მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ 12 ზოდიაქოს ნიშანი არ არის ასტროლოგია, ის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. ხოლო ასტროლოგიის ნაწილს წარმოადგენს: პლანეტები, სახლები და ასპექტები.
ის, რასაც ყოველდღიურ ჟურნალ-გაზეთებში წერენ ნამდვილი ასტროლოგია არაა. უბრალოდ ზოგადი პროგნოზებია, რომლებიც ასტროლოგიის შესასწავლად არ გამოგვადგება. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება კითხვა: „ჩემი ნიშნის დახასიათებას ვერ ვერგები,რატომ?“. პასუხი ასეთია: სინამდვილეში, რასაც თქვენი ნიშანი ეწოდება, რასაც თქვენ კითხულობთ ზოდიაქოს ნიშნებზე შეესაბამება თქვენი დაბადების მომენტში მზის მდებარეობას რომელიმე თანავარსკვლავედში. სიტყვაზე, თუ ტყუპები ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი დაბადების დროს მზე გადიოდა ტყუპების ნიშანს, თუ მშვილდოსანი – მშვილდოსნის ნიშანს. ანუ, რასაც თქვენ კითხულობთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანზე, მხოლოდ ზოგად, გენერალიზირებულ ინფორმაციას მოგვაწვდით, რომელიც შესაძლოა თქვენს ნამდვილ ჰოროსკოპს არ დაემთხვეს.
მაინც რა არის ასტროლოგია და რას შეისწავლის?
ასტროლოგია არის ერთ–ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებას, მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტების განლაგების მიხედვით. დღესდღეობით, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი ინტერესი ძლიერია, ძირითადად დაინტერესებულნი არიან „რა გველის ჩვენ?“, „როგორი ვარ მე?“ კითხვებით, პერიოდულად ინტერესი ძლიერდება ჩინური და იაპონური ასტროლოგიისადმი. ჟურნალ–გაზეთებიც ასტრო–პროგნოზებითაა სავსე და მილიონობით ადამიანი კითხულობს ყოველდღიურ პროგნოზს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მხოლოდ ყოველდღიური ან სულაც ყოველკვირეული პროგნოზები არაა ასტროლოგია. ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა.
ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, მათემატიკას (ასტრონომიასაც) და სულიერ „მეცნიერებას“ – ეზოთერიკას. ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტების მოძრაობას, მათ გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო „სულის მეცნიერების“ – ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების დახმარებით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. ნებისმიერი ადამიანიც ხომ მატერიალურ და სულიერ სფეროებთანაა კავშირში და არამხოლოდ აერთიანებს, არამედ თავად მათი „ნაყოფიცაა“ – ინდივიდი მატერიალური სხეულის გარდა სულიერი „სხეულის“, სულისგან შედგება. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია. და მაინც, რატომ უნდა შევხედოთ ასტროლოგიას სერიოზულად? პასუხი მარტივი და ერთი შეხედვით ბანალურია – იმიტომ, რომ მეტი დავინახოთ, გავიგოთ, შევცვალოთ.
ასტროლოგიის გავრცელებაში დიდი როლი ბერძნებმა შეასრულეს, თუმცა ცას მანამდეც აკვირდებოდნენ ასირიელები, ბაბილონელები, მაიას ტომი, იწერდნენ მონაცემებს და ვარსკვლავების განლაგებით ცდილობდნენ მნიშვნელოვანი მოვლენების წინასწარმეტყველებას. პირველ ცნობილ ასტროლოგად მიაჩნდათ პტოლომეუსი, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა. ბერძნებმა კი ყველაზე ძველი ეფემერიდები (ცხრილები, რომლებიც პლანეტათა მდებარეობის ყოველი დღის მონაცემებს მოიცავს) შექმნეს, რაც თავდაპირველად საზღვაო საქმეში გამოიყენებოდა. მე–17 საუკუნემდე ასტროლოგია მიაჩნდათ ვარსკვლავების და მათი გადაადგილების შემსწავლელ სფეროდ. მე–19 საუკუნემდე კი მისადმი ინტერესი განელდა, რადგან უმეტესად აკრიტიკებდნენ როგორც ცრუ მეცნიერებას. მაინც რას შეისწავლის ასტროლოგია?
ასტროლოგია შეისწავლის მზის, მთვარისა და დანარჩენი პლანეტების გავლენას დედამიწასა და მის მცხოვრებლებზე. მთავარ პლანეტებად მზე და მთვარე ითვლებიან, ხოლო დედამიწა, უმეტეს შემთხვევაში, ცენტრადაა წარმოდგენილი. ამ თვალთახედვით, დედამიწის გარშემო ათი პლანეტა მოძრაობს და ათივე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე.
როგორ? თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია ზოდიაქოს ნიშნები: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები. დედამიწიდან, როგორც ცენტრიდან, სწორედ ამ თორმეტ ნაწილადაა დაყოფილი ცის ხილული ნაწილი და პლანეტა რომელ ნაწილშიც მოხვდება, იგულისხმება რომ იმ ნიშნის გავლენა აქვს.
მაგალითად, თქვენ თუ ზოდიაქოს ნიშნით ვერძი ხართ (ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენი დაბადების მომენტში მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში მოხვდა), მხოლოდ ვერძის თვისებები არ გექნებათ, შესაძლოა სულაც თევზების ან კუროს გავლენაც გქონდეთ, რადგან მზის გარდა სხვა პლანეტებიც არსებობენ და ისინი შეიძლება სწორედ ამ ნიშნებში განლაგდნენ. პირადი რუკის შედგენა – სწორედ თქვენი დაბადების მომენტში ცის კაბადონზე პლანეტების განლაგების ამსახველი „სურათია“. ზუსტი ფსიქოტიპის დასადგენად და დასახასიათებლად ამიტომაა საჭირო პირადი რუკის შედგენა.
დაბადების თანამედროვე რუკა ძალიან ჰგავს ჩვ. ერამდე პირველ საუკუნეში ძველ საბერძნეთში შედგენილ რუკებს. თავად სიტყვა „ჰოროსკოპი“ ბერძნული სიტყვისგანაა წარმოქმნილი. „ჰოროს“ – დროს ნიშნავს, „სკოპოს“ – დაკვირვება, აღნიშვნა, ანუ „საათებზე(დროზე) დაკვირვება“.
ალბათ დაგებადებათ კითხვა:
-რადგან მზის სისტემის პლანეტებიდან მხოლოდ მზე არ მოძრაობს, გამოდის, რომ ყველა პლანეტას აქვს გავლენა?
-რა თქმა უნდა, პირადი რუკა სწორედ ასე დგება – თქვენი დაბადების მომენტში პლანეტების მდებარეობით განისაზღვრება ასტროლოგიური დახასიათება. როცა პლანეტების მიხედვით არსებულ ინფორმაციას შეკრებთ, შემდეგ მიიღებთ სწორ სურათს.
ასტროლოგიაში ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ნათალური ასტროლოგიაა, ანუ პერსონალური (პირადი) ჰოროსკოპის შედგენა. ის დგება დაბადების მომენტის მიხედვით, ამიტომ დაბადების რიცხვთან, თვესთან და წელთან ერთად, სასურველია იცოდეთ დაბადების ზუსტი საათი, წუთი, ადგილი. რაში შეიძლება გამოიყენოთ პირადი ჰოროსკოპი? ცხოვრების დაგეგმვაში, კარიერის ან ბიზნესის აწყობაში, პროფესიის არჩევაში, პრობლემების მოგვარებაში, პარტნიორული შეთავსების დადგენაში და რაც მთავარია – საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პირადი რუკა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ კონკრეტულ დროში პლანეტების მდებარეობა, დავადგინოთ მათი გავლენა ინდივიდზე, მის ცხოვრებაზე, რეკომენდაციები მივცეთ.
ასტროლოგიას კავშირი აქვს პლანეტების გავლენის შესწავლასთან და მიიჩნევა, რომ თითოეული პლანეტა გავლენას ახდენს ნებისმიერ ინდივიდზე. ასტროლოგები ინდივიდუალურ პირად დახასიათებებს ადგენენ, მნიშვნელოვან მოვლენებს პროგნოზირებენ პირად და მსოფლიო დონეზე, წყვილთა თანაცხოვრებას აფასებენ და ა.შ. პირველი ეტაპია რუკის შედგენა, რაც ასტროლოგებს პიროვნების ფსიქოტიპის დადგენაში ეხმარება.
დღესდღეობით უფრო პოპულარულია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით დახასიათება, ყოველდღიური პროგნოზების გაკეთება და გათვალისწინება. ნამდვილად არაა ცუდი, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, ალბათ მოსახლეობის მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ასტროლოგია მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნები: ვერძი, კურო, ტყუპები და ა.შ. არაა. შემდგომ სტატიებში შემოგთავაზებთ როგორც პროგნოზებს, ასევე უკეთ გაგაცნობთ ასტროლოგიას. შედეგად თქვენს თავსაც დაინახავთ უფრო სხვა თვალითა და კუთხით; შეგეძლებათ თავად გაერკვეთ თქვენს ასტროლოგიურ დახასიათებაში, მეტი ინფორმაცია მიიღოთ. წინ ნამდვილად საინტერესო სფეროს გაცნობა გელით….
საინტერესო ლინკები:
ასტროლოგიის განვითარება და მიმართულებები
ასტროლოგიის საკვანძო საკითხები
12 ნიშნის ელემენტი და მოდალობა
პლანეტების ფუნქციები ასტროლოგიაში
პირად რუკაში სახლები და მათი მნიშვნელობა
პირადი რუკის შესადგენი საიტები
პირადი რუკის შედგენა პროგრამის საშუალებით