მორიელი და მშვილდოსანი

მორიელი და მშვილდოსანი

ყველა ფხიზლად იყურება წინ და არც ერთს არ ესმის, რომ საფრთხე შეიძლება უკნიდან მიეპაროს.

მშვილდოსნები ყველაფერში გახსნილები არიან, სალმიანი და პირდაპირები. მორიელები ხანდახან იხსნებიან, ხანდახან გესალმებიან და ხანდახან პირდაპირებიც არიან… თუმცა ზედაპირულად. გთხოვთ, ნუ შეეკამათებით ასტროლოგიას!  გესმით ხმაური, რომელსაც ახლა ამ თავის მკითხველი მშვილდოსნები ქმნიან? კითხვები, კითხვები, კითხვები!   დიახ, მეისრეებო, მართლა არსებობენ ისეთი მორიელები, რომლებიც თქვენსავით მეგობრული და საყვარლები არიან. შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ? არა, მშვილდოსანი არასდროს არავის ენდობა სიტყვაზე, სანამ ყველა კითხვას არ დასვამს. ეს სრული სიმართლეა, რომ ბევრი მორიელი  ფლობს მშვილდოსნის  დადებით თვისებებს. განსხვავება ის არის, რომ მშვილდოსანთან, კონფერანსიე ფილიპ უილსონის სიტყვებით, „ზუსტად იმას მიიღებთ, რასაც ხედავთ“;  მორიელთან კი, პირიქით, „რასაც ხედავთ, ნამდვილად არ არის ის, რასაც  მიიღებთ“.

რთული სათქმელია, რას მიიღებთ მორიელისგან საბოლოო ჯამში. მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროთ, ეს ის არ იქნება, რასაც ელოდით.  პლუტონით მართული ნებისმიერი მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი  დაბადებიდან ნიღაბს ატარებს. მორიელისთვის ყოველი დღე ყველა წმინდანის დღეა. ეს ადამიანები თამაშობენ მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან, ნათესავებთან, საყვარლებსა თუ მეუღლეებთან ურთიერთობაშიც კი. სცადეთ და ეთამაშეთ მათ, მაგრამ თუ თქვენ როგორღაც აწყენინებთ მორიელს, ის აუცილებლად დაგიბრუნებთ ხურდას. მაგალითად, როდესაც სამსახურში, ან უკეთესი, აეროპორტში გაგვიანდებათ, მოულოდნელად აღმოჩენთ, რომ თქვენს მანქანას ოთხივე ბორბალი მოხსნილი აქვს. ეს კიდევ არაფერი. როდესაც როგორღაც სამსახურამდე მაინც მიაღწევთ,  მაგიდაზე განცხადება დაგხვდებათ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.  თუ თქვენ მორიელი სერიოზულად გააბრაზეთ, არც კი ეცადოთ დაუმტკიცოთ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ხართ. შეიძლება ნებისმიერი დაგემოწმოთ, მაგრამ მორიელისთვის თქვენ საერთოდ არც მოვლენიხართ დედამიწას!

ეს ისე, მოთელვაა, ზოგადი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, რას შეიძლება ელოდოთ მორიელისგან. თუმცა ისე ნუ იფიქრებთ, რომ მას მხოლოდ უარყოფითი მხარეები აქვთ. მორიელთან დაკავშირებულ მშვილდოსანს მისი ორივე მხრიდან გაცნობა მოუწევს. მაგრამ სანამ მორიელის დადებით თვისებებზე გადავალთ, მოდით, ცოტა ხნით მშვილდოსანზე გადავერთოთ.

მშვილდოსანი არასდროს ადევნებს თვალყურს მორიელს, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით. მშვილდოსანში თვალთმაქცობისა და  მუხანათობის ნატამალიც კი არ არის. ისინი ზედმეტად პატიოსნები არიან იმისთვის, რომ  სასიკვდილოდ გაგიმეტონ (ცხადია, სიმბოლურად). მშვილდოსნის დარტყმები ვერბალური ფორმისაა . ხმამაღალი, ბასრი, ექსპრესიული და პირდაპირი! ძალიან პირდაპირი! ან ღია, გულწრფელი, ყურისმომჭრელი, უტაქტოც კი. შეგიძლიათ ნებისმიერი სიტყვა გამოიყენოთ.

ვინაიდან  გაბრაზებული, დამცირებული ან უსამართლობის მსხვერპლი  მორიელისთვის სულაც არ არის უცხო მზაკვრული ქცევები; მშვილდოსნის დარტყმები კი მხოლოდ სიტყვიერია და ის არასდროს მიმართავს  ქვეშ-ქვეშა ქცევებს, თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ ტანდემში მშვილდოსანი ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. საქმე ის არის, რომ მორიელი მხოლოდ მიყენებული წყენის თუ შეურაცხყოფის საპასუხოდ გესლავს, მშვილდოსანს კი თავდასხმისთვის მიზეზი საერთოდ  არ სჭირდება.  ზოგადად, რაც უფრო ბედნიერია მშვილდოსანი, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა, მშვილდი მოზიდოს, მიზანში ამოგიღოთ და გესროლოთ. რაც უფრო მეტი სიხარულია მის სულში, მით უფრო განწყობილია მეგობრული ლაქლაქისთვის.

მშვილდოსანი, როგორც წესი, არ დაგესხმებათ თავს ჩუმად და მოულოდნელად. იუპიტერელებს პუბლიკა უყვართ. მშვილდოსანი იშვიათად ცდილობს გაწყენინოთ და მაინც, ხშირად ასე  ხდება. მაგალითად, კორპორატიულ წვეულებაზე მორიელს, რამდენიმე დამსწრესთან, მისი ცოლის ჩათვლით, ეუბნება : „ჰეი! ერთი ის ისტორია მოყევი რა, წინა თვეში შენი ყოფილი რომ დაგადგა ოფისში და თავი სადილზე დაგაპატიჟებინა“. განა ბოროტი განზრახვით? მას უბრალოდ მხიარული ისტორიის მოსმენა უნდა. ისტორიის დასასრული  ის არის, რომ მორიელმა  მაინც არ წაიყვანა ის ქალი სასადილოდ, მაგრამ მისმა ცოლმა შეიძლება  იქამდე დატოვოს წვეულება, სანამ დასასრულს მოისმენს.  ბორბლებმოხსნილი მანქანა  ნამდვილად ვერ მიაყენებს ისეთ ტრავმას მშვილდოსანს, ვიდრე ის სცენა, რაც შინ დაბრუნებულ მორიელს ელოდება, რომელიც მშვილდოსნის ანცი თამაშების მსხვერპლი გახდა. ბუნებრივია, საქმე ამით არ დასრულდება. მეორე დღეს საბრალო მშვილდოსანი უბრალოდ შეწყვეტს არსებობას შეურაცხყოფილი არწივისთვის. ღმერთმა უწყის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. სავარაუდოდ, იქამდე, სანამ მორიელი არ დაასკვნის, რომ მშვილდოსანს ცოდვებისთვის საკმარისად აზღვევინა. ამას კი, მერწმუნეთ, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.

რამდენადაც შეუბრალებელია ნაწყენი მორიელი, რომელსაც დამნაშავისთვის დაუვიწყარი სადამსჯელო გაკვეთილის ჩატარება სურს, იმდენად უსაზღვროდ ერთგულობს და თავდადებულად იცავს მათ, ვინც ყოველთვის კეთილად ეპყრობა. ეს კიდევ ერთი სურპრიზია  მშვილდოსნისთვის. პლუტონის ნიღბის ქვეშ ის  ფანატიკურად თავდადებულ მეგობარს აღმოაჩენს, რომელიც მაშინაც კი მისი ერთგული დარჩება, როდესაც ყველა ზურგს შეაქცევს.  მშვილდოსანი, რომელიც პირის გაღებამდე  დაფიქრებას ისწავლის, ვერასდროს იპოვის მორიელზე მტკიცე თავშესაფარს. მორიელები საკუთარი სიცოცხლითაც  რისკავენ დიდი საქმეებისთვის  და იმ ადამიანების დასაცავად, ვისზეც ზრუნავენ. და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის!

მაგრამ ის მშვილდოსნები, რომლებიც  ენის წატლიკინებამდე ათამდეც არ თვლიან (ოცამდე ჯობია!) და ხშირად ხელყოფენ მორიელის თავმოყვარეობას, სამუდამოდ გაძევდებიან მორიელის მაგნიტური წრიდან. მისთვის ერთი შემთხვევაც სრულიად საკმარისია ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. მორიელის გადაწყვეტილება კი გადახედვას აღარ ექვემდებარება. მშვილდოსანს უნდა ახსოვდეს, რომ მორიელთან ბეწვის ხიდზე გადის და არ ღირს ბედთან უშნოდ ხუმრობა. ზუსტად ეს არის მთელი პრობლემა, ბედთან თამაში მშვილდოსნის საყვარელი გასართობია და სიმართლე რომ ვთქვათ, უმეტესად იმარჯვებს კიდეც… მაგრამ არა მორიელთან.

აქვთ მათ  საერთო თვისებებიც. კერძოდ, ყველა პასუხის მიღების მოთხოვნა. მშვილდოსნის შემთხვევაში, ეს ცნობისმოყვარეობით არის მოტივირებული; მორიელის შემთხვევაში _ ყველა საიდუმლოს გამოძიების სურვილით. როგორც უკვე გითხარით, მორიელებმა იციან, რომ ცოდნა ძალაა. ამიტომაც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი რამ იცოდნენ. მშვილდოსნები ყოველთვის პირდაპირ და ხშირად უხერხულ კითხვებს სვამენ, რომელიც ლოგიკურ პასუხებს მოითხოვს და მანამდე ვერ მოისვენებენ, სანამ მათი ცნობისმოყვარეობა არ დაკმაყოფილდება. მორიელი ჭეშმარიტების აღმოჩენას ასეთივე მხურვალებით, თუმცა უფრო დახვეწილი მეთოდებით ცდილობს, თანაც გულმოდგინედ მალავს თავის დაინტერესებას. გარედან დამკვირვებლისთვის საკმაოდ სახალისო სანახავია, როგორ შეიცნობენ ისინი ერთმანეთს. მეისრე ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, დამცავი ნიღაბი ჩამოგლიჯოს მორიელს. მორიელი კი იქამდე არ შეჩერდება, სანამ მშვილდოსნის შინაგან სამყაროს  და მის სხვადასხვა ტრაგიკულ როლს ბოლო საფარსაც არ მოაცილებს. მშვილდოსანი ხომ გიჟდება სხვადასხვა პარტიის გათამაშებაზე, თუმცა მხოლოდ გასართობად. მას ძალიან უყვარს  მინიშნებების გაკეთება, მაგრამ საბოლოოდ  ყოველთვის ხსნის   ბანქოებს.

მორიელსა და მშვილდოსანს, როგორც წესი, სპორტის ისეთი სახეობები უყვართ, რომელიც შეჯიბრის ხასიათს ატარებს. ამაშიც  გვანან, განსაკუთრებით მამაკაცები. მაგრამ ეს ორი ნიშანი განსხვავებულად აგებს. ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, რომ მშვილდოსანს არაჩვეულებრივად შეუძლია წაგება. ამით მას არც მხნეობა მოაკლდება და არც მომავალი გამარჯვების რწმენა შეერყევა. აი, მორიელმა წაგება საერთოდ არ იცის. მათგან ხშირად მოისმენთ, რომ დამარცხებას სიკვდილი ურჩევნიათ.

ეს 12-2 ფორმულის ვიბრაციაა. მორიელმა მშვილდოსნისგან თავისუფლების, ოპტიმიზმის, სილაღისა და გულახდილობის გაკვეთილები უნდა აითვისოს, რასაც ჯიუტად ეწინააღმდეგება. სიტუაციის შემსუბუქება მშვილდოსნის კარმულ მეხსიერებას შეუძლია. მეისრის ქვეცნობიერება ბუნდოვან მოგონებებს ინახავს, რას ნიშნავს სამყაროსა და ცხოვრების ასეთი მძაფრი ემოციური აღქმა. ამ ინკარნაციაში ის ცდილობს თავი აარიდოს ასეთ მძიმე ტვირთს ყოფით ცხოვრებაში. ამიტომაც არის მშვილდოსანი ასეთი უდარდელი. ის კატეგორიულ უარს აცხადებს, სერიოზულად აღიქვას ცხოვრება (იმ მშვილდოსნების გარდა, ვინც ხანგრძლივი თვითძიების შემდეგ რელიგიაში მიდიან). ტიპური მშვილდოსანი  არ არის ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დამძიმებული, არც ოჯახს მიჯაჭვული (განსაკუთრებით ახალგაზრდობაში). მშვილდოსანს თავისუფლად ხეტიალი და თავგადასავლები სწადია. ის  გულწრფელად თანაუგრძნობს  მორიელის განსხვავებულ შეხედულებებს. მშვილდოსნები ღრმა სიმპატიას განიცდიან არწივების მიმართ, რომელთაც პასუხისმგებლობა, ფარული შიშები და სიფრთხილე მაღლა აფრენის საშუალებას არ აძლევს. მაგრამ მშვილდოსნებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოთქვან თავიანთი თანაგრძნობა ხმამაღლა. დამიჯერეთ, არ ღირს მორიელის ნუგეში სიტყვებით: „გულწრფელად მებრალები“.  ეს ცეცხლისა და წყლის კავშირია და მსგვასმა შეცდომამ შეიძლება ჩაიდანი დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანოს.

 

 

 

მორიელი მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი

Ike & Tina Turner

 

_პიტერ, იმედი მაქვს, ყველაფერს მოამზადებ.

_რა თქმა უნდა! _ ისე მშვიდად უპასუხა პიტერმა,

თითქოს თხილიანი ვაზის გადაწოდება თხოვა.

ასტროლოგია საოცარი შემწყნარებლობით ეკიდება მშვილდოსნის  თვისებას, სიტყვით მოკლას ადამიანი, მაგრამ ხანდახან  მისი პირდაპირობა ზრდილობისა  და კარგი ტონის ფარგლებს ფართოდ სცდება და არაადამიანურ სისასტიკეში გადადის. დროდადრო თავად კენტავრებს სჭირდებათ ჭეშმარიტებისგან გალაწუნება. ძლიერი გალაწუნება!

იუპიტერელთა სუსტი სქესის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხშირად გადადიან დაშვებულის ზღვარს მორიელ მამაკაცთან ურთიერთობაში, შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მათი რომანი პირველი თავის დაწერამდე დასრულდა.

საბედნიეროდ, მშვილდოსნები, იუპიტერის წყალობით,  მხიარულებასა და მზიურ სითბოს უფრო ასხივებენ, ვიდრე მოწყენილობას.  სწორედ ამ ტიპის მშვილდოსანი შეიძლება გახდეს ის ქალი, რომელიც არწივს თავისი გულწრფელობითა და გულუხვობით გააბედნიერებს. მისი სიმბოლო კენტავრია, ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხენი. იმედითა და ოპტიმიზმით შეფერადებული ბაირაღით შეიარაღებული კენტავრი გოგონა  ხან მოუქნელი  ბორძიკით, ხანაც საოცარი გრაციით იჭრება მორიელის ცხოვრებაში. მისი გადამდები მხიარული ღიმილი მორიელის სულის ბნელ კუნჭულებს ანათებს, მის ოცნებებს აცოცხლებს და არც ისე იშვიათად მკვდრეთითაც აღადგენს… რა თქმა უნდა, თუ მორიელმა საერთოდ შეუშვა თავის ცხოვრებაში.

როგორი  სასიამოვნოც  არ უნდა მოგეჩვენოთ მორიელი გარეგნულად, ის ყოველთვის მელანქოლიური და დეპრესიული ადამიანია. ამიტომ, არც ის არის გამორიცხული, თავისდა უნებურად,  გული ატკინოს მშვილდოსანს, როდესაც მის ენთუზიაზმს ცივად  შეაქცევს ზურგს.

მშვილდოსან გოგონას ბევრი მოგზაურობა სჭირდება. მისთვის აუცილებელია დიდი  რაოდენობის ადამიანებსა და ცხოველებთან კონტაქტი. თუ მას გარემოსა და ადგილის შეცვლის საშუალებას არ აძლევენ, ის დაუკმაყოფილებელ და შარიან დედაკაცად  გადაიქცევა. როდესაც მის სალმიან და კომუნიკაბელურ ხასიათს ზღუდავენ, საბრალო მშვილდოსანი მენტალურად და ემოციურად იტანჯება და ბოლოს სასოწარკვეთამდეც კი მიდის, რაც საშინელი მდგომარეობაა ამ არსებითად ოპტიმისტი ადამიანებისთვის. მშვილდოსანი იმედიან და ბედნიერ გარემოში უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სული ითრგუნება და ჯანმრთელობა მკვეთრად უარესდება. მხოლოდ ძალიან ბოროტ ადამიანს შეუძლია ზურგი აქციოს ამ მეგობრულ და ოპტიმისტ გოგონას.

მშვილდოსნისგან  განსხვავებით, მორიელს  ძალიან არ უყვარს ხალხმრავალი თავყრილობები. მას სჭირდება მარტოობისა და სიმშვიდის პერიოდები, განსჯის  და საკუთარი არსის შეცნობისთვის. მორიელისთვის აუცილებელია განმარტოება. ბუნებრივია, ეს თავისებურება გარკვეულ კონფლიქტებს იწვევს მათში. თუმცა ეს მოგვარებადი პრობლემაა. ამისათვის მორიელმა გულწრფელი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ საკუთარი „მარტოხელა მგლის“ გამოხდომები მოთოკოს და მშვილდოსანს ნათელი ცვლილებების ძიებაში ხელი არ შეუშალოს. დამიჯერეთ, არ ღირს მისი თავისუფალი სულის (სხეულისაც) დაბმა-გამომწყვდევა. ძაღლებსაც კი არ უყვართ საყელურები, იუპიტერელ ქალბატონებს ხომ მით უმეტეს. ცხადია, მას ურჩევნია თავის მორიელთან ერთად გამოცხადდეს საზოგადოებაში, მაგრამ თუ ეს მორიელის სიმშვიდეს არღვევს, თავის მხრივ, მშვილდოსანიც უნდა წავიდეს კომპრომისზე და არ ეცადოს მისი ცხოვრების სტილის შეცვლას. მორიელს არ უნდა ეშინოდეს ღალატის, როდესაც მშვილდოსანს თავისი ძაღლი სასეირნოდ გაჰყავს, ცხენზე საჯირითოდ ან ტყეში მარტო სახეტიალოდ მიდის. საერთოდ, იუპიტერელი ადამიანები საოცარ ნეტარებას განიცდიან ბუნებაში. მარტოობა, რომელიც ასე უყვარს მორიელს, ხანდახან მშვილდოსნის სულზეც ასევე დამამშვიდებლად მოქმედებს, როგორც მის რჩეულზე.

რაც შეეხება სხვა მამაკაცებს, ნაკლებ  სავარაუდოა, რომ ტიპურმა მშვილდოსანმა ფარული კავშირები გააბას. საიდუმლოებები მორიელის სფეროა და არა მშვილდოსნის. თუ მშვილდოსანი როდესმე იგრძნობს, რომ სხვა კაცი შეუყვარდა, ის თავად მოუყვება ამის შესახებ.

მშვილდოსნის მხურვალე სიყვარულს ყველაზე სწრაფად მოწყენილობა კლავს. მორიელის სიყვარული კი მხოლოდ მას შემდეგ კვდება, როდესაც ის დაასკვნის, რომ რჩეული აღარ იმსახურებს მის ერთგულებას, რადგან აღარ შეესაბამება მის იდეალს. მორიელი კატეგორიულად ვერ იტანს სისუსტის გამოვლენას და ისეთ ადამიანებს, რომლებიც მარტივად ნებდებიან. დიახ, მორიელი შეიძლება თანაუგრძნობდეს ხელმოცარულებსა და დაჩაგრულებს, მაგრამ მის პატივისცემას მხოლოდ გამარჯვებულები იმსახურებენ.

ასეა თუ ისე, თავიდან მათი ფიზიკური სიახლოვე მოსაწყენი არ იქნება. ამ ასპექტში მშვილდოსნის პირდაპირობა ბრწყინვალე ღირსებაა: მისი სექსუალური თვითექსპრესია უეშმაკო და გახსნილია, რაც მორიელს მაგნიტივით იზიდავს. მორიელი სრული მზადყოფნით პასუხობს რჩეულის მხურვალე ვნებებს. მშვილდოსანი კი გულისხმიერად ეხმაურება პლუტონის მოუხელთებელი სექსუალობის მრავალსახოვნებას, რბილი სინაზიდან აგრესიულ მგრძნობიარობამდე. მაგრამ თუ მათ  მთვარეებს შორის კვადრატული ან ოპოზიციური ასპექტია, მშვილდოსანმა შეიძლება დაუფიქრებლად გამოთქვას კრიტიკული შენიშვნა ფიზიკურ  სიახლოვემდე, უშუალოდ პროცესში ან შემდგომ. ამ უკიდურესად ემოციური მამაკაცისთვის  ეს თავში ჩაქუჩის ჩარტყმის ტოლფასია. რა თქმა უნდა, ის შურს იძიებს, სრული გულგრილობის სახით, რითაც მშვილდოსანს თავს არასასურველად აგრძნობინებს. ცრემლიანი სცენებიც არ დააყოვნებს, რადგან მშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია ტრაგედიების შენახვა და შიგნით გადახარშვა. ის ცეცხლის სტიქიას მიეკუთვნება  და არც ეჭვიანობაა გამორიცხული. მშვილდოსანი მორიელს სხვა ქალის სიყვარულში დაადანაშაულებს.  ცხადია, ის  ცდება. საკუთარი ღირსების გრძნობა მორიელისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მშვილდოსნისთვის  შინაგანი პატიოსნება. ძალიან იშვიათად, რომ მორიელი ტყუილში ცხოვრობდეს.

თუ ისინი ყველაფერს გულწრფელად განიხილავენ, უთანხმოებების მიზეზებსაც იპოვიან და საკმაოდ გაკვირვებულნი დარჩებიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ  წვრილმანი სისულელეების გამო ტანჯავენ ერთმანეთს. მშვილდოსანი მუდამ  გახსნილია ყველანაირი  განხილვისთვის, რასაც  ვერ ვიტყვით მორიელზე, რომელიც საკუთარ განცდებს ყოველთვის თავისთვის ინახავს. ეს კი ყველაზე ცუდი არჩევანია ამ  ქალთან ურთიერთობაში.

ამ წყვილს არ ვურჩევდი ფინანსური საკითხების განხილვას. ჯობია მშვილდოსანმა თავისი დანაზოგი ხარჯოს და არასდროს შეეხონ ამ თემას. თუ მორიელს გამომუშავებული ფულის სეიფში შენახვა უნდა _ მშვენიერია. თუ მშვილდოსანი თავის ფულს ქარს ატანს _ არაჩვეულებრივია. თუმცა,ზოგადად, თუ მათ სინასტრიას ასცედენტები და მთვარეები არ ამსუბუქებენ, ისინი ვერასდროს მიაღწევენ შეთანხმებას ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებით. ამიტომაც, კატეგორიულად არ ვურჩევ საერთო ანგარიშის გახსნას  და საერთო ბიუჯეტის წარმოებას. ორივემ საკუთარი ფინანსები უნდა განკარგოს, როგორც იყო მათ შეხვედრამდე.

როდესაც ისინი ჩხუბობენ, რამდენიმე საათიანი(დღიანიც) გაბუტვა კომუნიკაბელური მშვილდოსნისთვის უფრო მტანჯველია, ვიდრე მორიელისთვის. მორიელი  მიჩვეულია მარტოობას და გაცილებით მშვიდად გადააქვს მორატორიუმები. თუმცა რაც არ უნდა იყოს, მარტოობა, მცირე ხნითაც კი, ნამდვილად ვერ მიგიყვანთ ბედნიერებამდე. მშვილდოსანი გოგონა სავსებით პროგნოზირებადია. მორიელი, თავისი ინტუიციის წყალობით,  მარტივად იცნობს  მისი  ტემპერამენტის აფეთქებებს, იმპულსურ  ხელგაშლილობას, პატიებისთვის მზადყოფნას და  მის  სერიოზულ  თუ  ფილოსოფიურ  განწყობებს. სამაგიეროდ, მშვილდოსანს ძალიან უჭირს მეწყვილის ემოციებში გარკვევა. მშვილდოსანი ვერასდროს  ჩაწვდება ბოლომდე, რას მალავს პლუტონიელი დუმილით, რადგან მორიელი წყალია, მშვილდოსანი _ ცეცხლი. სიმართლე რომ გითხრათ, ხანდახან მორიელი განზრახ აწვალებს ხოლმე, თუმცა, 12- 2 ფორმულის ვიბრაციით, მშვილდოსანი  უჩვეულო მოთმინებას ავლენს მის მიმართ.

ეს ის მამაკაცია, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს სასურველს, თუ  მისი სურვილი საკმარისად ძლიერია. ეს ის ქალია, რომელსაც მიზანი სჭირდება _ რაღაც, რისთვისაც იბრძოლებს, რის გამოც მოუთმენლად ელის ხვალინდელი დღის გათენებას. მისი ნათელი მომავლის რწმენა ფრიად ჰარმონიულად ერწყმის მორიელის გამარჯვებისკენ სწრაფვას. ასე რომ, ერთად მათ  ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ, რასაც ძლიერი ნებისყოფა და დიდი რწმენა სჭირდება.

 

 

 

მორიელი ქალი და მშვილდოსანი მამაკაცი

Kate Capshaw & Steven Spielberg

ბევრი გმირი გამომტყდარა,

რომ გმირობის ჩადენამდე

გარკვეულ სისუსტეს გრძნობდნენ.

პიტერს რომ მსგავსი რამ განეცადა,

აუცილებლად გეტყოდით.

მაგრამ ის არ გრძნობდა სისუსტეს,

მას ერთადერთი განცდა ჰქონდა, სიხარული.

 

მორიელი მუდმივი ნიშანია. მშვილდოსანი _ ცვალებადი. ამ სიტყვებს კი სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. მორიელს იდუმალი და ჩაკეტილი პლუტონი მართავს, მშვილდოსანს _ გახსნილი და ექსპანსიური იუპიტერი. მორიელი წყლის ნიშანია, მშვილდოსანი_ ცეცხლის. წყლისა და ცეცხლის შეერთება კი საკმაოდ რთულია გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორების გარეშე, მაგალითად, მოთმინების.  თქვენ გგონიათ მორიელზე  შეყვარებულ  მშვილდოსანს ეს ყველაფერი მცირედ მაინც ადარდებს? რა თქმა უნდა, არა. ეს უბრალოდ ასტროლოგიური დაბრკოლებებია. მშვილდოსნებს კი არათუ  ეშინიათ, უყვართ კიდეც დაბრკოლებები.  ეს ქალი, თავისი საშიში და რთული ხასიათით, ინტრიგებითა  და ღრმა იდუმალებით, ძლიერ ხიბლავს მას.

ყველა მშვილდოსანი აუცილებლად რაღაცით არის გატაცებული: ძაღლებით, ცხენებით, კარიერით, ოცნებებით, მოგზაურობითა თუ სასწავლო პროგრამებით (რელიგიურ-ფილოსოფიური კურსებიდან დაწყებული, ჰომეოპათიითა და ვენეროლოგიით დამთავრებული). ასე რომ, მორიელ გოგონასთან  შეხვედრისას, ის არაერთ სასაუბრო თემას გამონახავს ყინულის დასადნობად. მორიელთან ურთიერთობის დასაწყისში, დამიჯერეთ, ყოველთვის არსებობს ყინული.

ბევრი მამაკაცისგან განსხვავებით, მშვილდოსანს ნამდვილად არ დათრგუნავს  მორიელის თავდაჭერილი მანერები. პირიქით, ეს მისთვის საკუთარი ქარიზმატული მომხიბვლელობის, დამაჯერებლობისა და მხიარულების  სადემონსტრაციო საშუალებაა. ესეც რომ არ იყოს, მშვილდოსნის დათრგუნვა საერთოდ შეუძლებელია. მათ შეურაცხყოფაც კი ვერაფერს დააკლებთ, რადგან  ამას ისეთივე გულწრფელობაში ჩამოგართმევენ, როგორიც თავად ახასიათებთ.

თუ მშვილდოსანს მიწის ან წყლის ასცედენტი და მთვარე არ ამძიმებს, ის იშვიათად განიცდის დიდხანს რამეს, კრიტიკისა და იმედგაცრუების ჩათვლით. თუ საქმეები არც ისე სასიკეთოდ მისდის, მშვილდოსანი უბრალოდ მხრებს იჩეჩავს და ელოდება, როდის  გამოიდარებს. შეიძლება დღევანდელი მეტეოროლოგიური პროგნოზი წვიმას, თოვლს ან ძლიერ ქარს  ჰპირდება, მაგრამ  ხვალ აუცილებლად მზე გამოანათებს. მზის ყოველი ამოსვლა მშვილდოსნისთვის წარმოუდგენელ ოცნებათა ახალი კასკადია, ძველი პრობლემების მოულოდნელი მოგვარებაც.

სამაგიეროდ, როდესაც მორიელი  კარგი ამინდის პროგნოზს ისმენს, ის ჩუმად ეჭვობს, რომ სინოპტიკოსი განზრახ უბიძგებს პიკნიკზე წასვლისკენ, რომ შემდეგ დასცინოს, როდესაც თავსხმა წვიმაში მოყვება. „ასეთია ადამიანის ბუნება _ ფიქრობს მორიელი თავისთვის ._   ბოლომდე ვერასდროს ვერავის ენდობი. სულელური გულუბრყვილობას იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები ისეთები არიან, როგორებიც ჩანან ან ყოველთვის ასრულებენ დაპირებებს“.

მორიელი ძალიან ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ მშვილდოსანი ისეთი არ არის, როგორიც ჩანს. ოჰ, დიახ, ხანდახან ის ჯამბაზის გრიმს  და ცხვირს იკეთებს და გატაცებით ასრულებს რაღაც როლს, მაგრამ ეს ყოველთვის უბოროტო და უეშმაკო თამაშია. მშვილდოსნებს ძალიან უყვართ თეატრი. ის კი არა, მას ბავშვივით უხარია, როდესაც ვინმე ხვდება, ვის როლს ასრულებს. ნებისმიერი ადამიანი, ნორმალური აღქმით, მარტივად აღმოაჩენს ტრაგიკულ ნიღაბს, რომელსაც მშვილდოსანი მხოლოდ მცირე ხნით ირგებს. მით უმეტეს მორიელი ქალი, თავისი არანორმალურად ძლიერი გამჭრიახობით. ისე არ იფიქროთ, თითქოს მშვილდოსანს განზრახ შეჰყავს ეს ქალი გაუგებრობაში. ღმერთია მოწმე, მას არ სურს მისი მოტყუება… მორიელს კი ხანდახან სურს, რომ ატყუებდეს, დარტყმების შესამსუბუქებლად.

როგორ მანკიერებებსაც არ უნდა ფლობდეს მშვილდოსანი, ყველა მათგანი  კაშკაშა ფერებით ახატია სახეზე. შეუძლებელია თუნდაც ერთსაათიანი გასაუბრების შემდეგ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი სისუსტეები და ნაკლოვანებები, ისევე როგორც მისი ღირსებები და ძლიერი მხარეები. მშვილდოსანს მცირედაც არ აშინებს განსჯა და გაკიცხვა. როგორ შეიძლება ადამიანს რამდენიმე  ნაკლის გამო უსაყვედუროთ? განა არსებობენ უნაკლო ადამიანები? რა თქმა უნდა, არა. დიახ, მშვილდოსნების წყალობით, ჩვენ ყველამ ვიცით ეს ჭეშმარიტება!

მშვილდოსნის ერთერთი ნაკლი, რომელსაც მორიელი მყისვე შენიშნავს, მისი ზღვარგადასული კომუნიკაბელურობაა. მას ძალიან უყვარს ადამიანები. უყვარს მათთან ჩოგბურთის, ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა  და ბეისბოლის თამაში;  სხვადასხვა იდეების განხილვა; ფილმებისა და პიესების ყურება; კამათი, კითხვების დასმა; ან უბრალოდ მათ სიახლოვეს ყოფნა. ცხადია, მორიელს ძალიან არ ესიამოვნება მისი ქალთა საზოგადოებაში ხილვა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ  მამაკაცთა კომპანიით აღფთოვანდება, რადგან მათ გამო მშვილდოსანი საყვარელ ქალთან იმაზე ნაკლებ დროს ატარებს, ვიდრე მორიელს საჭიროდ მიაჩნია.  არასდროს დაივიწყოთ, რომ მორიელი ძალიან ეჭვიანი  ქალია. თუმცა მორიელსაც  ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ უკეთესად შეძლებს მშვილდოსნის შენარჩუნებას, თუ მას მოგზაურობის და თუნდაც უაზრო  ხეტიალის საშუალებას მისცემს, როცა არ უნდა მოეპრიანოს. მშვილდოსანს ბევრი თავისუფლება უნდა მიანიჭოთ. თანაც  მშვილდოსანი, როგორც წესი, ხალისით ეპატიჟება კომპანიის გასაწევად. მას კარგ ნაცნობთან მოგზაურობა ურჩევნია, ძველი მეგობრების მოძებნას ან უცხო ხალხთან ერთად ხეტიალს. თუ ეს მამაკაცი ღალატის ცდუნებას განიცდის, ნაკლებ სავარაუდოა, რამე დაუმალოს. დიახ, გულახდილი კენტავრი პირდაპირ ხმამაღლა განუცხდებს ამას, რადგან თუ ის ტიპური მშვილდოსანია, მორიელს მეტოქესთან ბრძოლის შესაძლობასაც  მიანიჭებს. მანამდე კი, სანამ ის ყოველ საღამოს პატიოსნად ბრუნდება სახლში, ყოველ დილით კოცნის და ეუბნება, რომ სადმე წასვლა უნდა, მორიელს  შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მშვილდოსნის გული და სხეულიც მხოლოდ მას ეკუთვნის.

ცხადია, კომპრომისი არ უნდა იყოს ცალმხრივი. მშვილდოსანსაც მოუწევს დათმობაზე წასვლა, თუ სურს მორიელის გამორჩეული ერთგულებისა და თავდადების ამაყი მფლობელი იყოს. მორიელი ჰიპერსენსიტიურია და მშვილდოსნის დაუდევარი შენიშნვები იმაზე მწარე ჭრილობებს აყენებს მის მოწყვლად გულს, ვიდრე ვინმეს წარმოდგენა შეუძლია, რადგან მორიელი ყველა წყენას გულში ინახავს. ის დიდხანს, დიდხანს  მოთმინებით აიტანს ამ სატანჯველს… შემდეგ კი აუცილებლად დაიწყებს შურისძიებას. შეუძლებელია იმის თქმა, შურისძიების რომელ ფორმას აირჩევს შეურაცხყოფილი მორიელი, მაგრამ მშვილდოსანს თავის დაცვა მოუწევს და არც ისე წარმატებულად. თუ მაშინაც ვერ მოვა აზრზე და ამ იშვიათ ქალს არ დააფასებს, მორიელი მას უბრალოდ მიატოვებს  და აღარასდროს დაბრუნდება. თუ მორიელმა რამე გადაწყვიტა, მისი გადაწყვეტილება საბოლოოა. მშვილდოსანი მამაკაცი ბუნებით საკმაოდ იმპულსური და უდარდელია, მაგრამ იმის დაკარგვა, რაც შეიძლებოდა ხანგრძლივ სიყვარულად ქცეულიყო, უპატიებელი დაუდევრობაა. მით უმეტეს, რომ ერთადერთი, რაც მორიელთან ურთიერთობაში მოეთხოვება, მეტი სინაზისა და  პატივისცემის გამოვლენაა მისი გრძნობების მიმართ.

მათი შეხედულებები სექსზე ძალიან განხვავებულია, თუმცა არც ისე შეუთავსებელი. მშვილდოსანი მიწიერ სიყვარულს მხურვალე ვნებებით უდგება, თუმცა იმავდროულად საოცარი გულუბრყვილობითა და იდეალიზმით გამოირჩევა. მორიელის სიყვარული ყოვლისმშთანთქმელია, კონცენტრირებული და რამდენადმე ჯადოსნური. ერთერთი სირთულე ის არის, რომ მორიელი სექსს სიწმინდედ აღიქვამს, რომელიც მდუმარებას მოითხოვს. მისთვის სექსი ენითგამოუთქმელი ექსტაზია. მშვილდოსანს ნებისმიერ წამს შეუძლია ყველაფერი ხმამაღლა გაახმოვანოს. ის არც კი ფიქრობს, რომ არის მომენტები, როდესაც დუმილი ოქროა. რამდენად იშვიათად არ უნდა ჩაიდინოს ეს სისულელე, მორიელისთვის ეს მაინც „ხშირად“ იქნება. მაშინ მორიელი სექსს ანგარიშის გასათანაბრებლად გამოიყენებს. სექსუალური შურისძიებისას  მორიელი იყინება და იმდენად პასიურად იქცევა, ნებისმიერი  მხურვალების ჩახშობა შეუძლია. ეს დამღუპველი ტენდენცია განსაკუთრებით სახიფათოა ცეცხლისა და წყლის ნიშნების შეთავსებაში.

რადგან ეს ქალი და მამაკაცი 12-2 ფორმულის ვიბრაციას ექვემდებარებიან, მორიელს ხშირად უჩნდება ისეთი განცდა, რომ მშვილდოსანი რაღაც მისთვის აუცილებელ ცოდნას ფლობს. მშვილდოსანიც მეტად მომთმენია, რადგან კარმულად აღიქვამს მორიელის ნიშნის არსს. თუ კენტავრი ამ ქვეცნობიერ მოთმინებას ხშირად მოუხმობს, მათი ურთიერთობა გაცილებით უფრო გლუვი და ჰარმონიული გახდება. ბუნებრივია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული  მთვარეებზე.

ფული ის  საკითხია, რომლის განხილვას თავიდანვე მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი. საბედნიეროდ, თუ ეს მამაკაცი ტიპური მშვილდოსანია, მას არაფერი ექნება მორიელის კარიერის საწინააღმდეგო. ეს მისი ერთერთი გულისამაჩუყებელი თვისებაა _ დაუტოვოს საყვარელ ქალს თავისუფალი თვითგამოხატვის უფლება. მშვილდოსანი არასდროს თრგუნავს სხვის ინდივიდუალიზმს, რადგან სწორედ ამის გამო უყვარდება ადამიანები. თუმცა რადგან თავად  მფლანგველობისკენ არის მიდრეკილი, მორიელი კი  ფრიად ხელმომჭირნე ნიშანია, ნამდვილად ჯობია ფინანსური რესურსები განაცალკევონ და ერთმანეთის ხარჯებში არ ჩაერიონ.

თუ მშვილდოსანი მათ სიყვარულს აფასებს, ის არასდროს მოეპყრობა მორიელის  გრძნობებს დაუდევრად. მორიელის მთელი გარეგნული სირბილის, სიმშვიდისა და ცივსისხლიანობის  მიუხედავად, ეს ქალი ნამდვილი ვულკანია. ის ძალიან ძლიერ ემოციებს განიცდის, რაც ხანდახან  მრისხანებაში ან ცივსისხლიან შურისძიებაში გადაიზრდება. მაგრამ ამავე ემოციების წყალობით  მორიელი უკიდურესად ერთგული და თავდადებულია.

თავის მხრივ, მორიელი ქალიც  განძივით უნდა გაუფრთხილდეს მშვილდოსნის გულწრფელ სიყვარულს, ყოველგვარი ეჭვისა და ბრალდების გარეშე  და არასდროს  უნდა ეცადოს მისი ლაღი სულის გატეხვას, რადგან ეს ის განზომილებაა, სადაც მისი ვარსკვლავური იდეალიზმი და ოქროს ოპტიმიზმი იბადება.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top