- მაღალი პლანეტები
ურანი,ნეპტუნი და პლუტონი ნელი პლანეტებია. ასტროლოგიაში მათ ტრანსსატურნულ პლანეტებსაც ვუწოდებთ. კერძოდ,ნეპტუნი ერთ ზოდიაქოს ნიშანში 12-15 წელი ჩერდება. შესაბამისად ,ისეთი გარემოებების ხასიათზე მიუთითებს,რომელიც დედამიწაზე დიდი რაოდენობის ხალხში ვლინდება. სხვა სიტყვებით,სუბიექტის პრობლემის თუ კრიზის ფუძე მისი შესაბამისი ეპოქის კონსტექსტში შეიძლება ვიპოვოთ იმ ნიშანში,სადაც დგანან მაღალი პლანეტები. მათი მდებარეობა კი იმ ამოცანებს განსაზღვრავს,რასაც სამყარო მთელ თაობებს უყენებს.
მაღალი პლანეტების აღმოჩენამდე,ასტროლოგიური სტრუქტურული პრინციპები სეპტერნზე (შვიდეულზე) იყო გადანაწილებული. ამიტომაც,ნეპტუნს ხშირად უწოდებენ ვენერას უმაღლეს ოქტავას,თუმცა მასში მკაფიოდ იკვეთება მთვარის ზოგიერთი ფუნქციაც. თუმცა ფუნქციების მსგავსებათა მიუხედავად,უნდა გვახსოვდეს,რომ სწრაფი პლანეტებისგან განსხვავებით,რომლებიც ცალკეულ ადამიანებს ახასიათებენ,მაღალი პლანეტები ეპოქისა და თაობების ხასიათს აღწერენ.
ნეპტუნი განსაზღვრავს ადამიანის ახალ შესაძლებლობებს,რომელმაც უკვე გაიარა იუპიტერ-სატურნის დუეტის სოციალურ-გენეტიკური შეზღუდვები, ურანის მოულოდნელი გარდატეხები,პირად თუ საზოგადოებრვი სტრუქტურებში,და შევიდა იდუმალ კანონთა წიაღში,რომელიც ადგენს ადამიანის ურთიეთობებს სამყაროსთან,სადაც ყველაფერი მუდმივ ჰარმონიულ მოძრაობაშია. ამ კანონებში შეღწევა წარმოშობს ადამიანის სწრაფვას ოცნებებისკენ უკეთეს სამყაროზე,ხელს უწყობს წარმოსახვის გამდიდრებას,შეუცნობელთან ინტერაქციისთვის აუცილებელი უნარების განვითარებას,ადამიანის ცნობიერების გაფართოებას სამყაროს კანონებზე.
ნეპტუნის ენერგეტიკული დინებებით ადამიანი სამყაროს უზარმაზარ სივრცეებსა და მის მარადიულ განზომილებებს უერთდება. ის თავს დინების შემადგენელ წყლის წვეთად გრძნობს,იმ დინების,რომელსაც თან მიჰყავს და მის ბედს განსაზღვრავს.
(ბიო-ფიზიკურ დონეზე)
ნეპტუნი საკუთარი სამფლობელოს საზღვრებს წყლით ფარავს და სხვის ტერიტორიებს იკავებს. ამგვარად,ჩვენს სამყაროში მას უწესრიგობა,ადამიანთა ცნობიერებაში კი შიში და პანიკა შემოაქვს.
ფუნქციები: საზღვრების წაშლა. გაუგებრობის და ბუნდოვანების შეტანა. დეზორიენტაცია. შერწყმა. დიფუზია. სხვადასხვა სუბსტანციის შერევა. ტყუილი.
ნეპტუნი ადამიანებს ფეხქვეშ ნიადაგს აცლის და მათ ქონების,ჭერის,თავშესაფრის გარეშე ტოვებს. ქაოსის მდგომარეობა ისეთი სტიქიური უბედურებების დროს დგება,როგორიც არის წყალდიდობა, ჭარბი ბუნებრივი ნალექები, შტორმი, გვალვა, ეპიდემიები, ომები, თავდასხმები, აჯანყებათა ისეთი ბუნდოვანი პერიოდები,როდესაც ხელისუფლების კონტროლი სუსტდება და ხალხის ბედზე პასუხისმგებლობა ხელიდან ხელში გადადის, ხდება კანონებისა და საზღვრების გადახედვა,კონტროლიდან გამოდის ბუნების ფარული ძალები. ადამიანი თავს დაკარგულად და უმწეოდ გრძნობს,როდესაც მის აღქმაში სამყარო თავის მკაფიო გამოსახულებას კარგავს.
ასეთივე მდგომარეობას იწვევს სამყაროს დამახინჯებული აღქმაც (მაგ. მხედველობის დეფექტი) ან სხვა სპეცეფექტები (მაგ. სუსტი განათება). ტანსაცმლის გადაცმა, მისტიფიკაცია, გაშაყირება, ოპტიკური ილუზია, ბოდვა, გაუჩინარება, იდუმალი გარემოებები, მირაჟი, ნისლი_ნეპტუნის არასრული არსენალია,რომლითაც ის რეალურ მდგომარეობას მალავს და გაუგებრობა შეაქვს ყველაფერში.
ქაოსის პრინციპს უკავშირდება ხასიათის ისეთი თვისებები,როგორიც არის: მრისხანება და დაშოშმინება, ცვალებადობა, იდუმალება, ეშმაკობა, ვერაგობა, ღალატი, მუხანათობა, თავნებობა, არაორგანიზებულობა. ქაოსი და გაუგებრობა შეიძლება წარმოიქმნას შეცდომების, ტყუილების, ღალატისა და ინტრიგების შედეგად ანუ მაშინ,როდესაც მდგომარეობის ჭეშმარიტი არსი,განზრახ ან უნებურად,იცვლება. ამიტომ მართავს ნეპტუნი ტყუილს, ჭორებს, ცილისწამებას, ინტოქსიკაციას, ეპიდემიებს, ინფექციურ და გაურკვეველი გენეზისის დაავადებებს.
ძველად მოკვდავთა უმეტესობის მთავარი საზრუნავი მოულოდნელი გრიგალების,წვიმებისა თუ გვალვების პირობებში გადარჩენა იყო. ადამიანები ციურ ძალებს ევედრებოდნენ (ლოცულობდნენ), არ გაენადგურებინათ ისინი. შამანებმა, იმპერატორებმა(ჩინეთში), მწიგნობრებმა, ასტროლოგებმა თუ ქურუმებმა,ანუ რუტინული ცხოვრებისა და ქანცგამწყვეტი ჯაფისგან თავისუფალმა განდობილებმა,ცვალებად მოვლენებზე დაკვირვებით,ისწავლეს,რომ მთელი ეს ქაოსი ცხოვრების რითმში პულსირებს,რომ სამყაროში თითოეულის ბედი სხვებზეა დამოკიდებული და რომ ცხოვრება დედამიწაზე ციკლურ ცვლილებებს ექვემდებარება. ასე გაჩნდა მოსაზრება სამყაროზე,როგორც ერთიან არსებაზე, რომელშიც ყველა და ყველაფერი მუდმივ მოძრაობაშია და ადამიანიც ბუნების მიქცევა-მოქცევის რითმებს ექვემდებარება. იქიდან გამომდინარე,რომ განდობილები განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ,დანარჩენი მოკვდავები პატივს მიაგებდნენ მათ,როგორც რჩეულებს. ეს უმცირესობა განსაკუთრებული უნარებით იყო დაჯილდოებული,რაც სატურნის მიერ დადგენილ საზღვრებს (მიწიერი ხელისუფლება) სცილდებოდა. ძველი ჩინური ანდაზა გვამცნობს: „ვინც მართავს წყალს,ის მართავს სახელმწიფოს“.
მაღალი პლანეტების აღმოჩენის შემდეგ ჩვეულებრივი მოკვდავთა წარმოდგენაში თანდათან დამკვიდრდა იმის შეგნება,რომ ყოველი ადამიანი უზარმაზარი მარადიული სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. ყველა ჩვენთაგანი სხვადასხვა დონეზე ვფლობთ ინტუიციას,მარადისობაში გადანაცვლების უნარს,სადაც არ არსებობს საზღვრები წარსულს,აწმყოსა და მომავალს შორის. როგორღაც ბევრი ჩვენგანი წინათგრძნობს ატმოსფერულ ცვლილებებს, „ვკითხულობთ“ სხვების აზრებს, ვერწყმით სხვის მდგომარეობას, კომფორტულად ვგრძნობთ თავს ერთ ადგილზე და უხერხულად_მეორეგან, უმიზეზოდ გვესიმპათიურება ერთი ადამიანი და არ გვსიამოვნებს მეორე. ამ შინაგანი შეგრძნებებით,ჩვენ ინტუიციურად აღვიქვამთ სამყაროს,რომელიც ჩვენთვის აქამდე ქაოსური,შეუცნობელი და იდუმალი იყო.
სოციალური(იუპიტერი) და გენეტიკური(სატურნი) სტრუქტურებისგან ნაკარნახები საზღვრების წაშლით,ნეპტუნი ადამიანს კარს უღებს უმაღლეს სივრცეში,ის განსაზღვრავს ფაქიზი მატერიების აღქმის უნარს, ავითარებს სენსორულ მგრძნობიარობას, ქმნის საკუთარი შეგრძნებების მაქსიმალურად გამორჩეულობის განცდას (ურანთან ერთად,რომელიც ინდივიდუალური სივრცის კარია).
ნეპტუნი მართავს ადამიანის უნარს,დაიჭიროს განსაზღვრული სიხშირის სიგნალი. ვისაც საკუთარი მგრძნობიარობის განვითარება სურს,ბუნების რითმებზე უკეთ განსაწყობად,ფსიქიკურ ანტენას რადიომიმღებივით იყენებს,გარესამყაროსგან გამოგზავნილი სიგნალების დასაჭერად.
თუ ადამიანის გარეგნობაზე ვისაუბრებთ,ნეპტუნი ბუნდოვანი და გაყინული მზერით, მოდუნებული კუნთებითა და თხელი კანით ვლინდება,რომელიც ჰიპერსენსორულად შეიგრძნობს უხილავი სამყაროს ვიბრაციებს. ნეპტუნი მატებს დაბნეულობას, ერთგვარ ნისლს,რაც საშუალებას ართმევს გარშემომყოფებს,მკაფიოდ დაინახონ ნეპტუნიელი ადამიანი.
ნეპტუნი მართავს ბუნებრივი აირის,ნავთობგადამამუშავებელ,ქიმიურ და ფარმაცევტულ საწარმოებს (ნივთიერებათა შერევის ფუნქცია), ანესთეზიოლოგიასა და ნარკოლოგიას, ოკეანოლოგიას, იხტიოლოგიას, ეკოლოგიას, ბიოლოგიას, წყლის ტურიზმსა და საზღვაო მოგზაურობებს.
2. ტანჯვა
(ფსიქო-სოციალურ დონეზე)
ადამიანი იტანჯება ფიზიკური ან სულიერი ტკივილების გამო.
ფუნქციები: თანაგრძნობა. ემპათია. სიბრალული. იდენტიფიკაცია. ურთიერთშერწყმა. თავგანწირვა. თვითაკვეთა.
ტანჯვის პრინციპით,ნეპტუნი განსაზღვრავს სხვისი განცდების აღქმის შესაძლებლობას. ამან შეიძლება განსაკუთრებული უნარები მიანიჭოს ადამიანს დიაგნოტიკაში ან შეიძლება მტკივნეული რეაქციით გამოვლინდეს,გარესამყაროს ცვლილებებზე,და გავლენა მოახდინოს სუბიექტის სულიერ ჯანმრთელობაზე. ჰიპერეაქტიურობა ხშირად ვლინდება ფსიქოლოგიური პრობლემების შედეგად,რაც,თავის მხრივ,სუბიექტის სოციალური ინტეგრაციის დამაბრკოლებელი ფაქტორია. ამგვარად,ნეპტუნი მართავს ადამიანის ფსიქიკურ თავისებურებებს, ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას.
ფსიქოლოგია მეცნიერებაა ადამიანის სულზე (ბერძნული ასო „ფსი“Ѱ ძალიან ჰგავს პლანეტა ნეპტუნის ასტროლოგიურ სიმბოლოს,სამკაპს ♆). ფსიქოლოგიურ პრობლემებს თან ახლავს მომატებული შფოთიანობა, ჰიპერაქტიურობა, ცრემლიანობა, შიშები, ფობიები, აკვიატებული აზრები, თავდაუჯერებლობა. გარესამყაროში მიმდინარე მოულოდნელი ცვლილებების მიმართ შიში ანუ გარესამყარო,რომელიც მოკლებულია სტაბილურობას(რაც უსაფრთხოების შეგრძნების ერთერთი უმთავრესი ფაქტორია),წარმოშობს მისგან გაქცევისა და საკუთარ თავში გამოკეტვას სურვილს,გაუცხოებას,ოცნებებში ჩაძირვას,როგორც ოკეანის ფსკერზე. ამ სიმტკიცეს,რაც ადამიანს რეალობაში აკლია,ის ლოცვებში,ბუნებისა თუ პირად შემოქმედებაში პოულობს,მუსიკასა და რითმებში,ნარკოტიკებსა და სხვა გამაბრუებელ ნივთიერებებში (თამბაქო, ალკოჰოლი, ფსიქოტროპული მედიკამენტები).
ნეპტუნის მეორე პრინციპი მართავს ადამიანის ცნობიერების ცვლილებებსაც: იქნება ეს ნარკოტიკების ზემოქმედება თუ შთაგონების გავლენა,თანმხლები ჰალუცინაციებით. ნეპტუნის ზემოქმედებით ყალიბდება ეროტიზმი და სიზმრებიც. ნეპტუნი განსაზღვრავს ადამიანის მიდრეკილებას ნერვოზების,დეპრესიის,შფოთიანობის და შეუცნობელისადმი შიშის მიმართ.
ერთი ადამიანის განცდების მეორეს განცდებთან აღრევით,ნეპტუნი მათ ერთ მთლიან ორგანიზმად აქცევს,რომელიც იწყებს ტანჯვის შესამსუბუქებელ და გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელი რესურსების ძებნას. სწორედ ამიტომ,პირობითად ჯანმრთელი ხდება დონორი პირობითად ავადმყოფისთვის,სანამ ისინი კონტაქტს ინარჩუნებენ. ასეთ ურთიერთქმედებას გაუცნობიერებელი ხასიათი აქვს ჯანმრთელისთვისაც და ავადმყოფისთვისაც,მაგრამ საბოლოო ჯამში,ორივე მხარე გრძნობს საკუთარი მდგომარეობის ცვლილებას. გაცნობიერებული ინტერაქციის ნათელი მაგალითებია: ექიმთან, ფსიქოთერაპევტთან, ნათელმხილველთან, ექსტრასენსთან ვიზიტი; სასულიერო პირისთვის აღსარების ჩაბარება.
ნეპტუნი განსაზღვრავს ადამიანის მოთხოვნას მსხვერპლად გაწიროს თავი ავადმყოფის, სუსტის, დაჩაგრულისა და ტანჯულის გამო,რომელთაც საკუთარი ენერგიით (სიყვარულით,სიბრალულით თუ თანააგრძნობით) კვებავს; ან ავადმყოფს ეხმარება მხარდაჭერის წყაროს მოძიებასა და ძალების აღდგენაში,როდესაც მის დარდს,კვნესას და სისუსტის სხვა არავერბალურ გამოვლინებებს უსმენს.
ნეპტუნი მართავს,ფაქიზი მატერიებისგან მომავალი,შორეული სიხშირეების ინფორმაციული ვიბრაციების აღქმის უნარს,რაც ირაციონალური პირადი შეგრძნებებით ვლინდება,მაგალითად სუნებით. ასეთ აღქმას,როგორ წესი,თან ახლავს ეჭვები და ვარაუდები. ნეპტუნის რეალობა ჩვენს წინაშე გამჭირვალე ვუალით წარსდგება,ბინდში ან მზის ამოსვლამდე,სიზმრებისა და ხილვების ფორმით. მის გზავნილებში არაფერია ზუსტი, ნათელი, მკაფიო და კონკრეტული _ სახებები გადღაბნილია და მალცვალებადი,ისინი სწრაფად სხლტებიან და გარბიან,როგორც სიზმრებში.
თუ ერთი ადამიანი იმას ხედავს,რასაც სხვები ვერც კი ამჩნევენ,ეს სასწაულად, ნათელხილვად, სიცრუედ, ჯადოსნობად ან სულაც თაღლითობად აღიქმება. ასეთ უნარებს თან ახლავს დროის კონტროლის დაკარგვა,რეალობიდან გამოთიშვა,ტრანსის მდგომარეობა,რაც არც ისე იშვიათად გადადის არაადეკვატურობაში. ფხიზელი რეალობის სამყაროში ნორმიდან გადახრა ფრთხილ ადამიანს აიძულებს დამალოს თავისი არაორდინალური უნარები,რადგან ამის გამო მის წინამორბედებს ოდესღაც კოცონზე წვავდნენ ან ქვებით ქოლავდნენ.
ასე განსაზღვრავს ნეპტუნი ადამიანში მის მგრძნობიარობასა და ზემგრძნობიარობას, ჩაკეტილობას, იდუმალებას, მსხვერპლშეწირვისა და თანაგრძნობის მოთხოვნას. თვითანალიზი, აუტიზმი, მხატვრული აზროვნება, სენსიტიურობა, პოეტურობა, მუსიკალობა, სინაზე, სპეციფიური მგრძნობიარობა სუნების მიმართ ადამიანს საშუალებას აძლევს,ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების ექსპლუატაცია მედიცინის, ფსიქოლოგიის, სახელოვნებო და საეკლესიო სფეროებში მოახდინოს; ასევე ტანჯულთა კონცენტრაციის ადგილებში: საავადმყოფოებში, საპყრობილეებსა და მონასტრებში.
(იდეალურ დონეზე)
ფუნქციები: ფანტაზიები. წარმოსახვა. აქტიური წარმოსახვა.
ეს პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის მოთხოვნიდან,სწამდეს ფაქიზი ფსიქიკური შეგრძნებებით წარმოსახული სახებების რეალური არსებობა. ადამიანისთვის აუცილებელია სჯეროდეს სასწაულების_ იმის,რაც არ არსებობს მატერიალურ სამყაროში (მაგრამ ძალიან უნდა,რომ არსებობდეს); იმისაც,რაც ჩვენი გამოცდილების (სატურნის ორბიტის) მიღმა იმყოფება და ჯერჯერობით მიუწვდომელია მეცნიერული კვლევებისთვის. ეს წარმოსახული სახებებით დასახლებული შორეული სივრცეა და ამ ირეალურ სამყაროში მხოლოდ განსაკუთერებული უნარების მქონე ადამიანები ხვდებიან.
ადამიანის რწმენა მისი წარმოსახვის ძალითა და ფანტაზიების სიმდიდრით განისაზღვრება,მისი უნარით,წარმოიდგინოს ის,რაც არასდროს უნახავს რეალურ სამყაროში. ჯადოსნობისა და ზღაპრების,უფრო ჰარმონიული და სრულყოფილი სამყაროს არსებობის რწმენის მოთხოვნა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ვლინდება,როდესაც ჩვენი ცნობიერება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე „დახურული“ იმ ცოდნისგან,რაც არსებითად ვერასდროს იარსებებს. ეს მოთხოვნა შეიძლება გამოვლინდეს ზრდასრულებშიც,რომლებიც სამყაროს შეცნობის დროს ამოუხსნელ მოვლენებს აწყდებიან და მზად არიან,აღიარონ მისი უხილავი ნაწილის ზემოქმედება ხილულზე,რასაც მეცნიერება ვერ ხსნის. სხვა სიტყვებით,რწმენის უნარი დამოკიდებულია ადამიანის ცნობიერების გახსნილობაზე ან მის გულუბრყვილობაზე. „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ“.
რწმენის პრინციპი ნდობით,მიმნდობლობით,გულუბრყვილობითა და ცოდვილობით ვლინდება. ხელს უწყობს მისტიური ცნობიერებისა და რელიგიურობის ჩამოყალიბებას. ადამიანს უჩნდება უნარი,მკაცრი რეალობის ნაცვლად,დაინახოს ის,რაც სურს. ამგვარად,მესამე პრინციპი უკავშირდება მითებსა და ზღაპრებს,ლოცვებსა და მედიტაციას,რელიგიურ საიდუმლოებებსა და ექსტაზს, ქრისტიანობას, ეზოთერიკასა და ოკულტიზმს, რომანტიზმსა და ილუზიებს, შეუცნობელსა და უტოპიას.
ნეპტუნი საშუალებას იძლევა წარმოსახვით დავასრულოთ ურანის გამონათებით ნაკარნახები სახება. ურანი იმ ძალის სიმბოლოს წარმოადგენს,რომელიც ადამიანის წინაშე ახლებურ წარმოდგენათა სირცეს შლის,სადაც ყველა ჩვენგანი უსასრულო სამყაროს პატარა ნაწილაკია. ნეპტუნი კი დაკავშირებულია საერთო რწმენის აღმსარებელ ადამიანთა კოლექტიურ მოთხოვნასთან, საიდუმლოდ გაერთიანდნენ ჯგუფებში.
გასაიდულოების პირობები დაცულია იქამდე,სანამ ურანის გამონათების შედეგად წარმოქმნილი სივრცე საზოგადოებისთვის პროგრესულ ხასიათს ინარჩუნებს. ჯგუფის სოციალური ინტეგრაციისთანავე,ორგანიზაცია კარგავს იდუმალებას. ასეთ ჯგუფებს შეიძლება მივაკუთვნოთ საიდუმლო პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციები, სექტები, ლოჟები, მიწისქვეშა ტერორისტული დაჯგუფებები,რომლებიც კონსერვატული რეჟიმების დამხობას ისახავენ მიზნად,ამ უკანასკნელთა მხრიდან მოქალაქეთა თავისუფლების დისკრიმინაციიას გამო; ასევე პარტიები,უტოპიური პროგრამებით,მაგალითად,რადიკალური სოციალუსტური პარტიები.
რწმენა საშუალებას აძლევს ადამიანს,განვითარდეს ურანულ სივრცეში მოცემული მიმართულებით,თანამოაზრეების მხარდაჭერის შეგრძნებით ან დარჩეს წამებულად,რომელიც სიცოცხლესაც დადებს თავისი რწმენის საკურთხეველზე. რწმენამ შეიძლება ცრუ მიმართულებითაც წაიყვანოს სუბიექტი,რაც მას არც ჰარმონიულ განვითარებას მოუტანს და არც კმაყოფილების შეგრძნებას. მაშინ საქმე გვაქვს ნეპტუნის დამანგრეველ გამოვლინებასთან: ფრუსტრაცია, იმედგაცრუება, რწმენის დაკარგვა. როგორც წესი,ასეთი განცდები ჩნდება პიროვნების მხირად ჯგუფის ექსტრემალურ პროგრამებზე ან მორალურ შაბლონებზე დამონების შედეგად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ „დაკარგულ სამოთხეზე“,ბრმა რწმენაზე, ფანატიზმზე, ილუზიებზე. „მაშინ თვალებზე შეეხო ბრმებს და უთხრა მათ: თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ!“ _მათეს სახარება.
ნეპტუნი ფსიქოლოგიური მექანიზმი ემპათიით ანუ თანაგანცდით ვლინდება.
ნეპტუნის როლები რადიქსში: მორწმუნე. წმინდანი. წინასწარმეტყველი. მუსიკოსი. პოეტი. მთვრალი. ალკოჰოლდამოკიდებული. წამალდამოკიდებული. ნარკოლოგი. სულიერად დაავადებული. ფსიქოლოგი. ფსიქოთერაპევტი. გონებრივად ჩამორჩენილი. წამებული. მძიმე ავადმყოფი. ქიმიკოსი. ბიოლოგი. სექტანტი. განდეგილი. გაძევებული. უპოვარი. ღატაკი. მეზღვაური. ჯადოქარი. მატყუარა. აფერისტი.
ნეპტუნის მდგომარეობები: ბუნდოვანება. გაუგებრობა. მთვარეულობა. ძილიანობა. სიმთვრალე. ეიფორია. სიბრალული. თანაგრძნობა. შთაგონება. დეპრესია. გულისრევა. თავბრუსხვევა. დაბნეულობა. შეცბუნება. ცდუნება. შეყვარებულობა. ლოცვა. მედიტაცია.
ნეპტუნის მოვლენები: საზღვაო მოგზაურობა. ინტოქსიკაცია. მოტყუება. ღალატი. გაძევება. ადამიანის „გაშავება“,ცილისწამება. გაუჩინარება. წყალდიდობა. ჩაძირვა. ნათლისღება. ჯვრისწერა. აღსარება. ზიარება. გლოვა. ტრენინგი ფსიქოლოგიაში. კონსულტაცია ფსიქოთერაპევტთან. აკვარიუმის მონახულება. აუზზე ვიზიტი. მსხვერპლთშეწირვა(მარსთან ერთად). სიზმარი. ჩასახვა.
ნეპტუნის გავლენა ფიზიკურ სხეულზე: იმუნური სისტემა და ზოგადად,იმუნიტეტის მდგომარეობა. ყნოსვა. მხედველობის დეფექტები. ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები. მარცხენა ყური. ფეხის ტერფები.
ნეპტუნის მეტალი: ნეპტუნი.
ნეპტუნის ფერები: იისფერი და იასამნისფერი.