მშვილდოსანი და მშვილდოსანი

მშვილდოსანი და მშვილდოსანი

მათთან მკაცრი განაწესი მოქმედებდა.

არავის ჰქონდა უფლება, სუფრაზე ხურდა დაებრუნებინა

ან მეზობლისთვის მუჯლუგუნი ეთავაზებინა.

სანამ ამ შეთავსების ანალიზს დავიწყეთ, ჯერ ამ ნიშნის თვისებები უნდა განვიხილოთ, რადგან 1-1 ფორმულის ვიბრაცია თანაბარი წარმატებით ააქტიურებს ნიშნის როგორც დადებით, ისე უარყოფით თვისებებს. მშვილდოსნებისთვის კი ეს წესი ყველა სხვა ნიშანზე მეტად სახიფათოა.

ორ მშვილდოსანს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ესვრიან ერთმანეთს სიმართლით ბასრად წამახულ ისრებს, უზარმაზარი კოცონის გაჩაღება შეუძლია. ამასთან, თუ ერთერთი ვერძი ასცედენტით ან მთვარით დაიბადა, იუპიტერის გულწრფელობას მარსის პირდაპირობაც დაემატება და მათ ურთიერთობაში საერთოდ გამოირიცხება გაუგებრობები და ტყუილები. კარგი იქნება, მეორეს თხის რქის ან თევზების გავლენა ჰქონდეს, რაც  მათ საერთო გადაწყვეტილებებს სირბილეს შესძენდა. სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისთვის, სასწორისა და მერწყულის გავლენაც  არ აწყენდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ თვალისმომჭრელი კოცონისგან შეიძლება საზარელი ხანძარი გაჩაღდეს.

მე უკვე არაერთხელ მისაუბრია უადგილო გულწრფელობასა და სახიფათო უტაქტობაზე, რომლითაც კენტავრები საქმეებსა და ურთიერთობებს არჩევენ. კარგია, რომ ეს არც ისე ხშირად  ხდება. მოდით, გულახდილად ვაღიაროთ, რომ მშვილდოსნები, როგორც წესი, კეთილშობილი ბუნების არიან. ისინი მეგობრული და მხიარულები, გახსნილი და ოპტიმისტები, სიცოცხლის ხალისითა და ენერგიით აღსავსე ხალხია, მოხტუნავე -ზამბარებიანი სიარულის მანერით. ხანდახან იპოდრომზე ამაყად თავაწეულ მოჯირითე ცხენსაც მოგაგონებთ, რომელიც უშიშრად ხტება ბარიერებზე, (წინააღმდეგობებსა და ტაბუებზეც!). ყველა მშვილდოსანი საოცრად გრაციოზულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ხშირად ბორძიკობს, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნლეობით. ამის მიზეზი ნამდვილად კენტავრის სინდრომშია: განა ადვილია ადამიან-ცხენისთვის ერთდროულად წონასწორობის შენარჩუნება და მშვილდის მოჭიმვა? ეს ნებისმიერს წაართმევდა მოქნილობას.

მშვილდოსანი ზოდიაქოს ერთერთი დუალისტური ნიშანია და მასში ყოველთვის იქნება შინაგანი წინააღმდეგობა, რაც თავგზას ურევს როგორც თავად მას, ისე მის გარშემომყოფებს. ამიტომ, მე თვითონაც არ ვარ დარწმუნებული, რომელი ტიპის მშვილდოსანზე ვსაუბრობ. ზოგიერთი მშვილდოსანი მოუსვენარი და მხიარულია, ზოგიც _ სერიოზული და ბეჯითი. ერთნი ჩუმი და ჩაფიქრებულები არიან, სხვები_  უდარდელი ქარაფშუტები, რომლებიც გიჟდებიან ოინებზე და თვით ცხოვრებაც მათთვის ერთი დიდი ავანტურისტული  თამაშია.

ახლა ხვდებით რატომ აქვს ამხელა მნიშვნელობა მშვილდოსნების კავშირში, ნიშნის რომელ ტიპს განეკუთვნება თითოეული? ერთადერთი, რაშიც შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, ის არის, რომ მშვილდოსნები კეთილგანწყობილი ხალხია და ყოველთვის კეთილი ზრახვები ამოძრავებთ. მართალია, ხანდახან  წყობიდან გამოდიან და შეიძლება ბევრი სასტიკი რამ გითხრან, მაგრამ არა ბოროტი განზრახვით. ისინი უბრალოდ  ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. ეს აბსოლუტურად იუპიტერის სტილშია: ჯერ სიმართლის მიგნება, შემდეგ მისი შეგნება და ბოლოს  უშიშრად გამოცხადება! ეს თვისება ყველა მშვილდოსანს საერთო აქვს, ჩუმი იქნება თუ ყაყანა.

ყველა მშვილდოსანი  იდეალისტი მოთამაშეა. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ სიმღერა, ხატვა, ცეკვა-თამაში და ბედის გამოცდა. არანაკლებ  უყვართ კითხვა, სწავლა და სწავლება, დაკვირვება და მოგზაურობა. როდესაც მშვილდოსნები ერთად არიან, ცხოვრება აღარ არის მოსაწყენი. დამღლელი? კი ბატონო. მშვილდოსანს ოღონდ მოსაწყენი არ გააგონოთ!

მიუხედავად პერიოდული კონფლიქტებისა, ისინი თითქმის ყოველთვის ახერხებენ მეგობრობის შენარჩუნებას და არასდროს ხდებიან ერთმანეთის მტრები, მას შემდეგაც კი, რაც ცხელ გულზე უამრავ საძაგლობას ეტყვიან ერთმანეთს. მიტევების უნარი მშვილდოსნის ღირსებაა. ამაში ისინი ძალიან გვანან ცეცხლის სხვა ნიშნებს, ვერძსა და ლომს. თუმცა პატიება ერთია და ბოდიშის მოხდა მეორე. ორ მშვილდოსანს სხვებთან მობოდიშება უფრო უადვილდება, ვიდრე ერთმანეთთან. მაგრამ ისინი ყოველთვის კარგად გრძნობენ თავიანთ ბრალს და შეეცდებიან, რამე სასიამოვნო უთხრან პარტნიორს იმის ნიშნად, რომ გულში ბოღმა არ ჩაუდიათ. მშვილდოსანს საერთოდ არ ახასიათებს ავმეხსიერება. ისინი გულწრფელად აღიარებენ, რომ მართლები არ იყვნენ (თუ მართლა ასე მიაჩნიათ), მაგრამ არა სიტყვებით. სამაგიეროდ, სინანულს მარტივად ამოიკითხავთ  მათ ქცევებში. განა გულთბილი ღიმილი სიტყვებზე მეტად არ მოგიწოდებთ შერიგებისკენ? დიახ, მშვილდოსანმა ნამდვილად იცის, როგორ მოიხადოს ბოდიში უსიტყვოდ. ასე ინარჩუნებენ ისინი საკუთარ ღირსებას  და მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ რიგდებიან.

მშვილდოსნებს ძალიან უყვართ თეატრი. იმდენად, რომ არც ისე იშვიათად ის მათი პროფესიული სარბიელი ხდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს  ხშირად შეხვდებით  მსახიობებს, დრამატურგებს, პროდუსერებს, რეჟისორებს, სცენის გამნათებლებსა თუ  სამხატვრო დეკორატორებს  შორის. ის იუპიტერელებიც კი, ვინც თეატრის სცენაზე არ გამოდიან, ყოფით ცხოვრებაშიც თეატრალური ადამიანები არიან. ისინი ცოცხალი ინტერესით შეისწავლიან ადამიანურ ბუნებას, რადგან კარგად აცნობიერებენ, რომ ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად მსახიობია. აზარტული მშვილდოსნები ყურადღებით აკვირდებიან მეგობრებს და სიამოვნებით ცდილობენ ამოიცნონ, რომელ როლს  ასრულებენ ისინი. ბუნებრივია,უდიდეს  სიამოვნებას იღებენ საკუთარი როლებისგანაც. ამიტომ, მშვილდოსნები არანაკლებ წარმატებული, მოყვარული თუ პროფესიონალი, ფსიქოლოგები ხდებიან. თუმცა ამ პროფესიას დამატებით წყლის სტიქიის გავლენაც სჭირდება.

ორი მშვილდოსანი, მეგობრები იქნებიან, საქმიანი პარტნიორები, ბავშვობის ამხანაგები, ნათესავები, შეყვარებულები თუ მეუღლეები, უამრავ დროს დახარჯავენ ერთმანეთის შესასწავლად, კომიკური და ტრაგიკული როლების მონაცვლეობით. როდესაც ერთი მოწყენილია, მეორე კომედიურ როლს ასრულებს, მის გასაცინებლად, და ეს ერთერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტია მათ ურთიერთობაში.

დუალისტური ნიშნით დაბადებული მშვილდოსნები ყოველთვის სრულიად აცნობიერებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ სიხარული და სევდა ტყუპები არიან.  ყველა მშვილდოსანი ყოველთვის მზადაა მეორეს შეახსენოს, რომ წარუმატებლობები წარმავალია და კულისებიდან გასვლისთანავე სიხარული და იღბალი ელოდებათ.  აი, რატომ ითვლებიან ისინი უჩვეულოდ იღბლიანებად. სინამდვილეში იღბალი აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ მშვილდოსნებს არ ეშინიათ დიდი ფსონების გაკეთების, რადგან იციან, რომ ყოველთვის აქვთ მოგების შანსი, წაგება კი მხოლოდ დროებით მოვლენაა. მაშინ რატომ არ უნდა გარისკონ და ითამაშონ, რომ ერთმანეთს დაეხმარონ საერთო მანკიერებათა შემცირებასა და ღირსებების გაზრდაში?

მშვილდოსნები ის ხალხია, ვინც  ინგლისელ ენათმცოდნესა და ლექსიკოგრაფ ნოე ვებსთერს სიტყვა „რისკის“ მნიშვნელობას უხსნიდა. და მერე რა, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს…

„რისკიანი _ განუმარტეს მათ ნოეს, როდესაც მან თავისი პირველი ლექსიკონი შეადგინა _ ნიშნავს გაბედულს, უშიშარს, თავგადასავლებისა და სახიფათო სიტუაციების მოყვარულს ანუ ყველა იმ სიტუაციაში მოქმედ ადამიანს, სადაც სიმამაცე და საკუთარი სიცოცხლით გარისკვაა საჭირო.  ეს ჩვენ ვართ! _ უთხრეს მხიარულმა მშვილდოსნებმა. _ აუცილებლად დაწერეთ სიმართლე!“

მაგრამ ნოემ არ დაუშვა ეს კომენტარი, რაც, ჩემი აზრით,ზედმეტი სიმკაცრე იყო მისი მხრიდან… ან იქნებ, იუპიტერის სტილის დაცვით, ბეჭდვით შეცდომად შევაფასოთ?

 

 

 

მშვილდოსანი მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი

Ray Liotta & Michelle Grace

 

 

ისინი წლობით არ ნახულობდნენ ერთმანეთს

და მშვენივრად ცხოვრობდნენ.

 

 

 

თუ მხედველობაში მიიღებთ მშვილდოსნების ცნობისმოყვარე, პირდაპირ და დამოუკიდებელ ხასიათს; ასევე ამ ნიშნის მასკულინურ საწყისს, ცეცხლოვან ენერგიასა და იუპიტერის ექსპანსიურობას, მარტივად მიხვდებით, რომ მშვილდოსნებს ერთად მოსაწყენად არ სცალიათ.

ორმაგი ცეცხლი! ორმაგი მამაკაცური საწყისი! და ბოლო, მაგრამ არა მნიშვნელობით: ორმაგი ცვალებადობა!  ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე უზარმაზარ სიამოვნებას იღებს სიტყვიერი თამაშებისგან, რაც იმის გამორკვევას ემსახურება, რომელი მათგანი გაიყვანს სპილოებს საცირკო აღლუმზე და რომელი გაჰყვება უკან აქანდაზით, ნაკელის ასაღებად.

ეს პატარა ალეგორია ვულგარულად გეჩვენებათ? თუ  ასეა, მე მომიტევეთ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს თავი არც ქალწულების, არც სასწორებისა და არც თხის რქებისთვის არ იწერება. ეს მნიშვნელოვანია მშვილდოსნებისთვის და დარწმუნებული იყავით, არც ერთ მშვილდოსანს არ შეაშფოთებს სიტყვა ნაკელი. მშვილდოსნის შოკში ჩაგდება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე მერწყულის. ასე განსაჯეთ, ჩემი ნაცნობი მშვილდოსანი გოგონა  ხშირად იყენებს გამოთქმას: „მოკეტე! ნეტა ძროხამ დაგასაქმოს თავზე!“

მაშ ასე, კენტავრები მორიგეობით  ამოწმებენ ერთმანეთს სიცრუეზე.  ერთმანეთის პოზიციებს, სხვადასხვა მორალურ, ეთიკურ, ფილოსოფიურ თუ ინეტელექტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ხშირად გამოცანებითა და ხუმრობებით არკვევენ.

ფაშატი: „ აი, მისმინე. კაცს მანქანა მიჰყავდა, გვერდზე შვილი ეჯდა. მოხდა ავარია. მამა ადგილზე გარდაიცვალა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა. მაგრამ მთავარმა ქირურგმა, როგორც კი პაციენტს დახედა, კატეგორიული უარი განაცხადა: „ მე ვერ გავაკეთებ ოპერაციას, ეს ჩემი შვილია!“

ულაყი: მარტივია. ბიჭი გაშვილებული იყო. ავარიაში დაღუპული ადამიანი მისი მამობილი, ქირურგი კი ნამდვილი მამა. ასეა?

ფაშატი: არა, არასწორია. რა შტერი ხარ!

ულაყი: მოიცადე, მივხვდი! საოპერაციოში პაციენტები აერიათ და მეორე ბიჭი მართლა ქირურგის შვილი იყო.

ფაშატი: ოჰ, მოიცა რა. მაინც ვერ გამოიცნობ. ქირურგი ბიჭის დედა იყო. უბრალოდ შენ არასდროს მოგსვლია თავში აზრად, რომ ქალები იმდენად ჭკვიანები არიან, შეიძლება ქირურგები იყვნენ.  შენ ფიქრობ ყველა ქალი ქათმისტვინაა?.. აქამდე როგორ არ გაგშორდი?!

ულაყი: ყველა ქალი ქათმისტვინა არ არის, მაგრამ აი, შენ ხანდახან ასე იქცევი. ჯერ ერთი, ეს დებილური გამოცანაა! მეორე, მე მეგონა შენ საერთოდ არ ამართლებ ქირურგებს და ქირურგიას.  მესამეც, რომ არ წამოგეყრანტალებინა, მეც გამოვიცნობდი. როგორ უნდა მოახერხო ფიქრი, როდესაც ყურთან მუდმივად დაგჩხავიან? და  რადგან შენ თვითონ წამოიწყე საუბარი, მგონი, გაშორება მშვენიერი იდეაა.

ფაშატი:  შენ თვლი, რომ მე სულ ვლაპარაკობ?  ჰაჰ!  შენგან ამის გაგონება მართლა სასაცილოა! და ეს სულაც არ არის დებილური გამოცანა. ჯერ ერთი, ეს გამოგონილი სიტუაციაა, ამიტომ მასში თავისთავად არ შეიძლება იყოს რაიმე სულელური. რაც შეეხება ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებას ქირურგიისა და ქირურგების მიმართ, მე უბრალოდ იმას ვამტკიცებ, რომ 90% შემთხვევაში ოპერაციის აუცილებლობა არ დგას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქირურგიის აზრი არ მესმის, უბედური შემთხვევების თუ გარდაუვალი აუცილებლობის დროს. მე მხოლოდ ქირურგი სადისტების წინააღმდეგი ვარ, რომლებიც ქვეცნობიერ სიამოვნებას განიცდიან ადამიანების მიჭრა-მოჭრით… და კიდევ მათი, ვინც თავიანთი ჰონორარებით ფუფუნებაში ცხოვრობენ. მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ექიმი ჭკვიანი და თანამგრძნობი ადამიანია… უბედურება ის არის, რომ შენ არასდროს მისმენ და ყოველთვის მაწყვეტინებ. შენთან ცხოვრება აუტანელი გახდა, რაც გამელოტება დაიწყე.

ულაყი: შენთან ცხოვრებაც აუტანელი გახდა, რაც წინა წლიდან საკმაოდ მოსუქდი…

ფაშატი: საკმარისია! ოცდაოთხი საათი გაქვს  ბარგის ჩასალაგებლად და აქედან წასათრევად.  ძაღლიც არ დაგავიწყდეს!

ულაყი: ეს შენ გაქვს ოცდაოთხი საათი ბარგის ასაკვრელად და აქედან მისაბრძანებლად… და არც შენი ძაღლის გაყოლება დაგავიწყდეს, როცა წახვალ!

რადგან ორ მშვილდოსანზე ვსაუბრობთ, თითოეულს თავისი ძაღლი ჰყავს… სავსებით დასაშვებია, დამატებით  ცხენიც ჰყავდეთ.

რჩევა სხვა ნიშნებს: ნუ გაღიზიანდებით წვრილმანებზე. ეს ორნი უკვე შერიგდნენ რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ორივე ნივთებს ალაგებდა. თითოეულმა გადაწყვიტა, რომ უფრო დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, თუ მისგან წავიდოდნენ. მამაკაცმა მხურვალედ ჩაიხუტა და აღიარა, რომ ის მსუქანი არ არის, უბრალოდ ადრე ძალიან გამხდარი იყო. ის რამდენიმე ფუნტი კი, რომელიც თეძოებზე მოიმატა, ძალიან  უხდება და საერთოდაც, უბრალოდ აჯავრებდა და ნერვებს უშლიდა. მართალია, მან თავს არ უღალატა და ისევ გარისკა, როდესაც სიგანეში მომატებული თეძოები ახსენა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერმა გადაიარა. ქალმა სიყვარულით გადაუსვა ხელი „ქოჩორზე“ და აღნიშნა, რომ მას უბრალოდ მოეჩვენა, თუმცა რომც გამელოტებულიყო, იულ ბრუნერივით მომხიბვლელი გახდებოდა და საერთოდაც, მისი აზრით, მელოტი მამაკაცები ძალზედ სექსუალურად გამოიყურებიან.

კამათის ჩაფარცხვის მცდელობისას, მშვილდოსნები ძალიან ხშირად აუარესებენ სიტუაციას, როდესაც ზედმეტი ძალისხმევით რაღაც სისულელეებს ბოდიალობენ ან როდესაც ცდილობენ ძველი ბედნიერი დრო დაიბრუნონ. მაშინ ისინი საყვარელი, მაგრამ საშინლად მომაბეზრებელი ლეკვებივით (ან კვიცებივით) იქცევიან. მშვილდოსნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ყველაფერში გადაჭარბების ტენდენციას, რასაც ექპანსიური იუპიტერი ახალისებს. ლომს და ტყუპებსაც უყვართ ხოლმე ხანდახან გადამეტება (სრულიად განსხვავებული მიზეზებით), მაგრამ მშვილდოსნებამდე ნამდვილად ბევრი უკლიათ. სწორედ მშვილდოსნისთვის არის მნიშვნელოვანი სიმართლის ღაღადი. ამიტომ, მათივე კეთილდღეობისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არ გეჩვენებათ, რომ ხანდახან ენას კბილი უნდა დააჭიროთ, რომ სიმართლეზე მეტი არ დააყრანტალოთ? ეს ასტროლოგიური ტესტია, დაუშვებთ თუ არა, რომ ყველაზე ძლიერი განცდების დროსაც კი, თქვენი სიმართლე გადაჭარბებისგან დამახინჯდეს.  გაითვალისწინეთ, რომ ცდუნება შეიძლება გამოვლინდეს საკუთარი აზრის გატანის ეგოისტური სურვილით _ დაიცვათ თქვენი პოზიცია ნებისმიერ ფასად. განა ღირს გამარჯვებას სიმართლე შესწიროთ?

მშვილდოსნები არაფერს აკეთებენ უგულოდ. როცა ერთად არიან, მათი ენთუზიაზმიც ორმაგდება.  ორმაგი მამაკაცური ვიბრაცია მჭიდრო ურთიერთობამდე მიდის, სადაც კარგიც არის და ცუდიც… მხიარულება და შებრძოლება, მარცხი და გამარჯვება, სიცილი და ცრემლები _ მათი ურთიერთობა თითქოს ნაირფერი ნაკუწებისგან შეკერილი საბანია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება ალაგ-ალაგ გაიცრიცოს კიდეც, მაგრამ არასოდეს დაკარგავს სიხასხასეს.

მშვილდოსანი გოგონა არ აუკრძალავს თავის ძვირფას კენტავრს სხვადასხვა ავანტურაში თავის გაყოფას, რასაც მშვილდოსნები „ბედნიერების ძიებას“ ეძახიან. რაც უფრო მეტი საფრთხეა,  მით უფრო აზარტშია მშვილდოსანი. ისინი ერთნაირ სიამოვნებას იღებენ სპორტულ თამაშებში მონაწილეობისა და ამ პროცესებზე დაკვირვებისგანაც.

ხანდახან იუპიტერის ვიბრაცია  იმდენად ძლიერია, შეიძლება ჰოროსკოპში სხვა პლანეტების გავლენა დათრგუნოს.  ერთ მაგალითს მოვიყვან. მართალია, ეს ვერაფერს დაუმტკიცებს მეისრე გოგონას მის საყვარელ კენტავრზე, მაგრამ მაგალითის მიზანი ახსნაა და არა დამტკიცება. ეს როგორც მინიმუმ, უფრო მეტია, ვიდრე მინიშნება იუპიტერელი მამაკაცის ხასიათზე, თუ მან საყვარელ ქალს რატომღაც რამე დაუმალა.

ქლივ ბაქსთერი, ის ყმაწვილია, რომელმაც პოლემიკის გრიგალი გამოიწვია, როდესაც კვლევებისთვის ფართო პერსპექტივები აღმოაჩინა, მარტივი უჯრედის აღქმაში (მეცნიერებამ მას „ბაქსთერის ეფექტი“ უწოდა).  ის არ არის მშვილდოსანი, მისი მზის ნიშანი თევზებია. თუმცა ქლივის ჰოროსკოპში, მთვარე და ზოგიერთი პლანეტა ძალიან ჰარმონიულად არიან განლაგებულნი მშვილდოსნის ნიშანში. მისი ჰოროსკოპი ასევე შეიცავს წყლის სტიქიის ძლიერ კეთილისმყოფელ გავლენას და ზუსტად ასეთივე ჰარმონიულ ასპექტებს ცეცხლის ნიშნებში.

ბავშვობასა და სიყმაწვილეში ქლივი  აქუაფობიით, პიროფობიითა და აკროფობიით (წყლის, ცეცხლისა და სიმაღლის ირაციონალური შიშით) იზრდებოდა. ამ ფობიებით ცხოვრობდა წლების განმავლობაში და საერთოდაც, ჭეშმარიტი თევზები იყო. ერთხელაც  ჩვიდმეტი წლის ქლივს მისმა მრავალრიცხოვანმა პლანეტებმა მშვილდოსანში, ქვეცნობიერებიდან გადასცეს, რომ შიშის დაძლევის საუკეთესო გზა მისთვის თვალებში ჩახედვა და გამოწვევების უშიშრად მიღება იყო. ნეპტუნის ვიბრაციის გამო, ახალგაზრდა ქლივი შიშით და საკუთარი თავისადმი სიბრალულით ცახცახებდა, მაგრამ ცეცხლოვანი პლანეტები დაჟინებით  უბიძგებდნენ უკნიდან. მან  ნიუ-ჯერსის ტბაზე ის გააკეთა, რასაც მომდევნო ორი წელი აკეთებდნენ დიდი აუდიტორიის წინაშე ნიუ-იორკში.  ქლივმა  თავის საცურაო ტრუსს ცეცხლი მოუკიდა და შემდეგ წყალში ისკუპა, როგორც ადამიან-ჩირაღდანმა.

აბა, ახლა რას იტყვით ცეცხლისა და წყლის ერთობლივ ზედოზირებულ გავლენაზე ჰოროსკოპში? ეს მშვილდოსნების რისკისადმი მიდრეკილების მშვენიერი ილუსტრაციაა. მოგვიანებით ქლივმა თევზების თავმდაბლობით განაცხადა, რომ თვითონაც არ იცოდა ზუსტად, ეს სიმამაცე იყო თუ ლაჩრობა.  გესმით, პუბლიკას თავად ნახტომიც ეყოფოდა, მაგრამ იქ, ნიუ-ჯერსიში, როდესაც ქლივი სამოცდათხუმეტი მეტრის სიმაღლეზე იდგა, მას ეშინოდა. სწორედ მაშინ მოუვიდა თავში იდეა, საცურაო ტრუსი ბენზინში დაესველებინა და  როდესაც საჯდომა აეწვა, წყალში ჩახტომის შიშიც უცებ გაქრა. მან არ დაიტოვა არჩევანი: მხოლოდ ქვემოთ და რაც შეიძლება სწრაფად!  საკუთარი საჯდომისთვის ცეცხლის წაკიდების სურვილი, რა თქმა უნდა, მისი ოინბაზი მთვარის გავლენაა. ასევე  ცნობისმოყვარე მთვარემ და შემეცნებითმა მზემ აიძულეს ბაქსთერი მოგვიანებით ცეცხლი შეენთო იმ ადგილისთვის, რომელსაც მოსაწყენი მეცნიერების უკანალი შეიძლება ვუწოდოთ. ასე რომ, მშვილდოსანი ქალი წინასწარ უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მისი საყვარელი კენტავრი  ვერ იტანს ერთფეროვნებას და კეთილგონივრულად დაუტოვოს მას იუმორისა და აზარტის უფლება.

იმ შემთხვევაშიც, თუ მშვილდოსნებს მთვარე ან ასცედენტი მიწისა და წყლის ნიშნებში  ჰყავთ, ფულს მაინც არ უფრთხილდებიან. მშვილდოსნები სიამოვნებით ხარჯავენ ფულს. ისეთივე სიხარულით  იღებენ სესხს და გასცემენ ვალში, როგორც გამოიმუშავებენ. ძალიან იშვიათად, რომ მშვილდოსანი ისეთ ადგილზე მუშაობდეს,სადაც მუშაობა არ სიამოვნებს ან სამუშაო არ აინტერესებს. ის სწრაფად მიატოვებს მოსაწყენ სამსახურს და იმით დაკავდება, რაც იტაცებს. არც ისე იშვიათად, სამსახურს იმის გამოც იცვლის, რომ  უსამართლოდ მოექცნენ; თუმცა სამსახურის დატოვების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ის არის, რომ  უფროსს ენა წაუტლიკინა. როგორც მოგეხსენებათ, მშვილდოსნები გამოთქმებს არ არჩევენ. თუმცა მათ სულაც არ თრგუნავთ უმუშევრობის პერიოდები. მშვილდოსნები მომავალს ოპტიმიზმით უყურებენ და იშვიათად დარდობენ მოსალოდნელ შავ დღეებზე. მეტაფორულად რომ ვთქვათ, მშვილდოსანი მუდამ მზის მოლოდინშია და მისი იმედები თითქმის ყოველთვის მართლდება.

ორი მშვილდოსნის სიყვარული უბრალოდ ვერ იქნება უფერული, მათი კავშირი ხომ ორმაგი ცეცხლის გავლენას განიცდის. თუ მათ მნათობებს შორის უარყოფითი ასპექტები არ არის, რაც შეიძლება მცირედი დისჰარმონიის საბაბი გახდეს  სექსუალურ ურთიერთობაში, ორივე საკმაოდ მიმნდობი და გახსნილია თავის გრძნობებში. მათ არასდროს ეშინიათ იმედგაცრუების ან უარყოფის. ისინი კარგად გრძნობენ თავიანთ მსგავსებას  და მუდმივ მზადყოფნას, ერთმანეთის სურვილები შეასრულონ. სულაც არ არის აუცილებელი ეს სიტყვებით გამოიხატოს; ცელქობა, ბალიშებით ომი  და სიცილი ხშირად ანაცვლებს  სიტყვებს. მათი ფიზიკური სიყვარული სავსეა ცეცხლოვანი მხურვალებითა და მხიარულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი სრულ სიმშვიდეს გრძნობენ ერთმანეთის მკლავებში.

სამაგიეროდ, პრობლემად შეიძლება იქცეს ეჭვიანობა, წყენა და ბრაზი. მაგალითად, როდესაც ერთერთი ძველ სასიყვარულო ინტრიგაზე ყვება, მეორეს კი ეშინია, რომ  რადგან მისი სატრფო ძველ დროს იხსენებს, ესე იგი ყველაფერი არ დამთავრებულა. მართალია, ორივე  თავისუფლებას ითხოვს, თუმცა ისინი არც ისე ხშირად ფიქრობენ ერთმანეთზე (ამას ეგოიზმი ეწოდება!). ეჭვიანობაში მშვილდოსნები  მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან  ცეცხლოვან თანამოძმეებს (ვერძებსა და ლომებს), მაგრამ როდესაც საკუთარი უზომო ცნობისმოყვარეობის გამო ძალიან შორს ტოპავენ  და  ერთმანეთს გულწრფელ კითხვებს უსვამენ, მიღებული არანაკლებ გულახდილი პასუხების შედეგად, ქვის ქანდაკებაც იეჭვიანებდა.

თავიდან ისინი შეიძლება შეკამათდნენ რელიგიურ ნიადაგზე, მაგრამ თუ უსარგებლო კამათს თავს აარიდებენ, სწორედ რელიგიამ შეიძლება მიიყვანოს იმ  შეგნებამდე, რომ ასეთი ცხოვრება მეტად აახლოვებს ადამიანებს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი სახლში დარჩეს, როდესაც მისი რჩეული  თავგადასავლების საძიებლად გაჭენდება. მათ უნდა მოილაპარაკონ იმის თაობაზე, რომ ყველაფერი ერთად აკეთონ, შესაძლებელია ეს თუ შეუძლებელი…

ცალ-ცალკე მივლინება (განსაკუთრებით თუ ერთერთი კენტავრი ჰაეროვანი მთვარით ან ასცედენტით დაიბადა) შეიძლება უსიამოვნო სიურპრიზით დასრულდეს, როდესაც მას სახლში დაბრუნება დაავიწყდება. მაგრამ თუ ისინი ერთად იქნებიან, შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ, წლებთან ერთად, მათი სიახლოვე სულ უფრო მეტ სიღრმეს შეიძენს.

 

 

მომზადებულია  ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top