რეტროგრადული პლანეტები და მაგნიტიზმი
სამყაროში არაფერია ისეთი, რასაც მაგნიტური თვისებები არ ახასიათებს. თავად აზრიც კი ცნობილია მსგავსი აზრის მიზიდვის უნარით.
ყველა ინდივიდს საკუთარი მაგნიტური ენერგია აკრავს, რაც მთლიანად იმას ეყრდნობა, როგორ გამოიყენება მისი ჰოროსკოპის პლანეტარული მექანიზმის აგებულება. ყველა კონფიგურაცია იზიდავს განსაზღვრულ მოვლენებს და იმადროულად, განიზიდება სხვა განსაზღვრული მოვლენებისგან. ამრიგად, მთელი სამყარო ერთდროულად პოზიტიურ და ნეგატიურ მდგომარეობებში იმყოფება.
ინდივიდუალურ ჰოროსკოპში ზოგიერთი პლანეტა განლაგებულია გამოსხივების წერტილებში, საიდანაც ისინი მუდმივად ასხივებენ ენერგიას სამყაროში. ზოგიერთი პლანეტა კი, პირიქით, შთანთქმის ზონაში მდებარეობს, რაც ინდივიდს სამყაროს აღქმის მისთვის აუცილებელ საშუალებას აძლევს.
პლანეტის მაგნიტურ თვისებებს, მათი ძირითადი მაგნიტური ხასიათის გარდა, ზუსტად ის განსაზღვრავს, როგორ იყენებს ინდივიდი საკუთარ პლანეტებს. ასე რომ, მშთანთქმელ პლანეტებსაც კი შეუძლიათ გამოსხივება. ეს დამოკიდებულია თავად ინდივიდზე, კონკრეტულად კი იმაზე, როგორ არის პოლარიზებული ადამიანი დროის კონკრეტულ მომენტში.
როდესაც ადამიანს იმაზე მეტი ენერგია აქვს, ვიდრე მოცემულ დროის მონაკვეთში სჭირდება, მისი პლანეტების უმეტესობა ენერგიას ასხივებს და ის „გამცემი“ ხდება. საწინააღმდეგო მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს იმაზე ნაკლები ენერგია აქვს, ვიდრე მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, მისი პლანეტები შთანთქავენ ენერგიას სხვებისგან და ის „მიმღებად“ იქცევა.
ადამიანი დაჯილდოებულია საკუთარი მაგნიტური ველის კონტროლის უნარით! ამის უკეთ გასაგებად განვიხილოთ პლანეტა ვენერა, რომელიც უარყოფითად არის დამუხტული და ჩვეულებრივ, მშთანთქმელ პლანეტად ითვლება. თუმცა როდესაც ინდივიდს, დანარჩენი პლანეტების წყალობით, იმაზე მეტი ენერგია აქვს, ვიდრე მოცემულ მომენტში საჭიროებს, ის სიყვარულს ასხივებს. იგივე ეხება აგრესიულ, მამაკაცურ და ეგოცენტრულ მარსსაც. თუ ადამიანი ენერგიით სავსეა, ის საკუთარ მარსს სხვების დასამუხტად იყენებს. და ასე ხდება ნებისმიერი პლანეტის შემთხვევაში. დღიდან დღემდე, წუთიდან წუთამდე ყოველი პლანეტა ნაწილობრივ ასხივებს ან ნაწილობრივ შთანთქავს ენერგიას. ასტროლოგია იმით ინტერესდება, რა დონეზე აღემატება ერთი მეორეს დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ასტროლოგი ცდილობს, ასწავლოს ინდივიდს საკუთარი პლანეტების გამოყენება ორივე მიმართულებით.
როდესაც ინდივიდს შეუძლია გამოიყენოს ყველა თავისი პლანეტა როგორც გამომსხივებელი ან მშთანთქმელი, და აუცილებლობის შემთხვევაში, გადართოს მათი პოლარობა, მას არ სჭირდება ჰოროსკოპის ინტერპრეტაცია. თუმცა ასეთი რამ თითქმის არ ხდება. როგორც წესი, ინდივიდი ან შთანთქავს ან ასხივებს ძალიან დიდ ან ძალიან მცირე ენერგიას, იქიდან გამომდინარე, როგორ ახერხებს საკუთარი პლანეტების ენერგიათა კომბინირებას. არაპროფესიონალისთვის ეს აღიქმება როგორც პიროვნული პრობლემები, რომელთაც ადამიანი ვერ უმკლავდება. ასტროლოგისთვის ეს მაგნიტური ენერგიის პოლარიზაციის აუცილებლობაა. როგორც კი ინდივიდი გაიგებს და განავითარებს საკუთარ მაგნიტურ ველებზე კონტროლს, მისი ე.წ. პიროვნულ პრობლემათა უმეტესობა ჯადოსნურად გაქრება!
ეჭვიც არ არის, რომ რეტროგრადული პლანეტები სრულიად განსხვავებული ძალის ველს ქმნიან ინდივიდისთვის, ვიდრე დირექტიული პლანეტები. ზუსტად ეს განსხვავება ხდება ხოლმე პრობლემების მთავარი მიზეზი, როდესაც ინდივიდი ცდილობს საკუთარი რეტროგრადული პლანეტები დირექტიული პლანეტების მსგავსად გამოიყენოს. ბუნებრივია, ეს არ იმუშავებს და ადამიანს მხოლოდ ტანჯვას მოუტანს. დირექტიული მოძრაობის პლანეტებით ინდივიდი ძალიან მარტივად ახერხებს პლანეტარული ენერგიის აქცენტების გადართვას თავის შიგნით, როდესაც მისი შინაგანი ენერგეტიკული შაბლონი იზრდება ან ეცემა.
თუმცა როდესაც ის იგივეს გაკეთებას ცდილობს რეტროგრადული პლანეტებით, სრულიად განსხვავებულ სიტუაციებს აწყდება.
დავიწყოთ იქიდან, რომ რეტროგრადულ პროცესს სამი ფაზა აქვს, რომელთა მიმდინარეობისას ინდივიდი:
1. ხტება წინ და ცდილობს იცხოვროს მომავლით ახლა.
2. მომავლის განცდის პროცესში გრძნობს, რომ იქ უკვე იყო.
3. გონებაში იმეორებს პირველ ფაზას, ისე რომ ფაქტობრივად თავიდან განიცდის „მომავალში გადახტომას“, რაც უკვე მოხდა.
როდესაც ინდივიდი I ფაზაშია (წინ ხტება და მომავალში ცხოვრებას ცდილობს), მისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია რეტროგრადული პლანეტის ნეგატიურად გამოყენება, რადგან ის ცდილობს საკუთარი ენერგია წინ მოძრაობისკენ მიმართოს. ამრიგად, ამ ფაზაში ის ენერგიას ასხივებს იმისთვის, რომ „დამაგნიტდეს“ და ისეთ ადამიანებსა და გარემოებებთან მიიზიდოს, რომლებიც მომავალ გამოცდილებას გამოიწვევენ.
II ფაზის დროს (როდესაც ის მართლა განიცდის გამოცდილებას), მას თითქმის არ ახსოვს პირველი ფაზა, საიდანაც თავად გამოიწვია ეს გამოცდილება. მაგრამ ის იმაზე მეტს გრძნობს, ვიდრე დირექტიული პლანეტების ადამიანი. სხვა სიტყვებით, მას უჩნდება შეგრძნება, რომ ის, რაც ახლა მის თავს ხდება, უკვე განცდილი აქვს, თუმცა კი არც იცის ზუსტად როგორ, როდის და რატომ განიცადა. ზუსტად ეს წინააღმდეგობრიობა ქმნის გადამკვეთ ვიბრაციას, სადაც ის ერთდროულად პოზიტიურად და ნეგატიურად მოქმედებს. მისი ერთი ნაწილი პოზიტიურად ასხივებს გამოცდილების დასრულების სურვილს. მეორე ნაწილი კი ცდილობს გაიგოს, რატომ მეორდება ეს გამოცდილება დაუსრულებლად. ბუნებრივია, ამ ფაზაში გარშემომყოფებს ყველაზე ნაკლებად ესმით მისი.
და ბოლოს III ფაზა, როდესაც ინდივიდი გონებაში I ფაზას იმეორებს, (იყურება მომავალში, რომელიც უკვე განიცადა), დროის სინქრონში ის სრულიად ამოვარდნილია დანარჩენ სამყაროსთან, რადგან ცდილობს კიდევ ერთხელ შთანთქოს ის გარემოებები და ინდივიდები, რომლებიც მას კვლავ წარსულთან დააბრუნებენ. ამ ფაზაში მისი გაგება ყველაზე მარტივია, თუმცა კი ის ზედმეტად აცლის ენერგიას სხვებს, რადგან თავად საერთოდ არ ასხივებს.
საინტერესოა, რომ I და II ფაზების პერიოდში (მომავალში ცხოვრების მცდელობა და მომავლისა და წარსულის ჯვარედინი კვეთა), ინდივიდისთვის იმდენად პირადია, რომ ასტროლოგია ძლივს უსადაგებს მათ რეტროგრადულ ხასიათს. სწორედ III ფაზა (წარსულის მიზიდვა ან განმეორებითი ხასიათი) ყოველთვის ყველაზე მეტად შესამჩნევია. შესაძლოა იმიტომ, რომ ინდივიდი ყველაზე დიდ დროს დასასრულ ფაზაში ატარებს და მისი რეაქციები მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოებრივი რეაქციებისგან.
რეტროგრადული პლანეტები და დროის ფაქტორი
რეტროგრადული პროცესის სამფაზიანობის გამო, ინდივიდი საკუთარ ცხოვრებას განსხვავებული თანმიმდევრობით განიცდის. მისი ცხოვრების მონაკვეთები, რომელიც რეტროგრადული პლანეტების გავლენას ექვემდებარება, მნიშვნელოვნად განსხვავდება დირექტიული პლანეტებით მართული სფეროებისგან. მის გონებაში მოვლენების ქრონოლოგია უკუსვლით მოძრაობს ან იცვლის მიმართულებას მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. ადამიანი ფაქტობრივად არღვევს დროის ბარიერს.
იქიდან გამომდინარე, რომელ ფაზაში იმყოფება ინდივიდი, ის ცხოვრების ნაწილს მაინც დროის სხვა მონაკვეთში გადის. და აქ, ამ საოცარ ტრანსცედენტალურ დროის მონაკვეთში, სწორედ რეტროგრადული პლანეტები წარმოადგენენ კარმის მთავარ გასაღებს.
რეტროგრადული პლანეტები და კარმა
რეტროგრადული პლანეტები ინდივიდს არამხოლოდ გუშინდელი დღის, გასული თვის თუ წლისკენ აბრუნებენ, არამედ განპირობებენ მის მოძრაობას წარსული ცხოვრებებისკენ, რომელზე მოგონებებიც მიმდინარე ინკარნაციაშიც გადმოდის. ეს მოგონებები წარმოდგენილია გარკვეული მოვლენების ან ინდივიდების სახით, რაც/ვინც იმდენად მნიშვნელოვანი იყო სხვა ცხოვრებებში, რომ კვლავ განაგრძობს ზემოქმედებას ადამიანზე.
სადაც არ უნდა გამოჩნდეს რუკაში რეტროგრადული პლანეტა, იქ ინდივიდი არ მიჰყვება დროის თანმიმდევრობას. ამის ნაცვლად, ის ცდილობს გადაწყვიტოს ადრინდელი გარემოებები, რომელიც მას ჯერ კიდევ დაუმთავრებლად ეჩვენება. ცხოვრების ამ განსაზღვრულ სფეროებში, როგორც ჩანს, არ არსებობს მკაფიო ზღვარი განვლილ და მიმდინარე ცხოვრებებს შორის. მოგონებები იმდენად ცოცხალია, რომ ინდივიდი ვერც კი აღიქვამს მათ მოგონებებად. მისთვის ეს აწმყოა და მიუხედავად ამისა, ის მაინც დროის სხვა ზონაში ცხოვრობს, რომლის გადაულახავი მაგნიტიზმი მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მიმდინარე ცხოვრება.
რეტროგრადული პლანეტები ნიშნებში
რეტროგრადული პლანეტა ნიშანში მთლიანად მოცემული ნიშნის შეფერილობას იღებს და თავის ენერგიას დროში უკან მიმართავს. ინდივიდი თავის მიმდინარე ცხოვრებაში იმ გამოცდილებას აცოცხლებს, რომელიც უკვე გაიარა წარსულ ინკარნაციებში, კონკრეტულ რეტროგრადულ პლანეტასთან ურთიერთობაში. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო (შესაძლოა შინაგანი შეგრძნების, რომ კარმული გაკვეთილი ჯერ არ დასრულებულა ან უმდაბლესი მეს დასაკმაყოფილებლად საკმარისად ვერ დაამუშავა), ის აგრძელებს ამ ცხოვრებაში იგივე სიტუაციების შემოტანას. საქმე ის არის, რომ ის ცდილობს დააბრუნოს წარსულ ცხოვებებში გადაუწყვეტელი სიტუაციები. ადამიანი, რეტროგრადული პლანეტებით რუკაში, რეალურად არ ცხოვრობს მიმდინარე დროის ზონაში.
სწორედ ამიტომ, ასტროლოგები ყოველთვის გრძნობდნენ, რომ რეტროგრადული პლანეტები ვერ აღწევენ თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს. თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ისინი კარგად არ მუშაობენ. თუ რეტროგრადული პლანეტა ვერ მუშაობს, ეს იმის ბრალია, რომ ინდივიდი ვერ იყენებს მას შესაბამისი ხარისხით მოცემულ ცხოვრებაში. ამის ნაცვლად, ის ცდილობს აიძულოს დღევანდელი სამყარო ჩაეწეროს მისი წარსულის კონცეფციებში. ლოგიკურია, რომ ასეთი მიდგომა გამოიწვევს დისჰარმონიას, რასაც ასე ხშირად მიაწერენ რეტროგრადულ პლანეტებს.
სამფაზიანი რეტროგრადული პროცესის გამოვლენა, რომელიც არამხოლოდ ამ ცხოვრებაში ზემოქმედებს, არამედ დროის ბარიერით წინა ცხოვრებებზეც გადადის, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში თავისებურად ვლინდება. მაგალითად, ინდივიდი, რეტროგრადული მერკურით ვერძში, I ფაზის განცდისას (როდესაც დროში წინ ხტება), მეტად პოზიტიურად და გაბედულად წარმოისახავს მომავალ გამოცდილებას, რადგან ამგვარი „სულსწრაფობა“ სრულ ჰარმონიაშია ვერძის ნიშნის მარსიანულ ბუნებასთან. სამაგიეროდ, III ფაზაში (როცა აზრობრივ პროცესში უკან უნდა დაბრუნდეს) ის აბსოლუტურად ვარდება ვერძის ვიბრაციის ჰარმონიიდან. შესაძლოა სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ განიცდიან ადამიანები, რეტროგრადული მერკურით ვერძში, ასეთი ძლიერ დაძაბულობას, იშვიათად გრძნობენ ერთიანობას საკუთარ ფიქრებთან და ძალიან უჭირთ აზრების დამუშავება.
ინდივიდი, რეტროგრადული მერკურით კუროში, პირიქით, ყველაზე მეტ დისჰარმონიას განიცდის რეტროგრადული პროცესის I ფაზისას, რადგან დროში წინ ნახტომი არსებითად ეწინააღმდეგება კუროს ნიშნის ბუნებას. მისთვის გაცილებით კომფორტული იქნება II ფაზა, როდესაც ის სახლში მყუდროდ და უსაფრთხოდ მოკალათებული თავიდან განიცდის ენერგეტიკულ შაბლონებს, რაც მისთვის ასე ნაცნობია.
ამგვარად, ყოველი რეტროგრადული პლანეტის შემთხვევაში, ინდივიდი თვითონ ირჩევს მისთვის მეტ-ნაკლებად ყველაზე ჰარმონიულ ფაზას, რაც, ბუნებრივია, დამოკიდებულია რეტროგრადული პლანეტის ნიშანზე.
აქამდე ასტროლოგიას რეტროგრადული პლანეტების ეფექტებთან უფრო ჰქონდა საქმე, ვიდრე მათ ფაქტობრივ პროცესებთან. თუმცა ზუსტად ამ პროცესის გაგებით ინდივიდს შეუძლია იცოდეს, როდის და რატომ იმყოფება საკუთარ თავთან ჰარმონიაში თუ დისჰარმონიაში.
პროცესის ფაქტობრივი ჩართვა იწყება იმ მომენტში, როდესაც ინდივიდი პირველად მიმართავს აზრს ნებისმიერი სასურველი მიზნის გამოხატვისკენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეული ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რეტროგრადული პლანეტის ნიშანზე. ადამიანი ყოველთვის ცდილობს გაიხანგრძლივოს სიამოვნება და შეამციროს მტკივნეული შეგრძნებები. აქიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინდივიდისთვის ყელაზე მეტად ჰარმონიული და დამახასიათებელი იქნება ის ფაზა, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება რეტროგრადული პლანეტის მოცემული ნიშნის არსს. იმავდროულად, ფაზას, რომელიც ყველაზე ნაკლებ ჰარმონიაშია ნიშნის ბუნებასთან, არამხოლოდ უმცირესი დრო დაეთმობა, არამედ ინდივიდის საჩივრებისა და წუწუნის მთავარი მიზეზიც გახდება.
რეტროგრდული პლანეტები სახლებში
როდესაც რეტროგრადული პლანეტა ჰოროსკოპის სახლში ჩნდება, მისი გავლენა აისახება ცხოვრების იმ სფეროებზე, რომელთაც წარმოადგენს მოცემული სახლი. ხელმძღვანელობს რა იგივე პრინციპით, როგორც ნიშნების შემთხვევაში, ინდივიდი ცდილობს გაახანგრძლივოს ის ფაზა, რომელიც ყველაზე მეტ ჰარმონიაშია სახლის სფეროებთან და პირიქით, შეამციროს ის ფაზა, რომელიც ყველაზე ნაკლებ ბუნებრივია მოცემული სახლისთვის.
განვიხილოთ ინდივიდი რეტროგრადული ვენერით X სახლში. ამ სახლში პლანეტა ყველაზე მეტად ჰარმონიულია III ფაზაში, როდესაც შესაძლებელია გონებაში გაიმეოროს უკვე განცდილი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ X სახლი განასახიერებს კრისტალიზირებულ მიღწევებს, კმაყოფილების განცდას საკუთარი მიღწევებისგან. შესაბამისად, როდესაც ინდივიდს შეუძლია მაგნიტურად შთანთქოს დადებითი შეფასებები, გაწეული სამუშაოს გამო, რეტროგრადული ვენერა X სახლში ყველაზე ჰარმონიულ მდგომარეობაშია. ლოგიკურია, რომ ინდივიდისთვის ქცევის ეს ტიპი იქნება ყველაზე მეტად დამახასიათებელი.
მეორეს მხრივ, X სახლის რეტროგრადული ვენერა ყველაზე ნეგატიურად I ფაზაში (დროში წინ გადახტომა) გამოვლინდება, რაც ასე უცხოა როგორც ვენერასთვის, ისე X სახლისთვის, რომელიც შეზღუდვის პრიციპის მატარებელი სატურნით იმართება. ამიტომ, ასეთი ადამიანი ყოველთვის იმაზე წუწუნებს, რამდენ ძალისხმევას და წინააღმეგობას ხედავს გზაზე. შედეგად, I ფაზის მიმდინარეობისას, როდესაც თავის ვენერას პოზიტიურად ავლენს და კონსტრუქციული მომავლისკენ მიმართავს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ის მხოლოდ გადაულახავ კედლებს ხედავს. ბუნებრივია, რომ ზუსტად ამ მიზეზით ითხოვს დადებით შეფასებას როდესაც III ფაზაზე გადადის. იმავდროულად, მოცემული მდებარეობით, ის საკმაოდ პოზიტიურად გრძნობს თავს II ფაზაშიც, როდესაც საიმედო ნიადაგზე მიაბიჯებს გარკვეული მიზნისკენ.
სხვა მაგალითისთვის განვიხილოთ ადამიანი რეტროგრადული მარსით XII სახლში. ამ შემთხვევაში ფრიად არაერთგვაროვან სიტუაციას ვაწყდებით. I ფაზის პერიოდში, როდესაც ინდივიდი მომავალში გადახტომას ცდილობს, მარსი საკმაოდ ჰარმონიულად გრძნობს თავს, მაგრამ, იმავდროულად, ეს სრულიად არ შეესაბამება XII სახლის არსს, რომელიც ღრმად არის ჩაბეჭდილი წარსულში. III ფაზისას, როდესაც რეტროგრადულმა პლანეტამ წარსულ გამოცდილებას უნდა გადახედოს, მარსი ჰარმონიაშია სახლის ტენდენციასთან, თუმცა კი სრულ დისჰარმონიაშია თავის ფუტურისტულ თვისებებთან. II ფაზის მიმდინარეობისას, სადაც ინდივიდი წარსულის გაელვებებს განიცდის, ერთის მხრივ, მარსის მოქმედების სურვილი კმაყოფილდება, მეორეს მხრივ, მისი რეტროგრადულობა მშვენივრად ერწყმის XII სახლის (წარსულის,კარმის) არსს. ამრიგად, ინდივიდისთვის II ფაზა ხდება ყველაზე კომფორტული, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს. გარშემომყოფებს ეჩვენებათ, რომ ის მუდმივად მეორდება თავის ქცევებში და მოსწონთ მათ ეს თუ არა, თავად ინდივიდისთვის ეს ცხოვრების ყველაზე კომფორტული სტილია.
როდესაც ინიდივიდი ცდილობს იცხოვროს I ფაზაში, მარსს უკან ექაჩება XII სახლი. როდესაც ის ცდილობს იცხოვროს III ფაზაში, მას ძალიან უჭირს აქტიურად ექსპრესიული მარსის მეშვეობით შთანთქოს ენერგია. სწორედ ამიტომ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ზუსტად II ფაზაში, წინააღმდეგობრივი ვიბრაციების გადაკვეთისას, ის თავისი მოცემულობის ყველაზე ჰარმონიულ მდგომარეობაშია.
რეტროგრადული პლანეტები და ინდივიდუალიზმი
საინტერესოა იმაზე დაკვირვება, როგორ მიჰყავთ რეტროგრადული პლანეტების ნიშანსა და სახლს ინდივიდი არჩევნისკენ, რომელი ფაზაა მისთვის ყველაზე კომფორტული. შედეგად, რეტროგრადული პლანეტების მქონე ადამიანები, სხვადასხვა ნიშნებსა და სახლში, განსხვავებულად გამოავლენენ თავს. ამ მიზეზით, რეტროგრადული პლანეტების ჭეშმარიტი ხასიათი მრავალი წლის განმავლობაში მატყუარა იყო.
რეტროგრადული პლანეტის გამოხატვის ფორმა სრულიად ორიგინალური და ინდივიდუალურია. დაახლოებით ყოველი 4320 ადამიანიდან (12 სახლის და 360 გრადუსის გათვალისწინებით) ერთი ინდივიდი ზუსტად ისე გამოიყენებს რეტროგრადულ პლანეტას, როგორც სხვა. ბუნებრივია, ეს ართულებს ინტერპრეტაციას და იმავდროულად, თვალსაჩინოდ განმარტავს, რატომ იყო ამდენი ხანი რეტროგრადული პლანეტების ფენომენი ამოუცნობი. თუმცა, მეტად რეალისტური მიდგომით, რეტროგრადული პლანეტები ინდივიდის არჩევნის თავისუფლებაზე მიუთითებს. ადამიანი თავად ირჩევს, როგორ გამოიყენოს თავისი პლანეტები.
რეტროგრადული პლანეტები და განზომილებები
იმისათვის რომ სრულად გავიგოთ რეტროგრადული პლანეტების ბუნება, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ისინი რამდენიმე განზომილებაში ერთდროულად მოქმედებენ. პირველ რიგში, ინდივიდი განიცდის რეტროგრადულობის სამფაზიან პროცესს, რომელიც აგდებს მას დღევანდელი მომენტის სინქრონიდან. იმავდროულად, ნებისმიერი ფაზის განცდისას, ის ცდილობს კარმის კორექციას სხვა ცხოვრებიდან. ამგვარად, ის წინ უსწრებს ან ჩამორჩება საკუთარ თავს მიმდინარე ცხოვრებაში და ეს მაშინ, როდესაც მისი ნაწილი საერთოდ არ იმყოფება „აქ და ახლა“.
ადამიანთა უმეტესობისთვის სინქრონის ამგვარი დარღვევა სრულიად საკმარისია სულიერი წონასწორობის დასაკარგად. თუმცა იმავდროულად, ასეთ ადამიანებს ერთი სიბრტყის უნიკალურ ორიენტაციის განცდა აქვთ სივრცეში.
რეტროგრადული პლანეტები და სივრცითი ფაქტორი
რეტროგრადული პროცესის I ფაზაში (წინ ნახტომი, როდესაც ადამიანი ცდილობს აიძულოს მომავალი, მოხდეს ახლა) ინდივიდი თავს მაგნიტურად იმდენად პოზიტიურად წარმოიდგენს, რომ ის გადაჭარბებულად ახლოს მიდის ობიექტებსა და ადამიანებთან. ზუსტად ამ ფაზაში ხელყოფს ის სხვა ადამიანების აურას, არ ამთავრებინებს წინადადებს და პირდაპირ ევედრება, ესესხება ან იპყრობს მთელ სუბსტანციას, რომელიც, როგორც თავად მას ეჩვენება, აუცილებელია მისი მომავალი გამოცდილებისთვის.
აბსოლუტურად ყველას კერძო ფსიქიკური სივრცე აკრავს. ადამიანები ძალიან ღიზიანდებიან, როდესაც მათ კერძო სივრცეს ვინმე არღვევს. თუ გსურთ ამაში დარწმუნდეთ, შემდეგში, როდესაც რესტორანში ვინმესთან ერთად ივახშმებთ, შეეცადეთ ჰაერში დანით ან ჩანგლით გადაკვეთოთ მაგიდის წარმოსახვითი გამყოფი ხაზი და დააკვირდით თქვენი მეგობრის რეაქციას, გრძნობს თუ არა, რომ თქვენ მის ფსიქიკურ სივრცეში იჭრებით, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. ასეთი „თავდასხმა“ ძალიან ჰგავს რეტროგრადულობის I ფაზას. ინდივიდი ცდილობს გააფართოვოს საკუთარი ფსიქიკური სივრცე ყველა მიმართულებით. ზუსტად ამ პერიოდში გარშემომყოფებს ის განსაკუთრებით აგრესიულად ეჩვენებათ.
II ფაზაში, როდესაც ადამიანი მოქმედებებში განიცდის მთელს ინფორმაციასა და სივრცეს (რომელიც მან უკვე დაგეგმა თავისთვის), მას გაცილებით უადვილდება სხვებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა.
მაგრამ! III ფაზაში, სადაც ინდივიდი უკან იყურება, იმ მომავლის მოლოდინში, რომელიც უკვე გაიარა, ის უკიდურესად ინტროვერტული ხდება. ადამიანი საკუთარ თავში ეფლობა და სულ უფრო ცოტა სივრცე სჭირდება. ზუსტად ამ მომენტში შორდება სხვებს, რის შედეგედაც ვიღებთ იმას, რაც ამდენი ხნის განმავლობაში კლასიფიცირდებოდა, როგორც რეტროგრადული პლანეტების ქცევის კლასიკური ხასიათი. საკუთარ წარსულში დაბრუნების ფაზაში, ის მთლიანად შთანთქავს გარშემო არსებულ გამოსხივებას. მართალია, თავად უარყოფს ასეთ საქციელს, მაგრამ ეს აუცილებლად სჭირდება მას, რომ ბიძგი მისცეს ახალი I ფაზის დასაწყისს, სადაც ის კვლავ გამოასხივებს ენერგიას და გააფართოვებს სივრცეს.
რეტროგრადული პლანეტები და ფარდობითობის კანონი
რადგან რეტროგრადული პლანეტის მიერ დროის კონცეფციის განსხვავებული აღქმა აიძულებს ინდივიდს, ცვალებადად აღიქვას სივრცე, მისი საბოლოო ცხოვრებისული გამოცდილება ყოველთვის განსხვავდება იმისგან, რასაც შეიძლება ნორმა ვუწოდოთ. ფარდობითობის კანონის თანახმად, სამყაროში არაფერი არსებობს თავისთავად. ყველაფერი მოქმედებს იმ კანონებთან შესაბამისობაში, რასთანაც ობიექტი/სუბიექტი დაკავშირებულია. ავტომობილის ბორბლების მოძრაობა პირდაპირ შეესაბამება აქსელერატორის პედალზე ზეწოლის სიმძლავრეს. თავად ნიადაგი მოძრავად გვეჩვენება ბორბლებთან მიმართებაში და ასეა ყველაფერი მთელს სამყაროში. რეტროგრადულ ინდივიდს სივრცისა და დროის ურთიერთკავშირის თავისებური აღქმა აქვს და ზუსტად ამ აღქმის შესაბამისად მიჰყავს ის სამყაროს.
*„რეტროგრადული ინდივიდი“ ის ტერმინია, რომელსაც ხშირად შეხვდებით ამ წიგნში და აღნიშნავს ადამიანს, სამი და მეტი რეტროგრადული პლანეტით ნათალურ რუკაში, რომელიმე შიდა რეტროგრადული პლანეტით (მერკური, ვენერა, მარსი) ან თუნდაც ერთი ნებისმიერი რეტროგრადული პლანეტით ასცედენტის (I სახლი) ან ზენიტის (X სახლი) სიახლოვეს.
რეტროგრადული ინდივიდის მიერ სიბრტყეების აღქმა განსხვავდება მათი აღქმისგან, ვისაც რეტროგრადული პლანეტები არ ჰყავს. მეტიც, მისი ორიენტაცია (რ.პ.-ით) დროსა და სივრცეში ასევე განსხვავდება დროისა და სივრცის იმ ორიენტაციისგან, რომელსაც ის საკუთარი თავის სხვა ნაწილებში დირექტიული პლანეტებით განიცდის. შესაბამისად, მის ერთ ნაწილს სამყაროს მიმართ ერთი დამოკიდებულება აქვს, მეორეს_სხვა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სამყარო ადამიანებზე ზუსტად მათი ინდივიდუალური აღქმის შესაბამისად ზემოქმედებს.
ზოგიერთები სამყაროს აღიქვამენ სუბსტანციებითა და ფორმებით. ზოგიერთები იყურებიან სამშვინელის ფანჯრიდან. ზოგიერეთები კი სულის ხილვებიდან. ადამიანთა უმეტესობა ამ სამი ტენდეციის შერეულ გავლენას განიცდის და ნებისმიერ დროს ერთი რომელიმე მიდგომა იმარჯვებს დანარჩენებზე.
რეტროგრადული პლანეტა, თავისი ძლევამოსილი კარმული გაკვეთილებით, მიდრეკილია ცხოვრების მატერიის ან ფორმების აქცენტირებაზე. ის ინდივიდს მისი არსის უფრო პრიმიტიული ნაწილებისკენ უბიძგებს, სადაც მისი გადარჩენისთვის ბრძოლა, გარემომცველ პირობებსა და ადამიანებში, აღემატება სულიერი დაკმაყოფილების მოთხოვნას. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერებულია შიდა პლანეტების (მერკური, ვენერა, მარსი) შემთხვევაში, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი საკუთარი არსის სანუკვარ, პირად, პრივატულ ნაწილებს უკავშირდება, რომელთაც უხსოვარი დროიდან ებრძვის. მართალია, ადამიანი რეტროგრადული პროცესის ფაზიდან ფაზამდე მოძრაობისას მცირედ ანაცვლებს აქცენტს მატერიას, სამშვინელსა და სულს შორის, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სული და სამშვინელი კარმის კანონებზე მაღლა დგანან. ამგვარად, მთელი რეტროგრადული პროცესის მიმდინარეობისას ყოველთვის რჩება სუბსტანციისა და მატერიის (განსაკუთრებით ეთერული) ნალექი.
ეს ეთერული ან ასტრალური მატერიის ნაკვალევი, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის თან ახლავს რეტროგრადული პლანეტების გამოხატვას, კარმული აღსრულების ინფორმაციას ატარებს. და ვინაიდან პროცესში ჩართულია მატერია, გარსემომყოფები რეტროგრადულ ინდივიდის ზემოქმედებას შედარებით (ხშირად კი გაცილებით) მძაფრად შეიგრძნობენ, ვიდრე დირექტიულ პლანეტების გავლენას.
ზუსტად ამიტომ, ინდივიდები, რომლებიც საკუთარ თავს რეტროგრადული პლანეტების მეშვეობით გამოხატავენ, ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენენ მსმენელებზე. თანამოსაუბრემ შეიძლება წამით გადაწყვიტოს მათი სიტყვების უგულვებელყოფა, მაგრამ შეუძლებელია იმ ეთერული და ასტრალური მატერიის იგნორირება, რომელსაც რეტროგრადული ინდივიდი სიტყვებთან ერთად გადასცემს. ეს მატერია იქამდე შეინახავს გზავნილს ადრესატის მეხსიერებაში, სანამ ეს უკანაკსნელი მზად არ იქნება მიიღოს ან უარყოს ის. ამ მიზეზით, რეტროგრადული ინდივიდის აზრობრივი ფორმები უჩვეულოდ ძლიერია. მათგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით I ფაზაში, როდესაც ის ენერგიას ასხივებს და სივრცეს აფართოვებს.
რეტროგრადული პლანეტები და ევოლუცია
ცხადია ყველა ადამიანს არ აქვს რუკაში რეტროგრადული პლანეტები, მაგრამ ასეთი ადამიანები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გამოკვლევები ადასტურებს, რომ დედამიწის მოსახლეთა 92% ერთი პლანეტა მაინც ჰყავს რეტროგრადული.
რადგან რეტროგრადულ პლანეტებისთვის დამახასიათებელია წარსულის წინ და მომავლის უკან მიმართვა, მარტივი გასაგებია, რომ კოსმიურ დონეზე სწორედ რეტროგრადული პლანეტები წარმოადგენენ უწყვეტ დამაკავშირებელ ძაფს მთელი კაცობრიობის ევოლუციის აწმყოსა და წარსულს შორის.
რეტროგრადული პლანეტები და სექსუალობა
რეტროგრადული პლანეტები თანამედროვე სამყაროს სექსუალური სირთულეების ერთერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია. სექსუალური სიმდიდრე და დაკმაყოფილება მთლიანად დაფუძნებულია ორი ინდივიდის ცნობიერებაზე, რომლებიც დროისა და სივრცის ყველა დონეზე ჰარმონიულად ეთავსებიან ერთმანეთს.
რეტროგრადულ ინდივიდს არ ძალუძს მთელი ჰარმონიის განცდა, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ის ყოველთვის რეტროგრადული პროცესის რომელიმე ფაზაში იმყოფება. ეს იმას ნიშნავს, რომ დროისა და სივრცის არასტანდარტული აღქმა მას არ მისცემს საშუალებას, სრულყოფილად განიცადოს „აქ და ახლა“ მიმდინარე პროცესები.
მაგალითად, მამაკაცები, რეტროგრადული ვენერით, გაცილებით კმაყოფილად გრძნობენ თავს, როდესაც ქალებს თავს არიდებენ. იგივე ითქმის რეტროგრადული მარსის მფლობელ ქალებზე, რომლებიც მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან მამაკაცებთან ურთიერთობაში.
როდესაც მერკური ან ურანი აღმოჩნდება რეტროგრადული, ასეთ შემთხვევებში ინდივიდი მენტალურად ზედმეტად აღგზნებადია და მას უჭირს სექსუალობის მთელი სიმდიდრის დაბალანსებული განცდა ემოციურ და ფიზიკურ დონეზე.
რეტროგრადული პლუტონის შემთხვევაში, დღევანდელი ცხოვრების მთელი სექსუალობა დაფუძნებულია წარსულ სექსუალურ მოგონებებზე, რაც ღრმად არის ჩაბეჭდილი ქვეცნობიერში. ამის გამო, მართალია, ინდივიდი ჩვენს დროში ცხოვრობს, მაგრამ მისი სექსუალური ბუნება შეიძლება ასახავდეს ისეთ ქცევებსა და მორალს, რომელსაც ის კაცობრიობის ისტორიის განვითარების შედარებით ადრეულ პერიოდებში მიეჩვია. აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ნორმალური ჰეტეროსექსუალობა იწყება წინააღმდეგობრივი ენერგიების ძლიერ პოლარიზებული მაგნიტური მდგომარეობით, რომლებიც ნეიტრალობისკენ მიისწრაფვიან.
ჰომოსექსუალობა ან სირთულეების განცდა საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში ნეიტრალურის მსგავსი ენერგიების შედეგია, რომელიც ცდილობს სექსუალობის მეშვეობით დაადგინოს საწინააღმდეგო ენერგიების პოლარიზებული კონფიგურაცია. რადგან წინააღმდეგობრივი მაგნიტური ენერგიები მიიზიდებიან, თვალსაჩინო ხდება, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები უფრო მეტ მოთხოვნას უნდა წარმოქმნიდნენ სექსუალური გამოხატვის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობას, ენერგიების ნეიტრალიზების გამო, მეტი კმაყოფილება მოაქვს.
ადამიანს შესაძლოა ბევრი რეტროგრადული პლანეტა ჰყავდეს და არ იყოს ჰომოსექსუალი. მაგრამ ინდივიდი, რომელიც რეტროგრადული პროცესის სამ ფაზას განიცდის საკუთარ სექსუალობაზე, მართლა გადის სამ ფაზას, სადაც I ფაზაში გადაჭარბებულად რეაგირებს მომავალ სექსუალურ აქტივობაში ჩართვის მოლოდინზე. შეიძლება ითქვას, ძალიან ნაადრევად და თან არაპროპორციული ხარისხით, რაც მომავალ რეალობას ეფუძნება.
შემდეგ მას იპყრობს II ფაზის ჯვარედინი კვეთის ვიბრაცია, სადაც მისი აქტივობა სუსტდება, რადგან ნაწილობრივ უკვე განიცადა ეს გამოცდიელბა ცნობიერებაში. ამან შეიძლება იმპოტენცია/ფრიგიდულობაც მოგვცეს, რადგან ინდივიდმა გადაჭარბებულად დიდი ენერგია გამოიყენა მოლოდინში ანუ I ფაზაში. და ბოლოს, მას ეწყება საკუთარი თავის შიში III ფაზაში, სადაც აცნობიერებს, რომ ზედმეტად გაფართოვა საკუთარი საზღვრები, რის შემდეგაც მორცხვად ბრუნდება საკუთარ თავში.
მარტივი შეჯამებით: ინდივიდი სრული ექსტრავერსიიდან (I ფაზიდან) სრულის ონტროვერსიისკენ მოძრაობს (III ფაზაში). სექსუალური წარუმატებლობათა უმეტესობა (როგორც ჰეტეროსექსუალური, ისე ჰომოსექსუალური) გამოწვეულია რეტროგრადული პროცესის ამგვარი გავლენით.
თუ სამფაზიანი რეტროგრადული პროცესი, რომელიც დროისა და სივრცის დამახინჯებას იწვევს, საკმარისი არ აღმოჩნდა რეტროგრადული ინდივიდის დასაბნევად, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა რეტროგრადული პლანეტებისთვის _ ბუნებრივად გარეთ მიმართული ენერგიის შიგნით მიმართვა.
რაც უფრო მეტი რეტროგრადული პლანეტაა რუკაში, მით უფრო ინტროსპექტულია ინდივიდი. მისი შინაგანი ცხოვრება სრულ წინააღმდეგობაშია იმ ცხოვრებასთან, რომელიც უნდა აწარმოოს საზოგადოებისთვის, რომლის მოწონებასაც საჭიროებს. ხშირად უჭირს კიდეც საკუთარი თავისა და სამყაროს მისეული აღქმის გადმოცემა.
როდესაც ენერგია, რომელიც ჩვეულებრივ მიმართულია გარეთ, შიგნით მიემართება, ინდივიდს უჭირს რეალურად გაიგოს, სად მთავრდება ის და სად იწყება სამყარო მის გარეთ. ამის შედეგად, მას ხშირად მიეყენება ტკივილი, როდესაც საკუთარ თავში იმაზე მეტს შთანთქავს, ვიდრე საჭიროა. რეტროგრადული ინდივიდი მშვენივრად აცნობიერებს საკუთარ ზემგრძნობიარობას გარემოს მიმართ და ამიტომ, ის მუდმივად აღმართავს კედლებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კედელს მიეფარება, მას შეუძლია დაახარისხოს თავისი პრობლემები, თუმცა მაინც არ ძალუძს გადასცეს საკუთარი ცოდნა გარშემომყოფებს, რომელთაც განერიდა. მისი ყველაზე ძლიერი კონტაქტი საზოგადოებასთან I ფაზაში ხდება, როდესაც ფრთებს ისწორებს და მეტად კონტაქტური ხდება იმისათვის რომ აითვისოს ის, რაც მისი ნორმალური ცხოვრებისეული გამოცდილების გარეთ, წინ და ზემოთ იმყოფება.
რეტროგრადული პლანეტები და აზრობრივი პროექცია
რეტროგრადული პლანეტების ერთერთი ყველაზე დამატყვევებელი ასპექტი ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს, როდესაც ინდივიდი საკუთარი რეტროგრადული პლანეტების ენერგიის პროეცირებას ახდენს ყველა ადამიანზე, ვისთანაც ურთიერთობს, თუმცა ამას იმდენად დახვეწილად აკეთებს, დამკვირვებლისთვის სრულიად შეუმჩნეველი რჩება.
რეტროგრადული ინდივიდი გაუაზრებლად იჭრება თანამოსაუბრის ინდივიდუალიზმში და ტელეპატიურად გადასცემს საკუთარ აზრებს. ეს მართლაც ძალიან საინტერესოა, როდესაც მისი ერთი ნაწილი მასშია, მეორე ნაწილი კი სხვა ადამიანის ფსიქიკურ სივრცეში. რამდენიმე წამით მისი თანამოსაუბრე კარგავს საკუთარ იდენტობას და რეტროგრადული ინდივიდის აზრებსა და სურვილებს ისეთი მორჩილებით იღებს, თითქოს მისი საკუთარი აზრები და სურვილები იყოს. საინტერესო კი იმიტომ არის, ამ პროცესში რეტროგრადული ინდივიდი ფაქტობრივად საკუთარ თავს ესაუბრება. თუ მას ისეთი კარმა აქვს, რომლის განხილვაზეც აქამდე უარს აცხადებდა, ის ხედავს, რომ საკუთარი კარმა მისკენ თანამოსაუბრის სახით მოემართება, რომელიც მისი სარკის ფუნქციას ასრულებს. საუბედუროდ, რეტროგრადული ინდივიდი იშვიათად აცნობიერებს ამას და თვლის, რომ ნეგატიური გამოვლინების ინიციატორი „სარკე ადამიანია“(და არა მისი საკუთარი კარმა).
იმ შემთხვევებში, როდესაც რეტროგრადულ ინდივიდს ძალიან პოზიტიური ან ამაღლებული კარმა აქვს თავის რეტროგრადულ პლანეტებში, მას შეუძლია ასეთივე პროექციის მეშვეობით გადასცეს ცნობიერება, რომელსაც მიაღწია. ამგვარად, რეტროგრადულ ინდივიდს ძალუძს გახდეს ნამდვილი მისტიკური სენსეი (ყველაზე საეჭვო დონეებზე).
მართებულია დავსვათ კითხვა „რამდენი ხანი გრძელდება პროექციის გავლენა, სანამ თითოეული ინდივიდი საწყისი იდენტობის პოზიციას დაუბრუნდება?“ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ნეგატიური კარმის გაცვლას ეხება, პროექციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენის მისაღებად არის მზად არარეტროგრადული ინდივიდი. პოზიტიური კარმის გაცვლის შემთხვევაში კი იმაზე, რამდენი ხანი გაჰყვება „სარკე ადამიანს“ შეგრძნება, რომ ის საჭიროებს რეტროგრადული ინდივიდისგან მიღებულ ცნობიერებას.
ორივე შემთხევევაში, კარმის გადაცემა, როგორც წესი, იქამდე გრძელდება, სანამ ინდივიდი ჭეშმარიტებას მიაღწევს ამ საკითხში. რადგან, იმის მიუხედავად, ნეგატიური კარმის გადაცემა ხდება თუ პოზიტიურის, ის საკუთარ იდენტობას გამდიდრებული გამოცდილებით უბრუნდება.
საინტერესოა, რეალობაში როგორ მიმდინარეობს აზრობრივი პროექცია. რეტროგრადული ინდივიდის სიტყვებისა და ქმედებების მეშვეობით არარეტროგრადული ინდივიდი განიცდის იმას, რაც მას საკუთარ ემოციებად ეჩვენება, იქნება ეს ენთუზიაზმი, სიხარული, ტკივილი თუ სევდა. განიცდის რა გარკვეულ ემოციას, ინდივიდი ფიქრობს, რომ ემოციები მისია. აქიდან ნათელი ხდება, რომ აზრობრივი პროექცია მუშაობს იქ, სადაც ორ ადამიანს შორის, ქვეცნობიერ დონეზე, არსებობს ერთმანეთთან „გაიგივების“ შესაძლებლობა.
ზუსტად ამგვარად ხდება კარმის უდიდესი ნაწილის გაცვლა. რამდენ ტკივილს განიცდის ამ დროს კაცობრიობა, რამდენ სამუშაოს ატარებს, რამდენად აღემატება ეს იმას, რაც რეალურად საჭიროა _ ის კითხვებია, რომელზე პასუხიც მხოლოდ ღმერთს აქვს. სამაგიეროდ, ეს ადამიანს აძლევს შანსს, ქვეცნობიერად გადაწყვიტოს, რამდენი გარეგანი დახმარების შთანთქმა სურს შინაგანი პრობლემების მოსაგვარებლად ან რამდენ ჩარევას დაუშვებს საკუთარი თავისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ყველამ საკუთარი თავისთვის უნდა გადაწყვიტოს.
საინტერესოა, რომ კვალიფიციურ და გამოცდილ ასტროლოგებს შეუძლიათ ინსტინქტურად ამოიცნონ, რომელი პლანეტები ჰყავს ინდივიდს რეტროგრადული, რადგან კარგად გრძნობენ საკუთარი თავის რა ნაწილებს „კარგავენ“ რეტროგრადულ ინდივიდთან საუბარში.
რეტროგრადული პლანეტები და აკვიატებული აზრები
სამფაზიანი რეტროგრადული პროცესი ინდივიდს აიძულებს თავიდან განიცადოს ყველაფერი, რაც განუცდია. როგორც ჩანს, სწორედ ეს განაპირობებს მენტალური შტამპების მუდმივ ექოსებრ განმეორებებს. ამის გადალახვის მცდელობაში ინდივიდმა შესაძლოა სიტყვებით გამოხატოს ყველაფერი, რაც აწუხებს. თუმცა ამგვარი ქცევით ის კიდევ უფრო უწყობს ხელს იმ გარემოებების ფორმირებას, რომელიც მომავალში კვლავ განმეორდება. ამ თვალსაზრისით, ის უწყვეტ ჯაჭვს ქმნის. ამგვარად, რეტროგრადული პლანეტა აკვიატებული აზრებისა და ქცევების საუკეთესო წამქეზებელია.
რეტროგრადული პლანეტის ეს თავისებურება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნევროტულ ფობიებზე დაკვირვებისას, რომელიც წლების განმავლობაში ექოდ ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ შიშის ობიექტი აღარ არსებობს მოცემული ინდივიდის ცხოვრებაში.
ინდივიდი, რეტროგრადული ნეპტუნით, მიდრეკილია დიდი მოცულობით წლის შიშისკენ. შეიძლება აღენიშნებოდეს ჰიპნოზის შიში. ან ბოლომდე არ ერთვებოდეს იმაში, რისი განვითარება და დასასრულიც მისთვის უცნობია.
რეტროგრადული პლუტონის მფლობელები მიდრეკილნი არიან სექსუალური თავშეკავებისკენ, რასაც თან ახლავს სიკვდილის ქვეცნობიერი შიში, რომელიც ხელს უშლის, სრულიად მიეცეს სექსუალური ურთიერთობის მთელ სიმდიდრეს.
რეტროგრადული სატურნის მფლობელებს არ სიამოვნებთ დახურულ შენობებში ყოფნა . რეტროგრადული იუპიტერის მფლობელები ხშირად ავლენენ აგორაფობიას (ღია სივრცის შიშს).
რეტროგრადული პლანეტების საინტერესო თავისებურება ის არის, რომ, რა როლსაც არ უნდა ასრულებდნენ ისინი ფობიის სტიმულირებასა თუ შენარჩუნებაში, მათ აქვთ თვითგანკურნების უნარი, თანაც საკმაოდ მარტივი. ერთადერთი, რაც უნდა იცოდეს რეტროგრადულმა ინდივიდმა, ის არის, რომ მისი შიშები არაფერია, თუ არა საკუთარი აზრების განმეორებადი ექო. საბედნიეროდ, ადამიანს სრული ნების თავისუფლება აქვს, მოახდინოს „ექოზე“ რეაგირება თუ არა. როგორც კი ინდივიდი ამას გააცნობიერებს, ის მარტივად შეძლებს ახალი, ჯანსაღი ქცევითი შტამპის ჩამოყალიბებას. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ინდივიდი თავს უფლებას აძლევს, რეაქცია გამოავლინოს წარსულ შიშზე, ის ქმნის ახალ გამოცდილებას, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ ექოს. ბუნებრივია, ამგვარი განმეორებითი რეაქციები ართულებს შიშის დაძლევას.
ბევრი მავნე ჩვევაც ზუსტად ამგვარი ზემოქმედებით იდგამს ფესვებს. ინდივიდი აგრძელებს რეაგირებას წარსულის აზრების გამოძახილზე და ყოველთვის, როდესაც ასე იქცევა, ის ექოს პირველსაწყის გამოცდილებად აქცევს. ბევრი მწეველის რუკაში ვხვდებით რეტროგრადულ ნეპტუნს. ერთადერთი, რაც მათ უნდა მოიმოქმედონ მოწევის ჩვევის მოსაშორებლად, შეწყვიტონ რეაგირება სახებების ექოზე, რომელიც თვალწინ უტრიალებთ, სანამ სიგარეტისკენ გაიწევიან.
ნეგატიური იდეების, გრძნობების, შეხედულებების, ჩვევების (როგორც რეტროგრადული პროცესის განმეორებითი შედეგების) გადალახვისას, ინდივიდმა უნდა შეწყვიტოს წარსულის გამოძახილი ექოს რეალობად აღქმა. სულ მცირედი ძალისხმევა და დროთა განმავლობაში ის შეძლებს სრულად აკონტროლოს თავი და საკუთარ ცხოვრება.
რეტროგრადული პლანეტები და სულიერი ზრდა
რეტროგრადული პლანეტების საოცარი თავისებურება ის არის, რომ მთელი იმ სირთულეების მიუხედავად, რასაც ინდივიდი პირად ცხოვრებაში აწყდება, ეს პლანეტები კარმული არსის გადაწყვეტის გასაღებია.
ყველა ჩვენთაგანი განიცდის ორობითობას იდენტობის სისტემაში. ჩვენი ნაწილი „ჩვენ“ ვართ, ნაწილი კი, რომელსაც საზოგადოება, ტრადიციები, მშობლები გვასწავლიან „ჩვენ არა“. თუმცა აღზრდისა და გარესამყაროსთან სოციალიზაციის სურვილით, „მე არა“ ნაწილიც ადამიანთა უმეტესობაში ძალიან ძლიერია. ის არამხოლოდ მიკერძოებულ პოზიციებს, შიშებსა და თავშეკავებას განაპირობებს, არამედ თითქმის აცდუნებს და აქეზებს „მე“ იდენტობას თვითგამოხატვისკენ.
მომენტი, როდესაც ინიდივიდი საკუთარი იდენტობის ორობითობას აცნობიერებს და ამ ორი პოლუსის განსხვავებას იწყებს ერთმანეთისგან, პირველი ნაბიჯია ჭეშმარიტი კოსმიური ბუნების შემეცნებისკენ.
ადამიანებს, რეტროგრადული პლანეტებით ნათალურ რუკებში, უზარმაზარი შესაძლებლობა აქვთ, დაინახონ ეს განსხვავება, რადგან რეტროგრადულობის ინტროსპექციული ბუნების წყალობით, ისინი გაცილებით ახლოს მიდიან „მე“ იდენტობასთან. ტრადიციების და წესების გარესამყარო მათ „თეთრ ყვავებად“ აღიქვამს, უნიკალური იდეებისა და ფილოსოფიის გამო. მერწმუნეთ, იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც საიდუმლოდ (თავის „მე“ იდენტობაში) არ შურს ისეთი ინდივიდის, რომელმაც ფაქტობრივად ბოლო მოუღო „არა მე“ იდენტობას.
ამგვარად, ზუსტად რეტროგრადული პლანეტების წყალობით, ინდივიდს შეუძლია საკუთარი თავის გურუ გახდეს, თუმცა ამას უზარმაზარი თვითშეგნების გამოვლენა სჭირდება, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც „მე არა“ იდენტობის ვიბრაცია დაკნინებულია.
მარტინ შულმანი „კარმული ასტროლოგია“.
II ტომი „რეტროგრადული პლანტები და რეინკარნაცია“
რეტროგრადული მერკური პირად რუკაში
რეტროგრადული ვენერა პირად რუკაში
რეტროგრადული მარსი პირად რუკაში
რეტროგრადული იუპიტერი პირად რუკაში
რეტროგრადული ურანი პირად რუკაში
რეტროგრადული ნეპტუნი პირად რუკაში
რეტროგრადული პლუტონი პირად რუკაში