სასწორი და მორიელი

სასწორი და მორიელი

ამის გათვალისწინება სამართლიანი იქნებოდა.

სასწორისა და მორიელის კავშირი მრავლისმომცველია. პირველ რიგში ეს კარმული გადაწყვეტილებაა _ განგებამ ერთს მოსწავლის,მეორეს კი მასწავლებლის როლი არგუნა.

რადგან სასწორი მორიელისთვის XII სახლის,კარმული წარსულის,მკვიდრია,პლუტონიელი წარმოუდგენლად მომთმენი იქნება სასწორის შეცდომებისა და წარუმატებლობების მიმართ,რადგან მას უკვე გავლილი აქვს მთელი ეს მერყეობა და უჩვეულოდ კარგად ესმის ვენერას ყველა ხრიკი. მას ბევრი რამ აქვს მოსაგონარი,სასიამოვნოც მათ შორის. მაგრამ საქმე ის არის,რომ მორიელს არ სურს კვლავ ამასთან დაბრუნება. მას ახლა უფრო ღრმა და სერიოზულ პრობლემებთან უწევს შეჯახება.

„რა საინტერესო ადამიანია,მგონი ღირს მისგან რაღაცეები ვისწავლო“_ უნათდება თავში სასწორს, მორიელის დაუნდობლად დაჟინებული მზერის ქვეშ.

„რატომღაც ამ ადამიანის გაცილებით უკეთ მესმის,ვიდრე სხვების.“_ დაასკვნის არწივი,სასწორის გულდასმით შესწავლის შემდეგ.

სასწორს სურს,რაღაც სარგებელი მიიღოს მორიელის სიბრძნისგან და პლუტონის იდუმალ სამყაროში შეაღწიოს,მაგრამ ის ჰაერის მენტალური ნიშანია და ვერაფერს აღიარებს დაუსაბუთებლად,მხოლოდ შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. ასე რომ,მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დროდადრო ცხარე ინტელექტუალური პაექრობა ხურდება.

მორიელი ძალიან სწრაფად აღმოაჩენს,რომ სასწორი საოცრად მომხიბვლელი, მიმზიდველი, მხიარული და სასიამოვნო ადამიანია ურთიერთობაში… მხოლოდ ორშაბათობით,ოთხშაბათობითა და პარასკევობით. თუმცა სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა. კვირაობით _ გარემოებებს გააჩნია. სასწორებს,განსაკუთრებით ქალებს,ძალიან უყვართ ხანგრძლივი საუბრები. შესაძლოა სასწორი მამაკაცები ხანდახან მორცხვი და მორიდებულები მოგეჩვენოთ,მაგრამ აბა,ინტელექტუალური გამოუწვევა გამოუცხადეთ და მთელი მათი მორიდება უეცრად სადღაც გაქრება. ისინი გაცხარებული დაგიწყებენ მტკიცებას,რომ ნებისმიერ საკითხს თუ სიტუაციას ორი მხარე აქვს. თუ რამდენიმე წუთით დადუმდნენ,მხოლოდ იმისთვის,რომ აზრები კარგად დაალაგონ და მომდევნო რაუნდში საბოლოოდ დაგამარცხონ.

მორიელმა კარგად იცის,რა მოსწონს და რა არა. თითქმის შეუძლებელია მას შეხედულება შეაცვლევინოთ. მართალია,ის წყლის ნიშანია და ადაპტაციის გამორჩეული უნარი აქვს,მაგრამ თვით წყლის მოქნილობაც კი იშვიათად იმარჯვებს მორიელის ფიქსირებულ ბუნებაზე,რაც მას დანარჩენი წყლის ნიშნებისგან გამორჩევს. მორიელი მუდმივი ჯვრის შვილია. მისი უცვლელი და ურყევი შეხედულებები ხშირად ძაბავენ ურთიერთობას. შესაძლოა სასწორის თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობაც შეურაცხყონ. თუ სასწორმა უკმაყოფილება გამოთქვა,მორიელი დროებით დაივიწყებს მოთმინებას (რომელიც სასწორის მიმართ განსაკუთრებულად მართებს), გაბრაზდება და დაასკვნის,რომ მისი პარტნიორი გონებაშეზღუდულია. ცხადია,ეს შეცდომაა. სასწორები შეიძლება იყვნენ ფიზიკურად ზარმაცები,განსაკუთრებით სასიცოცხლო ენერგიის ამოფრქვევის შემდეგ,მაგრამ ინტელექტუალური სიზარმაცე გამორიცხულია. გონების მუდმივი ვარჯიში,როდესაც ისინი იძულებულნი არიან ყოველდღე ყველაფერი აწონ-დაწონონ, საუკეთესო ფორმაში ინახავს მათ ინტელექტს. და მაინც,მორიელს საკმარისი მიზეზი აქვს უკმაყოფილებისთვის.

სასწორები ხშირად აოცებენ გარშემომყოფებს ყველაზე კატასტროფულ სიტუაციებშიც კი ოპტიმიზმის შენარჩუნების უნარით. ცხადია,ეს შესანიშნავი თვისებაა,მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გამაღიზიანებელი ხდება. ფრთხილ და ყურადღებიან მორიელს უნებურად ებადება კითხვა: „ნუთუ სასწორი გულწრფელია? როგორ შეიძლება ადამიანი თავის გარშემო ყოველთვის მხოლოდ კარგად ამჩნევდეს?“  მოიცადეთ ცოტა ხანი. ერთხელაც სასწორის პინები შეირყვევა და  ის ყველაფერს მხოლოდ ბნელი მხრიდან დაინახავს. თუ ჩემი არ გჯერათ,უთხარით სასწორს ერთმნიშვნელოვნად დადებითი რამ,თანაც მტკიცებით ფორმაში. ის მყისვე საწინააღმდეგო ხედვას დაგიპირისპირებთ,ან სადღაც შუაში გამოეკიდება. არც ის არის გამორიცხული ერთდროულად ორი საწინააღმდეგო შეხედულება გაიზიაროს,თანაც სრული გულწრფელობით. შედეგად,მეტად მიმნდობი ხალხი თავს გასულელებულად გრძნობს და უბრალოდ ვერც ხვდება,რატომ მოიქცნენ ისე,როგორც სასწორს სჭირდებოდა.

როგორც უკვე გითხარით,მორიელები უჩვეულოდ მშვიდად ეპყრობიან სასწორებს. როდესაც სასწორი ინსტინქტურად გრძნობს მორიელის მხარდაჭერის აუცილებლობას,ის უკეთესად ადაპტირდება გარემოებებთან და კომპრომისის ძებნას იწყებს,დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად და ჰარმონიის შესანარჩუნებლად. უბრალოდ მორიელს მეტი მოთმინების გამოჩენა მოუწევს სასურველი მიზნის მისაღწევად. მართალია,ისიც უნდა გაითვალისწინოს,რომ სასწორის მეგობრული კეთილგანწყობა ხშირად კარგად გათვლილი სტრატეგიაა.

სასწორები ბრწყინვალე მანიპულატორები არიან და კარგად იყენებენ გარემოებებს სათავისოდ. იმავდროულად,თქვენ ვერავითარ აგრესიას ვერ ხედავთ _ მხოლოდ შარმი, დამაჯერებელი ინტონაცია და საოცრად მომხიბვლელი ღიმილი.

თუმცა მორიელი შორსაა იმისგან,რომ „მიმნდობი სული“ იყოს; ის არ არის მათი რიცხვიდან,ვისი გასულელებაც შესაძლებელია. მთელი ურთიერთობის მანძილზე სასწორს ერთადერთი შანსი აქვს მორიელი მოატყუოს _ პირველად და უკანასკნელად. ერთი გამოცდილებაც სამუდამოდ აღიბეჭდება მორიელის მეხსიერებაში. მეორედ ის მაცდური მლიქვნელობის კაუჭზე აღარასდროს წამოეგება.

მეორეს მხრივ,მორიელიც ისეთივე ცბიერია საკუთარ სტრატეგიაში,როგორი საზრიანიც არის სასწორი. გაცილებით მტკიცეც,თუმცა უფრო წყენია. სასწორები შესანიშნავად აანალიზებენ საბირჟო ბაზარს, იურიდიულ საქმეებს, ხელოვნების ნიმუშებსა და ამომრჩევლების აქტიურობის ხარისხს, მაგრამ ეს ის ნიშანი არ არის, ვისაც ადამიანური ბუნების ღრმა ანალიზი ეხერხება. სასწორი სათუთი თანაგრძნობით ეპყრობა მორიელს,როდესაც ხედავს, რომ ის რაღაცაზე ნერვიულობს, მაგრამ მას თავში აზრადაც არ მოუვა ჰკითხოს,რატომ? მორიელს კი ზუსტად ეს სჭირდება,რომ ჰკითხონ, რატომ?

დიახ,მათ შორის დასაშვებია ჰარმონია,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როდესაც სასწორი საკმარისად ფრთხილია  და მორიელი საკმარისად გულწრფელი.

 

 

 

 

სასწორი მამაკაცი და მორიელი ქალი

Tod Williams & Gretchen Mol

არ ვიცი რატომ,შეიძლება ამაში

იმ საღამოს  სილამაზე იყო დამნაშავე,

მაგრამ მოულოდნელად ისინი სურვილმა შეიპყრო,

ერთმანეთს მინდობოდნენ.

 

 

სასწორი სხვა მამაკაცებზე რბილია,მეტად დელიკატური და უფრო მოწყველადი,ზუსტად ისე,როგორც სასწორი ქალი ბევრ სხვა ქალზე ძლიერი და გულადია. ასეთი წინააღმდეგობრიობა დამახასიათებელია მასკულინური მზის ნიშნისთვის,რომელსაც ფემინური პლანეტა მართავს. სასწორი ხომ ქალღმერთ ვენერას მასკულინური შვილია. ის ფაქტი,რომ კაცი იმდენად მგრძნობიარეა,რომ იტიროს,სულაც არ მეტყველებს მამაკაცურობის დეფიციტზე. ზუსტად ასევე,თუ ქალი საკმარისად მამაცია,რომ სასურველი მიიღოს და მტკიცედ დაიცვას საკუთარი შეხედულებები,ეს სულაც არ აკნინებს მის ქალურობას.

მორიელი,ცხადია,ფემინური მზის ნიშანია,მაგრამ არის კიდევ მისი მმართელი პლუტონი. მისი განუზომელი ძალა და ფეთქებადი ენერგია თვით დედაბუნების ენერგიაა. და ვინ გაბედავს ბუნებას მამაკაცი უწოდოს? მიუხედავად იმისა,რომ ასეთი ძალა და ენერგია,რომელსაც პლუტონი განაგებს, ჩვეულებრივ, მამაკაცურ თვისებებთან ასოცირდება. ღირს ამაზე დაფიქრება. სხვაგვარად როგორ გაიგებთ იმ ძალაუფლების ჭეშმარიტ მიზეზს,რომელიც მორიელს მართავს.

აი,სასწორი მამაკაცი ამ თემაზე  დიდხანს ფიქრობს და მსჯელობს. მორიელი ქალი მხოლოდ გამჭოლ მზერას მიაპყრობს და ეტყვის: „უბრალოდ მე ვიცი ეს. შენ _ არა.“ რასაც ლოგიკურად მოჰყვება ფიქსირებული ნიშნის თვისებრივი დუმილი. ასე ან დაახლოებით ასე ხდება,როდესაც ისინი კამათობენ ან ჩხუბობენ. რამდენი არგუმენტიც არ უნდა წარადგინოს სასწორმა თავის სასარგებლოდ, მორიელი ქალი ჯიუტად მაინც თავის შინაგან შეხედულებებს ებღაუჭება. ის არ დანებდება არც რკინის ლოგიკის და არც ტაქტიანი გადარწმუნების ზემოქმედებას.

სასწორის ღიმილი და მომხიბვლელი მანერები ნებისმიერ ქალში მუხლების კანკალს იწვევს,მაგრამ მორიელი მას კარგად ხედავს. ის მაშინვე ზუსტად ხვდება,სასწორი რამე თამაშის წამოწყებას აპირებს, როგორც ჰაეროვან ნიშნებს სჩვევიათ, თუ მართლა სერიოზულ მიზიდულობას განიცდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,მორიელი ყოველთვის არჩევს,რამდენად გულწრფელია სასწორი თავის ზრახვებში. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ამ ქალის გადაწყვეტილება სასწორის მოტივების პირდაპირპროპორციული იქნება. უბრალოდ ის ყოველთვის სიმართლის გარკვევას ცდილობს. იმ შემთხვევაშიც,თუ სასწორის პირველადი ზრახვები არც ისე გულწრფელია, მორიელი მაინც დაინტრიგდება.  ორივე სქესის მორიელები დიდ სიამოვნებას განიცდიან ემოციური დაძაბულობისგან. და კიდევ,მორიელმა შესანიშნავად იცის საკუთარი მაგნიტიზმის ძალა. ასე რომ,მე უკვე გავაფრთხილე სასწორი მამაკაცები: ის,რაც შემთხვევითი ფლირტით იწყება,მორიელ ქალთან  სერიოზული შედეგებით სრულდება. თანაც სასწორი ვერაფრით მიხვდება,რა და როგორ მოხდა…

თუ ეს მამაკაცი ტიპური სასწორია,ის დაბადებულია ამხანაგობისა და პარტნიორობისთვის,როგორც საქმეში,ისე ქორწინებაში. ზოგადად,ამ ადამიანისთვის ძალზედ მიმზიდველია ქორწინება. უბედურება ის არის,რომ,როგორც ერთხელ ქრისთოფერ მარლემ აღნიშნა, „ქორწინებასთან ერთად, უამრავ ბორკილს იღებ“. მორიელზე დაქორწინებული სასწორი მამაკაცი სწრაფად დარწმუნდება ამაში.  მორიელს ყველაფერი გულთან ძალიან ახლოს მიაქვს. მესაკუთრული ინსტინქტი და ეჭვიანობა კი მისი  დროებითი განწყობები კი არა,თანდაყოლილი თვისებებია. რადაც არ უნდა დაუჯდეს,მორიელმა ქალმა უნდა იცოდეს,რომ მამაკაცი მისი ერთგულია. ის საშინლად იტანჯება მხოლოდ ეჭვისგანაც. მორიელი კი ქალთა შორის ყველაზე ეჭვიანი ქალია.

სასწორი მამაკაცი იმდენად მომხიბვლელი,რომანტიული და გალანტურია,ქალები თვითონ ეძებენ მასთან გამოლაპარაკებისა და დაახლოების საბაბს. აბა,სასწორმა რა ქნას?.. რამე უნდა ქნას,თუ ის მორიელ ქალთან არის დაკავშირებული,რადგან მას წარმოდგენაც გაუჭირდება,რისი გაკეთება შეუძლია გულნატკენ მორიელს და როგორ ათანაბრებს ანგარიშს,თუ ის მართლა შეურაცხყვეს და მისი თავმოყვარეობა ხელყოფილია. მორიელი ჩუმად და ირიბად დაიწყებს მის დაგესლვას და სასწორი დღითი-დღე თავს სულ უფრო უმწეოდ იგრძნობს.

„ნუ მელაქუცები! კარგად გიცნობ.“_ ცივად მოუჭრის მორიელი სასწორს მანიპულაციის ყველა მცდელობაზე. და ეს სრული სიმართლეა.

მორიელის სექსუალური აღტკინებები იშვიათი სიღრმითა და ამაღელვებლობით გამოირჩევა. ის სიამოვნების მრავალ გაკვეთილს ჩაუტარებს სასწორს,რასაც ეს უკანასკნელი სიხარულით აითვისებს. სასწორი შემეცნებითი და სენტიმენტალური,რომანტიული და ნაზი მამაკაცია,რაც მორიელს ძალიან მოსწონს,რადგან მას სჭირდება იმის განცდა,რომ სრულიად ფლობს საყვარელ მამაკაცს. ბუნებრივია,თავიდან მორიელი აიღებს ინიციატივას და ამან შეიძლება გაანაწყენოს სასწორი. თუმცა,ბოლოს და ბოლოს,ის შეძლებს აუხსნას,რომ მათი ინტიმური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება,თუ თანასწორ უფლებებზე ითამაშებენ. ამ ქალის ღრმა გრძნობები ყოველთვის უმანკო და გაურყვნელია,რადგან მის სულიერ საწყისთან არის დაახლოებული. ყველა მორიელს ქვეცნობიერად ესმის,რომ სექსი და რწმენა რაღაც იდუმალი მეთოდებით მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

სასწორი ყოველთვის ცდილობს სწორად მოიქცეს და ეს სასიამოვნოდ ეხმაურება მორიელის ღირსების გრძნობას. თუმცა მან იმაზეც გულმოდგინედ უნდა იზრუნოს,რომ მორიელის თავმოყვარეობა ყოველთვის ხელშეუხებელი იყოს. კარგად დაიმახსოვრეთ,მორიელები ა რ ა ვ ი ს პატიობენ შეურაცხყოფას! რაც შეეხება მისთვის დამახასიათებელ კამათისა და ყველაფრის ხმამაღლა განხილვის თვისებას, მორიელი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ როდესაც  კამათი კულმინაციას მიაღწევს,მორიელი დადუმდება და ისეთი მზერით გახედავს,სასწორი მკაფიოდ მიხვდება: მისი ხედვის წერტილიდან ყველაფერი გადაწყვეტილია და ჯობია თვითონაც გაჩუმდეს.

მართალია,მორიელი ხანდახან რისხვისგან ფეთქდება,მაგრამ მას ყველაფერზე ყოფნის მოთმინება. მორიელი,როგორც წყლის სხვა ნიშნები,საკმარისად მოქნილია,რომ სასწორის ცვალებად განწყობას მოერგოს. თუ რომელიმე ქალმა იცის,როგორ დაუბრუნოს სასწორს დაკარგული წონასწორობა,ეს სწორედ მორიელია. ჩაუთვალეთ ეს ცბიერებად ან არც თუ პატიოსან ხრიკად,მაგრამ ის ამ ილეთს სრულყოფილად ფლობს. სასწორი თვითონაც გრძნობს,რომ ამ ქალთან ერთად უფრო მარტივად უმკლავდება სირთულეებს, თუმცა ხმამაღლა არ იტყვის. რა საჭიროა მორიელმა იცოდეს,რომ სასწორის შთაგონების მთავარი წყარო სწორედ ის არის? მთავარი შედეგია.

 

 

 

 

სასწორი ქალი და მორიელი მამაკაცი

Christopher Backus & Mira Sorvino

 

მის სიზმარში,მან ის კვამლი გაგლიჯა,

რომელშიც ნევერლენდი იყო გახვეული.

შეიძლება მას გულში უხაროდა კიდეც,

მაგრამ სახეზე არაფერი ეტყობოდა.

 

 

ის ისეთი ჭკვიანი და საზრიანია,როგორიც მხოლოდ სასწორი ქალი შეიძლება იყოს. სასწორმა შეიძლება მთელი ცხოვრება დახარჯოს იმის ამოცნობაზე,რა განცდებს მალავს ამ მამაკაცის აუღელვებელი გამომეტყველება და მიუხედავად უამრავი მცდელობისა,ის ვერასდროს შეაღწევს მის საიდუმლოებებში. თუ მორიელს ის უყვარს,სხვებზე მეტად ენდობა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მორიელი თავისი გონების,გულისა და სულის საიდუმლო სკივრს გადახსნის და სასწორს ცხვირს ჩააყოფინებს. ამ სამალავის არსებობა მხოლოდ მორიელმა და ღმერთმა იციან.

საინტერესოა,იცის თუ არა სასსწორმა,რომ მისი რჩეულის მოჩვენებითი სიმშვიდე მის ყველაზე განვითარებულ თვისებას,შურისძიებას,მალავს? ჯობია თავიდანვე გაფრთხილდეს,რადგან შეურაცხყოფილი და განრისხებული მორიელის საპასუხო რეაქცია დიდი ხნით დააკარგვინებს მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან წონასწორობას. მორიელის თავდაჯერების ნიღბის მიღმა უაღრესად მოწყველადი ადამიანი იმალება.

ახლა რამდენიმე სიტყვით იმის შესახებ,რას უნდა  ერიდოს მორიელი. მიუხედავად დამაშვიდებელი ხმისა და მომხიბვლელი ღიმილისა,სასწორი მასკულინური ნიშანია,თანაც კარდინალური ანუ ლიდერული. ჭკვიანმა მორიელმა უნდა შეიგნოს,რომ ეს გოგონა,მთელი თავისი ქალურობით,არავის დაემორჩილება სრულიად,თვით მორიელსაც კი. თავიდან,როდესაც სასწორი შეყვარებულია, ის შეიძლება სიამოვნებით ჩადგეს ქალური თვინიერების პოზაში, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად ეცდება თვითრეალიზაციის სხვა გზები იპოვოს და დარწმუნებული იყავით,რომ ცოცხი,ქვაბები და ბავშვის სახვევები მის ცხოვრებისეულ პრიორიტეტებში ნამდვილად არ მოხვდება. დიახ,ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ქალისთვის,მაგრამ აქ არავითარი საკვები არ არის  გონებისთვის. ეს ქალი კი საშინლად უბედურია,როდესაც მისი გონება უსაქმურობს. რა უნდა იყოს არწივის გულის მოგებაზე დიდი გამოწვევა? გარკვეული დროით სასწორი სიამოვნებით დატკბება ნადავლით,მაგრამ ძალიან მალე,თუ სხვა საქმე არ გაიჩინა,მოსვენებას დაკარგავს. ის ნამდვილი ქალი-ულისეა. დაუმატეთ ამას პრობლემები,რომელსაც ულისე მოგზაურობისას აწყდებოდა: მას ამხანაგი სჭირდება. ის ძალიან ცუდად არის,როდესაც მარტოა. სასწორის ნიშანი საქორწინო და ნებისმიერი ტიპის პარტნიორობას მართავს. აი,უბრალოდ წარმოიდგინეთ ისეთი ადამიანის მდგომარეობა,რომელიც თან ოჯახურ კომფორტსა და სიმყუდროვეს ნატრობს და თან მსოფლიოს დაპყრობა გადაუწყვეტია. ახლა გესმით,რატომ არის ხოლმე მერყეობისა და გაღიზიანებისგან პინებჩამოყრილი?

რადგან მორიელი VIII ასტროლოგიური სახლის მმართველია,რაც,სხვა დანარჩენთან ერთად, „სხვის ფულსაც“ გულისხმობს და იმავდროულად,სასწორისთვის II სახლის ბინადარია (რაც ასტროლოგიაში საკუთრებას, შემოსავლებსა და მატერიალური თუ სხვა ტიპის კეთილდღეობას ეხება),ეს თემები  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათ ურთიერთობაში,ვიდრე 12-2 ფორმულის სხვა წყვილებში. დადებით თუ უარყოფით გავლენას იქონიებს,დამოკიდებულია სხვა პლანეტარულ ასპექტებზე,ცხადია,მათ პირად ნებასა და ძალისხმევაზეც. ერთი რამ სავსებით თვალსაჩინოა: მათ ხშირად მოუწევთ ფინანსური საკითხების ერთობლივად განხილვა და გადაწყვეტა. ზუსტად ამიტომ,ორივეს დაბეჯითებით ვურჩევ,საბანკო ანგარიშები განაცალკევონ.

სასწორ ქალს ყოველთვის ეთაკილება ქმარს რამდენიმე დოლარი თხოვოს პირადი ხარჯებისთვის. თუ მას მუშაობის დაწყება სურს,ჯობია ხელი არ შეუშალოთ_მაინც ისე მოიქცევა,როგორც უნდა. ის შეიძლება მცირედ მერყეობდეს,იმის სადემონსტრაციოდ,რომ მისი გაუბედაობა ქმარსა და ოჯახზე ზრუნვით არის განპირობებული,მაგრამ როდესაც სასწორისთვის დამახასიათებელი მერყეობის პერიოდი გადაივლის,ის საკუთარი სურვილების შესაბამისად მოიქცევა და მტკიცედ დაიცავს თავის შეხედულებას. კარგი იქნება,თუ ის ხელოვნების რომელიმე სფეროს თავისუფალი პროფესიით დაკავდება. საერთოდ,წარმატებული კარიერა ყველაზე ხშირად იქ კეთდება,სადაც ადამიანები საკუთარ გულისძახილს მიჰყვებიან,იმ შემთხვევაშიც,როდესაც მათი შრომა სათანადოდ ან საერთოდ არ ანაზღაურდება. საყვარელი სამუშაო_წმინდაა!

სასწორი მჭიდროდ არის დაკავშირებული კანონთან,ამიტომ მორიელს არ უნდა გაუკვირდეს,რომ სასწორი ხშირად იურისტივით ლაპარაკობს. დროდადრო მორიელს მისი მამაკაცური ლოგიკაც შეაშფოთებს. სასწორი ხანდახან შეიძლება დესპოტურიც იყოს,შემდეგ თვინიერი,რაც მორიელს გააოცებს. მისი გაოცება კი,მოგეხსენებათ,ძალიან რთულია. ვხედავ დეპრესიის პერიოდებსაც, როდესაც მორიელი საკუთარ თავს დაეკითხება,სინამდვილეში ვის მიჰყავს მათი ურთიერთობის აღლუმი? მეორეს მხრივ,მორიელის დუმილი,როდესაც სასწორი ძალიან საჭიროებს ქათინაურს და წვრილმანი საყვედურები,იმაზე მეტად ტკენს მის რჩეულს გულს,ვიდრე მორიელს წარმოუდგენია.

სასწორ ქალს მოუწევს მთელი თავისი შარმისა და ტაქტის უზარმაზარი მარაგის გამოყენება,რომ მეტი მოთმინება გამოიჩინოს მორიელის მდუმარებასთან დაკავშირებით. მორიელს არ მიუტოვებია ის. უბრალოდ მან ჩვეულებრივზე შორს გაცურა,მედატაციების ღრმა წყლებში. მორიელს ყოველთვის ერთი პასუხი აქვს ხშირ და დაჟინებულ კითხვებზე: „რაზე ფიქრობ?“ ან „სულ ჩუმად რატომ ხარ,ძვირფასო?“,ცივი მზერა და კიდევ უფრო ხანგრძლივი დუმილი.

საერთოდ,მორიელი უპირატესობას მზერებით საუბარს ანიჭებს ან სულაც შეხებით. სასწორს კი ისე უჭირს გაჩუმება. ხანდახან სწორედ ეს განსხვავება ხდება მათ შორის დაძაბულობის მიზეზი. როგორი კომუნიკაბელურიც არ უნდა ჩანდეს მორიელი ცხოვრების სხვა სფეროებში,მას ყოველთვის ეძნელება საჭირო სკიტყვები პოვნა ემოციური,სექსუალური და რომანტიული განცდების გამოსავლენად. თუ სასწორი ამას მიხვდება და გაგებით მოეკიდება,მორიელიც უფრო მომღიმარი და მრავლისმეტყველად მდუმარე გახდება.

თუ ეს მამაკაცი მორიელთა იმ ტიპს მიეკუთვნება,რომელიც ძლიერ მიდრეკილებას განიცდის ალკოჰოლის მიმართ,ეს ქალი კი მარადი გოგონა-სასწორების ტიპიდანაა,ვისაც წვეულებები  უყვარს,მათი ურთიერთობა შეიძლება ცუდად დამთავრდეს. სასწორის გადამეტებული სიყვარული გართობისადმი ხშირად ის ბადეა,რომელშიც მორიელი ფატალურად ეხვევა. ცხოვრება ხშირად აცდუნებს წყლის ნიშნებს მათრობელი სითხეებით,რაც თითქმის ყოველთვის სავალალო შედეგებით სრულდება.

თუმცა უკეთესის იმედით,განვითარებულ მორიელს,რომელსაც ცხოვრების მიზანი და საკმარისი შეუპოვრობაც აქვს მის მისაღწევად,და გაწონასწორებულ,მშვიდ სასწორ ქალს მშვენიერი ოჯახის შექმნა შეუძლიათ. უბრალოდ მათი სიყვარული გონივრულ საწყისებზე უნდა აიგოს. მათი ქორწინება კი მხოლოდ მოიგებს,თუ სასწორი მორიელს ენდობა. მორიელი საკმარისად გონიერია და ყოველთვის კარგად იცის,რას აკეთებს.

ბევრი სასწორი ქალი ქორწინებაში ქალიშვილობის გვარს ინარჩუნებს. თუ მორიელმა ამის ნება დართო,თქვენ შეგიძლიათ უკანასკნელი ცენტი დადოთ ყულაბიდან,რომ ის ერთერთი იშვიათი მორიელია,რომელსაც ესმის,რომ ამ ნაბიჯით სასწორს პიროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს. სასწორი ისე რბილად და დაუჟინებლად შთააგონებს მორიელს საკუთარ აზრებს,მას ავიწყდება საიდან რა „მოაფიქრდა“ და ბოლომდე დარწმუნებული იქნება,რომ ეს თავიდანვე მისი იდეა იყო.

მათ შეუძლიათ ერთმანეთის სექსუალური სურვილების წინათგრძნობა და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ყოველთვის როდის იციან,როგორ მოიქცნენ. მორიელი შეილება სასწორის იდეალური პარნტიორი იყოს,როდესაც მისი პინები წონასწორობაშია. ასეთ დროს მიწიერი სიყვარული იმდენად აახლოებს მათ სულიერად,რომ თვალები ცრემლებით ევსებათ სიყვარულის ძალის წინაშე,რომელიც მათ სხეულებს ერთ მთლიანობად აქცევს და მათ სულებს აფერადებს. მაგრამ როდესაც სასწორი რაიმე გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში წვალობს,მორიელს კი ჰგონია,რომ ფიზიკური სიახლოვე მის რჩეულს დაამშვიდებს ან ყურადღებას სასიამოვნო ფიქრებზე გადაატანინებს,ის შეიძლება ღრმად შეურაცხყოფილი დარჩეს,როდესაც მისი ინიციატივა სასწორს უარესად გაღიზიანებს. მორიელთა ღრმა რწმენით,სასიყვარულო აქტი მხოლოდ სიმშვიდისა და კმაყოფილების მომტანი უნდა იყოს.

მორიელს ნებისმიერი საიდუმლო ამოცნობა შეუძლია და ყველაზე ღრმა მიჯაჭვულობით ხასიათდება მთელს ზოდიაქოში,მაგრამ ის არ დაიწყებს ლექსების კითხვას და სიყვარულის ახსნას ფიზიკური სიახლოვის დროს. იმედია,სასწორი თავისი მშრალი ლოგიკით არ დაასკვნის,რომ მორიელს ის არ უყვარს. რა თქმა უნდა,უყვარს. განა მორიელის ერთგულება და თავდადება ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არის? უბრალოდ მას არ შეუძლია გრძნობების გამოხატვა.

სასწორის ლოგიკის გამოყენებით,არწივს შევახსენებ,რომ გრძნობების ხმამაღლა გაჟღერების თუნდაც მცდელობა გაუმართლებელი ეჭვიანობის არაერთ გამოვლენას ააცილებდა თავიდან. მორიელის უდაო მიმზიდველობა,სხვა ქალებსაც არანაკლებ იზიდავს,რაც სასწორში ძლიერ ეჭვიანობას იწვევს. განა ჯულიეტა როდესმე დაეჭვდებოდა რომეოს სიყვარულში,მისი მგზნებარე სასიყვარულო აღსარებების ფონზე? ასე რომ,ცოტა ხნით მაინც აგრძნობინეთ სასწორს თავი ჯულიეტად და ის სწრაფად დაწყნარდება.

მორიელის ღმა სიბრძნე დაეხმარება სასწორს წონასწორობის მოპოვებაში. სასწორის საზრიანობა არაერთხელ წაადგება მორიელს იმ პროფესიული,ოჯახური თუ პირადი სირთულეების გადალახვაში,რომელსაც ნებისმიერი წყლის ნიშანი აწყდება,თვით უძლეველი მორიელიც კი.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top