V სახლი სინასტრიაში

V სახლი სინასტრიაში

V სახლი ჩემი არაპირდაპირი თვითგამოხატვის სფეროებს მართავს: მაღალ დონეზე _ შემოქმედებას, საშუალო დონეზე _ თამაშებსა და გასართობებს, სადაც აზარტულად ვმონაწილეობ საკუთარი მეს სახებების (სხვა სიტყვებით, როლების) გამოყენებით. საერთოდ, V სახლის როლები, I ანუ პირადი სახლისგან განსხვავებით, სულაც არ არის ჩემზე მოკერებული: მე მათი ცვლა საკუთარი შეხედულებისამებრ შემიძლია, თუმცა არა თვითნებურად, რადგან ნებისმიერი ობიექტური სიტუაცია ძლიერ ზეწოლას ახდენს ჩემზე და კონკრეტული როლის შესრულებისკენ მიბიძგებს. როლიდან გამოსვლა კი არც ისე მარტივი შეიძლება აღმოჩნდეს.

ურთიერთობებსა და პარტნიორებთან ინტერაქციაში მე, როგორც წესი, ერთი-ორი კარგად დამუშავებული როლითა და მათი შესაბამისი ნიღბებით ვსარგებლობ.  საქმე ის არის, რომ როლებიდან გამოსვლის მცდელობა შესაძლოა სასოწარკვეთილ წინააღმდეგობას წააწყდეს როგორც ჩემი ქვეცნობიერის, ისე პარტნიორის მხრიდან, რომელსაც, ნებით თუ უნებურად, უზარმაზარი ძალისხმევის დახარჯვა შეუძლია იმისთვის, რომ  ამოუცნობი და გაუგებარი სიტუაციებიდან, ჩემთვის კარგად ნაცნობ და ჩვეულ სიტუაციებში „გამომაძევოს“.

ადამიანის ყველაზე გავრცელებული, ბუნებრივი როლები და ნიღბები სწორედ V სახლში და მის ნათალურ ასპექტებში იკითხება.  როგორი როლებით და თამაშებით ანებივრებს პარტნიორს _ V სახლის სინასტრიულ ასპექტებში. უფრო კონკრეტულად კი V სახლში სინასტრიულად განთავსებულ პლანეტებში.

გაუგებრობების მთავარი წყარო, როგორც წესი, პარტნიორთან ნათალური სახლების შეუსაბამობა ხდება. მაგალითად, V სახლის შემთხვევაში, მე ჩემს როლებსა და ნიღბებს, საბოლოო ჯამში, ერთგვარ ინსტრუმენტებად განვიხილავ, რომელსაც გარესამყაროსთან (სხვადასხვა ეგრეგორთან, ე.ი. ფაქიზ სამყაროსთან) ურთიერთქმედებისთვის ვიყენებ, და მაინც ჩემი არსებისგან განყენებულად! პარტნიორისთვის ეს რთულად გასაგები იქნება, თუ ჩემს V სახლს, ვთქვათ, მისი I, II ან IV სახლი შეესაბამება. ეს იმას გულისხმობს, რომ  მისი პირადი, ეთიკური ან ფუნდამენტურ-ეგზისტენციური წყობა ჩემს გასართობ-სათამაშო არეალში ხვდება. V სახლთან შეხებაში, პარტნიორი სათამაშო, ქარაფშუტულ და თავისუფალ, ხანაც ექცენტრულ სპექტრში მიხილავს. თუმცა ნაკლებ მოსალოდნელია, მან ჩემი როლები გულწრფელად აღიქვას, ამ სიტყვის მისეული გაგებით.

V სახლი თეატრალური სცენაა, სადაც პარტნიორისგან შეიძლება ოსტატურ გარდასახვას და საოცარ როლს ველოდოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გულახდილ აღსარებას! სწორედ ამას მიჰყავს ჩემი პარტნიორი სრულ სასოწარკვეთამდე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემთან სერიოზულად დალაპარაკება უნდა, მე კი ამ დროს საყვარელ პოეტებს ვუციტირებ ან ბავშვივით ვხტუნავ მის გარშემო. მეორეს მხრივ, თუ ჩემი V სახლი დაზიანებულია, ჩემი ნიღბები შესაძლოა მოქუფრული, როლები კი ძალიან დრამატული იყოს. აი, მაშინ პარტნიორის მოგუდვას დავიწყებ, რისგან თავის დაცვაც მას ძალიან გაუჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ მას პირადად ჩემთან კი არა, დაქირავებულ არმიასთან (როლებთან) დაპირისპირება მოუწევს. იმდენსაც მოვახერხებ, რომ ამ შეტაკებას პიროვნულად გამოვეთიშები და, განზე გამდგარი, შორიდან დავაკვირდები.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად V სახლი არც ისე საზეიმო და ქარაფშუტულია, როგორც ასტროლოგიური სახელმძღვანელოების პირველად გადაკითხვისას შეიძლება მოგეჩვენოთ, სადაც აუცილებლად იქნება მოხსენიებული: საყვარლები, სექსი, გართობა, ბავშვები, სპორტი და თამაშები. საქმე ის არის, რომ ზრდასრულ სამყაროში სათამაშო სიტუაციები (რომელიც ნამდვილად V სახლიდან იღებს სათავეს) გაცილებით ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი, ვიდრე მისი გავრცელებული განმარტება. უმეტესად მათში მხიარულების, ქარაფშუტობის და გულწრფელობის ნატამალსაც ვერ შეხვდებით. ეს სახასიათო როლებით განვითარებული სიუჟეტები, რომელიც შაბლონურად მეორდება ადამიანის ცხოვრებასა და მის გარემოცვაში, შეიძლება საკმაოდ მძიმე და ზოგისთვის გამანადგურებელიც აღმოჩნდეს. ხანდახან უკლებლივ ყველა მონაწილის ჩათვლით.

ამრიგად, როდესაც პარტნიორი ჩემს V სახლს ააქტიურებს, ის უნებურად მაცდუნებელ გამოწვევას მიცხადებს, ჩავერთო ჩემს ერთ-ერთ სტანდარტულ თამაშში, რაზე უარის თქმაც ძალიან გამიჭირდება, რადგან საკუთარი სიუჟეტების გათამაშების უზარმაზარ გამოცდილებას ვფლობ. ლოგიკურად, პარტნიორი არჩევნის წინაშე აღმოჩნდება: ის ან გარკვეული როლით უნდა ჩაერთოს თამაშში, ან მთლიანად მოშალოს ჩემი სათამაშო სისტემა; ან სულაც უკანმოუხედავად მიბრძანდეს. თუ პარტნიორი მეორე ვარიანტს აირჩევს და საკმარისად ძლიერი და დაჟინებულიც აღმოჩნდება, მას შეუძლია, სიტყვა სიტყვით, გაანადგუროს ჩემი ძირითადი როლები და ნიღბები. მაშინ მე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდები, გაძარცვული ქალბატონის მსგავსად, რომელსაც უტანსაცმლოდ (V სახლი) და მინიმალური მაკიაჟით (I სახლი) ძალიან შერცხვება საზოგადოების წინაშე წარდგომა. ბუნებრივია, ყველა ადამიანი ქვეცნობიერად მშვენივრად გრძნობს ამას. ამიტომაც, ვიბრძვით საკუთარი როლების და სიუჟეტების შესანარჩუნებლად, როგორც ლომები ამჯობინებენ ხანდახან მძიმე ავადმყოფობას და სიკვდილსაც კი, ოღონდ V სახლის თეატრალური სტრუქტურა არ დაირღვეს.

ჩემს V სახლში განთავსებული პლანეტები აჩვენებენ, რა როლებს მივანიჭებ მე ჩემს პარტნიორს. თავიდან ის წინააღმდეგობას არ გამიწევს. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, დანარჩენი სინასტრიული ასპექტების ჩართვისას, სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.

საერთოდ, ყველა სახლში განთავსებული სინასტრიული პლანეტები შეიძლება როლების მიხედვით განვმარტოთ. მაგალითად: სინასტრიული მზე მამა-ხელმძღვანელის სიმბოლოა; მთვარე _ დედის ან ქალიშვილის; ვენერა და მარსი_ საყვარლის ან მეტოქის და ა.შ. საქმე ის არის, რომ V სახლში ძალიან მკაფიოდ არის ხაზგასმული ამ როლების სიმბოლიზმი, ანუ მე პარტნიორს აღვიქვამ როგორც მოთამაშეს, რომელიც ჩემთან ერთად გარკვეულ პიესაში მონაწილეობს. V სახლში განლაგებული სინასტრიული პლანეტები კი მიუთითებენ იმ ამპლუაზე, რომლისგან თავის დაღწევაც, უკაცრავად, მაგრამ შეუძლებელია!

 

ახლა გართობის დროა! V სახლი პაემნების, რომანტიკის, სექსის, ფლირტის, შემოქმედების, ჰობისა და გართობის სახლია. არც ისე გასაკვირია, რომ ეს სახლი ყველაზე ხშირად იკვეთება რომანტიულ წყვილებში, რადგან სწორედ მისი მეშვეობით ხდება სიამოვნების მიღება და გაზიარება. ამ სახლში სინასტრიულად განთავსებული ნებისმიერი პლანეტა რომანტიულ მიზიდულობას წარმოშობს პარტნიორებს შორის.

პლაჟზე კისკისი დღისით, გრძელი სეირნობა ღამით, რომანტიული პიკნიკები ქალაქგარეთ _ ეს ყველაფერი V სახლის თემებია. ცეცხლოვანი სახლები (I , V, IX), ამაღელვებელ ენერგიას გვაძლევენ, მხოლოდ I სახლისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარ ეგოზე კონცენტრაციისა და თვითგამოხატვისკენ გვიბიძგებს, V სახლი შემოქმედების სახლია, რომლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია სამყაროს შევთავზოთ რაიმე, საკუთარი ტალანტების რეალიზებით. შესაბამისად, ამ სახლში განთავსებული ნათალური და სინასტრიული პლანეტა-მუზები ჩვენს შემოქმედებით საწყისებს ააქტიურებს და შთაგონებას ხსნის.

ეს არ არის ღრმა და ემოციური სახლი (როგორც წყლის სახლები). ამ სახლით ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ. აქ პარნტიორები ერთმანეთს შთააგონებენ და აღაფრთოვანებენ. პარტნიორული კავშირები, სადაც V სახლი მკაფიოდ იკვეთება სავსეა რომანტიკით, მხიარულებით, სექსით თუ სიამოვნების სხვა წყაროებით. ამდენად, სერიოზულ და ხანგრძლივ ურთიერთობაზე საუბარი, მხოლოდ V სახლის მაჩვენებლებით, არ შეიძლება.

 

მომზადებულია ავესალომ პადვოდნის და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top