ასტროლოგიამ ჩვენს დროში უკვე გაიარა ის ზღვარი, როცა არსებობდა ერთიანი ასტროლოგია. თვითონ ერთი მიმდინარეობის შიგნითაც კი საკმაოდ ბევრი და მოცულობითი მასა იმალება: ფსიქოლოგიური, გეოგრაფიული, კარმული, სამედიცინო და ა.შ. მაინც რა არის დრო? როგორ შეიძლება მისი გაზომვა? დედამიწა ღერძის გარშემო ტრიალებს და დღეს ღამე ცვლის, დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს და იცვლება სეზონები, საათის ისრები ტრიალებს და კვლავ პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.
ჩვენ ვხედავთ,რომ დრო არსებობს იმდენად,რამდენადაც არსებობს ციკლი.ჩვენ კი ცხოვრებაში 3-4 ციკლი მაინც დაგვჭირდება რათა დროის გაზომვა შევძლოთ, თუმცა ციკლი ერთი არაა, არსებობს რამდენიმე ციკლი და თითოეულში რაღაც განუმეორებელია. ასტროლოგია ესაა მეცნიერება დროზე, ციკლებზე და მათ ურთიერთქმედებაზე. ჩვენ შეგვიძლია ასტროლოგიაში ვნახოთ კონკრეტული დრო, ამისთვის ასტროლოგიურ რუკას ვიყენებთ, შეგვიძლია ეს რუკა შევადაროთ სხვა ობიექტის რუკას და ვთქვათ როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რა ურთიერთობა აქვთ.
სწორედ ამას შეისწავლის სინასტრია.
სინასტრიით შეგვიძლია შევისწავლოთ ორი ადამიანის ურთიერთობა (ცოლ-ქმარი, უფროსი-თანამშრომელი, დამნაშავე-მსხვერპლი, ექიმი-პაციენტი, მშობელი-შვილი და ა.შ.), კოლექტივის შიგნით ურთიერთდამოკიდებულება, ადამიანისა და ორგანიზაციის ურთიერთობა, ადამიანისა და ქვეყნის ან ქალაქის ურთიერთდამოკიდებულება, ქალაქების, ქვეყნების, ორგანიზაციების ერთმანეთთან დამოკიდებულება და ა.შ. მოკლედ, სინასტრია მრავალმხრივია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ სინასტრიის იმ ნაწილზე, რომელსაც ყველაზე ხშირად ექცევა ყურადღება-ორ სქესს შორის ურთიერთობის სინასტრიაზე.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით სინასტრიაში სწორია თეზისი „არ არსებობენ შემთხვევითი ადამიანები“. ნებისმიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრა, ურთიერთობა გიწევთ, თუნდაც ეს იყოს ქუჩაში შემხვედრი ადამიანი,რომელმაც სიგარეტი გთხოვათ,ან თუნდაც ეს იყოს თქვენი მტერი, თითოეულს აქვს თქვენს ცხოვრებაში რაღაც ფუნქცია. პირველ მაგალითში ეს ფუნქცია არც ისე მნიშვნელოვანია, ხოლო მეორე შემთხვევაში თქვენს ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს.
ზოგჯერ გაგიგიათ ალბათ ნათქვამი „ეს ადამიანი სრულიად შემთხვევით გახდა ჩემი ქმარი, ჩვენს შორის საერთო არაფერია“, „ჩემთვის გასაფიქრებლადაც წარმოუდგენელია, რომ ეს ქალი ჩემი ცოლია“ და მსგავსი ტიპის სხვა გამონათქვამები. ასეთი რეაქცია შესაძლოა გამოწვეული იყოს სიტუაციის სრული გაუგებრობით და ასევე საკუთარი თავის გაურკვევლობით. თუ ადამიანი თქვენთვის ახლობელი გახდა ე.ი. არსებობს რაღაც მიზეზი ან მიზეზები, რამაც მასთან დაგაახლოვათ, მიგიყვანათ.
რა ფუნქციას ასრულებს პარტნიორი მეორე პარტნიორის ცხოვრებაში? მათ, ვისაც ელემენტარული წარმოდგენა აქვთ ოკულტურ ხედვაზე, იციან ერთი პრინციპი, რომელიც შეგვიძლია მოკლედ ასე გამოვთქვათ “რაც გარეთაა, ის შიგნითაა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ადამიანს დაემართება, შინაგანითაა გამოწვეული. მაგალითად თუ ვინმესგან საყვარელი ცოლი/პარტნიორი წავიდა ე.ი. მან (კაცმა) ვერ შეძლო რაღაც ნაბიჯის გადადგმა შინაგანი ზრდის პროცესში და “ბედმა” გადაწყვიტა „ჭკუა ასწავლოს“ მწარე მეთოდებით. თუ ადამიანს გაუმართლა ე.ი. შინაგანად ეს დაიმსახურა. მაგრამ დავუბრუნდეთ პარტნიორს.
პარტნიორი ესაა ყველაზე ნათელი, ღია და აქტიური ნაწილი თქვენი შინაგანი სამყაროდან. ამიტომ თქვენი პარტნიორის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა – სარკედ ყოფნა, ის თქვენი შინაგანი განვითარების ანარეკლს წარმოადგენს. ამ ფაქტის გაცნობიერების შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ სინასტრული კვლევა.
ასევე ერთ-ერთი მთავარი შედეგი, მიზეზი სიტუაციების შექმნისა არის კარმული მნიშვნელობა. პარტნიორები და მათთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი მანიშნებელი დაუმუშავებელი კარმისა. სინასტრული სიტუაციები შეიძლება დაიყოს ორ კლასად – კარმულ დამუშავებად და თავისუფალ კავშირად. პირველ კლასს მიეკუთვნება სიტუაციები, რომელთა დროსაც ადამიანი ფიქრობს საკუთარ გადაუჭრელ პრობლემებზე, საჭიროა დაასრულოს ტრანსფორმაცია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ადამიანი პირად ურთიერთობებში არსებული სიტუაციები იქმნება ცხოვრების კონკრეტულ მომენტში დაუსრულებელი კარმული „დავალებების“ დასრულებისთვის.
მეორე კლასის შემთხვევაში ადამიანს არ სჭირდება კარმულად რამის დასრულება და შეუძლია მშვიდად იცხოვროს და არ მოუწიოს პრობლემების გადაჭრა. ცხოვრებისეული სიტუაციები კი ან „კარმული“ დამუშავებისაა ან „თავისუფალი კავშირის“. იმისთვის,რომ გაირკვეს რა ურთიერთობა აქვს ადამიანს და რას მოითხოვს ურთიერთობა, დეტალური ასტროლოგიური ანალიზია გასაკეთებელი.
დღესდღეობით, შეთავსების ჰოროსკოპი ერთ-ერთი პოპულარული “პროდუქტია”, რომელსაც ასტროლოგები გვთავაზობენ. ის გამოიყენება როგორც უკვე ერთად მყოფ პარტნიორებს შორის, ასევე შეყვარებულებზე, ახალგაზრდებზე, რომელბსაც ერთად ყოფნა გადაუწყვეტიათ და ა.შ. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ შეეთავსებიან ერთმანეთს, პირადი რუკები უნდა შედარდეს და ასპექტები განვიხილოთ.
პირველ რიგში უყურებენ კაცის მზისა და ქალის მთვარის თავსებადობას და პირიქითაც (ქალის მზე,კაცის მთვარე). ასევე კარგია თუ რომელიმეს მზესთან ჰარმონიული ასპექტი (60,120, ან შეერთება) აქვს მეორის იუპიტერს, ეს მიანიშნებს ჰარმონიულ ცხოვრებას და ურთიერთგაგებას.
რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ურთიერთობისთვის აუცილებელია სექსუალური შეწყობაც. კაცის შემთხვევაში განიხილავენ მთვარეს და ვენერას, ხოლო ქალის შემთხვევაში-მზეს და მარსს.თუ მაგალითად ,კარგი ასპექტი აქვს კაცის ვენერას ქალის მარსთან ან პლუტონთან (პლუტონი უმაღლესი ოქტავაა მარსის),მაშინ მოსალოდნელია ძლიერი სექსუალური შეწყობა. ქალის ჰოროსკოპში კი თუ მის მზეს ან მარსს კარგი ასპექტი აქვს კაცის ვენერას ან ნეპტუნს (ვენერის მაღალი ოქტავა) – ესეც ძლიერ შეტავსებაზე მეტყველებს. თუ ამ პლანეტებს შორის არაა ასპექტი,მაშინ ორი ადამიანი უბრალოდ კარგი მეგობრები იქნებიან და არა კარგი სექსუალური პარტნიორები.
სასურველია, რომ პარტნიორებს არ ჰქონდეთ მარსს, სატურნს, პლუტონსა და იუპიტერს შორის მძიმე, არაჰარმონიული ასპექტები, რადგან ეს კონფლიქტურობას ზრდის. მაგალითად თუ პარტნიორების მარსები კვადრატურაშია ერთმანეთთან,სავარაუდოდ ეს მოიტანს ბანალურ კამათის სცენებს,რომელიც ‘ჭურჭლის მსხვრევით” და გარჩევებით დასრულდება. სატურნების კვადრატის შემთხვევაში კი იმდენად განსხვავებული სისტემა აქვთ,ეგოიზმის განსხვავებული ფორმები,რომ დიდხანს ვერ გაძლებენ ერთად,საბოლოოდ უჩნდებათ სურვილი გაექცნენ ერთმანეთს. იუპიტერების კვადრატურა- იდეოლოგიურ დონეზე განსხვავება, ამ დროს შესაძლოა იყოს “გარეგანი დათანხმებულობა”.
პარტნიორებს შორის ტყუილზე “პასუხს აგებს” ნეპტუნისა და მარსის დაძაბული(ოპოზიცია,კვადრატი ან ნახევრადკვადრატი) ასპექტი, ასევე პერიოდული ცვლილებები, ოჯახს გარეთ რომანები.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ასტროლოგები თქვენს მოლოდინებს ან ადასტურებენ, ან უარყოფენ. არჩევანი კი მხოლოდ თქვენს ხელთაა.
ძირითადად მომზადებულია როჟანსკის ლექციების მიხედვით.
სტატიის ავტორი: თამთა