რეტროგრადული ურანი ნათალურ რუკაში

რეტროგრადული ურანი ნათალურ რუკაში

ეზოთერული სიმბოლო

ურანის სიმბოლო წარმოდგენილია სამშვინველის ორი ნახევარწრით, რომელთაც მატერიის ჯვარი აერთიანებს,რომელიც თავის მხრივ სულის წრეზეა განთავსებული.  ცის კაბადონის თავნება მაწანწალა დაკავშირებულია ადამიანის უნიკალურ შესაძლებლობებთან,  მიაღწიოს არამიწიერს. ამისათვის, მან, ნებისმიერ ფასად, უნდა გაარღვიოს ყოველგვარი პირობითი შეზღუდვა (სატურნი). ამ პროცესში ადამიანი ხშირად ორად იხლიჩება. სამშვინველის ორი საწინააღმდეგო მიმართულების ნახევარწრე აღმავალი და დაღმავალი მთვარის სიმბოლოებს გვახსენებს. თითოეული ცხოვრების სხვადასხვა მხარეს აჩვენებს, როგორც მონეტის ორ მხარეს, რომლებიც მართალია ერთმანეთის საწინააღმდეგო ბუნების არიან, მაგრამ უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლიათ. მატერიის ჯვარი კი ზუსტად ამ „ბაგირის გადაწევის“ ცენტრშია განთავსებული. ჯვარი განასახიერებს ყველაფერს, რაც ადამიანმა შექმნა თავისი ტრადიციული ფუნდამენტისთვის. ჯვრის ორივე მხრიდან აღმართული  სამშვინველის ნახევარწრეები, რომლებიც ინდივიდს საწინააღმდეგო მხარეებისკენ ექაჩებიან გაურკვეველი მიმართულებით. სამშვინველის ბუნება, რომელიც შეუცნობელის გამოკვლევისკენ ილტვის, მუდმივად აიძულებს ინდივიდს,  მიიღოს გადაწყვეტილება სტაბილურობასა და ჯერ შეუცნობელ (პოზიტიურ და ნეგატიურ) შესაძლებლობებს შორის.

ამრიგად, ურანის სიმბოლო ნაკლებად წარმოადგენს არაპროგნოზირებად ადამიანს, როგორც ტრადიციულ განმარტებებშია მიღებული. ის მატერიისგან  განთავისუფლებისკენ სწრაფვას უფრო განასახიერებს, რომელიც ხელს უშლის ადამიანს თავისი ეგზისტენციური შესაძლებლობების მიღწევაში. მან კი დაბადებიდან იცის, რომ ამის მიღწევა შეუძლია.

  რეტროგრადული ურანის შემთხვევაში,  განთავისუფლების პროცესი ინდივიდისთვის ლამის ჯვაროსნული ომის  მნიშვნელობას იძენს. ის ძლიერ შინაგან პასუხისმგებლობას განიცდის კაცობრიობის პროგრესული განვითარების საქმეში. ინვერტირებული (ამოტრიალებული) სიმბოლო სამშვინველის ნახევარწრეებს ქვემოთ, მიწასთან აახლოვებს. ამიტომ, ამ ინდივიდისთვის მხოლოდ საკუთარი თავის განთავისუფლება საკმარისი არ არის. მან ყველას თავისუფლება უნდა იგრძნოს თავის სასიცოცხლო სივრცეში. მხოლოდ ამის შემდეგ  შეძლებს განიცადოს კმაყოფილება იმ ფაქტით, რომ მისი საკუთარი სულის განთავისუფლებამ ყველაფრის არსში შეაღწია, რასაც გარშემო ხედავს.

 

 

ინდივიდუალიზმი

ადამიანი, რეტროგრადული ურანით, საკმაოდ უნიკალური ინდივიდია.

ყველაზე ღრმა დონეებზე, ის ყველაფერს უჯანყება, რაც მას ოდნავ  მაინც ზღუდავს. თუ ის მორცხვი ადამიანია, შეიძლება კლაუსტროფობიას (დახურული სივრცის შიშს) განიცდიდეს. თუ უშიშარია, ის უკუაგდებს ყველაფერს, რამაც თავისი დრო მოჭამა და ფუნქცია დაკარგა. ის ვერ კმაყოფილდება  ცხოვრების ნორმალური დინებით, რადგან ბევრ ისეთ რამეს ამჩნევს, რასაც კაცობრიობის სიმდიდრის გაზრდა შეუძლია. თუმცა ამისთვის, მისი აზრით, საზოგადოებამ  უსაფრთხოების დაჟანგებული ღუზები უნდა მოიშოროს.

ის აუცილებლად აღელდება, თუ ადამიანები მის მიმართ კეთილგანწყობას გამოავლენენ, რადგან იგრძნობს, რომ საკუთარი თავის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ამიტომ, ინდივიდი, რეტროგრადული ურანით, ხშირად კარგავს მეგობრებსა თუ ნაცნობებს, სამსახურსა თუ რომანტიულ მიჯაჭვულობებს, რადგან ადამიანთა უმეტესობას ძალიან უჭირს მის უცნაურობებთან შეგუება. თუმცა წლების შემდეგ, როდესაც საზოგადოება იმ იდეების მხარდასაჭერად გამოვა, რომელსაც ინდივიდი ქადაგებდა, ის  დაკარგავს ინტერესს ყველა იმ მოწინავე იდეისა თუ თეორიის მიმართ, რომელსაც ოდესღაც მხარს უჭერდა. ამრიგად, ეს ინდივიდი, ბევრ  ასპექტში, „მომავლის მაცნეა“. ამის გამო, ის ხშირად განიცდის მარტოსულობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის არასდროს იტყვის უარს თავის ორიგინალურ ნიჭზე, გარშემომყოფთა სიმპათიების სანაცვლოდ. მან იცის, რომ უპირველეს ყოვლისა მისი სული უნდა იყოს თავისუფალი. ყველაფერს, რაც მისი სულის თავისუფლებას ემუქრება, ის აღგვის პირისაგან მიწისა.

იმ ადამიანებისთვის, ვისაც მისი გაგება შეუძლია, ინდივიდი ყველაზე დამატყვევებელი მოსაუბრეა, რადგან ის, პირდაპირი მნიშვნელობით,  სავსეა  კაცობრიობის შთამომავლობისთვის საჭირო იდეებით.

 

 

კარმა

რეტროგრადული ურანი, პერსონალურ დონეზე,   ძლიერ უწესრიგობას იწვევს ადამიანურ ურთიერთობებში. ინდივიდი მუდმივ შინაგან ცვალებადობას განიცდის, რაც ხშირად უბიძგებს თვალთმაქცობისკენ საკუთარ თავთან მიმართებაში. მისი მენტალური და ემოციური მხარეები ხშირად ებრძვიან ერთმანეთს. მან შეიძლება ისეთი რამ იცოდეს, რასაც ერთი მიმართულებით მიჰყავს და იმავდროულად, ისეთ შეგრძნებებს განიცდიდეს, რაც სრულიად საპირისპირო მიმართულებით ექაჩება.

მან უნდა ისწავლოს შინაგანი თავისუფლების გამოხატვა, რომელსაც ამ ცხოვრებაში ატარებს. მან არ უნდა შეიბოჭოს თავი ახსნა-განმარტებებით. ის არ არის ვალდებული ახსნას საკუთარი ქცევის მოტივები, არც სხვებთან და არც საკუთარ თავთან. თავისუფალი სული ყოველთვის რაციონალურად არ მოქმედებს. საღი აზრის ლოგიკური გაგრძელება  სატურნული თვისებაა, რაც უკავშირდება მკაცრ წესრიგს, დისციპლინას  და მიზანდასახულობას. მაგრამ ეს რეტროგრადული ურანის კარმა არ არის.

იმისათვის, რომ გამოიკვლიოს თავისი შინაგანი არსებობა, ასევე გაგების სხვა სფეროები (რისთვისაც კაცობრიობას, საერთო ჯამში, ჯერ არ მიუღწევია), ინდივიდი გრძელი და კლაკნილი გზით მიიწევს იმ ფორმულების საძიებლად, რომლებიც სამყაროს ამუშავებს. და მიუხედავადა ამისა, მან იცის, რომ მისი ძიება უსასრულო პროცესია, რადგან ყოველ ახალ აღმოჩენას კიდევ ახალი კითხვებისკენ მიჰყავს.

ის შეიძლება უბედნიერესი იყოს, სანამ სხვები შეეცდებიან შაბლონურ აზროვნებასა და  ქცევით შტამპებში მოაქციონ, რისი საზღვრებიც მან უკვე გადალახა, რადგან კარგად ხვდება, რამდენად უაზრო როლს ასრულებენ ისინი მისეული აღქმის უზარმაზარ სქემაში.

ამ ინდივიდმა წარსულ ინკარნაციაში  გაიგო, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. ახლა კი მან ეს დამოუკიდებულობა უნდა გამოიყენოს, რომ თავიდან მიაკვლიოს და გაიგოს ის პირველსაწყისი მიზეზი, რომელმაც ამისკენ უბიძგა.

 

მარტინ შულმანიკარმული ასტროლოგია

II ტომი „რეტროგრადული პლანეტები და ინკარნაცია“


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top