ნათალური ნეპტუნი IV სახლში

ნათალური ნეპტუნი IV სახლში

საკვანძო სიტყვა „ძიება“

ეს ადამიანი თითქმის რელიგიური გრძნობებით ეპყრობა თავის ოჯახს, მემკვიდრეობას, საგვარეულოსა და  წარმომავლობას. ის სიამოვნებით აიდეალებს თავისი მშობლების სახებებს. ხშირად იცვლის საცხოვრებელ ადგილს  გარემოებათა უცნაური დამთხვევის გამო. პლანეტის დაზიანებისას შეიძლება გახდეს მაწანწალა, რომელსაც არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი სახლი და  ერთ ადგილზე დიდხანს არ ჩერდება,  თუმცა კი ემოციურად ძლიერ არის მიჯაჭვული მშობლიურ სახლსა და სამშობლოს, რაც  კარმულ ხასიათს ატარებს. გენეტიკურად გადმოეცემა საგვარეულოს მისტიური უნარები. შესაძლოა არასწორი ინფორმაცია ჰქონდეს საკუთარ წარმომავლობაზე. არც ისე იშვიათად ნაშვილებია. ერთერთი მშობელი ადრე მიდის მისი ცხოვრებიდან ან შეიძლება იყოს ალკოჰოლდამოკიდებული.

ძლიერ მგრძნობიერე და შთაბეჭდილებიანი ადამიანია. მუსიკალურია და  მეტად ნიჭიერი ფერწერაში. შეუძლია თავი გაწიროს  სხვებისთვის. უყვარს განმარტოება.  მუდმივად საკუთარ გზას ეძებს. მისი ყველა კითხვის პასუხი  შინაგანი სიმშვიდის ძიებაშია. შეიძლება გაიტაცოს წარსულის საიდუმლობებმა.

წლების მატებასთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს ნერვული, ფსიქიკური დარღვევები, რაც რთულად ექვემდებარება ზუსტ დიაგნოსტირებას. ფრთხილად უნდა იყოს ალკოჰოლურ სასმელებსა და გამაბრუებელ საშუალებებთან, რადგან ასეთ მდგომარეობაში განვითარებული მოვლენები სრულიად არაპროგნოზირებადია. მას ძალიან უჭირს მოწესრიგებულად, კანონიერად და მკაცრი ნორმების ჩარჩოებში ცხოვრება.

ცხოვრების ბოლოსკენ ადამიანი ზურგს აქცევს ყოფიერებას და თვითიზოლაციაში ცხოვრობს. ნეგატიურ ვარიანტში შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს სრულ თვითკმარობაში. რეკომენდებულია თავისუფალი პროფესიები, სამუშაო სახლში, ე.წ. „ფრილანსი“, რადგან ძალიან არ უყვარს რუტინული, სისტემური სამუშაო, მით უმეტეს ხელმძღვანელობის წნეხის ქვეშ მუშაობა.

 

პაველ გლობა

+ მუდმივი კავშირის შეგრძნება ოჯახსა და მშობლიურ სახლთან. ზრუნვა მშობლებზე. ფაქიზი შეგრძნებების, წინათგრძნობის უნარი.  ფსიქოლოგიური ნიჭი  შეაღწიოს შინაგან ფარულ განცდებში. წყლის კოსმოგრამის ან მთვარესთან დადებითი ასპექტების შემთხვევაში, ძლიერი სწრაფვა წყლის სტიქიისკენ. სახლი  წყლის პირას.

ჩახლართული ურთიერთობები ნათესავებსა და მშობლებთან. მტკივნეული მოგონებები ბავშვობაზე, მშობლებზე, ოჯახზე. უკიდურესად მოწყვლადი ფსიქიკა, ნოსტალგია. სახლში მუდმივი ქაოსი და უწესრიგობაა.

 

ფრენსის საკოიანი

ძლიერი ემოციური კავშირი ოჯახთან, სახლთან. რომელიმე მშობელს შეიძლება ჰქონდეს მედიუმის უნარები ან სხვა მისტიური თვისებები.  ხშირად ცხოვრობენ წყლის პირას. ყოველ შემთხვევაში, ისურვებდნენ, რომ ეცხოვრათ. ძლიერ მიჯაჭვულნი არიან სამშობლოს. უყვართ და ზრუნავენ ბუნებაზე. ხშირად მიჰყავთ სახლში უცხო ადამიანები. ხშირია ოჯახური საიდუმლოებები ან უცნაური მოვლენები ოჯახში.

თქვენი ბავშვობა და საშინაო ცხოვრება დაკავშირებული იყო გაუგებრობებთან, უცნაური წარმოსახვისა და ფანტაზიების მქონე ადამიანებთან. თქვენთვის რთულია საკუთარი ბავშვობის, მშობლებთან ურთიერთობის რეალისტურად აღქმა. შეიძლება ეძებდეთ იდეალურ სიყვარულს, შინაურ ატმოსფეროს, როგორზეც  ადრე ოცნებობდით ან  გჯერათ, რომ ბავშვობაში გქონდათ. თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და ემოციური უსაფრთხოების შეგრძნება.

 

 

ავესალომ პადვოდნი „წმინდანი“

ნეპტუნი IV სახლში სიმბოლურ კულმინაციაშია

აქ ნეპტუნისთვის დამახასიათებელია  დანაშაულისა და სიბრალულის ირაციონალური გრძნობა სამყაროს წინაშე, რისი გაცნობიერებაც შესაძლებელია მხოლოდ სახლის დამუშავების საკმაოდ მაღალ დონეზე. იქამდე  განცდები განდევნილია და კომპენსირდება ზიზღითა და სიძულვილით, რაც ქვეცნობიერების გამომუშავებულ დამცავ მექანიზმად ემსახურება. ეს ტენდენციები განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება დაზიანებისას.

საერთოდ, ამ ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარ თავში გარკვევა, რადგან მისი საყრდენი წერტილი საკმაოდ ეფემერული და არამდგრადია. ეს სიტუაცია გაგრძელდება იქამდე, სანამ სუბიექტის პასიურ – მომხმარებლური პოზიცია „მე ძალიან უბედური ვარ. ამიტომ, ყველას უნდა ვუყვარდე, თანამიგრძნობდნენ და უფასოდ  მეხმარებოდნენ“, უფრო აქტიურ – კონსტრუქციული პოზიციით არ შეიცვლება: „მე სიყვარული და დახმარება უნდა გავუწიო ადამიანებს“.

სიტუაციას ართულებს ის, რომ გულის სიღრმეში ამ ადამიანს არავისი სჯერა, რადგან თავად  ვერაფერს ეყრდნობა. ამიტომ, მისი დახმარება, გარშემომყოფთა გულწრფელი სურვილის შემთხვევაშიც, ძალიან რთულია. პოზიცია „არავის ნდობა არ შეიძლება“ უნდა შეიცვალოს პოზიციით „ყველა ტყუილი თვითმოტყუების პროექციის არსია“. ამის გააზრების შემდეგ, მთლიანად სამყაროს დადანაშულების ნაცვლად, სუბიექტი  ბრალის გარკვეულ ნაწილს თავის თავზე აიღებს და საკუთარი არსებობის მიმართ დამოკიდებულებაც უფრო კონსტრუქციული გახდება. თუმცა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით დაზიანებული ნეპტუნისას, ძალიან ნელა და რთულად ხდება, უარყოფითი ემოციებისა და ზღვა ცრემლების  თანხლებით, რაშიც  მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სატურნის დამუშავება.

დაბალ დონეზე, ნეპტუნის ეს მდებარეობა გადაჭარბებულ, თუმცა-ღა მოტივირებულ, სიყვარულს ბადებს საკუთარი თავის მიმართ. მას, განსაკუთრებით ბავშვობაში და მშობლიურ სახლში, არაერთი მიზეზი ჰქონდა საიმისოდ, რომ საკუთარი თავი ყველაზე უბედურ ადამიანად ჩაეთლავა დედამიწის ზურგზე. თუმცა ამ თემაზე ემოციური და მენტალური ტბილ-მწარე მედიტაცია  საერთოდ არ არის კოსტრუქციული, რასაც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზეც ვერ მიხვდეს.

დამუშავება ბადებს ღრმა სიყვარულს სამყაროსა და ადამიანებისადმი, რასაც ღვთაებრივი გასხივოსნების ხასიათი აქვს. მანამდე კი დამახასიათებელი იქნება მოკლევადიანი მედიტაციური მდგომარეობები, ხანგრძლივი ემოციური სპეკულაციებისა და ცრუ თანაგრძნობის თანხლებით, რაც მიზნად ისახავს ორი, დიალექტურად წინააღმდეგობრივი, ცხოვრებისეული პოზიციის გამყარებას:

1) ჩემი ტანჯვა ყველაზე საშინელია დედამიწის ზურგზე და ამიტომ, მე ყველაზე დიდი თანაგრძნობა, მხარდაჭერა და დახმარება მჭირდება.

2) ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც ჩემზე გაცილებით უარესს მდგომარეობაშია, თუმცა მან ეს არ უნდა იცოდეს.

ამ ადამიანის სახლში უამრავი საიდუმლო და მისტიკაა, ხანდახან პირდაპირ ტყუილიც, რაც ხშირად მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე ხდება. უბრალოდ მოვლენები ასე ეწყობა: ვიღაც პირდება და არ მოდის, ოჯახის წევრებს ერთმანეთის არ ესმით, რაღაცებს მალავენ; რატომღაც უჭირთ წესრიგის შენარჩუნება; ხშირად იკარგება ნივთები.

დამუშავება საკმაოდ რთულია. ის უნდა შეეცადოს, ყოველთვის მართალი იყოს და სხვებზე უფრო მეტი იფიქროს, ვიდრე საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, დაუმუშავებელი ნეპტუნი შინაგანი პატიოსნების ძალიან დაბალ დონეს იძლევა, ადამიანს უჭირს დაინახოს საკუთარი ეგოიზმი და  ცნობიერების შეზღუდულობა. ამ ნეპტუნის დამუშავებაში მნიშვნელვან დახმარებას გაგიწევთ სახლში სისტემატურად წესრიგის შენარჩუნება, სატურნის დამუშავება და შინაგანი წესრიგის კორექცია, გარეფაქტორების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია პრაქტიკული მიზნების მიღწევასთან (X სახლი).

მაღალ დონეზე სახლი, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობს, ძლიერ სულიერებას ასხივებს, რომელსაც ადამიანთა სულების განკურნება შეუძლია.

 

ბორის იზრაიტელი

მჭიდრო კავშირი მიწასთან, სამშობლოსთან, სახლთან, მშობლებთან, ოჯახთან, საგვარეულო ეგრეგორთან. თუ ადამიანი იძულებულია  დატოვოს მშობლიური მხარე/ სახლი, მას ძლიერი ნოსტალგია ტანჯავს.

გაურკვევლობა და საიდუმლოებები წარმომავლობასთან დაკავშირებით (შეიძლება იყოს რეალური ან წარმოსახვით).  ხშირია სხვადასხვა ნაციონალობის მშობლები.

 

 

ბილ ჰერბსთი

მიკროკოსმი. IV სახლის ნეპტუნი იმის მანიშნებელია, რომ თქვენ შინაგან საყდარში პირადი „მე“ არ არის. სივრცე კი, რომელიც მესთვის არის გამოყოფილი, გამოიყენება ცხოვრებისეული წნეხისგან გათავისუფლებისთვის. ეს პირველსაწყისთან დაბრუნების ყოვლისმომცველი სივრცეა. მახე _თქვენთვის დამახასიათებელია  ემოციურ უფორმობაში გაქცევის ტენდენცია. ამოცანა_ საშუალება მიეცით ყველაფერს,  მოიცვას თქვენი არსი, თუმცა შეინარჩუნეთ რეალურ ცხოვრებაში ფუნქციონირების უნარი.

პირადი უსაფრთხოება. პირად უსაფრთხოებას თქვენთვის პრაგმატული ხასიათი აქვს. თქვენ ძლიერ გხიბლავთ ოჯახური გრძნობები, რაც ფართოდ ცდება ბიოლოგიურ ნათესაობის ფარგლებს. თქვენთვის მთელი სამყარო ერთი დიდი ოჯახია, სახლი კი ყველგანაა. მახე _ ასეთმა გახსნილობამ და იდეალიზმმა შესაძლოა ისე წაშალოს საზღვრები, რომ თქვენ დაკარგავთ აზრს და უსასრულო განგაშს მიეცემით.  ამოცანა_ გააცნობიერეთ, რომ ადამიანები ნამდვილად ძმები არიან.

ემოციური შტამპები. თქვენი ჩვილობისა და ბავშვობისდროინდელი გარემო სავსე იყოს იდეალიზმით, ფანტაზიებითა და უფრო ილუზიებით, ვიდრე ტყუილებით.  სწორედ ოცნებებმა ჩამოაყალიბეს თქვენი შტამპების სისტემა, თქვენი ჩვევების უხილავი მოდელები.  შესაძლოა თქვენს შტამპებში ცხოვრობს მსხვერპლის ცნობიერება ან ნარკოტიკული პრობლემები, თუმცა მათი შემობრუნებაც შეიძლება პოზიტიური მიმართულებით, თუ გსურთ ცხოვრების უნივერსალურ ხედვას შეუერთდეთ. და ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოვლენების ფონს. ბუნებრივია, რაც ხდება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმაზე მეტად, რაც თქვენს ფანტაზიებშია. სულიერი მიზნის შეგრძნება, რაც თავგანწირულ მსახურებას მოითხოვს, თქვენთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო და შესაძლოა თავი რელიგიური განათლების მიღებით გამოავლინა.

მშობელი შინაგანად მიჯაჭვულია ადამიანზე.  თქვენს შთაბეჭდილებებში, დედაზე, ექოდ ისმის წმინდანობისა და წამებულობის გამოძახილი.  დედა თქვენზე დახვეწილი და თანამგრძნობი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მას გულუბრყვილო მეოცნებედ და მსხვერპლად აღიქვამდით.  ნებისმიერ შემთხვევაში, განვითარების ადრეულ ეტაპებზე, მან უდიდესი გავლენა მოახდინა თქვენს ინტუიციურ ორიენტაციაზე. ახლა შესაძლოა თქვენ  მარტივად დემონსტრირებდეთ ტელეპატიურ ან სხვა ფსიქიკურ უნარებს, ისე რომ არც კი ფიქრობდეთ ამაზე, რადგან ეს უნარები უკვე თქვენი ბუნების შემადგენელი ნაწილია. ამოცანა_ დაიცვათ გარკვეული საზღვრები დედასთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგიჭირდებათ  იმის გარჩევა, რა ეხება მას და რა თქვენ. ამოცანა_ გაიზიაროთ დედის სულიერი მდგომარეობა, მაგრამ იმავდროულად არ იქცეთ მისი მელოდრამების მსხვერპლად.

პრივატული ინტუიცია.  შინაგანი ხელმძღვანელობა მხოლოდ რამდენიმე წამით ჩნდება. დროის უმეტესი ნაწილი ის თქვენი მხედველობის პერიფერიის მიღმა იმყოფება. ის „აუმ“ მანტრას ექოსავით ისმის, თუმცა არასდროს არის ხილული. პირადი ინტუიცია აქ არც ისე პირადია, ინფორმაცია ცხოვრებაზე გარემო სამყაროს ყველა ნაწილიდან შთაინთქმება_თქვენს შიგნიდან, გარემოცვიდან, სხვა ადამიანებისგან. ეს არის ინფორმაცია ნებისმიერზე და ნებისმიერისთვის, და არა ექსკლუზიურად თქვენთვის. ამ მდებარეობისას თქვენთან  საყოველთაო კავშირის პირველ გამონათებებს ვაწყდებით: თქვენ ხართ გამტარი ინფორმაციისა, რომელიც არც ისე კარგად გესმით. თუმცა შეინახეთ ეს ინფორმაცია იქამდე, სანამ ცხოვრება არ მოგთხოვთ. მოცემულ მდებარეობაში მთელი თქვენი აზრები, გრძნობები და აქტიური მოქმედებები ინტუიციით არის გაჟღენთილი.

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

IV სახლი ოჯახური კერისკენ გვაბრუნებს. აქ ჩვენთვის უმთავრესია მოდუნების შესაძლებლობა. ჩვენ გვსურს შინაურულად ვიგრძნოთ თავი ოჯახის, მეგობრების, ჩვენი შესაფარისი ადამიანების გარემოცვაში.

სიყვარული ვლინდება, როგორც სოციალური პოზიცია: ჩვენ არ ვართ შეზღუდული კონკრეტული ადამიანით, არამედ თავს ვუძღვნით მთელ ჯგუფს, შესაძლოა სიყვარულს  სრულიად კაციობრიობაზეც ვავრცელებდეთ. აქ ჩვენ არც ისე დიდ ყურადღებას ვუთმობთ მეგობრებსა თუ საყვარლებთან ურთიერთობას, წვრილმანი კონფლიქტებით, ოცნებებითა და დაპირებებით. ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ საზოგადოებას, იცხოვროს უმაღლეს იდეალებთან თანხმობაში. საკუთარ მისწრაფებებს ხშირად ოფიციალური სამსახურის მეშვეობით ვახორციელებთ.

პოტენციური პარტნიორს  მსგავსი შეხედულებები და მიზნები უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტები დაიწყება, რასაც IV სახლის ნეპტუნის მფლობელი ვერ შეეგუება.

ეს ხელსაყრელი მდებარეობაა სოციალური მუშაკებისთვის, ვინც საკუთარ ტალანტებს საზოგადოებისთვის სასიკეთოდ იყენებს. უკეთესია დიდი ორგანიზაციის ფარგლებში, რაც უამრავ კლიენტსა და კოლეგას, შესაბამის მოტივაციას იძლევა შრომისთვის.

 

 

ფელიქს ველიჩკო

მდიდარი შინაგანი სამყარო.  სიტუაციები ხშირად ქაოსური და ფანტასტიკური ხასიათისაა, რაც ასევე შეეხება ოჯახურ ცხოვრებას. ის მეტად განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს გარშემომყოფებზე, მაგრამ თითქმის ყველას უცნაურ ადამიანად მიაჩნია. მიდრეკილია თავგანწირვისკენ, თუმცა იშვიათად ზრუნავს იმაზე, როგორც აღიქვამენ მის მსხვერპლს გარშემომყოფები. გარემოცვა, სადაც იზრდებოდა, არ აფასებს მის ტალანტებს. ამიტომ, მისი ნიჭიერების აღმოჩენა მას შემდეგ ხდება, რაც ბავშვობის დროინდელი კავშირები წყდება, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვება მშობლებთან ურთიერთობის გართულებაც.

ემოციურად მგრძნობიარეა, გულითადი და ნაზი. კარგად ესმის ადამიანთა საჭიროებები. პირადი ცხოვრება  მეორე ადგილზე დგას. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი და პროფესიული პასუხისმგბლობები. ძალიან უჭირს უარის თქმა თხოვნაზე. ხშირად ისეთ სამსახურს ირჩევს, რომელიც საკუთარი უნარების სრულად რეალიზების საშუალებას არ აძლევს. ახასიათებს სიყვარულის იდეალიზაცია. ძლიერ მგრძნობიარეა ოჯახური ატმოსფეროს მიმართ. ძალიან უჭირს ურთიერთობის გაწყვეტა. მშობლებიდან დედის მიმართ უფრო ძლიერ სიმპათიას და მიჯაჭვულობას განიცდის. ხშირად უმამოდ იზრდება.

მთლიანობაში, ნეპტუნი არასტანდარტულ სირთულეებს ქმნის ოჯახურ ცხოვრებაში.   ხშირად არის დედინაცვლის ან მამინაცვლის (ნახევარძმების/ ნახევარდების) სიგნიფიკატორია. შესაძლოა მიუთითებდეს უკანონოდ დაბადებაზე, შვილად აყვანაზე.  ადამიანის დაბადება, მისი წარმომავლობა იდუმალებით არის მოცული.

შესაძლოა ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაში მყოფ სახლში, ანტისანიტარიულ ან არაეკოლოგიურ გარემოში ცხოვრობდეს. ნორმალურ ბინაში მას აღიზიანებს ბოჰემური მეზობლები, რომლებიც არ იცავენ საერთო საცხოვრებლის ნორმებს ან მუსიკოსები, რომლებიც სახლში გადიან რეპეტიციებს. მსგავსი უსიამოვნებები ხშირად უბიძგებს იზოლაციისკენ, ნებაყოფლობითი განმარტოებისკენ, მარტოობისკენ.


About Qet

Scroll To Top