სასწორი და თხის რქა

სასწორი და თხის რქა

გრუხუნი ზემოთ ისევე სწრაფად დასრულდა, როგორც დაიწყო.

მაგრამ ახლა მათ იცოდნენ, რომ ამან მათი ბედისწერა განსაზღვრა.

კვადრატული ნიშნების ისედაც რთული ურთიერთობა განსაკუთრებით რთულდება კარდინალურ კვადრატში.

როდესაც ბედი მუტაბელური კვადრატის ნიშნების ურთიერთობას  სიმყარეზე ამოწმებს, ისინი  სირთულეებს გაურბიან და თანდათან კარგავენ ერთმანეთს, ან ორმაგ  ცხოვრებას იწყებენ.

როდესაც კვადრატული ასპექტის დაძაბული ენერგია ფიქსირებულ ნიშნებში იფეთქებს, ეს მათ კიდევ უფრო აახლოვებს და ჰარმონიის მიღწევაში ეხმარება, რასაც კოლოსალური ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ შედეგად უდიდესი შინაგანი სიმტკიცისა და კმაყოფილების განცდა მოაქვს. უარეს შემთხვევებში, მუდმივი ნიშნები ჯიუტად არიდებენ თავს ერთმანეთს ან მიდიან და აღარასოდეს ბრუნდებიან.

მაგრამ როდესაც შეჯიბრში ორი კარდინალური ნიშანი ერთვება, დარწმუნებული იყავით, არც ერთი  აპირებს პირველობის დათმობას. ასე რომ, ისინი ან მშვიდობიანად გაიყოფენ ლიდერობას, ან ერთი აშკარად დაჩაგრავს მეორეს ტრიუმფალური და იმავდროულად სევდიანი გამარჯვებით. გუშინდელი ლიდერი დღეს მორჩილი გამყოლი გახდება, ასეთი მდგომარეობა  კი არც ისე ბუნებრივია კარდინალური ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის. ამიტომ, პერიოდულად ისინი ერთმანეთის გადასწრებას ცდილობენ, რომ საკუთარი თავი არ დაკარგონ. სასწორებისა და თხის რქებისთვის, როგორც სხვა კარდინალური დუეტებისთვის, აჯობებს ერთ ხაზში იმოძრაონ, რომ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდნენ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის, მაგრამ სხვა ვარიანტებზე გაცილებით უკეთესია.

ალბათ, ბედი გაცილებით მეტს ელის მათგან, ვინც საკუთარ ცხოვრებას კვადრატული ასპექტის ძაფებით უკავშირებს სხვას. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ასეთი კავშირებისგან მიღებული შედეგები გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მათი, ვისაც განგებამ  უფრო  იღბლიანი  შეთავსება არგუნა. თუ თქვენ ასეთ წყვილს იცნობთ, მაგალითად, სასწორსა და თხის რქას, და ისინი გეუბნებიან, რომ მრავალი წელია ერთად არიან, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: მათ ან  სხვა დადებითი ასპექტები უწყობთ  ხელს ან საკუთარი დაბადების თარიღი არასწორად იციან.

სასწორი და თხის რქა ნამდვილად  გმირთა საკადრის  აღტაცებას იმსახურებენ, თუ  იმდენი მოთმინება და უანგარობა გამოიჩინეს, რომ ერთმანეთის სრულიად განსხვავებულ  შეხედულებებს გაგებით მოეკიდონ. ეს თვითკონტროლისა და თანაგრძნობის იმგვარი შეთავსებაა, საიდანაც წმინდანობა იბადება. მათ შეიძლება ბევრი ეკლდეთ წმინდანობამდე, მაგრამ თვითდისციპლინისა და შინაგანი სიმშვიდის წყალობით გაცილებით ახლოს არიან ამაღლებასთან, ვიდრე დანარჩენები. მოთმინება, თვინიერება და უანგარობა _ შინაგანი და გარეგანი სიმშვიდისა  სინონიმებია. სამწუხაროდ, ბევრს არ სჯერა ამ მარტივი  ჭეშმარიტების, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის… და რადგან არ სჯერათ, არც ცდილობენ.

თუმცა თუ მხოლოდ ერთი ცდილობს და მეორე არ ეხმარება, ეს უკვე მარტვილობაა. საშინლად მოსაწყენი რამ _ საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება სრულ მარტოობაში. ეს ისეთი უსამართლობაა, როდესაც  დამსახურებული შარავენდედი რკინის  ტვირთს ემსგავსება, ყოველგვარი ნათების გარეშე; ფრთებში კი მხოლოდ რამდენიმე გაქუცული ბუმბულია… ჰო, რთულია წმინდანის  წოდების მოპოვება  მარტოობაში. მაშინ თვინიერება მაზოხიზმში გადადის, მაზოხიზმი კი ნამდვილად არ გახლავთ წმინდანობის სინონიმი.

თხის რქა ფემინური ნიშანია, რომელსაც მასკულინური სატურნი მართავს. სასწორი მასკულინური ნიშანია, ქალღერთ ვენერას შვილი. ენერგიების ასეთი გადანაწილება მნიშვნელოვნად ეხმარება სასწორებსა და თხის რქებს წარმატებულად შეურწყან ქალური და მამაკაცური თვისებები.

ახლა, როდესაც სასწორი და თხის რქა დამეთანხმნენ, რომ მშვიდობა კონფლიქტზე უკეთესია, შეგვიძლია კარგი სტარტის იმედიც ვიქონიოთ.

თუმცა კარგი დასაწყისი  დიდხანს მაინც არ გრძელდება და არ ღირს ამაში მათი დადანაშაულება. განა შეიძლება სასწორი უსამართლო იყოს? ან თხის რქამ უგუნურება და წინდაუხედაობა გამოავლინოს? ორივე ისეთი საყვარელი ხალხია. არა, ყველაფერში მათი პლანეტები არიან დამნაშავე, ყველაფერი მათი ბრალია! გულახდილად რომ გითხრათ, ვერც ერთი ასტროლოგი ვერ უწოდებს ვენერასა და სატურნს კოსმიურ მეგობრებს. ვენერასთვის თვისებრივია რბილი შემწყნარებლობა, ლიბერალიზმი, ფუფუნების სიყვარული, განცხრომა და სიამოვნება,  სიზანტე და შენელებულობა. მკაცრი დისციპლინისა და მტკიცე კონსერვატიზმის მომხრე სატურნი კი კატეგორიულად ვერ იტანს გადაჭარბებას, განსაკუთრებით პირადი სიამოვნებისთვის და დანამდვილებით ეკონომიას ანიჭებს უპირატესობას ფინანსურ სახსრებში, ემოციებსა და ქცევებშიც. რაც შეეხება სიზანტეს, თხის რქისთვის ეს სიზარმაცისა  და პასუხიმგებლობის  თავიდან არიდების ტოლფასია. სატურნმა  სამუდამოდ აღბეჭდა მათ ცნობიერებაში: „არასდროს გადადო ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია  აიძულო  საკუთარ თავს დღეს“. თხის რქა არ კარგავს თავის ძვირფას დროსა და ენერგიას კამათზე, იმედგაცრუებასა და მერყეობაზე, რაც ასე ტიპურია სასწორისთვის. ის  უბრალოდ ბედს მიენდობა, სატურნის საყვარელი ანდაზების ბურტყუნით. მაგალითად, „დრო ჩემს მხარეზეა“ ან  „მოთმინება  ღირსებაა“, რასაც  სასწორი დააყოლებს რაიმე „ყველაფერი კარგად იქნება“  ან სულაც „მედალს ორი მხარე აქვს“ მსგავსს.

თუ ყურადღებით დააკვირდებით, ვენერასა და სატურნის ეს ფილოსოფიები  არც ისე ცუდად  ეთავსებიან და ამდიდრებენ ერთმანეთს. თქვენ სწორად ფიქრობთ, რომ ისინი განსხვავებულ  ხედვის წერტილებს გამოხატავენ, მაგრამ სინამდვილეში ხედვის საგანი ხომ  ერთია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი?   დღის ბოლო ღამის დასაწყისია თუ ღამის დასაწყისი დღის ბოლოა? როდესაც ქალი ოთხნახევარი თვის ფეხმძიმეა, ჩასახვიდან ნახევარი გაიარა თუ მშობიარობამდე ნახევარი დარჩა? რატომ სვამენ ადამიანები ვიტამინებს, ჯანმრთელები რომ იყვნენ თუ ავად რომ არ გახდნენ? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ უყურებთ ცხოვრებას მთლიანობაში, სასწორივით ოპტიმისტურად თუ თხის რქასავით პესიმისტურად?.. და თუ ორივე თავის წილ ნახევარს გაივლის, ისინი სადღაც შუა გზაზე შეხვდებიან.

მათი კავშირის ერთერთი უმთავრესი ღირსება  უზარმაზარ ძალაა. ორივე სავსეა გამბედაობით, მიიღოს ის, რაც უნდა; აღმოჩნდეს იქ, საითაც ისწრაფვის  და  დაუმორჩილონ  სხვები საკუთარ ნებას. ბუნებრივია, ორივე სხვადასხვა გზით მიდის, მაგრამ მთავარი ხომ ძირითადი ხაზია. როდესაც სასწორი და თხის რქა, ძალთა გაერთიანებით, ერთ მიმართულებას ირჩევენ, პრაქტიკულად ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ, რასაც მოინდომებენ, იქნება ეს პირადი ამბიციები, საერთო ოცნება თუ სხვების გაბედნიერება.

რადგან სასწორი სიმბოლურად ( და პირდაპირი გაგებით) მსაჯულს განასახიერებს, თხის რქა კი ასტროლოგიურად კანონის, ძალაუფლებისა და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების სიმბოლოა, ისინი არაერთი პლანეტარული მასშტაბის პრობლემის გადაჭრაში  დაეხმარებიან  ერთმანეთს. ამრიგად, მტკიცება იმის შესახებ, რომ სასწორი და თხის რქა ერთად კოლოსალურ პოზიტიურ ენერგიას გამოიმუშავებენ, სულაც არ არის გადაჭარბებული. უბრალოდ მათ უნდა გაბედონ  საკუთარი ენერგო ვიბრაციების გაერთიანება და ღიად გადადგან შემხვედრი ნაბიჯი იმ გამოცდებისკენ, რაც მათ კავშირს მოჰყვება. გესმით, სასწორებო?  სასწორები შეიძლება გაგიჟდნენ, სანამ რამეს გადაწყვეტენ, მაგრამ როდესაც ოქროს თასებს გააწონასწორებენ, დროს აღარ ფლანგავენ. მათი გადაწყვეტილება ყოველთვის საფუძვლიანია და ნამდვილად ღირს იმ აიწონა-დაიწონად, რომელიც წინ უსწრებს მის მიღებას.

სასწორის  მარადიული  ოცნება მშვიდობაა. თხის რქის მარადიული ღირსება _ სიბრძნე და მოთმინება. ვგონებ, ერთი  მეორეს გარეშე  წარმოუდგენელია. ისინი შეიძლება გააერთიანოს საერთო ინტერესმა ხელოვნების, მუსიკის ან მთლიანად ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართ. ხელოვნების ყველა ფორმაში ისინი ყველაზე მეტად კლასიკას აფასებენ. ცხადია, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ძალიან იშვიათად. სასწორებს უყვართ დახვეწილი, ელეგანტური ინტერიერი და ლამაზი ნივთები, იქნება ეს ავეჯი, ფაიფური თუ ბროლი. თხის რქები ხარისხიან ნამუშევარს აფასებენ, რაც არამხოლოდ ლამაზია, დღეგრძელობითაც გამოირჩევა და რამდენიმე თვეში არ დაიფშვნება. საერთოდ, შეფასებისას, თხის რქა ფასს და პრაქტიკულობას აქცევს ყურადღებას, სასწორი_ ფერს, მატერიალს, წონასწორობის შეგრძნებასა და ესთეტურ ზემოქმედებას. საბოლოო ჯამში, ისინი ისეთ ნივთზე შეაჩერებენ არჩევანს, რომელიც ორივეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

თხის რქა დროდადრო სასწორის მარადიულ მერყეობასა და უსაფუძვლო ოპტიმიზმზე  წუწუნებს. სასწორს თხის რქა  ხანდახან მკაცრ ინპექტორს აგონებს, რომელიც თვალყურს ადევნებს, რომ მან ცხოვრების სკოლაში გაკვეთილები არ გააცდინოს. მაგრამ იქნებ სწორედ სასწორმა შეამსუბუქოს თხის რქის სერიოზულობა  იმედის პასტელური ტონებით? თხის რქა კი სასწორს დაეხმარება, თავი უფრო საიმედოდ და გაწონასწორებულად იგრძნოს.

 

 

 

სასწორი მამაკაცი და თხის რქა ქალი

ვანიკო თარხნიშვილი და სოფო გელავა

 

შეგიძლიათ თქვენიანად იგულოთ,

მაგრამ ყველაფერი სამართლიანად უნდა იყოს.

თუ უსამართლოდ მოექცევით,

ცხადია, არ შეგიძულებთ.

მაგრამ  აღარასოდეს იქნება ისეთი,როგორიც იყო.

 

 

ზუსტად ვერ გეტყვით, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მაგრამ, ძირითადად, ეს  დაძაბული და რთული ურთიერთობა ძლიერი პოზიტიური ფაქტორით არის დაჯილდოებული, რომელსაც სასწორი მამაკაცი და მისი რჩეული თხის რქა ყოველთვის ვერ იყენებენ. სასწორი იმ მამაკაცთა რიცხვიდანაა, რომელიც ქალთა დამოუკიდებლობის შესახებ ყველას თუ არა, უმეტეს იდეას ეთანხმება. რატომაც არა? ის სამართლიანია, მომთმენი და მარტივად იღებს ცვლილებებს, როგორც საკუთარ ცხოვრებაში, ისე საზოგადოებაში. სასწორი გონიერიც არის და ლოგიკურიც და სიამოვნებით ისმენს ორივე მხარის არგუმენტებს.

მისი რჩეული თხის რქა კარდინალური ლიდერობის კვადრატის ნიშნით დაიბადა (ისევე, როგორც თვითონ). ასე რომ, ის თავად განკარგავს საკუთარ ცხოვრებას და  ყველაფერს, რაც მასში ხდება… დაახლოებით, ექვსი წლის ასაკიდან  მაინც. თხის რქებისგან  გადასარევი საქმიანი ქალები დგებიან. ის მშვენიერი შემსრულებელია და ნებისმიერ საქმეს მშვიდად  უმკლავდება. მას შეუძლია ოჯახის შენახვაც  და ანტიკვარული მაღაზიის თუ  ტექდათვალიერების ფირმის მართვაც. შეიძლება საბროკერო ფირმა დაარსოს; ერთნაირი წარმატებით მართოს ავტოსამრეცხაო  ან  ნაგაზების საწვრთნელი  სკოლა. როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, თხის რქა, თავისი არისტოკრატული მანერებითა  და საღი აზრით, უბრალოდ დაბადებულია იმისთვის, რომ წარმატებული საქმიანი ქალი გახდეს.

ვგონებ, სასწორ მამაკაცს არაფერი ექნება თხის რქის კარიერის საწინააღმდეგო. განა ეს პოზიტიური ფაქტორი არ არის მათ ურთიერთობაში? და ის, რომ ისინი საკუთარ უპირატესობას  სათანადოდ  ვერ  იყენებენ, უფრო თხის რქის ბრალია, ვიდრე სასწორის.

მიუხედავად იმისა, რომ თხის რქისთვის აუცილებელია ხელმძღვანელობა, მას ძალიან არ უყვარს ამის ღიად  დემონსტრირება. თხის რქა ქალი (მამაკაციც) მათი რიცხვიდანაა, ვინც კულისებიდან მოქმედებას ამჯობინებს. თქვენ კი გეჩვენებათ, რომ მოვლენები თავისით ხდება. საქმიან სამყაროში თხის რქა ქალს უჭირს ისეთი ხელმძღავნელი პოზიცია იპოვოს, რომელიც  სრულად დააკმაყოფილებდა მის მმართველობით ამბიციებსა და ინკოგნიტობის მოთხოვნებს.  პროგრესი ჯერ იმდენად არ განვითარებულა, რომ მისთვის იდეალური სიტუაცია შექმნას. ამდენად, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, მას ორი შესაძლო ვარიანტი აქვს: დარჩეს ქვეშევრდომის  დაბალანაზღაურებად  პოზიციაზე, რადგან მაინც ქალია;  ან მისი უნარების შესატყვისი პოზიციისთვის იბრძოლოს, აგრესიული იერიშითა  და საყოველთაო ყურადღების მიპყრობით. მას არ უყვარს ბრძანებების თვინიერად შესრულება და არც პატარა ჭანჭიკის როლს დასჯერდება დიდ მექანიზმში. მაგრამ კარიერა, რომელიც მისი ხელშეუხებელი პირადი ცხოვრების მსხვერპლად გაღებას მოითხოვს, ლიდერობის ის ფორმა არ არის, რომლისკენაც თხის რქა მიილტვის. ამიტომ, ტიპური, საკმაოდ მორცხვი თხის რქა გოგონა საკუთარ თავს ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში პოულობს ან მსგავს „მარტოხელა“ პროფესიებში; ან სულაც თავს მთლიანად სახლს უძვნის და საკუთარ ამბიციებს ქმრის, შვილების, ნათესავებისა და მეგობრების მართვით იკმაყოფილებს. თან ამ ყველაფერს იმდენად შეუმჩნევლად აკეთებს, ეჭვიც კი არავის უჩნდება.

ხშირად სწორედ თხის რქა ეხმარება სასწორს კარიერულ წინსვლაში. თქვენ ხომ იცით, რომ ნებისმიერი წარმატებული მამაკაცის უკან ჭკვიანი ქალი დგას?  ჰოდა ძალიან  ხშირად ეს ჭკვიანი ქალი თხის რქაა. ის  არასდროს ხარჯავს თავის  ძვირფას დროს იმაზე, რასაც წარმატება არ მოაქვს. რაშიც არ უნდა ეხმარებოდეს თხის რქა სასწორს, ის ყოველთვის  ნაყოფიერ შედეგებზე ორიენტირდება. მაგრამ საქმე ის არის, რომ სასწორს ურჩევნია, მისმა საყვარელმა ქალმა  საკუთარი  ლიდერული  ინსტინქტები სახლის გარეთ გამოავლინოს. სასწორი ბედნიერია იმით, რომ  თხის რქის გულის რჩეულია, მაგრამ თუ ეს პატივმოყვარე  ქალბატონი  შეეცდება  სასწორი საკუთარ „წარმატებულ პროექტად“  აქციოს, ის შეიძლება აუჯანყდეს.

სასწორი ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება. პირველი, რაც მიწიერმა ქალმა ჰაეროვან მამაკაცზე უნდა იცოდეს, ის არის, რომ ჰაერი ვერ იტანს შეზღუდვებს.  უსიამოვნო გარემოებებში ჰაეროვანი მამაკაცები  თვალის დახამხამებაში ქრებიან. ვინაიდან  სასწორი კარდინალური ჰაერია, თუ მის დატყვევებას შეეცდებით, ის მარტივად გადაიქცევა რისხვის გრიგალად, რომელსაც ნამდვილად ვერაფრით შეაჩერებთ.

სამაგიეროდ, თუ  თხის რქა მოინანიებს, სასწორი დაბრუნდება. მან უბრალოდ საკუთარი შეცდომა უნდა აღიაროს და  გულწრფელი სამართლიანობა უნდა გამოიჩინოს. თხის რქა შეეცდება სასწორი საკუთარ მდგომარეობაში  ჩააყენოს… არა! სხვანაირად ჩამოვაყალიბოთ: თხის რქა საკუთარ შეცდომას აღიარებს და სასწორს თხოვს, გაუგოს მას. სასწორი ამას ანგელოზის მოთმინებით მოეკიდება. კარგად დაიმახსოვრეთ, სრულიად არაგონივრულია, სასწორს სთხოვოთ თქვენი თვალით შეხედოს ყველაფერს. სასწორი და ერთი ხედვის წერტილი? ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას, თუ მისგან კომპრომისს ელოდებით. ეს სასწორის აქილევსის ქუსლია, რომელსაც ხშირად თვითონაც ვერ აცნობიერებს. მართალია, მე მიმაჩნია, რომ ადამიანის სისუსტით  სარგებლობა არც ისე კარგი საქციელია, მაგრამ არის  გარემოებები, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას. თხის რქა ქალი ნამდვილად ბრძნულად მოიქცევა:   თავიდანვე სასწორს მიემხრობა და თავს მცდარად აღიარებს, მცირედი მონოლოგით, სადაც დეკლარირებული იქნება ყველა ის მიზეზი, რის გამოც სასწორი ყველაფერში მართალი იყო.  ის ოდნავადაც არ შეიბრალებს თავს!.. აი, ეს ტაქტიკა სასწორთან ყოველთვის მუშაობს და აბსულუტურად განაიარაღებს მას. ის წინ ვერ აღუდგება მისი ნიშნის „მოსამართლის  ინტინქტს“ და თხის რქის აღიარებით ჩვენებაში  შეცდომების ძიებას დაიწყებს. სულ მცირე დროში ის ნათლად დაანახებს თხის რქას, რამდენად უსამართლოდ განსჯის საკუთარ თავს და ბრალის ნახევარზეც კი მოაწერს ხელს. ყველაფერი ზუსტად ისე დასრულდება, როგორც თხის რქას უნდოდა_ საღ აზრზე მყოფი სასწორი თავისი პირით აღიარებს, რა აწყენინა, როგორ გააბრაზა და რატომ უბიძგა მესაკუთრული ქცევებისკენ. სასწორი ვერაფერს მიხვდება, მაგრამ მას „როგორღაც“ გონებაში გაუნათდება, რომ რჩეულის თვითგვემა არც ისე სამართლიანი იყო. მალე ის ისეთივე საყვარელი და სენტიმენტალური გახდება, როგორც ყოველთვის, თხის რქას ბოდიშსაც მოუხდის და დაარწმუნებს, ყველაფერი თავიდან დაიწყონ.

რა თქმა უნდა, თხის რქა მაშინვე არ ჩაუვარდება მკლავებში.  მის სულში ისევ ფიფქავს. სასწორს   მთელი თავისი მომხიბვლელობის გამოყენება მოუწევს, რომ თხის რქამ  აღარასდროს იგრძნოს თავი უარყოფილად. თხის რქას კი მთელი დარწმუნების უნარი დასჭირდება, რომ სასწორმა მესაკუთრეობა  და სიცივე  მიუტევოს და დაივიწყოს. ამ ქალს შეუძლია საოცრად  ნაზი იყოს, როდესაც  ადამიანს სრულიად ენდობა. ხანდახან მათ ურთიერთობას ჰარმონია აკლია.  საბედნიეროდ, ჰარმონია  მიღწევადია.  უბრალოდ ორივემ უნდა გაიგოს, რა სჭირდება მეორეს  და ხშირად გაიხსენონ, რა აღაფრთოვანებთ ერთმანეთში. თუ სასწორი თხის რქას  სატურნის შემზღუდველი გავლენის გადალახვაში დაეხმარება, ის გაოცდება მისი მოულოდნელი და გულისამაჩუყებელი მგრძნობიარობით. და ერთ ჯადოსნურ ღამეს მთვარე აჩვენებს სასწორს ფიზიკური კავშირისა და სექსუალური სიახლოვის მიწიერ რეალობას. იქნებ თხის რქამაც  სცადოს და უფრო გახსნილი იყოს; სასწორი კი, რჩეულთან ფიზიკური სიახლოვის დროს, მეტად კონცენტრირდეს „მიმდინარე მოვლენებზე“. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ცივი ლოგიკა და ფხიზელი გონება ხშირად   ხელს უშლის სასწორს ადამიანის გულის გაგებაში. დიახ, ის სამართლიანია და ყოველთვის მზადაა თანაგრძნობისთვის, მაგრამ ზედმეტად ლოგიკურია იმისთვის, რომ ადამიანთა ქცევის ჭეშმარიტ მოტივებს ჩაწვდეს. სასწორები არც ისე გამჭრიახები არიან ადამიანურ ემოციებთან. მათ უფრო ემოციების შედეგების ანალიზი შეუძლიათ. ამიტომ, დახვეწილობისა და რომანტიულობის მიუხედავად, თხის რქას ის ცივად ეჩვენება.  რადგან თავად ამ ქალის  სულის სიღრმეები  სავსეა ყველაზე ფაქიზი და თბილი სურვილებით.

ორივე განწყობის ადამიანია. სასწორი მარტივად გადადის კარგი განწყობიდან ცუდზე. ის  ხან გამამხნევებლად საყვარელია, ხანაც კაპრიზული და დესპოტური და ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთი  კვირის ან თუნდაც ერთი დღის განმავლობაში. თხის რქის განწყობა ასეთი ცვალებადი და მრავალფეროვანი არ არის. სატურნის მელანქოლია ნელა იღრუბლება, მაგრამ გაცილებით ხანგრძლივი და რთულად გადასატანია.

თხის რქას სჭირდება სასწორის ფერადი იმედები. სასწორსაც სჭირდება  თხის რქის საიმედოობა. ვიღაცამ დაწერა, რომ იყო ვინმესთვის საჭირო, ისეთივე შესაშნავია, როგორც იყო  ვინმესგან  შეყვარებული. ხანდახან უკეთესიც. როდესაც ადამიანებს ერთმანეთი სჭირდებათ, მათი არც ისე მგზნებარე სიყვარული, თანდათან იდგამს ფესვებს და ძლიერ ხედ იზრდება, ტოტებით, რომელიც ჩრდილს ტოვებს და ფოთლებით, რომლებიც ქარს უმღერიან  სასწორისთვის ლამაზ და თხის რქისთვის საჭირო მელოდიებს.

 

 

სასწორი ქალი და თხის რქა მამაკაცი

დავით ანთელიძე და თიკა ფაცაცია

 

_ კოცნასაც გაჩუქებ.

პიტერმა გაშლილი ხელი გაუწოდა.

_ შენ რა, არ იცი კოცნა რა არის?

_რომ მაჩუქებ,მეცოდინება._

ცივად უპასუხა მან.

 

 

სასწორ გოგონას თავიდან შეიძლება მოეჩვენოს, რომ თხის რქა მამაკაცი ზედმეტად ძველმოდური და მოსაწყენია იმისთვის, რომ ის  თავის  წარმოსახვაში აბრეშუმის ძაფებისგან შეკერილ შეყვარებულის იდეალურ სახებას მოარგოს. სასწორი გადაწყვეტს, რომ თხის რქა კონსერვატული, პესიმისტური, ჯიუტი, პროზაული, იუმორის გრძნობას მოკლებული მუნჯი და საერთოდ, დიდი მოსაწყენი ვინმეა. გარდა ამისა, თხის რქა უსაფუძვლოდ  თავდაჯერებული  და ცივია.   ყველა ამ  არგუმენტს სასწორი  ერთ თასზე მოათავსებს. მაგრამ ასე ცალმხრივად ხომ ვერ დატოვებს? მეორე თასზე შესაფასებელი სუბიექტის ღირსებები უნდა შემოალაგოს. მოემზადეთ, სასწორებო!  მე, თხის რქა  და ასტროლოგია ხშირად დაგადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენ ამ ადამიანის ღირსებებს სათანადოდ  ვერ აფასებთ.

დიახ, თხის რქა ჯიუტია და ამასთან ვერაფერს გახდებით. ის მიწის ნიშნით დაიბადა. თქვენ ის ჰაერის ინტელექტუალური ნიშანი ნუ გგონიათ. სამაგიეროდ, მასში ის საიმედოობაა, რომელიც თქვენ ყოველთვის მოგწონთ. დიახ, გარკვეულწილად  ძველმოდურია, მაგრამ ძალიან საყვარლად, ვერ ამჩნევთ? ამ თვისების მიღმა მისი სიმშვიდე დგას. და თუ თქვენ ჭეშმარიტი სასწორი ხართ, სიმშვიდე და სიწყნარეც არანაკლებ უნდა გხიბლავდეთ.

მოსაწყენი და კონსერვატული? ნუ, ეს ხედვის წერტილს გააჩნია. კონსერვატიზმი ყოველთვის მოსაწყენობას არ გულისხობს. იმისთვის, რომ თქვენი  ნიშნის არსს არ უღალატოთ, კიდევ ერთხელ მოგიწევთ საკუთარი ბრალდებების გადახედვა. საერთოდ, სიტყვა „კონსერვატიზმის“ მნიშვნელობა ძალიან ფარდობითია. ის, რაც გუშინ პროგრესული იყოს, ხვალ კონსერვატული იქნება, განა ასე არ არის? აბა, იფიქრეთ და მიხვდებით, რომ „კონსერვატიზმი“ და „მოსაწყენი“  სულაც არ არის სინონიმი სიტყვები. ასე რომ, ღირს გადაწყვეტილება შეცვალოთ და კონსერვატიზმი მინუსების თასიდან პლუსების თასზე  გადაანაცვლოთ, როგორც მომავალი წონასწორობის დასაწყისი.

დიახ, თხის რქა ზედმეტად თავდაჯერებულია, მაგრამ აქვს ამის საპირწონე თვისებაც _ ნებისყოფა.  ხანდახან ძალიან  ცივი და თავშეკავებულია. სამაგიეროდ, ის არც თავზეხელაღებულია, არც უგუნური  და არც თქვენზე იყრის ჯავრს გაბრაზებული. გაიხსენეთ, როგორ არ გიყვართ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ასეთებიც შეიძლება მოხდეს, თუ მის ჰოროსკოპში დაძაბული ასპექტებია, მაგრამ დროდადრო ეს ყველას ემართება, თქვენნაირ მშვიდობის მტრედებსაც  კი.

ახლა კი, თუ წინააღმდეგი არ ხართ, მოაშორეთ მინუსების თასიდან ტერმინი „იუმორის გრძნობას მოკლებული“, რადგან აქ ძალიან ცდებით. თქვენ  უბრალოდ კარგად არ იცნობთ მას. აი, თუ დაუხლოვდებით, აღმოაჩენთ, რომ თხის რქას არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს, რომელსაც ძალიან იშვიათად და შეუმჩნევლად ავლენს.  კომედიის თხის რქისეული აღქმა მართლა აღსაფრთოვანებელია. ის ასევე ძალზედ საიმედო და ერთგულია, წესიერი და შრომისმოყვარეც. მას არ ახასიათებს სიზარმაცე და უმოქმედობა. გაგიკვირდებათ და კარგი ყნოსვაც აქვს მუსიკასა და ხელოვნებაში, რაზეც იშვიათად საუბრობს ხმამაღლა. სატურნელებს არც თავისი სიღრმისეული  სიბრძნის აფიშირება უყვართ  იმაზე, რაც ადამიანის ბუნებას ეხება.

აბა, როგორ არიან თქვენი პინები? თითქმის წონასწორობაში? მაგრამ თქვენ ჯერ ისევ არაფერი გადაგიწყვეტიათ მის პესიმიზმთან დაკავშირებით, რომელიც  საშინლად გთრგუნავთ.  თქვენ არასდროს მოგსვლიათ თავში აზრად, ამისთვის სხვა მხრიდან შეგეხედათ? იქნებ დაგენახათ, რომ ამ მამაკაცსაც სურს ცოტათი მაინც განთავისუფლდეს პესიმიზმისგან  და თქვენს ოპტიმიზმს მოუახლოვდეს. მხოლოდ არც ამას აჩვენებს დემონსტაციულად. მას  სჭირდება თქვენი ფერადი  ხასიათისა  და მშვიდი გონების ჯადოსნური შეხება. ამას ნამდვილად შეუძლია იმ სიცარიელის შევსება, რომელსაც  ხშირად განიცდის, რაშიც საკუთარ თავსაც არ უტყდება. თხის რქა ძალიან მორცხვია, რომ გაგიმხილოთ  როგორ ეკუმშება გული, როდესაც  უღიმით.  უბრალოდ გაუღიმეთ და ყურადღებით დააკვირდით. ხედავთ, როგორ სწრაფად გაქცევთ ზურგს, თითქოს დაკავებულია და თქვენ ხელს უშლით? შემდეგ  უხეშობს_ ეს თვითკონტროლის გამო.  სატურნისგან თანდაყოლილი  დისციპლინა  ცივ მემბრანაში ახვევს ამ კუშტ არსებას. ამიტომ, ის  უკუაგდებს იმ ადამიანებს, რომელთაც წარმოდგენაც არ აქვთ, რამდენად სჭირდება თხის რქას მათი ყურადღება და თანამონაწილეობა. თუ გულისყურით დააკვირდებით, სადღაც მისი თვალების სიღრმეში, თქვენ ამოიცნობთ ამ საშინელი თავდაჭერილობისგან განთავისუფლების სურვილს, მაგრამ ის ჯერ ისევ არ არის დარწმუნებული იმაში, ენდოს თუ არა საკუთარ გრძნობებს. თვალები ადამიანის სულის სარკეა. და ერთხელაც, თუ თქვენ  მოულოდნელად  წაადგებით თავზე,  აუცილებლად დაინახავთ მისი სუსხიანი თავდაჭერილობის მიღმა მოგიზგიზე ცეცხლს.

მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სასწორსა და თხის რქას  შორის სექსუალური შეთავსება პირველივე ჩახუტებიდან ჰარმონიულად ეწყობა. სასწორი შეიძლება დააფრთხოს თხის რქის უსიამოვნო სიცივემ, რომელსაც ვენერიელი შეცდომით  დააკვალიფიცირებს  ვნებების უკმარისობად. თხის რქასაც შეიძლება მოეჩვენოს, რომ სასწორის თავშეკავებული  რეაქციები  გულგრილობას ნიშნავს. ისევე როგორც ბუნებაში, ასტროლოგიაშიც  ცა და დედამიწა გაუგებარნი არიან ერთმანეთისთვის. მაგრამ ორმხრივი ინტერესი არაჩვეულებრივ მომხიბვლელობას შემატებს მათ სიახლოვეს. განსხვავებულობის მომხიბვლელობას, რაც უძლიერესი მაგნიტია, განსაკუთრებით სექსუალური სურვილისთვის. მათ ახალი შეგრძნებების აღმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ  ერთმანეთის მეშვეობით. თხის რქის თავშეკავება, რომელიც ასე აფრთხობდა თავიდან სასწორს, თანდანთან სულ უფრო მიიზიდავს მას. სასწორს  სურვილი გაუჩნდება, გაარღვიოს რჩეულის  თავდაცვითი სიმშვიდე და ამოიცნოს მისი სიღრმე. სასწორის ჰაეროვნებაც არანაკლებ მომხიბვლელი გახდება  თხის რქისთვის _ არის ამაში რაღაც გამომწვევი და დაუცხრომელი. მათ შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარონ ერთად, მაგრამ სასწორი ვერასდროს შეიცნობს ბოლომდე  თხის რქის  ჭეშმარიტ არსს. თხის რქისთვის კი ყოველთვის ამოუცნობი დარჩება მიჯნურის ცვალებადობა.

ამრიგად, ნაწილობრივ დაუკმაყოფილებელი სურვილი გარკვეულ სიმძაფრეს მატებს მათ სიახლოვეს. თანაც ეს გრძნობა კვლავ და კვლავ ბრუნდება.  უარეს შემთხვევაში  მათ სიყვარულს სხვა სიუჟეტი ექნება: მათ შეიძლება რწმენა დაკარგონ, რომ ერთმანეთის ესმით და მაშინ ძალიან გაუცხოვდებიან. კონკრეტული სიუჟეტის განვითარება დამოკიდებულია მათი  მზეებისა და მთვარეების ასპექტებზე, ასევე ლიბიდო პლანეტებზეც (ვენერა და მარსი). მაგრამ ყველაზე მეტად ეს დამოკიდებულია თავად  მათზე.  უფრო სწორად იმაზე, რამდენად  ძლიერ უყვართ ერთმანეთი.

სასწორი ქალი ყოველთვის დახვეწილი და ნაზია, მაგრამ იმავდროულად, მას ყველაზე მეტად  დამოუკიდებლობა და პირადი მიღწევები ადარდებს. ენდეთ ასტოლოგიას, ეს წესი ყოველთვის ძალაშია, როგორ კარგადაც არ უნდა შენიღბული სასწორის პატივმოყვარეობა და ბრწყინვალე გონება  ვენერას ხავერდოვანი ღიმილით. ოჰ, ეს ღიმილი, ეს ნაჩვრეტები ლოყებზე … და ნებისმიერი მამაკაცი იმას აკეთებს, რაც მას სურს. თუმცა თხის რქა, თავისი მიწიერი ჩვევებით, საოცრად მედგრად უპირისპირდება მის მომხიბვლელობას, როდესაც სასწორის „როგორც მე მინდა“  თხის რქის „როგორც მე მინდას“ უპირისპირდება.

სატურნით მართული მამაკაცი ვერაფერს გახდება საკუთარი წესებისა და შეხედულებების უდრეკობასთან. მისი ჰაეროვანი მეგობარი სასწორი  უფრო მოქნილია და მისთვის უფრო მარტივია  პოზიციის  შეცვლა. ამიტომ, მათი ურთიერთობის წარმატების ძირითადი წილი სასწორის სათუთ, მაგრამ ძლიერ მხრებზე მოდის.  თუმცა შემიძლია სასწორს  გარანტია მივცე, რომ  მისი მოსიყვარულე  თხის რქა დამსახურებულად დააჯილდოებს მას რომანტიული საპატიო წოდებით, ამ კავშირის „გაბედნიერების  ხელოვნებაში“  შეტანილი წვლილისთვის.

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top