემპერატურიანი კაჟის სახეცვლილებაა. მისი შემადგენლობის 6-10% წყალია. თავდაპირველად ოპალი ევროპასა და ინდოეთში გავრცელდა. სახელწოდება ბერძნული opallios-იდან მომდინარეობს, რაც „ფერის ცვლილებას“ ნიშნავს, მისი ძირი კი სანკრისტულისგან („ძვირფასი ქვა) წარმოიშვა.
ოპალის ათამდე ფერის სახეობაა (ცეცხლოვანი, ცისფერი, თეთრი…), რაც სხვადასხვა ელემენტების შერევის გამო ხდება.
მინერალმა საკუთარი მახასიათებლები შესაძლოა დაკარგოს ცხიმებთან, ზეთთან კონტაქტის დროს, ამიტომ სასურველია თუ მფლობელი არ გამოიყენებს კოსმეტიკასთან კონტაქტის დროს და პერიოდულად წყალში გაავლებს.
მომპოვებელი ქვეყნები: ავსტრალია, ბრაზილია, მექსიკა, ა.შ.შ., ჩეხეთი, იაპონია.
სამკურნალო მახასიათებლები
ოპალი დადებითად მოქმედებს გულზე, თვალზე. შეგვიძლია გამოვიყენოთ მელანქოლიის დროს.
ინდოელებს სჯეროდათ, რომ ოპალი ბავშვებს გაზრდაში ეხმარება. მე-17 საუკუნეში, იმპერატორ რუდოლფის ექიმი წერდა, რომ ოპალი „ნერვებს ამშვიდებს, გულის დაავადების, მელანქოლიის, ზღვის ავადმყოფობის დროს გვეხმარება, ძლიერ ვნებას ინარჩუნებს, მხედველობის სიმახვილესა და თვალის ბრწყინვალებას უბრუნებს“. ერთ-ერთი ვერსიით, თუ მფლობელის ავადმყოფობაა მოსალოდნელი, ოპალი ფერს იცვის, ბრწყინვალებას კარგავს.
თანამედროვე ლითოთერაპევტები თვლიან, რომ ოპალი ინტუიციას ზრდის, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ჰიპოფიზსა და ეპიფიზზე, ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან იცავს.
მაგიური მახასიათებლები
განსხვავებული შეფერილობის გამო, ძველად ოპალი არამუდმივობის, ცვალებადი ბედის სიმბოლო იყო. მინერალი ინტუიციას ამძაფრებს. აღმოსავლეთ მხარეს, განსაკუთრებით ინდოეთში სიყვარულის, რწმენის, თანაგრძნობის, ხოლო ევროპის ქვეყნებში – ბედნიერების, იმედის, ნდობის, ნაზი სიყვარულის ქვად მიიჩნეოდა; ასევე ითვლება, რომ პირქუშ აზრებსა და შიშებს ამცირებს. ოპალზე მედიტირებით ინდოელი ჯადოქრები წინა განსხეულებებს იხსენებდნენ.
ოპალს წარმატება მოაქვს სიყვარულში, შემოქმედებით ფანტაზიას აღვივებს. მფლობელს მეტად დიპლომატიურს ხდის.
გლობას მიხედვით, ოპალი მაცდური ქვაა და მისი მუდმივად კეთება რეკომენდებული არაა, ილუზორულ იმედს გვიქმნის, „გვაბრმავებს“ და მიზანთროპების ქვაა. ბედნიერება მოაქვს მხოლოდ პრაქტიკოსი ჯადოქრებისთვის ან მათთვის, ვინც მემკვიდრეობით მიიღო. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის (განსაკუთრებით მეოცნებე ადამიანისთვის ან/და პოეტისთვის) მისი დიდხანს კეთება ნაკლებადაა სასურველი, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი კირჩხიბი არაა ან ამ ნიშნის გამოკვეთილი გავლენა არ აქვს.
შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი ოპალი – რეპროდუქციულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. განსაკუთრებით – დაბალ სექსუალურ მიზიდულობაზე, ემოციური მიზეზის მქონე ჩაკეტილობაზე (ურთიერთობებში).
ცისფერი ოპალი – კომუნიკაციურ შესაძლებლობებს აძლიერებს; ასევე დადებითად მოქმედებს იმ ემოციური „ბლოკის“ მოხსნაზე, რაც საკუთარ თავში დაურწმუნებლობით წარმოიქმნება.
მომწვანო-მოცისფრო ოპალი – სიახლეებს, ახალს გზას უხსნის და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ღიაობას, კონტაქტურობას, ემოციური სირთულეების დაძლევას ხელს უწყობს; სამყაროს განახლებულ ხედვაში გვეხმარება.
ცეცხლოვანი (ნარინჯისფერ-წითელი) ოპალი – შინაგან ძალას, ცეცხლს აძლიერებს, საფრთხისგან იცავს. ცვლილებებსა და პროგრესს ხელს უწყობს. ჯანმრთელობის კუთხით – კუჭისა და ხერხემლის ქვედა ნაწილის ორგანოებზე ზემოქმედებს.
მწვანე ოპალი – წმენდას, განახლებას, ურთიერთობების გაუმჯობესებას, გონების ორიენტირებას, აზრების გენერირებას ხელს უწყობს. ჯანმრთელობის კუთხით დაკავშირებულია იმუნურ სისტემასთან.
წყლიანი ოპალი – განწყობას ასტაბილურებს, „დაბალ“ და „მაღალ“ ჩაკრებს აკავშირებს, მედიტაციის დროს ერთ-ერთი საუკეთესო ქვაა.
ასტროლოგია: სტიქია – წყალი, მიწა; ზოდიაქო – თევზები; პლანეტა – მთვარე, იუპიტერი.
ჩაკრებზე გავლენა: დამოკიდებულია ოპალის ფერზე.
დადებითად ეთვისება: აქატი, აქვამარინი, ბერილი, ფირუზი, გრანატი, მალაქიტი, ნეფრიტი, ონიქსი, საფირონი, ტოპაზი, ტურმალინი, ბროლი.
უარყოფითად ეთვისება: ალექსანდრიტი, ჰემატიტი, მარგალიტი, ზურმუხტი, მთვარის ქვა, ქალცედონი, ქრიზოლითი, ქარვა, იასპი.
ნეიტრალური შეთვისება: ალმასი, ამეთვისტო, წითელი მარჯანი, ლალი, ცირკონი.
როგორ გავწმინდოთ: ოთახის ტემპერატურის წყალში შეიძლება გავავლოთ და რამდენიმე საათი ნაჭერში გავახვიოთ. ამის შემდეგ შეგვიძლია მზის ენერგიით დავმუხტოთ.
გამოყენებული მასალა: ჯასპერ სტოუნი; crystalarium.ru; lithotherapy.ru