სასწორი და სასწორი

სასწორი და სასწორი

ისინი ბუდეებში ცხოვრობენ, ხის კენწეროებზე,

იასამნისფერი ბიჭუნები და თეთრი გოგონები…

და პატარა ცისფერი ჩურჩუტებიც,

რომლებიც დარწმუნებულები არ არიან, ვინ არიან.

სასწორი ასაკში შესვლასთან ერთად ბრძენდება. თავდაჯერებაც გვიან, ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად, მოდის.

სასწორებს ეხერხებათ მერყეობა, ეს ნიჭი კი ყველა ნიშნისთვის არ უბოძებიათ ვარკვლავებს. ისინი შეკითხვებს სვამენ, თათბირობენ, განიხილავენ და გულწრფელად აღიარებენ თავიანთ თავდაუჯერებლობას. მორალური პრინციპები მათთვის ბევრს ნიშნავს და ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი რამ მოიმოქმედონ, რაც ეთიკურად გაუმართლებელია. აი, რატომ ხდება ისე, რომ როდესაც სასწორები, ბოლოს და ბოლოს, რაღაცას წარმოსთქვამენ, ადამიანები თვლიან, რომ ისინი ნდობას იმსახურებენ, რაც ათიდან ცხრა შემთხვევაში სიმართლეა.

ცხადია, სასწორების მსჯელობაც არის ხოლმე მცდარი, მაგრამ ისინი მართლა მთელი გულით ცდილობენ, სამართლიანად და ზნეობრივად მოიქცნენ და თავისთავად ამის მცდელობა უკვე წარმოადგენს კეთილშობილებას. თუმცა ადამიანები ამას ვერ ხედავენ. ის, რაც დანამდვილებით ღირსებაა, სხვებმა შეიძლება აშკარა ნაკლად აღიქვან. ახლა ხვდებით, რატომ ადანაშაულებენ სასწორებს არათანმიმდევრულობაში? ასე რომ, სასწორები თავისსავე ნიშნის წარმომადგენლებთან უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. როგორც მინიმუმ, ნდობის კრედიტს მაინც გამოყოფენ ერთმანეთისთვის. ყველა სასწორმა იცის, რომ მისი ნიშნის ადამიანი უკეთილშობილესი ზრახვებით არის გამსჭვალული და თუ გადაწყვეტილება მიღებულია, ის საბოლოოა. მართლაც, რა შეიძლება იყოს ამაზე ლოგიკური? სასწორის გონება რბილ თიხას ჰგავს, რომელიც თვინიერია იქამდე, სანამ განსაზღვრულ ფორმას მიიღებს.  თუმცა როდესაც ფორმა ჩამოყალიბდება, მას ღუმელში გამოწვავენ და სიმტკიცეზე ამოწმებენ.

სასწორთა კამათი ყოველთვის ყაიმით სრულდება.  თითოეული იწყებს ერთი მხრიდან და გადადის მეორეზე, შემდეგ კი ორივე მხარეს ერთად განიხილავენ, სადღაც შუიდან. გარედან დამკვირვებელს ეს სცენა სულ აურევს თავგზას, მაგრამ კამათის ორივე მხარე აბსოლუტურად ბედნიერია. სანამ ისინი პრობლემებს განიხილავენ და თავიანთ დასკვნებამდე მიდიან, ტრავმები გამორიცხულია. სასწორები მაშინ ისტრესებიან, როდესაც სხვა ნიშნები ახვევენ  თავზე საკუთარ გადაწყვეტილებებს. სწორედ ასეთი ზეწოლა აკარგვინებს წონასწორობას ამ მშვიდობისმყოფელებს. ამას გაცილებით მეტი მენტალური, ემოციური თუ ფიზიკური ზიანი მოაქვს მათთვის, ვიდრე სხვებს  წარმოუდგენიათ. არ შეიძლება ჰაეროვანი ვენერიელის ერთდროულად ბევრი პრობლემით დატვირთვა, სასწორი უბრალოდ გატყდება.

სასწორებს გაცილებით მეტი საერთო აქვთ, ვიდრე მათთვის ტიპური ღიმილი, ლოყებზე ნაჩვრეტები, სილამაზისადმი დამოკიდებულება და მერყეობაა. მათ პასტელური ფერებიც უყვართ და ძალიან არაკომფორტულად გრძნობენ თავს ხმაურში. ძალიან ცოტა სასწორს თუ შეხვდებით სამშენებლო საქმეში, რადგან ისინი ერთნაირად ვერ იტანენ ხმაურსა და ჭუჭყიან ტანსაცმელს. ეს საშინლად არაესთეტურია. ნებისმიერი ფორმის უსახურებას სასწორი ძალიან სწრაფად გამოჰყავს წყობიდან. სასწრაფო დახმარების მძღოლი სასწორიც უბედური ადამიანი იქნება, თუ გავითვალისწინებთ მანქანის საყვირის ყურისმომჭრელ ხმას.

ერთერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც სასწორებს ძლიერ აწუხებთ, ე.წ. მეტაბოლური სინდრომია. საქმე ის არის, რომ წონასწორობისთვის სასწორის ერთი ცხოვრების სტილი ან ერთი პერიოდი, აუცილებლად მეორეთი უნდა შეცვალოს. არაკეთილმოსურნეები ხშირად  სიზარმაცეშიც სდებენ ბრალს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს გამოფიტვაა და დასვენებას მოითხოვს, რის შემდეგაც კვლავ იფეთქებს სასიცოცხლო ენერგია. სასწორებს ნამდვილად შეუძლიათ მეფორნე ცხენივით მუშაობა, მონდომებულად და წუწუნის გარეშე, სანამ მოულოდნელად ყველაფერი არ გაჩერდება. ამას მოჰყვება გაშეშების პერიოდი, შემდეგ თითქმის ლეთარგია, რომლის განმავლობაშიც (გინდ დაიჯერეთ, გინდ არა) ლაპარაკისთვისაც კი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდებათ.

სასწორს აუცილებლად ესაჭიროება ბატარეების დამუხტვა, სიმშვიდესა და სიწყნარეში კარგი დასვენების სახით. თუ სასწორებს ამის საშუალება არ აქვთ და დასვენების ნაცვლად იძულებულნი არიან, ბრბოში გარეულნი, კვლავ სამსახურის გზას დაადგნენ, ისინი უბრალოდ აუტანლები ხდებიან. მაშინ ადამიანთა უმეტესობას ისღა დარჩენია, გაიკვირვოს ასე როგორ შეცდა ასტროლოგია, როდესაც სასწორები  რბილ, მშვიდობიან და დამყოლი ხასიათის ადამიანებად მონათლა. მე ნუ დამადანაშაულებთ, მე სულ გაფრთხილებთ, რომ სასწორი ყოველთვის შეიძლება „კაპრიზულ ნიანგად“ იქცეს, თუ მისმა სულმა და სხეულმა საკმარისი ოდენობის დასვენება არ მიიღო, როდესაც ამას საჭიროებს. ამიტომ, ჯობია ორმა სასწორმა, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, გრაფიკი შეადგინონ და ღმერთს ევედრონ, რომ ინდივიდუალური მოღუშულობის ფაზები ერთმანეთს არ დაემთხვეს. თუმცა თუ მათი აღმაფრენებისა და დაცემების პერიოდები მაინც დაემთხვა, ერთერთი შეიძლება 180 გრადუსით შემოტრიალდეს, რომ პარტნიორის ბნელი მელანქოლია ნათელი ოპტიმიზმით დააბალანსოს.

ასტროლოგიაში სასწორები მშვიდობისმყოფლებად არიან შერაცხულნი.  გარშემომყოფებზე დამაშვიდებელი ზემოქმედება მათი ერთერთი საუკეთესო თვისებაა. თუმცა კარგად გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები არ წავლენ კომპრომისზე საკუთარ სინდისთან. სასწორმა შეიძლება ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ულმობელი განაჩენიც გამოიტანოს, მაგრამ ვენერა თავის პირმშოებს იმასაც ასწავლის, რომ  მათ ყოველთვის უნდა მისცენ კიდევ ერთი შანსი ადამიანს, რომელიც გულწრფელად ინანიებს თავის საქციელს.

არ განსაჯოთ და არ განისჯებით.

ასე წონიან სასწორები სიტუაციებსა და ადამიანებს, მთელი მათი ღირსებებითა და მანკიერებებით და ყოველთვის ცდილობენ ზუსტი წონასწორობა დაიცვან.

 

 

სასწორი მამაკაცი და სასწორი ქალი

Liev Schreiber & Naomi Watts

 

ზუსტად ახლა ისეთი ცუდი იყო, როგორც არასდროს.

მაგრამ, მეორეს მხრივ, ხანდახან აბსოლუტურად კარგიც.

ნამდვილი შერკინება გაიმართა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის იყო,

რომ მასში პიტერის ერთი თავისებურება გამოვლინდა:

ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში,

მას შეეძლო მოწინააღმდეგის მხარეს გადასულიყო.

 

სასწორი მასკულინური ნიშანია, რომელსაც ფემინური ვენერა მართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ სასწორის ბუნებას, რომელ სქესსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ბიოლოგიურად, ვერ განვსაზღვრავთ, როგორც ცალსახად მამაკაცურს ან ცალსახად ქალურს. მასში ორივე საწყისი კარგად ირეკლება და ამაში საწყენი არაფერია. ასეთ აღრევას იმასთან მივყავართ, რომ სასწორი ქალი უჩვეულოდ მიმზიდველი და მგრძნობიარეა, სასწორი მამაკაცი კი ძლიერი. იმავდროულად, სასწორი მამაკაციც მიმზიდველი და მგრძნობიარეა, ქალი კი საოცრად ძლიერი. ამ ყველაფერში კარგად რომ გავერკვეთ, ჯერ ის უნდა გავიგოთ, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.

პირდაპირ ვიტყვი, რატომ დავიწყე მამაკაცით: ვიღაცას უნდა დაეთმო და სამართლიანი იქნებოდა, თუ ეს ვიღაც ქალი აღმოჩნდებოდა. თუ ამ ქალს მართლა უყვარს ეს მამაკაცი, ის დათმობს. ბოლოს და ბოლოს, მათი ურთიერთობა თანასწორუფლებიანობაზე ეწყობა. ის არაფრით შებღალავს მის მამაკაცურ თავმოყვარეობას. სამაგიეროდ, მამაკაცი დააფასებს მის ქალურ თვისებებს. არასდროს არ ღირს დედაბუნების მიერ დადგენილი წესრიგის დარღვევა. მაგრამ მაინც, ხანდახან სასწორ გოგონას (იმ შემთხვევაშიც, თუ ის ქალურობის განსახიერების კრებით სახებას წარმოადგენს ევადან კლეოპატრამდე), ხშირად უწევს საკუთარი თავისთვის შეხსენება, რომელია კაცი მათ ურთიერთობაში. მას სულაც არ უჭირს ეს, ის ხომ საოცრად მომხიბვლელი და ტაქტიანია. სასწორს რბილად დარწმუნების იმხელა ნიჭი აქვს, რამდენიმე ცხოვრება ეყოფა. ასტროლოგია არც ურჩევს მათ, მდუმარედ დაეთანხმონ სასწორი მამაკაცის ყველა მოთხოვნას ან ხელი შეუწყონ მასში მამაკაცური აღმატებულების გამოვლენას. სასწორი ქალი თავის შინაგან ძალას გარეგანი მოკრძალების მიღმა მალავს და არც თავისი ინტელექტის დემონტრირება სჩვევია, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. თუმცა ეს ქალი იმასაც ხვდება, რომ გარკვეულ საკითხებში სასწორი მამაკაციც აღემატება მას. აი, ახლა ყველაფერი წონასწორობაშია.

რადგან ორივე ჰაერის მენტალური ნიშანია, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ პერიოდული ხანგრძლივი დისკუსიების გარეშე თანაარსებობა, რაც ხანდახან სერიოზულ კამათში გადადის. ამას შეიძლება თავი აარიდონ, თუ მხოლოდ იმ საკითხების განხილვაზე შეთანხმდებიან, რაზეც საღად მოაზროვნე ადამიანებს წესით არ უნდა წარმოექმნათ უთანხმოება.

გავრცელებული ასტროლოგიური ჭორების მიუხედავად, სასწორები ყოველთვის არ მიდიან კომპრომისზე ჰარმონიის შესანარჩუნებლად. დიახ, ისინი ბუნებრივად მიდრეკილნი არიან თანამშრომლობისკენ, თუმცა იმ შემთხვევების გამოკლებით, რომლებიც, მათი აზრით, მორალსა და ეთიკას მოკლებულია. მაშინ ორივეს უჭირს საკუთარ შეხედულებაზე უარის თქმა. თუ ერთერთმა გადაწყვიტა, რომ მეორე უპატივცემულოდ ექცევა და ანგარიშს არ უწევს მის აზრს, ან თუ სიტუაცია უსამართლოდ მოეჩვენათ, სასწორისთვის დამახასიათებელი კომპრომისი და თანამშრომლობა გაბრაზებით შეიცვლება. მათი გრძნობები ვერბალურად გამოიხატება. მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ გაიბუტება კუთხეში. ისინი პრობლემას იქამდე განიხილავენ, სანამ, ასე თუ ისე, არ მოაგვარებენ… მთელი ღამეც რომ დასჭირდეთ. ეს კი ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი, რადგან სასწორებს გაცილებით მეტი დასვენება და ძილი სჭირდებათ, ვიდრე სხვა ნიშნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ჩვეულებრივ ცოცხალი გონება ჩლუნგდება და სიცხადეს კარგავს. ლოგიკურადაც კი ვეღარ აზროვნებენ! თუმცა სასწორების დისკუსიას შეიძლება ბედნიერი დასასრულიც ჰქონდეს, რადგან ისინი ყოველი კამათისგან რაღაც ახალს, საჭიროსა და სასარგებლოს იგებენ.

ასტროლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, რომ  სასწორ საყვარლებსა თუ მეუღლეებს ხშირად ალიტერაციული სახელები აქვთ. მაგალითად, ჰენრი და ჰელენი, მაქი და მერი, ჯიმი და ჯენეთი _ ეს ყველა რეალურად არსებული სასწორული წყვილებია. ჯერ ისევ მამაკაცები ვახსენე?  მუდმივად ერთი სქესის ხსენება  უსამართლობაა, ყველაფერში ზუსტი ბალანსი უნდა დავიცვათ. თანაც ეს არც ისე ჰარმონიულია, ასე არ ფიქრობთ?

ჰელენი, მერი და ჯენეთი ზუსტად ასე ფიქრობენ და აჯობებს ჰენრიმ, მაქმა და ჯიმმაც ასე იფიქრონ, თუ არ სურთ ხანგრძლივი, ტიპურ-სასწორული კამათი წამოიწყონ მეორე ნახევრებთან, სადაც ყოველთვის ქალი იმარჯვებს. ვის შეუძლია ხავერდის ხელთათმანში დამალული რკინის ხელის ჰუკის მოგერიება და გამარჯვება? გულკეთილ სასწორ მამაკაცს ნამდვილად არა. ესეც რომ არა, როგორ ფიქრობთ, ვის მხარეზე იქნება ვენერა?.. აბსოლუტურად მართალი ხართ!

სასწორებს უნდა ესმოდეთ, რომ ზუსტად მსგავსი ხასიათების გამო, ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ერთის უარყოფითი მიდრეკილებები მეორეს მსგავსი თვისებებით არ გაძლიერდეს. მათ უნდა იფრთხილონ, რომ ხელი არ შეუწყონ ერთმანეთში იმ თვისებათა განვითარებას, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს ღირსებას. მაგალითად, წვეულებების სიყვარული და საკუთარი სისუსტეების წაქეზება. ვენერას ტკბილეულისადმი სიყვარულმა შეიძლება გააორმაგოს სირთულეები. უკვე არაერთხელ ხსენებული კამათისადმი მიდრეკილება, თუ დროულად არ მიმართეს ენერგია საჭირო კალაპოტში, შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტშიც გადაიზარდოს, რაც უკიდურესად საზიანოა სასწორებისთვის და ნეგატიურად აისახება მათ სულიერ მდგომარეობაზე. ამას გარდა, ვენერას  რომანტიული თავგადასავლებისადმი სიყვარულიც ყოველთვის აქტუალურია, რაც ხშირად ხდება ღალატისა თუ ეჭვიანობის მიზეზი. ასე რომ, ჯობია მათ მხოლოდ ერთმანეთთან იფლირტაონ და ასე შეინარჩუნონ სიყვარული.

სასწორები ძალიან მგრძნობიარეები არიან სხვისი განცდების  მიმართ და ჭეშმარიტ სიამოვნებას იღებენ ინტერესთა დამთხვევისგან. ორივეს უყვარს მუსიკა და  ხელოვნება, ხანგრძლივი სეირნობები და კითხვა. მათ სახლში თითქმის ყოველთვის არის წიგნები და მუსიკალური ჩანაწერების კოლექციები. მათ უყვართ კინოში სიარული, შემდეგ დიალოგების, სამსახიობო შესრულების, რეჟისორის ჩანაფიქრის, განათების, ოპერატორთა ნამუშევრისა და სიუჟეტის განხილვა. სასწორი დაბადებით ანალიტიკური კრიტიკოსია, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მთვარე ან ასცედენტი ქალწულის ან ტყუპების ნიშანში ჰყავს.

სასწორი სილამაზისა და მშვენიერების ნიშანია. ყველა სასწორი თავისებურად მიმზიდველია. ეს იმასაც გულისხმობს, რომ სასწორები სხვებშიც აფასებენ სილამაზეს და თუ ერთერთი ფიზიკურ სიამოვნებას აღარ განიცდის პარტნიორის შეხედვისას, მან შეიძლება სხვა ადამიანში დაიწყოს ამ დანაკლისის ძიება. თუმცა გონებით ღალატიც კი ქვეცნობიერად შეურაცხყოფს სასწორის მორალურ გრძნობებს და აიძულებს იმას დაუბრუნდეს, ვისაც ლამის ფიქრებში უღალატა.

თუ ვინმე მათი სექსუალური ურთიერთობის ალქიმიას გაანალიზებს, აღმოაჩენს, რომ ის 70% სულიერი ნათესაობის, 20% ემოციური მიჯაჭვულობისა და 10% ფიზიკური მიზიდულობისგან შედგება. მაგრამ არ დაიბნეთ. ეს 10% იმაზე მეტს შეიცავს, ვიდრე სხვა ნიშნების 10%. სასწორების სიყვარული წარმოსახვის მაგიაა _ ის არასდროს იქნება ერთფეროვანი და არასდროს დაკარგავს სიახლის განცდას. სავარაუდოდ, ისინი უფრო გაუცხოებისგან დაიტანჯებიან. მაშინ სასწორი მამაკაცი თავით გადაეშვება სამსახურში, სასწორი ქალი კი საოჯახო საქმეებს, სახლსა და შვილებს ამოეფარება. თუმცა მათი გრძნობები შეიძლება უმცირესი ჟესტის, ერთი უხილავი იმპულსისგანაც აღდგეს და გაღვივდეს. მათი კავშირი ერთდროულად მყიფე და მყარია. მაგიდის უჯრაში შემთხვევით ნაპოვნი ძველი სასიყვარულო წერილები… ჰაერში გაბნეული ვაშლების სურნელი  ოქტომბრის ოქროსფერ დღეს… და, რა თქმა უნდა, ის განსაკუთრებული უბერებელი მელოდია, მხოლოდ მათი სიმღერა, რომელიც ყოველთვის ავსებს მათ გულებსა და სხეულებს.

ტიპური სასწორი მამაკაცი, რასაც არ უნდა საქმიანობდეს, როგორც წესი, წარმატებულია. ის შეიძლება თავისუფალი პროფესიის იყოს ან მსხვილ ფირმაში მუშაობდეს, მაგრამ სასწორი იშვიათად კმაყოფილდება მხოლოდ სხვისი მითითებების შესრულებით. ის კარდინალური ნიშანია და ხელმძღვანელობა მისი ბუნებრივი მოთხოვნაა. თუ წარუმატებლობებისა და იძულებითი დაქვემდებარების პერიოდები დიდხანს გაიწელა, ეს შეიძლება საშინაო დიქტატურაში გადაიზარდოს, რადგან სასწორისთვის აუცილებელია ვინმეს უხელმძღვანელოს. თუმცა სათანადოდ დავაფასოთ და აღვნიშნოთ, რომ სასწორის ხელმძღვანელობის სტილიც კი საკმაოდ თავაზიანია.

ტიპური სასწორი ქალი შესანიშნავი დიასახლისია. მას საკმარისი ნიჭი და გემოვნება აქვს, რომ ჩვეულებრივი სახლი სიკეთითა და სილამაზით სავსე მყუდრო ბუდედ აქციოს. კრიტიკულ მომენტებში ის კონცენტრირებული და მშვიდია, მასზე დაყრდნობაც შესაძლებელია. რჩეულის ოცნებები მისი ოცნებებია და მას ნამდვილად შეუძლია მათი რეალიზება. სწორედ სასწორი ქალი  გაიღებს არაერთ მსხვერპლს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი პოლიციელი, ექიმი, იურისტი, მსახიობი, მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი, ავიახაზებისა თუ საკონდიტროს აღმასრულებელი დირექტორი გახდეს, რადგან რჩეულის ყველა მისწრაფებას თანაბარი ენთუზიაზმით იზიარებს.

მართლაც, ვინ იქნებოდა სასწორი მამაკაცი სასწორი ქალის გარეშე?

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top