სატურნის ტრინი სინასტრიულ პლანეტებთან

სატურნის ტრინი სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის  სატურნი ტრინში ქალის მზესთან

ეს ასპექტი განაპირობებს ძლიერ ფოკუსს ორივე პარტნიორის საზოგადოებრივ სტატუსზე. მათ შეიძლება გაუჩნდეთ მოთხოვნა, იპოვონ ცხოვრების „სწორი“ დონე. ქალი ოპტიმისტურად მოქმედებს მამაკაცის მიერ დადგენილ პარამეტრებში. ეს ურთიერთობა ყოველგვარი გართულების გარეშე არსებობს საერთო კურსის და შეზღუდვების პირობებში, რასაც ორივე პარტნიორი თანაბრად ადგენს. თუ  ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა, წლებთან ერთად გამდიდრების შანსიც იზრდება.

 

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის მზესთან

ეს ასპექტი აყალიბებს ფხიზელ  ურთიერთობებს. ქალი, პროტექციის გრძნობისა და სიბრძნის ხელმძღვანელობით, ეხმარება მამაკაცს მისი პოტენციალის გაცნობიერებაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საერთო მიზნები, იდეალები და წარსულის ტრადიციებზე დაყრდნობა. ურთიერთობა კონცენტრირებულია მამაკაცის გარშემო, რადგან ქალი მიდრეკილია მიაწეროს პარტნიორს ისეთივე სიბრძნე და კეთილგონიერება, რასაც საკუთარ მამაში ხედავდა.

 

მამაკაცის სატურნი ტრინში ქალის მთვარესთან

ეს ასპექტი აყალიბებს ჰარმონიულ წონასწორობას ქალის ემოციებსა და მამაკაცის სტატუსობრივად ამაღლების მოთხოვნას შორის. ორივე მათგანი თავს პარტნიორის მცველად და მეურვედ განიხილავს. ქალის დათმობის უნარი, მამაკაცის ძალისა და სიბრძნისადმი პატივისცემით, მშვენიერ პერსპექტივას ქმნის მყარი ურთიერთობისთვის. ქალი აღადგენს თავისი დედის როლს, რადგან წარსულის ტრადიციების განხორციელებას ცდილობს. არც მამაკაცი ჩამორჩება და იმგვარ ტრადიციებს სთავაზობს, რაც ქალს საშუალებას აძლევს, რაღაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენის  ნაწილად იგრძნოს თავი, ვიდრე უბრალო მოკვდავობაა.

 

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის მთვარესთან

ეს ასპექტი ურთიერთობას კეთილგონიერებისა და სიფრთხილის გრძნობას მატებს. თავშეკავება და წინდახედულება ორ ადამიანს იმდენად მჭიდროდ კრავს, შესაძლოა მათი მთელი გარესამყაროსგან იზოლირების მიზეზიც  გახდეს, თუმცა ისინი არ გრძნობენ თავს დამოკიდებულად. მამაკაცი მიესალმება ქალის მხრიდან მამის სახების მასზე პროექციას, რადგან ეს ფაქტორი დიდად ეხმარება მას ემოციურ მომწიფებაში. ქალი, თავის მხრივ, ამაყობს იმით, რომ მისი პარტნიორი სწრაფად იზრდება და მზადაა, ღირსეული როლი იტვირთოს. შედეგად, ეს ასპექტი საკმაოდ სტაბილურ საფუძველს ქმნის მყარი პარტნიორობისა ქორწინებისთვის.

 

მამაკაცის სატურნი ტრინში ქალის მერკურისთან

აქ მამაკაცს თავისი წვლილი შეაქვს მიზანდასახულობის გრძნობის სახით. ის ეხმარება ქალს ცხოვრებაზე შეხედულებების ჩამოყალიბებაში, რომ მას უფრო მოწიფული აზრები ჰქონდეს. შედეგად, ქალი ხარბი მოწაფე ხდება, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის ტიპში. კარმული ხასიათის გამო (რასაც სატურნი განაპირობებს), ეს პარტნიორობა ორივე მათგანს სულიერ ევოლუციას უქადის.  ქალი იგებს, რომ ყველაფერი მტკიცეს ასაშენებლად დროა საჭირო და სწორედ ეს მამაკაცი ეხმარება ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

 

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის მერკურისთან

ქალს ამ ურთიერთობაში მოწიფულობის წვლილი შეაქვს, რომელიც ამორტიზატორივით მოქმედებს, იცავს რა მამაკაცის ინტელექტს, რომ მან შეძლოს მნიშვნელოვანი თვითგამოხატვა. ქალი ქვეცნობიერად პროეცირებს „ბუდის დადების“ მიზანს, რომელშიც მამაკაცის იდეები უნდა გამოიჩეკოს, გამოიკვებოს და განმტკიცდეს, სანამ საბოლოოდ არ განხორციელდება. ეს შესანიშნავი ასპექტია ხანგრძლივი კარმული პარტნიორობისა და ქორწინებისთვის.

 

მამაკაცის სატურნი ტრინში ქალის ვენერასთან

ქალი აღფრთოვანებულია მამაკაცის ძალით და მზრუნველი თვისებებით. ის მისი ციხე-სიმაგრეა, მისი დაცვა და დოქტრინა, რაც მის ხასიათს განამტკიცებს. მამის როლში, თავისი სიმბოლური ქალიშვილისთვის, მამაკაცი ქალს შემოქმედებით ენერგიის კონცენტრაციას და სასიყვარულო ინსტინქტების ფოკუსირებას ასწავლის, რითაც ქალის თავდაჯერება შესამჩნევად იზრდება. ეს ძალზედ ჰარმონიული ასპექტია სტაბილური და მტკიცე სიყვარულისთვის.

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის ვენერასთან

მამაკაცი საკუთარ ძალას ქალის მხარდამჭერი და პროტექციული პოზიციით შეიცნობს. ქალი მისი მფარველია და ყოველთვის მხარს უჭერს, რადგან ამ ურთიერთობაში იმ როლს ასრულებს, როგორსაც ბავშვობაში საკუთარ მამაში ხედავდა. მამაკაცი შესაძლოა მასში თავის მამასაც ხედავდეს, რომელიც მის შემოქმედებით იდეებს და პრაქტიკულ ფორმებს აქეზებდა. მომთმენი ზრუნვისა და მყარი სიყვარულის წყალობით, ეს ასპექტი ისეთ ქორწინებას ქმნის, სადაც თითოეული პარტნიორი თავის ბავშვურ პატერნებს აბიჯებს და პიროვნულად იზრდება.

 

მამაკაცის სატურნი ტრინში ქალის მარსთან

ამ ასპექტში ქალი  სიმბოლურად მამისეულ მოთხოვნებს ეხმაურება. მამაკაცს, თავის მხრივ, მშვენივრად ესმის, რომ ახალგაზრდობა და სიბერე ურთიერთგაგების  ფართო სპექტრს ქმნის, საიდანაც სიბრძნე აღმოცენდება. ქალი მუდამ წინ ისწრაფვის. მამაკაცი მასში თავის ახალგაზრდულ იმპულსურ ნატურას ხედავს. იმავდროულად, მან ტრადიციული მეთოდებით  უნდა მისცეს მიმართულება ქალს, რაც მის აქტიურობას წარმატებით დააგვირგვინებს. მარტივი ენით რომ ვთქვათ, მამაკაცი ქალს თავისი ეგოს სწორად გამოხატვაში ეხმარება.  კარმული თვალსაზრისით, ქალი თავის მამის სახებასთან ურთიერთობს  და მართალია, მამაკაცი შეიძლება საერთოდ ვერც აცნობიერებდეს მის  ქალურ როლს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მშვენივრად ხედავს მისი ეგოს პოტენციალს. წარსულ ცხოვრებებში, ქალს სურდა თავი გაეიგივებინა ისეთი იდეებთან, პრინციპებთან ან ტრადიციებთან, რომელიც მის პერსონალურ „მეს“ სცდებოდა.  ამ ურთიერთობის მეშვეობით, ის იმისკენ ისწრაფვის, რაც მისი ასაკის შესაძლებლობებს სცილდება. ამრიგად, ის ცდილობს ნაჩქარევად მიაღწიოს იმ სტატუსს თუ პოზიციას, რისი მიღწევაც მხოლოდ მოწიფულ ასაკში, დაბრძენების შედეგად, არის შესაძლებელი.

 

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის მარსთან

აქ მამაკაცს ქალის მხრიდან ხელმძღვანელობის იმედი აქვს, რომელსაც თავის ღუზად მოიაზრებს. როდესაც ის საკუთარი იმპულსების შეთავსებას სწავლობს ქალის სიბრძნესთან, ორივეს დიდი მიღწევების შანსი ეძლევა. მამაკაცი მომავლისკენ ილტვის, მაშინ როდესაც მისი პარტნიორი  წარსულს ამაგრებს. აქ შესაძლებელია სუსტი კარმული კავშირი, რადგან ორივე პარტნიორი საკუთარი ენერგიის ფოკუსირებას სწავლობს  რაღაც დიდებულსა და ღირსეულზე. ქვეცნობიერ დონეზე, მამაკაცი თავისი მამის სიმბოლურ ფიგურასთან ურთიერთობს. ქალმა შესაძლოა მსხვერპლად გაიღოს თავისი ქალურობა იმისთვის, რაშიც დიდ აზრს ხედავს.  ეს მშვენიერი ასპექტია მათთვის, ვინც პირად ურთიერთობას ნაყოფიერ თანამშრომლობად განიხილავს.

 

 

მამაკაცის სატურნი ტრინში ქალის იუპიტერთან

გახსნილობისა და გულწრფელობის წყალობით, ქალს შუეძლია მამაკაცს საკუთარი თავის ფასი გააგებინოს. მამაკაცი შესაძლოა საკუთარი მამის (ან მამის მსგავს) როლს ასრულებდეს, რომ  ქალზე, ღირსებისა და პატივის გრძნობით, დადებითი შთაბეჭილება მოახდინოს.  რაც უფრო აფართოვებს ქალი მის ცნობიერებას, მით უკეთესად ხედავს მამაკაცი, რატომ უნდა დაიცვას ის წესები, ტრადიციები თუ ჩვევები, რითაც მისი არსებობა არის გამსჭვალული. ეს კარმული ასპექტი კეთილგონიერებას და სიბრძნეს აერთიანებს.  ქალი კონსერვატულ როლს ასრულებს, მაშინ როდესაც მამაკაცს უფრო აღმქმელის როლი შეესაბამება (რაც დადგენილი სტრუქტურის სიმბოლოა). ისინი აწონასწორებენ ერთმანეთს. ამიტომ, ეს ბრწყინვალე ასპექტია ხანგრძლივი, დაბალანსებული და მზარდი პარტნიორობისთვის.

 

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის იუპიტერთან

მამაკაცის ექსპანსიურ ბუნებას ქალის ბრძნული სიფრთხილე ემატება. ქალი იმ მტკიცე საყრდენის ფუნქციას ასრულებს, რომელზე დაყრდნობით, მამაკაცი ნახტომს აკეთებს. ამრიგად, ქალის რეალისტური პოზიცია მამაკაცის იმედებსა და მოლოდინებს გონიერების ფარგლებში ინარჩუნებს.  ქალი შესაძლოა თავისი მამის ფუნქციას ასრულებდეს, განსაკუთრებით ურთიერთობის ცენტრალური ცნობიერების ფორმირების პროცესში. მისი პროტექციული, ინური პოზიცია მშვენიერი საპირწონეა მამაკაცის იანური თვისებებისთვის, რომელიც მუდმივად თვითგამოხატვას ცდილობს. ეს პოზიტიური კარმის ასპექტია, რადგან ქალის მემკვიდრეობითი წარმომავლობა შერწყმულია მისი პარტნიორის კულტურულ პოზიციებთან. ის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის მამაკაცის იდეებისთვის. შედეგად, ეს ასპექტი ღირსებას და ურთიერთპატივისცემას მატებს ამ საოცარ პარტნიორობას.

 

სატურნების ტრინი

ამ ასპექტით, პარტნიორები ერთმანეთის კარმას ავსებენ. ორივე საერთო მიზნებისკენ შეთანხმებული სწრაფვის მოთხოვნას განიცდის. წინსვლა ნელი, თუმცა მტკიცე იქნება, რაც ორივე მათგანს თავდაჯერებას მიანიჭებს. ეს ასპექტი თვალისთვის იმდენად შეუმჩნეველ ჰარმონიაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა შორიდან დამკვირვებლისთვის ბუნებრივ ურთიერთგაგებად ჩაითვალოს. თუმცა მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ შეთანხმებულობის, მიზანდასახულობის და საერთო ძალისხმევის ძალა. ორივე პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ისინი აფასებენ ერთმანეთის ღირსებებს. ორი დაბადებით გულწრფელი ადამიანი  მხარდამხარ მიიწევენ საერთოდ მიზნებისკენ.

 

მამაკაცის სატურნი ტრინში ქალის ურანთან

მამაკაცს შეუძლია დაეხმაროს ქალს მისი არასტაბილური და რისკიანი ბუნების მოთვინიერებაში. ის პრაქტიკულობას შემატებს მის უნიკალურ იდეებს და ასწავლის, როგორ მიაღწიოს თავის ფასეულობებს, საკუთარი საზრიანობიდან და კრეატიულობიდან გამომდინარე.   ეს ასპექტი, როგორც წესი, ისეთ ურთიერთობებში ვლინდება, სადაც მამაკაცი, კარმულ დონეზე, მხარს უჭერს რაიმე პრინციპს ან ეთიკურ მოსაზრებას და ახლა დროა, თავისი მისიისგან განთავისუფლდეს. მართალია, ეს ქალი მისი არსებობის დინების ძირითად  ნაწილს არ წარმოადგენს, თუმცა თავისი მიუკერძოებელი ან, ერთი შეხედვით, უაზრო ქცევებით, ის ანთავისუფლებს მამაკაცს თავისი კარმული მისიისგან. საქმე ის არის, რომ მამაკაცი უნდა განკერძოვდეს იმ პრინციპებისგან, რომელსაც მხარს უჭერს ან იმ კარმული ტვირთვისგან, რომელსაც მიმდინარე ცხოვრებაშიც ატარებს. სწორედ ეს ქალი დაეხმარება კარმის დაღის „გაუფერულებაში“.

 

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის ურანთან

მამაკაცი, ასე ვთქვათ, ყურადღების გადამტანი მანევრის როლს ასრულებს ამ ზედმეტად სერიოზული ქალისთვის. ქალი მიჩვეულია თავის გაიგივებას მამის როლთან, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ, ვინც საკუთარ ვალდებულებებს უგულვებელყოფს. რაც უფრო დაჟინებით ცდილობს ამის განხორციელებას პარტნიორთან, მით უფრო ათავისუფლებს მამაკაცი მას სტრუქტურის მკაცრი ჩარჩოებისგან. მას შეუძლია დაეხმაროს ქალს, განთავისუფლდეს ცხოვრებისა და საკუთარი თავისადმი ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულებისგან, ასწავლოს საკითხების უფრო მიუკერძოებელი ხედვა.  ქალი, თავის მხრივ,  სტრუქტურას უზრუნველყოფს მისი ორიგინალური იდეებისთვის. მას შეუძლია შექმნას, მიმართულება მისცეს და  უხელმძღვანელოს კიდეც მის კარიერულ განვითარებას. ეს ურთიერთობა მომავლის მიზნების საერთო ხედვებით გამოირჩევა. ეს ბრწყინვალე ასპექტია მატერიალური, შემოქმედებითი და მეცნიერული წარმატებისთვის, რადგან ის პრაქტიკულ და ორიგინალურ იდეებს აერთიანებს. ქალი კარმულ ვალს იხდის, რომ განთავისუფლდეს მკაცრი სტრუქტურისგან. ასეთი შანსი კი ყველას არ ეძლევა. იმავდროულად, ის კარმულად დამსახურებულ მხარდაჭერას იღებს.  

მამაკაცის სატურნი ტრინში ქალის ნეპტუნთან

მამაკაცი ამორტიზატორივით მოქმედებს ქალის მგრძნობიარობაზე.  ის ეფექტურად ამიწებს მის წარმოსახვას, უჩვენებს რა რეალურ საფუძველს, რაც მის შემოქმედებით ფანტაზიებს სჭირდება. მეორეს მხრივ, ქალი არბილებს მის თავდაცვით პოზიციას და ამსუბუქებს მისი მიზნების გამოხატვას. ეს ასპექტი განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს ურთიერთობას. მამაკაცი შესაძლოა საკუთარი მოლოდინების იდეალიზაციას ხედავდეს პარტნიორში, რომელიც მარტივად სცდება იმ საზღვრებს, რის დანახვასაც მამაკაცი მიჩვეულია. ქალს შეუძლია ასწავლოს კიდეც მიმდინარე რეალობის საზღვრების გადალახვა; უჩვენოს, როგორ მიაღწიოს ოცნებებს, რომელიც მის მომავალს წარმართავს. მაგალითად, მამაკაცმა შესაძლოა ისწავლოს ფერების, შეფერილობების და ნიუანსების შეგრძნება, რომელზეც თავისი შემოქმედებითი ცხოვრების სტილს ააგებს. კარმულად, მამაკაცი შეპყრობილი იყო თავისი იმიჯით და ავტორიტეტით, ქალი ეხმარება მას საკუთარი თავის განსხვავებულ აღქმაში. რაც უფრო მეტად ცდილობს დაიტვირთოს თავი უსიამოვნო ვალდებულებებით, მით უკეთესად ასწავლის ქალი საკუთარი წარმოსახვის გამოყენებას, რომ გააქარწყლოს მისი ზედმეტი პასუხისმგებლობა.  ჰარმონიული გაგების წყალობით, რასთან დაიჭირონ საქმე და რას არიდონ თავი, ეს ურთიერთობა ორივე პარტნიორს ხელს უწყობს შემოქმედებითი მიზნების პოვნაში.

 

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის ნეპტუნთან

ქალი,  საკუთარი მამის როლის მორგებით, მართავს და ხელმძღვანელობს პარტნიორს. მამაკაცს ფართო წარმოსახვა აქვს, რომელსაც, კონსტრუქციული გამოხატვისთვის, მიმართულების მიცემა სჭირდება. ქალი იმ ღუზას წარმოადგენს, რომელიც მას ბედისწერის ქარბუქების დროს სიმტკიცის შენარჩუნებაში ეხმარება და იმ მყუდრო ნავსაყუდელს უზრუნველყოფს, რომელზეც საკუთარი იმედების და შეხედულებების დაფუძნება შეუძლია.  ძალიან ხშირად ხაზგასმულია რელიგიური ან სულიერი ქვეტექსტები. მამაკაცს შესაძლოა გარკვეული კონტაქტი ჰქონდეს თავის უმაღლეს არსებასთან ან ინტუიციურად ესმოდეს მუსიკა და ხელოვნება, მაგრამ მან არ იცის, როგორც გამოხატოს პრაქტიკულ დონეზე ის, რასაც გრძნობს. სწორედ ეს ქალი უჩვენებს მისი შემოქმედებითი იმპულსების რეალურ მნიშვნელობას. მამაკაცი, თავის მხრივ, ქვეცნობიერად აიდეალებს მას, იყენებს რა ქალის მოლოდინებს მის მიმართ, როგორც საკუთარი სტანდარტების ნარჩევს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს. ეს ასპექტი კარმულ პოტენციალის გამოთავისუფლებას უწყობს ხელს. მამაკაცი თანდათან აცნობიერებს თავის ჭეშმარიტ ღირებულებებს და იმავდროულად, ხელს უწყობს პარტნიორს მისი მგრძნობირობის გამოვლენაში. ქალი კი შთაგონებული გრძნობების მნიშვნელობას სწავლობს, რაც აძლიერებს მის სულიერების გრძნობას.

 

 

მამაკაცის სატურნი ტრინში ქალის პლუტონთან

ეს ასპექტი პირდაპირი მიმართულებით ხასიათდება. მამაკაცი წარმოადგენს სიბრძნეს და ხელმძღვანელობას, ქალი _ სიღრმეს და გაგებას. და ამ ურთიერთობის შედეგი შესაძლოა დიადი მიღწევები გახდეს, რადგან ორივე პარტნიორი მნიშვნელოვან მოვლენაში ჩართულობის ძლიერ მოთხოვნილებას განიცდის, რაც პერსონალური ურთიერთობის საზღვრებს სცდება. მამაკაცი ქალს ენერგიის მართვას ასწავლის, ქალს კი შეუძლია უჩვენოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ყველაფრისა, რისი მიღწევაც შეუძლია. შედეგად, თითოეული გარკვეულ სარგებელს ნახულობს პარტნიორის ძალისგან. ქალი დესტრუქციულ კარმას აღასრულებს. ის სწავლობს, როგორ ამოიტანოს ზედაპირზე და გააუვნებელყოს ის აზრები და იმპულსები, რომელსაც აღარანაირი სარგებელი აღარ მოაქვთ ურთიერთობაში. შედეგად, ის უფრო ნაყოფიერი მიზნებისთვის ტრანსფორმირდება. წინა ცხოვრებაში ის წინ აღუდგა შეზღუდვებს და ცხოვრების ისეთი სტილი აირჩია, რომელიც არ შეესაბამებოდა ავტორიტეტული ფიგურების მოლოდინებს. ახლა, რადგან ასეთ ურთიერთობაში ჩაერთო, ის მზად არის აღიაროს ავტორიტეტი და მიიღოს ხელმძღვალენობა, რომ დაუბრუნდეს ნაყოფიერ და საპასუხისმგებლო გზას.

 

ქალის სატურნი ტრინში მამაკაცის პლუტონთან

ამ ასპექტში, ქალი, ითავსებს რა საკუთარი მამის როლს, პასუხისმგებლობას ასწავლის პარტნიორს. რაც უფრო მეტად ტრანსფორმირდება მამაკაცის ცნობიერება, მით უფრო აკმაყოფილებს ის ქალის მოლოდინებს. იმავდროულად, მამაკაცი მას ისეთ შესაძლებლობებს უჩვენებს, რისი მიღწევაც შეუძლია, თუ თავის ორთოდოქსული აზროვნების საზღვრებს გადააბიჯებს. წინა ცხოვრებაში მამაკაცმა დაკარგა თავისი მიმართულება. ამ ურთიერთობის წყალობით, ის პოულობს უკან დასაბრუნებელ გზას, ქალის რბილი ხელმძღვანელობით, რომელიც მას  სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციის და იმ სიმბოლიზმის მნიშვნელობას უჩვენებს, რაც მის პერსონალურ „მეს“ ბევრად აღემატება. ქალი ასწავლის პარტნიორს მის მიერ შემონახული პრინციპების, ფორმების და სტრუქტურების გამოყენებას. ამ ურთიერთობის წყალობით, ქალი ასრულებს აზროვნების კარმას, სადაც  ყოველთვის მოწაფე იყო, და იწყებს მოქმედების კარმას, რადგან საკუთარ თავში აღმოაჩენს უნარს, როგორც ასწავლოს პარტნიორს ის, რაც დააგროვა.

 


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top