პლუტონი 1-ელ სახლში

პლუტონი 1-ელ სახლში

სიკვდილი არა უკანასკნელი (ფინალური), არამედ ცხოვრების მეორე მხარეა

მნიშვნელოვანიასხვებისა და საკუთარ ძალას/ენერგიას შორის წონასწორობის შენარჩუნება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა სხვებს საკუთარი ნება არ უნდა მოახვიოს.

სასურველია – ძალაუფლების სურვილის, დიქტატორული მანერების, სხვების მანიპულირების სურვილის კონტროლი, ფულის ვალად გაცემაზე თავის შეკავება.

პლუტონი პირველ სახლში საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანზე როგორც პიროვნებაზე, ასევე მის სასიცოცხლო ენერგიაზე, მიზნებზე, ძალაზე, ფსიქიკურ შესაძლებლობებსა და ზემგრძნობელობაზე. როგორც წესი, ასეთი ფსიქოლოგიური პოტენციალი შეუმჩნეველი არ რჩება. ის მუდმივად ცდილობს კრიზისებისა და რთული სიტუაციებისგან გამოსავლის მოძებნას. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ენერგიის ამოუწურავი მარაგი აქვს. დაგროვილი ენერგიის გამოშვება აუცილებელია, რათა გადატვირთვა და ფეთქებადობა აირიდოს.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ჰარმონიულ ვარიანტში – ძლიერი, მოუსვენარი, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკოსი და ჟინიანია. ცვლილებებისკენ მიდრეკილია. ძველ მახასიათებლებს ახლით ცვლის. საქმეების ბოლომდე მიყვანა ახასიათებს. სხვებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაძლოა ინფექციური დაავადებებისკენ იყოს მიდრეკილი. ძალაუფლებისმოყვარეა. პლუტონის დაზიანების შემთხვევაში – ცხოვრების უფუნქციოდ ან ზერელედ გატარების, სკანდალურობის, ჩაკეტილობის ალბათობაა. შინაგანად დაურწმუნებლობა ახასიათებს, რაც გარეგნულად სისასტიკის ან საკუთარი თავის ზედმეტად წარმოჩენაში ვლინდება. თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება ვლინდება. სხვების ხელით საქმის კეთებისკენ, სხვების გამოყენებით წარმატების მიღწევისკენ მიდრეკილება ვლინდება.

პლუტონის ეს მდებარეობა ძლიერ გავლენას ახდენს სულიერ განცდებსა და განწყობაზე – ძლიერი განცდები, შინაგანი დაძაბულობა, შფოთვა, იდეალისტური და ეგოისტური მისწრაფებები. ამასთანავე, ცხოველური ინსტინქტები ძლიერდება, რომელთა გამოხატვაც აუცილებელია. თუ ინსტინქტური საწყისები კონსტრუქციული სახით ვერ ვლინდება, ნერვულ-ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, დაავადებებს ან თვითგანადგურებას უწყობს ხელს.

საერთოდ, პლუტონის ეს მდებარეობა კარგია სულიერად განვითარებული ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი ძალით სხვების დასახმარებლად  მზად არიან. ეს ადამიანები რწმენის მიმდევრებად, საკუთარი სამშობლოს, ორგანიზაციის თუ კაცობრიობის სამართლიანობის დამცველებად გვევლინებიან. მათთვის ზედგამოჭრილია პროფესიები, რომლებიც სხვების დახმარებას ითვალისწინებს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში პლუტონი დრამატულად ვლინდება – ფეთქებადები, აგრესიულები, რევოლუციონერები, ბუნტის მომწყობნი არიან. ამ ადამიანებს გავლენიანი მეგობრების ყოლის სურვილი აქვთ.

ამ ადამიანის მზერა ხშირად პირქუშია. ის ბედისწერას, ფინალურ წმენდას ატარებს, რაც არცთუ სასიამოვნო პროცედურაა. სამყაროს ხედვა შეიძლება იყოს საკმაოდ ჩვეულებრივი, ერთი განსხვავებით: ზოგიერთ შემთხვევაში ის საკმაოდ დეტალური ხედვით ხასიათდება, განსაკუთრებით როცა რაიმე სიტუაციაა „გასახსნელი“ ან წმენდვას მოითხოვს. კარგად ხედავს ყველა იმ ფაქტს თუ თვისებას, რასაც ადამიანები მალავენ. მისი (პლუტონის პირველ სახლში) თანდასწრებით ტყუილის თქმა და თვითმოტყუება უძნელდებათ (ამ მდებარეობის დამუშავების შემდეგ). განვითარების დაბალ დონეზე ქვეცნობიერად მიდრეკილია თვითგანადგურებისკენ, პესიმიზმისკენ, ფანატიზმისკენ. იშვიათადაა ცხოვრებით გახარებული. სასურველია (და აუცილებელიც) თუ ენერგიისთვის მიმართულების მიცემას, ცხოვრებაზე აზრის შეცვლას ისწავლის. ყველგან ცვლილებას ხედავენ. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში – ცხოვრების შავ-თეთრი ხედვა ყალიბდება. ერთ ნაწილს შიშები, ფანატიკური იდეები აქვს, ხოლო მეორე ნაწილი დიდ ნებისყოფას ავლენს და საკუთარი გზით მიდის.

როგორც წესი, ბოლო დროის ტექნიკით ინტერესდებიან. შესაძლოა ბავშვობაში სიღარიბეში უწევდა ცხოვრება, ამის გამო არსებობისთვის ბრძოლას მიეჩვია. რეგენერაციის ძლიერი უნარით გამოირჩევა, თუმცა პრობლემებზე „ჩაციკვლა“ ახასიათებს. ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევს. ძალაუფლებისა და ვინმეს ან რამის კონტროლის სურვილი მის გონებას ძლიერად იპყრობს. შედეგად ჟინიანობა და შინაგანი დაძაბულობა სხვადასხვა დაავადებების ან ნერვულ-ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობის სახით ვლინდება. გამოხატული ინდივიდუალურობის გამო შესაძლოა სამსახურში, ქორწინებაში ან ოჯახში საკუთარი ადგილის პოვნა გაუჭირდეს.

ზოგადად, ძლიერი ენერგეტიკითა და ენერგიით ხასიათდება, რისი შეკავებაც რეკომენდებული არაა. ენერგია (ფიზიკური, სექსუალური, ფსიქიკური…) უნდა დახარჯოს, თუნდაც სუბლიმირების სახით. მაგ: სექსუალური ენერგიის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ხელოვნებაში, ფიზიკური ენერგიის – ვარჯიშში და ა.შ. შესაძლოა სხვებთან ურთიერთობა უჭირდეთ, ინტროვერტები იყვნენ. თუმცა საკუთარი თავის ფეხზე დაყენება ყოველთვის შეუძლიათ.

მნიშვნელოვანი საკითხები:

თვითგამოხატვა – ინდივიდს თვითგამოხატვის ძლიერი სურვილი აქვს, შესაძლოა ქვეცნობიერადაც. სხვების სიმპათიასა და მოწონებას ადვილად იმსახურებს ან პირიქით – თავიდანვე ითვალისწუნებენ. იშვიათ შემთხვევებში – ადამიანებს თან უყვართ და თან ვერ იტანენ. ეს ყველაფერი გაივლის, რადგან პლუტონის პირველ სახლში მდებარეობა თავისთავად მოითხოვს სხვებსა და საკუთარ თავს შორის ფსიქოლოგიურ გაერთიანებას. ენერგია, რომელსაც ფლობს ერთი შეხედვით შეუმჩნეველია ან პირველ შეხვედრაზე არ ვლინდება.

ბუნებრივობა – მათი ბუნებრივი სახის წაკითხვა რთულია, თუმცა ვერ დააიგნორებ. არის რაღაც იდუმალი, ფარული, ამოუცნობი, რაც ძლიერად იგრძნობა. ამ ადამიანების დასახასიათებლად შეგვიძლია შემდეგი წინადადება გამოვიყენოთ –  „მე არ ვარ ისეთი, როგორიც გგონივართ. ეს ერთ-ერთი მხარეა“.

თვითცნობიერება – შინაგანად სიღრმისეული განცდები და ემოციებით დატვირთულია. საკუთარი თავის შეცნობის ძლიერი მოთხოვნილება აქვს. როცა ემოციური რეაქციები „მზადდება“, ამ პერიოდში საკუთარი სიღრმისეული ნაწილის შეცნობა შეუძლია. როგორც წესი, ფეთქებადი ბუნების არის. თუმცა გარეგნულად მშვიდი მიმიკით შემოიფარგლება.

ზღვარი – მძლავრი მაგნეტიზმი და მიზანმიმართული ემოციურობა შინაგან და გარეგან რეალობას შორის კონტაქტს უზრუნველყოფს. გამოხატვის დროს ზედაპირულობა, დაბლოკვა ან „გაყინვა“ კავშირის დამყარებას ხელს უშლის და ფარული მანიპულაციის ყველა ფორმა, როგორიცაა ემოციური ძალაუფლება/მართვა – ორივე სამყაროს ქაოსურად აკავშირებს. ამ შემთხვევაში ინდივიდის ამოცანაა – გარე და შიდა რეალობის „შედნობა“ ისე, რომ არცერთი განადგურდეს.

სიცოცხლისუნარიანობა – ეს ადამიანი ფლობს შესანიშნავ ძალას. უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგიური დარღვევები ან გაუწონასწორებლობა უფრო მეტად იქნება დამახასიათებელი, ვიდრე ფიზიკური სირთულეები. ინტენსიური, სიღრმისეული ჩვეულებები აქვს. სასურველია ისწავლოს, რომ საკუთარ თავზე ყველაფერი სარისკო და ექსტრემალური არ გამოსცადოს. თუ რაღაც უნდა „დაატრიალონ“, აჯობებს ეს მათი დადებითი თვისებების „დატრიალება“ და ამოქაჩვა იყოს. უკან, ბუმერანგის პრინციპით დაბრუნება ამ მდებარეობის დამახასიათებელია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამას დროულად მიხვდება – ცხოვრება იმას უბრუნებს, რაც გასცა. ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თვითწმენდა და განვითარება. რჩევა – გახსოვდეთ, რომ უკიდურესი ქმედებები (მათ შორის წმენდვის) გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გზა არ დარჩა.

დამუშავების შემდეგ ძლიერი ფსიქოლოგიური და სულიერი უნარების გამოვლენა ხდება. შემოქმედებით ადამიანად ყალიბდება. ხალხთან, საზოგადოებასთან მუშაობას სწავლობს. შესაძლოა იყოს საკმაოდ მაღალი დონის ფსიქოლოგი. საერთოდ, პლუტონის მთავარი გაკვეთილი – მორჩილებისა და თავმდაბლობის განვითარებაა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაანეიტრალოს პირადი დონის (საკუთარ ცხოვრებაში სხვების) ან მსოფლიოს მართვის სურვილი.

პლუტონის დადებითი ასპექტები ძალაუფლებისკენ ძლიერ მიდრეკილებას, თვითდარწმუნებას, დადებითი ცვლილებების მიღწევას აძლიერებს. ხოლო უარყოფითი ასპექტები – ხასიათის უარყოფით თვისებებს: ეგოიზმი, აგრესიულობა, სისასტიკე, ანგარიშიანობას, შურისძიებას.

ქვემოთ მოყვანილი ასპექტები ეხება პლუტონის 1-ელ სახლში მდებარეობის შემთხვევაში შექმნილ ასპექტებს.

პლუტონის შეერთება ასცენდენტთან  შემდეგ მახასიათებლებს იძლევა: სულიერი და ფსიქიკური ძალა, ძალაუფლება, საზოგადოებაზე, მასაზე გავლენის მოხდენა, შთაგონების ძალა, დარწმუნების უნარი, ექსტრასენსორული უნარები.

პლუტონის შეერთება:

მზესთან – ძლიერი ნებისყოფა, ენერგია, ფსიქიკური შესაძლებლობები, ზემგრძნობელობა, ზებუნებრივი მაგიური შესაძლებლობები; ძალაუფლებისკენ მიდრეკილება, გარშემომყოფებზე ძლიერი ზეგავლენის მოხდენის უნარი.

მთვარესთან – ფანატიზმი, ფსიქიკური დისბალანსი, სულიერი „იარები“, ძლიერი ინტუიცია, ადამიანტა ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენა, სხვების განკურნების უნარი.

მერკურთან – ცნობისმოყვარეობა, გამჭრიახობა, შორსმჭვრეტელობა, გონებამახვილობა, მეცნიერებების მიმართ ინტერესი, ორატორული შესაძლებლობები, ავანტიურიზმი, მოტყუებისკენ მიდრეკილება.

ვენერასთან – ძლიერი მგრძნობელობა, სექსუალურობა, ვნებიანობა, ფსიქოლოგიური შესაძლებლობები, ხელოვნებისა და მედიცინის ინტერესი.

მარსთან – ძლიერი დამანგრეველი ენერგია, ძლიერი ნებისყოფა, ხელმძღვანელობის ნიჭი, ძალაუფლებისმოყვარეობა, ლიდერობა, აგრესიულობა, უშიშრობა, ექსტრემალური სიტუაციების მოყვარული, სავარაუდო პროფესიები: კრიმინალისტიკა, სამხედრო საქმე, გამომძიებლობა.

იუპიტერთან – ენერგია და ნებისყოფა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, თვითდარწმუნებულობა, ავტორიტეტულობა, ინტუიცია, საზოგადოებასთან დაკავშირებულ საქმეებში წარმატებულობა, სპეკულაციებისა და ავანტიურიზმისკენ მიდრეკილება.

სატურნთან – შეუპოვრობა, მიზანმიმართულობა, სადმიზმამდე მისული სისასტიკე, კატასტროფებში და უბედურ შემთხვევებში მოხვედრის რისკი (უარყოფით შემთხვევაში).

ურანთან – ექსტრემიზმი, ფანატიზმი, აგრესიულობა, აქციებისა და დემონსტრაციების მიმართ მიდრეკილება, მოულოდნელი ცვლილებები.

ნეპტუნთან – სხვა მახასიათებლებიდან გამომდინარე ან მორალური დანაკარგი ან სულიერი ხელახლა დაბადება და ახალი სოციალური წინსვლა, ახალი ცხოვრების დაწყება. ეს ასპექტი იშვიათად უკავშირდება ძალადობასა და იძულებას.

პლუტონის დადებითი ასპექტი (ტრინი, სექსტილი):

მზესთან – ძლიერი ავტოიტეტი, კარგი რეპუტაცია, ძალაუფლებისა და პატივის სიყვარული, საკუთარ თავში დარწუნებულობა, მასაზე გავლენის მოხდენის უნარი, პოპულარობა.

მთვარესთან – ექსცენტრიულობა, ემოციების ძლიერი გამოხატვა, ადამიანთა ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენის უნარი, სამკურნალო უნარები, ცვლილებებისა და მოგზაურობისკენ  მიდრეკილება.

მერკურთან – კარგი ინტუიცია; ძალოვან სისტემასთან თანამშრომლობა ან თანამშრომელი.

ვენერასთან – ძლიერი ინსტინქტები, ვნებიანობა, წარმატებული ქორწინება, ხელოვნების სიყვარული, ხელოვნებასთან, მეცნიერებებთან ან მედიცინასთან დაკავშირებული პროფესია.

მარსთან – სამხედრო, კრიმინალისტურ, საგამომძიებო ან უსაფრთხოების სისტემაში წარმატების მიღწევა.

იუპიტერთან – ძლიერი ენერგია, ნებისყოფა, თვითდარწმუნებულობა, პატივმოყვარეობა, მიზნების მიღწევის უნარი; სულიერი განვითარებისკენ მიდრეკილება. ხშირად ექსტრასენსორული უნარებს ამჟღავნებენ.

სატუნრთან – პატივმოყვარეობა, ძალაუფლებისკენ მიდრეკილება, გონიერება, ფხიანობა, რთული სამუშაოსკენ მიდრეკილება.

ურანთან – გამომგონებელი, ლიდერი, რაციონალური ანალიზისა და თვითგამოხატვისკენ მიდრეკილება.

ნეპტუნთან – ცნობადობა, ფულადი შემოსავალი განსხვავებული (უჩვეულო) გზებით, ზღაპრული პოპულარობა, საზოგადოებასთან, აუდიტორიასთან დაკავშირებულ სფეროებში წარმატებულობა, შემოქმედებითი და /ან ხელოვანი ადამიანია.

პლუტონის უარყოფითი ასპექტები (ოპოზიცია, კვადრატი):

მზესთან – იმპულსურობა, სიფიცხე, დაუფიქრებლობა, აგრესიულობა, მოუთმენლობა, დესპოტიზმი ან ძალადობისკენ მიდრეკილება.

მთვარესთან – გაუწონასწორებლობა, ემოციურობა, ფანატიზმი, დამანგრეველი ქვეცნობიერი იმპულსები,  ვნებიანობის ავადმყოფური გამოხატვა, ქვეცნობიერ დონეზე აგრესიულობა.

მერკურთან – გაღიზიანებადობა (უფრო მეტად გონებრივი), წინააღმდეგობრივი აზრები, ნევროზულობა, ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა.

ვენერასთან –  ფანატიზმი, ეგოიზმი, დაბალი დონის ეროტიკისკენ მიდრეკილება, სექსუალურ სფეროში აგრესიულობა (ან სექსუალური „მიზეზით“ აგრესიულობა), პარტნიორულ ურთიერთობებში ფეთქებადობა.

მარსთან – ძლიერი დამანგრეველი ენერგია, მიზანსწრაფვა, აგრესიულობა, ექსტრემალური და სარისკო ქმედებებისკენ მიდრეკილება. სასურველია ხანძარს, მჭრელ იარაღებს მორიდება.

იუპიტერთან – ავტორიტეტულობა, მოუთმენლობა, მოულოდნელი დაშავება, უბედური შემთხვევებისკენ მიდრეკილება. სასურველია უსამართლო, უკანონო და სპეკულაციურ ქმედებებს მოერიდოს.

სატურნთან – გადაჭარბებული პატივმოყვარეობა, აგრესიულობა, ძალადობისა და დანასაულებრივი ქმედებებისკენ მიდრეკილება. ურანთან – ჟინიანობა, ცხოველური ინსტინქტები, ფანატიზმისა და ექსტრემიზმისკენ მიდრეკილება. შესაძლოა ფსიქოლოგიური ან ნერვული გაუწონასწორებლობა.

ნეპტუნთან – აზროვნებასა და ქმედებებში ქაოსი, თვითმოტყუებისა და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება.


დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, ჰერბსტი, კოლესნიკოვი, ვრონსკი, გლობა, aquarun. ru.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top