ნათალური ნეპტუნი VII სახლში

ნათალური ნეპტუნი VII სახლში

საკვანძო სიტყვა _ „ირეალობა“

ეს ადამიანი უკიდურესად მგრძნობიარედ რეაგირებს გარშემომყოფებზე, ამიტომ პარტნიორის არჩევას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კოლეგები და ცხოვრების თანამგზავრები ღრმად, შეიძლება ითქვას, კარმულად არიან დაკავშირებული სუბიექტთან. შესაბამისად, ის მარტივად ექცევა მათი აზრების, განწყობებისა და გრძნობების ქვეშ. ურთიერთობაში მთავარია სულიერი ასპეტები. პიროვნების დადებითად განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია ბედნიერი ქორწინება. პლანეტის დაზიანებისას, ის მუდმივად მერყეობს საკუთარ გრძნობებში, რის გამოც უჭირს დაქორწინების გადაწყვეტილების მიღება. თუმცა მას შეუძლია ბრმად შეიყვაროს ვინმე და ახლობლებისთვის სრულიად მოულოდნელად დატოვოს მშობლიური სახლი. შესაძლოა დაქორწინდეს მძიმე ავადმყოფზე ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანზე.

საინტერესო ის არის, რომ არც თავად მას და არც პარტნიორს არ ძალუძთ, რეალურად აღიქვან ერთმანეთი.  საკმაოდ ხშირად ის თავად აძლევს სხვებს თავის გასულელების უფლებას. ძალიან ფრთხილად უნდა შეარჩიოს მეგობრები. წინდახედულება უნდა გამოვლინოს ასევე საზოგადოებრივი ვალდებულებების აღებისას. თავი უნდა არიდოს იურიდიულ პრობლემებსა და  სასამართლო პროცესებს. ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი გულდასმით უნდა შეისწავლოს ხელმოწერამდე.

დაზიანებული ნეპტუნი საჯარო სკანდალებზე, წარუმატებელ სასამართლო პროცესებსა და ფსიქიკურ დეფორმაციებზე მიანიშნებს. საშინაო ცხოვრებაც სავსეა ეჭვიანობითა და სკანდალებით. მისი ცხოვრების თანამგზავრი შესაძლოა თაღლითი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, დიდი საიმედოობით არ გამოირჩევა.

მისი ეროტიულობა საოცრად მუსიკალური და ემპათიურია. ის მზადაა, მსხვერპლი გაიღოს და უანგაროდ ემსახუროს საყვარელ ადამიანს. თუმცა პლანეტის დაზიანებისას, დამახასიათებელია მრუშობა, სიძვა, დაურეგისტრირებელი თანაცხოვრება, ორცოლიანობა / ქმრიანობა, იზრდება მიდრეკილება ჰომოსექსუალური კავშირების მიმართ. არ არის გამორიცხული ანგარებიანი ქორწინებაც. ასეა თუ ისე, პარტნიორთან კავშირი მეტად უცნაური, ბუნდოვანი და გაუგებარია, რასაც თან ახლავს სკანდალები და არც ისე იშვიათად განქორწინებაც.

ხშირად განიცდის ნათესავებისგან ზეწოლას. ზოგადად, გარშემომყოფები მას აშინებენ და თრგუნავენ, აბნევენ და იმედებს უცრუებენ. მართალია, თავად ჰუმანური დამოკიდებულებით გამოირჩევა, მაგრამ გარშემომყოფებს არ მოსწონთ მისი ღრმა განცდები და უცნაური ეროტიული მისწრაფებები. სიყვარულს ავანტურისტულად ეკიდება, თუმცა საკმაოდ ნაზი და მგრძნობიარეა. პირადი ცხოვრება ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის ვუალით არის დაფარული. საერთოდ, მისი ყველა ურთიერთობა თუ კავშირი ქაოტურობითა და არათანმიმდევრულობით ხასიათდება.

 

 

პაველ გლობა

+სწრაფვა სულიერი ქორწინებისკენ. სრული გაგება და მხარდაჭერა მეუღლის მხრიდან. საზოგადოებრივი ურთიერთობების ფაქიზი აღქმა. ის ინტუიციურად უვლის გვერდს დაძაბულ კონტაქტებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ბრწყინვალე ადვოკატები. საზოგადოებრივი პოპულარობა.

მტკივნეული მიჯაჭვულობა მეუღლისადმი. სუბიექტი მთლიანად დამოკიდებულია მასზე, რის შედეგადაც შეიძლება მივიღოთ მხეცის ხასიათი (მაზოხიზმი). აშინებს საზოგადოებრივი კონტაქტები, რადგან დიდად არის დამოკიდებული ხალხის აზრზე. საზოგადოება მას განსჯის და ბრალს სდებს მაქინაციებში. მარტივად ნებდება ღია მოწინააღმდეგეებს და მარცხდება ცხოვრებისეულ შერკინებებში.

 

 

ფრენსის საკოიანი

ძლიერი სულიერი კავშირი მეუღლესთან. როგორც წესი, მას არაჩვეულებრივად კარგად ესმის გარშემომყოფების. ხშირად ნიჭიერი მუსიკოსი ან/და ხელოვანია. ყოველ შემთხვევაში, კარგად ერკვევა ხელოვნებაში.

თქვენთვის დამახასიათებელია მიამიტი, იდეალისტური და უზომოდ რომანტიული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ძალიან გიჭირთ მათი რეალისტურად აღქმა. ამიტომ, ხშირად ინარჩუნებთ ურთიერთობებს იდეალურ, პლატონურ დონეზე, რადგან თავს არიდებთ ადამიანური ურთიერთობის უფრო პროზაულ და მიწიერ ასპექტებს.

საქორწინო ან საქმიანი  პოტენციური პარტნიორების შერჩევისას, თქვენ ვერ ხედავთ სიმართლეს მათზე, ვისთანაც ახლო კავშირს ამყარებთ, რადგან  ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავთ.

 

 

ავესალომ პადვოდნი  „დალოცეთ თქვენი დამაწყევრები, თუმცა მაინცდამაინც წყევლისთვის არა“

ეს ადამიანი ყოველთვის ეჭვობს, სინამდვილეში ვინ არის მისი მტერი. მოწინააღმდეგეების ქცევები ძლიერ აბნევს და მას ძალიან უჭირს მიხვედრა, საბოლოოდ ვის სასარგებლოდ დასრულდა ბრძოლა. აქ ძირითადი მტერი შინაგანია. ის მისტიური ბურუსით მოსავს შინაგან სამყაროს და ადამიანს არათუ ქვეცნობიერის უმაღლესი და უმდაბლესი პროგრამების გარჩევა, მათი იდენტიფიცირებაც  უჭირს, რომ განსხვავება ისწავლოს.

დამუშავების დაბალ დონეზე, სუბიექტის მტერი ვერაგი და მატყუარა, მარტივად არღვევს ნაკისრ  ვალდებულებებს, რაც ძალიან ართულებს მასთან მოლაპარაკებებს. თვითონ ადამიანი, ხელმძღვანელობს რა პრინციპით „ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლი ან ზნესაო“, მტრისგან ტყუილისა და თვალის არიდების ხელოვნებას ეუფლება, რასაც, პირიქით, თავი უნდა არიდოს, რადგან მსგავს სიტუაციებში, საბოლოოდ, ის მაინც დამარცხდება. დამახასიათებელია ასევე დანაშაულის გრძნობა პარტნიორისა და მტრის წინაშე, რომელიც პერიოდულად ეცოდება, თუმცა თავადაც ვერ ხსნის, რატომ.

ზოგადად, პარტნიორებთან ურთიერთობა ყოველთვის უცნაურია. ხშირია გაუგებრობები. სუბიექტს უჭირს პარტნიორის სწორად გაგება და ასეთივე გაუგებრობას აწყდება მისი მხრიდანაც, რთულდება მოლაპარაკებები და გარიგებები, რადგან თითოეული მხარე ყველაფერს თავისებურად აღიქვამს.

დამუშავება იძლევა მეტად თბილ და მისტიურ, კერძოდ ტელეპატიურ კონტაქტს მაღალ დონეზე, რაც ბედნიერ ქორწინებას უქადის. მაგრამ ამისთვის საჭიროა ნეპტუნის ხანგრძლივი დამუშავება, კონკრეტულად კი ეგოიზმის მოთვინიერება და შინაგანი პატიოსნების გამომუშავება; რაღა თქმა უნდა, პარტნიორის გაგების სურვილიც.

 

 

ბორის იზრაიტელი

ძლიერი ქვეცნობიერი კონტაქტი პარტნიორთან. ხშირია მისი იდეალიზება და ილუზორული აღქმა. ამ მდებარეობისთვის დამახასიათებელია გაურკვეველი ურთიერთობები _ მაგ.: ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და იშვიათად, არარეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს.

თუ ნეპტუნი დაზიანებულია, ადამიანს იმედს უცრუებს პარტნიორი; ის (პარტნიორი) შეიძლება იყოს ალკოჰოლ ან წამალდამოკიდებული, იტანჯებოდეს ფსიქიკური დარღვევებით.

ჰარმონიული ნეპტუნის შემთხვევაში, სუბიექტი მთლიანად მოხიბლულია. პარტნიორი შესაძლოა იყოს ერთგული, თუმცა ის მეტად მოუხელთებელი  და იდუმალია.

 

 

ბილ ჰერბსთი

არეკლილი შემეცნება. ურთიერთობის „სარკისებურობა“ თქვენთვის ფანტასტიკური ოცნებათა სამყაროა, კეთილხმოვანი ან საშინელი. საკუთარი ანარეკლი, რომელსაც სხვა ადამიანების მეშვეობით აკვირდებით ნებისმიერ ცხოვრებისეული მოვლენაში, მასშტაბითა  და სიღრმით თავად ცხოვრებასაც აღემატება. ხშირად ის ბუნდოვანი და ფერადია. არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ თქვენ საკუთარ შინაგან „მეს“ შეიგრძნობთ. ამის ნაცვლად, თქვენ შესაძლოა გაცილებით უფრო მასშტაბურ რამეს აღიქვამდეთ. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ საკუთარ ღვთაებრიობას ხედავთ და მასთან ერთად მოდის თქვენთან სამყაროს რწმენისა და კეთილშობილების აღორძინება. მახე _ შესაძლოა მთელი რომანტიკის აღქმა ტრივიალურ კონტაქტებში მოისურვოთ, რის გამოც შეიყვარებთ მომხიბვლელ სახებებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თქვენთვის დამახასიათებელია გადამლაშება, „ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება“. ამას გარდაუვლად მიჰყავხართ იმედგაცრუებამდე, როდესაც ვარდისფერ სათვალეს იხსნით და რეალობის ცივ სინათლეს ეჩეხებით. ამოცანა _ აღმოაჩინეთ თქვენი საუკეთესო „მე“, ილუზიებისა და თვითმოტყუების გარეშე.

თანასწორი ურთიერთობები. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც „გამოუსწორებელ რომანტიკოსს“ ვუწოდებთ; რომელიც სხვა ადამიანების უმაღლესს პოტენციალს ხედავს. მაგრამ ითვალისწინებთ კი პიროვნების ზრდასრულობასა და ევოლუციური განვითარების დონეს, სანამ მასთან ურთიერთობას დაიწყებთ? ხშირად არა. მსგავსი მიდგომა, თავის უკიდურესს გამოვლინებაში, გაიძულებთ მრავალრიცხოვანი როლებიდან ერთერთი შეასრულოთ: გურუ, მხსნელი, წამებული ან მსხვერპლი. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ ნაზად ურევთ ერთმანეთში რეალობასა და ფანტაზიას, ისე რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოთ. ამოცანა _ პატივი ეცით იდეალიზებულ სახებას, მაგრამ ობიექტურად აღიქვით თქვენი პარტნიორი. ახლო ურთიერთობა შეიძლება ყველაზე საშინელ, მწამებელ, სიცრუეზე დაფუძნებულ ილუზიად გექცეთ, მაგრამ თუ ოცნებებში არ გადაამლაშებთ, მან შეიძლება თქვენს  ყველაზე ამაღლებულ ოცნებებსაც  შეასხას ხორცი.

ხელშეკრულებები და ვალდებულებები. თქვენ მარტივად, ხშირად გაუაზრებლად დებთ და წყვეტთ შეთანხმებებს. მახეები უამრავია. მაგალითად: იმაზე მეტს იღებთ საკუთარ თავზე, ვიდრე შესრულება შეგიძლიათ ან პირიქით, იმაზე მეტ ვალდებულებას აკისრებთ პარტნიორს, ვიდრე მას ხელეწიფება. აგებთ ილუზორულ შეთანხმებებს  ან თავს ირწმუნებთ ურთიერთოებებში, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. სურვილებით ფრთებშესხმული ფრენა შესაძლოა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ, დროდადრო მკაცრ ფაქტებზე უნდა კონცენტრირდეთ. თუმცა თქვენს ასეთ იდეალისტურ მიდგომას ხანდახან ცინიზმითა და უნდობლობით მიყენებული ჭრილობების მოშუშებაც შეუძლია. თქვენ დახვეწილად გადაგაქვთ კრიზისების პერიოდი და მშვენივრად შეგიძლიათ ამ უნარის გამოყენება ხანგრძლივვადიან შეთანხმებებში, რომელიც, როგორც წესი, მრავალრიცხოვანი „აღმასვლითა და დაცემით“ ხასიათდება. ამოცანა _ მისდიეთ გულის ძახილს, მაგრამ ყოველთვის ყურებდაცქვეტილმა.

თანამშრომლობა. თქვენ უნდა ისწავლოთ თანამშრომლობისა და დათმობის ერთმანეთისგან გარჩევა. დათმობა, არსებითად, მორჩილებას ან ჩუმ თანხმობას გულისხმობს _ „მეს“ მტკივნეულ უარყოფას. ასევე დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ თქვენი სიტყვები თქვენს ქცევებს შეესაბამება. თქვენ იმდენად დაინტერესებული ხართ თანამშრომლობით, რომ შეიძლება თავი ვერ შეიკავოთ ტკბილი არაკებისგან. შედეგად, მავნე ურთიერთობის ჭაობში ჩაიძირებით. ნუ იჩქარებთ. დააკვირდით, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველთვის გახსოვდეთ ძველებური სიბრძნე: ყველაფერს პრაქტიკა ამოწმებს. თანამშრომლობა პირდაპირ გულისხმობს ერთად შრომას. ამისთვის კი აუცილებელია ორი სრულფასოვანი არსების მთლიანობა  და არა ორი დაზარელებული არსებისგან შემდგარი ერთი სიმბოლური არსება. ამოცანა _ ჩაწვდეთ თანაგრძნობის ჭეშმარიტ აზრს. გამოავლინოთ სიმპათია პარტნიორების მიმართ მაშინაც, როდესაც საკუთარი მთლიანობით ხართ დაკავებული.

პარტნიორები და პარტნიორული ურთიერთობები. თქვენი ბუნებრივი პარტნიორი გულჩვილობით ხასიათდება. ის ძალიან თანამგრძნობი, მეოცნებე და იდეალისტი ადამიანია. თქვენი მეგზური შესაძლოა იყოს რომანტიული პიროვნება ან  საზოგადოებრივი თუ სულიერი რომანტიკოსი. მისგან მომდინარე სინაზე თქვენი ურთიერთობის ყველა კუთხე-კუნჭულს ავსებს, რაც ხშირად ცდება ტრადიციული პარტნიორობის ჩარჩოებს. პარტნიორული ურთეირთობები აკეთილშობილებს თქვენს ყველაზე ამაღლებულ გრძნობებს. თითქოს ცხოვრებაში რაღაც მაგიურს განიცდით. ღვთის სიახლოვე თითქმის ხილულია. ის არავინ არის, რომლის არსებობაც იცით, მაგრამ ვერ ხედავთ. თქვენ სამყაროში იმისთვის მოხვედით, რომ ის იწამოთ. სახება _ მშვიდი ცისფერი ოკეანე, შუშასავით გამჭირვალე და უძირო.

 

 

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ  ჩვენს სიყვარულის უნარს.

როგორც წესი, VII სახლი ისეთი ქცევებისკენ გვიბიძგებს, რომ შემდეგ  ვერავინ მოგვედავოს ანუ კორექტულობისკენ.  მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, იყოს ინტრიგების სახლი, რაც, თავის მხრივ, დათრგუნულ და ფარულ აგრესიას გულისხმობს. ჩვენი კულტურა განსჯის ღია აგრესიას და მისი გამოხატვის მხოლოდ ირიბ ფორმებს გვიტოვებს.

VII სახლის ნეპტუნი გახსნილობის, კეთილგანწყობისა და სხვა ადამიანებთან ერთიანობის უზარმაზარ იმპულსს ატარებს, მაგრამ იმავდოულად ავითარებს მოწყვლადობისა და დაუცველობის გრძნობას მათ წინაშე. ასეთ ნაერთს რამდენიმე შესაძლო შედეგი მოჰყვება: ჩვენ მშვიდობიან ურთიერთობას ვინარჩუნებთ საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან, ზუსტად ვეხმაურებით გარესამყაროს ძახილს, რადგან ამაში ვხედავთ საკუთარ მოწოდებას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოხმაურება ღია და გულწრფელია. მეორე ვარიანტში ყოფითი ცხოვრების ქაოსისგან მიღებული იმედგაცრუება და ტკვილი ჭარბობს.  ამ განცდების ხასიათი ნეპტუნის ნიშნის, მისი ასპექტებისა და სახლში ზოგადი მდგომარეობის მიხედვით იცვლება.

VII სახლის ნეპტუნის ზემოქმედების კიდევ ერთი მაგალითია მისიის შეგრძნება: „მე მშვიდობა შემაქვს გულებში და ისიც  ვიცი,როგორ მივაღწიოთ მას.  ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიყვარული, თანავუგრძნოთ ყოველი ადამიანის ტანჯვას, გავუხსნათ გული, განვაცხადოთ ჭეშმარიტება და დავრჩეთ მისი ერთგული“.

 

ფელიქს ველიჩკო

ამ ადამიანს არ აქვს მკაფიო წარმოდგენა  ურთიერთობებზე, რადგან მიდრეკილია პარტნიორების იდეალიზებისკენ. ძლიერი მოთხოვნა აქვს, ვინმეს გაუზიაროს საკუთარი შემოქმედებითი იდეები. მისი მოტყუება და დაბნევა საკმაოდ იოლია. იმისთვის ქორწინდება, რომ ცხოვრებაში საიმედო საყრდენი შექმნას, რაც ძალიან აკლდა ბავშვობაში.  დაბალი თვითშეფასება. კარიერა მისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ საკუთარ ძალებში დარწმუნდეს და ადამიანების გარჩევა ისწავლოს. ის ნამდვილად ნიჭიერია ადამიანების დახმარების თვალსაზრისით, თუმცა  იშვიათად აცნობიერებს ამას. შესანიშნავი მრჩეველია ჩახლართულ იდეაოლოგიურ საკითხებში. საინტერესოა, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც მას დახმარებისთვის მიმართავენ, ხშირად უჩნდებათ სურვილი, რამეში გამოიყენონ. მტკივნეულად გადააქვს წარუმატებლობები. ხშირია საიდუმლო მიჯაჭვულობები და პლატონური კავშირები (მთლიან ჰოროსკოპში დამატებით ფაქტორებისას). არ არის გამორიცხული ქორწინების გადადება ან ჩაშლა უკანასკნელ მომენტში (მიმდინარე ტრანზიტების გათვალისწინებით).


About Qet

Scroll To Top