პლანეტების დამუშავება

პლანეტების დამუშავება

როდესაც რუკის დამუშავებაზე ვსაუბრობთ, ის უნდა განვიხილოთ ერთიან, მთლიან სისტემად (როგორც ადამიანი). პლანეტებისა და ასპექტების დამუშავება ყოველთვის კომპლექსურად, ერთიანად ხდება. „დამუშავება“, ანუ პლანეტის მახასიათებლების კორექცია და სრულად გამოყენება – ეს მისი ფუნქციების შესაბამისი ახალი გამოცდილების შეძენას ნიშნავს. იმ გამოცდილების, რაც აქამდე არ გვქონდა ან არასწორად, ნაწილობრივ ვლინდებოდა.

დამუშავება ორგვარად ხდება: ა) შეგვიძლია პლანეტა დავამუშავოთ თვისობრივად, ანუ გავაძლიეროთ ან შევასუსტოთ მისი მახასიათებლები (ზოდიაქოს ნიშნიდან, ასპექტებიდან გამომდინარე) და ბ) დავამუშავოთ ხარისხობრივად – მისი გავლენა შევცვალოთ.

პლანეტები, რომლებიც სწრაფად მოძრაობენ და დედამიწასთან ახლოს მდებარეობენ, უფრო ადვილად იცვლიან ნათალურ თვისებებს. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

მზე – როგორც მე-ცნობიერების, პიროვნების აღმნიშვნელი უფრო ადვილად შესაცვლელი უნდა იყოს, მაგრამ დამუშავება ან მახასიათებლის შეცვლა – ჩვენს მიდრეკილებებს ეხება. პირველ რიგში, ესაა შინაგანი ამოცანა, რომელიც საკუთარი ინდივიდუალური დანიშნულების ძებნას უკავშირდება („ვინ ვარ მე?“ „რა შემიძლია გავაკეთო?“, „რა არის ჩემი ამოცანა?“). ეს არ ეხება პროფესიას (შენიშვნა: თუ მზე არ უკავშირდება „პროფესიის სახლს“, მაგ: მე-6 ან/და მე-10 სახლს). გარემოში შეგიძლიათ ნებისმიერი საქმით დაკავდეთ, მაგრამ ის შინაგანი გზით, მიმართულებით გადაწყვიტოთ.

დაუმუშავებელი მზის ცნობა შეგვიძლია საკუთარი აზრის უქონლობით, ცხოვრებისეული პოზიციის უცოდინრობით. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი დროის ადამიანთათვის, რომლებიც ადვილად ითვისებენ სხვების აზრსა და პოზიციას, ცხოვრობენ ავტორიტეტული ადამიანების აზრით.

მზის კარმული პოტენციალის კიდევ ერთი თემაა – ეგოიზმი და ეგოისტური სიყვარული. მზისთვის დამახასიათებელია – სინათლე, ნათელის გამოსხივება, შემოქმედებითი ენერგიის ყველაფერში ჩაქსოვა. სხივი/ნათელი კი ყველაზე თანაბრად ვრცელდება. მზისთვის სულერთია როგორ იყენებთ მის ენერგიას, მის სხივებს – ის უბრალოდ ანათებს. დამუშავებული მზე სწორედ ასე იცნობა – ის ეგოისტური სიყვარულით ან გამორჩევით კი არ „ანათებს“ გარშემომყოფებისთვის, არამედ ყველასთვის.

თუ მზე სუსტად ან დისჰარმონიულად ვლინდება – ადამიანი გაუცნობიერებლად კეტავს საკუთარი სულიერი „მე“-ს წყაროს, ფიქრობს, რომ ძალა არ ყოფნის, მისი გრძნობები სხვებისთვის გაუგებარი დარჩება. ადამიანი თავს როგორც სინათლის მასხივებელ სანთლად კი არ გრძნობს, არამედ – „ჯიბის ფანარია“, რომელიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მცირედ აინთება. მზის დამუშავებას უკავშირდება საკუთარ თავში დარწმუნებულობა. ძლიერი და სწორად დამუშავებული მზეს გარე დამხმარეებსა და ხელშეწყობას არ საჭიროებს, არ ელოდება. ადამიანი თავს გრძნობს და გამოხატავს ისე, როგორიც არის იმ დროსაც კი, როდესაც „მთელი სამყარო მის წინააღმდეგ იქნება“. ძლიერი, დამუშავებული მზე ნიშნავს მიიღო გადაწყვეტილება და არა შეეგუო და იცხოვრო როგორც „ხის ფოთოლმა“.

მზე დაკავშირებულია გულთან და გულის ჩაკრასთან. მისი დისჰარმონიული მუშაობა ჩაკრის მუშაობასაც აფერხებს (შენიშვნა: უფრო ზუსტად თუ ვიტყვით – ერთმანეთს განსაზღვრავენ). მზე ჩვენი მიკროკოსმოსის ცენტრალური ფიგურაა და მისი დამუშავება – ჩვენი მთავარი ამოცანაა. როდესაც ვამუშავებთ, უკეთესად ვხედავთ ცხოვრების აზრსა და მიზნებს.

ჰარმონიული ან/და დამუშავებული მზე იძლევა სულიერ და ფიზიკურ დამოუკიდებლობას, სასიცოცხლო ენერგიას, შინაგან დარწმუნებულობას, პატიოსნებას, მოწესრიგებულობას, შემოქმედებითი პოტენციალისა და ნიჭის გამოვლენას.

დისჰარმონიული ან/და დაუმუშავებელი მზე – განსაკუთრებულობის, გამორჩეულობის მოთხოვნილებას და მის გამო ნებისმიერ საქმეზე წასვლას, მოჩვენებით სიმდიდრეს, სხვების ხარჯზე თვითგანმტკიცებისკენ, თავის უკეთესად წარმოჩენისკენ მიდრეკილებას.

მთვარე – თვითშეცნობის, შეცვლის უნივერსალური მანიშნებელია. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ინდივიდუალური განვითარების მაჩვენებლებსა და თვითსრულყოფაზე. ასევე, მთვარე განაგებს ადამიანის ყოველ ჩვევას, ავტომატურ, გაუცნობიერებელ ქმედებებს. მისი დამუშავება ერთდროულად ადვილიცაა და რთულიც. ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც თამბაქოსთვის თავის დანებება სცადა, მიხვდება რას ნიშნავს „მთვარის დამუშავება“.

დაუმუშავებელი მთვარის შესაბამისი ტიპიური მახასიათებლები ჩვენზე ძლიერი ზემოქმედების მქონე მავნე ჩვევები და ყველა ის ემოციური მდგომარეობა/განწყობაა, რაც გვმართავს. დაუმუშავებელი მთვარე შეგვიძლია შევადაროთ სარკიან ოთახს, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვირეკლავს. ადამიანი, დაუმუშავებელი მთვარით, „ყრუა“ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, მისი ურთიერთობები მთლიანად პროექციაზეა (საკუთარი მახასიათებლების სხვისთვის მიწერა) აგებული.

წარმატებით დამუშავება მოითხოვს, რომ ადამიანი ოდნავ მაინც იყოს „გამოღვიძებული“ იმ მნიშვნელობით, რასაც მასში ეზოტერული სწავლებანი დებს. იოგა და სხვა აღმოსავლური სწავლებები მიიჩნევს, რომ ადამიანის ერთ-ერთი ამოცანა – პასიური მდგომარეობიდან გამოღვიძებაა. მთვარე უნდა ასახავდეს გარემოს, მაგრამ მუდმივად არ იმეორებდეს საკუთარ ანარეკლს. მთვარის დამუშავება უკავშირდება პირველი ჩაკრის დამუშავებას.

ცუდად დამუშავებული მთვარე იძლევა გაფანტულ ყურადღებას (ინდივიდი დიდხანს ვერ ჩერდება ერთ საქმეზე), დამახასიათებელია გაფანტულობა, სიზარმაცე, დისციპლინის არიდება, კაპრიზულობა, რთულ სიტუაციებში ისტერიკა. დამუშავება შედარებით ადვილად გამოდის, როდესაც მთვარე მე-3 და მე-7 სახლში იმყოფება, რადგან აზროვნება, ყოველდღიური საქმეები, კონტაქტები, პირადი ურთიერთობები გავლენას ახდენს და მასში აისახება.

 

ვენერა – უკავშირდება სიამოვნებას, კომფორტს, განტვირთვას, ფულს როგორც სიამოვნების წყაროს. სუსტი ვენერა იძლევა სიამოვნების ნაკლებ განცდას (ადამიანს არ ჰყოფნის ფული, დასვენება, კომფორტი…), უგემოვნობას, ცხოვრებისეული სიხარულის განცდის ნაკლებობას. ვენერის ნიშანი (ზოდიაქო, რომელშიც მდებარეობს) განსაზღვრავს საშუალებას, რომლითაც ცხოვრებისეულ სიხარულს, სიამოვნებას განვიცდით, ხოლო სახლი – სფეროს, სადაც ხშირად განიცდება.

მისთვის დამახასიათებელია ოპტიმისტური ხედვა ცხოვრებაზე, ყველასა და ყველაფერთან ღიმილით ურთიერთობა. ვენერა – ეს უნარია გიყვარდეს, რაც სასარგებლოა და არ დაინტერესდე იმით, რაც მავნებელია. ვენერის დახმარების გარეშე, საქმეების სიამოვნებით შესრულება მოიკლებს. დაუმუშავებელი და სუსტი ვენერის ერთ-ერთი მახასიათებელია – მოწყენილობა და უუნარობა რაიმეთი დაინტერესდე. ერთი სიტყვით – ინტერესის უქონლობა ვენერის დაუმუშავებლობაზე მეტყველებს.

ურთიერთობით, სხვებთან კონტაქტით სიხარულისა და სიყვარულის განცდა (თავად სიყვარულიც) ვენერაა და თუ ცხოვრებაში სიყვარული არ გყოფნით ან ვერ განიცდით (მათ შორის საკუთარი თავის სიყვარულიც) – ეს პირდაპირი მანიშნებელია, რომ ვენერა „დასამუშავებელია“. თუ საკუთარი თავისა და სხეულის მიმართ უკმაყოფილო ხართ, გძულთ – ეს ვენერას თვისებების ნაკლებობა ან დაბალი ფორმით გამოვლენაა.

ვენერას დამუშავება – ყოველთვის უკავშირდება პასუხის გაცემას კითხვაზე – „როგორ გამოვიმუშავებთ?“, „როგორ ვხარჯავთ?“. მისი დამუშავება უკავშირდება მეორე ჩაკრის დამუშავებას.

ცუდად დამუშავებული ვენერა ვლინდება სიზარმაცის, ზემგრძნობელობის ან პირიქით – უგულობის, გრძნობების უქონლობის მიხედვით. ძლიერი, მაგრამ უარყოფითად დამუშავებული იძლევა სექსუალურ გარყვნილებას, ეჭვიანობას, სასიყვარულო განცდებს (უარყოფითს), ვულგარულობას.

ჰარმონიული ვენერა წინა პლანზე წევს მის დადებით მახასიათებლებს – კარგ გემოვნებას, ელეგანტურობას, მეგობრულობას. ვენერის დამუშავების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი – სიყვარულის მიმართ დამოკიდებულებაა. ჰარმონიული ვენერა იძლევა გარშემომყოფების, გარესამყაროს უპირობო სიყვარულს, ხოლო დისჰარმონიული – სიყვარულს ითხოვს, მაგრამ არ გასცემს ან გრძნობების „პარაზიტია“.

მარსის თემა თვითგამოხატვაა. თუ ჩვენი ინტერესების დაცვა არ შეგვიძლია ან გვეშინია – ნიშნავს, რომ მარსი არაეფექტურად ვლინდება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ადამიანზე, რომელიც მუდმივად დაკავებული და გადატვირთულია. ადამიანთა უმეტესობის შემთხვევაში მარსი სპონტანურად, სტიქიურად მოქმედებს – როცა რამე სურთ. ასეთ დამოკიდებულებაა პრობლემებთან და კონფლიქტებთან მივყავართ. შემთხვევითი არაა, რომ ტრადიციულ ასტროლოგიაში „ბოროტ“ პლანეტად თვლიან. ის მოქმედებს სტიქიურად, ყოველგვარი ჯანსაღი აზრის გარეშე. თუ დამუშავების გზით მივდივართ, მარსის ენერგია ექვემდებარება მზისა და მერკურის ენერგიას, ჩვენი ქმედებები გაცნობიერებული და დაბალანსებული ხდება.

მარსის მეორე თემაა გამარჯვება და კონკურენცია (კონკურენცია შეჯიბრებაში), ამიტომ, მარსიანული თვისების კორექტირების საუკეთესო საშუალებაა – სპორტი. კარგი იქნება თუ სპორტის სახეობა მარსის ზოდიაქოში მდებარეობას შეესაბამება. გაცნობიერებული ქმედება გვაიძულებს ის ფიზიკური აქტივობა გნვახორციელოთ, რაც მარსის პროდუქტიულ გამოვლენას ხელს შეუწყობს ან გამომუშავდება გამოცდილება, რომელიც არასაკმარისად გვქონდა.

მარსის დამუშავებას პირდაპირ უკავშირდება სექსი, როგორც ფიზიკური აქტივობა. სექსის ბუნებრივი მოთხოვნილება და აღიარება მიანიშნებს მარსის ნორმალურ მუშაობაზე, ხოლო მუდმივი მოთხოვნილება – არაჰარმონიული მარსის ნიშანია.

შევამოწმოთ: თუ იმ სახლის სფეროებში, რომელშიც (ჩვენი რუკის მიხედვით) მარსი მდებარეობს, გვაქვს კონფლიქტი, კამათი, მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემები – მარსის მახასიათებლების დამუშავება აუცილებელიც კი არის.

დისჰარმონიული მარსი იძლევა აგრესიას, თავხედობას, სიბრაზეს, თავშეუკავებლობას, ეგოცენტრიზმს ან ამ თვისებებს სხვა ადამიანებში აწყდება (პროექცია).

ჰარმონიული მარსი – სიმამაცეს, გადაწყვეტის უნარს. ადამიანი „კარგად გაწვრთნილ ძაღლს“ ემსგავსება. საკუთარი ინიციატივით სხვებს არ იწვევს, არ ეკამათება, არ ანადგურებს ყველაფერს, რასაც წინააღმდეგობად თვლის.

კარგად დამუშავებული მარსი იძლევა საკუთარ თავსა და გარემოებებზე გამარჯვების საშუალებას, საკუთარი ინიციატივით წამოწყებული საქმის დადებითად დასრულებას.

მერკურის დამუშავება მზის დამუშავებაზე რთულია. მერკურის პრინციპია – სრული გამჭვივალობა, გამტარობა. რეალიზება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი მზის პრინციპებს გაატარებს, საკუთარი თავის გამოყოფას ისწავლის აზრებისგან, შეხედულებებისგან. სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება მერკურის დამუშავება სრულად, რაც ადვილი ამოცანა სულაც არაა. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ „როგორც მოუხერხდებათ“, არ ფიქრობენ, რომ იდეები და შეხედულებები, რომლებიც მათ აქვთ, ერთ დროს სულაც არ ეკუთვნოდათ, მაგრამ აღიქმება როგორც მათი საკუთარი.

დაუმუშავებელი მერკურის ტიპიური პრობლემაა – კონფლიქტი. რას აკეთებს რიგითი ადამიანი კრიტიკის დროს? თავს იცავს! მაგრამ ჩვენი აზრები, მხოლოდ თვითგამოხატვის ინსტრუმენტია. როდესაც მზე გადაწყვეტილებების მიღების, თვითცნობიერების რეალური ცენტრი გახდება. მაშინ ნათელი იქნება, რომ ჩვენი გონება – მხოლოდ იარაღია, რითიც ჩვენი სული სარგებლობს. ადამიანი დამუშავებული მერკურით აფასებს ჯანსაღ აზრსა და ლოგიკას, ჭეშმარიტებას და არა საკუთარ სიმართლეს. ეს უკანასკნელი მთავარი განმასხვავებელია სუსტი ან/და დაუმუშავებელი მერკურის მქონე ადამიანებისგან.

მერკურის დამუშავება – გონების უმაღლესი ფორმის გამოვლენა, ინტელექტი, მანასია ინდურ ფილოსოფიაში. საკუთარი აზრების ნათელი, ლოგიკური გამოხატვა თავისთავად ხდება, როგორც პიროვნების შინაგანი ცვლილება. დამუშავებული მერკურის კიდევ ერთი „ნიშანია“ სხვების აზრების გაგება და „წაკითხვა“.

დამუშავებას ეხება ნებაყოფლობითი სწავლის უნარი, რომელიც მერკურის დამუშავებასთან ერთად მოდის.

ძლიერი და ჰარმონიული მერკურის მქონე ადამიანს შეუძლია კარგად შეისწავლოს ნებისმიერი სფერო, მიმართულება, კარგად ითვისებს; გამოირჩევა კარგი მეხსიერებით, ინტელექტუალური გადაწყვეტილებების უშიშრად მიღებით.

სუსტი და დისჰარმონიული მერკურის შემთხვევაში ინტელექტუალური გადაუწყვეტელობა ვლინდება იმ დროს, როდესაც გადასაწყვეტია რას დაუჭიროს მხარი, რა ამოარჩიოს. ასეთი ადამიანი პრობლემებს ძალის გამოყენებით ან შემთხვევით წყვეტს, მაგრამ არა – მოფიქრებითა და ჯანსაღი აზრით. უაზრო საუბრის ან/და ჭორების მოსმენისა და მოძიებისკენ, ქურდობისკენ მიდრეკილებაც დაუმუშავებელი მერკურის ნიშანია.

თუ მერკური აზროვნება და აზრია, იუპიტერი – უფრო ზედა დონეა. იუპიტერი პირდაპირ უკავშირდება საკითხებს, რისიც გვწამს ან გვჯერა. ცხოვრებისეული პოზიცია „მე – ძალა ვარ“ – ამ პლანეტას უკავშირდება. მარსი და მზე თუ საკუთარ ნიჭსა და უნარებს ეყრდნობა, იუპიტერი ბევრად მეტს ითხოვს. თვითრეალიზებისა და თვითდარწმუნებისთვის შესაძლოა მოითხოვდეს პრესტიჟულ პროფესიას, ავტორიტეტულობას, პრესტიჟული სოციალური ჯგუფის მიკუთვნებულობას. მისი დამუშავება სხვა პლანეტებიდან გამოყოფით – რთულია.

ადამიანი ჰარმონიული და ძლიერი იუპიტერით გამოირჩევა გახსნილი (ფართო) აზროვნებით, არ ეყრდნობა ცრურწმენებსა და სტერეოტიპებს, პოპულარულ აზრებს. ესაა პიროვნება, რომელსაც მატერიალურის გარდა, სულიერი ინტერესებიც გააჩნია. სანამ საკუთარი თავის არ გვწამს, ვერ „ვიშენებთ“ სოციალურ ცხოვრებას, სხვების მოწოდებებით და სამართლით ვცხოვრობთ – ეს დაუმუშავებელ იუპიტერზე მეტყველებს.

დისჰარმონიული იუპიტერი ადამიანს მატებს სიამაყეს, ეშმაკობას, ორმაგ სტანდარტებს, ავანტიურისტობას, რაც სურს იმის მიუღებლობას. დაუმუშავებელი იუპიტერის მქონე ადამიანი იუპიტერის რამდენიმე უარყოფით მახასიათებელს ერთდროულად ატარებს. მაგ: საკმაოდ ბევრს ხარჯავს საკუთარ პრესტიჟზე, სიამოვნებაზე და ახლობლებისთვის არაფერს იმეტებს, ამავე დროს კი საკუთარი თავის გამართლებას ყოველთვის პოულობს. დაუმუშავებელი იუპიტერის შემთხვევაში ადამიანს უჭირს ერთმანეთისგან გაარჩიოს თავსმოხვეული და რეალური ღირებულებები, ყველაფერს ყიდულობს, რასაც „მოდურად“ შესთავაზებენ ან თვლის.

ჰარმონიული იუპიტერი იძლევა იმპროვიზირების უნარს, ხელგაშლილობას, შინაგანად ჩამოყალიბებულ ღირებულებებსა და პრიორიტებებს, რომელიც ნაკლებად იცვლება გარე ზემოქმედებისგან, ხშირად მიმართავენ რჩევისთვის, ნდობას და პატივისცემას ადვილად იღებენ. დამუშავებული ან/და ძლიერი იუპიტერი იძლევა ავტორიტეტულობას ადამიანებში, მაგრამ ისე, რომ მისი მფლობელი დიდ ძალისხმევას არ ხარჯავს.

სატურნი – კარმული მნიშვნელობით განსაკუთრებული პლანეტაა. ის უკანასკნელია, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს. სატურნის მდებარეობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ე.წ. „შიდა“ დონის პლანეტებს კოლექტიური არაცნობიერზე ზემოქმედების მქონე პლანეტებისგან აცალკევებს, ერთგვარი ზღუდე და კარია მათ შორის. ამიტომ მას უკავშირდება შიში, როგორც რეაქცია ყოველგვარ უცხოსა და უცნობზე. სულიერ ტრადიციებში შიში არის ის, რაც გადასალახი გვაქვს, რაც უნდა მოვიშოროთ ჩვენი არსებობის, „მე“-ს სიღრმისეულ შესასწავლად.

დამუშავებული სატურნის მანიშნებელია: იმ სიტუაციის მიღება, რომელშიც დაიბადე და ცხოვრობ, მოქმედებისთვის მზაობა – ეს სწორედ ისაა, რაც ადამიანთა უმეტესობას არ მოსწონს. ამიტომ სატურნს ხშირად თვლიან „ზიანის მომტან პლანეტად“. რთულია მცირე ცვლილების შეტანა საკუთარ კარმაში, თუ საკუთარ თავს არ იღებ ისეთს, როგორიც ხარ განსჯისა და გაკიცხვის გარეშე; სატურნთან დაკავშირებულია ფაქტების მიღება ისე, როგორც ხდება.

სატურნი ადამიანის წინ აყენებს მიზანს, რომელსაც უნდა მიაღწიოს, ნელა, მიზანდასახულად. მის დასამუშავებლად ბაზისური ჩვევები უნდა განვითარდეს. საუბარია „დაუნტერესებელი ქმედების ეთიკაზე“. ქცევის იგივე სტერეოტიპს, იგივე დამოკიდებულებას საკუთარ თავისა და ცხოვრების მიმართ – „სრულყოფა“ ეწოდება კასტანედასთან. უკეთ რომ გავიგოთ, საუბარია ისეთი ქცევის განხორციელებაზე, რომელსაც აკეთებ თავად მოქმედებისთვის და არა შედეგისთვის (მოქმედება – მოქმედებისთვის). თუ ინდივიდი ასე მოიქცევა, არ იქნება მოტყუება, იმედგაცრუება, არასწორი მოლოდინი და ავადმყოფური განცდები. თუ ჩვენ ვმოქმედებთ მოქმედებისთვის – ძველ კარმას ვიშორებთ, მაგრამ ახალს არ ვქმნით.

დისჰარმონიული სატურნი ანგრევს დამყარებულ კავშირებს, იძლევა მარტოობასა და განცალკევებას, სიღარიბეს, წახალისებისა და წარმატების ნაკლებობას. “თუ „გამოცდებზე“ ტანჯვით ვრეაგირებით – სატურნს ვაძლიერებთ!” – ჩვენი მხრიდან სერიოზული შეცდომაა ვიფიქროთ, რომ „ტანჯვა“ სულს წმენდს. პირიქით – ტანჯვა სულს აცარიელებს, ტანჯვის დახურულ წრეში კეტავს, თუ რა თქმა უნდა, მის მიმართ დამოკიდებულებას არ შევიცვლით.

სატურნს მოსწონს ისინი, ვინც დაბრკოლებებს გადალახავს, არ იტანჯება და ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდება. ამ „თვისებების“ მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ეგოიზმისა და საკუთარი თავის სიყვარულის (ეგოისტური) სრული ან ნაწილობივი უარყოფით. სატურნის დამუშავებით რაც ადრე აღიქმებოდა როგორც ტანჯვა, ახლა სხვანაირად აღიქმება: იგივე ადამიანები, იგივე პრობლემები, მაგრამ დამოკიდებულება – სხვა. სწორედ ამ დროს აღმოაჩენ შესაძლებლობებს, რომლებსაც მანამდე ტანჯვის განცდის გამო ვერ ხედავდი.

სატურნის ერთ-ერთი მთავარი თემაა – „ბედის მიღება“. თითოეული ჩვენგანის ბედი უკავშირდება დაბერებას და გარდაცვალებას. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს საკმაოდ მძიმე და მტკივნეული თემაა, ქვეცნობიერში დევნიან და იშიათად უფიქრდებიან. თვალნათელი და აშკარა ფაქტების მიუღებლობა – ფაქტობრივად სატურნის დამუშავებაზე უარის თქმას ნიშნავს. დროის მსვლელობა ჩვენთვის, რეალურად უნდა იქცეს არა შემაშინებლად, ფუჭად ჩავლილად, არამედ მოქმედების მოტივატორად – ეს ხომ გვეხმარება ცხოვრების მთავარი აზრის გაგებაში.

ურანის სიმბოლო ჯვარსა და წრეს აერთიანებს. ეს მიანიშნებს, რომ სანამ სული მოქმედებს მატერიალური პირობებით, ის სრულად კონტროლდება გონებით. უმაღლესი და დაბალი გონება გაერთიანებულად მოქმედებს. როგორც ცნობილია, ორი ან მეტი ძალის გაერთიანებული მოქმედება ახალ, მესამეს წარმოშობს. ამრიგად, ურანის სიმბოლო ახალი ნოტის გაგებას ნიშნავს, რომელსაც ადამიანი ზეცნობიერთან მიჰყავს. ფაქტობრივად, ურანი აერთიანებს ინტელექტის სახეებს.

ურანი უკავშირდება შინაგან ხედვას (ნათელხილვას), ინტუიციას, ავანტიურიზმს, ორიგინალურობას, გამომგონებლობას. ის იძლევა მიდრეკილებას განსხვავებულის, სიახლის, უცნაურისა და სტანდარტულის საზღვრებს გაცდენილის მიმართ.

როდესაც ურანი კარგადაა ასპექტირებული, ადამიანს მატებს ძლიერ ინტუიციას, მეტაფიზიკისა და გამომგონებლობის ინტერესს. წინასწარ განცდის, „უბრალოდ იცის“ და ლოგიკური აზროვნების ჩვეულებრივი პროცესებით შეუძლია სწრაფად და საკმაოდ ზუსტად იწინასწარმეტყველოს ნებისმიერი მოვლენა და ქცევა. ადამიანი, ასეთი ურანით, კარგად ხედავს პროგრესის გზას. ურანი ადამიანს უბიძგებს იმოქმედოს განსხვავებულად, არატრადიციულად, გამოიკვლიოს მისთვის უცნობი ან/და უცნაური ფაქტები.

როდესაც ურანს უარყოფითი ასპექტები გააჩნია, ადამიანს ამ შემთხვევაშიც მატებს ინტუიციურ ხედვას, გამომგონებლობას, მაგრამ ადამიანს ძალადობრივს, უხეშს, ქაოსურს, გაუგებარს ხდის. საფრთხე მოსალოდნელია აფეთქების, დენის დარტყმისა და სატრანსპორტო საშუალებებისგან. მენტალური გადახრა და საფრთხე შესუსტდება, თუ ადამიანი ცდილობს საკუთარ თავზე იმუშაოს. დამუშავებაში „დიდი დამხმარეა“ ის პერიოდები, როდესაც პროგნოზირების დროს ურანს უარყოფითი ასპექტები აქვს სხვა პლანეტებთან და ამ დროს ადამიანი სიმშვიდეს, თვითკონტროლს ინარჩუნებს, რაც საბოლოოდ რისკისა და სარისკო ქმედებებისგან იცავს.

ნეპტუნის სიმბოლო ადამიანის სულის სამ ბუნებაზე მიანიშნებს და მხოლოდ ის, ვინც უმაღლეს სულიერ ცოდნას მიაღწევს, შეუძლია მათი ფაქიზი გავლენის განცდა/აღქმა.

ნეპტუნის უარყოფითი გამოვლინებაა – ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც ადამიანის ემოციურ ბუნებაზე მოქმედებს, რთულად დიაგნოსტირებადი ფსიქიკური დარღვევები. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნეპტუნის გავლენა გენიოსებსა და არაორგინალური ბუნების ადამიანების დაბადებასაც უწყობს ხელს.

ძლიერი და დადებითი ასპექტების მქონე ნეპტუნი ადამიანს შემოქმედებითობას, სწორად განცდის, წინასწარგანცდის უნარს მატებს. ის საჭირო დროს საჭირო ადგილზე ჩნდება. საგნებსა და სიზმრებს შეუძლიათ ბევრი „უთხრას“ განცდის, გაგების უნარის გამო.

თუ ნეპტუნს უარყოფითი ასპქტები აქვს – ადამიანს ძლიერ უარყოფით განცდებს ანიჭებს, მას უმეტესად უარყოფითი გუნება-განწყობილება ექნება, რის შედეგსაც ავადმყოფობა ან ხასიათის გაუწონასწორებლობა წარმოადგენს. ინდივიდი უარყოფითი ასპექტების მქონე ნეპტუნით იქ ავლენს სირბილეს, სადაც მყარად უნდა იდგეს. მისი ემოციები ძლიერია და თუ გამოხატვის სრული თავისუფლება მიეცა, ვლინდება მომატებულ მადაში, დაურწმუნებლობაში, სიზარმაცეში, ინტრიგებსა და ცვალებადობაში.

კარგად ასპექტირებული ნეპტუნი ნიჭს „გვიხსნის“, ხოლო ცუდად ასპექტირებული – სისუსტეებს, რომლის აღმოჩენა (და შემდეგ დამუშავება) ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შეგვიძლია.

დაზიანებული (უარყოფითი ასპექტების მქონე) ნეპტუნი მომენტალურად რეაგირებს ნებისმიერ უარყოფით ფიზიკურ და მენტალურ მოვლენაზე, კარგი იქნება თუ საკუთარი ბუნების იდუმალი ნაწილის კვლევას დაიწყებს მანამ, სანამ საკუთარი თავის შეცვლას მოინდომებს.

რამდენადაც ნეპტუნი საიდუმლოებებს, გაუგებრობებსა და რთულად ახსნად სფეროს ეხება, მისი გავლენა მეტია ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ის მოქმედებს აღქმაზე, მაგრამ მისი ბუნება ნეიტრალური და სულიერია (სულიერში არ იგულისხმება რელიგიური შინაარსი). ორბუნებიანია – ერთის მხრივ ქაოსი შემოაქვს, ხოლო მეორეს მხრივ – შორსმჭვრეტელობა, ნათელხილვა.

პ.ს. მიიჩნევა, რომ ასტროლოგის ამოცანაა მასთან მისულ ადამიანს „სუსტი“ ადგილი უთხრას და დაამუშავებინოს. რას გულისხმობს „დამუშავება“? დამუშავება ნიშნავს „ყველა იმ რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას, რასაც პლანეტის მდებარეობა გვაძლევს“ (ალექსანდრე კოლესნიკოვი). ვფიქრობ, ესაა სიტყვები, რითიც დამუშავების სტატიის დასრულება შეიძლება.

მომზადებულია კონსტანტინ დარაგანის მიხედვით.

მზის სიძლიერე და დამუშავება

მერკურის სიძლიერე და დამუშავება

ვენერას სიძლიერე და დამუშავება

მარსის დამუშავება

იუპიტერის სიძლიერე და დამუშავება

სატურნის დამუშავება

ურანის სიძლიერე და დამუშავება

პლუტონის სიძლიერე და დამუშავება


About Tamta

Scroll To Top