სასწორი და მშვილდოსანი

სასწორი და მშვილდოსანი

ყველა მათგანი რომ აღვწეროთ,სქელტანიანი წიგნის დაწერა მოგვიწევს.

ასეთი წიგნები არც არსებობს. ასეთი მხოლოდ ლექსიკონებია.

მშვილდოსანი და სასწორი ხშირად აგიბნევენ თავგზას. მათი ასტროლოგიური „საპასპორტო მონაცემები“ ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ტყუპებისა და თევზების,რადგან მზის ეს ნიშნები დუალისტურები არიან. სასწორისა და მშვილდოსნის ბევრი თავისებურება არც ექვემდებარება ზუსტ განსაზღვრებას. თუმცა მათ ისეთი განმასხვავებელი შტრიხებიც არანაკლები აქვთ,რომლის წყალობით მარტივად ამოიცნობთ  გადაჭედილ ლიფტში ხანმოკლე გასაუბრების შემდეგაც, თუ, ვთქვათ, ლიფტი გაიჭედა.

შეიძლება გადააწყდებთ მხიარულ და გართობის მოყვარულ სასწორებს. არსებობენ  წიგნის ჭიებიც, შრომისმოყვარე და კანონმორჩილი მეცნიერ-ინტელექტუალები. გვხვდებიან არტისტული, მგრძნობიარე, ღრუბლებში მოფარფატე სასწორებიც. მათი პინები მუდმივად მერყეობს და რთული სათქმელია,როდის დაიჭერენ ზუსტ წონასწორობას. თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ,ყველა სასწორი გამოუსწორებელი ოპტიმისტია,რომელიც ცდილობს ნებისმიერ სიტუაციაში სამართლიანად მოიქცეს. აბსოლუტურად ყველა,გამონაკლისის გარეშე!

რაც შეეხება მშვილდოსნებს,თქვენ მარტივად გამოარჩევთ მათ  გულწრფელებით,გახსნილობითა და არც ისე იშვიათად  უტაქტობითაც,თუმცა არა ბოროტი განზრახვების გამო. ასევე ვიცით,რომ ისინი ძალიან ჭკვიანები, იდეალისტები, მამაცები და ხანდახან მოუქნელებიც არიან,სასწორებზე უფრო დიდი ოპტიმისტები და გარკვეულ საკითხებში უზომოდ მიამიტები. თუმცა მშვილდოსნის ამ საიმედო თვისებებს შორის უამრავი უმოკლესი გზა და შემოვლითი მარშრუტია. არსებობენ მოჩვენებითად ჩუმი,ბუს მსგავსი,გამჭრიახი მშვილდოსნები,რომლებიც თავიდან იბღვირებიან, შემდეგ თვალს ჩაგიკრავენ და რაიმე სასაცილოს ან საოცრად ჭკვიანურს იტყვიან. გვხვდებიან კონსერვატული და სერიოზული მშვილდოსნებიც,რომლებიც მოულოდნელად გაგაოგნებენ თავიანთი ოცნებების ფეირვერკით_ ისეთი უზარმაზარი მასშტაბის,როგორსაც მხოლოდ ბავშვი გაბედავს.  ისეთი მშვილდოსნებიც არსებობენ, რომლებიც საერთოდ არაფერს აკეთებენ,კითხვის და ფიქრის გარდა. არიან ისეთებიც,ვინც დროის უმეტეს ნაწილს ცეკვა-სიმღერასა და მეგობრების გაშაყირებაში ატარებს. არსებობენ შთაგონებული მკვლევარებიც,მწერლები და მეცნიერები. ისეთებიც,ვისაც მეგობრები,ნათესავები და მეზობლები ჭკუიდან გადაჰყავს კითხვებით, კითხვებით, კითხვებით… ყველა მათგანი დამაბნევლად ცნობისმოყვარეა. რა თქმა უნდა,თქვენთვის დამაბნევლად და არა მათთვის.  მშვილდოსნის შეცბუნება არც ისე ადვილია. ეს ის ნიშანი არ არის,რომელიც მარტივად წითლდება. მათ ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი.

თუ იქიდან დავიწყებთ,რა საერთო აქვთ სასწორებსა და მშვილდოსნებს,ეს უთუოდ საუბრის სიყვარულია. სწრაფი აზროვნება და მჭევრმეტყველება თანაბრად არის შერეული თვით ყველაზე ჩუმ სასწორებსა და მშვილდოსნებში. თუმცა ამ ტიპის წარმომადგენლები,აზრის გამოთქმის ნაცვლად,უპირატესობას მათ დამახსოვრება-ჩაწერას ანიჭებენ. შემდეგ კი  ფიქრობენ,ფიქრობენ და ფიქრობენ.

როდესაც ტიპური სასწორი და მშვილდოსანი ერთმანეთს ხვდებიან,მათ შეუძლიათ საათობით ისაუბრონ  გაცხარებით,რისგანაც ორივე უდიდეს სიამოვნებას იღებს. მშვილდოსნისთვის აუცილებელია ნებისმიერი ტიპის სტიმულაცია,რადგან ის ცეცხლის ნიშანია. სასწორის ჰაერი ზუსტად ამ ფუქნციას ასრულებს,როდესაც მის მენტალურ კოცონს ახელებს და სიმკვეთრეს ანიჭებს. მაგრამ თუ მშვილდოსანმა ზომიერების ზღვარს გადააბიჯა,სასწორის პინები წონასწორობიდან გამოვა და შეიძლება ნამდვილი გრიგალიც მოაწყოს.

რადგან სასწორი კარდინალური,მშვილდოსანი კი მუტაბელური ნიშანია,ამ კავშირის ლიდერი სასწორია. მშვილდოსანი იშვიათად აპროტესტებს ამას,რადგან როგორი ინტელექტუალური ფილოსოფოსიც არ უნდა იყოს კენტავრი,მას ყველაზე მეტად გართობა და დეკორაციების ცვლა მოსწონს. მისი აზრით,ლიდერობა საპასუხიმგებლო და მოსაწყენი პოსტია,რომელიც ვალდებულებებით ამძიმებს ადამიანს. თვით მღვდელი და მონაზონი მშვილდოსნებიც კი არ არიან მოსაწყენი და შეზღუდულები.

დიახ,ერთად ისინი არ მოიწყენენ. მშვილდოსანი უაღრესად ერუდირებული და ცნობისმოყვარე,სწრაფი და ჭკვიანია. ის არცერთ კითხვას არ ტოვებს უპასუხოდ,რომელსაც სასწორი სთავაზობს. სასწორის კითხვები კი წინასწარ დეტალურად გაანალიზებული და თითქმის ყოველთვის ბრძნულია.

არის იშვიათი შემთხვევები,როდესაც ისინი ერთმანეთთან თავს მყუდროდ ვერ გრძნობენ. ეს მაშინ ხდება,თუ რომელიმე მათგანის ასცედენტი ან მთვარე მიწის ან წყლის ნიშანშია. მაშინ ეს უკანასკნელი აღმზრდელისა და ჭკუის დამრიგებლიდ როლს მოირგებს. ასე,მაგალითად,ტკბილეულის მოყვარული სასწორი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს მშვილდოსნის გვერდით,რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ბილ დაფთის „შაქრის ბლუზი“ უსახსოვროს და სხვათა შორის მხიარულად შენიშნოს: „ამ ბოლოს დროს მუცელი მოგიმრგვალდა! იმიტომ გასუქდი,რომ შაქარი ნარკოტიკია. შენ კიდევ ნარკომანი ხარ და ვერც აცნობიერებ ამას. გამოფხიზლდი,სანამ დროა!“ ზუსტად ასევე სასწორმა შეიძლება დაარღვიოს ჰარმონია,თუ მშვილდოსანს რამეს დაპირდება და შემდეგ,მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტების გულდასმით აწონ-დაწონვის შედეგად,დანაპირების შესრულებას თავს აარიდებს. შემდეგ შეიძლება დათანხმდეს,თუმცა დაამატოს: „მაგრამ იქნებ არ ღირს,რადგან…“ ან შეიძლება უარი უთხრას,თუმცა დასძინოს: „მაგრამ, მეორეს მხრივ, ჯობია ასე მოვიქცეთ, რადგან…“  საბედნიეროდ,ეს ვერ გახდება ტრაგიკული პრობლემა,რადგან მშვილდოსანმა უკვე გადაიფიქრა და სხვას შეუთანხმდა.

ისინი ყველაფერს მოაგვარებენ. ეს სექსტილის ასპექტია,რაც ასტროლოგიაში შესაძლებლობას ნიშნავს. თუმცა მაინც ჯობია,მშვილდოსანმა პირის გაღებამდე ათამდე დათვლა ისწავლოს; სასწორმა კი ხანდახან ბრმა გამბედაობით იმოქმედოს. მათ ხომ ყოველთვის აქვთ ერთმანეთის გაბედნიერების შესაძლებლობა.

 

 

სასწორი მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი

Jackson Browne & Daryl Hannah

_შეხედეთ! ისარი ზუსტად აქ მოხვდა.

ეს ის კოცნაა,რომელიც მე  ვაჩუქე.

 

 

მამაკაცებით იმედგაცრუებულმა მშვილდოსანმა გოგონამ შეიძლება სასწორი მამაკაცის ნაზ სიყვარულში ჰპოვოს განკურნება. თუმცა ედემის ბაღს არც ისე სწრაფად მიაგნებენ. უპირველესად ის უნდა გაირკვეს, რამდენად შორს შეტოპავენ. იქნებ ჯობია პირველი შეხვედრის ეს ჯადოსნური წამი შეუცნობელ სასწაულად დატოვონ? იქნებ… მაგრამ თუ გაირკვევა,რომ ეს ყველაფერი გაცილებით სერიოზულია,ახალი პრობლემა წამოყოფს თავს: ერთად უნდა იცხოვრონ? სიყვარულმა ხომ დროის გამოცდას უნდა გაუძლოს. და თუ კი,თავისთვის და ჩუმად თუ ღიად და სახალხოდ?..როგორ?.. ან იქნებ ჯობია პირდაპირ დაქორწინდნენ და ბოლო მოუღონ მთელ ამ განსჯებს?.. იქნებ სასწორს ცოლი ჰყავს ან მშვილდოსანს ქმარი? თუ ორივე განქორწინებულია,იმაზე ნერვიულობა აღარ მოუწევთ,რომ მათი სიყვარული ვიღაცის უბედურების მიზეზი გახდება… მაგრამ ამ შემთხვევაშიც,ღირს კი მეორედ გარისკონ,თუ პირველი ქორწინება სერიოზული და სევდიანი შეცდომა იყო?

სავარაუდოდ,მათი შეხვედრისას,მშვილდოსანი გათხოვილი არ იქნება და არც ყოფილა. რა თქმა უნდა,ყოველთვის არსებობს გამონაკლისები, მაგრამ,როგორც წესი,იუპიტერელები არ ჩქარობენ ოჯახური ბორკილების დადებას, სასწორი მამაკაცებისგან განსხვავებით. სამაგიეროდ,დანამდვილებით შეიძლება ითქვას,რომ სასიყვარულო რომანები  ჰქონდა,თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. მშვილდოსნები სიყვარულშიც ისეთივე ცნობისმოყვარეობას ავლენენ ექსპერიმენტების მიმართ,როგორც ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში.

მშვილდოსანი გოგონას პირველი სიყვარულის  ობიექტად ყოფნა ჭეშმარიტად ამაღელვებელი გამოცდილებაა. ეს მთრთოლვარე განცდები  მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ. თუმცა ამას არ მოაქვს სასურველი შედეგი _ მუდმივობა. მის გულს გამოცდილება სჭირდება. საქმე ის კი არ არის,რომ მშვილდოსანი სიყვარულს თავქარიანად ეკიდება, უბრალოდ მისი მიამიტი, მიმნდობი, ფართოდ გახელილი თვალები ყოველთვის ვერ ახერხებს რეალურად დაინახოს ადამიანის ჭეშმარიტი არსი. შეყვარებულ მშვილდოსანს ყოველთვის სწამს,რომ ორი გული პირველად განიცდის ამგვარ სასწაულს. მას ყოველ ჯერზე გულწრფელად სურს,რომ მისი სიყვარული მარადიული იყოს,როგორც ზღაპრებშია. ასეთი დამოკიდებულებით ის ძალიან განსხვავდება საშუალო სტატისტიკური მშვილდოსანი მამაკაცისგან,რომლისთვისაც მუდმივობა არც ისე მნიშვნელოვანია.

ამ მომხიბვლელ კენტავრზე შეყვარებულმა სასწორმა უნდა იცოდეს,რომ მისი მმართველი იუპიტერის წყალობით,მშვილდოსანს თეატრი სისხლში აქვს გამჯდარი. ძალიან ბევრი მშვილდოსანი პროფესიონალი მსახიობია (ისევე როგორც სასწორთა უმეტესობა _ ადვოკატი,მსაჯული,პოლიციელი,მწერალი ან წიგნების მაღაზიის მფლობელი). იმ შემთხვევაშიც,თუ მშვილდოსანი პროფესიულად არ არის დაკავშირებული სცენასთან, ის ბრწყინვალედ ასრულებს სხვადასხვა როლს,რომლისთვისაც  ცხოვრება ოსკარებს არ იძლევა. მას უყვარს, ენდობა, სწამს, მთელ თავის მხურვალე ენთუზიაზმს აქსოვს და… ეცემა. არავითარი დამზღვევი ბადე,რადგან მშვილდოსანმა მთელი ფსონი ბედნიერებაზე დადო და გარანტიებზე წამითაც არ უფიქრია. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის რეალურ ცხოვრებაში,მდივანი,მეცნიერი თუ მომღერალი,თავისი თეატრალური ნიჭითა და მხიარული გამომეტყველებით თავს იკატუნებს,რომ არ ტკენია.

როდესაც მშვილდოსნის იუპიტერული ღიმილი სასწორის თვალისმომჭრელ ღიმილს ხვდება,ოთახი აღარ საჭიროებს ხელოვნურ განათებას, ისინი ისე გაანათებენ, რომ შუაღამე დღედ მოგეჩვენებათ. ეს არ არის ასტროლოგიური იუმორით უტრირებული ალეგორია, წმინდა წყლის სიმართლეა. მათ რომ ბანკი გაეძარცვათ (რაც ნაკლებად სავარაუდოა,რადგან სასწორი ვერაფრით გადაწყვეტდა,სად დაეყენებინა მანქანა, მშვილდოსანი კი ჩანთაზე წაიქცეოდა ან პისტოლეტი დაუვარდებოდა, მაგრამ მაინც, ჰიპოთეტურად), ისინი უბრალოდ ღიმილით დააბრმავებდნენ მოლარეს და ისიც საკუთარი ნებით გაატანდა ფულს,საპასუხოდ გაუღიმებდა და  ხელსაც დაუქნევდა მხიარულად. დიახ,ამ წყვილის მხიარულება ძალიან გადამდებია,განსაკუთრებით ერთმანეთისთვის. ამრიგად,როდესაც ისინი ისეთ საკითხებს მოაგვარებენ,როგორიც არის „ღირს თუ არა“ და „როდის და როგორ ღირს“,ეს ქალი და მამაკაცი იმდენ პროცენტს მიიღებენ თავიანთი ბედნიერებისგან,ბანკის გაძარცვა ნამდვილად აღარ დასჭირდებათ.

მათ ყველა რესურსი აქვთ იმისთვის,რომ ერთი ჯადოსნური გაელვება ხანგრძლივ სიყვარულად გადააქციონ.  ამას გარდა,ისინი არამხოლოდ საყვარლები,კარგი მეგობრებიც იქნებიან. ბოლოს და ბოლოს,მათ ზუსტად ასე მიიზიდეს ერთმანეთი _ მიზნების, სიმპათიებისა და იდეალების თანხვედრითა და  მრავალფეროვანი განცდების მოთხოვნით. ყველა ჭეშმარიტად შეყვარებული წყვილი მეგობრები არიან, მაგრამ ყველა როდი ახერხებს მეგობრობის შენარჩუნებას,როდესაც რომანტიული გრძნობები ცხრება. სასწორი და მშვილდოსანი ნამდვილად მოახერხებენ. მეგობრობას ყოველთვის რაღაც ახალი შტრიხი შეაქვს ქალისა და მამაკაცის გრძნობებში. ის მხოლოდ აძლიერებს სექსუალურ მიზიდულობას. ზუსტად ასე დაასაჩუქრებს მეგობრობა სასწორისა და მშვილდოსნის კავშირს ჭეშმარიტი სინაზით. მათი მიწიერი სიყვარული ხალისიანია,გახსნილი და თავისუფალი და ეს მშვენიერია. ფიზიკური სიახლოვე ადამიანთან,რომელიც ნამდვილად გიყვართ და იმავდროულად თქვენი მეგობარია, წმინდა გრძნობაა.

ვენერასა და იუპიტერისგან ბოძებული სიყვარული ყოველთვის განსაკუთრებულია. სიყვარულის საოცრება მათ უფრო აკეთილშობილებს და ამსუბუქებს; საშუალებას აძლევს,უფრო რეალურად შეხედონ თავიანთ ოცნებებს. ერთმანეთზე შეყვარებულ სასწორსა და მშვილდოსანს სურთ,არამხოლოდ ერთმანეთი,არამედ მთელი სამყარო ჩაიხუტონ. ასეთ ჯადოსნურ მომენტებში მომავლის ყოველგვარი შიში სულელურად ეჩვენებათ და ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც შესაძლებელი ხდება. მათ ბევრ ნიშანზე უკეთ შეუძლიათ ამ საოცარი შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა.

სასწორმა და მშვილდოსანმა ზუსტად იციან,როგორ ელაპარაკონ ერთმანეთს. შეიძლება ჩხუბობდნენ,როგორც ნებისმიერი წყვილი,შეიძლება უფრო ხშირად და უფრო მწვავედაც,ვიდრე სხვა წყვილები,მაგრამ ისინი გულღიად განიხილავენ თავიანთი წყენისა თუ ეჭვიანობის მიზეზებს, სექსუალურ სურვილებს, ფინანსურ პრობლემებსა და ურთიერთბრალდებებს. ხანდახან  პრობლემის მოსაგვარებლად უბრალო საუბარიც საკმარისია. იმის გათვალისწინებით,რომ სასწორი მსჯელობას მიმართავს,მშვილდოსანი კი ფილოსოფიას,მათი ზოგიერთი საუბარი სერიოზულ,თითქმის სოკრატესეულ გამოთქმებამდე მიდის. საბედნიეროდ, მათი უთანხმოებების უმეტესობა სიცილითა და სასიყვარულო აქტით სრულდება.

ხანდახან მშვილდოსანი ზედმეტად უხეშად მიუთითებს სასწორს მის მანკიერებებზე. მაგალითად,იმაზე რომ გვიანობამდე მუშაობს და მარტო ტოვებს. ამან შეიძლება ისე გაანაწყენოს სასწორი,რომ ის განზრახ შეყოვნდება სამსახურში,იმის სადემონსტრაციოდ,ვინ არის მათში მთავარი. დროდადრო მშვილდოსანს მისი მერყეობა  აღიზიანებს,რადგან თავად იმპულსურია და სწრაფად ხვდება,რა უნდა. შეიძლება ულტიმატუმიც წაუყენოს, რომ თუ სასწორი უფრო გაბედულად არ იმოქმედებს,ის მას მიატოვებს. სასწორი,რა თქმა უნდა, იტყვის, რომ მშვილდოსანი უსამართლოა და მარტო წავა რომელიმე წვეულებაზე,სადაც სათანადოდ შთანთქავს და დალევს თავის უსიამოვნებებს. სასწორს დალაგებული,მშვიდი და წყნარი სახლი სჭირდება. მშვილდოსანს კი ძალიან არ უყვარს საშინაო საქმეები (შეუძლია,მაგრამ არ უყვარს!). სასწორს ძალიან აღიზიანებს ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი, არეული სამზარეულო, ფარდები კი საერთოდ არ უხდება ლოგინის გადასაფარებელს. რატომ იყიდა ასეთი შეუხამებელი ფარდები? ამაზე მშვილდოსანი უპასუხებს,რომ მის მოახლეობას არ აპირებს. თუმცა მოგვიანებით ისინი კიდევ ერთხელ განიხილავენ ყველაფერს და მათ შორის კვლავ ჰარმონია გამეფდება.

სასწორთან მხოლოდ ახლოს ყოფნაც კი საოცრად დამამშვიდებლად მოქმედებს მშვილდოსნის მოუსვენარ ბუნებაზე. სასწორსაც ძალიან მოსწონს,როდესაც ის მშვილდოსანს მოთმინებას ასწავლის. მშვილდოსნის სიახლოვე კი ისე სასიამოვნოდ აღელვებს მას,ზოგიერთი საკითხი საერთოდ ავიწყდება, მაგალითად, წვრილმანებში მერყეობა და გაუბედაობა. ეს კი მეხსიერების დაკარგვის ძალიან სასარგებლო ნაირსახეობაა.

 

 

 

სასწორი ქალი და მშვილდოსანი მამაკაცი

ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია

_ოჰ,ეს ჩემი სულელური გატაცებაა წვეულებებით,ჯორჯ!

_არა,ძვირფასო,ეს ჩემი სულელური იუმორის გრძნობაა!

 

ტიპურ მშვილდოსან მამაკაცს ახალგაზრდობაში სულაც არ აქვს ქორწინებისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც სასწორი გოგონა ისურვებდა. შეყვარებული სასწორი ყოველთვის ნიშნობის ბეჭედსა და საქორწინო კაბაზე ოცნებებს და ამაში ცუდი არაფერია. მათი ქორწინება მართლაც შესანიშნავი იქნებოდა. მაგრამ თუ ეს ადამიანი მოგზაურობის და ხეტიალის წადილს ქორწინებამდე არ ამოწურავს,სავარაუდოდ,ამ სურვილების დაკმაყოფილებას ქორწინების შემდეგ შეეცდება. მაშ,რა ჯობია? დაე,სასწორმა აირჩიოს. მას აუცილებლად დასჭირდება დრო,რომ ყველაფერში გაერკვეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ ჩვენ  ვერ დაველოდებით,სანამ ის საკითხს ყველა მხრიდან გულდასმით შეისწავლის. ასე რომ,გავაგრძელოთ ამ შეთავსების განხილვა და მოგვიანებით სასწორიც  წამოგვეწევა.

საერთოდ, მშვილდოსანთა უმეტესობა არც ისე დიდი ენთუზიაზმით ერთვება კანონიერ ურთიერთობებში. ის სულაც არ არის ქორწინების წინააღმდეგი,უბრალოდ ამ თავისუფალმა სულმა ეს-ეს არის თავი დააღწია საკუთარი ოჯახის სულისშემხუთველ ძალაუფლებას და ნამდვილად არ ჩქარობს თავისუფლებასთან კვლავ გამოთხოვებას.

მერწმუნეთ,გაცილებით უფრო ბრძნული და უსაფრთხო იქნება,თუ მშვილდოსანს ისრებს დააცლევინებთ. როდესაც კენტავრი  დარწმუნებულია,რომ მისი ცნობისმოყვარეობისა და სურვილების უმეტესობა დაკმაყოფილებულია,ის მზადაა ყველაფერი თავიდან დაიწყოს,ამჯერად საყვარელ ქალთან ერთად.

მეორეს მხრივ,თუ სასწორმა სრული თავისუფლება მიანიჭა,მშვილდოსანმა შეიძლება ძალიან შორს გაჰქუსლოს,დაბრუნება საერთოდ დაავიწყდეს და სადმე დაიკარგოს. ამიტომ,უკეთესი არ იქნება თავიდანვე მტკიცედ ჩასჭიდოს ხელი?

ცხადია,არსებობს გამონაკლისები,მაგრამ ყველაზე ხშირად ამ  წყვილის ერთერთი უმთავრესი პრობლემა დაქორწინების თემაა. მარტოხელა სასწორი თავს ისე გრძნობს,თითქოს ერთი თასი აკლია და მას უსარგებლობის განცდა ეუფლება. სასწორების აზრით,შეუძლებელია წონასწორობისა და ჰარმონიის მიღწევა მეორე ნახევრის გარეშე. ასეთი მეორე ნახევარი კი მისთვის ის ადამიანია,ვინც უყვარს. მართალია, არსებობენ მთლიანად კარიერაზე ორიენტირებული სასწორებიც,თუმცა მათთვისაც კი სასიცოცხლოდ აუცილებელია იდეალური შეწყობა საქმიან პარტნიორებთან.

მშვილდოსან მამაკაცს არაფერი აქვს ახლო ურთიერთობის საწინააღმდეგო,რადგან არც მას უყვარს მარტოობა. ის გაცილებით ბედნიერია მეგობართან. თუ მეგობარი იმავდროულად ლამაზი და ნაზიც არის და მისი ჩახუტებაც შეუძლია,მისი ბედნიერება მნიშვნელოვნად იზრდება.

თუ სასწორი საკმარისად ჭკვიანია,რომ ტოლი არ დაუდოს მხიარულ კამათში ან ფილოსოფიურ საუბარში, მშვილდოსანს არაფერი ექნება იმის საწინააღმდეგო,რომ ის ფოტოაპარატით, ბინოკლით, კარვით, საძილე ტომრით, მათარითა და სანათით აღიჭურვოს და ისინი ერთად გაემგზავრებიან სადმე. მაგრამ საკმარისია სასწორმა უძრავ ქონების შეძენაზე ან მუდმივი სამსახურის შოვნაზე  წამოიწყოს საუბარი, მშვილდოსანი მყისვე აიწყვეტს. როდესაც მშვილდოსანი ხანში შევა,ის ყველაფერს გააცნობიერებს. იუპიტერი ასტროლოგიაში საპენსიო ასაკს მართავს,რაც ხშირად უბიძგებს მშვილდოსანს ახალგაზრდობაში გავიდეს პენსიაზე და მოგვინებით იმუშაოს. საერთოდ,მშვილდოსნები ყველაფერს ყირამალა აკეთებენ. მანამდე კი სადღაც,იქვე  შორიახლოს სირინოზები მღერიან და მათი მელოდია  უფრო მიმზიდველია კენტავრისთვის, ვიდრე სასწორის „შანელი“, შარმი, მომაჯადოებელი ნაჩვრეტები ლოყებზე და სამწუხაროდ, მისი ჩახუტებაც კი.

ასე რომ,ყველაფერს ჯობია მშვილდოსანზე შეყვარებული სასწორი უბრალოდ  ყოველთვის მის გვერდით იყოს და არ ეცადოს მის გადაკეთებას. მან თავიდანვე უნდა შეიგნოს,რომ ვერავინ ვერასდროს გააკონტროლებს კენტავრს ბოლომდე. მშვილდოსანი ორმაგად მასკულინური ნიშანია. მართალია,სასწორიც მამაკაცურ საწყისს ატარებს,მაგრამ მას ფემინური ვენერა მართავს. ეს მოცემულობა გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს სასწორს, რომელიც მამაკაცურ გონებასთან ერთად,იშვიათი ქალურობითაც არის დაჯილდოებული. ეს ძლევამოსილი ნაერთია,მაგრამ მასაც კი არ შეუძლია მშვილდოსნის ორმაგი მამაკაცური ვიბრაციის ჩახშობა და მისი დაქუსლვა. თუ რაღაც სასწაულით ასეთი რამ მოხდა,მშვილდოსანი ძალიან უბედური იქნება,როგორც არ უნდა ეცადოს ამის დამალვას. სიყვარულის აზრი კი ბედნიერებაა,ასე არ არის?

რა თქმა უნდა,მშვილდოსანი აფასებს მის გონიერებასა და ოპტიმიზმს. სასწორი ხშირად წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს. ის ვერ აღიქვამს ბევრ საფრთხეს რეალურად. თუ პრობლემები იმდენად რეალურია,რომ იგნორირება შეუძლებელი ხდება,სასწორი იქამდე გაეცლება არასასურველ რეალობას,სანამ ის სერიოზულ კრიზისში გადაიზრდება.  მას საოცარი უნარი უნარი აქვს, ყურადღება არ მიაქციოს სიმახინჯეებს, თუ დაასკვნა, რომ მათი შელამაზება არ შეუძლია. სასწორისთვის აუცილებელია,რომ მისით აღფთოვანებულნი იყვნენ; იმ შემთხვევაშიც,თუ ხვდება,რომ ეს მხოლოდ მლიქვნელობაა და მეტი არაფერი. მას შეუძლია თავი დაირწმუნოს ნებისმიერ რამეში,თუ თავს საჭიროდ და დაფასებულად გრძნობს და ეს ერთერთი მიზეზია იმისა,რატომ თხოვდებიან სასწორები ადრე და შეცდომით. მაგრამ სწორედ მისი ოპტიმიზმი აქცევს ნეგატივს პოზიტივად,რადგან სასწორს ყოველთვის სწამს ნათელი მომავლის, უკეთესი ხვალინდელი დღის.

მიუხედავად სასწორის ცისარტყელების ხატვის ტალანტისა,ის  ზემგრძნობიარედ რეაგირებს წყენაზე. ის აღფრთოვანებულია მშვილდოსნის მახვილგონიერებით,მაგრამ სულაც არ უნდა მისი ბასრი ისრების სამიზნედ იქცეს. სასწორი ქალი დიდად აფასებს პატიოსნებასა და იდეალიმზს,რადგან თავადაც ასეთია. მას უყვარს ადამიანები, დიდი თავყრილობები, ხელოვნება და მუსიკა, კითხვა, სწავლა, კამათი და სხვა ტიპის ინტელექტულური ურთიერთობები. მშვილდოსანი მამაკაცი კი ზუსტად ამ ფასონზეა გამოჭრილი. სასწორი გულუხვი,მეგობრული და კომუნიკაბელური ქალია. ის მარტივად უმტკიცებს მშვილდოსანს,რომ არამხოლოდ მისი თანასწორია,მისი მონათესავე სულიც არის. მშვილდოსანს ისეთი ქალი სჭირდება,რომელიც არასდროს  შეუხუთავს სულს და მის ოცნებებს იწამებს,ვისაც სიტყვა „თავისუფლების“ მნიშვნელობა ესმის და კეთილად ეპყრობა მის ოთხფეხა მეგობრებს. სასწორი ქალი თითქოს მისთვის არის შექმნილი. ის ხომ თავად ვენერა მილოსელის ახლო ნათესავია.

მშვილდოსანი გუმანით იმაზე სწრაფად ხვდება სასწორის სურვილებს,სანამ ეს უკანასკნელი გააცნობიერებს. ცეცხლოვანი კენტავრი ასევე მყისვე გრძნობს ყურადღების ყველა სიგნალს,რომელსაც მის რჩეულს სხვა მამაკაცები უგზავნიან. ძლიერი სქესის წარმომადგენლები აღფრთოვანებულნი არიან სასწორის გონიერებითა და სხვა ღირსებებით. მას კი ისე უყვარს,როდესაც მისით აღტაცებულნი არიან. სასწორი ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს ამაში,რატომ უნდა შეწყვიტოს? გარდა ამისა,თვითონაც  საკმაოდ მშვიდად რეაგირებს მშვილდოსნის გარშემო სხვა ქალებზე. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ,რომ კენტავრის მხურვალე ენთუზიაზმიც არანაკლებ იზიდავს სუსტი სქესის წარმომადგენლებს. და რადგან,ორივე უზომოდ მომხიბვლელია და ღია ინტერესს ავლენენ ადამიანების მიმართ,რომანტიულ ეჭვიანობას ვერ გამოვრიცხავთ.

ჰაერი და ცეცხლი კარგად შეთავსებადია და ამ წყვილის სიყვარული კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას. სასწორს მხოლოდ მზერით შეუძლია მშვილდოსანში ვნებების მოზღვავება,როდესაც უბრალოდ უყურებს ან სულაც გაცხარებული ეკამათება. პირველ შემთხვევაში,ეს ნაზი, მაგრამ მხურვალე სურვილია, დაახლოებით ისეთი, როგორსაც რომეო განიცდიდა ჯულიეტას აივანის ქვეშ. მეორე შემთხვევაშიც მხურვალე სურვილია, თუმცა სინაზის გარეშე, რადგან იმის გაცნობიერება,რომ ქალი ინტელექტუალურად მისი თანასწორია,მამაკაცში ყოველთვის შეჯიბრის განცდას ბადებს.

სასწორს ეხერხება მშვილდოსნის მოუსვენარი სულის მოთვინიერება,მშვილდოსანს _ სასწორის წარმოსახვის გაღვიძება. მართალია, მშვილდოსანს ხანდახან ეჩვენება,რომ სასწორი ხელიდან უსხლტება. მაგრამ არ ღირს ამაზე ნერვიულობა,რადგან მოუხელთებლობა ჰაერის ბუნებაა. დროდადრო სასწორს მშვილდოსნის იმპულსურობა, მოუთმენლობა და ფიზიკური სიახლოვის დაჟინებული მოთხოვნები აშფოთებს, მაგრამ განა ეს მისი გულწრფელი გრძნობების პირდაპირი გამოხატულება არ არის?

არის ურთიერთობები,რომელიც ფიზიკურ ლტოლვაზე ეწყობა. ვნება კი,როგორც ვიცით,წარმავალია. მშვილდოსანსა და სასწორს ბევრი რამ აერთიანებთ. სასწორი მშვილდოსნის სიმამაცის მიღმა პატარა ბიჭის მიამიტ სულს ხედავს. ყველა სასწორი ქალის შიგნით კი სკოლის მასწავლებელი იმალება. ესეც რომ არ იყოს, მშვილდოსანს ათასი კითხვა აწუხებს, რაზეც სასწორს, როგორც მინიმუმ, ორი ათასი პასუხი აქვს. მშვილდოსანსაც შეუძლია ბევრი რამ ასწავლოს მას.

_რა ვქნა? _ ნერვიულობს სასწორი._ ჩვენს მომავალზე ვფიქრობ და გული სიხარულით მევსება,მაგრამ გონება სიფრთხილისკენ მიბიძგებს…

_გონება ის ხელსაწყო არ არის,რომელითაც სიყვარულს ზომავენ _ ეუბნება მშვილდოსანი და კოცნის მას_ ახლა რას გრძნობ,საყვარელო?

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის „სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს“ მიხედვით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top