სატურნის ასპექტები

სატურნის ასპექტები

სატურნის ყოველი ასპექტი იმ სავალდებულო გაკვეთილზე მიუთითებს, რომელიც ადამიანმა  უნდა ისწავლოს. ასევე დისციპლინის და კონცენტრაციის უნარების განვითარების აუცილებლობაზე. სატურნთან ასპექტი კონკრეტულ ფორმას ანიჭებს და აწესრიგებს პლანეტით მართულ სფეროებს*.

ნიშანი და სახლი, რომელშიც  სატურნით ასპექტირებული პლანეტა მდებარეობს, გვიჩვენებს, როგორ და რა მეთოდებით ხდება ადამიანის ცხოვრების კონკრეტული სფეროების მოწესრიგება.  განუვითარებელი სატურნით, ვერავინ ვერაფერს მიაღწევს ცხვორებაში, რადგან ადამიანს,  კონკრეტული შედეგების მისაღწევად, არც  დისციპლინა ეყოფა და არც, წარმატების მისაღწევად საჭირო,  ამტანობა აღმოაჩნდება.

სატურნის ასპექტები ასევე მიუთითებენ, როგორ ასწორებს ადამიანი წარსულის შეცდომებს, რომ გამოიმუშავოს ფასეული გამოცდილება და დააკომპენსიროს პიროვნული მანკიერებები.

ძლიერ დაზიანებული სატურნი ეგოიზმის, სიჯიუტისა და ბრტყელშუბლიანობის მაჩვენებელია, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანის პიროვნული განვითარების ბუნებრივ პროცესს და მის კონტაქტებს გარემოცვასთან, რასაც ლოგიკურად მოსდევს სევდა და დაღვრემილობა.

ძლიერი სატურნის მფლობელნი პატივმოყვარენი არიან და ცდილობენ მასისგან თავიანთი მიღწევებით გამოირჩეოდნენ. სატურნის და მისგან ასპექტირებული პლანეტის ნიშნები და სახლები უჩვენებს, რომელ სფეროებში შეუძლია ადამიანს წარმატების მიღწევა სატურნული თვისებების მეშვეობით.

 

 

სატურნის შეერთება პლანეტებთან

სატურნთან შეერთება ხაზს უსვამს თავად სატურნის პრინციპების უშუალო ზემოქმედებას პლანეტაზე; აქცენტს სვამს პატივმოყვარეობასა და დაძაბულ შრომაზე, რისი მეშვეობითაც  ადამიანს ბევრი წინააღმდეგობის და შეზღუდვის გადალახვა მოუწევს.  ეს ასპექტი მიუთითებს კონსერვატიზმსა და სერიოზულობაზე. ეს თვითდისციპლინირებული ადამიანი დიდ პატივისცემას იმსახურებს სატურნთან შეერთებული პლანეტით მართულ სფეროში, თუმცა გარკვეული სიმკაცრე და ზედმეტი სიფხიზლე ხელს უშლის თბილი და უშუალო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

 

 

სატურნის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან

ჰარმონიული სატურნი ადამიანს საშუალებას აძლევს მარტივად აითვისოს ცხოვრების გაკვეთილები, სწრაფად და უშეცდომოდ გაფილტროს ცენტრი პერიფერიისგან. ის საკმაოდ დისციპლინირებული და კონცენტრირებულია.

სატურნის სექსტილი  პროფესიული და სულიერი განვითარების სიგნიფიკატორია. თუმცა კი. პლანეტით მართულ სფეროებში, ინტენსიურ შრომას და ორგანიზაციას საჭიროებს. ეს ადამიანი ასევე საკმაოდ ლოიალური იქნება მეგობრებთან, ნათესავებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში.

სატურნის ტრინი ხანგრძლივი და სტაბილური წარმატების სიმბოლოა, რომელიც მკაცრი თვითდისციპლინით და მიმდინარე მოვლენების აბსტრაქტულ-ფილოსოფიური რაციონალიზაციით მიიღწევა. ამ ადამიანის კეთილსინდისიერება ყველას ნდობას აღუძრავს. ამიტომ, სწორედ  ის იკავებს ხოლმე საპასუხისმგებლო პოზიციებს. ეს დაბადებით კარგი პედაგოგი და გამორჩეულად ნიჭიერი ორგანიზატორია.

 

 

 

სატურნის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან

სატურნის დაძაბული ასპექტები ადამიანს გამოწვევების წინაშე აყენებს, რითაც საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობის აღებისკენ უბიძგებს.

სატურნის კვადრატი განსაზღვრავს წინააღმდეგობებსა და შეზღუდვებს, რაც ხელს უშლის ადამიანს ცხოვრებით ტკბობაში. ამის ნაცვლად, მას, სხვებთან შედარებით, ორჯერ მძიმე შრომა უწევს, სრულიად ჩვეულებრივი შედეგების მისაღწევადაც. ამიტომ, საკმაოდ ლოგიკურია, რომ ასეთ ხალხს უჭირს ნეგატიური აზროვნებისკენ მიდრეკილების გადალახვა. სამაგიეროდ, მრავალრიცხოვანი პრობლემები ხშირად დიდი მიღწევების სტიმული ხდება.

სატურნის ოპოზიცია დაკავშირებულია ურთიერთობებში არსებულ პრობლემებთან, რის მიზეზსაც ადამიანის ეგოიზმი და ვიწრო თვალსაწიერი წარმოადგენს. სატურნთან ოპოზიციაში მყოფი პლანეტა ზედმეტად სერიოზული, ფრთხილი და ფხიზელია, რადგან მას  სურს, უშეცდომო და უმწიკვლო იყოს. ეს კი მნიშვნელოვნად ართულებს მასთან ურთიერთობას. ასეთმა ადამიანებმა  აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარ სისასტიკესა და პესიმიზმთან გამკლავება, რაც შეუმჩნევლად უწამლავს მათ ცხოვრებას.

 

„პლანეტით მართული სფეროები“ _ ა) იგულისხმება სახლი, რომელსაც მართავს პლანეტა. პლანეტა მართავს სახლს, რომლის კუსპიდიც (საწყისი საზღვარი) მდებარეობს მის სატახტო ნიშანზე. მაგალითად, მზე მართავს სახლს, რომელიც იწყება ლომზე. მთვარე მართავს სახლს, რომელიც იწყება კირჩხიბზე, მერკური _ ტყუპების კუსპიდს და ა.შ. ბ) სახლი, რომელშიც ვლინდება პლანეტის ენერგია. (მაგ.: პლანეტა III სახლში).

 

დამხმარე სტატიები

სატურნი   სატურნის პრინციპები   სატურნის დამუშავება

 


About Qet

Scroll To Top