პირველი პაემანი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებთან

პირველი პაემანი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებთან

ვერძთან „მხიარული პაემანი“

ვერძი მამაკაცი კატეგორიულად ვერ იტანს დაგეგმვას და გეგმის მიხედვით მოქმედებას. ასე რომ, მასთან პაემანი, როგორც წესი, სპონტანურია. ალბათ, ხვდებით, რომ გარდერობის წინ საათობით მედიტაცია, თემაზე „რომელი ფერის ტუჩსაცხი მოუხდება ამ ფეხსაცმელს?“ არ გამოვა. მოდუნდით და დაეუფლეთ იმპროვიზაციის ხელოვნებას! ვერძისთვის საერთოდ სულ ერთია, სად და რა ვითარებებში შეგხვდებათ. მას არ აწუხებს სნობური კომპლექსები და ხალხის აზრი.

 

კურო „სოლიდური პაემანი“

ვერძისგან განსხვავებით, კუროებს არსად ეჩქარებათ. ნუ ელით მისგან მყისიერ ვნებათა ხანძარს. კუროები საერთოდ არ ცნობენ სიყვარულს ერთი ნახვით. ის ძალიან დიდხანს აკვირდება თქვენთან რომანს, დინჯად და აუღელვებლად წონის ყველა მომხრე და საწინააღმდეგო გარემოებას. მიბაძეთ მას, აღიჭურვეთ უსაზღვრო მოთმინებით და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანი ძალიან მოგწონთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდ დროს დაკარგავთ ტყუილად. ჰო, კიდევ, ზოგადად, ყველა კაცზე ასე ამბობენ, თუმცა ამ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა დანამდვილებით კუჭზე გადის. ამიტომ, ჯობია იქ შეხვდეთ, სადაც გემრიელ კერძებს ამზადებენ.

 

ტყუპები „ენაწყლიანი პაემანი“

ტყუპებს ერთი ნახვით უყვარდებათ და ასევე სწრაფად გრილდებიან, თუ რამე არ მოეწონათ. დღისით აღფთოვანებულს, საღამოს შეიძლება თქვენი სახელიც დაავიწყდეს. თუ ტყუპებთან მხოლოდ კომუნიკაცია არ გაკმაყოფილებთ და მისი ურთიერთობაში ჩათრევა გსურთ (ვერაგო მტარვალო!), თავიდანვე შეეცადეთ, რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოთ. მოიფიქრეთ ახალ-ახალი თამაშები და  გაართეთ თავსატეხებით. არასდროს შეუთანხმდეთ ტყუპებს შეხვედრაზე წინასწარ.  ათჯერ მაინც შეცვლის შეხვედრის დროსა და ადგილს. უკანასკნელ წუთამდე არ გეცოდინებათ, ბოლოს და ბოლოს, სად ჯანდაბაში ხვდებით.

 

 

კირჩხიბი „ინტიმური  პაემანი“

ამ მამაკაცთან შესახვედრად საუკეთესო  ადგილი პატარა და მყუდრო დაწესებულებაა, ფუმფულა სავარძლებითა და შინაური ატმოსფეროთი. არავითარ შემთხვევაში ხალხმრავალი რესტორანი, უზარმაზარი გაჩახჩახებული დარბაზით. არ გეგონოთ, რომ პირველივე პაემნის შემდეგ სიყვარულში გამოგიტყდებათ. იმ შემთხვევაშიც, თუ ყურებამდე შეყვარებულია, გამორიცხულია მაშინვე გრძნობების დემონსტირირებაზე გადავიდეს. კირჩხიბები ბუნებით ძალიან ფრთხილი ხალხია. ამიტომ, ძალიან ფრთხილად და მოზომილად ესაუბრეთ. ერთი არასწორი სიტყვა, ინტონაცია, მიმიკა ან ჟესტი და მაშინვე თავის ჯავშანში შებობღდება. კირჩხიბის თავსაცავიდან გამოტყუება კი ისეთივე რთულია, როგორც მისი დედის კალთას მოწყვეტა.

 

 

 

ლომი „პაემანი ერთი მსახიობის თეატრში“

ყურადღება, აღტაცება, აღფთოვანება, პატივისცება _  აუცილებელი არსენალია, როდესაც ლომთან პაემანზე მიდიხართ. ლომი მარტივად ნებდება ქათინაურებს. გიჟდება პაფოსურ და მოდურ ადგილებზე. ლომთან პაემანზე ქცევის მრავალპუნქტიან ინსტრუქციები, მაგალითად, როგორ მოიქცეთ, რაზე ესაუბროთ და ა.შ. სრული სისულელეა. თქვენ მხოლოდ ორი რამ მოგეთხოვებათ:

1.გამოიყურებოდეთ თვალშისაცემად, რადგან ლომის აქსესუარის ფუნქციას ასრულებთ. ალბათ, იცით, რომ ლომებს უყვართ ბრჭყვიალა-ბრდღვიალა აქსესუარები. ბუნებრივია, შუბლზე სტრაზების დაწებებას არ ვგულისხმობთ. უბრალოდ რაც შეიძლება მეტი გლამური.

2. იყოთ დედამიწის ზურგზე ყველაზე ყურადღებიანი მსმენელი და აღტაცებული მაყურებელი. დაიწითლეთ ხელისგულები აპლოდისმენტებისგან!

 

 

ქალწული „ცოტა მოსაწყენი პაემანი“

ეს მამაკაცი დიდ ყურადღებას აქცევს, რამდენად მოწესრიგებული ხართ. ქალწული მოდურ ტენდენციებში საერთოდ ვერ ერკვევა, მაგრამ მისი მზერა აუცილებლად შეყოვნდება ნებისმიერ „სამწუხარო დეტალზე“: მორღვეულ ღილზე, თვალის უპეში ჩაგროვილ ტუშზე, გათხაპნილ ტუჩსაცხზე ან თვალწასულ კოლგოტზე. ამას გარდა, კარგად დაიმახსოვრეთ, ქალწული საშინლად ვერ იტანს არაპუნქტუალობასა და  უხამსობას! ასე რომ, ჯობია პაემანზე ადრე მიხვიდეთ და თქვენ ელოდოთ, ვიდრე  დიდი მინუსი აღიბეჭდოს თქვენი სახელის გასწვრივ; და ჯობია, ჩამორჩენილ პურიტანად შეგრაცხოთ თავიდან, ვიდრე, ზედმეტად ამჩატებული ქცევების გამო, წუნდებული საქონლის იარლიყი აირტყათ მის მოსაწყენად ორგანიზებულ თავში.

 

 

სასწორი „რომანტიული პაემანი“

სასწორს ისეთი ხალხი უყვარდება, რომლებიც კარგად გამოიყურებიან.  არ არის აუცილებელი სილამაზის დედოფალი იყოთ, უბრალოდ შეფუთვა ეფექტს უნდა ახდენდეს.  სასწორი გიჟდება ლაპარაკზე, განსაკუთრებით, თუ საუბრის თემა… თვითონ არის. არ გაგიკვირდეთ, თუ, თქვენი აზრით, წარმატებული პაემნის შემდეგ, მწონავი პაუზას აიღებს საკუთარ თავთან საკამათოდ. მას გარკვეული დრო სჭირდება მომხდარის საფუძვლიანად გასაანალიზებლად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინიციატივა მას უნდა გადაულოცოთ.  ახლა მაინცდამაინც თეთრი რაშითაც ნუ მოიტაცებთ, მაგრამ არასდროს დააკისროთ მის სათუთ მხრებს გადაწყვეტილების მიღების მძიმე ტვირთი. საუკუნე შეუძლია იფიქროს, აანალიზოს, წონოს, გადაწყვიტოს, მიღებული გადაწყვეტილება  გააპროტესტოს, გადაიფიქროს…  ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოთმინებასა და ინიციატივაზე.

 

 

მორიელი „ეროტიული პაემანი“

თამამად აირჩიეთ მოშიშვლებული გარდერობი თქვენთვის და  ბუნდოვანი  ადგილი მასთან შესახვედრად. თუ ამ ადგილს თავისი მისთიური ლეგენდაც აქვს, საერთოდ შესანიშნავია. მორიელები გიჟდებიან საიდუმლოებებზე. უფრო სწორად მათ გამომჟღავნებაზე. რთულია ვერ შეამჩნიოთ, როგორ დაჟინებით მოძვრება თქვენს სულში, გსურთ თქვენ ეს თუ არა. თუ არ გინდათ, რომ პირველივე პაემანი ლოგინში დასრულდეს, დაივიწყეთ  უგუნური უშიშრობა: ნუ გადაუშლით გულს და ძალიან უტიფრადაც ნუ გაუსწორებთ მზერას.

 

 

მშვილდოსანი „მხურვალე პაემანი“

მშვილდოსანი მყისიერად ინტერესდება, ენთება, ხურდება, უყვარდება… წამებში. მაგრამ ნუ იქნებით გულუბრყვილო და პირველ პაემანზე დაყრდნობით, ნუ დაგეგმავთ მასთან ერთად  ტკბილ სიბერეს. ღმერთმა დაგიფაროთ, პირველი პირის ნაცვალსახელი მრავლობით რიცხვში ახსენოთ…  როგორც კი ველური კენტავრი თავისუფლებისთვის მცირეოდენ საფრთხეს იგრძნობს, მყისვე ყალყზე დადგება და თვალის დახამხებასაც ვერ მოასწრებთ, ისე გაქუსლავს. არამატერიალისტი, არამესაკუთრე და ღრმად სულიერი მშვილდოსანი ამ მოსაწყენ  მატერიალურ სამყაროში არაფერს ისე არ აფასებს, როგორც საკუთარი თავისუფლება.

 

 

თხის რქა „დაძაბული პაემანი“

თუ გსურთ თხის რქას მოეწონოთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვალთმაქცობა, ნებისმიერი რაოდენობის სიტყვათა კასკადის მიღმა, თხის რქა, მართალია, ნელა, მაგრამ მაინც ზუსტად ხვდება, რას წარმოადგენთ სინამდვილეში. და ჯობია, როგორც მინიმუმ, სერიოზულ და გაწონასწორებულ ქალს წარმოადგენდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბატონი სერიოზულობა ჩათვლის, რომ თქვენში საკუთარი ძვირფასი ენერგიისა და უფრო ძვირფასი დროის დაბანდება  წამგებიანი ინვესტიციაა.

 

 

მერწყული „უშუალო პაემანი“

დიახ, მთავარი კრიტერიუმი, რითაც მერწყული გაფასებთ და საერთოდ, ყველაზე მეტად აფასებს ადამიანებში, უშუალობაა. თუმცა თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ მამაკაცს ძალიან აფრთხობს ინტიმური საუბრები და  სულიერი (ხორციელიც) დაახლოების მცდელობები. აირჩიეთ ადგილი, სადაც არ მოგიწევთ პირისპირ ჯდომა, ერთმანეთისთვის თვალებში ყურება და გულითადი ბაასი. მაგალიად, ღამის კლუბი შესანიშნავი ადგილია, რადგან იქ ხმამაღალი მუსიკა და უამრავი ხალხია, რაც სულში ჩამძვრომი საუბრების საფრთხეს გამორიცხავს. პირველი პაემნის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დაურეკოთ პირველმა. თავისუფლებისმოყვარე მერწყულს ასეთი აქტიური შეტევა ჯერ ერთი, არ მოეწონება და მეორეც, უარესად დააფრთხობს. თუ მასაც მოეწონეთ, დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად მიგანიშნებთ  როგორღაც… თავისებურად.

 

 

თევზები „ფილოსოფიური პაემანი“

ამ ნიშნის მამაკაცებს შორის უკიდურესად იშვიათად შეხვდებით ბრუტალურ მაჩოებს. იმ შემთხვევაშიც, თუ, ერთი შეხედვით, ასეთად მოგეჩვენათ, არ დაიჯეროთ. უკლებლივ ყველა თევზები ჰიპერსენსიტიური და ძალიან მოწყვლადია. ლოგიკურია, რომ ამ იდეალისტ რომანტიკოსებს  ხშირად ტკენენ გულს. ასე რომ, მაჩოს იმიჯი მხოლოდ დამცავი ნიღაბია და მეტი არაფერი. გახსოვდეთ, თევზები ვირტუოზი მსახიობია და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქმნის ცრუ ხილვადობას. ამიტომ, ყურადღებით იყავით, რომ მასთან ერთად ცარელა ილუზიების სამყაროში არ აღმოჩნდეთ. სამაგიეროდ, ძლიერ განვითარებული ინტუიციის წყალობით, მას თქვენი აზრებისა და გულისნადების ამოკითხვა შეუძლია. წარმოგიდგენიათ კაცი, რომელსაც თქვენი უსიტყვოდ ესმის და სიტყვებსაც ყურადღებით უსმენს ?!  მართლაც არაჩველებრივია! მდიდარი წარმოსახვის მეშვეობით კი, ეს ფილოსოფოსი ფანტაზიორი საერთოდ სხვა კუთხიდან დაგანახებთ მოსაწყენ ყოფიერებას.


About Qet

Scroll To Top