პლუტონი მე-4 სახლში

პლუტონი მე-4 სახლში

“სირთულე”

დადებითი მახასიათებლები: ოკულტური უნარები, საიდუმლო პროცესების გაგების უნარი, წინაპრებისა და მშობლებისგან დახმარება. ძალა გადაეცემა მემკვიდრეობით (დიდი ალბათობით – დედის მხრიდან). საკუთარ სახლს თავად აგებს.

უარყოფითი მახასიათებლები: წინაპრების, ტრადიციების მიმართ პროტესტი. ბავშვობაში თვითშეფასების დაცემა. ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან რთული ურთიერთობა, გაუგებრობა.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს სიღრმისეულად შეცვლა ახასიათებს, სანამ სრულად არ შეიცვლება. სახლს არსებობის ცენტრის დანიშნულება აქვს და ოჯახის წევრებთან ავტორიტეტის როლის მორგებას ცდილობს. ბავშვობაში კამათის, სკანდალის, ჩხუბის ეპიცენტრში ხშირად ხვდებოდა. ცხოვრების ბოლო პერიოდში შესაძლოა გამდიდრდეს, განსაკუთრებით თუ მეცნიერების ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში იმუშავებს (დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში – ცხოვრების ბოლო პერიოდში სიღარიბეში ცხოვრების ალბათობაა). ეს ადამიანი გარშემომყოფებისთვის „კვდება“ მაშინ, როდესაც მათთან კონტაქტს წყვეტს (და არა ფიზიკური გარდაცვალების დროს).

ოჯახური სერიოზული კონფლიქტების, გარჩევის, „ტირანი“ ნათესავების ყოლის ან/და ერთ-ერთი მშობლის ნაადრევი დაკარგვის, გაშვილების ალბათობაა (ყველაფერი ერთად აუცილებელი არაა).

დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში ინდივიდს საზოგადოებრივი ღირებულებების, ძველი ტრადიციების მიმართ ღია პროტესტის გამომჟღავნება ახასიათებს. საცხოვრებელ ბინაში მოსწონს მუქი ტონებით გაფორმება (ან სახლის “ჩაბნელება”), რაც დაზიანებული პლუტონის შემთხვევაში ოჯახის წევრებს არ მოსწონთ და კონფლიქტს იწვევს. გამჭრიახობით, შორსმჭვრეტელობით და გამომგონებლობით შეუძლია ოჯახის წევრების ცხოვრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.

ოჯახური ცხოვრება საიდუმლოებებს უკავშირდება, შესაძლოა ძალაუფლების გადანაწილების გამო ოჯახში კონფლიქტი ჰქონდეს (განსაკუთრებით მამასთან). მიისწრაფის ოჯახისგან დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ, ჩაკეტილად ცხოვრობს, შესაძლოა ხშირად იცვლიდეს საცხოვრებელ ადგილს. ბავშვობიდანვე ძალაუფლებას თვლის წარმატების, გადარჩენის ერთადერთ წყაროდ.

ასეთი მდებარეობა „პლუტონურ პიროვნებას“ იძლევა, განსაკუთრებით თუ პლუტონი მე-4 სახლის კუსპიდთან (დასაწყისთან) ახლოსაა. ერთ-ერთი მშობელი დიდი ძალაუფლების მქონე და გავლენიანი იყო შვილთან ურთიერთობაში, შესაძლოა ძლიერად დომინირებდა ან/და ავიწროვებდა. თუ ერთი მშობელი ღიად დომინირებს, მეორე – მანიპულირებს. ბავშვობის ტრავმები მშობლებთან ურთიერთობას უკავშირდება: ან ზედმეტად ზღუდავდნენ აღზრდის სტილის გამო ან მათგან სითბოს დანაკლისს განიცდიდა. სხვებთან ერთად თანაცხოვრების დროს, პერიოდულად მნიშვნელოვანია განცალკევება და მარტო ყოფნა (თუნდაც საკუთარ ოთახში).

დიდი ალბათობით ბავშვობაში უბედური შემთხვევა გადახდა ჩამოვარდნით, დაცემით, ზღვაში ჩასვლის დროს. შესაძლებელია ემიგრაცია და ოჯახური გარემოებების სერიოზული ცვლილებები. ოჯახურმა გარემოებებმა შესაძლოა პარანორმალური ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გახსნა გამოიწვიოს. ზებუნებრივი, უცნაური მოვლენები ტრიალდება სახლში და ცხოვრების ყველა სფეროში.

ასევე, შესაძლოა ბავშვობაში ბევრ საიდუმლოებას აწყდებოდა, დანაშაულის, სირცხვილის განცდა ჰქონდა და სხვებისგან საკუთარი თავის „დამალვას” სწორედ ამ პერიოდიდან მიეჩვია.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს მოსწონს/იზიდავს ფსიქოთერაპიული, ფსიქიატრიული კვლევების ჩატარება, დაკვირვება, საიდუმლო ორგანიზაციებში მუშაობა. აღმერთებს ბუნებას, ინტერესდება ეკოლოგიით. მინერალების, დედამიწის ისტორიის კვლევის მოყვარულია. მოსწონს მთაში დასვენება, შესაძლოა ოკულტიზმით იყოს დაინტერესებული.

მეოთხე სახლის პლუტონი მნიშვნელოვან ცვლილებებს, ტრანსფორმაციას იწვევს ოჯახურ ცხოვრებასა და მიკუთვნებულობის სფეროზე. შესაძლოა თავს უფესვებოდ, იზოლირებულად გრძნობდეს. ბავშვობის საიდუმლოებები მნიშვნელოვნად ცვლის მის მოზრდილობას. კიდევ ერთი ვერსიით, მის დაბადებამდე შესაძლოა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ან ახლო ნათესავი გარდაიცვალა.

ოჯახის წევრებსა და სახლში მყოფებზე უცნაურ განცდებს აღუძრავს, მისი კრიტიკა დესტრუქციული და შემაშფოთებელია, დამუშავების შედეგად კი – ზუსტი კრიტიკა ახასიათებს. სუსტი ენერგეტიკის მქონე პლუტონის შემთხვევაში პირიქით ხდება – შესაძლოა ოჯახის ერთ-ერთი წევრის მხრიდან შევიწროვებას განიცდიდეს ან მძიმე ურთიერთობა ჰქონდეს.

სახლში ცვლილებები მოსწონს – თუ საცხოვრებელს არ იცვლის, მაშინ რემონტს აკეთებს, ავეჯს ცვლის…როცა სახლშია, შესაძლოა თავს ძალას ატანდეს ან ზედმეტი ძალისხმევის წყალობით ახერხებდეს სიმშვიდის, მთლიანობის, უსაფრთხოების განცდის შენარჩუნებას.

შიდა პროცესები ამოუცნობი და იდუმალებითაა მოცული, ტრანსფორმაციის „ორმოა“ და ნაკლებად განიცდება „სამოთხედ“. განცდები, უსიამოვნო წინათგრძნობა პერიოდულად იპყრობს და ფსიქოლოგიურ განტვირთას მოითხოვს.

სახლს და საცხოვრებელს ფიზიკურის ნაცვლად ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, რადგან მას უსაფრთხოების დანაკლისი ხშირად აქვს და სახლში ეძიებს. სასურველია ახსოვდეს, რომ სახლი მთელი დედამიწაა.

მე-4 სახლში მდებარე პლანეტებიდან პლუტონისნაირად ძლიერად არცერთი პლანეტა მიანიშნებს ბავშვობის პირველი წლების განცდების, მოვლენების გაანალიზების უდიდეს საჭიროებაზე. სწორედ ამ პერიოდში მომხდარი მოვლენები აირეკლება და ძლიერ გავლენას ახდენს მის ქვეცნობიერ შიშებზე. მათი გაგება პიროვნებაზე სრულ ინფორმაციას მოგვაწვდის.

ინტუიცია ხშირადაა მისი გადამრჩენელი საფრთხის დროს ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებ სიტუაციებში. თუმცა, ინტუიციური ხედვა ცნობიერი გონებისთვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ინტუიციური ხედვა დაეხმარება ძველი პროგრამების მოშორებაში, ემოციური მდგომარეობის კარდინალურ შეცვლაში.

დამუშავება იძლევა იმ უარყოფითის განადგურებისკენ მიდრეკილებას, რაც ადამიანებს და სამყაროს ცხოვრებაში ხელს უშლის. მაღალ დონეზე შეუძლია მნიშვნელოვნად შეიცვალოს და გადააწყოს საკუთარი პიროვნება. თუმცა, შავი ცეცხლი, რომელიც მისი სულის სიღრმეებიდან მოდის – წვავს, ნაწილებად ჰყოფს ისე, რომ შინაგანი მუშაობა თვითდაზიანებებით მიმდინარეობს. მაღალ დონეზე მთლიანად ანგრევს კარმულ კვანძებს, ბედის მწვერვალზე ექცევა, მაგრამ ამისთვის მე-4, მე-10 სახლებისა და მთლიანად რუკის დამუშავებაა აუცილებელი და რაც მთავარია – იმის გაცნობიერება, რომ ყველანაირი ძალაუფლება ღმერთისგან მოდის, ადამიანი კი შემსრულებელია.

უმაღლეს დონეზე დამუშავების გარდა, ყველა დონეზე ადამიანი სულის სიღრმეში წყვდიადში „ცხოვრობს“ და ცხოვრებისეული პოზიცია ასეთია: „სამყარო განადგურებისკენ მიდის და მასზე ძალაუფლება მინდა, რათა პირველი არ დავიღუპო“. კონსტრუქციული ცხოვრებისეული პოზიციის მიღწევა რთულად ხდება, რადგან ფატალურად „ეჭიდება“ სიბნელეს, სიღრმეში წასვლას. ცხოვრებისეული პოზიციების გამყარების ნაცვლად უფრო ადვილად ახერხებს თავის მოკატუნებას.

სრული დამუშავების დროს ძალაუფლების კომპლექსი გადაილახება და შესაბამისად განადგურების შიში ეხსნება, ფეხზე მყარად დგება.

სხვა პლანეტებთან დადებითი ასპექტები – ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გახსნას, ოკულტურ მეცნიერებებში წარმატებას (პარაფსიქოლოგია, მეტაფიზიკა, მაგია…) ხელს უწყობს. სულიერი პრაქტიკა სახლში ან სხვებისგან ფარულად მიმდინარეობს.

უარყოფითი ასპექტები – უსიამოვნო ცვლილებების, ბუნებრივი კატაკლიზმების დროს საფრთხეს, სამშობლოდან იძულებითი ემიგრაციის ალბათობას ზრდის.

ამოცანას წარმოადგენს:

ა) შინაგანი ტრანსფორმაცია, ცნობიერების ფუნდამენტური შეცვლა.

ბ) ოჯახური უსაფრთხოების უფრო მისაღები ფორმის შემუშავება, რომელიც სხვა ადამიანების კონტროლს არ საჭიროებს. ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა და მათთან ურთიერთობის დროს თვითკონტროლის შესუსტება.

გ)წარსულის საიდუმლოებების გარკვევა.

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრნდობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top