პლუტონი

პლუტონი

„რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს“

ნგრევისა და განახლების (მეორედ დაბადების), ცნობიერების საზღვრებს გარეთ გამყვანი პლანეტა

ფუნქცია: უმაღლესი კოლექტიური ნება

პლუტონი მართავს მორიელის ზოდიაქოს ნიშანსა და მე-8 სახლს. ის ითვლება მარსის უმაღლეს ოქტავად, ფიზიკურზე მეტად უფრო სულიერი გავლენით.

ეს უცნაური, ყინულოვანი პლანეტა არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, ამიტომ მისი გავლენა და თვისებები ადამიანზე ნაკლებადაა გამოკვლეული. ცნობილია, რომ პლუტონის ორბიტა მჭიდრო კავშირშია პლანეტარულ სისტემასთან, პლუტონის ერთი წელი შეესაბამება 249 წელს, ამიტომ მისი გავლენა ეხება პირველ რიგში თაობას, საზოგადოებას და არა ცალკეულ ადამიანებს. პლუტონი ერთ ნიშნი გავლას 12-32 წელი უნდება, ამიტომ მისი გავლენა თაობებზე ნაწილდება. პლუტონის ზოდიაქოს სახლში მდებარეობას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

პლუტონის აღმოჩენა პერსივალ ლოუელის სახელს უკავშირდება. მან პირველმა გამოთქვა ვარაუდი პლუტონის არსებობის შესახებ. თუმცა პლანეტა კლაიდ ტომბომ შეამჩნია, რომელმაც ივარაუდა, რომ პლანეტა „იქსი“ ტყუპების თანავარსკვლავედში უნდა მოეძებნა.

1930 წლის 13 მარტს, ლოუელის 75 წლის იუბილეზე სამყარომ ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ შეიტყო. ადამიანთა ნაწილი თვლიდა, რომ მას პირველი მკვლევრის სახელი – „ლოუელი“ შეეფერებოდა, მაგრამ ინგლისში, კერძოდ ოქსფორდში მცხოვრები 11 წლის გოგონას – ვენეცია (ვინიში) ბერნის ვერსიით პლუტონი უწოდეს.

გოგონამ პლანეტის აღმოჩენის შესახებ ბაბუისგან შეიტყო. ის კარგად იცნობდა მითოლოგიას და ასტრონომიას. ვენეციას მოულოდნელად გონებაში მიწისქვეშეთის მბრძანებლის სახელი ამოუტივტივდა. გოგონას ბაბუა ერთ-ერთი ასტრონომის ნაცნობი იყო, რომელმაც ლოუელის ლაბორატორიას ტელეგრაფით აცნობა.

და მართლაც, ეს სახელი ყველაზე მეტად შეეფერებოდა მზის სისტემის პერიფერიაში აღმოჩენილ პატარა პლანეტას. მისი პირველი ორი ასო კი ზუსტად იმეორებდა აღმომჩენის (Percival Lowell – PLuto) ინიციალებს. 1930 წლის 1 მაისს პლანეტას პლუტონი ოფიციალურად უწოდეს.

მითოლოგიაში პლუტონი (რომაული; ჰადესი-ბერძნული) ქვესკნელის მბრძანებლად ითვლება. ტიტანების დამხობის შემდეგ, როდესაც ძმებმა ძალაუფლება გაიყვეს, ჰადესს ქვესკნელის, მიცვალებულთა სამეფო ერგო. პლუტონისეულ ვერსიაში მას ჯადოსნური მუზარადი ახურავს, რომელიც უხილავს ხდის. მას მსხვერპლს არ სწირავდნენ და შვილებიც არ ჰყოლია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს პლუტონი პლანეტებს შორის არ ითვალისწინებენ, ასტროლოგიაში მას საკმაოდ ხანგრძლივ და ადამიანთა ცნობიერებაზე გავლენის მომხდენ პროგრამებს მიაწერენ.

პლუტონის სიტყვა-გასაღები:

  • აღმოსავლური საძმო, კრივი, სხვადასხვა რბოლები, სპორტული და საბრძოლო ხელოვნება
  • ინტეგრალური იოგა, ცი-ენერგია, ენერგეტიკა, ახალი შესაძლებლობების აღმომჩენ-მეგზური, მეორე სუნთქვის გამხსნელი. სიღრმისეული კვლევა,
  • ახალი ტექნოლოგიები და მიღწევები, მსოფლიოს გლობალური ქსელი (ინტერნეტი),ლაზერი, კოსმიური გამოკვლევები.
  • პოლიტიკა, ტელე-ინდუსტრია, შოუ-ბიზნესი, პოპ-კულტურა, ბრბო, მასობრივი და საკარნავალო გამოსვლები, მსხვილმასშტაბიანი დემონსტრაციები,
  • ლითონები და მეტალურგია
  • საერთაშორისო მაფია და კლანები, დაჯგუფებები, სპეცნაზი, უშიშროების სამსახური.

ბედ- იღბალი: გენიალურობა, რღვევა, გადატრიალებები, კრიზისი, მტრობა, რომლის წინააღმდეგაც სამართლებრივი დაცვა უძლურია, ფეტიშიზმი, პროტექცია.

ქმედება და მოვლენები: რაფინირებული ქმედება, სამოქალაქო დიქტატურა, ინტიმური კონტაქტები, ეგზოტიკური ინტერესები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ქმედება, არანორმალური მოლაპარაკებები.

პირები: არაღიარებული გენიოსები, თაღლითები, ფსიქოპათები.

სიკვდილი: მოულოდნელი, იდუმალებით მოცული, ასევე დაუდგენელი დაავადებებისგან.

დადებითი თვისებები: შინაგანი ძალა, აქტიურობა, ენერგიულობა, მიზანმიმართულობა, შეუპოვრობა (რომელიც ხშირად სირბილის უკან იმალება), ენთუზიაზმი, იმედიანობა, კოლექტიურობა, ძლიერი ორგანიზაციული საწყისები, ბოლომდე მიყვანის სურვილი. სიმპატიის მოპოვების უნარი, აუდიტორიის „დაჭერა“. განკურნებისკენ მიდრეკილება. სიყვარულისა და იდეებისადმი თვითშეწირვადობა.

უარყოფითი თვისებები: დაფარულობა, შურისმაძიებლობა, გესლიანობა, ეჭვიანობა, შეუწყნარებლობა, ტირანია, სიმკაცრე, დესპოტიზმი, მონოპოლიზმი, ეგოისტურობა, მანიაკალურობა, ფსიქოპათოლოგობა. სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი წინააღმდეგობა, ავტორიტეტებისა და კანონების მიმართ დაუმორჩილებლობა. თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება, სისხლის, ვამპირობისა და სადიზმისკენ მიდრეკილება, ფობია, მანია, ფატალურობა, უპრინციპობა

ფიზიოლოგიურად შეესაბამება: ორგანიზმის დაფარული რეზერვები. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები; ლიმფური კვანძები. ცხვირის ლორწოვანი გარსი. პანკრეასი. იმუნური, შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა. ეროგენული ზონები. ფერმენტები.

დაავადებები: მემკვიდრეობითი დაავადებები. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, ვენერიული (მათ შორის შიდსიც); მარილების დაგროვება, ართრიტი, ათეროსკლეროზი. რთულად დადგენადი დაავადებები, რომელთა წინაშეც წამალი უძლურია.

სიგნიფიკატორი (მანიშნებელი): მკვეთრი ცვლილებები, კრიზისი, სულიერი გარდასახვა (ხელახლა დაბადება), სიკვდილი; ჰიპნოზის ჩამტარებელი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, პათოლოგანატომი, ქირურგი, ექსტრასენსი, მკურნალი, რეანიმაციის ექიმი, გადამრჩენელი, შემლოცველი, შამანი, ილუზიონისტი, პროკურორი, საიდუმლო სამსახურის აგენტი. სოციალური მოძრაობა, სოციალური ლიდერი ან მსხვილი ორგანიზაციის მმართველი, ბანკი, პოლიტიკური პარტიები, კრიმინალური სტრუქტურები; გაურკვეველი დაავადებით ან საიდუმლო სიკვდილი.

შესაბამისი პროფესიები: საბრძოლო ხელობა, კვლევითი სამუშაო, მიწისქვეშა სამუშაოების სპეციალისტი, მაგია, გერონტოლოგია, არქეოლოგია, გეოლოგია, სექსოლოგია, ფსიქოლოგია, ჰიპნოზი, ბირთვული ენერგია, შემოსავლების სამსახური, დიპლომატია, კრიმინალისტიკა, ბანკირი, საბანკო სისტემის თანამშრომელი, ქირურგია, დამკრძალავი ბიურო, მკურნალი, მასაჟისტი, მაკლერი, დეზინფექტორი. უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში – მოთამაშე, თაღლითი, შარლატანი, ჟიგოლო.

პლუტონი – დიდი ძალის მქონე პლანეტაა, რომელიც ადამიანის კოსმიური ენერგიის ტრანსფორმაციაზე მიანიშნებს. ძირითადად ომისა და სტიქიური მოქმედებების დროს ირთვება. აღსანიშნავია, რომ ეს პლანეტა ითვლება მასობრივი მისტერიების მმართველად: შეხვედრები, მიტინგები, აქციები, დემონსტრაციები… ურანთან ერთად ყველაფერ ძველს ანგრევს, ახალს აშენებს. ეს ეხება როგორც სტრუქტურებს, ასევე კანონებს. პლუტონი არავის და არაფერს ცნობს, მხოლოდ უმაღლესი კოსმიური კანონით მოქმედებს. ეს პლანეტა მსოფლიო გონის სიმბოლოა, რაც კარგადაა ასახული ზოდიაქალურ სისტემაში.

ერთის მხრივ, პლუტონი ადამიანზე მოქმედებს როგორც მკურნალი, რომელიც მის მეორე დაბადებას ხელს უწყობს და ინდივიდუალიზაციის პროცესის სტადიაზე მიანიშნებს. მეორეს მხრივ – ადამიანს, როგორც კოსმოსის ნაწილს, საშუალებას არ აძლევს საზოგადოების, ხალხისა და კაცობრიობისგან გამოცალკევდეს.

პლუტონის კარმულ როლს ადამიანის ტრანსფორმაცია, მისი ძველი პროგრამების მოცილება წარმოადგენს. წმენდისა და კათარზისის მეშვეობით ინდივიდს უფრო მეტად ზრდის და ცნობიერების ზედა დონეზე გადაყავს. ანუ პლუტონი ინდივიდს პოტენციალის სრულად გამოვლენაში ეხმარება.

პლუტონის, როგორც უმაღლესი მარსის ენერგია შეიძლება გამოიყენო როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. შეიძლება იყოს როგორც სიხარულის, სიკეთის მომტანი, ასევე მწუხარებისა და ბოროტების. მისი გავლენით ადამიანი შეხედულებებსა და აზრს იცვლის.

პლუტონი – მარსის უმაღლესი გამოვლინებაა. თუ მარსი ინდივიდუალურ ნებას წარმოადგენს, პლუტონი – ინდივიდუალურს კოლექტიურ ნებასთან აკავშირებს. ერთმანეთს რომ შევადაროთ, მარსი – უბრალო „ხულიგანია“, ხოლო პლუტონი – „ბანდის ლიდერი“. პლუტონი გვიჩვენებს, როგორ ვახერხებთ მასის, ხალხის ენერგიის აკუმულირებას: ან ადამიანი მოქმედებს მასაზე, ან მასას ექვემდებარება. საუკეთესო შემთხვევაში – პლუტონიანელი (ძლიერი პლუტონის მქონე) ანგრევს, რათა ააშენოს. უდიდესი ძალა და ძალაუფლება, რომელსაც ეს პლანეტა იძლევა, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანების საზიანოდ. ამ შემთხვევაში სხვისთვის მიყენებული ზიანი ბუმერანგის პრინციპით უკან დაბრუნდება.

თუ მარსი ინდივიდუალური ნების სიმბოლიზირებაა, იუპიტერი – სოციალურის, პლუტონი კოსმიური ენერგიის, დიდი მასების ნებას წარმოადგენს. მას ქაოსი მოაქვს და „ჩართვისას“ საკუთარ თავზე ძლიერი ხდებიან. პლუტონი იძლევა ნებაზე კონცენტრირებას და სხვა ადამიანებისკენ მართავს იუპიტერის დახმარებით.

ფიზიკურად შეესაბამება ვაკუუმის შემოქმედებით ძალას, არაფრისგან ნაწილების შექმნას, ვირტუალურ ნაწილაკებს, შამბალას ენერგიას, აბსოლუტის შემოქმედებით ძალას. ერთ-ერთი ვერსიით, პლუტონი ესაა ადამიანისთვის ენერგიის მიმცემი პლანეტა.

პლუტონის მახასიათებელს შესაძლოა შემდეგი ფორმულირება მიეცეს:

ის ქმნის სამართლიანობის, ნგრევის, ტრანსფორმაციისა და აღდგენის, დაბადებისა და სიკვდილის საიდუმლოების სიმბოლიზაციას. ის რაც დიდხანს მზადდებოდა საიდუმლოდ, ტრანსმუტაცია. პლუტონი გენიალურობის, ქვეცნობიერი ძალების შეფასებისა და რეგენერაციის პრინციპს წარმოადგენს. მეტაფიზიკურად მას ასეთივე მნიშვნელობა აქვს.

ასტროლოგიურად ეს არის ინტუიციის სიმბოლიზაცია, სწრაფვა ძალაუფლებისადმი, კრიზისები, გადატრიალებები, მგრძნობელობა, ძალადობა, ფარული გამოუკვლევი ძალები, რომლებიც თანდათან მოქმედებენ.

მიდრეკილება ვლინდება ისეთი სფეროების მიმართ, როგორიცაა: ფსიქიკური მეცნიერებები, მაგია, გეოლოგია, არქეოლოგია, ისტორიამდელი მეცნიერება.

მისი მახასიათებლებია: პატივმოყვარეობა, სულიერი ზრდისკენ სწრაფვა, გამოძიებისა და გამოკვლევევისკენ სწრაფვა.

ნაკლოვანებები: სიმკვეთრე, შფოთვა, ოკულტური ძალების ბოროტად გამოყენება, სადიზმი.

პლუტონი აკონტროლებს სასქესო ორგანოებსა და მათ მიერ გამომუშავებულ ჰორმონებს, პასუხისმგებელია საასიცოცხლოდ აუცილებელ ნერვებზე, პოზიტიურ ფსიქიკურ შესაძლებლობებზე.

არასასურველი ასპექტებისას ნიშნავს ფსიქოპათოლოგიას. დაზიანებული გარემოების, ყოფის რღვევა.

პლუტონის ერთ-ერთ პრინციპად სიკვდილი ითვლება. პრინციპის ფუნქციებია: განადგურება, გაუჩინარება, რღვევა, გაყოფა, ჯაჭვური რეაქცია. მასთან დაკავშირებულია: ეპიდემია, ბუნებრივი კატაკლიზმები, ძალადობა, კატასტროფები, ავარიები, სარიტუალო ორგანიზაციები, რეანიმაცია, სასწრაფო დახმარება, მორგი, სასაფლაო.

მეორე პრინციპია – სექსუალურობა. ძალა, რომელიც სიცოცხლის გაგრძელებას, ირაციონალურ გადარჩენას ემსახურება. პრინციპის ფუნქციებია: ჯგუფებში სოციალური როლების გადანაწილება გაცემისა და მიღების მიხედვით, ენერგიების შერწყმით დაკმაყოფილება, მართვის სტილი, მართვის სფეროების გამო ბრძოლა, რესურსების მიღება (ენერგია, ფული, შესაძლებლობები, ძალაუფლება), ურთიერთქმედების სისწრაფე, განაყოფიერება. დაკავშირებულია: საიდუმლოებები, ფარულობა, რისკის განცდა, შიში, მრისხანება, ფანატიზმი, სისასტიკე, მასობრივი ფსიქოზი, სიცოცხლის ან თავისუფლების დაკარგვა, პოლიტიკური პარტიები, მასობრივი მოძრაობები, ტოტალიტარიზმის პოლიტიკა, ბანკები, მაფიოზური, კრიმინალური და ტერორისტული სტრუქტურები.

მესამე პრინციპია – ტრანსფორმაცია. აქ ენერგიის შენახვის კანონი მოქმედებს. უკვალოდ არაფერი ქრება, ყველაფერი იცვლება, ერთიდან მეორეში გადადის, ახალ ცხოვრებას იწყებს. ტრანსფორმაცია შესაძლოა ტრაგიკულიც იყოს. ამ პრინციპის ფუნქციებია: სამყაროსეულ ცოდნასთან მიახლოება, ოკულტური კანონების გაგება, მაგიასთან მიახლოება. სწავლება, მატერიის ერთი მდგომარეობის მეორით შეცვლა, საკუთარი ბუნების სიღრმისეული შეცვლა (ამისთვის კი საკუთარი შესაძლებლობებისადმი შიში უნდა გადაილახოს)

პირად რუკაში აქტიური პლუტონი მიანიშნებს ამ ცხოვრებაში გარკვეული პროცესების დასრულებაზე.

მას უკავშირდება რაღაც ახლის (მიანიშნებს ნიშანი და სახლი) დაწყება, მიმართულების არჩევა მოგიწევთ. პლუტონს „გაქცევა“ არ მოსწონს, სასურველია თუ პროცესებს ყურადღებით დააკვირდებით.

ფსიქოლოგიურ დონეზე პლუტონის მოქმედება ასეთია: გვეჩვენება, რომ დროის უკმარისობის გამო რაღაც ვერ მოვასწარით, ვერ გავაკეთეთ. სინამდვილეში კი ეს ენერგიის მოჭარბების გამო ხდება. შესაძლოა კოსმოსი გაფრთხილებთ, რომ მალე ცვლილებები დაიწყება და ახალი სიტუაციითა თუ მიმართულებით მოგიწევთ წასვლა.

კოლექტიური ქვეცნობიერიდან პლუტონს სურპრიზები ყოველთვის მოაქვს. ამჟამად მის სულიერ სურპრიზებს წარუმატებლობად და დამარცხებად იგებენ, რადგან საგნების კარგად და ცუდად, წარმატებულად და წარუმატებლად, გამარჯვებად და დამარცხებად დაყოფისკენ მიდრეკილება გვაქვს.

ზოგიერთი ასტროლოგი თვლის, რომ პლუტონს სასიკეთო და დადებითი არაფერი მოაქვს, მხოლოდ ანგრევს, ზოგჯერ კი ფიზიკურ დონეზე ტრავმებთანაც არის დაკავშირებული. დიახ, შეიძლება პლუტონის ენერგიამ დაანგრიოს, მაგრამ ის მოულოდნელად არ მოქმედებს, როგორც ურანს ჩვევია. პლუტონის ასპექტები ხანგრძლივად აწყობს და ადამიანს „ამზადებს“, სანამ უშუალოდ იმოქმედებს. ამიტომ, თუ იცით, რომ მალე პლუტონის უარყოფითი გავლენა (ტრანზიტული პლუტონის უარყოფთი ასპექტის შექმნა თქვენი რუკის რომელიმე პლანეტასთან) იქნება, ყოველთვის შეგიძლიათ წინასწარ მომზადება.

მისი მოქმედების მართვის ერთ-ერთი საშუალებაა – როდესაც პლუტონის ენერგია გამოვლენას დაიწყებს, გზიდან ჩამოეცალოთ და ხელი არ შეუშალოთ.

პლუტონი ასრულებს იმ განაჩენს, რომელსაც სატურნი ქმნის. მისი მოტყუება შეუძლებელია, ხედავს – დეტალებს, ნეპტუნისეულ ხარვეზებს, ილუზიებს. პლუტონი – მიცვალებულთა სამეფოს ღმერთია, რომელიც ცოცხალი არსებას ყველა დამცავ გარსს, აურას აცლის (რაც სიკვდილს ნიშნავს) და შიშველ სხეულს ტოვებს კარმისა და სხვა პლანეტების განკარგულებაში, რომლებიც სულს ან მომავალ განსხეულებას გადასცემენ, ან ახალ გარსს, ეთერულ, ასტრალურ და მენტალურ სხეულს (ზოგჯერ უფრო მაღალი დონის) უქმნიან.

პლუტონის მოქმედება სხვა პლანეტებისას არ ჰგავს. მისი მიზანი – გაშიშვლებაა, უმეტესად ისეთი ინტიმური სიღრმეების გაშიშვლება, რომლებიც დამალულია ფსიქიკისა და ნატიფი სხეულების ბევრ შრეში.

თუ პლუტონი ძლიერად და ენერგიულად გამოვლინდა, ხშირად ლეტალურად მთავრდება, რადგან მცირე რაოდენობის ადამიანთა ფსიქიკა თუ უძლებს „თავში ცულის ჩარტყმას“. საბედნიეროდ, პლუტონი ნელა მოძრაობს, და ძალიან დაზიანებული რუკის გარდა, სხვა შემთხვევებში სუსტად ან შეუმჩნევლად ვლინდება.

პლუტონი დიდი ასენიზატორია (სიბინძურისა და ნაგვის გამტანი). მისი რეალური მიზანი არა განადგურება, არამედ ადამიანის გაჯანსაღება-გაწმენდაა სულიერი (და ფიზიკური) ნაგვისა და ორმოებისგან. მხოლოდ ძალიან იშვიათად, როდესაც „სანიტარული მოქმედებების“ შესრულება შეუძლებელია, პლუტონი ფართომასშტაბიან წმენდას იწვევს და ადამიანს კლავს – ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც. ამ იშვიათ შემთხვევებში სიკვდილის ვარიანტს ირჩევს, რომელიც შემთხვევითი არასდროსაა (კარმულ „კუდებსა“ და კვანძებს გახსნის, წმენდვის დროს ხდება და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არაა).

პლუტონი არაფერს თაკილობს, ყურადღებიანია და უმაღლესი ოქტავის ქალწულის ნიშანს მოგვაგონებს, გენიალურია დიაგნოსტირებასა და წმენდვაში. არასდროს დაწვავს იმას, რაც ჩამოსაშორებელი არაა ან ჯერ ისევ გამოადგება ადამიანს. თუმცა ზრუნავს, რომ ნაგვის მცირე რაოდენობაც კი არ დარჩეს, მათ ენერგეტიკული გარსიანად „წვავს“.

ადამიანის ცხოვრებაში პლუტონისეულ გამოვლენას ხშირად „ბედის“ სახელით მოიხსენიებენ. რაღაც მასზე ძლიერი გავლენას ახდენს, ცვლის ერთ რეალობას მეორით ისე, რომ მის პიროვნებას არც ითვალისწინებს (ასე ეჩვენება). პლუტონთან დაკავშირებულია ძლიერი ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ. მაგ: ბავშვის დაბადება, ქორწინება, მძიმე დაავადება, შესაძლო სიკვდილი (საკუთარი ან ახლობლის), სამსახურიდან გათავისუფლება და ა.შ. ცვლილებების გამო შინაგანად დამახასიათებელია ან სრული უძლურება (ათეისტის შემთხვევაში) ან ღმერთს მინდობა (მორწმუნის შემთხვევაში). შინაგანად ვლინდება ქვეცნობიერის ეფექტური და ჩვეული პროგრამების გამორთვა, განსაკუთრებით დაცვის კუთხით. თვითმოტყუების მექანიზმები მოულოდნელად წყდება და ყველაფრის რეალური შეფასება იწყება. მოულოდნელად პლუტონი იწყებს იმ ნაგვის ამოტანას (ჩვენებას), რომელსაც ადამიანი სიღრმეში (გადატანითი მნიშვნელობით – საწოლის ქვეშ) მალავდა და ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. პლუტონის მეშვეობით ამ ყველაფრისთვის შეხედვა მოუწევს.

სანამ პლუტონი უშუალოდ იმოქმედებს, მანამდე არაერთ მინიშნებას გზავნის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანის მოკვლა ან ნებისმიერი საგნის განადგურება (თუნდაც შინაგანი ნაგვის) რთულია. ინდივიდუალური კარმა ჯგუფურსა და მსოფლიო კარმაშია გადახლართული, მისი გამოცალკევებისთვის კი ხანგრძლივი მომზადება აუცილებელია. პლუტონის მოსამზადებელი ქმედებების ნიშანია გარე სამყაროსთან კავშირის შეზღუდვა, რაც შეიძლება ნებისმიერი ფორმით გამოვლინდეს დაწყებული თვითშეზღუდვიდან დასრულებული ბუნებრივად. შინაგანად ფონად გასდევს იმედის, გეგმების, ენთუზიაზმის, ფანტაზიის, მენტალური წარმოდგენების, სიტყვების ან შიდა სამყაროს ნებისმიერი ობიექტის განადგურება/დაღუპვა, უიმედობის განცდა. ასეთ დროს, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ პლუტონი ცოცხალ, რეალურ უჯრედებს არაფერს უშავებს; ის, რაც იცვლება ფსიქიკის დაბალი გამოვლინება, შინაგანი ვამპირების, აგრესორების მოცილებაა, რომლებიც ადამიანზე აქტიურ გავლენას ახდენენ. როცა პლუტონი მათთან მიაღწევს, ინდივიდს ეჩვენება, რომ საუკეთესო ნაწილს „აჭრიან“, უღუპავენ, სინამდვილეში კი აგრესია ან ეგოიზმი შეიძლება იყოს. ამ ყველაფერს კი ადამიანი გვიან იგებს. პლუტონის მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კარგს არაფერს მოიტანს სულიერი და ფიზიკური ტკივილის გაზრდის გარდა. პირიქით, შეგვიძლია „ნაგვის მოშორებაში“ დავეხმაროთ.

პლუტონი ეგზალტირდება ლომში. ეს მდებარეობა ძალაუფლებას, ავტორიტეტულობას, უდიდეს ძალას, ენერგიის ძლიერ წყაროს, ქარიზმატულობას, მაგიურ ძალაუფლებას იძლევა. საუკეთესო შემთხვევაში – გავლენიანი, ქარიზმატული და ავტორიტეტული ადამიანები არიან. უარეს შემთხვევაში – განდიდების მანიით შეპყრობილი, „შეშლილი“ ლიდერები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბევრ რამეზე წავლენ.

პლუტონი ეცემა მერწყულში. „მთავარი ძალაა და სხვა ყველაფერი – სულერთია“. აქ კოლექტიური ძალის პრობლემას ქმნის. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ფარულად (ან ღიად) ჯგუფის სულის ჩამდგმელად, არაფორმალურ ლიდერად ყოფნა სწადიათ. ისინი მაგიისა და განადგურების პრობლემას ქმნიან. ჯგუფებში შესაძლოა ქაოსი შეიტანონ. დაცემული პლუტონი არამხოლოდ საკუთარ თავს, მის გარშემო ყველას ანადგურებს/წმენდს. საუკეთესო შემთხვევაში – ადამიანების გაერთიანება, ქაოსის მოწესრიგება, უმაღლესი ძალების ნების გატარება ვლინდება.

პლუტონის კოსმიურ სტატუსს აძლიერებს მისი შეერთება რომელიმე პლანეტასთან, ან სახლის დასაწყისთან.

პლუტონის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში – მიანიშნებს, ადამიანები როგორ ახერხებენ ნების ტრანსფორმირებას. ასპექტები – ყურადღების გამახვილებასა და ნებისთვის მიმართულების მიცემაში რა დაეხმარებათ (დადებითი ასპექტები) ან ხელს შეუშლით (უარყოფითი ასპექტები).

პლუტონის მდებარეობა სახლში – მიანიშნებს ცხოვრების იმ სფეროებზე, რომლებშიც სრულად გარდასახვა, შეცვლა აუცილებლობას წარმოადგენს. ამ სახლით მართულ სფეროებში ინდივიდს ენერგიის აკუმულირება და ტრანსფორმაცია უწევს. განსაკუთრებით ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც სახლი, რომელშიც პლუტონი მოხვდა – ვერძის, ლომის ან მორიელის ნიშნით იწყება. ასევე, სახლი მიანიშნებს სფეროებს, რომლებშიც ინდივიდს შეუძლია ზებუნებრივი შესაძლებლობები „დასამალად“ გამოიყენოს, რათა სულიერ დონის ამაღლებაზე იმუშაოს.

კარდინალურ ნიშანში (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) – სოციალური რეფორმების აქტიური და ძალადობრივი გამტარებლები. პლუტონის ძალა ზოგჯერ გადაჭარბებულად ვლინდება.

ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) -საკმაოდ გადამწყვეტნი, აგრესიული და დაუნდობელი მოქმედებები ახასიათებთ. ფართომასშტაბიანი ცვლილებების სურვილს იწვევს. უარყოფითი კუთხით იდეოლოგიების რღვევისა და განადგურების ფანატიკოსობამდე მისული სურვილი ზედმეტად ვლინდება.

მუტაბელურ ნიშანში (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) – ეს თაობები მონაწილეობენ წარსულის მენტალური და სოციალური ღირებულებების აღორძინებასა და წმენდაში. მათ კაცობრიობის ცოდნაზე დაყრდნობისა და გამოყენების შესაძლებლობა აქვთ

ცეცხლის სტიქიაში (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) – დადებითი დინამიური ენერგია აქვთ, რომელიც დრამატულ რევოლუციებსა და ცვლილებებს იწვევს როგორც ზოგადად ცხოვრებაში, სექსუალურ სფეროში, ასევე განათლების, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. უარყოფითი კუთხით – ეგოიზმი, პატივისცემის სურვილი, კონსტრუქციული გზისა და იდეების გარეშე რევოლუციური ქმედებებისადმი მიდრეკილება ვლინდება.

მიწის სტიქიაში (კურო, ქალწული, თხის რქა) – მნიშვნელოვანი ცვლილებები საქმიან, ფინანსურ, პროფესიულ, სამედიცინო, კვების, კოსმეტიკის და პოლიტიკურ სფეროებში. უარყოფითი კუთხით – მატერიალური მიდრეკილებები ზედმეტად ვლინდება, განსაკუთრებით საერთო ღირებულებების, ტრადიციებისა და საგადასახადო სისტემის შემთხვევაში.

ჰაერის სტიქიაში (ტყუპები, სასწორი, მერწყული) – გამჭრიახობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების ძლიერი გამოვლენა, განსაკუთრებით ლიტერატურის, პოეზიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, მათემატიკური გამოთვლების, ბუღალტერიისა და ჟურნალისტიკის სფეროებში. უარყოფითი კუთხით – ინტელექტუალური დოგმების მიმართ ფანატური დამოკიდებულება, უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა.

წყლის სტიქიაში (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) – სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, მისტიკისა და ოკულტური მეცნიერებების მიმართ ინტერესი. ეს თაობები მიდრეკილები არიან სოციალური სისტემებსა და პირად დონეზე სრული განახლებისა და წმენდისკენ. უარყოფითი კუთხით – ემოციების გადამეტებულულად გამოხატვა, ფსიქოლოგიური შესაძლებლობების დამანგრეველად გამოყენება.

წყარო: გლობა, ვროსნკი, პოდვოდნი, რ. კეფერი, ლ. ვილკნერი, aquarun.ru

სტატიის ავტორი : თამთა

პლუტონის სიძლიერე და დამუშავება

პლუტონი ვერძში

პლუტონი სასწორში

პლუტონი 1-ელ სახლში

პლუტონი მე-2 სახლში

პლუტონი მე-7 სახლში

 


About Rusa

Scroll To Top