მორიელი და თევზები

მორიელი და თევზები

ყველაზე ხშირად მათ მთვარის შუქზე  შეხვდებით, როდესაც საშინლად ყმუიან.

მაშინ ლაგუნა მოკვდავთათვის საშიში ხდება.

ამ ნიშნების კომბინაცია განსხვავდება  წყლის  სხვა კომბინაციებისგან. თავისთავად გასაგებია, რომ ეს ურთიერთობა გაცილებით იდუმალი და ამოუცნობია, ვიდრე ცეცხლოვანი, ჰაეროვანი და მიწიერი ნიშნების ურთიერთობები. მორიელს  და თევზებს მაგნიტურად იზიდავთ ერთმანეთისკენ ჩუმი და სრული ურთიერთგაგება. მე ვიცნობ მორიელისა და თევზების წყვილს, რომელთაც მყისიერი ურთიერთგაგება არც თავიდან ჰქონიათ და არც ახლა აქვთ. ეს იმიტომ, რომ მორიელის ასცედენტი და მთვარე ქალწულის ნიშანშია, თევზებთან  ოპოზიციაში. ასეა თუ ისე, ტრიგონის  კეთილისმყოფელი გავლენა მაინც ძლიერ უბიძგებს ერთმანეთისკენ და როგორი ნეგატიური ფაქტორებიც არ უნდა არსებობდეს  სინასტრიულ რუკაში, მათ თითქმის  არასდროს  ემუქრებათ მტრობა და დისჰარმონია.

მნიშვნელობა არ აქვს ვინ არიან ისინი ერთმანეთისთვის, მშობელი და შვილი, მასწავლებელი და მოსწავლე, მეგობრები, საყვარლები თუ მეუღლეები, მორიელი და თევზები ცნობიერად განეწყობიან ერთმანეთზე, როგორც ორი მოკლესიხშირიანი რადიომიმღები. ძალიან ხშირად მათ შორის საოცარი ტელეპატიური კავშირია. ერთხელაც აღმოჩნდება, რომ მათ უფრო მეტი რამ აკავშირებთ, ვიდრე უბრალო ნაცნობობა ან მეგობრობა. მათი ძლიერი ასტრალური კავშირი არ არის დამოკიდებული გეოგრაფიულ დისტანციებსა თუ დროის ფაქტორებზე. საკლასო ოთახში, ოფისსა თუ სახლში, თვალსაჩინო მიზეზების გარეშეც, ისინი ყოველთვის მძაფრად გრძნობენ ერთმანეთს. მათ სიახლოვეს მოხვედრილმა ადამიანმა შეიძლება განაცხადოს, რომ მათ არც კი შეუმჩნევიათ ერთმანეთი, რადგან ორივე, როგორც წესი, დუმილს ამჯობინებს. მთელი  ფოკუსიც  ის არის, რომ მორიელი და თევზები უმეტესად  უსიტყვოდ  ურთიერთობენ.

მორიელი დედა ხშირად გრძნობს, რომ მისი თევზები შვილი გასაჭირშია. ისიც იცის, რის გამო. და პირიქით, თევზები მშობელი კარგად გრძნობს, როდის და რატომ ეუფლება შინაგანი დაძაბულობა  მის  მორიელ პირმშოს. მორიელი და თევზები, საყვარლები თუ მეუღლეები, მეგობრები თუ უბრალო  ნაცნობები, მარტივად გრძნობენ ერთმანეთის სიხარულსა და დარდს. მათ გაცილებით მეტი ესმით დუმილით, ვიდრე დანარჩენ ნიშნებს  საუბრით. აქიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება დაასკვნათ, რომ მათ არავითარი სირთულე არ შეექმნებათ. სამწუხაროდ ეს ასე არ არის და მიწიერ სამოთხემდე ჯერ კიდევ შორია.

მათი ურთიერთობის ერთერთი უმთავრესი სირთულე „ძლიერისა“ და „სუსტის“ პრობლემაა. აბა, გამოიცანით, ვინ იგებს ხოლმე გადამწყვეტ პარტიას. რომელია ძლიერი და რომელი სუსტი? ნუ გეშინიათ მცდარი ვარაუდების, თქვენ უკვე საკმაოდ კარგად ერკვევით ასტროლოგიაში. მორიელი ძლიერია და  თევზები სუსტი, ჰო? დარწმუნებული ხართ? არა!

როგორც ცნობილია, ამ წყვილში თავიდან ძალას მორიელი ავლენს. ორივეს მშობლიური სტიქია წყალია და რადგან წყალი ყველაზე ძლიერი სტიქიაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მომთმენები არიან. მორიელი პლუტონის შვილია და უხვად არის მისგან დაჯილდოებული. თუმცა პლუტონის ძალაუფლება ადამიანურ „ეგოს“ ეფუძნება. ნეპტუნის ძალაუფლება  კი  იმ  ძალაზე დგას, რომელზეც  ვერავინ  ვერასდროს  გაიმარჯვებს _ მორჩილებაზე.

მორიელი, რომელიც თევზების გაცნობისას ვარაუდობს, რომ უპრობლემოდ გადასანსლავს ამ უმწეო არსებას, რადგან მასზე ძლიერია, ძალიან გაკვირვებული დარჩება. თქვენ კი იცით, რა რთულია მორიელის გაკვირვება. მაგრამ შესაძლებელი. დიახ, საუკეთესო სურპრიზების შეჯიბრში თევზები მორიელს სახტად დატოვებს.

აი, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ნამდვილ მორიელს ხედავთ, რომელიც რაღაცაში ეჯიბრება ნამდვილ თევზს. როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო სწრაფად და არაპროგნოზირებადად მოძრაობს? თქვენ, ალბათ, მორიელს აირჩევთ? შესანიშნავია!  სწორ გზაზე დგახართ… მაგრამ რომელი უფრო სწრაფად გაქრება აბსოლუტურად უკვალოდ: არწივი ცაში თუ თევზი წყალში? შეხედეთ, თევზი გაქრა;  არწივი კი, ხედავთ იმ წერტილს ღრუბლებში? გაიხედეთ ბინოკლში. მაგრამ  არც კი ეცადოთ ბინოკლით თევზების პოვნას, ბინოკლი ვერ დაგეხმარებათ ოკეანის უძირო სიღრმეებში.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ფულის გამო არ იჩხუბებენ, თუმცა შეუძლიათ. ტიპური თევზები წარმოუდგენლად ხელგაშლილია, ისევე როგორც მორიელი, როდესაც საქმე მის ახლო მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან ისეთ რამეს ეხება, რასაც პლუტონით მართული ადამიანი „ღირსეულს“ უწოდებს. მორიელი უსაზღვროდ ხელგაშლილია მათთან, ვინც უყვარს და ვისაც პატივს სცემს, მაგრამ დანარჩენებთან, შეიძლება ითქვას, რომ ძუნწია. თევზებს  საერთოდ  არ აინტერესებს ვის ეხმარება. ის, ასე ვთქვათ, ვაშლის ხის ფილოსოფიის მიმდევარია. ვაშლის ხე არ კითხულობს, ვინ მიირთმევს მის ნაყოფს: „და თქვენ ღირსი ხართ? მეგობარი ხართ თუ ნათესავი?“ ის არ გაწევს ტოტს, თუ ვაშლის მსურველი უცხო  ან უღირსია. ის გულუხვად უმასპინძლდება ყველას ერთადერთი მიზეზით: თუ არ გასცა, ხე მოკვდება. დაახლოებით ასეთივე შეგრძნება აქვს ტიპურ თევზებსაც. არის რაღაც ნეპტუნის გულში, რაც აუცილებლად გახმება და მოკვდება, თუ თევზებს თავისუფლად გაცემის საშუალებას წაართმევთ.

თევზებთა უმეტესობა საერთოდ არ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე. ისინი  ყოველთვის სხვის უბედურებებზე უფრო დარდობენ, ვიდრე საკუთარზე. ვინაიდან  მორიელი მუდმივი ნიშანია, ის, პირიქით, ხშირად უფიქრდება მომავალს. ის უბრალოდ იძულებულია ასე მოიქცეს. სწორედ მუდმივობა აიძულებს მას, ყოველთვის მზად დაუხვდეს შავ დღეს. ის მზად უნდა იყოს ნებისმიერი უბედურებისთვის, რისი წარმოდგენაც შეუძლია. არც ის დაივიწყოთ, რომ მორიელი საოცარი სიზუსტით გრძნობს მოსალოდნელ კატაკლიზმებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მას არასდროს ატყუებს გუმანი.

არანაკლები ინტუიციითა და ტელეპატიური უნარებით დაჯილდოებულ თევზებს მაინც ძალიან გაუჭირდება მორიელის გადარწმუნება. თევზები ნაკლებად დარდობს მოსალოდნელ  უსიამოვნებებზე. მაგრამ როცა საქმე ძლიერ ინტუიციასა და წინათრგძნობას ეხება, თევზებმა შეიძლება თავისი უსაფრთხოება და წინდაუხედაობა დაკარგოს და მორიელის მღელვარება გაიზიაროს. იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება. უმეტესად კი თევზებს მიაჩნია, რომ მორიელი ჭიქაში ქარიშხალს ატრიალებს.

რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, მაგრამ, როგორც წესი, მორიელი უფრო მიდრეკილია დუმილისკენ, რასაც სევდიანი განსჯები მოჰყვება;  თევზები კი უფრო მიდრეკილია საუბრისკენ, რასაც სევდიანი ფიქრები მოსდევს.

პლუტონისა და ნეპტუნის  კავშირი ხშირად იწყება უთანხმოებით და შემდეგ  საოცარ ურთიერთგაგებაში გადადის; ან პირიქით, იწყება უნისონით და სრულდება განხეთქილებით.

 

 

 

მორიელი მამაკაცი და თევზები ქალი

Richard Burton & Elizabeth Taylor

 

შეიძლება მუხანათობაა, რომ ვაბეზღებთ,

მაგრამ იმ წუთას ის კაუჭამ აღაფრთოვანა.

 

 

თევზებ  ქალს უჩვეულოდ აღაფრთოვანებს მორიელი მამაკაცი, რაც ხშირად მიდის სიყვარულამდე, რომელსაც ქორწინება მოჰყვება. სიყვარული და ქორწინება თუ არა, ძლიერი და დაუვიწყარი ვნება გარანტირებულია. როგორც მინიმუმ, ხანგრძლივი და კეთილი მეგობრობა მაინც. თუ, რა თქმა უნდა, მათ პლანეტებს შორის სხვა მკვეთრად დისჰარმონიული ასპექტები არ არის. ეს იშვიათი შემთხვევები  მძაფრი სიძულვილით  ან სრული გაუცხოებით მთავრდება.

ისე კი, მორიელი და თევზები შექმნილნი არიან ერთმანეთისთვის. მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მათი პლატონური ურთიერთობის დარღვევას, რადგან აქ მხოლოდ შეყვარებულ  მორიელებსა და თევზებზე ვისაუბრებ. ნეიტრალური ურთიერთობა, რაც ახლო მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს, ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს აკავშირებთ, უკვე აღვწერეთ ამ თავის დასაწყისში.

თუ მათ მზეებსა და მთვარეებს შორის დადებითი ასპექტებია (ტრინი ან სექსტილი), მათი სიყვარული ჭეშმარიტად  ღმერთების საჩუქარია, როგორც  ნებისმიერი სხვა წყვილის, ვინც ტრიგონის ასპექტით ურთიერთობს. თუმცა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ზოგიერთი თევზები და მორიელი ფარულ  შიშებს საკუთარი  სიხარულის შებღალვის საშუალებას აძლევენ. თუ ისინი დროულად არ გაახელენ თვალებს, ღმერთებმა შეიძლება უკანვე  წაიღონ თავიანთი ძღვენი. მაშინ ეს წყვილი დაიშლება და ამ ტრაგედიას რამდენიმე მიზეზი აქვს. დიახ, მათი განშორება ხშირად  ნამდვილი ტრაგედია ხდება, რადგან ეს ისეთი სიყვარულის ისტორიაა, რომელსაც  მათი მეხსიერება  უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ინახავს.

ერთერთი მიზეზი ის არის, რომ პირველი შეხვედრისას რომელიმე მათგანი შეიძლება სხვას ეკუთვნოდეს. მაშინ „დაკავებულს“ ან ორივეს შესაძლოა გამბედაობა არ ეყოს და სხვისდამი ვალდებულების გამო, არ გამოეხმაუროს მათი გულების ორმხრივ ძახილს, რაც მათ თვალებშიც ნათლად იკითხება. ეს ცრუ  ვალდებულებაა, რადგან ვისაც არ უნდა ერთგულობდეთ ფიზიკურად, საბოლოო ჯამში, ის მაინც წაგებულია, რადგან თქვენი გული მას არ ეკუთვნის და ეს ძალიან სამწუხაროა. ცხადია, ეს არ არის ღალატის ან განქორწინებისკენ მოწოდება. მე უბრალოდ ვურჩევ  ქალებსა და მამაკაცებს, თავი არიდონ  ცრუ  კავშირებს, სანამ არ იგრძნობენ, როგორ იპრყობს ღრმა ვნება ადამიანური ემოციების ყველა დონეზე. ძველი ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ „უნცია გაფრთხილება ფუნტი  წამალი ღირს“, სულაც არ არის ძველმოდური, ეს მარადიული სიბრძნეა. როგორც უკვე გითხარით, ისინი  ვინც ნაჩქარევი ერთგულების ფიცი დადო, სანამ სწორი არჩევნისთვის საკმარის სიბრძნეს დააგროვებდნენ, ნამდვილად არ მიეკუთვნებიან იმ  იღბლიან  მიჯნურებს, ვისი ქორწინებაც ზეცაში გადაწყდა. ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მორიელსა და თევზებს შორის. გრძნობების სირთულის სწორად შეფასება ხშირად მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც უშუალოდ არის ჩართული ურთიერთობაში. კარმა _ უძირო ჭაა, რომლის სიღრმეც თვალით არ იზომება. ორგულობასა და ღალატს ფიქრებშიც ვერ ვუწოდებთ კარგ თვისებებს. თუმცა ღალატი არ არის იქ, სადაც სიმართლეა. სიმართლეს ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია, როდესაც მას გულწრფელობა და თანაგრძნობა უმაგრებენ ზურგს.

ხანდახან ქალსა და მამაკაცს ბავშვები ან  სხვა ვალდებულებები უშლიან ხელს ერთად ყოფნაში. მაშინ კავშირი უნდა გაწყდეს. როდესაც ასეთი რამ  არწივისა და თევზების ცხოვრებაში ხდება, მათი ტკივილი განუზომელია _ ისეთი, რომელსაც დრო ვერ კურნავს. ზოგიერთი მათგანი ამ სიტუაციას  გამკაცრებული პატიოსნებით აღწევს თავს,ზოგიც  საერთოდ  ვერა.

თევზებ გოგონასა და მორიელ  მამაკაცს, რომლებიც მსგავს პრობლემებს არ აწყდებიან (ან აწყდებიან, მაგრამ ერთად აგვარებენ), ხანგრძლივი და შესანიშნავი ურთიერთობის შანსი  ეძლევათ, სადაც ნამდვილად არ არის მოწყენილების ადგილი. თუმცა კიდევ ერთი გაფრთხილება: თუ მათ დისჰარმონიის ზემოთხსენებული მიზეზები აღკვეთეს ან თავი აარიდეს, განგებამ შეიძლება იმაზეც შეამოწმოს, რამდენად არიან ერთმანეთის ღირსნი, თვითანალიზის ან კარმა მასწავლებლის სახით.  მათ ასევე მოუწევთ თავი აარიდონ ძლიერ ცდუნებებს და სხვადასხვა ზედმეტობას, მაგალითად, ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, ოკულტური დისციპლინების ბნელ მხარეებს ან უწესრიგო კავშირებს. ეს უძირო უფსკრული სავსებით რეალური საფრთხეა ნეპტუნითა და პლუტონით მართული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც თავიანთ  იდუმალ ენერგიებს ერთიან დინებაში ურწყავენ.

ერთხელაც ეს ქალი და ეს მამაკაცი გაივლიან ასეთ მკაცრ გამოცდას  გრძნობებზე და თუ მათ საერთო ჰარმონიას თავიდანვე არაფერი  შეუშლის  ხელს, მათი თანაცხოვრება სიხარულის, აუღელვებლობის, სიმშვიდისა და სიამოვნების სიმფონია გახდება. რა თქმა უნდა, მათაც ექნებათ პრობლემები, მაგრამ საკმაოდ  უმნიშვნელო. მორიელი მამაკაცი ძლიერი  ნების, ღრმა გრძნობებისა და მტკიცე შეხედულებების ადამიანია. ის ენერგიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას, წაიყვანონ იქ, სადაც მას ყოფნა არ უნდა. ის ასევე, რბილად რომ ვთქვათ, საგრძნობ უნდობლობას ავლენს  და იმავდროულად, თევზებისგან უპირობო ნდობას მოითხოვს. ეს დიდი ეგოიზმია მისი მხრიდან, მაგრამ თევზებ გოგონას სულაც არ წყინს მამაკაცური აღმატებულების ორმაგი სტანდარტები, როგორც სხვა ქალებს. არის შემთხვევები, როდესაც თევზები ნამდვილ ზღვის ურჩხულად  იქცევა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ის მორიელის  მანკიერებებს ღრუბელივით ისრუტავს და ყლაპავს. თუმცა ჩვენ აქ მორიელი-თევზების ტიპურ ანუ საშუალო ურთიერთობას განვიხილავთ. ტიპური თევზები ქალი კი ნამდვილად არ ჩავარდება პანიკაში მორიელის მხრიდან მამაკაცური ეგოიზმის გამოვლენის გამო. ის ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდად უმკლავდება ამას. მაშინ როდესაც მორიელს ჰგონია, რომ თავისი გზით მიდის, თევზები ნაზად და ალერსიანად უბიძგებს უხილავი  ბადისკენ. უფრო ღრმა გაგებით, ვიდრე სასწორი ქალი. ეს ქალბატონი თავად ქალურობის განსახიერებაა, რისიც მამაკაცს  ევას შექმნის დღიდან ეშინია. პლუტონის ძრწოლვის მომგვრელი ძალა და გამჭრიახობაც კი უძლურია ტოტალური ქალურობის წინაშე. მორიელი ნებისმიერი  ღირსეული საიდუმლოს ამოცნობის სურვილით ინთება. უაზრო საიდუმლოებებს ის უბრალოდ ვერც ამჩნევს. მაგრამ ნეპტუნით მართული ქალის მისტიური  საიდუმლო  მას მარტივად უსხლტება ხელიდან, რაც  ძლიერ ტანჯავს. თუმცა, როგორც არ უნდა იტანჯებოდეს მორიელი, არ  იფიქროთ, რომ ოდესმე ზურგს შეაქცევს და გაეცლება. პირიქით, მორიელს სულ უფრო ძლიერ იზიდავს ეს ამოუხსნელი ქმნილება და თავს არ დაზოგავს მის ქვეცნობიერში შესაღწევად.

ერთერთი თვისება, რაც მორიელს არათუ არ მოსწონს, შეიძლება პლუტონისეულ მძიმე დეპრესიაშიც ჩააგდოს ან გაქცევისკენ უბიძგოს, თევზების  შარის მოდების  ჩვევაა, თუმცა არა უხეშად და ღიად. თევზები გოგონა ასე არასდროს იქცევა. ის ბუმბულით გირტყამთ, ნაზად და მსუბუქად. ეს სხვა ნიშნის მამაკაცებისთვის შეუმჩნევლად, თორემ მორიელს ისეთი ზუსტი სენსორები აქვთ, უფაქიზეს ნიუანსებსაც კარგად არჩევს. მშობლიური სტიქიის  მსგავსად, თევზებს  ნებისმიერი სხვა სტიქიის ნიშნების წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია, თანაც ისე, რომ მამაკაცი ვერც კი შეამჩნევს ამას. აი, მორიელი არამხოლოდ შეამჩნევს, განურისხდება კიდეც. პლუტონის რისხვის დინებაში მოყოლა კი ძალზედ სახიფათოა. ამან შეიძლება მათი სიყვარული წალეკოს, რადგან  განრისხებული მორიელი ისეთ დაუნდობლად სასტიკ სიტყვებს წარმოთქვამს, შეიძლება საერთოდ გაანადგუროს თევზების თავმოყვარეობა. არც თევზები ჩამორჩება და ცრემლების ოკეანის მეშვეობით შეიძლება  სასოწარკვეთილ  დეპრესიამდე მიიყვანოს  მორიელი. თუ თევზები ზღვის ურჩხულია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მამაკაცურობას, მაშინ მორიელმა მართლა შეიძლება  მიატოვოს ის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც გულგატეხილი იქნება.

მაგრამ თუ თევზები გაკვეთილს გაითავისებს, მორიელი შეიძლება დაბრუნდეს. ის არ დაბრუნდებოდა  სხვასთან, მაგრამ ეს ქალი ძილშიც არ მოასვენებს. დაშორებასა და შერიგებას შორის შეიძლება რამდენიმე საათი, დღე, კვირა ან თვე გავიდეს, ხანდახან წელიწადიც. ეს დიდი დროა, მაგრამ ორივე მომთმენია და მსხვერპლის გაღებაც შეუძლიათ იმისთვის, რომ ყველაზე მთავარი იპოვონ.

როგორი დისჰარმონიაც არ უნდა ჩნდებოდეს დროდადრო მათ ემოციურ  ჭადრაკის თამაშში, როგორ სერიოზულადაც  არ უნდა ჩხუბოდნენ და როგორ გულნატკენადაც არ უნდა დუმდნენ, ნეტარების ბედნიერი პერიოდები მნიშვნელოვნად აღემატება უბედურ ეპიზოდებს. ერთიანობისა და ექსტაზის შეგრძნება, რომელსაც ფიზიკური სიახლოვის დროს განიცდიან, უხილავად  ადუღაბებს თევზებსა და მორიელს. თუ  მთვარეების  დადებითი ასპექტებიც დაეხმარნენ, საკმაოდ მალე ორივე გამოტყდება, რომ მსგავსი  რამ არსად არასდროს  არავისთან განუცდიათ. ეს კი საკმაოდ საპატიო მიზეზია ერთად ყოფნისთვის.

ერთადერთი სერიოზული საფრთხე, რომელიც ამ წყვილს ემუქრება (სხვა დანარჩენს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს), გარეგნული თავდადების მიღმა დამალული ეგოიზმია. ეს შეიძლება იყოს დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვები, რაზეც ძალიან გვიან ინანეს; ხანდახან იჭვნეულობა და ეჭვიანობა; შიგადაშიგ ტკივილისა და სასოწარკვეთისგან გაქცევა, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების, ტყუილების  თუ  დემონსტრაციული მელანქოლიის მეშვეობით, რაც ძლიერ ტკივილს აყენებს მეორეს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ეს ქალი და ეს მამაკაცი მათი სასიყვარულო სიმფონიის შესავალ აკორდებს ივიწყებენ…

თუმცა მათ ყოველთვის შეუძლიათ  გაიხსენონ ის ოქროს დილა, როდესაც თევზები პატარა გოგონასავით აღტაცებული იცინოდა,  მორიელმა  კი მას აპრილის წვიმისგან დანამული მანანა აჩუქა… ის პირველი შემთხვევა, როდესაც მორიელი  შეეხო და თევზები თრთოლვამ აიტანა… იმ ჯადოსნურ წამს მათ იგრძნეს, რომ წინ მთელი მარადისობა ელოდათ…

ოჰ, დიახ! თევზები და მორიელი მთელ სამეფოს გაწირავდნენ  და თვით სამყაროს გამოუცხადებდნენ გამოწვევას ერთად ყოფნისთვის.

 

 

 

მორიელი ქალი და თევზები მამაკაცი

Goldie Hawn & Kurt Russell

_ ამ ღამეს ლაგუნაზე გამეფებულო სულო!_

დაიყვირა კაუჭამ, თუმცა ხმა შეუკრთა.

_ გესმის ჩემი?

 

 

სულელური კითხვაა. რა თქმა უნდა, ესმის. თუ მორიელი ქალი და თევზები მამაკაცი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მეუღლეები ან საყვარლები არიან, და არა უბრალოდ მეგობრები, ბუნებრივია, მორიელს ესმოდა, როგორ  ეძახდა ის მრავალი წლის წინ. სად შეხვდებიან? როდის? როგორ? მართალია, ეს კითხვები აწუხებდა, მაგრამ მორიელმა ყოველთვის იცოდა, რომ  ისინი აუცილებლად შეხვდებოდნენ.

ნეპტუნმაც ჩასჩურჩულა ახალგაზრდა თევზებს, რომ ერთხელაც ის იმ ერთადერთს გაიცნობდა, რომელიც მას გაუგებდა და სამყაროს მისი თვალებით შეხედავდა. მას შემდეგ თევზები თავისი ოცნების გოგოს ეძებდა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ აძგერდა თევზების სენტიმენტალური გული, როდესაც პირველად დაინახა ეს უცნაური ქმნილება, რომელიც ძალიან ნაზი და იმავდროულად, საოცრად ძლიერი ჩანდა. ქალმა ყურადღებით შეათვალიერა, არა კეკლუცად და მაცდურად, როგორც სხვებმა, არამედ პირდაპირ და უშიშრად. მაშინ თევზებმა იგრძნო, როგორ ჩაიძირა მის ცივ სიღრმეში. მანაც საპასუხოდ შეხედა ქალს და აქ რაღაც მოხდა.

ბუნებრივია, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. არა ვარსკვლავთცვენით, როგორც ცეცხლის ნიშნებს; არც ღრუბლებში ფრენით, როგორც ჰაერის ნიშნებს და არც მეხის დარტყმასავით, როგორც მიწის ნიშნებს, არამედ საიდუმლოში ჩაძირვით, როგორც წყლის ნიშნებს.

როდესაც მორიელსა და თევზებს ერთმანეთი უყვარდებათ, მათი ცხოვრება სრულიად იცვლება. მასში მეტი სიღრმე, მეტი აზრი, მეტი მღელვარება და გაოცება ჩნდება. მაგრამ ცხოვრებამ მათ გულისტკივლი, გაღიზიანება და იმედგაცრუებაც შემოუნახა. ტრინის დადებითი გავლენაც კი ვერ მისცემს ჰარმონიის სრულ გარანტიას, თუ მათი მთვარეები დისჰარმონიულად ასპექტირებენ  ერთმანეთის მზეებს. მათ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ორივეს  ხანგრძლივი საგანმანათლებლო პერიოდი ელის. მაგალითად, თევზები აღმოაჩენს (ძალიან რთულად), რომ მისი ფაქტების შელამაზების და პირდაპირი პასუხებისთვის თავის არიდების თვისებებს დიდი განსაცდელი მოყვება. ჯერ ერთი, აზრი არ აქვს ამ ქალის მოტყუებას, თუნდაც თავაზიანობის გამო,რადგან  მორიელი კარგად გრძნობს ყველაზე უბოროტო ტყუილსაც. მეორეც, არაფერს შეუძლია მისი განრისხება ისე (და მერე რა, რომ ასეთ დროს გარეგნულად სრულ  სიმშვიდეს ინარჩუნებს), როგორც იმის აღმოჩენას, რომ საყვარელი მამაკაცი რაღაცას უმალავს. სამაგიეროდ, მისთვის ეს ქცევის ნორმაა. მე ვგულისხმობ საკუთარი პიროვნების ნაწილის დამალვა, მაგრამ სხვისი მხრიდან მსგავსი საქციელი მორიელის მიერ შვიდთაგან ერთერთ მომაკვდინებელ ცოდვად დაკვალიფიცირდება. რადგანაც თევზებს პირში წყლის ჩაგუბება სჩვევია და კრინტსაც არ დაძრავს საკუთარ გეგმებსა და საქმეებზე, სანამ მათ არ განახორციელებს, საკმაოდ მარტივი მისახვედრია, რა გახდება მათ მთავარი პრობლემა. საქმე ის კი არ არის, რომ თევზებს ბოროტი ან ცუდი გეგმები აქვს, სულაც არა. მაგრამ თავისი დუმილით თევზები მორიელში უსიამოვნო ეჭვებს აღვიძებს.

მორიელმა ყოველთვის კარგად იცის რა უნდა, მაგრამ არასდროს აცხადებს ამას ხმამაღლა, ყველას გასაგონად. მას საკმარისი სტიმული აქვს სასურველის მისაღებად. პლუტონიელები სასწაულ შეუპოვრობას ავლენენ მიზნის მიღწევისას. ეს არ არის მხოლოდ რწმენა და მოთმინება. მას რაღაც საოცარი შინაგანი სიმტკიცე აქვს. მორიელისთვის წინააღმდეგობა  არაფერია.

სამაგიეროდ, თევზებისთვის მოძრაობის ბიძგის მიცემა ძალიან რთულია. ეს მამაკაცი არც ისე დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში არსებობს ისეთი რამ, რისთვისაც იმხელა ძალისხმევის გამოჩენა ღირს, რაც ადამიანს  მენტალურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად  ფიტავს. გარდა ამისა, თევზები ძალიან დუნე და ნელია, მორიელი კი ძალიან დაჟინებული. ვგონებ, საკმაოდ კარგი ბალანსია. თევზების სისხლში ადრენალინის მცირედ მომატება ნამდვილად წაადგებოდა მას, ისევე როგორც მორიელს მცირედ მოდუნება. ამ ქალის მუდმივ შინაგან დაძაბულობასაც შეუძლია მისი საყვარელი მამაკაცის გამოფიტვა. რა ჯობია: ვულკანიდან ამოხეთქილი ლავა, რომელსაც დაინახავთ მაინც და შეიძლება გაქცევაც მოახერხოთ თუ ვულკანის გამოღვიძების პერიოდი, როდესაც არავითარი გარეგნული სიმპტომი არ ჩანს, რომ სადაც არის იფეთქებს? ვულკანის გაღვიძება თევზებ მამაკაცს ძალიან ანერვიულებს. ის ამჯობინებს ყოველთვის ქონდეს არჩევანი და თავი აარიდოს ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციას, იმის მიუხედავად, ასეთი სიტუაცია უკვე შექმნილია თუ  შესაძლოა რომ შეიქმნას მომავალში.

თევზები ძალიან მომთმენია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისიც შეიძლება დაიღალოს მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ ცურვისგან. ის უბრალოდ ღრმად დაყვინთავს და სრულიად გაუფრთხილებლად გაქრება. მისი გაქრობა ორივეს გააუბედურებს. ამიტომ, ყოველთვის ჯობია კომპრომისი ეძებონ.  სასიყვარულო კავშირების უმეტესობა ვერ ან ძლივს უძლებს ასეთ შტორმებს, მაგრამ მორიელი, თავისი არანორმალური ნებისყოფის წყალობით, თითქმის ყოველთვის ახერხებს მისთვის ღირებული ურთიერთობის უვნებლად შენარჩუნებას.

შეყვარებული თევზებიც შეუპოვარია, თუმცა ის გაცილებით რბილი და დამთმობია. სამაგიეროდ, მას შეუძლია რაიმე შემოქმედებითი ხერხი მოიფიქროს, რომ მათი სიყვარულის გემი არ ჩაიძიროს. მას თავისი აზრი აქვს, როგორ  უნდა მიაღწიონ მან და მისმა რჩეულმა ნათელი მომავლის რწმენას. თუმცა  მორიელი ყოველთვის შფოთავს იმის გამო, რომ თევზები ათას რამეს მიედ-მოედება  და მას ამბიციები  აკლია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ნორმალური, ჯანსაღი იუმორის გრძნობა აქვს, არც ერთი არ იცინის დიდხანს და ხმამაღლა, როდესაც მათზე ხუმრობენ. ნეპტუნის კარგად ცნობილი თავმდაბლობა და თვინიერება ასეთ მომენტებში სადღაც ქრება. რაც შეეხება მორიელს, თქვენ ოდესმე გინახავთ, როგორ  ხარხარებს ეს ქალი საკუთარ თავზე? ძალიან მეეჭვება.

მათი ფიზიკური სიახლოვის დროს მორიელი ქალი ხანდახან ტირის. ეს იმიტომ, რომ ის გრძნობს, ისინი ვერასდროს იქნებიან ისეთი გულწრფელები ერთმანეთთან, როგორც ინტიმური კავშირისას. მათი საალერსო სარეცლის მიღმა ათასი გარეფაქტორი არსებობს, მაგრამ როდესაც ისინი ერთობას გრძნობენ, მათ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. როდესაც ისინი ერთმანეთის პირისპირ რჩებიან, მორიელმა იცის, როგორ ძლიერ სჭირდება ის თევზებს და დიდად ახარებს ის ფაქტი, რომ საყვარელ მამაკაცს სიმშვიდის განცდას უქმნის.  ზოგადად, ეს არაჩვეულებრივი რამ არის, როდესაც წყვილმა იცის, რომ ისინი ერთმანეთს ამშვიდებენ და ახარებენ. თევზებს ჰგონია, რომ მათ ინტიმურ ურთიერთობაში წამყვანი ის არის. თუმცა, ცხადია, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით ხდება.  როდესაც მორიელი თავს გულგრილად აჩვენებს, თევზებს კიდევ უფრო ძლიერ უნდა ის. ამ საყვარლებს ძალიან უჭირთ ერთმანეთთან ბოლომდე გულწრფელება, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ისინი სწრაფად შიფრავენ ორმხრივ თამაშს, შემდეგ კი თვალთმაქცობენ, რომ ვერაფერს ხვდებიან. ორივესთვის დამახასიათებელი  დუმილი საიდუმლოების ელფერს სძენს მათ კავშირს. მორიელისა და თევზების სექსში ხშირად დგება დუმილის პერიოდები და არ გეგონოთ, რომ ეს ცუდია. ეს ნიშნები დუმილით უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე ათასი სიტყვით. წყალი ჩუმი და ღრმაა, თუ სიმშვიდეს არავინ ურღვევს.

როდესაც მორიელი ქალი და თევზები მამაკაცი ერთმანეთს ჭრილობებს აყენებენ, რაც ნებისმიერი წყვილის ურთიერთობაში გარდაუვალია, მათ მეხსიერებაში ღრმა იარები რჩება.  ამ ორ ნიშანს ნამდვილად შეუძლია სიყვარული, მაგრამ მორიელმა, პლუტონის სიბრძნით, პატიებაც უნდა ისწავლოს. თევზები ამას ყოველთვის ახერხებს, ბუნებრივად და უშუალოდ. მორიელი_საკუთარ სიამაყაზე გადაბიჯებით.

თევზებს არ აწყენდა მორიელისთვის სიმტკიცეში მიებაძა. მორიელმა ხომ ყოველთვის იცის (და თევზებივით მხოლოდ იმედებით არ იკვებება), როგორ  ძლიერ შტორმშიც არ უნდა მოყვეს, გემი ყოველთვის მშვიდად მიცურდება  ნაპირთან. დიახ, მორიელს შეუძლია თავდაჯერება ასწავლოს თავის თევზებს, რაც ასე აუცილებელია მისთვის. თავის მხრივ, თევზებსაც შეუძლია  რწმენა და ნდობა ასწავლოს რჩეულს, რადგან თევზები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ  მის ძალას მორიელი იწამებს.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 

 


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top