რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა – მათი მიზნები, მსგავსებები და განსხვავებები

ისტორიულ ჭრილში რომ განვიხილოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველად, როგორც სისტემა ჩამოყალიბდა და ცხოვრებისეულ სცენაზე გამოვიდა რელიგია. რა თქმა უნდა, რელიგიის ჩანასახების ძიება ძალიან შორს წაგვიყვანს და კაცობრიობის განვითარების გზის ძალიან საინტერესო სურათსაც დაგვანახებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ზოგადად შევეხებით მის საფუძვლებს – ტოტემიზმს, ანიმიზმსა და ფეტიშიზმს, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირი იყო ადამიანის სოციალური სისტემის შექმნასთან, თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ პრიმიტიულ დონეზე ხდებოდა თემისა და გვარის შექმნისა და საერთო მეურნეობის წარმოების მარტივ ფორმებზე გადასვლისას.

ამ ეტაპზე გაჩნდა ერთ–ერთი ყველაზე პრიმიტიული ფორმა ტოტემიზმი, ცხოველს ანდა ფრინველსა თუ მცენარეს, რომელსაც ადამიანისთვის გარკვეული სარგებლობა ანდა ზიანი მოჰქონდა, თაყვანს სცემდნენ და მას გარკვეულ ზებუნებრივ, მაგიურ ძალას მიაწერდნენ და მკაცრი ტაბუ ედო _ მისი მოკვლა, ჭამა იკრძალებოდა. იგივე ითქმის ანმიზმზეც, რომელიც სულებისა თუ სულის რწმენას ნიშნავდა, იგი მსოფლიოს ყველა ხალხისთვის იყო დამახასიათებელი და იგი ამყარებდა სულის უკვდავების რწმენას, საიქიოდ (სულეთად) და სააქაოდ (მატერიალურ სამყაროდ) დაყოფის რწმენას, რომელიც შემდეგ ყველა რელიგიის ერთ–ერთი ცენტრალური იდეა გახდა.

ასევე რელიგიის ერთ–ერთი უძველესი ფორმაა  ფეტიშიზმი. მაგრამ თუ ტოტემიზმში უშუალოდ სულიერი არსება (ფრინველი, ცხოველი, მცენარე) იყო თაყვანისცემის საგანი, ფეტიშიზმში ნებისმიერი რამ (უსულო საგანი, მოვლენა თუ ცოცხალი არსება), რასაც ადამიანის აზრით,  შესაძლო ზებუნებრივი ძალა შეიძლება ჰქონოდა რელიგიური თაყვანისცემის საგანი ხდებოდა. შემდეგ უკვე, როდესაც კაცობრიობა უფრო რთულ სოციალურ მოწყობაზე გადავიდა და მოხდა კლასობრივი (სოციალური) დაყოფა, ადამიანს გაუჩნდა პროტესტის გრძნობა ანუ დაჩაგრულის პროტესტი მჩაგვრელისადმი, მტრისადმი, სუსტისა ძლიერისადმი, მონისა ბატონისადმი, ხოლო მმართველი, – მართალია, პრიმიტიული ფორმის, – სოციალური კლასი ცდილობდა მართული კლასი (ფენა) შეენარჩუნებინა და მისი მმართველობის სადავეები ხელში სჭეროდა, მასზე იდეოლოგიური ზემოქმედება მოეხდინა, ასე გაჩნდა ის ნორმები, რომელსაც დღეს კანონებს ვუწოდებთ. როდესაც მმართველ, მცირე ჯგუფს ხელთ ეპყრა ძალა (ჯარი), იდეოლოგია და კანონი (ამას უმაღლესი სასულიერო პირები – ქურუმები ახორციელებდნენ), უფრო დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფთ სხვა არაფერი რჩებოდა თუ არა იმედი იმ ძალისა, რომელიც ამ სამყაროს მიღმაა და ყოვლისმომცველი, ყოვლისმხილველი, სამართლიანი და ჩაგრულთა მფარველია, აქედან უკვე კაცობრიობა რთულ სისტემაზე გადავიდა და ზნეობისა და მორალის გზაზე დადგა. მოხდა ზნეობრივი და მორალური პრინციპების გამიჯვნა, უნივერსალური პრინციპების _ სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი _ გამიჯვნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პრინციპების აღქმაცა და გაგებაც ისევ დამახინჯებული ფორმით მოხდა.

უკვე ამ პერიოდში არსებობს მეცნიერებაც, მაგრამ ისიც პრიმიტიულ ფორმებში ვლინდებოდა. როდესაც ადამიანი დაფიქრდა, თუ რატომ დაიბადა  ადამიანად და არა სხვა რამედ, და რომ დაიბადა, რატომ არის ის ბატონი, ხოლო მისი მონა – მონა; რატომ ხდება ისე, რომ ადამიანს ხან უმიზეზოდ უმართლებს, ხან კი უბედურება ატყდება თავს; რატომ ამოდის მზე და ჩადის მთვარე და სხვა მსგავსი კითხვები რომ გაუჩნდა, მზერა ჯერ ცას მიაპყრო, შემდეგ კი სხვა საგნებს და დაიწყო დაკვირვება, მსჯელობა, ანალიზი – ასე წარმოიშვა ასტრონომია, ასტროლოგია და მეცნიერების სხვა მიმართულებები, მაგრამ ისინი დომინირებულ პოზიციას არ ფლობდნენ, უფრო მეტიც, ეს მეცნიერებები რელიგიის დამხმარე ინსტიტუციები იყო.

არც ისე დიდი ხანია, რაც მეცნიერება დამოუკიდებელ სისტემად იქცა და თანაც დომინანტ პოზიციაზე გამოვიდა –  ეს მოხდა XVII-XVIII ს.ს. მიჯნაზე. მეცნიერებას დიდი სირთულეების გადალახვა მოუწია, რათა თავი დაეღწია რელიგიის მარწუხებისგან. პირველ პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერებს კოცონზეც კი წვავდნენ, ეშმაკისეულებად რაცხავდნენ, თანამედროვე პირობებში კი მეცნიერება უკვე ბატონ–პატრონად გვევლინება.

შემდეგი საფეხური _ ეზოტერული სკოლებია. ეზოტერულ სკოლებს საკმაოდ დიდი წარსული აქვთ და თითქმის რელიგიის წარმოშობის პარალელურად გაჩნდა, მაგრამ ადრე ეს ვიწრო წრისთვის  იყო განკუთვნილი (ყველა შესაძლო ორდენები და სხვა).

რა არის მათ შორის პრინციპული სხვაობა

პირველი _ აღნიშნული სისტემები რა საკითხებს განიხილავენ

მეორე _ ამ მიმართულებებიდან რა მეთოდებს, საშუალებებს იყნებენ და რისი მიცემა შეუძლიათ ადამიანისთვის

ადრე რელიგია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობდა, მაგრამ ეს მისი საქმე არაა. მისი ამოცანაა _ სულიერი სამყარო. რელიგია ამბობს, რომ არსებობს სული, ღმერთი; საუბრობს იმაზე, თუ რა აყენებს ტანჯვას ადამიანის სულს; რა  არის საჭირო და რა –  არ არის, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და როგორ – არა. რელიგიას შემოაქვს ზნეობის საფუძვლები. თუ ავიღებთ აზიის ქვეყნებს, ადრე აქ ადამიანის თავის ქალებით ყორღანებს* აგებდნენ, შემდეგ მოვიდა ბუდა და ადამიანებს ტყუილუბრალოდ ჭიანჭველას წყენინებაც კი აღარ უნდოდათ. პირველ ადგილზე გადმოდის სიყვარული.

სულიერი განვითარების კუთხით, რელიგიამ ძალიან ბევრი გააკეთა, კაცობრიობას მისცა ზნეობრივი პრინციპები (“არა კაც ჰკლა”; “არა იპარო”; “შეიყვარე მტერი შენი…”), ხელოვნებაზე მოახდინა გავლენა. რელიგია ადამიანებს ძალიან ბევრს აძლევს _ პირველ რიგში, რწმენას, იმედსა და სიყვარულს. მისი ინტერესთა სფერო _ სულიერი საკითხებია.

ეზოტერიკაც რელიგიის მსგავსად საუბრობს სულიერ საკითხებზე, მაგრამ ამ საკითხებს ცოტა სხვა კუთხიდან განიხილავს, მაგალითად: “რატომ და რისთვის იბადება ადამიანი დედამიწაზე?”, “რა არის გრძნობები?”, “არის თუ არა ღმერთი?”, “თუ არის, ადამიანისგან რა უნდა, რას ითხოვს?’, “რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ცხოვრებაში ღმერთი დაეხმაროს ადამიანს?”, “რატომ კლავენ ადამიანს?”. ციხიდან შესაძლებელია გაქცევა, მოსამართლის მოსყიდვაც შეიძლება, მაგრამ შიშისგან, სინდისისა და ტყვიისგან – სიკვდილისგან გაქცევა შეუძლებელია.

ეზოტერიკა და რელიგია ერთსა და მავე სფეროსსულიერ სამყაროს _ განიხილავს (ის, რაც ადამიანის შიგნითაა და მის ბედს განსაზღვრავს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობისთვის უხილავია).

მაგრამ რელიგია დაფუძნებულია რწმენაზე. ადამიანს გულწრფელად სწამს ღმერთის: ცდილობს, ტყუილი არ თქვას, არ დალიოს, არ მოწიოს, უკმეხად არ გამოხატოს თავისი აზრები, იყოს უფრო მიმტევებელი, მას სუფთა სინდისი აქვს, მას მინდობა სჭირდება. მისთვის ღმერთის მსახურება უპირველესია, ის ცდილობს არ გააკეთოს რაიმე დაუშვებელი, რაც სულიერი კანონებით აკრძალულია. რელიგია ადამიანს ბრმად რწმენას სთავაზობს, ამიტომაც მრავალი რამის საკუთარ გამოცდილებაზე შემოწმება ადამინს არ შეუძლია, მაგალითად, არსებობენ თუ არ ანგელოზები, როგორაა მოწყობილი უხილავი სამყარო, – ამის შემოწმება შეუძლებელია.

რელიგიის უხილავ, სულიერ სამყაროსთან ურთიერთობის მთავარი საშუალება _ ლოცვა, აღსარება, მარხვა, სინანული –  ის, რითაც ადამიანი საკუთარი სულიერი განვითარებისთვის სარგებლობს.

ეზოტერიკაში კი (არ აქვს მნიშვნელობა ეზოტერულ სკოლასა და მიმდინარეობას), ადამიანი ყველაფერს იღებს ისე, როგორც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უხილავი, საკუთარი შინაგანი თუ უხილავი სულიერი სამყაროს შემოწმების შესაძლებლობას. ეზოტერიკა უფრო რთული სისტემაა, ვიდრე – რელიგია.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს, რომელიც ეზოტერიკას ეზიარება, ზუსტად ისევე სწამს ღმერთის, ზუსტად ისევე ემსახურება ღმერთს, ზუსტად ისევე ცდილობს დაიცვას შინაგანი ზნეობრივი და მორალური პრინციპები, მაგრამ  უხილავ სამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობები, რელიგიისგან განსხვავებით სხვა აქვს: კერძოდ, თვითშთაგონება, მედიტაცია, ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შეიგრძნოს საკუთარ თავში სულის არსებობა (მისი ადგილსამყოფელი), “დაინახოს” სული – როგორ გამოიყურება ის; ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა დაინახოს და გაიგოს საკუთარი წარსული და მომავალი. თუ არსებობენ ანგელოზები, როგორ უნდა ისაუბროს მათთან და როგორ მიიღოს მათგან შესაბამისი ინფორმაციები.

მეცნიერება _ განიხილავს მატერიალურ საკითხებს, ხელსაწყოებისა და ლოგიკის (გაგება, გაზომვა) და სოციალური სფეროს (სახელმწიფოს მმართველობა, საზოგადოება) დახმარებით.

მეცნიერება ყველაფერს სკეპტიკურად ეკიდება, მისი ხელსაწყო – ლოგიკაა. ყველაფერი, რაც არსებობს უნდა შემოწმდეს, დამტკიცდეს და წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს.

მეცნიერების ყველაზე მთავარი ხელსაწყოა ექსპერიმენტი, მაგრამ ექსპერიმენტი ხომ ფიზიკურ დონეზე, ხელსაწყოების დახმარებით ხდება, ანუ ექსპერიმეტი შესაძლებელია, როდესაც რაიმეს დაფიქსირება, ფოტოგრაფირება, აზომვა, გაზომვა შეიძლება.

აქედან შეიძლება დასკვნის გამოტანაც: მეცნიერება აუცილებელია, რათა გავიგოთ, თუ რა ხდება ფიზიკურ სამყაროში, იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება შემსუბუქდეს, გაუმჯობესდეს და სხვა. რა თქმა უნდა, მეცნიერებას უკავშირდება ადამიანის სოციალური სტატუსიც, რადგანაც თუ ეს ადამიანი საკუთარი საქმის მაღალხარისხოვანი, პროფესიონალი სპეციალისტია, ის მუდამ მოთხოვნადი იქნება და ნებისმიერ საზოგადებაში კარიერას გაიკეთებს.

ეზოტერიკის სფერო კი სხვაა. ის, რაზეც ტარდება ექსპერიმენტი, ადამიანის შინაგანი სამყაროა _ თუ რატომ გრძნობს ადამიანი თავს უბედურად, ენერგიისგან დაცლილად ანდა პირიქით, აქვს ძალების მოზღვავება, თავს ბედნიერად შეიგრძნობს, გრძნობები იღვიძებს, ადამიანს აღავსებს ენერგია, ძალა, ცეცხლი. უჩნდება ისეთი შეგრძნებები და აზრები, თითქოს არ არსებობს ისეთი პრობლემები, რომელსაც ვერ გადაჭრის. აკეთებს გასაკეთებელს და იღებს სასურველს. ეს შინაგანი სამყაროა. ხოლო გარესამყარო არა ფიზიკური ხელსაწყო, არამედ სიტუაციებია, რომელსაც ადამიანი მართავს. მაგალითად, როგორ და სად უნდა შეხვდეს ისეთ ადამიანს, რომელიც ათი წელია, რაც აღარ უნახავს (თითქოს შემთხვევითობას უნდა  მივაწეროთ არა?);

როგორ მოვიზიდოთ ანდა მოვიშოროთ ესა თუ ის სიტუაცია. როგორ ვიმოქმედოთ, – უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა _ გავლენა მოვახდინოთ საკუთარ თავსა და ყოფიერებაზე.

ზუსტად ისევე, როგორც რელიგია, მეცნიერებაც, უფრო კონკრეტულად კი მისი ერთ–ერთი დარგიც ეზოტერიკასთან მჭიდრო კავშირშია. ფსიქოლოგია, როგორც ვიცით, არის მეცნიერება სულის შესახებ, უფრო ზუსტად კი, ადამიანის ფსიქიკის შესახებ. სიტყვა ფსიქოლოგია ბერძნული სიტყვაა – ფსიქეა (სული) და ლოგოსი (“სიტყვა”, “ცნება”, “გონება”, “აზრი”). ფსიქოლოგია, ნაწილობრივ, სულისა და ნაწილობრივ, ფიზიკური სხეულის შესწავლითაა დაკავებული. თუ განვიხილავთ ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპაჟებს (სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი, მელანქოლიკი), ჩვენ მოვახდენთ ადამიანების ფსიქოლოგიურ კლასიფიკაციას, მაგრამ ამას პრაქტიკულად არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც ადამიანი ცხოვრებაში აღწევს. მაგალითად, სახელმწიფო მოღვაწე შესაძლებელია იყოს ქოლერიკი ანდა ფლეგმატიკი.

ეზოტერიკის ძირითადი მაჩვენებლები სრულიად სხვაა _ სულიერია (სული, ადამიანის ცნობიერება), უწინარესად კი, ადამიანის განვითარების დონეა. რა შეუძლია ადამიანს რომ ამ ცხოვრებაში გააკეთოს, რა რაოდენობის ადამიანებს ეცოდინებათ მის შესახებ და იწამებენ თუ არა იმ სიტყვებს, რასაც იტყვის, ისტორიაში რა და როგორ კვალს დატოვებს _ აი, ეს არის ადამიანის განვითარების დონის მაჩვენებელი. ანუ ეზოტერიკა არამხოლოდ ფიზიკურ სხეულზე, თანმდევ, უკვე მატერიაში, ფიზიკურობაში გამოვლენილ შედეგებზე, არამედ ადამიანის ფაქიზ სხეულზე (ბიოველი, აურა, ენერგეტიკა) და სულზე მუშაობს.

რელიგია, მეცნიერება და ეზოტერიკა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ, როგორც აღვნიშნეთ, ისინი ერთი და იგივე საკითხს სხვადასხვა კუთხიდან და თან თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე განიხილავენ.

მაგრამ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან, მათ შორის მაინცაა (და ეს ბუნებრივიცაა, მათი განხილვისა და შესწავლის სპეციფიკური სფეროებიდან გამომდინარე) პრინციპიალური განსხვავებები.

*ყორღანი – გორასამარხი, საფლავი

გამოყენებული წყაროები:

მ. მიანიე (სამეცნიერო–პრაქტიკული სისტემის – “ადამიანის განვითარება” – დამაარსებელი) _ სტატიები;

ი. ნ. გილკა – სტატიები

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top