რ. შტაინერი – პიროვნულის სამი ასპექტი

რ. შტაინერი – პიროვნულის სამი ასპექტი

პირველი გოეთეანუმი, 1913-1922 წლებში.

რუდოლფ შტაინერი

 

პიროვნულის სამი ასპექტი

გერმანულიდან თარგმნა ნოდარ ბელქანიამ

ბერლინი, 1907 წლის 12 ივლნისი

მიუნჰენის კონგრესი, რომელიც მეოთხეა ამსტერდამის, ლონდონის და პარიზის კონგრესების შემდეგ, ჩვენი თეოსოფიური თვალსაზრისით ერთგვარად აკავშირებს ევროპაში სხვადასხვა ერებს. დღეს კონგრესის შესახებ ინფორმაციის გაკეთებას როდი ვაპირებ, მე მხოლოდ ორიოდე სიტყვა მინდა ვუთხრა იმათ, ვინც მასში მონაწილეობა ვერ მიიღო.

მას უნდა ეჩვენებინა ის, რასაც მე გამუდმებით ხაზს ვუსვამდი ხოლმე თეოსოფიაზე საუბრისას – მას უნდა ეჩვენებინა, რომ თეოსოფია მხოლოდ პირადი საჭიროებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის არ შექმნილა. თეოსოფია პრაქტიკულ ცხოვრებაში უნდა ჩაერთოს, განათლების ნაწილად იქცეს, პრაქტიკული ყოფიერების ყველა სფეროში შევიდეს. ვისაც საკუთრივ თეოსოფიური იმპულსი უფრო ღრმად ესმის, მან უკვე დღესაც უწყის თუ რა შესაძლებლობებს შემოგვთავაზებს იგი მომავალში. ის ჩვენს მიერ ნანახს ჩვენსავე შინაგან გრძნობებთან დააკავშირებს. ვინც უფრო ღრმად აკვირდება მოვლენებს, მისთვის საყოველთაო გაფანტულობის ძირითადი მიზეზია დისჰარმონია არსებულ მდგომარეობასა და იმას შორის, რასაც თეოსოფია მიელტვის. ეს იგრძნეს არა მარტო თეოსოფებმა, არამედ ისეთმა მნიშვნელოვანმა პიროვნებებმაც, როგორიცაა, მაგალითად, რიჰარდ ვაგნერი.

ადრეულ ეპოქებში ყოველი ბოქლომი, სახლი თუ სხვა რამ საგანი სამშვინველის ქმნილებას წარმოადგენდა. მშვინვიერი სუბსტანცია იყო შიგ ჩაღვრილი. ძველ დროში ხელოვნების საგანი ადამიანის გრძნობისა და აზროვნების ნაწილად მიიჩნეოდა. გოთიკური ეკლესიების ფორმები იმჟამინდელი მრევლის განწყობილებას შეესაბამებოდა. ისინი ამ უკანასკნელის მშვინვიერ განწყობილებას გამოხატავდა. ეკლესიას მიშურებული იმჟამად ამ ფორმებს – ისევე როგორც ძველი გერმანელი ერთმანეთს შეზრდილ ხეებს – ხელების ლოცვად აღპყრობად განიცდიდა. იმ ეპოქაში ყოველივე უფრო მჭიდროდ იყო ადამიანთან დაკავშირებული. ეს ჯერ კიდევ შესანიშნავად ჩანს მიქელანჯელოსა და ლეონარდო და ვინჩისთან. მთელი სოფლის თავმოყრა ეკლესიაში სხვა არაფერი იყო, თუ არა სოფლის მშვინვიერი ცხოვრების გამოხატულება. სხვადასხვა ეთერული ნაკადი იყრიდა თავს მოედანზე, სადაც ეკლესია იდგა. მატერიალისტურმა ეპოქამ ყოველივე ეს გააცამტვერა. ვინც ცხოვრებას არ იცნობს, მან ეს არ უწყის. ნათელმხილველმა კი იცის, რომ დღეს ქალაქში გავლისას თითქმის ვერაფერს შეხვდები გარდა კუჭთან და სისუფთავის მანიასთან დაკავშირებული ამბებისა. ვისაც ძალუძს მისდიოს ცხოვრების საიდუმლო ძაფებს, მან ისიც უწყის, თუ რამ გაუჩინა მატერიალისტურ კულტურას ასეთი ბზარი.

გარესამყაროს გაჯანსაღება მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი იგი გადაიქცევა ჩვენი უშინაგანესი მშვინვიერი განწყობილების გამოხატულებად. თუმცა სრულყოფილებაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ამის მაგალითი მიუნჰენში იქნა მოცემული. დარბაზის გაფორმება სულისმეცნიერული მსოფლმხედველობის გამოხატულება იყო. იქ მხოლოდ „თეოსოფიური რამ“ არ ყოფილა წარმოდგენილი. მთელი დარბაზი წითლად იყო გაფორმებული. მართალია, წითელი ფერის შესახებ ხშირად გვხვდება არასწორი წარმოდგენები, მაგრამ შეუძლებელია ვერ დაინახო მისი სიღრმისეული მნიშვნელობა. კაცობრიობის განვითარება აღმასვლითა და დაღმასვლით ხასიათდება. დააკვირდით პირველყოფილ ხალხებს. მათ ბუნებაში აქვთ მწვანე ფერი. მაგრამ სიყვარულით რა უყვართ ყველაზე მეტად? წითელი! ოკულტისტმა იცის, რომ წითელი განსაკუთრებულად მოქმედებს ჯანსაღ სამშვინველზე. ჯანსაღ სამშვინველში ის აქტიურ ძალებს წარმოშობს, ძალებს, რომლებიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს და რომელთაც სამშვინველი ინერტულობის მდგომარეობიდან მოქმედების მდგომარეობაში გადაჰყავს. საზეიმოდ მორთული დარბაზი წითლად უნდა გაფორმდეს. ვინც საცხოვრებელ ოთახს აფორმებს წითლად, ის ამით ამბობს, რომ მისთვის უცნობია საზეიმო განწყობილება და წითელი ფერის პროფანაციას ახდენს. გოეთემ ამას უმშვენიერესი სიტყვები მიუძღვნა: „ამ ფერის მოქმედება ისევე განუმეორებელია, როგორც მისი ბუნება. ის ისევე მკაცრი და ღირსებით სავსეა, როგორც კეთილისმყოფელი და მომხიბლავი. პირველს გამოხატავს როცა მუქია და გაჯერებული, უკანასკნელს კი როცა ნათელია და ღია. და ასე ძალუძს ერთსა და იმავე ფერს გადმოსცეს ხანდაზმულის ღირსებაც და ჭაბუკის თავაზიანობაც.“

ასეთია ის განწყობილებანი, რომელთაც წითელი ფერი იწვევს და რასაც ოკულტური კვლევაც ადასტურებს. შეხედეთ ლანდშაფტს წითელი სათვალით და იგრძნობთ, რომ ასე უნდა გამოიყურებოდეს განკითხვის დღე. წითელი აღძრავს სიხარულს იმის გამო, რაც ადამიანმა აღასრულა განვითარების პროცესში. წითელი მტერია რეტროგრადული განწყობილებისა, ცოდვის განწყობილებისა.

შემდეგ გვაქვს შვიდი სვეტის მოტივი იმ დროის მისანიშნებლად, როდესაც თეოსოფიასაც ექნება თავისი შენობა. სვეტების მოტივები აღებულია ხელდასხმულთა მოძღვრებიდან და უძველესი ეპოქებიდან იღებს დასაბამს. თეოსოფიას მიეცემა საშუალება ახალი სვეტების მოტივები შესძინოს არქიტექტურას. ძველი მოტივები ადამიანს უკვე დიდი ხანია აღარაფერს ეუბნება. ახლებს მიმართება აქვთ სატურნთან, მზესთან, მთვარესთან, მარსთან, მერკურთან, ვენუსთან. კაპიტელებში სხვადასხვა კანონზომიერებანი იქნა გადმოცემული. სვეტებს შორის როზენკროიცერთა მსგავსად შვიდი აპოკალიპსური ბეჭედი ჩავსვით. გრაალის ბეჭედი პირველად იქნა საჯაროდ წარმოდგენილი.

თეოსოფია შეიძლება ვაშენოთ კიდევაც: არქიტექტურის, აღზრდის, სოციალური საკითხის სახით. როზენკროიცერობის პრინციპია სამყაროში სულის დამკვიდრება, სამშვინველისთვის ნაყოფიერი მუშაობა. ხელოვნების მისტერიულ ხელოვნებამდე აყვანაც კი გახდება შესაძლებელი, ასერიგად რომ ეწადა რიჰარდ ვაგნერს. ამის მცდელობაა ედუარდ შურეს მისტერია-დრამა. შურე შეეცადა აღედგინა მისტერიული წარმოდგენები. ამას საფუძვლად ედო განზრახვა, თეოსოფიაც ჩართულიყო სამყაროს შენებაში. დაბეჭდილი პროგრამა საზეიმო წითელი ფერისა იყო, ვარდებით მორთული შავი ჯვრით ლურჯ ფონზე. როზენკროიცერობა აგრძელებს იმას, რაც ქრისტიანობამ მოგვცა. საწყისი ასოები პროგრამაზე ძირითად ფორმულას მიანიშნებენ.

დღეს მინდა შევეხო ზოგიერთ საკითხს, რომელიც ზემოთქმულიდან დაკავშირებით შეიძლება დაისვას. უპირველეს ყოვლისა: რა იქნება თუკი თეოსოფია როზენკროიცერულ ნაკადს შეერწყმება და მისი წარმოდგენებით იხელმძღვანელებს? მოდით, ამის თაობაზე ზოგიერთი მოსაზრება ჩამოვაყალიბოთ თეოსოფიური ეთიკის, ანუ ზნეობრივი მოძღვრების მაგალითზე. თეოსოფიური ეთიკა ანუ ზნეობრივი მოძღვრება როდი ამბობს ან ასე უნდა მოიქცე, ან ისეო. თეოსოფიას მოთხოვნები და მცნებები კი არ აინტერესებს, არამედ ფაქტები და მათი გადმოცემა. საკმარისია მოვიტანოთ ერთი ფაქტი ასტრალური სამყაროდან და დავრწმუნდებით, რომ არ არის  საჭირო მორალის ქადაგება. სხვათა შორის, ეს მაინც ვერაფერს მოგვიტანდა, ვინაიდან გაფრთხილებები და მცნებები კი არ აფუძნებენ ჭეშმარიტ ზნეობრივ მოძღვრებას, არამედ უმაღლესი ცხოვრების ფაქტები. თუ თქვენ ოკულტისტი გეუბნებათ, სიცრუე მკვლელობას და თვითმკვლელობას ნიშნავსო, მაშინ ეს ისეთი ძალის ზნეობრივ იმპულსს მოგცემთ, რომ მას ვერ შეადარებთ უბრალო გაფრთხილებას: არ იცრუოთ! როდესაც ჩვენთვის ცნობილია თუ რა არის სიცრუე და რა არის სიმართლე, თუ ჩვენ ვიცით რომ ყოველივე იბეჭდება სულიერში, მაშინ ვითარება ცოტა სხვაგვარად წარმოგვიდგება. საუბარი, რომელიც სიმართლეს ემყარება წარმოქმნის სასიცოცხლო ძალებს შემდგომი განვითარებისთვის, არასწორი მტკიცება კი დარტყმას აყენებს ჭეშმარიტებასაც და თავად მტკიცების ავტორსაც. ყოველგვარი სიცრუე მოგვიანებით უკანვე უბრუნდება ადამიანს. სიცრუე უდიდესი დაბრკოლებაა განვითარების გზაზე. ტყუილად როდი უწოდებენ ეშმაკს სიცრუის და დაბრკოლების სულს. სიცრუის დამანგრეველი ძალა სიკვდილს იწვევს ობიექტურად და მის გამავრცელებელს უბრუნდება უკან.

პიროვნების სამგვარი გაგებაა ცნობილი: პიროვნული, უპიროვნო და ზეპიროვნული. ოდესღაც არსებობდა ადამიანის წინაპარი, რომელიც ყველა ცხოველზე მაღლა იდგა, მაგრამ ადამიანის საფეხურს არ იყო მიღწეული. ის შედგებოდა ფიზიკური, ეთერული და ასტრალური სხეულებისგან. ამით შემდგომ დაემატა მე, რომელმაც საკუთარი თავიდან გამომდინარე უმაღლესი ნაწილები შექმნა და ადამიანის არსება შვიდწევროვანი გახდა.

ფიზიკური, ეთერული და ასტრალური სხეულების განვითარება დიდ ხანს გრძელდებოდა და ისინი მომწიფდნენ იმისათვის, რათა მიეღოთ მეს ცნობიერება. სამი უდაბლესი წევრისთვის დამახასიათებელი ტენდენცია და მათი განვითარების თავისებურებები იქნება ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი. ადამიანმა სულ უფრო მეტად შეიძინა უნარი გამხდარიყო თვითცნობიერი არსება. ეს შესაძლებელია მხოლოდ ეგოიზმის, თავმოთნეობის ძალთა მეოხებით. ის შეიძლება ღვთაებრივიც იყოს და სატანურიც. ეს სიტყვები მათ მიერ გამოწვეული შეგრძნებებით კი არ უნდა განვსაჯოთ, არამედ მათში მოცემული ჭეშმარიტი არსის მიხედვით. დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ადამიანი ეგოისტურ არსებად იქცა.

ეგოიზმის განვითარებას უკავშირდება ცნობიერების მოჩვენებითი დაკარგვის ის ფორმა, რომელსაც თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში სიკვდილის სახით ვიცნობთ. რამდენადაც განვითარდა თვითცნობიერება, იმდენადვე იჩინა თავი სიკვდილმაც. პირველ ხანებში ადამიანი არ კვდებოდა. ის ჰგავდა სხეულის ნაწილს, რომელიც შრება და შემდეგ კვლავ განაგრძობს ზრდას, ისევე როგორც თითის ფრჩხილი მოჭრის შემდეგ კვლავ იზრდება. ამჟამინდელი ჩვენი სიკვდილი და კვლავ დაბადება გაჩნდა იმისათვის, რათა მიგვეღო დღესდღეობით ჩვენთვის დამახასიათებელი მეს ცნობიერება. ეგოიზმი და სიკვდილი ერთი მოვლენის ორი მხარეა. ადამიანური ბუნების უმაღლესი ნაწილი იმგვარადაა მოწყობილი, რომ ის კვლავ სძლევს ეგოიზმს, ეზიარება ღვთაებრივს და ამით სიკვდილსაც თრგუნავს. რაც უფრო მეტად ივითარებს ადამიანი უმაღლეს ნაწილს საკუთარ თავში, მით უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ უკვდავებასაც. როგორც კი ეგოისტი გახდა ადამიანი, მაშინათვე პიროვნებადაც ჩამოყალიბდა. ცხოველი პიროვნულს მოკლებულია, ვინაიდან მას მე აქვს მხოლოდ ჯგუფური სამშვინველის სახით, რომელიც ასტრალური პლანიდან არ ჩამოდის. პიროვნება ისაა, რაც სამ სხეულს – ფიზიკურს, ეთერულსა და ასტრალურს – მეთი გასხივოსნების საშუალებას აძლევს. ეს შეიძლება ბუნდოვნად, უფერულადაც მოხდეს – ასეთ შემთხვევაში სუსტს პიროვნებასთან გვაქვს საქმე.

ნათელმხილველისათვის ეს იოლად საცნობია. ის ადამიანის ირგვლივ აღიქვამს ფერად აურას, სადაც ზუსტადაა ასახული მისი განწყობილებები, ვნებები, გრძნობები, შეგრძნებები ფერადი ნაკადებისა და ფერადი ღრუბლების სახით. თუკი ჩვენ გადავინაცვლებთ იმ ეპოქაში, როცა ადამიანის არსების სამი წევრი ის-ის იყო მოემზადა ადამიანური მეს მისაღებად, ჩვენ ამ არსებაშიც, რომელიც ჯერაც არ იყო ადამიანის დონეს მიღწეული, ვიპოვით აურას. მაგრამ იქ ჯერ კიდევ არ იქნება ყვითელი ნაკადები. ძლიერ პიროვნებებს მკვეთრად ყვითელი, ელვარე აურა ახასიათებთ. მაგრამ, შესაძლოა ძლიერი პიროვნება იყო რაიმე აქტივობის გარეშე – შინაგანად ძლიერი რეაქციები გქონდეს, მაგრამ არ იყო ქმედითი ადამიანი. ამ შემთხვევაშიც ჭარბად იქნება ყვითელი ფერი აურაში. მაგრამ ქმედით ადამიანში, რომლის პიროვნებაც გარესამყაროზე ახდენს გავლენას, ყვითელი ფერი თანდათანობით ელვარე წითელში გადადის. წითლად მოელვარე აურა ქმედით ადამიანზე მეტყველებს; ოღონდ ის უნდა ელვარებდეს.

მაგრამ არსებობს ერთი საშიშროება, როცა პიროვნება მოქმედების ჟინითაა შეპყრობილი. ესაა პატივმოყვარეობა. ეს განსაკუთრებით ძლიერ ნატურებს ახასიათებთ. ნათელმხილველი ამას აურაში ჭვრეტს. პატივმოყვარეობის გარეშე ყვითელი უშუალოდ გადადის წითელში. მაგრამ თუ ადამიანი პატივმოყვარეა, ნარინჯისფერი იძალებს ხოლმე მის აურაში. ობიექტური მოქმედებისთვის აუცილებელია ამ ზღურბლის დაძლევა.

სუსტი პიროვნებები უმალ სხვის მოცემულს ელოდებიან, ვიდრე თავად გასცემენ ან იმოქმედებენ. აქ თქვენ ძირითადად ლურჯ ფერებს შეხვდებით. განსაკუთრებული ინერტულობის შემთხვევაში კი ინდიგოს. აქ უფრო შინაგანი ინერტულობა იგულისხმება, ვიდრე გარეგნული.

თქვენ ხედავთ, თუ როგორ აირეკლება ადამიანის აურაში პიროვნების სიძლიერე ან სისუსტე. ადამიანმა სულ უფრო მეტად უნდა დაძლიოს პიროვნული და აამოქმედოს უმაღლესი ნაწილი. ამიტომაცაა ამდენი ლაპარაკი პიროვნების და ეგოიზმის დაძლევაზე. მაგრამ აქ სწორედ საკვანძო საკითხს მივადექით. მთავარი ისაა, თუ როგორ ხდება პიროვნების დაძლევა – უპიროვნოს თუ ზეპიროვნულის მიხედვით.

რას ნიშნავს საკუთარი თავის დაძლევა უპიროვნოს მეოხებით? ეს ნიშნავს ჭარბი ძალის დასუსტებას, პიროვნული ენერგიის ჩახშობის სურვილს. ამას კი უპიროვნომდე მივყავართ. ზეპიროვნული იქნებოდა, გარკვეული გაგებით, ამის საპირისპირო რამ. ეს იქნებოდა პიროვნული ენერგიის ზრდა, პიროვნული ძალების გაძლიერება.

მეს ჩვენ სამშვინველში ვპოვებთ და სამშვინველშივე ვხვდებით სიმამაცეს, ერთის მხრივ, და ლტოლვას, გულისთქმას, მეორეს მხრივ. არსებითად ამ ორ ძალამდე დაიყვანება ყოველივე მშვინვიერ ცხოვრებაში. მათ სხვადასხვაგვარად უდგებიან და ეს იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანი ჯეროვან ძალისხმევას არ იჩენს იმისათვის, რათა მიიღოს უმაღლესი რამ. ის, მართალია, აგრძელებს განვითარებას, მაგრამ მასთან ერთად დაბალიც ვითარდება, სიმამაცის და ლტოლვის ძალებიც ვითარდება მთელი სიტლანქით. თუკი ადამიანი ამ უკანასკნელთ დაასუსტებს, მივიღებთ უპიროვნო კულტურას. ის აქტიურ მხარესაც დაკარგავს. ქმედით მხარეს, ადამიანს რომ ადამიანად აქცევს სხვათა გვერდით და თავისი უნარის შესაბამის საქმეებს აკეთებინებს, გამუდმებით მოჰყავს იგი სხვა ადამიანებთან გარკვეულ კოლიზიაში. და ის უნდა შეეგუოს ამ კოლიზიას, თუკი სჯერა თავისი მოწოდებისა.

შესაძლებელია ლტოლვების ჩაკვლაც. მაგრამ ამით პიროვნება უფერულდება. არადა სხვა რამის გაკეთებაც შეიძლება: კერძოდ მათი გაკეთილშობილება. არ არის საჭირო მათი ჩაკვლა. შესაძლებელია მათი წარმართვა მაღალი მატერიებისკენ. მაშინ პიროვნებას თავისი ძალის დათმობის გარეშეც ძალუძს გახდეს უფრო კეთილშობილი და ღვთაებრივი. ლტოლვების ჩაკვლა როდია საჭირო, არამედ მათი გარდაქმნა უფრო ფაქიზ, უფრო კეთილშობილ ლტოლვებად, რომელთაც მაშინ ისეთივე დაჟინებით შეეძლებათ გამოავლინონ საკუთარი თავი. ავიღოთ, მაგალითად, ვარიეტე. ვინც ვარიეტეში არ დადის აუცილებლად ასკეტი როდია. მან, უბრალოდ, დაბალი ლტოლვები მაღალ ლტოლვებად გარდაქმნა და ამდენად, იქ მხოლოდ მოიწყენდა.

ამ გაგებით თეოსოფია ყველაზე მცდარად სწორედ თეოსოფოსებმა გაიგეს. ცხადია, პიროვნულის ჩაკვლა კი არ არის მიზანი, არამედ მისთვის ზემოთკენ, უმაღლესისკენ ბიძგის მიცემა. სწორედ ამისთვისაა აუცილებელი ყოველივე, რასაც თეოსოფია გვთავაზობს. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, მთავარია უმაღლესი ინტერესების გაღვიძება. ამგვარი ინტერესები თავისთავად გამსჭვალავენ ადამიანს. მას თავისი გრძნობების ჩახშობა კი არ სჭირდება, არამედ უმაღლესი ღვთაებრივი ქმნადობისკენ, დიდი მსოფლიო ხდომილებებისკენ მათი მიქცევა. როცა ჩვენს გრძნობებს აქეთკენ მივმართავთ, მართალია ცხოვრების უხეში მხარისადმი ინტერესს ვკარგავთ, მაგრამ ამით ჩვენი გრძნობები კი არ იხშობა, არამედ მდიდრდება და ადამიანის მთელ არსებასაც აღანთებს. როდესაც ადამიანს ძალიან უყვარს ღორის მწვადი, ღორის მწვადისადმი მისი გრძნობის ჩაკვლა კი არ არის საჭირო, არამედ ამ გრძნობის გარდაქმნა. უნდა შევძლოთ გრძნობის მეტამორფოზა. იგივე გრძნობები, რაც მავანს სუფრის სიმფონიისადმი აქვს, სხვას ნამდვილი სიმფონიისთვის განაწყობს. თუ თქვენ ლტოლვისა და აქტივობის დაძლევას ქადაგებთ, ამით უპიროვნოს ქადაგებთ. მაგრამ თუ თქვენ უჩვენებთ გზას, რომელიც ლტოლვას სულიერისკენ წარმართავს, ამით ზეპიროვნულისკენ წარმართავთ ყურადღებას და ეს ზეპიროვნული უნდა იყოს თეოსოფიური მოძრაობის მიზანი.

სულისმეცნიერებას კაბინეტში ჩაკეტილი ან უცნაური ადამიანების გაზრდა როდი სურს, არამედ ქმედით, აქტიურ ადამიანთა ჩამოყალიბება, რომლებიც ცხოვრების ასპარეზზე გავლენ. მაგრამ რა გზით მივაღწევთ ზეპიროვნულს? არა პიროვნულში ჩაკეტვით, არამედ ჭეშმარიტის, მაღალის და ყოვლისმომცველის წვდომით. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ თეოსოფიაში ჩვეულებრივ ყოფიერების მაღალი მიმართებებისკენაა მზერა მიპყრობილი. ჩვენ ამით წვრილმანზე მაღლა ვდგებით და ვეჩვევით მოვლენების არა უპიროვნოდ, არამედ ზეპიროვნულად განხილვას.

არის რთი სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთგვარი experimentum crucis მეოხებით განვასხვავოთ ერთმანეთისგან პიროვნული, უპიროვნო და ზეპიროვნული. შეიძლება მავანმა იფიქროს, რომ ის, რასაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ სიყვარულის სახით განიცდის უპიროვნო რამაა და უადგილოა ზეპიროვნულთან მისი დაკავშირება. აქ ადამიანებს უცნაური შეცდომა მოსდით: მათ საკუთარი თავის სიყვარული სხვათა სიყვარულში ერევათ. ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია, რომ სხვა უყვარს, სინამდვილეში კი საკუთარი თავი უყვარს სხვაში. სხვაში განზავება ხომ მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის დაკმაყოფილებაა. მავანმა არ იცის ამის შესახებ; არც სჭირდება ამის ცოდნა, მაგრამ ეს არსებითად ეგოიზმის დაკმაყოფილებაა არაპირდაპირი გზით.

ადამიანი არ არის იზოლირებული არსება. ის მთლიანის ნაწილია. თითს სიყვარული აკავშირებს ხელთან და ორგანიზმთან. ასე რომ არ იყოს, ის გახმებოდა. თითს უყვარს ჩვენი ხელი და ორგანიზმი, ვინაიდან მას სჭირდება ისინი. ასევე ვერასდიდებით ვერ შეძლებდა ადამიანი სხვა ადამიანთა გარეშე არსებობას. ამიტომაც იზიდავს ადამიანს ადამიანები. ზოგიერთი სიყვარული მშვინვიერი სიღარიბიდან მოდის, მშვინვიერი სიღარიბე კი – მოჭარბებული ეგოიზმიდან. და თუ მავანი და მავანი ამტკიცებს სხვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო, მაშინ მისი პიროვნება ღარიბია და შევსებას ეძებს. ის ყოველივე ამას იმით ნიღბავს, რომ ამბობს: მე უპიროვნო ვხდები, მე სხვა მიყვარს.

ყველაზე დიდებული, უანგარო სიყვარული იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ სხვა ადამიანი არ გვჭირდება, მის გარეშე ცხოვრებაც შეგვიძლია. ამ დროს ადამიანს უყვარს არა საკუთარი თავი, არამედ სხვა. მაშინ ის არაფერს კარგავს, თუ სხვა მიატოვებს. ამისათვის, რასაკვირველია, საჭიროა განჭვრიტო ადამიანის ფასი, ამის სწავლა კი მხოლოდ სამყაროში ჩაღრმავებითაა შესაძლებელი. რაც უფრო გაითავისებთ თეოსოფიას, მით უფრო უკეთესად შეგეძლებათ სხვა ადამიანის შინაგანი არსის წვდომა. შესაბამისად მით მეტი უნარი გექნებათ შეიგრძნოთ მისი ფასი და თვითანგარებით არ შეიყვაროთ იგი. თუ ამ გზას გაჰყვებით ცხოვრებაში იმასაც შეამჩნევთ, რომ მავანს ერთი სახის ეგოიზმი ახასიათებს, სხვას – მეორე სახის და ყველა თავისი ეგოიზმის კვალობაზე ცხოვრობს.

აუცილებელია პიროვნების სულ უფრო მაღალი განვითარება. უპიროვნო სიყვარული, რომელიც სისუსტეს ემყარება, მუდამ ვნებასთან იქნება დაკავშირებული. ზეპიროვნული სიყვარული სიძლიერიდან მომდინარეობს და სხვათა შეცნობას ეფუძნება. მას ძალუძს გახდეს სიხარულისა და კმაყოფილების წყარო. ყოველგვარ შესაძლო სასიყვარულო განწყობილებებს შორის მერყეობა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს სიყვარული სინამდვილეში შენიღბული ეგოიზმია და მის უკან ღარიბი პიროვნება დგას. ასე რომ, სიყვარულის მაგალითზე ყველაზე მკაფიოდ შეგვიძლია განვასხვავოთ ერთმანეთისგან უპიროვნო და ზეპიროვნული.

ვისაც სულისმეცნიერება ძალას არ მატებს ცხოვრებაში, მას იგი ვერ გაუგია, რამეთუ ის არის მომავალი წყარო შინაგანი ცხოვრებისეული კმაყოფილებისა. თუ კიდევ უფრო მეტად აღზევდება მატერიალიზმი და ამით მასთან დაკავშირებული ეგოიზმი, კაცობრიობაც სულ უფრო მეტად მიეცემა პესიმიზმს, რომელიც ჩანაცრულ სულთა ფერფლია. ხოლო თუ კაცობრიობა მიიღებს სულისმეცნიერებას, მას კვლავ დაუბრუნდება ჭეშმარიტი სიხარული, რომელიც ამავე დროს სიჯანსაღის წყაროცაა. დისჰარმონია ხომ ბოლოს და ბოლოს ეგოიზმის პროდუქტია; მხიარული, ხალისიანი განწყობილება კი უმაღლესი ადამიანისგან მომდინარეობს. რაც უფრო მეტად მოიკიდებს მასში ფეხს უზენაესი, ღვთაებრივი, მით უფრო ბედნიერი იქნება ადამიანი. ჩვენ უფრო იმაზე უფრო ვიფიქროთ, თუ როგორ შევეწიოთ მთელ კაცობრიობას, ვიდრე იმაზე, თუ როგორ შევირგოთ სულისმეცნიერება. ჩვენ მით უფრო ვეზიარებით ნამდვილი ხალისის და სიხარულის, მარადიული სიჭაბუკის წყაროს, რაც უფრო ღრმად გავითავისებთ ზეპიროვნულის ეთიკას.

თეოსოფიის მიზანი უარყოფა როდია, არამედ თანხმობა. უპიროვნო უარყოფას ნიშნავს, ზეპიროვნული თანხმობას, რაც უნდა სუსტად იჩენდეს თავს ჯერჯერობით ეს უკანასკნელი. ეს, ამავე დროს, მიგვანიშნებს იმ ამოცანაზეც, რომელიც კაცობრიობის არსებიდან გამომდინარე აკისრია სულისმეცნიერებას. მას ნაყოფით გამოიცნობთ – იმით, რომ იგი ადამიანებს ცხოვრებისთვის უფრო გამოსადეგს და გამრჯეს ხდის, მათ სახეებზე მშვინვიერ ჰარმონიას აღბეჭდავს. სული ვერასდიდებით ვერ გამოვლინდება მწუხარე სახეზე. თვით გადატანილი ტკივილიც კი მოაზროვნის სახედ გარდაიქმნება და გაკეთილშობილებულად გვევლინება; ტკივილი განწმენდილად გამოიყურება მოაზროვნის ჰარმონიულ სახეზე. მწუხარე სახე ჯერაც დაუძლეველ ეგოიზმს გამოხატავს. სულისმეცნიერება გვასწავლის საკუთარი თავიდან გასვლას, მაგრამ არა ისე, რომ გარე სამყარო შევიძინოთ. მას გავყავართ პიროვნულიდან, მაგრამ არა პიროვნების ჩაკვლით უპიროვნოსკენ, არამედ მისი გაძლიერებით ზეპიროვნულისკენ.


About Giorgi

Scroll To Top