მშვილდოსანი და მერწყული

მშვილდოსანი და მერწყული

ისინი სკამებზე ისხდნენ, ბურთით თამაშობდნენ და

ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამდნენ.

  მათი კავშირი მხიარულ თამაშს ჰგავს, ხანდახან ხმაურიანს, მცირედ უჩვეულოს, მაგრამ ძალიან სახალისოს. ცეცხლისა და ჰაერის ნიშნების კავშირი იდეათა ნაპერწკლებია, უჩვეულო გამოხტომები. ხანდახან ისინი ერთმანეთს ახელებენ, ხანაც ერთმანეთს აკავებენ… და ნამდვილად აბნევენ გარშემომყოფებს.

მშვილდოსანი უბრალოდ თავს ვერ იკავებს მხიარულებისგან. ის ხომ დაბადებიდან ოპტიმისტია. თუმცა დაბადებიდან სკეპტიკოსიც. საკუთარ თავში წინააღმდეგობრივი თვისებების გაერთიანება ცბიერი ხრიკია, რაც მშვილდოსანს  კარგად გამოსდის, რადგან ის დუალისტური ნიშანია. მისი სიმბოლო კენტავრია, ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენი. ჰოდა მშვილდოსანიც ნახევრად ბედნიერია, ნახევრად იმედგაცრუებული;  ნახევრად ქარფშუტა, ნახევრად სერიოზული;  ნახევრად უტაქტო, ნახევრად ბრძენი; ნახევრად ჯამბაზი და ნახევრად ფილოსოფოსი. მხოლოდ არ აგერიოთ ისინი ტყუპებში!

მერწყული არ არის ორმაგი ნიშანი. მასში არ არის მსგავსი ორობითობა, მაგრამ ხანდახან ის უფრო წინააღმდეგობრივია, ვიდრე მეისრე. ტიპური  მერწყული საკუთარ თავში უამრავ ინდივიდს მოიცავს. მერწყულს სძაგს მიწიერება და  სიძულვილით უარყოფს თვალთმაქცობას, რითაც ხშირად უპირისპირდება დუალიზმს.

მშვილდოსნისა და მერწყულის  შეთავსება იუპიტერის პირდაპირობისა და ურანის არაპროგნოზირებადობის შეთავსებაა. ბუნებრივია, ამ კავშირის შედეგები არავითარ წინასწარ გათვლებს არ ექვემდებარება.

მშვილდოსანს და მერწყულს რომ ერთადერთი ასტროლოგიური რჩევა მივცეთ, ურთიერთობის ასაწყობად,  ასეთი იქნებოდა: შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ცივსისხლიანობა და მობილიზაცია ნებისმიერ სიტუაციაში. ასე მარტივად? დიახ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშვილდოსანი ცეცხლოვანი ნიშანია, შეიძლება ვერძივით მარტივად აალებადი არ არის, მაგრამ მაინც… როდესაც მერწყულის ჰაერი მას იწვევს, შედეგები შეიძლება სავალალო  აღმოჩნდეს. მათი შეტაკებები სრულმასშტაბიან ომს მოგაგონებთ.

მერწყულები, როგორც წესი, კეთილი, მეგობრული, თავისებურად მომხიბვლელი, გენიალური და ათასი სისულელით გატაცებული ხალხია. ისინი არავის ცხოვრებაში არ ერევიან და იგივეს მოითხოვენ სხვებისგანაც. მშვილდოსნები, როგორც წესი, ბედნიერი, იღბლიანი, კეთილგანწყობილი, გახსნილი, მომღიმარი და მხიარული ადამიანები არიან. როდესაც   მშვილდოსანსა და მერწყულს ცხოვრება ერთმანეთთან აკავშირებს, მათი მომხიბვლელობა და კეთილგანწყობა ერთი ორად იზრდება. დროის უმეტესი ნაწილი მათ კეთილდამოკიდებული  ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ხანდახან მერწყულის ჰაერი ქარიშხლად  იქცევა, მეისრის ცეცხლი _ ხანძრად. ამასთან კი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

მთლიანობაში,  როგორიც არ უნდა იყოს მათი ურთიერთობის თვალსაჩინო მიზეზები, ამ ნიშნების კონფიგურაცია მეგობრულ ვიბრაციას წარმოშობს.  ნათესავ, საქმიან პარტნიორებსა და შეყვარებულ მშვილდოსნებსა და მერწყულებსაც  კი ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ისინი თავიდანვე უამრავ  რესურსს ფლობენ  შესარიგებლად და ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ამიტომ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ახერხებენ  შერიგებას, რასაც ამ ფორმულის კარმული არსი უწყობს ხელს. მათი ურთიერთობის ერთერთი არაჩვეულებრივი ასპექტი ის არის, რომ მშვილდოსნური, ხშირად უტაქტო, სიმართლე მერწყულს საერთოდ არ ანაღვლებს. ის უბრალოდ მხრებს აიჩეჩავს და დაეთანხმება, რითაც ძალიან გააკვირვებს მშვილდოსანს, რომელიც სულ სხვაგვარ რეაქციებს არის მიჩვეული თავის ენის  ტლიკინზე. წყლის მღვრელი ცხოვრებას ხშირად ყირამალა  ხედავს  (აწმყო  მცირედ აბნევს, რადგან ის მომავალში ცხოვრობს). იქნებ ზუსტად ამიტომ იცინიან მერწყულები, როდესაც რეალურად მოწყენილები არიან და ტირიან, როდესაც უხარიათ.  ხანდახან შენიშვნასაც ქათინაურად  იღებენ. თუმცა, ამ გვაროვნული  უკუღმართობის  გამო, ქათინაური შეიძლება შეურაცხყოფაშიც ჩამოგართვან. ეს მაშინ ხდება, როდესაც მერწყულში ურანი ქარბორბალა იღვიძებს, რომელსაც მშვილდოსანში საპასუხო ხანძრის  გაღვივება შეუძლია. ეს უკვე ჰაეროვანი განგაშის ან ცეცხლოვანი კოცონის  მომენტებია და აქ, ისე როგორც არასდროს, დაეხმარებათ ასტროლოგიური რჩევა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ცივსისხლიანობა.

როგორც უკვე გითხარით, ორივე ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელური ნიშანია.  ყველა ცოცხალ არსებას  უმცროს  და-ძმებად აღიქვამენ. თუ მშვილდოსანი და მერწყული  თავიანთი ნიშნების ტიპური წარმომადგენლები არიან, ორივე სიამოვნებით ატარებს დროს ქალაქიდან მოშორებით, ბუნებაში. თუმცა ორივეს ასევე  ძალიან უყვარს წვეულებებზე გართობა და ხალხი. არც ერთს არ მოსწონს მარტოობა. უკვე აღვნიშნეთ,რომ ორივე საკმაოდ პირდაპირი ნიშანია, თუმცა მშვილდოსანი მაინც უკეთესად ეწერება გარემოში, ვიდრე მერწყული, რომელიც ჯიუტად მისდევს თავის ჩვევებს. აი, აქ  შეიძლება ვერ გაუგონ ერთმანეთს.

მშვილდოსანი ცვალებადი ნიშანია, მერწყული მუდმივი. ეს იმას ნიშნავს, რომ კენტავრს ძალიან უყვარს ხალხი და მათთან ურთიერთობა, მაგრამ მასში არ არის ავტორიტარიზმი და დესპოტიზმი. იმავდროულად, ის ისე იქცევა, როგორც საჭიროდ მიაჩნია. მას ძალიან არ მოსწონს, როდესაც ვინმე  მბრძანებლობს, მიუთითებს ან ჭკუას ასწავლის. თუ მის პატიოსნებაში ეჭვი შეიტანეს, ამაზე საერთოდ წყობიდან გამოდის. რაც შეეხება ფიქსირებულ მერწყულს, მუდმივობა უცვლელობას გულისხმობს და ეს თვისება ცვალებადობას ეწინააღმდეგება. განა აქიდან არ არის მერწყულის სიჯიუტე? ის სულაც არ აპირებს  თავისი აღმატებულების დემონსტრირებას. უბრალოდ არც მას უყვარს მითითებები და მით უმეტეს იძულება. მერწყულის შეზღუდვებისგან თავისუფალი ქცევები ბევრს აღიზიანებს, მაგრამ არა მშვილდოსნებს. თავის მხრივ, მერწყულებს მოსწონთ მშვილდოსნების გულწრფელობა. მერწყულს ესმის, რომ მშვილდოსანს  ნებისმიერ რამ შეიძლება დააბრალო, თვალთმაქცობის გარდა. ურანიელებს ეზიზღებათ ნებიმსიერი ფორმის ორპირობა. „იყავი ისეთი, როგორიც ხარ. მოიქეცი, როგორც საჭიროდ მიგაჩნია და ილაპარაკე, რასაც ფიქრობ“_ ეს დევიზი ორივეს თანაბრად მიესადაგება.

 

 

 

მშვილდოსანი მამაკაცი და მერწყული ქალი

Woody Allen & Mia Farrow

 

და მათ კვლავ სიახლემ უხმო…

 

 

მაშ ასე, თქვენ მშვილდოსანი მამაკაცი ხართ, საკმარისად მამაცი, რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ეს თვალთმაქცობაზე უკეთესია. შესანიშნავია! მხოლოდ არ დაგავიწყდეთ ეს, როდესაც მერწყულს შეხვდებით. ის ხომ ასეთი სათუთია, თავს საოცრად თავისუფლად გრძნობს და იმავდროულად, გულისამაჩუყებლად  მორცხვია.

ეჭვი არ არის, ყველაფერი ასეა. მაგრამ რადგანაც სიყვარულს სიმართლის გაბუქება ახასიათებს, უკეთესი იქნება თუ თვალს აგიხელთ იმაზე, რას შეიძლება გადააწყდეთ ამ სათუთ და თავისუფალ გოგონასთან ურთიერთობაში. ბუნებრივია, მე ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ თქვენი მერწყული  განსხვავდება სხვა მერწყულებისგან (ისინი ხომ ისეთი სხვადასხვანაირები არიან!), და მაინც, თქვენთვის სასარგებლო იქნება ყველა შემოვლითი გზის წინასწარ გაცნობა.

მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ მერწყული ძალიან დაბნეული ნიშანია, მაგრამ თქვენ შეიძლება დაასკვენით, რომ ეს გადამლაშებული შეფასებაა, ასე ვთქვათ, ამონარიდი სახალისო ასტროლოგიიდან. გინდათ მტკიცებულება, როგორი დაბნეულია მერწყული?

გსმენიათ უნგრელ  მსახიობ ზა ზა გაბორზე? ზა ზა შვიდჯერ იყო გათხოვილი. მისი მეოთხე ქმარი ჰერბერთ ჰათნერი იყო. გთხოვთ, კარგად დაიმახსოვროთ  ეს სახელი და გვარი. მერწყული ზა ზა თვლიდა, მისივე სიტყვებით რომ გადმოვცეთ: „საყვარელი ბიჭი, მაგრამ ზედმეტად კარგი ქმარი იყო. არავითარი გამოწვევა არ გვქონდა, გესმით“. გინდათ გაიგოთ, რა მოხდა მათ ქორწილში? საქმრომ ის პირდაპირ საქორწინო კაბაში მიატოვა და საქმეებზე გაემართა (მეწარმეებს ასეთი რამ ემართებათ). რა თქმა უნდა, მას მოენატრა თავისი პეპელა საცოლე და მოგვიანებით სასტუმროში დაურეკა, როგორც მოსალოდნელი იყო შეყვარებული მამაკაცისგან.

„მისტერ ჰათნერს გადაეცით, რომ  უცხო ზარებს არ ვპასუხობ“ _ გაყინული ხმით უთხრა ზა ზამ გაოგნებულ კონსიეჟს, დახვეწილი ჟესტით დაკიდა ყურმილი და  არომატულ აბაზანაში საჭყუმპალაოდ დაბრუნდა სიმღერ-სიმღერით… არა, განა ეწყინა. მას უბრალოდ  თავისი ახალი ქმრის სახელი დაავიწყდა. ჩემი თუ არ გჯერათ,ზა ზას ან ჰათნერს ჰკითხეთ, თუმცა მე არ ვიცი რა ზოდიაქოს ნიშანია ჰერბერტი. ისიც რომ მერწყული აღმოჩნდეს? მაშინ საერთოდ ვერ მიხვდება, რას ეკითხებით, რადგან  თვითონაც დავიწყებული ექნება სასტუმროს ნომერში განხორციელებული სატელოფონო ზარიცა და ქორწინებაც კი.

თუმცა, როგორც ჩანს, მერწყულ გოგონასაც სურს გაერკვეს, ვინ შეუყვარდა. მშვილდოსანი მოსიარულე კითხვის ნიშანია. ის თქვენსავით გულწრფელი და პირდაპირია. თქვენსავით იდეალისტი. მასაც უყვარს სიმართლე, თუნდაც მტკივნეული. უყვარს გოგონებიც. თუმცა  დროის უმეტესი ნაწილი ემეგობრება, მიუხედავად იმისა, რომ  გამოუსწორებელი რომანტიკოსია და ძალიან მარტივად უყვარდება. ის არ მოგატყუებთ  და არ გიღალატებთ.  თუ რამეა, თვითონ მოგიყვებათ ყველაფერს.   ის ჭუას კარგავს ცხოველებზე და დაბადების დღეზე შეიძლება ძაღლი ან ცხენი გაჩუქოთ. ხანდახან ჯამბაზია, რომელიც გართობთ. ხანაც ბრძენი_ სიბრძნის, გონიერებისა და ფილოსოფიის ჭა. ხედავთ? ის ძალიან გგავთ. მას აღელვებს ყველაფერი უჩვეულო, თუმცა შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, ის ხომ დულისტური ნიშანია. მას შეუძლია იყოს მკვლევარი, რადგან ძალიან იზიდავს შეუცნობელი. არც რისკი აშინებს.  უყვარს თამაში, ხანდახან ფულზეც, რაც არც ისე უსაფრთხოა, განსაკუთრებით ლას-ვეგასში. და გიჟდება მოგზაურობაზე. შეიძლება ერთ მშვენიერ და არაფრით გამორჩეულ დღეს  პერუში გაემგზავროს და თქვენი გაფრთხილება დაავიწყდეს. მაგრამ ის აუცილებლად დაგირეკავთ იქიდან, რადგან ძალიან გაუხარდება, თუ თქვენც შეუერთდებით ამ არაჩვეულებრივ თავგადასავალში. სავარაუდოდ, თქვენც გაემგზავრებით. გაიყოლეთ ჭადრაკი ან კალათბურთის ბურთი, მშვილდოსანს სპორტიც ძალიან უყვარს.

მშვილდოსანი  ნაზად  ეხება ფეხზე, მერწყული მსუბუქად ადებს ხელს ლოყაზე და ეს სრულიად საკმარისია, რომ ჰაერმა ცეცხლოვანი ვნება გამოიწვიოს. სურვილი აზარტული თამაშია, რომელსაც ორივე ენერგიულად თამაშობს… ხანდახან  რბილად და დამამშვიდებლად. მათი სექსუალური ურთიერთობაც კი სავსეა მეგობრობითა და ურთიერთკომპრომისებით. ვერც ერთს ვერ ვუწოდებთ მესაკუთრეს, თუმცა ორივე ეჭვიანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ პარტნიორის თავისუფლებას, მაგრამ, იმავდროულად, არავითარ შემთხვევაში  არ დათმობენ იმას, რაც თავისად მიაჩნიათ, მაგალითად, ერთმანეთს. ისინი კატეგორიული წინააღმდეგები არიან, ვინმესთან გაიყონ საყვარელი ადამიანი, რადგან ორივე  არსებითად იდეალისტია და ეს მხოლოდ ალამაზებს მათ. რა თქმა უნდა, ბოლომდე  ვერასდროს  გამოვრიცხავთ სისუსტის წუთებში ჩადენილ შეცდომებს, როდესაც რომელიმე მათგანი თავის იდეალებს ღალატობს, რაც საკმაოდ მტანჯველია ასტროლოგიური იდეალისტებისთვის.

სავარაუდოდ,  მშვილდოსანს ძალიან მოეწონება მერწყულის მეგობრების მრავალრიცხოვანი არმია. მაგრამ თუ არ მოეწონა, ამასაც პირდაპირ ეტყვის. რას ვიზამთ, მერწყული ყოველთვის ოცნებობდა მართალ ადამიანზე. ეს კი ყოველთვის სიმართლის თქმას  მოითხოვს, რაც ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენი არ არის. და მაინც, სიმართლის მწარე ნემსი ჯობია, ვიდრე ტყუილით მიყენებული ღრმა ჭრილობა. ისინი ხშირად ჩხუბობენ, გაბრაზებული მშვილდოსანი მყისიერად ალდება, მერწყულის რისხვა შეუკავებელია, მაგრამ ძალიან მცირე დროით. დავიწყების უნარი დაბნეული ადამიანების ყველაზე მშვენიერი თვისებაა. საბედნიეროდ, ორივე უზომოდ არის დაჯილდოებული ამ თვისებით.

არ დაგავიწყდეთ, რომ მერწყული მუდმივი ჯვრის ჰაეროვანი ნიშანია (ჯიუტად ცვალებადი ან ცვალებადად ჯიუტი, როგორც გენებოთ). მისი ქალურობა სულაც არ არის სათუთი, რადგან ის მასკულინური ნიშანს წარმოადგენს, რომელსაც ასევე მამაკაცური  ენერგიის ურანი მართავს. მშვილდოსანიც ორმაგად მასკულინური ენერგიის მატარებელია და საკმაოდ აგრესიულიც. მაგრამ ის მუტაბელურია, რაც ცვალებადობას გულისხმობს. ამიტომ, მისი ცვალებადობა და  მშვენივრად ადაპტირდება მერწყულის ჰაეროვნებასთან, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც მერწყული წარმოუდგენელ სიჯიუტეს ავლენს.

მშვილდოსანს ცოტა ცხელი თავი აქვს. მერწყულს საკმაოდ ცივი და მიუკერძოებელი გონება. სხვას ვის შეუძლია კენტავრის დაწყნარება და გაგრილება გახურებულ შუბლზე რბილი შეხებით? მხოლოდ მერწყულს. დიახ, ეს ნამდვილი მაგიაა, როდესაც მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი.

 

 

 

მშვილდოსანი ქალი და მერწყული მამაკაცი

Jane Fonda & Roger Vadim

 

წამით  ჩამობნელდა.

 პიტერს ვიღაცამ მეგობრულად უჩქმიტა.

 

 

მოდით, ურანით დავიწყოთ, რომელიც ამ წყვილში მამაკაცს მართავს. იმიტომ არა, რომ ეს პლანეტა უფრო ძლიერია, ვიდრე ქალის მმართველი იუპიტერი. ურანი ელექტროობას და სინათლეს მართავს, ამაზე სწრაფი კი არაფერია (შეიძლება მშვილდოსნის განწყობის გამოკლებით). რასაც არ უნდა საქმიანობდეს მერწყული, ის ყოველთვის რაღაცას იგონებს. თუ ის მებაღეა, შესაძლოა დაკიდული ბაღების კონსტრუქცია ააგოს. თანაც, ყველაზე უჩვეულო ადგილებიდან გადმოკიდებული. მაგალითად, მისაღები ოთახის  ჭაღიდან. თუ ის წყალგაყვანილობაზე მუშაობს, შეიძლება იმაზე იმტვრიოს თავი, როგორ დაუკავშიროს ჭურჭლის სარეცხი მანქანა ტელევიზორს. თუ ბიბლიოთეკის  მუშაკია, კატალოგს ძალიან თავისებური  ლოგიკით შეადგენს. მაგალითად, სასიყვარულო რომანებს ასო „ა“-ზე განათავსებს (აბსურდი). ფანტასტიკას_ „შ“-ზე, (შედევრი);  ამოუცნობ მფრივან ობიექტებზე ლიტერატურას_  „ვ“-ზე (ვაჰ!).

ერთხელ რადიოსცენარს ვწერდი.  მოულოდნელად სპორტული სიახლეების წამყვანი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ვერაფრით მიაგნო თავისი ათწუთიანი პროგრამის მუსიკალურ ფონს. მერწყულმა, რომელსაც რადიოში ჩანაწერთა კოლექცია ებარა, ყველაფერი თაროზე შემოაწყო  და სახლში წავიდა. დაბნეულობა და ქაოსი! ეთერამდე ოცდაათი წამი იყო დარჩენილი. რადგან თემას „ნოტრდამის გამარჯვების მარში“ ერქვა, „ნ“-ზეც  ვეძებეთ, „გ“-ზეც  და „მ“-ზეც, მაგრამ  ვერსად მივაგენით. სანამ ცოცხალი ვარ, არასდროს დამავიწყდება საბრალო წამყვანის სახეზე გამოსახული სიხარული, როდესაც ჩანაწერი გადავეცი. რადგან მერწყულის ლოგიკა კარგად ვიცოდი, „ი“  ასოზე შემდგარი ყუთი გადავქექე. რა თქმა უნდა, ჩანაწერი იქ იყო, რადგან მერწყულმა  მარში ირლანდიის ომთან დააკავშირა. მეორე დღეს ის ვერაფრით მიხვდა, რამ გამოიწვია ამხელა ალიაქოთი? აბა, სხვაგან  სად უნდა მოეთავსებინა ფირფიტა? განა ეს ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება არ იყო?

ურანით მართული ადამიანი საოცრად გამომგონებლურია. მას ყოველთვის  ნოვატორული იდეები აწუხებს, რაც სხვას თავში აზრადაც არ მოუვა (ყოველ  შემთხვევაში, მზის სისტემაში). მისი გონება ერთდროულად მახვილი და ახირებულია. ორიგინალურად აზროვნებს, თუმცა  ყოველთვის  ვერ  ეწერება თანამედროვე მეცნიერების მოთხოვნებში. ეს ბუნებრივიც არის.  მერწყული ხვალინდელი დღით ცხოვრობს და რატომ უნდა იდარდოს დღევანდელ წესებზე? არის ამაში თავისებური ლოგიკა. თანამედროვე მეცნიერება ყველაფრის დამტკიცებასა და დადასტურებას მოითხოვს უდავო ფაქტებით.  ის არაფერზე საუბრობს თვალსაჩინო მტკიცებულებების გარეშე. მერწყულს ქვეცნობიერად  ესმის, რომ ჯერ იდეა უნდა იპოვო  და მხოლოდ შემდეგ ეძებო დამამტკიცებელი ფაქტები.  კაცობრიობას რომ მერწყულები არ გვყავდეს, ვინ იცის, აქამდე ისევ გამოქვაბულის ერაში ვიცხოვრებდით.

აი, ახლა ის დროა, ამბავში მშვილდოსანი გოგონაც შემოვიდეს, მაგრამ არც ისე სწრაფად, რომ ყვავილნარს არ წამოკრას ფეხი, რომელიც მერწყულმა შემოსასვლელში მოაწყო. აი, პირველი საკამათო მიზეზიც. თუმცა მშვილდოსანს  ძალიან სიამოვნებს მისი უჩვეულო იდეები და უცნაური ქცევები. ზუსტად მისმა არაპროგნოზირებადობამ მოხიბლა კენტავრი პირველი შეხვედრისას. იმ დღეს წვიმდა და მერწყულმა მას თავისი ქოლგა შესთავაზა. მშვილდოსანმა აღმოაჩინა, რომ ქოლგას ნახვრეტები ჰქონდა.  იცით რა არის, მერწყულს არ უყვარს თავსხმა წვიმა, მაგრამ  წვიმის წვეთები ძალიან სიამოვნებს. თქვენ შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მშვილდოსანსაც ასეთივე ნახვრეტებიანი ქოლგა აქვს. რა თქმა უნდა, მერწყული არასდროს არის ბოლომდე დალაგებული, მაგრამ მისი სიგიჟე უზომოდ სახალისო და გადამდებია და მისგან დამცველი ვაქცინა არ არსებობს.

იქნება წუთები, როდესაც მშვილდოსანს დაავიწყდება, რომ თავიდან მერწყულის  უცნაურობები ღირსებად მოეჩვენა და მას მხოლოდ ნეგატიურად დაინახავს. ასეთ წუთებში ის მზადაა დაუნდობლად დაცხრილოს მიჯნური მწარე სიმართლის ისრებით (ან იმით, რაც იმ წუთში სიმართლედ ეჩვენება). მოგვიანებით, როდესაც ყველაფერზე დაფიქრდება, ინანებს და პატიებასაც თხოვს. მერწყულიც აპატიებს, მაგრამ საქმე ეს კი არ არის, არამედ ის, რომ… მერწყულს საერთოდ აღარ ახსოვს.  დაავიწყდა? ის ხომ ისეთი გაბრაზებული იყო, რომ თავზე წებო გადაასხა! ასეთი რამ როგორ უნდა დაგავიწყდეს?.. არც ეს არის მნიშვნელოვანი. მერწყული არ იბინძურებს თავს უსაგებლო ინფორმაციით. მის გონებაში მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.

მშვილდოსანში არის ის სიცოცხლის ნაპერწკალი და სიმამაცე, რომელიც მერწყულის გულს ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად აძგერებს. ის გულის სიღრმემდე შეძრულია მისი გახსნილი და მეგობრული მანერებით, მისი თვალსაჩინო გულწრფელობით. მშვილდოსანს ურჩევნია, ყოველთვის ისეთი იყოს, როგორიც არის და არასდროს თვალთმაქცობს. მერწყულს ყველაზე მეტად ასეთი ადამიანები მოსწონს. ის მას მეგობრობას შესთავაზებს და ეს ყველაზე გულწრფელი შეთავაზებაა, რომელიც მშვილდოსან გოგონას  მამაკაცისგან მიუღია.  მერწყული ხომ მეგობრობას იმაზე მეტად აფასებს, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობა სიყვარულს. ასე რომ, მერწყულისგან მეგობრობის შემოთავაზება იგივეა, რაც სხვა ნიშნის მამაკაცისგან ხელის თხოვნა. შეიძლება უკეთესიც. ეს უბრალოდ არაჩვეულებრივია, როდესაც საყვარლები ერთმანეთის მეგობრებიც არიან.

რადგან მშვილდოსანიც არანაკლებ მეგობრული არსებაა, მას სწამს, რომ ადამიანური ურთიერთობები ზუსტად  ასეთი უნდა იყოს. აქ  მას არაერთი იმედგაცრუება ელის. საბედნიეროდ, უარყოფითი გამოცდილება ვერ აგრილებს მის ენთუზიაზმს და  ოპტიმიზმს, თუმცა მცირე სკეპტიციზმს მატებს. როგორი მწარე და ტრაგიკულიც  არ უნდა იყოს მისი პირადი გამოცდილება, მთელი ცხოვრება სიძულვილი და დარდი მშვილდოსანს არ ახასიათებს, თუ მის ნათალურ  რუკაში უკიდურესად ნეგატიური ასპექტები არ არის, მაგრამ მისი  რამეში  დარწმუნება  საკმაოდ რთულია და რაც უფრო მეტად მერყეობს ის, მით უფრო მეტ კითხვებს სვამს. ის სავსეა ეჭვებით. ძალიან აინტერესებს ცხოვრება, პოლიტიკა, არქიტექტურა, კინო, წიგნები, რეკლამა, ბიოლოგია,ზოოლოგია, ეკოლოგია, ყველაზე მეტად კი რელიგია. ის მერყეობს ფუნდამენტალური  რელიგიურობიდან აბსოლუტურ ათეიზმამდე და პირიქით. მშვილდოსანი განწირულია  ჭეშმარიტების მარადიული ძიებისთვის. მას წინასწარხილვის ნიჭიც აქვს, რაზეც ხანდახან  ვერც კი  ეჭვობს. ის არც საკუთარ თავს ატყუებს და არც სხვებს. მთელი თავისი იდელიზმის მიუხედავად, მას ურჩევნია ყველა ისე დაინახოს, როგორც არის და საქმე რეალობასთან დაიჭიროს და არა ილუზიებთან. თუმცა, რადგან დუალისტური ნიშანია, ხშირად  საოცრად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს.

მერწყული მამაკაცი უფრო ხშირად ეთანხმება მის აზრებს, ვიდრე უარყოფს. ისიც რეალობას აღიარებს და არა ილუზიებს, თუმცა მისი რეალობა შეიძლება ილუზია იყოს, ხოლო ის, რასაც სხვები ფანტაზიებს ეძახიან, შეიძლება ნამდვილი რეალობა აღმოჩნდეს… და შთაგონებული მშვილდოსანიც უამრავ  კითხვას დაუსვამს. ახალი იდეები ძლიერ აღაგზნებს მის ცნობისმოყვარეობასა და ცოცხალ გონებას. ისინი დიდ სიამოვნებას განიცდიან ღამ-ღამობით ფილოსოფიური ბაასისგან. მერწყული მამაკაცი არ გამოირჩევა ადამიანური ურთიერთობების სექსუალურ ასპექტებზე კონცენტრაციით. მაგრამ თუ ურანის ცნობიერებაში  ეროტიული იდეა ერთხელ ჩაინერგა, ის ყველაზე მრავალფეროვანი ინტერპრეტაციით გაიხარებს, ველური ყვავილებივით.

მშვილდოსან ქალს მარტივად ბეზრდება წარმოსახვას მოკლებული პროზაული სიყვარული. ყოფითი და მიწიერი გრძნობები მისთვის არც ისე ამაღელვებელია.  მერწყული ნამდვილად  არ გაუცრუებს იმედებს. მათი სიყვარული არასდროს იქნება მიწიერი. ჰაერი ცეცხლოვან ვნებებს აჩაღებს,  მსუბუქი სიოც სავსებით საკმარისია. მშვილდოსნის ალებს კი შეუძლია მისი ჰაეროვანი ინდეფერენტულობა მწვავე სურვილებად აქციოს. ისინი სიამონებით ეხმაურებიან ერთმანეთის სულთა გამოძახილს. ორივემ იცის, რომ სექსი შეიძლება იყოს სახალისო და ამაღლებული. მათი ინტიმური ურთიერთობა ცელქი ქარივით არაპროგნოზირებადია, როგორც რბილი სიჩუმე ან დათოვლილი ტყე…. და უცებ მშვილდოსანი შეიძლება ჯამბაზად გადაიქცეს, მერწყული კი თავად ცირკად, მაიმუნებითა და  ტრაპეციებით. შემდეგ კვლავ თოვლის ფანტელები… და „დილა მშვიდობისა“ შუაღამეს შეერწყმება.

იქნება წუთები, როდესაც მისი ურანის რისხვა მეხივით გაიელვებს ლაჟვარდოვანი ცაზე. იქნება წუთები, როდესაც მისი იუპიტერული ზნე მძვინვარებად შემოტრიალდება და ის ბრალდებებით აავსებს მას. მაგრამ ის, თავისი მერწყულური ლოგიკით, დაარწმუნებს, რომ ყველაფერი მშვენივრად არის! მაშინ მშვილდოსანი დადნება, პიკნიკისთვის კალათს გაამზადებს და ისინი ტყეში გაემართებიან. მორაკრაკე რუს მოძებნიან, კოცონს გააჩაღებენ, გაოცებულ ხეს მიეყრდნობიან და, კექსების დაგემოვნების ფონზე,  არაჩვეულებრივ ისტორიებს უამბობენ ერთმანეთს.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“  მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top