სინასტრიული მთვარე IV სახლში

სინასტრიული მთვარე IV სახლში

„სახლის კედლები იმისთვისაა, ადამიანი გარესამყაროსთან დააკავშიროს“

ამ ძალზედ სათუთ ასპექტს პარტნიორების სიღრმისეულად დაკავშირება შეუძლია, ისევე როგორც მძიმე სულიერი ჭრილობების მიყენება. საინტერესო ის არის, ეს პროცესი თითქმის ვერ კონტროლდება, რადგან ურთიერთქმედებისას გონის თანამონაწილეობა მიზერულია _ მთელი ინტერაქცია ინტუიციურად მიმდინარეობს.

კარგი ურთიერთობის შემთხვევაში, მე ძლიერ გამახარებს პარტნიორის სტუმრობა ჩემს სახლში. მე მას მზრუნველობით, კომფორტითა და სითბოთი აღვავსებ. ის მადლიერად მოდუნდება და, მას შემდეგ რაც თავს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობს, თავის ოჯახსა და ზოგადად ცხოვრებაზე მიამბობს, ჩემთვის უსიამოვნო მომენტების გვერდის ავლით.

თუ ქალის მთვარე მამაკაცის IV სახლში ხვდება, მასთან სახლში სტუმრობისას, სამუდამოდ იქ დარჩენის ძლიერი სურვილი დაეუფლება, ან მყისვე დატოვების, თუ სახლთან კონტაქტი არ წარმოიქმნა. თუ ქალი მოგვინებით მართლაც იქ დასახლდება, გაშინაურების მომენტში შეეცდება თავისი IV სახლი ჩართოს, რომელიც ინტერაქციაში შევა პარტნიორის IV სახლთან და მაშინ  აქტივირდება სინასტრიული ასპექტები მათ შორის.

თუ მამაკაცის მთვარე ქალის IV სახლში ხვდება, სავარაუდოდ, მას ძალიან ეყვარება ამ ქალთან სტუმრობა და ცხოვრებასა თუ საკუთარ ცოლზე წუწუნი, რადგან მისგან მორალურ მხარდაჭერას იღებს, ქალური ყურადღების სპეციფიური თუ არასპეციფიური ნიშნების სახით. მას შეიძლება თავში აზრადაც არ მოსდიოდეს, რომ მისი ვიზიტები დიდ როლს ასრულებს ამ ქალის ცხოვრებაში. ეს შეიძლება დადებითი ზემოქმედება იყოს, ისევე როგორც ძლიერ მტანჯველი. უფრო ხშირად ერთი და მეორეც, თუმცა საქმე ის არის, რომ ქალი რთულად აცნობიერებს საკუთარ გრძნობებს.

მაღალ დონეზე, ეს ასპექტი საშუალებას მაძლევს, პარტნიორს თავდაჯერების შეგრძნება გავუღვივო. მას კი, თავისი უანგარო მზრუნველობითა და სიყვარულით, შეუძლია ჩემი ყველაზე ნიჰილისტური ცხოვრებისეული პოზიციების და პესიმისტური შეხედულებების უკუგდება, რაც ჩემს ევოლუციას შეუწყობს ხელს.

მთვარის და IV სახლის კვეთა ხშირად „მიყვარხარ! მძულხარ! მიყვარხარ!  მძულხარ!“ ხასიათისაა. პარტნიორებს  წინააღმდეგობრივი სურვილები აკავშირებთ ერთმანეთთან.  ინკარნაციის მიმდევრები იტყოდნენ, რომ ისინი წარსულ ცხოვრებაში ძალიან ახლოს გადაკვეთილან _ ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

მთვარე თავს მშობლად გრძნობს ამ ურთიერთობაში და გარდა მშობლისთვის დამახასიათებელი მზრუნველობისა, მას აუცილებლად ექნება საკუთარი ავტორიტეტის წარმოჩენისა და გამყარების სურვილი. სწორედ ამიტომ ვერ დავახასიათებთ ამ კვეთას მარტივ და ჰარმონიულ ასპექტად. პარტნიორები იმდენად ღრმად ითრევენ ერთმანეთს საკუთარი სულის მორევში, ბუნებრივად ექმნებათ ერთმანეთისგან დისტანცირების და დასვენების სურვილი. პრინციპში ადამიანთა ტიპსაც გააჩნია. ანუ გარკვეული კატეგორიისთვის სულაც არ არის კომფორტული ღრმა და ემოციური ტიპის ურთიერთობა. სწორედ ამ ტიპს აფრთხობს  ინტენსიური ენერგოვიბრაცია, რომელიც მთვარისა და IV სახლის სინასტრიულ გადაკვეთას უკავშირდება.  მეტი თვალსაჩინოებისთვის, წყლის ნიშნები დიდად ისიამოვნებდნენ ამ ასპექტით, რასაც ვერ ვიტყვით ჰაერის ნიშნების ტიპურ წარმომადგენლებზე.


About Qet

Scroll To Top