მორიელი და მერწყული

მორიელი და მერწყული

ისინი ველურები არიან. მათთან მიახლოება ძალიან რთულია.

ჩვენ შეიძლება დავინტერესდეთ, პირველად როგორ შეხვდნენ ერთმანეთს და იმაზეც ვიკამათოთ, რამდენად გონივრული იყო მათი მხრიდან მეორედ შეხვედრა. კვადრატული ურთიერთობა უდავოდ დაძაბულობას გულისხმობს, თუმცა საქმე ის არის, რომ ასტროლოგიაში დაძაბულობა ენერგიის სინონიმია. კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რას უპირებენ არწივი და წყლის მღვრელი ამ უზარმაზარ დაძაბულობას (ვგულისხმობ ენერგიას), რომელიც მათ შორის წარმოიქმნება? შესაძლოა ის უაზრო კონფლიქტებისკენ მიმართონ ან იქნებ იმ უზარმაზარ ძალად აქციონ, რომელიც ქარის წისქვილებს დაატრიალებს, მატარებლებს დაძრავს, ჩიტებს ან სულაც კოსმიურ ხომალდებს ააფრენს.

მხოლოდ ის, რომ ისინი სხვადასხვა ბოლოდან იჭვრიტებიან ტელესკოპში, კიდევ არ არის ხმაურისა და ჩხუბის მიზეზი. ბოლოს და ბოლოს, ასე ერთმანეთს ხედავენ. რა თქმა უნდა, ერთის თვალები უფრო პატარა გამოჩნდება, მეორესი კი უფრო დიდი, მაგრამ თქვენ თვითონ ხომ არ ხართ ტელესკოპი? თქვენ მერწყული ხართ, რომელმაც არ უნდა გაიზიაროს დამახინჯებული ხედვა მორიელებზე, რომ ისინი მოსაწყენი კონსერვატორები, სასტიკი და გესლიანი მკბენარები არიან. თქვენ კი მორიელი ხართ და ნუ ჩათვლით მერწულებს ისეთ ადამიანებად, რომლებიც ზოოპარკის გალიაში უნდა დაამწყვდიონ (თუ მაიმუნები წინააღმდეგნი არ იქნებიან, ცხადია).  ასეთი ცრუ წინასწარგანწყობა  ვერც მატარებელს გამოიყვანს ვაგზლიდან და ვერც ჩიტს ააფრენს ტოტიდან, რამდენიც არ უნდა იქნიოს ფრთები.

ვისაც ფილმი  „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“ უნახავს, მარტივად გაიხსენებენ იმ უნდობელ თრთოლვასა და სიფრთხილეს, რომლითაც მეცნიერები და ჩვეულებრივი დედამიწელები ელოდებიან, ვინ მოევლინებათ  კოსმიური ხომალდიდან. ისინი მათ ჟელეს ბუშტებად მოეჩვენათ (შესაძლოა, საკმაოდ უსაფრთხოდ, მაგრამ ამაში ვერასდროს იქნები ბოლომდე დარწმუნებული), უცნაური ფორმის იდუმალ არსებებად, ყველა შესაძლო მახინჯი ფილოსოფიით. ზუსტად ასე მსჯელობს ტიპური მორიელი ტიპურ მერწყულზე, მნიშვნელობა არ აქვს კოსმიური ხომალდიდან გამოვა ის, მოპირდაპირე ბინიდან, მეზობელი თავლიდან, ლიფტიდან თუ რექტორის კაბინეტიდან.

მერწყულიც ასეთივე  ექსპერიმენტული ხედვით უდგება მორიელს. პლუტონიელები, ერთი შეხედვით, რბილი და მშვიდები ჩანან, მაგრამ თქვენ ვერასდროს იტყვით დარწმუნებით, რაზე  ფიქრობენ  და რას განიცდიან ისინი. ცხადია, ყოველთვის არსებობენ გამონაკლისები. მაგრამ დამიჯერეთ, მოლაქლაქე და მხიარული მორიელები  კიდევ უფრო უარესები არიან, რადგან თუ მორიელი ბევრს ლაპარაკობს, მაშინ დანამდვილებით რაღაცას მალავს. და კიდევ, ყველა მორიელს უცნაური მზერა აქვს… თითქოს ყოველთვის თავს იცავენ. ისინი იმდენად ემოციურები  არიან, ვერასდროს გათვლით, რომელ სიტყვას შეუძლია მათი წყენა და საფირმო ავბედითი მზერის გამოწვევა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როგორ სასტიკად სჯიან მათ, ვინც განგებ ან შემთხვევით მაინც  დააბიჯებს კუდზე.

ასე რომ, ასტროლოგებისთვის არც ისე გასაკვირია, რატომ უახლოვდებიან ისინი ერთმანეთს ბრონის ჟილეტებით. მერწყულს დამატებით პარაშუტიც აქვს, მორიელს _ წყლის თოფი.  არა, ასეთი მიდგომით კარგი არაფერი გამოვა. მერწყული ჰაერის ადამიანია და წყლის თოფი მას ვერ დაახრჩობს. ცეცხლისა და წყლის შეთავსებისგან განსხვავებით, წყალს და ჰაერს არ შეუძლიათ ერთმანეთის განადგურება. უფრო ხშირად საერთოდ  ვერც კი ამჩნევენ  ერთმანეთს. დააკვირდით როგორ მოძრაობს ჰაერის ნაკადი ტბის, მდინარის, ოკეანის თუ გუბის ზედაპირზე. მან არც კი იცის, რომ იქ წყალია და ბუნებრივია, არც ღელავს. დაფიქრდით, როგორ აპობს  წვიმის წვეთები ჰაერს. და მაინც, როდესაც ჰაერისა და წყლის სტიქიის წარმომადგენლები, მზის ნიშნების სახით, ერთმანეთს უკავშირდებიან, შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი და თავბრუდამხვევია, როგორც ახლადგაკრეჭილი მდელო. განა არის დედამიწაზე ამაზე  ჯადოსნური სურნელი? და სულაც არ არის საჭირო ფერმაში ან სოფელში ცხოვრობდეთ, რომ ამ კითხვას უპასუხოთ. წვიმისგან გადარეცხილი ასფალტის სუნიც საკმარისია სულზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად.

მორიელსა და მერწყულს გაცილებით ხშირად აკავშირებთ სამსახურებრივი ან ოჯახური წრე, ვიდრე მეგობრობა თუ რომანტიული კავშირი, თუმცა ეს უკანასკნელი არც ისე ცუდია, თუ მახვილ კუთხეებს მოაგლუვებენ. მათი ურთიერთობის ვიბრაცია დამატებითი ძალისხმევის გამოჩენას მოითხოვს.  შესაძლოა ზუსტად ამიტომ, ამ შეთავსებას ისეთ სიტუაციებში ვაწყდებით, სადაც არჩევნის თავისუფლება არც ისე დიდია, მაგალითად, საქმიანი პარტნიორობის ან სისხლით ნათესაობის სახით.

არის ერთი თამაში, რომელიც მორიელსა და მერწყულს ძალიან უყვართ. თუმცა უფრო მართებული იქნებოდა მეთქვა, „რომლისგანაც თავს ვერ იკავებენ“.  ეს არის ერთმანეთის საიდუმლოებების ამოცნობა. ორივე დაბადებით დეტექტივია და ვერც ერთი ვერ მოისვენებს იქამდე, სანამ არ გაიგებს, რას მალავს მეორე. ისინი საათის მექანიზმებივით შლიან ერთმანეთს. მორიელი შეფარულად და დახვეწილად, მერწყული _  პირდაპირ და ხანდახან უხეშადაც.  მე დარწმუნებული ვარ, მერწყულები  აუცილებლად გააპროტესტებენ ამ განაცხადს და იტყვიან, რომ  სხვისი საქმეები არ აინტერესებთ და ლოგიკურად, არც ცნობისმოყვარეები არიან. დიახ, ისინი არასდროს  ჭორაობენ და არავის  განსჯიან, მაგრამ მათ ყველაფერი უნდა იცოდნენ.

კიდევ ერთი საერთო თვისება: მიუხედავად იმისა, რომ მორიელები და მერწყულები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი რამ გაიგონ ერთმანეთზე, ვერც ერთი ვერ იტანს საკუთარი საიდუმლოებების გამჟღავნებას. ყველა კონკრეტული შეთავსება განსხვავებულია, მაგრამ მორიელი მცირედ უპირატესობას მაინც ფლობს მერწყულთან, განსაკუთრებით როდესაც საქმე სხვისი საიდუმლოებების გამოშკარავებას  და იმავდროულად საკუთარი საიდუმლობების შენახვას ეხება.

კიდევ ერთი პატარა სირთულე, რომლის გადალახვაც მოუწევთ _ ორივე მუდმივი ნიშანია. მუდმივი ანუ ფიქსირებული ანუ საშინლად ჯიუტი, რომელთა ადგილიდან დაძვრა ძალიან რთულია. ვგონებ, პრობლემა სრულიად თვალსაჩინოა. კარგი იქნება, რომელიმეს მთვარე ან ასცედენტი ცვალებად ნიშანში მოხვდეს, ეს  დიდად დაეხმარებოდათ.

ამ ნიშნების ერთერთი უმთავრესი განსხვავება ის არის, რომ მორიელს ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი მეხსიერება აქვს (მხოლოდ კურო ჯობნის). მერწყულს, საუკეთესო შემთხვევაში, მანქანა სად დააყენა, მაქსიმუმ ის ახსოვს. სამაგიეროდ, ურანის დაბნეულობა მას ძველი ჭრილობების დავიწყებაში ეხმარება. ტიპური მერწყული იშვიათად ინახავს წყენას გულში და კიდევ უფრო იშვითად ფიქრობს შურისძიებაზე. არ იქნებოდა ურიგო, მორიელს ამაში მიებაძა. მეორეს მხრივ, მორიელი ძალზედ დახელოვნებულია თვითკონტროლში და ყოველთვის თუ ვერა, თითქმის ყოველთვის ახერხებს ემოციების კონტროლს. არც მერწყულს აწყენდა პლუტონური თავდაჭერილობის გადაღება, რადგან ტიპური მერწყულს თვითკონტროლის ძალიან მცირე მარაგი აქვს და მეხივით მოულოდნელად შეიძლება აფეთქდეს რისხვისგან (თუმცა ესეც ძალიან სწრაფად გადასდის).

მორიელი ფულს მერწყულზე გაცილებით ნელა ხარჯავს და ყოველთვის  იცის, სად და რა რაოდენობის თანხა დახარჯა. მერწყულს იმის გახსენებაც უჭირს, დახარჯა თუ მოპარეს თუ დაკარგა. მერწყული მუდმივად რაიმეს კარგავს, ავტომობილისა და სახლის გასაღების ჩათვლით. ხანდახან თითქმის ყოველდღე. მორიელს ათამდე გასაღები მაინც აქცს, მაცივრის, გარდერობის თუ აბაზანის. მორიელი გიჟდება ნივთების დამალვაზე   დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. ეს მას თავდაჯერებას მატებს.

და მაინც, მთელი ამ ჩახლართული თვისებების გათვალისწინებით, მორიელისა და მერწყულის შეთავსება უაღრესად საინტერესო ექსპერიმენტი  და ემოციური გამოცდილებაა, როგორც თავად მათთვის, ისე მათზე დამკვირვებლებისთვის. არის ერთი შტრიხი, რომლითაც ორივე დაჯილდოებულია თავიანთი კოსმიური მმართველებისგან _ არაპროგნოზირებადობა. ამიტომ, მათი შეჯიბრის შედეგების წინასწარ გათვლა არავის შეუძლია და ეს არც ერთ მათგანს არ ახარებს. საქმე ის არის, რომ მათ ძალიან არ უყვართ  ფსონის დადება ბედის ანაბრად.

 

 

 

მორიელი მამაკაცი და მერწყული ქალი

Matthew McConaughey & Camila Alves

 

სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა.

ვენდიმ შეამჩნია და შეძრწუნდა.

 

 

გამჭრიახობის წყალობით, მერწყულ გოგონას არც ისე დიდი დრო დასჭირდება იმის ამოსაცნობად, რას მალავს ამ მამაკაცის იდუმალი ღიმილი. მორიელის მიმიკები პლუტონის მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება.  ის წარბსაც არ შეიხრის უნებურად. თვალის ყოველი დახამხამება, თავის ყოველი დაქნევა  წინასწარ მოფიქრებული  და გათვლილია. მორიელი თითქმის არასდროს იბღვირება.  მტრული დამოკიდებულების სადემონსტრაციოდ ის უბრალოდ თავის გამჭოლ  მზერას მოგაპყრობთ. თუ ის შინაგანდ  აღელვებულია, ისეთი ჰიპნოზური ძალით გიმზერთ, თავისუფლად ჩაგაგდებთ ტრანსში.

მორიელის ღიმილთა ნაირსახეობა  ყველაზე რთული  შიფრია. დილეტანტს ნადვილად გაუჭირდება ამოხსნა. მისი ერთი ღიმილი მთლიანად იპყრობს თქვენს  გულსა და გონებას, რადგან ის ბავშვური უბიწობითა და აღფრთოვანებით არის გაჯერებული. ასე მაშინ იღიმოდა, როდესაც პატარა იყო. ეს  ძალიან იშვიათი და ხანმოკლე, მაგრამ გულწრფელი ღიმილია. აქვს კიდევ სწრაფი, ფართო ღიმილი, კმაყოფილებისა და კეთილგანწყობის გამოსახატავად, რომელიც იმდენად იშვიათად  ჩნდება, კიდევ უფრო მეტ ნეტარებას განიჭებთ… და მისი სიცილი? ძალიან მოკლე, რბილი და ჩუმი, ძლივს გასაგონი. კიდევ ხმამაღალი და მხიარული სიცილის გაელვებებიც… აქვს კიდევ ერთი ღიმილი, რომელსაც შუა საუკუნეებში ავისმომასწავებელს უწოდებდნენ, თუმცა რადგან ჩვენ ცივილიზებული ადამიანები ვართ, საგანგაშო ღიმილი ვუწოდოთ. თუ მორიელმა ასე გაგიღიმათ, თქვენს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენთვის ჭკუის სწავლებას აპირებს და ეს არ არის ცრუ გაფრთხილება. ამ ყველაფერში კარგი ის არის, რომ მორიელი მცირე დროს გაძლევთ შეცდომის გამოსასწორებლად.

საინტერესოა, მაგრამ მერწყულ გოგონას ხანდახან არწივის გაოგნებაც შეუძლია. ეს, უდავოდ, შთამბეჭდავი მიღწევაა. არა, მერწყული არ გაუგზავნის გამჭოლ მზერებს, სულში ჩაძვრომის მიზნით. პირიქით, მერწყულის თვალები იბინდება, თითქოს ნისლის ვუალს იფარებს… ან ვუალის რამდენიმე ფენას. რაც არ უნდა მოიმოქმედოს  ამ დროს მორიელმა, მერწყულს რეაქცია არ ექნება, თითქოს ვერ ხედავს და საერთოდ არ ესმის მისი. თუმცა „თითქოს“ კი არა, მერწყულს მართლა არ ესმის. როდესაც მისი მზერა ინისლება, მორიელსაც კი არ შეუძლია მის გონებრივ აფრენას გაეკიდოს. ის სადღაც ასტრალში გაიჭრა. ეს საშინლად აღიზიანებს მორიელს, რაც ძალიან კარგია. დროა გაიგოს, როგორია, როდესაც დამალობანას გეთამაშებიან.

მას შემდეგ რაც არწივი ყურადღებით შეისწავლის მერწყულ გოგონას, ის აღფრთოვანებული იქნება მისი დამოუკიდებლობით, ინდივიდუალიზმითა და  ნონკონფორმიზმით. მორიელი თავადაც ასეთია. მართალია, მერწყული სრულიად უსირცხვილოდ და უშიშრად  დემონსტრირებს ამ თვისებებს, ვიდრე მორიელი მიჩვეულია. და მაინც, მორიელი, რომც არ აღიარებდეს, უდიდეს პატივს სცემს მას, რადგან ეს ქალი ყოველთვის მტკიცედ მისდევს თავის შეხედულებებს და არასდროს ღალატობს საკუთარ თავს. თუ ის მორცხვ  და მშვიდ მერწყულთა ტიპს მიეკუთვნება, ვისაც რბილი და ქალური მანერები აქვს, თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებთ ფიქსირებულ ნიშანს  გააკეთოს ის, რაც თავად არ უნდა და იოტისოდენადაც ვერ შეცვლით მის ქცევებს. რაც შეეხება ფრაზას „ხალხი უკვე ლაპარაკობს“, ურანიელს ამით ვერ დააფრთხობთ. ის ინდეფერენტულად აიჩეჩავს მხრებს და იტყვის: „ილაპარაკონ. ამ ჩემ ფეხებს“  და ასეც არის. მარტივი მისახვედრია, რატომ იზიდავს მერწყულს მასსავით დამოუკიდებელი და თავნება არწივი.

პირველი ინტერესისთვის მათ სხვა მიზეზებიც აქვთ. ეს სამსახურსა და ოჯახებთან დაკავშირებული საკითხებია. მათი ქორწინება თუ სასიყვარულო თავგადასავალი კი ყოველთვის ჭკუის სასწავლებელი და საინტერესო გამოცდილებაა. ის შეიძლება არ იყოს ჰარმონიული, თავიდან მაინც, მაგრამ ჰარმონია ყოველთვის მიღწევადია ასტროლოგიური სიბრძნის დახმარებით. კონფლიქტები კი ემოციურ და ინტელექტუალურ ზრდაში ეხმარება ადამიანებს.

კარმული თვალსაზრისით, მერწყული წინ უსწრებს მორიელს, შესაბამისად, მას გარკვეული გაკვეთილების ჩატარება შეუძლია.  მორიელი არასდროს აღიარებს ამას, თუმცა ის საკმარისად ბრძენი და ინტუიციურია, რომ ზუსტად იგრძნოს ეს. საერთოდაც, ის იმაზე მეტად ბაძავს მერწყულს, ვიდრე საკუთარ თავთან აღიარებს. მორიელს ნამდვილად წაადგდებოდა მერწყულის მეტად მსუბუქი დამოკიდებულება სირთულეებთან, მისი მიტევებისა და დავიწყების უნარი  და ჰაეროვანი განშორებები უბედურებებთან.

ამ გოგონას, მთელი თავისი დაბნეული გენიოსის მანერებით და ელისის ცნობისმოყვარეობით, საოცრებათა ქვეყნიდან, ნამდვილად აქვს ხასიათი. და თან როგორი!  პირველი შეხვედრისას მორიელმა  შეიძლება უკან დაიხიოს. მორიელი და უკანდახევა? დიახ! თუმცა არ იფიქროთ, რომ მორიელს მერწყულის ხასიათი შოკში ჩააგდებს. მერწყულს წყობიდან გამოსასვლელად ოდნავი ბიძგიც ჰყოფნის, მაშინ როდესაც მორიელს მართლა  საფუძვლიანი მიზეზი სჭირდება, რომ თავშეკავება დაკარგოს. ამ თვალსაზრისით, მერწყულს არ აწყენდა მორიელისთვის მიებაძა. თუ მერწყულს მორიელის პატივისცემის შენარჩუნება უნდა, მას მოუწევს მეტად თავშეკავებული იყოს, განსაკუთრებით უცხო ხალხის თანდასწრებით.

ამ წყვილის სექსუალური ურთიერთობა ან წინააღმდეგობრივი სურვილების მუდმივი პაექრობაა ან მოწიფული სიყვარულის გადაცემა ერთმანეთისთვის. ბევრია დამოკიდებული ემოციურ ჰარმონიაზე, რაზეც მთვარის ნიშნები მიუთითებენ. თუ მათი მთვარეები მზეებთან კონფლიქტში მოდიან, მერწყული მორიელის ვნებებზე მაღლა აფრინდება, რადგან ინტენსიური ემოციები მას ძლიერ ძაბავს.  თუ მზე-მთვარეებს შორის ჰარმონიული ასპექტებია, მათი  სიყვარულის მიწიერი გამოვლინება შეიძლება მშვენიერიც  აღმოჩნდეს.

მათი ერთერთი უმთავრესი განსხვავება სექსისადმი  დამოკიდებულებაა. მორიელი ემოციურად მთლიანად ჩართულია ფიზიკურ სასიყვარულო აქტში.  მერწყული  კი თითქოს არასდროს ირთვება ემოციურად ბოლომდე, რაც ასე დამახასიათებელია ჰაეროვანი ნიშნებისთვის. ის თითქოს ორდება და მისი ერთი ნაწილი ყოველთვის შორ დისტანციაზეა და ობიექტურობას ინარჩუნებს. მერწყული უფრო სწრაფად ბრუნდება რეალობაში, როდესაც მორიელს გაცილებით დიდი დრო სჭირდება დედამიწაზე დასაბრუნებლად. სრულიად თვალსაჩინოა, რომ ამ შემთხვევაში მერწყულმა ცნობიერი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ ის უნიკალური სულიერი სიახლოვე შეინარჩუნოს, რომელიც თან უნდა ახლდეს შეყვარებულთა ფიზიკურ კავშირს.

ერთმანეთზე შეყვარებული მორიელი მამაკაცი და მერწყული გოგონა საერთო მიზნების სათავეში მორიელის კარიერას დააყენებენ, შემდეგ _ საიმედო ჭერს; მესამე ადგილზე შთამომავლობას, შემდეგ კი პირად იმედებს, ოცნებებსა და სურვილებს.

მერწყული ქალი ყოველთვის მზადაა შეიცვალოს მიმართულება, შეცვალოს თემა ან გადაწყვეტილება. მორიელი არ სრიალებს ასე მარტივად  ერთი ვარიანტიდან მეორეზე, მაგრამ პლუტონმა მას საკმარისი მოთმინება მისცა, რომ წარმატებით  აჰყვეს რჩეულს. საერთოდ, მორიელს ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, თუ პლუტონის სიბრძნესა და ძალისხმევას  მიმართავს.

მორიელი მამაკაცი სავსეა წინააღდეგობით, საიდუმლობებით და მოულოდნელი განწყობებით. მერწყული გოგონაც ასეთია, საიდუმლოებების გამოკლებით. მას ურანის გავლენა ეხმარება მყისვე დაიჭიროს მორიელის ვიბრაციები. ასე რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი არც ისე განსხვავდებიან, როგორც შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ. ყველაზე დიდი ყურადღება  სიჯიუტეს  უნდა მიაქციონ, რაც ორივეს ახასიათებს. ფიქსირებულ ნიშნებს ძალიან უჭირთ შეცვლა. თავიანთი სინანულს კი არა სიტყვებით, არამედ მოქმედებებით გამოხატავენ.

 

 

 

მორიელი ქალი და მერწყული მამაკაცი

Julia Roberts & Danny Moder

 

მას ვერაფრით გაეგო, რა ხდებოდა

და ეს ძალიან აღიზიანებდა.

 

 

როდესაც მორიელის იდუმალი სიღრმეებით მოჯადოებული მერწყული მამაკაცი უმწეოდ იძირება  წყლის სტიქიაში, ის ხვდება რამდენად სურს ეს საოცარი და შეუცნობელი ლურჯი რომანტიკა აკრავდეს, სადაც არასდროს იცის განძს გადაეყრება თუ ზვიგენს.  ესეც რომ არ იყოს, სახლის გზას რომ ვეღარ მიაგნოს? მორიელის ოკეანე  ბობოქარია, ცვალებადი და მატყუარა. გარდა ამისა, მერწყულს ძალიან აინტერესებს, რა ხდება ზედაპირზე. წყალი ხომ მისი სტიქია არ არის. თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ მერწყული ამ უჩვეულო გარესამყაროსთან საერთო ენას გამონახავს, ადრე თუ გვიან, აღმოჩენს, რომ მისი მოთმინების მარაგი იწურება.

მორიელი უკიდურესად მესაკუთრეა. მერწყულს კი კატეგორიულად არ სურს ვინმეს საკუთრებაში დიდი ხნით ყოფნა. და მაინც, თუ ეს დამაინტრიგებელი ქალი მისთვის ძვირფასია, ის მალე მიხვდება, რომ ნამდვილად აწყენინებს მას ზედმეტი თავისუფლების მოთხოვნით. მორიელს უბრალოდ  აღარ დააინტერესებს ის, თითქოს საერთოდ მოკვდა. თუ მორიელმა ადამიანის იგნორირება დაიწყო, დამიჯერეთ, აზრი აღარ აქვს კარზე კაკუნს, ტელეფონზე რეკვებს და წერილების წერას. ეს ადამიანი მისთვის აღარ არსებობს, მკვდარია! ის არ ურთიერთობს მოჩვენებებთან. განაწყენებული  მორიელის ყინულოვანი  სიცივე მერწყულისთვის ძალზედ რთული ასატანია.

რა თქმა უნდა, ეს მოჩვენებითი გაუცხოება თავდაცვითი მექანიზმია დიდი ტკვილისგან;  დასამახსოვრებელი გაკვეთილის ჩატარების მცდელობა.  მაშინაც კი, როდესაც მორიელი ხვდება რომ შურისძიებაში შორს შეტოპა, ვეღარ ჩერდება. მას  ხშირად შეჰყავს თავი ჩიხში. აი, აქ მერწყული მამაკაცი უბრალოდ ვალდებულია დაეხმაროს. საქმე ის არის, რომ  მერწყულს  ყველაფრის განადგურების  უნიკალური ნიჭი აქვს, ტრადიციებისაც მათ შორის.  ის მარტივად გამოიყვანს რჩეულს ჩიხიდან და ისინიც კვლავ გასცურავენ, ამჯერად მეტი სიფრთხილით. ორივე წარმატებით აითვისებს ამ გაკვეთილს. მორიელმა უნდა შეიგნოს, რომ მერწყულს გაჭირვებით გადააქვს ძლიერი ემოციები, თვითდისციპლინა კი  ნამდვილად არ წარმოდგენს მის ღირსებას. თავის მხრივ, მერწყულმაც არასდროს უნდა დაივიწყოს, რომ ამ ქალის მშვიდი გარეგნობის მიღმა ემოციური ვულკანი დუღს და რაც უფრო უმძიმს მის  სულს, მით უფრო აუღელვებელია მისი სახე.

მერწყული არასდროს ატარებს ნიღაბს. თუ ის გაბრაზებულია, მორიელი ამას მაშინვე დაინახავს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მერწყული, თავისი ცვალებადი ემოციების დასამალად, ნიღბებით არ სარგებლობს,  მას ძალიან უყვარს ადამიანთა განცვიფრება. ის ყოველთვის იმას არ ამბობს, რასაც ფიქრობს და ამისთვის რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, აზრები თავში ისეთი სისწრაფით უელავს, ძლივს ახერხებს მათ დაჭერას, გამოხატვაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სხვა შემთხვევებში, ის ბრძნულად იკავებს თავს, რადგან გრძნობს, რომ რამდენიმე წუთში გადაწყვეტილებას ან შეხედულებას შეიცვლის. ხანაც იმიტომ დუმს, რომ უბრალოდ მოსწონს მორიელის გაკვირვებული გამომეტყველების ყურება თავის უჩვეულო ქცევებზე.

მორიელი შეიძლება კვირების განმავლობაში წუწუნებდეს, რომ მანქანა იმდენად გაიცვითა, საშინლად გამოიყურება. მერწყულს ერთი თანამგრძნობი სიტყვაც არ დასცდება, თითქოს  საერთოდ არ ესმის მისი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მერწყული ფანჯარაში გაიხედავს ამინდით დასატკბობად, აღმოაჩენს, რომ ეზოში მისი საყვარელი  ფერის მანქანა მატერიალიზდა. თუმცა როდესაც მადლიერების ნიშნად მერწყულს ჩაეხუტება, ის უპასუხებს, რომ  წარმოდგენაც არ აქვს, როგორ მოხვდა მანქანა მათ ეზოში.

ზოგიერთები მერწყულს გიჟს ეძახიან, მაგრამ მასზე შეყვარებული მორიელი ქალი გეტყვით, რომ ის სრულიად თავისუფალი ადამიანია, რაც ასე აკლია თავად პლუტონიელს. მორიელი თავის პირად  ცხოვრებას ისე წარმართავს, როგორც სურს  და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ  ვინმემ ქცევის წესები უკარნახოს. და მაინც, პლუტონი არ მისცემს ნამდვილი ემოციების გახსნის  და ღრმა გრძნობების გამოხატვის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ, მისივე გავლენით, ყოველთვის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და არავის მხრიდან  არ დაუშვებს კონტროლს. ეს თვისებები მერწყულში  უდიდეს სიმპატიას და პატივისცემას აღძრავს. ურანით მართულ მამაკაცს  სძულს საზოგადოებრივი მორალით ნაკარნახები მოთხოვნები. განსხვავება ის არის, რომ მერწყულის დამოუკიდებლობა ყველასთვის ცნობილია, მორიელი კი თავის დამოუკიდებლობას მხოლოდ დახურულ კარებს მიღმა ავლენს. ხალხში ის მერწყულის გამოხტომებზე იწუწუნებს, პირისპირ კი აღტაცებულ მზერას მიაპყრობს.

ამ ქალის რევანშისტული მიდრეკილებები ხანდახან  წლების შემდეგ  ვლინდება. მორიელი მზადაა დიდხანს ელოდოს საჭირო შესაძლებლობას, რომ დარტყმა რაც შეიძლება მწარე იყოს.

თავდაპირველი მიზიდულობის საბაბი შეიძლება გახდეს  სასიყვარულო სამკუთხედი, უცნაური და უჩვეულო ურთიერთინტერესი, საერთო ვალდებულება ან პასუხისმგებლობა, ან სულაც სამსახური. მორიელი მხარს უჭერს მერწყულის ჰუმანისტურ იდეებს, მაგრამ, იმავდროულად, მეტ ყურადღებას ითხოვს მისგან. მათი ურთიერთობა თანდათან მოიმატებს ემოციურ ხარისხში და ვნებებიც არ დააყოვნებს. მერწყულმა უნდა იცოდეს, რომ მორიელის სექსუალობა ძალინ ღრმა და ძლიერია, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს თავაშვებულობას. მართალია, გულნატკენი მორიელი შეიძლება დაეშვას შემთხვევით სექსუალურ კავშირებამდე, რადგან ის დიდხანს იქნება შოკირებული საყვარელი მამაკაცის ღალატით. მაგრამ, როგორც წესი,  მორიელისთვის სექსი რელიგიური სიწმინდეა. მას კარგად ესმის სექსის პოტენციური ძალა.

მორიელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მერწყული  ფიზიკურ სიახლოვეს დისტანციური ცნობისმოყვარეობით ეკიდება, მას შემდეგაც კი, რაც თანდათან გაღრმავებული ნაცნობობა მათ ფიზიკურ ლტოლვას გააძლიერებს.  ეს კაცი გაცილებით კარგი საყვარელი მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც მორიელი დაუმტკიცებს, რომ  მისი მეგობარია. მერწყული მხოლოდ იმ ქალს მიუძღვნის თავს, ვისაც ბოლომდე ენდობა.

საშინაო ცხოვრება, აგარაკი, სამსახური, მათი ოჯახები _ ეს ყველაფერი ან რომელიმე ცალკეული ფაქტორი ხშირად ხდება დაძაბულობის ან ჰარმონიის მიზეზი. მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ბრძოლა გაცილებით შეუმსუბუქდებათ, თუ მათ მნათობებს შორის პოზიტიური ასპექტებია.

ზოგიერთი მერწყული, ჰოროსკოპში მორიელის გავლენით, დროდადრო ბუზღუნებს ხოლმე, მაგრამ ტიპური მერწყული  ზედმეტად  გატაცებულია მის ცხვირწინ არსებული წინააღმდეგობებით, რომ ენერგია სხვა რამეებზე ხარჯოს. სავარაუდოდ, ის ხალისით მიანიჭებს თავისუფლებას მორიელს, რადგან კარგად იცის ამის ფასი. მართალია, მერწყული საკმაოდ თავისუფალი სულის, მაგრამ მაინც ადამიანია და პერიოდულად იეჭვიანებს. თუმცა მერწყულს ეჭვიანობისთვის მართლა სერიოზული მიზეზი სჭირდება, მორიელს _ უმცირესი მინიშნებაც ჰყოფნის. მორიელი სულ ტყუილად იტანჯება, რადგან მერწყული, რომელსაც თავისი ცოლი საუკეთესო მეგობრად მიაჩნია, არასდროს აჰყვება ფლირტს, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო. მაგრამ თუ მას მუდმივად და უსაფუძვლოდ დაადანაშაულებენ ღალატში, შეიძლება თვალთმაქცობა დაიწყოს, რომ რომანი აქვს, უბრალოდ  ისე… პროტესტის ნიშნად.

მორიელი ქალის გულის სიღრმეში დათგრუნული სურვილები და ძლიერი ემოციები  იმალება. მერწყული მამაკაცი გამომგონებლური იდეებისა და მუდმივი აღგზნებულობის ულევი მარაგია. თუმცა როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, ორივე საოცარი თავდაჯერებისა და ძლიერი ნების მფლობელია, ამიტომაც შეიძლება გადაწყვიტონ ერთად ყოფნა, რადგან იქ  სადაც ძლიერი სურვილია, გულის სიბრძნე ყოველთვის დაეხმარებათ სიყვარულის პოვნაში.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top