სურათზე: კერია
კავკასიელთა მითოლოგიურ სისტემაში მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, უპირატესი ადგილი მიწის თაყვანისცემას ეკავა. ეს იყო სხვადასხვა შრეებისაგან შემდგარი ძლიერი კულტი, რომლის ელემენტები ბოლო დრომდე აღინიშნებოდა ხალხის ყოფაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ მიწათმოქმედება დიდ როლს ასრულებდა კავკასიის მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ეს რეგიონი ერთ-ერთია, სადაც ძალიან ადრე ჩაისახა მიწათმოქმედება, რაც განაპირობებდა ადამიანის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხთონურ ღვთაებებთან. ცნობილია, რომ კულტურის შემქმნელნი მიწათმოქმედი ხალხები იყვნენ და ამას სიტყვა „კულტურის“ თავდაპირველი მნიშვნელობაც ადასტურებს (ლათინურ ენაზე ეს სიტყვა „მიწის დამუშავებას“ ნიშნავდა).
ერთ ადგილზე მკვიდრი ცხოვრება თავისთავად გულისხმობდა იმ სივრცის „ათვისებას“, სადაც დასახლდა ადამიანი და შექმნა არსებობისთვის აუცილებელი გარემო. სივრცის, ე. ი. მიწის მოშინაურებაში იგულისხმება ხთონური ღვთაებების არა უბრალოდ თაყვანისცემა, არამედ მათთან ყოველდღიური ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო მიწის ღვთაებებზე წარმოდგენენის განვითარებას. მათი იერარქიული დაჯგუფებით იწყება რელიგიის, როგორც სისტემის ჩამოყალიბება.
ხთონურ ღვთაებათა ჯგუფი სამწევრიანია: დედამიწა, ადგილის დედა და კერიის ღვთაება, იგივე ფუძის ანგელოზი. მათი საერთო ნიშნებია ღვთაებრივი არსი, მდედრობითობა, ნაყოფიერების ფუნქცია და ადამიანის მფარველობა. ისინი განსხვავდებიან ძალმოსილებითა და მოქმედების მასშტაბებით. მათში მთავარი და წარმმართველია მიწის ღვთაება (დედა მიწა _ ყოვლისმშობელი), რომელსაც ექვემდებარება ორი დანარჩენი. ფუძის ანგელოზი ყველაზე უფრო ახლოსაა ადამიანთან და უფრო მაღალი რანგის ღვთაებებთან შუამდგომლობს მას.
ფუძის ანგელოზი
კავკასიელთა რწმენით, ყოველ ოჯახს ჰყავდა თავისი მფარველი, რომელსაც იხსენიებდნენ, როგორც მფარველ სულს, ფუძის ანგელოზს, დიასახლისს (ოსურ. „ბინათი ხიცაუ“), კარჟს და სხვ. ოჯახის მფარველი _ ფუძის ანგელოზი სახლში იმყოფებოდა, კონკრეტულად კი კერასთან.
უძველესი კერები კავკასიის ტეროტორიაზე დადასტურებულია ადრესამიწათმოქმედო ნასახლარებზე, რომლებიც შენობის კედლის ძირშია თიხისგან ამოყვანილი, იატაკში ჩამჯდარი და კვერცხისებური ფორმისაა. მოგვიანებით კერამ გადმოინაცვლა სამოსახლოს ცენტრში. ეს იყო მიწაში პირამდე ჩაფლული დაბალქუსლიანი ჭურჭელი ქალური ბუნების გამოხატულებით.
სახლის შუაგულში კერიის გადმონაცვლება მიუთითებს, რომ მან საკულტო ფუნქცია შეიძინა. ეს იყო საკრალური ადგილი, ცენტრი, რომლის გარშემო იკვრებოდა ოჯახი _ ტრადიციული საზოგადოების მიკრომოდელი. კერა იყო ის არხი, რომლის მეშვეობითაც ოჯახი და ღვთაებრივი ძალები ორმხრივ ურთიერთობას ამყარებდნენ. კერის საკულტო დანიშნულებაზე მიუთითებს, ერთი მხრივ, ის ფაქტი, რომ მის ბორდიურში ჩატანებული იყო ხორბლის მარცვლები (ნაყოფიერების ნიშნად), იქვე ნაპოვნია ცხვრის ძვლები, სამეურნეო იარაღი და ქალის ფიგურები. მეორე მხრივ, ამ კერიდან ნაცარი არ იყრებოდა, იგი ილესებოდა საცხოვრებელი შენობის იატაკზე.
კერაში დანთებული ცეცხლი და რაც იქ იწვოდა, წმინდა იყო, ოჯახის ბარაქას შეიცავდა, ამიტომ მისი გატანა არ შეიძლებოდა. ნაცრის დაგროვება კავკასიელთა ტრადიციაში აღინიშნებოდა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზეც. კერების ბორდიური იმდენად ნაზადაა ნალესი, რომ დიდი ცეცხლის გაჩაღება იქ შეუძლებელი იყო. სამეურნეო ფუნქციას ასრულებდა ეზოში გაკეთებული კერა ან ღუმელი. სახლში კერა შედგებოდა მიწაში ამოღრმავებული თასისებური ორმოსგან, რომელზეც ზემოდან ჩამოშვებული იყო საკიდლიანი ჯაჭვი.
ეს აგებულება უბიძგებდა ადამიანს, აღექვა იგი მიწისა და ცის ერთიანობის გამომხატველად, მაგრამ ასეთი გააზრება უფრო გვიანდელია, როცა კერაში ასტრალური ნიშნებიც აისახა. თავდაპირველად კი კერა მიწისა და მიწისქვეშეთთან დამაკავშირებელი ადგილი იყო, სადაც ბინადრობდა ოჯახის მფარველი.
ფუძის ანგელოზი უპირატესად ცოცხალ არსებად ჰყავდათ წარმოდგენილი. სვანეთში მას ერქვა მეზირი, პარალელურად სხვა სახელებითაც იხსენიებდნენ. ეს სახელები ოჯახის მფარველის ამა თუ იმ თვისებაზე მიუთითებს: „სახლის მჭამელი“, „სახლში მყოფი“, „მიჩვეული“, „ნატვრის თვალი“, „მიწის თვალი“. სამეგრელოში ერქვა ნერჩი პატენი, ოსეთში _ ბინათი ხიცაუ (დიასახლისი), დაღესტანში კიუნეს ან კარჟს ეძახდნენ და სხვა.
ოჯახის მფარველის მითოლოგიური სახე არ ყოფილა ერთგვაროვანი, მან განვითარების ეტაპები გაიარა ზოომორფული გამოხატულებიდან ანთროპომორფიზაციამდე. ამ კულტში უსულო საგნების გაფეტიშებასაც ჰქონდა ადგილი. მფარველის სახეობრივი განვითარების პროცესში ადრეულ ეტაპზე მას ზოომორფული სახე ჰქონდა, ეს იყო განსაკუთრებული ნიშნების მქონე გველი, კერძოდ, მას ჰქონდა ოქროს რქები, თეთრი ფერი ან სხვა გამორჩეული ნიშანი. სამიწათმოქმედო კულტურებში გველი განასახიერებდა ნაყოფიერების ძალას და მისი გამოსახულება ძალიან ბევრ ნაკეთობაზე გვხვდება, რაც ადასტურებს მისი კულტის ტრადიციულობას კავკასიის ტეროტორიაზე.
საქართველოში და საზოგადოდ კავკასიაში სწამდათ, რომ არსებობენ ალალი და არამი გველები ანუ გველის სახე ორმაგობით ხასიათდებოდა. ალალი გველი სიკეთით გამოირჩეოდა. რაჭველების დაკვირვებით, სახლის გველი რუხია, ნაცრისფერი. იგი ნელა მოძრაობს, მინდვრისა კი ავია და სწრაფად გარბის კაცის დანახვაზე. ზოგიერთის წარმოდგენით, ოჯახის გველები დედალ-მამალი არიან. თუ დაინახავდნენ, ასე ეტყოდნენ: „წადი, წადი! არც არას გაწყენ, ნურც არას გვაწყენ, ბიჭი ხარ _ ძმა იყავი, ქალი ხარ _ და იყავი“.
ქართლში სახლებში ჰყავდათ გველები, მაგრამ არ კლავდნენ, იტყოდნენ, მამულისააო. როცა სახლში არავინ იყო, დედა გველი თავისი წიწილებით შუა ცეცხლთან გამოდიოდა. პატრონი რომ მოვიდოდა, წავიდოდნენ თავის ბინაში. გველი სახლის დავლათი იყო და არ მოკლავდნენ, თორემ ოჯახს ამოწყვეტდა.
მესტიაში (სვანეთი) ოჯახში ჰყავდათ თეთრი გველი _ ოჯახის „თვალილდ“ (ნატვრის თვალი), რომელიც მუდამ კერასთან იყო. თეთრი გველის სახე აქვს ოჯახის მფარველს დაღესტნელთა წარმოდგენებშიც, რომელსაც კარჟს უწოდებენ. ლაკებთან მას ჰქვია „კინი“, ხოლო ავარიელებთან _ „კინე“. სახელების მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველა ერთმანეთის მსგავსია და ერთნაირი ფუნქციების მქონე.
ოჯახის მფარველმა თანდათან განიცადა ანთროპომორფიზაცია და მან ქალის სახე მიიღო, მაგრამ ზოომორფული იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ ქალღვთაება სრულად ვერ ჩაენაცვლა მას, ისინი პარალელურად არსებობდნენ (ერთი და იგივე სული შეიძლება გამოცხადდეს როგორც გველის, ისე ქალის სახით). შეიძლება ზოომორფული არსება (გველი) იყოს ქალღვთაების ატრიბუტი ან დამხმარე. ქართველ მთიელთა აზრით, თუ ადამიანს გველი ესიზმრება, ეს იმას ნიშნავს, რომ კერიის მფარველი უწყრება და უნდა მოიმადლიეროს. თუ ქალის სახით გამოჩნდებოდა, მას თეთრებში გამოწყობილს ხედავდნენ.
ოჯახის მფარველს განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ. ერიდებოდნენ ხმამაღლა ლაპარაკს, უშვერი სიტყვების ხმარებას, რათა არ განერისხებინათ. საკუთარი საკვებიდან აძლევდნენ წილს და პირველი მოსავლის ნაწილიც მას ეკუთვნოდა.
სვანეთში მეზირთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს „ქორა ლიმზერს“ უწოდებენ. მას მხოლოდ ქალები ასრულებდნენ, მამაკაცების მონაწილეობა არ შეიძლებოდა. თუ წესს დროზე არ შეასრულებდნენ, მეზირი გაჯავრდებოდა და საქონლის სიკვდილიანობას, ოჯახის წევრთა გაბოროტებას იწვევდა. ქალები ორი სახის შესაწირ პურებს აცხობდნენ. ერთი „ქორა მერდესთვის“ (სახლში მყოფი) კედელში ჩასადებად, მეორე, ე. წ. „კერი ლემზირ“ კერის ფეხთან შესაწირად.
ამ რიტუალში მონაწილეობდნენ დედათა წესის ასაკს მიღწეული ქალები, პატარა გოგონებიც არ დაიშვებოდნენ იქ. როგორც ჩანს, აქ აქცენტი კეთდება მდედრულ ბუნებაზე, რადგან თავად სალოცავი მდედრია. პატარა გოგონებს სქესი ჯერ არ აქვთ გამოკვეთილი და ამდენად, არ არის განსაზღვრული, რომელ საზოგადოებას მიეკუთვნებიან სქესობრივი ნიშნით.
მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ნაწილდებოდნენ ისინი მდედრულ ან მამრულ გაერთიანებებში შესაბამისი ინიციაციის გავლის შემდეგ.
ოჯახის ქალი სამჯერ შემოავლებდა კერას რიტუალურ პურს და ქვემოთ, კერის ფეხთან მიმართავდა, თან ძალიან ჩუმად ევედრებოდა სიუხვეს. ამ პურებს „მიწის ლემზირებიც“ ერქვა. მათ მიწაზე დამსხდარი ქალები ჭამდნენ ისე, რომ ნამცეცი ძირს არ დავარდნილიყო. ფეხზე ადგომისას ყოველი შემთხვევისათვის კალთას ცეცხლზე დაიბერტყავდნენ, თუ ნამცეცი მაინც დარჩებოდა, ცეცხლზე რომ დამწვარიყო და მიწაზე არ დავარდნილიყო. „მიწის პურს“ ნიშანს უკეთებდნენ თითით _ სამი ნაპწკენი განზე და არა შუაში. ამ წესს მხოლოდ ოჯახის ქალები ასრულებდნენ, სტუმარ ქალსაც არ იკარებდნენ. აქედან ჩანს, რომ სალოცავი, რომლის სახელზეც პური ცხვებოდა, მხოლოდ ამ ოჯახისა იყო. ფაქტობრივად, ოჯახის ქალები თავიანთ მფარველთან ერთად ჭამდნენ პურს, როგორც ოჯახის წევრთან და ამით აღნიშნავდნენ ერთიანობას ფუძის ანგელოზთან.
დაღესტანში ზოგ ხალხში ოჯახის მფარველი იყო გველი, რომელსაც კინი ან კიუნე ერქვა, ასევე „ფუძის გველს“ უწოდებდნენ. ხანდახან გამოჩნდებოდა ხოლმე ოქროს რქითა და ფეხებით. იგი ნაყოფიერებას განასახიერებდა. კინი ცხოვრობდა სახლის მიფარებულ, ყველაზე სუფთა ადგილას. ჩნდებოდა ყოველ პარასკევს და ამოწმებდა ოჯახის წევრების ქცევას. დიასახლისები უკეთებდნენ უშაქრო ხალვას და დებდნენ მოფარებულ ადგილას. როდესაც ხოჭოს ბზუილის მსგავსი ხმა ისმის, ლაკებს ჰგონიათ, რომ კინი გამოსცემს მას. კიუნე ხანდახან ქალის სახითაც გამოჩნდებოდა ხოლმე.
ქართლში წესად ჰქონდათ შემოღებული, რომ თონეში გამომცხვარ პურს დარბაზში დადებდნენ ანგელოზისთვის. ოჯახში პური ისე არ გატყდებოდა, თუ პირველად ანგელოზს არ მიუტანდნენ. ასევე პირველ გამოჩეკილ წიწილას ფრჩხილის მოჭრით დანიშნავდნენ. დათქმულ დღეს დილით დაკლავდნენ, გამოაცხობდნენ კვერებს. სახლთანგელოზისთვის შეწირული ჰქონდათ ზედაშეები, ინახავდნენ კედელში ან მიწაში, სადაც ფეხი არ ხვდებოდა. მოხარშულ ქათამს უფროსი ქალი მოაჭრიდა რამდენიმე ნაჭერს და კვერსა და ღვინის ზედაშესთან ერთად დადგამდნენ სახლთანგელოზის თაროზე ხონჩით. სანთელს აუნთებდნენ და დიასახლისი ოჯახის კეთილდღეობას, ბარაქას შესთხოვდა. ამ შესაწირს საღამომდე ტოვებდნენ თაროზე, საღამოს კი მას დიასახლისი შეექცეოდა.
სამეგრელოში დიდმარხვის დადგომამდე ატარებდნენ ნერჩი ხვამის (ფუძის ლოცვის) ან ნერჩი პატენის (ფუძის ბატონის) ლოცვას. ამ დღეს ოჯახის დიასახლისი აცხობდა ოთხ პურს, ჩაიკეტებოდა ოთახში და სხვებისგან ფარულად ლოცულობდა. ანთებდა ოთხ სანთელს: ორს _ უკანა კარებზე და ორს _ წინაზე. სანამ სანთლები ჩაიწვებოდა, შეჭამდა ამ პურებს და გააღებდა კარებს. ამის მერე აცხობდნენ ლობიოსგულიან ჭვავის პურს, ხის გობზე ათავსებდნენ და სახლის მარჯვენა კუთხეში მიწაზე დებდნენ. ოჯახის უფროსი და დიასახლისი რიგრიგობით მიდიოდნენ მასთან, მიწამდე თაყვანს სცემდნენ და ჩურჩულით წამოსთქვამდნენ ლოცვას, რომელშიც ახსენებდნენ „ნერჩი პატენს“. ეს რომ მიწის, კერძოდ ფუძის ანგელოზის სალოცავი იყო, იქიდანაც ჩანს, რომ თუ სახლი ხის იყო და ფეხებზე იდგა, მაშინ ნერჩი ხვამას არ ატარებდნენ. ეს მხოლოდ მიწის იატაკის მქონე სახლში სრულდებოდა.
ხევსურები სახლის ანგელოზს სხვაგვარად ყუდროს ანგელოზსაც უწოდებენ. ყოველი ხევსური ქალი დაწოლის წინ უსათუოდ ლოცულობდა: „კეზის წვერის ანგელოზო, სახლის ანგელოზო, ყუდრო კარის დამჭერო, გვიშველე“. სახლის ანგელოზის სახელზე ხავიწსაც აცხობდნენ.
ოჯახის წევრები სახლის მფარველს იშვიათად ნახულობდნენ. შეიძლება იგი პერიოდულად ეცხადებოდა კიდეც დიასახლისს, რომელიც ფუძის ანგელოზისთვის დადგენილ წესს წარმართავდა. სჯეროდათ, რომ იგი უმანკო არსებებს _ ჩვილ ბავშვებს ეჩვენებოდა ხოლმე. ოჯახის ანგელოზს საგანგებოდ იფარავდნენ უცხო თვალისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში სული ტოვედა სახლს და თან მიჰქონდა ოჯახის კეთილდღეობა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ გარეშე პირი არ არის „შინასთან“ წილნაყარი, არ არის ოჯახურ ტრადიციას ნაზიარები და თავისი უცოდინარობით შეიძლება დაარღვიოს ის ჰარმონია, რომელიც სუფევს ოჯახის წევრებსა და მის მფარველს შორის.
დაღესტნელთა წარმოდგენით, ლუდის ქვაბს ოჯახის გველი დარაჯობდა. ლუდის მოსატანად მხოლოდ სახლის პატრონი მიდიოდა (ერთი და იმავე ტანსაცმლით). მოდარაჯე გველი წყნარად იყო და ლუდიც ბევრდებოდა, მაგრამ თუ უცხო მივიდოდა, გველი შეკრთებოდა და იქაურობას მიატოვებდა. ოჯახის ბარაქაც თან გაჰყვებოდა.
რომელ ოჯახსაც გველი (ე. ი. პატრონი) არ ჰყავდა სახლში, იმას ავსული ეპატრონებოდა. ამიტომ ძალიან ეშინოდათ მფარველის დაკარგვისა, ცდილობდნენ, არ განერისხებინათ და დროდადრო ამოწმებდნენ სახლში მის ყოფნას. დაღესტნის ზოგიერთ სოფელში ასეთ ხერხს მიმართავდნენ: მთელი ღამით ტოვებდნენ ფქვილმოყრილ თეფშს. თუ მფარველი სული სახლში იმყოფებოდა, ის აუცილებლად დატოვებდა კვალს ფქვილზე. იგი ასევე ხმასაც გამოსცემდა. დაღესტანში მას ხოჭოს ბზუილს ადარებდნენ, საქართველოში _ მწყერის ჭუკჭუკს. ერთი რაჭველის თქმით, ოჯახის გველი დილით სახლს ელაპარაკება, თავის თავს აცნობს.
ოსეთში სოფელ ედისეში ცხოვრობდა ბურაევების ოჯახი. მათ კედელში ოქრო ჰქონიათ შენახული, რომელსაც გველი (მფარველი სული) დარაჯობდა. ერთხელ ბურაევების დეიდამ მათ კოშკთან გველი დაინახა და იცნო თავისი დიშვილების „პატრონი“. მან ხელისგული მიუშვირა, გველი ზედ აძვრა და სისინებდა. ჩანდა, რომ გაჯავრებული იყო. ქალმა დაამშვიდა და მივიდა თავის დიშვილებთან, ჰკითხა, გველს ვინ აწყენინაო. ქალებმა უპასუხეს: „უი, დღეს მისთვის რძის დადგმა დაგვავიწყდა“. ამის შემდეგ ბურაევები ყოველთვის დროზე უდგამდნენ რძეს და გველიც მათი ერთგული იყო, პატრონების მეტს არავის აკარებდა იმ ოქროს.
კახეთში თორმეტი ძმა ცხოვრობდა. ერთ-ერთის ცოლი უშვილო იყო. ოჯახში პურს ის აცხობდა. ფქვილის შესანახში ცხოვრობდა დედალ-მამალი გველი. ეს მარტო ამ ქალმა იცოდა და უვლიდა, აჭმევდა მათ. ერთხელ ქალი სადღაც წავიდა, დატოვა გამომცხვარი პურები და რძლებს დაუბარა, ფქვილს არ მიჰკარებოდნენ. მათ არ დაუჯერეს, ნახეს გველები და ერთი მოკლეს, მეორე გაექცათ. მერე მობრუნდა ის გველი, ყველა დაკბინა და დახოცა.
ინგუშური გადმოცემით, ერთ მთიელს სახლში ჰყავდა გველი-მფარველი, რომელიც მხეცებისგან იცავდა საქონელს და ოჯახს პატრონობდა. მასთან ერთად სახლში იყვნენ სიუხვის ფრინველი _ ბარაქიანობის მომტანი და ქარების ვარსკვლავი, რომელიც გზას არ აძლევდა ქარებს და იქ მუდამ კარგი ამინდი იყო. ერთხელ მთიელმა ვარსკვლავი და ფრინველი ცალკე ოთახში ჩაკეტა, გველს კი ბავშვების მეთვალყურეობა დაავალა. პატარა ბიჭმა უნებურად კუდი მოაჭრა გველს, რომელმაც ბავშვს უკბინა და გაეცალა იქაურობას. მას გაჰყვნენ სიუხვის ფრინველი და ვარსკვლავი. ეს ოჯახი გაღარიბდა.
ოჯახის მფარველის ძალას ზოგჯერ უსულო საგნებსაც მიაწერდნენ. სვანეთში ბევრ ოჯახს ჰქონდა ქვის კერპი _ ჩხუდანი. იგი მფარველი სულის ნივთიერი განსახიერება იყო, რომელსაც სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ: ნატვრისთვალი, ტიაროსი, მიწის თვალი, ცოდვის საკითხავი (ლახვაშინა). კერპები ძირითადად დაუმუშავებელი ქვები იყო, ისინი ბუნებრივად ჰგავდნენ ანთროპომორფულ გამოსახულებებს (უფრო თავსაფრიან ქალებს). მათში ხედავდნენ ნაყოფიერების მომცემ ძალას და არიდებდნენ გარეშე თვალს. მათი მსახური ქალი იყო, თუმცა დიდ დღესასწაულებზე მამაკაციც მათთან ლოცულობდა.
სოფელ მესტიაში ნაკანების სახლში ჰქონიათ საგვარეულო სალოცავი ქვა, რომელმაც ოფლიანობა იცოდა გაჯავრების დროს. ყოველ ახალ მთვარეზე ამ ქვას შესაწირს სწირავდნენ და ლოცვით მიმართავდნენ, ოფლიანობის დროს კი დამატებით ღონისძიებებს ატარებდნენ, რომ მოელბოთ განრისხებული მფარველი. საერთოდ, კერპი მოთავსებული იყო სვანური სახლის ბეღელში („გვემ“). მას თაყვანს სცემდნენ დიდი ოჯახი და მისგან განაყარი საძმოები, როგორც სახლის მფარველ ღვთაებებს.
ადიღეში საოჯახო სალოცავი კერპი იყო ხის მორი ზემოთ აშვერილი შვიდი ტოტით. წელიწადში ერთხელ სახლში შეჰქონდათ დიდი პატივით და მთელ რიგ რიტუალებს ატარებდნენ, თან სთხოვდნენ ოჯახის ბარაქიანობას. შემდეგ ეზოში გაჰქონდათ და მომავალ წლამდე გარეთ იდო.
შაფსუღებში ამ რიტუალს შეუზერიშის (ღვთაების სახელია) ლოცვა ერქვა. მასში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობდა. ისინი დგებოდნენ მორის გარშემო ხელჩაკიდებულნი, მამაკაცები _ უქუდოდ. ლოცვას წარმოსთქვამდა დიასახლისი, რომელიც მადლობას უხდიდა შეუზერიშს წლის მოსავლისათვის და მფარველობას შესთხოვდა.
როგორც აღვნიშნეთ, ოჯახის მფარველის ადგილსამყოფელი საცხოვრებლის ცენტრში იყო _ კერიასთან, დედაბოძში ან თავხეში (კეზში). კერას საცხოვრებლის შიგნით მაორგანიზებელი ფუნქციაც ჰქონდა. კერა ჰყოფდა სახლში საქალებო და სამამაკაცო სივრცეებს, განსაზღვრავდა ოჯახის წევრთა ადგილს სქესისა და უფროს-უმცროსობის მიხედვით. ღვთაება, რომელიც „შინას“ ცენტრთან იყო დაკავშირებული, რიტუალური პრაქტიკის მეშვეობით უზრუნველყოფდა ოჯახის წევრების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, შრომის დანაწილებას და ზნეობრივი ნორმების დაცვას. ეს ამყარებდა ოჯახში ჰარმონიას, იმ წესრიგს, რომელიც კონკრეტული საზოგადოების „რჯულის კანონით“ იყო განსაზღვრული. ასე რომ, ოჯახის მფარველის რწმენა რელიგიის გარდა, რეალობაშიც ადამიანთა ყოფის დადებითად წარმმართველი იყო.
იმის შემდეგ, რაც ფუძის ანგელოზის რელიგიური მნიშვნელობა შესუსტდა, ცენტრიდან მან პერიფერიაზე გადაინაცვლა, რადგან მისი ადგილი პატრიარქალური რიგის ღვთაებებმა დაიკავეს, რომლებსაც მამაკაცები ემსახურებოდნენ დღისით, ქალი კი ღამე ჩასჩურჩულებდა მიწას და ხელუკუღმა უდგამდა ჯამს ანგელოზს. სამაგიეროდ, საკულტო ნიშნები შეიძინა კერამ, როგორც საგანმა, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ მთელ კავკასიაში. კერის ადგილი ყოველთვის იყო გამორჩეული, სადაც წყდებოდა ოჯახის მნიშვნელოვანი საკითხები და იქ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა ემორჩილებოდა.
ოჯახისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა კერიისადმი უდიერი მოპყრობა იყო და ამას დაუსჯელს არ ტოვებდნენ. თუ ვინმეს რამე დანაშაული მიუძღოდა რომელიმე ოჯახისადმი და ის მოასწრებდა კერის ჯაჭვის შეხებას, მას დანაშაული ეპატიებოდა. პატარძალს უფლება არ ჰქონდა, ჯაჭვს მიჰკარებოდა, სანამ სამჯერ არ შემოატარებდნენ კერის გარშემო. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა ის ოჯახის წევრად. ამ რიტუალის მეშვეობით ეზიარებოდა იგი სახლის მფარველ ღვთაებას და მის მსახურთა რიგში დგებოდა.
ჩეჩნეთში ოჯახის მფარველი იყო კერ-სელი და მის დღედ ითვლებოდა ოთხშაბათი (როგორც ნერჩის, ხვამას დღე სამეგრელოში). კერ-სელის დღეს აკრძალული იყო კერიიდან ნაცრის გადაყრა ან ცეცხლის სხვისთვის მიცემა. სხვა დღეებში იცოდნენ ნაცრის გადაყრა, თუ ბევრი დაგროვდებოდა, მაგრამ ცოტა მაინც უნდა დაებრუნებინათ კერიაზე, რომ სახლის ბარაქა არ დაკარგულიყო. ჩრდილოეთ კავკასიაში ტრადიცია იყო ნაცრის გორების დადგმისა. ვის სახლთანაც უფრო დიდი გორა იდგა, ის ოჯახი ითვლებოდა შეძლებულად (ე. ი. კერიაში ცეცხლი სულ ენთო და ზედ ბევრი რამ კეთდებოდა).
ჩეჩნეთსა და ინგუშეთში რაც კერიასთან იყო დაკავშირებული (ცეცხლი, ნაცარი, ჯაჭვი, ქვაბი), ყველაფერი წმინდად ითვლებოდა და დიდ პატივს სცემდნენ. ჭამის წინ კეთილდღეობის ლოცვით ცეცხლში ისროდნენ საკვების ნაწილს. ყოველ საღამოს დიასახლისი რკინის ნიჩბით მოხვეტდა ნაკვერჩხალს და ნაცარს დააყრიდა, რომ დილამდე შენახულიყო, თან ლოცულობდა, ღმერთო, არასდროს არ ჩაქრეს ცეცხლიო. ქართველებმაც იცოდნენ ცეცხლის შელოცვა:
„ცეცხლო ელოდე, მელოდე,
მე მელოდე, მზეს ელოდე,
დილით ადრე ავდგებოდე,
დოჩხოურა (გაღვივებული) დამხვდებოდე“.
დიდი ოჯახური უბედურების დროს (განსაკუთრებით, ოჯახის უფროსის სიკვდილის შემთხვევაში) ქალები თავზე იხურავდნენ ქვაბს და ასე გამოდიოდნენ გარეთ იმის ნიშნად, რომ აღარ იყო ის, ვისთვისაც ცეცხლი უნდა შეენახათ. გათხოვებისას ქალს კერას შემოატარებდნენ, ქმრის ხელისმომკიდე კი კერის ჯაჭვს შეანჯღრევდა, რაც ქალის ოჯახთან კავშირის გაწყვეტას ნიშნავდა.
ფაქტობრივად, კერას თაყვანს სცემდნენ ისე, რომ მასში დავანებულ ანგელოზს აღარც ახსენებდნენ. კულტის შესუსტებამ გათიშა ორი ურთიერთდაკავშირებული ელემენტი. აქ საქმე გვაქვს რელიგიის ისტორიაში ცნობილ მოვლენასთან: უსულო საგნებს იმდენად სცემდნენ პატივს, რამდენადაც მათ კავშირი ჰქონდათ ღვთაებებთან. შემდგომში, როცა ფერმკრთალდება ღვთაების რელიგიური ფუნქცია, თაყვანისცემის ობიექტი ხდება საგანი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ზებუნებრივ არსებასთან. ასე გაჩნდა ხის, ქვის, მთისა და სხვათა კულტი, მათ რიცხვში შედის კერის კულტიც.
ოჯახის მფარველი შედიოდა ძველი რელიგიური სისტემის მიწის ღვთაებათა რიგში, რომლებზეც დამოკიდებული იყო მთელი ბუნების ნაყოფიერება. ამიტომ ადამიანები ლოცვებში სთხოვდნენ ფუძის ანგელოზს ოჯახის გამრავლებას, უხვ მოსავალს, საქონლის გამრავლებას და ა. შ. ფუძის ანგელოზი ვიწრო ლოკალური ღვთაებაა, რომლის სამყოფი სახლით, „შინა“ სამყაროთია შემოსაზღვრული. ამ საზღვრის გარეთ ის არ გადის (თუ განრისხებულმა სამუდამოდ არ მიატოვა ოჯახი), ამიტომ ის თვითონ ვერ შეძლებდა ყველაფრის უზრუნველყოფას, რაც ადამიანს სჭირდებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ძველად ლოცვებში მას სთხოვდნენ ნაყოფიერების უფრო მაღალი რანგის (ამ შემთხვევაში დაბლა მყოფი, რადგან ძალმოსილება ქვედა მიმართულებით იზრდება დედა მიწისკენ) ნაყოფიერების ღვთაებასთან შუამდგომლობას. ესეც ცნობილი მოვლენაა რელიგიაში, როცა ადამიანი ახლოს მდგომ ღვთაებას სთხოვს უფრო ძლიერ ღვთაებებთან შუამავლობას კეთილდღეობის მისაღებად. მაგალითად, ინგუშებისთვის ქალღმერთი თუშოლი ადამიანთა ქომაგი იყო უმაღლესი ღმერთის დიალას წინაშე, ხევსურებისთვის სამძიმარი ელჩობდა სხვა ღვთისშვილებთან. შაფსუღების ოჯახის მფარველ ღვთაებას „თხაკოფიჟი“ ერქვა, რაც „ღმერთის წარგზავნილს“ ნიშნავს.
ოჯახის მფარველს ადამიანთა სათხოვარი მიჰქოდნა მასზე უფროს ადგილის დედასთან, ადგილის დედას კი დედა მიწასთან _ უმაღლეს ხთონურ ქალღმერთთან, რომელიც განაგებდა ნაყოფიერებას საზოგადოდ. ფუძის ანგელოზს დიასახლისი ემსახურებოდა, შესაწირავს უძღვნიდა და ლოცულობდა მიწისკენ დახრილი. მამაკაცები, როგორც წესი, ამ რიტუალებში არ მონაწილეობდნენ.
დროთა განმავლობაში ოჯახის მფარველმა ღვთაებამ განიცადა არა მარტო სახეობრივი, არამედ ფუნქციონალური ცვლილებებიც. ოჯახის კეთილდღეობას სთხოვდნენ უკვე იმ ღვთაებებს, რომელთა ფუნქციები სცილდებოდა ვიწრო ლოკალურს. ჩვეულებრივ, ეს მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ღვთაებები არიან. ასეთი შენაცვლება კანონზომიერია, რადგან ოჯახის მფარველი ხთონურ ღვთაებათა რიგს განეკუთვნება. მაგალითად, ადიღეში ოჯახის მფარველობა დაეკისრა მიწათმოქმედების ღმერთს თხაგოლეჯს. იგი დედაბერ უორსარის ვაჟია, ე. ი. ვაჟმა მიისაკუთრა დედის ფუნქციები, უორსართან დაკავშირებული სიუჟეტები კი დავიწყებას მიეცა. სოციალური და რელიგიური სისტემების შეცვლასთან ერთად ოჯახის მფარველებს შორის მამრი ღვთაებებიც ჩნდებიან, მაგრამ ქალღვთაებათა სრულიად განდევნა მათ ვერ შეძლეს.
შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც თავს იჩენს ოჯახის მფარველის კულტთან დაკავშირებით. ეს არის ფუძის ანგელოზისა და ოჯახის წევრთა ნათესაური კავშირი. როგორც ვნახეთ, ფუძის ანგელოზთან უშუალო ურთიერთობა აქვს ოჯახის დედას _ დიასახლისს, რომელიც ჩურჩულით ელაპარაკება მფარველ ღვთაებას და სხვებისთვის (თვით ოჯახის წევრებისთვისაც) საიდუმლოდ რჩება მათი „საუბრისა“ და „შეთანხმების“ საგანი. შესაძლოა, ამ კულტის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე ფუძის ანგელოზსა და დიასახლისს შორის შთამომავლობის გაცვლასაც ჰქონდა ადგილი. ამის მკრთალ რუდიმენტებს ვხედავთ კავკასიელთა მითოლოგიაში. დაღესტანში ოჯახის მფარველს „კიუნე“ ერქვა. ხალხის რწმენით, კიუნეები დროდადრო დედის მუცლიდან იტაცებენ ბავშვებს, თვითონ ზრდიან და ასე ივსებენ თავიანთ რიგებს. ამით ხსნიან დაღესტნელები ცრუ ორსულობას.
მსგავსი წარმოდგენები გვხვდება ქართველურ ტომებშიც, ოღონდ აქ იგი დემონოლოგიის სფეროს უკავშირდება. არის შემთხვევები, როცა დედა აკვანში დამახინჯებულ შვილს აღმოაჩენს. ხალხს სჯერა, რომ ბავშვი ავსულებმა მოიტაცეს, სანაცვლოდ კი თავიანთი მახინჯი შთამომავალი დატოვეს. მართალია, ამ შემთხვევაში მოქმედებენ ავი სულები და არა ოჯახის მფარველები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგან ოჯახის მფარველებმა უარყოფითი ნიშნები მიიღეს და დემონურ არსებათა რიგში გადავიდნენ, მაშინ ანალოგია შესამჩნევი გახდება.
როგორც ითქვა, ეს ფაქტები იმ წარმოდგენათა რუდიმენტებია, რომელთა მიხედვით ფუძის ანგელოზსა და ოჯახის წევრებს შორის ნათესაობა არსებობდა. ეს კი გარკვეულწილად წინაპართა კულტს უკავშირდება. ამას ადასტურებს კერის მფარველის აფხაზური სახელიც „აჟაჰარა“. ამ სიტყვის პირველი ნაწილი (აჟ) ითარგმნება, როგორც „ხორცი“ სხეულის გაგებით (და არა საკვები პროდუქტის), რომელიც აფხაზურ ენაში სისხლით ნათესაობის აღსანიშნავად იხმარება. ამის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ აფხაზურ სახელში პირდაპირაა მითითება სისხლით ნათესაობაზე.
მფარველებს არა მარტო თავისთან მიჰყავდათ ჩვილი ბავშვები, ხანდახან თვითონაც განხორციელდებოდნენ ხოლმე რომელიმე წევრის სახით, ე. ი. ნათესაობის გამოვლენა ორმხრივი იყო. თიანეთის რაიონის სოფელ წიკვლიანთკარში ცხოვრობდა მკითხავი ქალი ბაბალე თადიაური. ამბობდნენ, რომ იგი გველთან ერთად დაიბადა. მას ერთი გვერდი ქერცლით ჰქონდა დაფარული (გველის ტყავის მსგავსად) და აკვანში რომ იწვა, მისი ტყუპისცალი გველი აკვნის სახელურზე იყო შემოხვეული და „დასთან“ ერთად ეძინა. ეს არ არის მთლად უცხო მოვლენა, რადგან ბევრად უფრო განვითარებულ მითო-რელიგიურ სისტემებში (თუნდაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მოქმედ ღვთისშვილთა კულტში) არიან გაღმრთობილი ადამიანები და განკაცებული ღვთაებები.
ფუძის ანგელოზის კულტში კიდევ ერთ არქაულ შტრიხს წარმოადგენს გველის სახით მისი გამოვლენა. როგორც უძველეს მითოლოგიურ წარმოდგენებში, აქაც გველი ქალღვთაების ატრიბუტი კი არ არის, არამედ იგი თავად განასახიერებს გველს. ამ კულტში ჩამოყალიბდა კერაში ამოსული ხისა და მასზე შემოხვეული გველის მითოლოგემა, რომელიც ტრანსფორმირებული სახით შევიდა ღვთისშვილთა ანდრეზებში.
ადგილის დედა
თუკი ფუძის ანგელოზის სამოქმედო ასპარეზი ერთი ოჯახით შემოიფარგლებოდა, სოფელსა და იქ მოსახლე ადამიანებს, აგრეთვე ცალკეულ ადგილებს მფარველობდა უფრო მაღალი რანგის ღვთაება, რომელსაც ადგილის დედას უწოდებდნენ. სახელის მიხედვითაც ჩანს, რომ ისიც მიწასთან დაკავშირებულია, მაგრამ ფუძის ანგელოზთან შედარებით, უფრო ფართო არეალს პატრონობს. ვაჟა-ფშაველა წერდა:
„ფშაველის წარმოდგენით, თვითეულს ადგილს, მთას, გორას, ხევს ჰყავს დედა, რომელსაც „ადგილის დედას“ ეძახის. მონადირეს რომ დაუღამდეს სადმე მთაში ან ხევში, მიებარება ადგილის დედას; „ემ ადგილის დედავ, შენ გებარებოდე, შამინახე შენის მადლით და დავლათით““.
როგორც ყველა ოჯახს ჰყავდა ფუძის ანგელოზი, ისე ყველა სოფელს ჰყავდა თავისი პატრონი, რომელსაც იქ მოსახლე ადამიანების გარდა სტუმრად მოსულებიც სცემდნენ საკადრის პატივს.
ხალხს სჯეროდა, რომ ყველა ადგილის დედა თავის ადგილს, კუთვნილ მონაკვეთს მკერდით იჭერს. მათი თქმით, „ადგილის დედა უმზეო დედაა _ დედამიწის დამჭერი. უმზეო დედა არის გულაღმა მწოლიარე. ამ გულით ატარებს დედამიწას“.
ამ ღვთაებებს უმზეოს იმიტომ უწოდებდნენ, რომ ის მიწის განსახიერებაა, მიწისქვეშეთშია მისი სამყოფელი და ზემოთ თითქმის არ ამოდის. რაც შეეხება „დედამიწას“, მთქმელი გულისხმობს მიწის იმ მონაკვეთს, რომელიც ადგილის დედის გამგებლობაში შედის. მთლიანად დედამიწის პატრონობა მის უფლებებს აღემატება. ამ ფუნქციას მასზე ძლიერი ღვთაება _ „მიწის დედა“ _ ასრულებდა.
როგორც მიწის ღვთაებას, ადგილის დედას მიწის ბარაქიანობასა და მოსავლის სიუხვეს შესთხოვდნენ. ამიტომაც მისთვის განკუთვნილი რიტუალები გაზაფხულზე ტარდებოდა, რაც დროის თვალსაზრისით ემთხვევა აგრარული კულტების დღესასწაულებს. თვითონ ადგილის დედა თავისი არსით აგრარული კულტის ერთ-ერთი უძველესი განსახიერებაა. საქართველოში ბევრგან ტარდებდოა ასეთი რიტუალი: გაზაფხულზე ქალები ფეხშიშველები ჩამოივლიდნენ სოფელს. ისინი ყველა ოჯახში მოვიდოდნენ, ხელს ჩააბამდნენ საფერხულოდ და მღეროდნენ: „დიდება და ღმერთსა დიდება…“. მართალია, ამ ტექსტში ადგილის დედა აღარ იხსენიება, მაგრამ ეს წეს-ჩვეულება რომ მისთვის იმართებოდა, ამას ქალების ფეხშიშველი სიარულიც ადასტურებს, რაც მიწის ღვთაების პატივისცემისა და მასთან უშუალოდ შეხების ნიშანია. ოჯახებში სიარულით კი მონაწილეები მთელ სოფელს რთავდნენ ადგილის დედის დღეობაში, რადგან ლოცვა-ვედრება ყველას სახელით აღევლინებოდა.
ადგილის დედისთვის განკუთვნილი დღეობები ჩრდილოეთ კავკასიაშიც გაზაფხულზე, სამეურნეო წლის დასაწყისში ტარდებოდა. ლოცვა შეიცავდა ბარაქიანობის, უხვი მოსავლის, ადამიანთა კეთილდღეობის თხოვნას. გარდა ამისა, მას შესთხოვდნენ შუამდგომლობას დედამიწასთან, რათა იგი მოწყალე ყოფილიყო. ბალყარელების დღეობის „ტეპანას“ დროს ანთებდნენ კერიის ცეცხლს და მასზე გამომცხვარ რიტუალურ ნამცხვრებს ურიგებდნენ კარდაკარ მოსიარულე მონაწილეებს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ადგილის დედა და ფუძის ანგელოზი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი.
ადგილის დედას ებარა სოფლის კეთილდღეობა და მისი საარსებო გარემო. მისი ზრუნვა სოფლის ყოფასა და ღირსებაზე ჩანს ერთ ხალხურ ლექსში:
„ადგილის დედა ჩიოდა,
სოფლის უფროსი კვდებაო.
ნუ მოკლავ, დამბადებელო,
სოფლობა წაგვიხდებაო“.
ეს ღვთაება სოფლის საქონელსაც პატრონობდა. აქედან გამომდინარე, ნაწველ-ნადღვების (რძის პროდუქტების) ბარაქიანობაც მასზე იყო დამოკიდებული. ამიტომ გაზაფხულზე პირველად შედღვებილი კარაქისაგან თუ ერბოსგან გაკეთებულ ქადებს სწირავდნენ, პირველად მოგებულ პირუტყვს უკლავდნენ და ასე მიმართავდნენ: „დიდო ადგილის დედაო, შენ გეხვეწების ამის მამტანი, მაუტანავის საქონის ნაწველი ნათავადარი. შენ დაუტანი ბარაქა, შენ გაუმართ ხელი წველა–დღვებაში, გაუბევრი საქონის ნაწველი, ხარის ნახნავი, კაცის ნამუშევარი“.
ქრისტიანობის გავლენით ადგილის დედის სახელს ღვთისმშობლის სახელიც დაემატა, რადგან ხალხის ცნობიერებაში ეს ორი სახე ერთმანეთს შეერწყა. ამიტომ ფშავ–ხევსურეთში ზოგან ასეც იხსენიება _ ადგილის დედა ღვთისმშობელი. მას ასე მიმართავენ: „ადგილის დედა ხთიშობელო, ადგილის მცველო და მფარველო დედავ, დედაო ხთიშობელო…“ ადგილის დედის დამხმარე ძალად გველია მიჩნეული, მაგრამ ფაქტობრივად იგი თვითონ არის ამ გველში განსხეულებული. როდესაც კაცი სიზმარში გველს ნახავდა, თვლიდა, რომ ადგილის დედა უწყრებოდა და სათანადო ქცევით (მსხვერპლშეწირვა, ლოცვა-ვედრება) ცდილობდა მისი გულის მოგებას.
ხევსურეთში ადგილის დედას ყოველთვის შუა ადგილზე ილოცავდნენ, უკლავდნენ ციკანს ბავშვის ავადმყოფობისთვის და აუცილებლად დეკეულის ბოჩოლას. ბევრ ადგილას მიწის ღვთაების სამყოფელს წარმოადგენდა ხვრელი მიწაში (სვანურად „ლაგამ“), რომელიც დღესაც არსებობს უშგულის სოფელ ჟიბიანის ჯგრაგის ეკლესიის გვერდით, ასევე სხვა სოფლების სამლოცველოებთან, წმინდა ხეებთან და სალოცავ ქვებთან. ივარაუდება, რომ მიწის ქალღვთაების სამლოცველოს მიწისზედა ნაგებობას ვითინი (ხის ან ქვის ნიში) წარმოადგენს, რომელსაც წინ უსწრებდა როგორც წმინდა ქვები, ისე ხვრელი მიწაში.
აფხაზეთში ადგილის დედას „ადგილ-დედოფალი“ ჰქვია, რომელსაც „მიწის ქალსაც“ ეძახიან და როგორც ყველგან კავკასიაში, აქაც მიწის ბარაქიანობასა და მის სამფლობელოში შემავალ ადამიანთა კეთილდღეობას შესთხოვდნენ. მწყემსები ერთი საძოვარიდან მეორეზე რომ გადადიან, ადგილ-დედოფალს სწირავენ ციკანს. ასევე მონადირეები ადგილთა გამოცვლისას სამადლობელ ლოცვას აღავლენენ ადგილის პატრონისადმი და მომავალშიც სთხოვენ დახმარებს. როცა ბავშვი ეცემა, იღებენ მცირე ნაწილს იმ მიწისას, რომელსაც ბავშვი თავით შეეხო, სამჯერ შემოუტარებენ თავზე სიტყვებით: „ამ ადგილის ძალამ არ მიაყენოს ზიანი შენს ჯანმრთელობას“.
აფხაზები ადგილ-დედოფალს სთხოვენ დახმარებას ზოგიერთი დაავადებისას, ასევე სამკურნალო ბალახების შეგროვებისას.
დაღესტანში ლაკების სოფელ ურის მცხოვრებნი გაზაფხულის დადგომისას ერთად ამზადებდნენ შეშას და სოფლის განაპირას ამაღლებულ ადგილზე ანთებდნენ კოცონს. როცა ჩაიწვებოდა, იღებდნენ ნახშირის ნატეხებს და დებდნენ ყოველ ოჯახში, რათა მათ ჰქონოდათ სახლის ნაყოფიერება და საკვების სიუხვე, ე. ი. ადგილის დედისთვის დანთებული ცეცხლის ნაწილი მთელ სოფელს უნაწილდებოდა. ბავშვები რიტუალური პურებით გამოდიოდნენ ქუჩაში და ხოტბას ასხამდნენ ღვთაებისთვის განკუთვნილ საკვებს.
ლაკების მითოლოგიაში მცენარეულ სამყაროს განასახიერებდა ღვთაება გუმი რომელიც, ფაქტობრივად, ადგილის დედაა და გამოიხატებოდა მცენარის ფესვის სახით, რომელსაც ადამიანის მსგავსი ფორმა ჰქონდა. მას წინასწარმეტყველებისთვისაც იყენებდნენ. მოხუცი ქალი ღამით მიდიოდა ამ ფესვისთვის იქ, სადაც დღისით შეამჩნევდა მას. ამ ადგილს ქალი შიშველი და თმაგაშლილი უახლოვდებოდა. ფესვის ამოთხრისას უნდა გამოჩენილიყო ღვთაებრივი სილამაზის შიშველი ქალი და მხოლოდ მაშინ ეძლეოდა ფესვს მაგიური ძალა. მცენარეს ფარავდნენ ნაჭრით და ისე ამოთხრიდნენ. სახლში ფრთხილად ასუფთავებდნენ მიწისგან, რეცხავდნენ მდუღარე რძეში, ახვევდნენ შალის ან აბრეშუმის ნაჭერში და ახალგაზრდა ქალი ბალიშის ქვეშ იდებდა. მას ბედი უნდა ეწინასწარმეტყველა. თუ ამოთხრისას ფესვი დაზიანდებოდა, ქალიშვილს ძილში ეუბნებოდა: „მე კოჭლი ვარ, ავად ვარ“.
ადგილის მფარველებს ინგუშები ტერიმებს უწოდებდნენ და ღამით გარეთ დარჩენილები მას ავედრებდნენ თავს. ერთი კაცი გირგი დაღესტანში წავიდა მარილზე. ღამის გასათევად გაჩერდა ადგილზე, რომელსაც ერქვა ბოალა-ხაკირიჟ. ძილის წინ წარმოთქვა, აქაურმა ტერიმმა დამიცვასო. ღამე ტერიმებმა დაიწყეს გადაძახილი ახლო მდებარე მთებიდან, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ. ბოალა-ხაკირიჟის პატრონმა უარი თქვა წასვლაზე: „არ შემიძლია, სტუმარს სძინავს ჩემთან, რომელიც მე მომებარაო“.
ძველ ოსეთში ყოველ ადგილსა და მხარეს ჰყავდა თავისი მფარველი, რომელსაც „ძუარი“ (ჯვარი) ერქვა, ოღონდ წინ მსაზღვრელი უძღოდა, რომელიც ადგილს აღნიშნავდა ან ღვთაების თვისებაზე მიუთითებდა. მაგალითად, ხარხი-ძუარი, ნოგ-ძუარი და სხვ.
ჩეჩნები ადგილის მფარველ ღვთაებებად თვლიდნენ ერდებსა და დიალას (უმაღლეს ღვთაებას). განსხვავება მოქმედების ფარგლებში იყო. „ერდ“ სიტყვამ მოგვიანებით მიიღო ზოგადად სალოცავის, სიწმინდის მნიშვნელობა და კომპოზიტის ნაწილად იქცა (მაგ., ტამიჟ-ერდი, თხობა-ერდი, გეალ-ერდი და სხვ.).
დარგიელები ყვებოდნენ, რომ ერთი ქალი მინდორში მუშაობდა და იქ დარჩა ჩვილი ბავშვი, სახელად მალიკი, რომელიც მხოლოდ სახლში მოსულს გაახსენდა. იგი ქმართან ერთად წავიდა მინდორში, სადაც უცნაური სურათი ნახა: გარშემო ყველგან ენთო კოცონები, უცნაური არსებები ტაშის კვრით დარბოდნენ წრეში და მღეროდნენ:
„მალიკი _ ლავაშის ნაჭერი,
მალიკი _ ხალვის ნატეხი,
მალიკი _ მინდორში დავიწყებული,
მალიკი _ სახლში გახსენებული“.
შუაში ძნაზე ფრთხილად მიბმული ბავშვი იწვა. დედა მაშინვე მიხვდა, რომ იმ ადგილების პატრონებმა მიხედეს დატოვებულ ბავშვს და გაართეს. იგი მაშინვე გაიქცა სახლში, სწრაფად მოამზადა ლავაში და ხალვა, დაბრუნდა მინდორში და იქვე დადო. ის უცნაური არსებები მაშინვე გაქრნენ.
ადგილის დედა ფუძის ანგელოზის მსგავსად გველის სახითაც არსებობს, რაც ამ ორი ღვთაების სახეობრივ მსგავსებაზე მეტყველებს, მაგრამ საქმე მარტო გარეგნობაში არ არის. ფოლკლორული მასალა ადასტურებს, რომ ისინი ერთმანეთის „ნათესავები“ არიან, ღვთაებათა ერთი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ. ინგუშურ გადმოცემაში გირგის შესახებ მოთხრობილია, რომ ტერიმები ამ კაცის ოჯახში მიდიან. გირგის ბავშვი შეეძინა და ოჯახის მფარველმა დაპატიჟა ახლომდებარე ადგილების მფარველები.
დაღესტანში, სოფელ მეკეგში ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთი კაცი ტყიდან სახლში ბრუნდებოდა. როცა ხეობიდან უნდა გასულიყო, კლდეზე უცნაური ქალი გადმოდგა და სთხოვა, აულში მიეტანა ვიღაც ანახსარის სიკვდილის ამბავი. სახლში დაბრუნებულმა მგზავრმა თავისიანებს მოუთხრო ეს ამბავი. უცბად დედაბოძიდან საშინელი ყვირილის ხმა მოისმა და იქიდან გამოვიდა ქალი, რომელიც ძალიან ჰგავდა კლდეზე გადმომდგარ ქალს. ეს იყო ოჯახის მფარველი კიუნე, რომელიც ტირილით გაემართა ხეობისკენ (კიუნეს წასვლის შემდეგ ოჯახი გაღარიბდა და გვარიც ამოწყდა).
მსგავსი გადმოცემა არსებობს თუშეთში. წისქვილში მიმავალ კაცს უცნობი ხმა აბარებს: „ჰაშურასაღ უთხრიდივ, ჰაგუნდამავ ბიჭა გააჩინავ“. ამ დანაბარებს რომ გაიმეორებს წისქვილში მისული კაცი, უცბად საღორიიდან ხელი ამოჩნდება, გახარებული გუდას გადაუგდებს და მიაძახებს: „გუდა მახარობელსავ!“ ეს გუდა ოქროთია სავსე.
ეს გადმოცემები ადასტურებს, რომ ოჯახის მფარველი სული ენათესავება ადგილის დედას, მათ საერთო აქვთ სიხარულიც და მწუხარებაც. მართალია, ოჯახის მფარველი სახლით შემოსაზღვრულ სივრცეშია, მაგრამ მისი თავდაპირველი სამყოფი რომ მიწის წიაღშია და არა კერაში ან სახლის ფუძეში, ამას ადასტურებს მისი გამოძახების ჩვეულება. როცა ოჯახი გაიყრებოდა, ფუძის ანგელოზი ძველ სახლში რჩებოდა, ახალში კი სპეციალური რიტუალებით იწვევდნენ სხვა მფარველს. დაღესტანში სოფელ გენტის მახლობლად არის ბორცვი, რომელსაც ჰქვია „ბორცვი, საიდანაც კარჟს იძახებენ“ (კარჟი ოჯახის მფარველია თეთრი გველის სახით). სახლის დამთავრების შემდეგ ოჯახი მიდიოდა ბორცვთან საჩუქრებით და სთხოვდა კარჟს, მათთან მისულიყო.
ასეთი რიტუალი აღარ ტარდება სვანეთში, მაგრამ მის ხსოვნას ინახავს ერთი მთის სახელი _ „მეზირის მთა“, საიდანაც ალბათ მოჰყავდათ მფარველი მეზირი ახალ სამოსახლოში. გარდა ამისა, გავიხსენოთ, რომ განრისხებული ანგელოზი ტოვებს სახლს და მიდის, ე. ი. მიწის ნაკვეთი, რომელზეც სახლი დგას, არ არის მისი მარადიული სამყოფელი. ის დედა მიწის შვილია, მისი ნაწილი და მისივე ნებით მიდის რომელიმე ოჯახის საპატრონოდ.
დედა მიწა
დედა მიწა, როგორც ქალღმერთი, აღარ ჩანს კავკასიურ მითოლოგიაში, რადგან მისი არსიცა და კულტმსახურების ძირითადი ელემენტები დედა ქალღმერთის კულტში გაითქვიფა. მიწის ღვთაებათა ტრიადაში იგი იყო იერარქიის მთავარი წარმომადგენელი, რომლის განაყარი, მონაწილეები ან შვილები იყვნენ ადგილის დედა და კერის მფარველი. სამივეს ზოომორფული სახე გველია, მაგრამ მათი ძალმოსილების მიხედვით გველებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამას მატერიალურ ძეგლებზე გამოხატული გამოსახულებებიც ადასტურებს.
თრიალეთში 1936 წელს სოფლების გუნიკალას, წინწყაროსა და სანამერის მახლობლად (ეს სოფლები წყალსაცავის ფსკერზე მოექცა) იყო წმინდა ადგილი, სალოცავი „გიუნე“, სადაც მოსახლეობა სხვადასხვა წეს-ჩვეულებას ასრულებდა. ტბის პირას განლაგებულ სალოცავში აღმოჩნდა ქვა, რომელიც აგებულებით წააგავს ვეშაპს. ზურგზე ამოკვეთილი აქვს მალებიანი ჯაჭვი, ხოლო გვერდებზე სამი დაკლაკნილი გველი. აქედან ერთი დიდია, ორი _ პატარა. მათში დიდი უფროს ქალღმერთს წარმოადგენს ანუ დედა მიწას, ორი პატარა კი ადგილის დედა და ფუძის მფარველი არიან.
კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქვის ძეგლები, რომლებსაც ქალქვას ეძახიან, ხშირად ქმნიან პატარა ჯგუფს, რომელშიც სამი ქვაა, მათგან ერთი დიდია, ორი _ მომცრო. ეს ქვები და გველების გამოსახულებანი მიწის ღვთაებათა სიმბოლოებია და მათი რაოდენობა ემთხვევა იერარქიაში შემავალი ღვთაებების რიცხვს ანუ ტრიადას.
დედა მიწის, როგორც ღვთაების თაყვანისცემა შემორჩენილი იყო ბავშვის დაბადების რიტუალებში. ფუძის ანგელოზი და ადგილის დედა ადამიანის ცხოვრებას აწესრიგებდნენ და მფარველობდნენ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ახალი სიცოცხლის გაჩენა, უმაღლესი ღვთაების უფლებებში შედიოდა. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ რიტუალებში შესაწირავი და ლოცვა–ვედრება დედა მიწისადმია მიმართული.
იმერეთის სოფლებში დასაძინებლად ხმარობდნენ ხის გრძელ ტახტებს, მაგრამ მასზე მომშობიარება არ შეიძლებოდა. მშობიარობამდე ბებია ქალი ამზადებდა ქალისთვის ადგილს მიწაზე: აკეთებდა ჯვრის ნიშანს, შეულოცავდა, მერე დააგებდა თივას ან ჩალას და ამ „საწოლზე“ ამშობიარებდა ქალს. მესამე დღეს აცხობდნენ დიდ ხაჭაპურს და იწვევდნენ იმ ქალებს, რომლებიც ესწრებოდნენ მშობიარობას. ხაჭაპურს გადასცემდნენ ბებია ქალს, რომელიც გარშემო შემოუნთებდა სანთლებს, აიღებდა ჭიქა ღვინოს, ატრიალებდა ხაჭაპურს მარცხნიდან მარჯვნივ და ღმერთს ავედრებდა პატარას და მის მომავალს. მერე გულს ამოაჭრიდა ხაჭაპურს, სადაც მეტი ყველი იყო, დანარჩენს იმდენ ნაჭრად დაჭრიდნენ, რამდენიც ესწრებოდა. სხვებიც იმეორებდნენ ლოცვას და ჭამდნენ ხაჭაპურს. ვინც მშობიარობას არ ესწრებოდა, ამ წესზე არ დაიშვებოდა, არც ამ ხაჭაპურის ჭამის უფლება ჰქონდა სხვა ვინმეს.
აფხაზეთში დედა მიწის გულის მოსაგებად ბებია ქალი მშობიარის გარშემო მიმოაპნევდა ხორბალს ან სხვა მარცვლეულს, რათა ღვთაებას ხელი არ შეეშალა ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის.
გურიაში მშობიარე ქალს მიწაზე აწვენდნენ და ქვეშ ჩალას უგებდნენ. მშობიარობიდან მერვე დღეს ატარებდნენ რიტუალს, რომელსაც „მიწის გაჯერება“ ერქვა. იკრიბებოდნენ ის ქალები, რომლებიც მშობიარობას ესწრებოდნენ. ბებია ქალი მიწაში ამოჩიჩქნიდა დანის წვერით რამდენიმე ორმოს. თითოეულში დებდა სანთელსა და საკმეველში არეულ პურის გულს, ზედ დაასხამდა ქათმის ბულიონსა და ღვინოს და მიმართავდა მიწას, როგორც სულიერ არსებას: „გაგაძღე პურით, ღვინით, ერბოთი, სანთლითა და საკმევლით, ამიტომ შენც მიეცი ჯანმრთელობა და ბედნიერება მელოგინეს“. სხვა ქალები სანთლებით იდგნენ. ლოცვის მერე ბებია ქალი ანთებულ სანთელს სამჯერ შემოატარებდა წელზე მელოგინეს და გადააბრუნებდა მას მარცხნიდან მარჯვნივ, ასევე ახალშობილსაც. სხვა ქალებიც მიდიოდნენ მელოგინესთან სათითაოდ და იმავეს აკეთებდნენ. ამის შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ. თუ მიწას არ მოიმადლიერებდნენ, ის ავნებდა მელოგინეს.
საინგილოში მშობიარე ქალი რომ ავმა სულმა არ დააზიანოს, გარშემო ზონარს შემოავლებენ, რომელიც გველს ჰგავს, ისეა დაკლაკნილი და შემოხვეული, თან თოფს ისვრიან ავსულთა დასაფრთხობად.
მშობიარე ქალის მიწაზე დაწვენა ნიშნავდა დედა მიწისთვის მის მიბარებას, რათა ღვთაებას მფარველობა გაეწია მშობიარე ქალისა და მისი ბავშვისთვის. მიწასთან უშუალო შეხებით ქალი დედა მიწიდან იღებდა გამანაყოფიერებელ თვისებას და სასიცოცხლო ძალას. ამ აქტით ბავშვი მარტო დედის შვილად კი არ ითვლებოდა, მისი მშობელი და პატრონი მიწის ქალღვთაებაც იყო, რადგან მიწაზე დაწოლილი ქალი ბავშვს რომ აჩენდა, ამაში დედა მიწაც მონაწილეობდა.
მიწის ღვთაებები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, სამივეს ზოომორფული ნიშანია გველი (ამიტომაც შემოავლებდნენ მელოგინეს გველის მსგავს ზონარს), მაგრამ ხანდახან მცენარის სახესაც იღებენ. ისინი თითქმის ერთგვაროვან ფუნქციებს ასრულებენ, ოღონდ განსხვავებულია მათი მოქმედებისა და უფლებების მასშტაბები.
ჩვენ მიერ განხილული ღვთაებები მოიცავენ მთელ მიწიერ სამყაროს. ეს არის კავკასიური მითოლოგიის ერთ-ერთი უძველესი ჯგუფი, რომელსაც აქვს იერარქიული სისტემის ყველა ნიშანი (სტრუქტურა, ორგანიზებულობა, ურთიერთდაკავშირებული ელემენტები და სხვა). დაღმავალი გზით (იმიტომ, რომ მიწის სიღრმისკენ მიემართება) ეს იერარქია ასე წარმოსდგება:
კერის მფარველი
ადგილის დედა
დედა მიწა
საფიქრებელია, რომ ამ სისტემამ მოამზადა ყოვლისმომცველი დედა ქალღმერთის სახე, რომელმაც მიწის ღვთაებათა ყველა ატრიბუტი და ფუნქცია შეიერთა.
ქეთევან სიხარულიძე – „კავკასიური მითოლოგია“
წყარო: metaphora.ge