ამ ასპექტის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ეს საშულებას მომცემს, მივაკვლიო ჩემი ეთიკის და ფასეულობათა სისტემის ყველაზე სუსტ მხარეებს და გარკვეული ძალისხმევით გავასუფთავო, რაც აუცილებელია ჩემი ტრანსფორმაციისთვის.
მიუხედავად ამისა, სინასტრიული პლუტონის აქტივობა, ჩვეულებრივ, ვერ აღწევს ჩემამდე პირდაპირი გზით. ჩემი შეფასებით, ასეთ პარტნიორთან შეხვედრისას, ჩემი გარემოცვა მძიმდება და ჩემს გარშემო, ასე ვთქვათ, შავი ღრუბლები იყრება. მე დიდი ხანი თავს ვარიდებ იმაზე ფიქრს, რომ ეს უშუალოდ მეხება, სანამ მისი პლუტონი ერთხელაც მკვეთრად გააქტიურდება, პარტნიორი მოიქუფრება და სიტყვით თუ ქცევით, ძალიან ნათლად მიჩვენებს, რომ არც ისე კარგი ადამიანი ვარ _ როგორც ზოგადად, ისე მასთან დამოკიდებულებაში. საინტერესოა, რომ ის არა კონკრეტულ ხდომილებას, არამედ ჩემს ზნეობრივ სახებასა და შეხედულებებზე დაიწყებს აპელირებას. მისი აგრესია იმდენად ძლიერი იქნება, ძალიან გამიჭირდება შეწინააღმდეგება, თუმცა ჩემთვის ნათელი გახდება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მისი არასწორად მესმოდა; რომ ჩემი ფასეულობათა სისტემა და ეთიკა მისთვის მეტწილად მიუღებელია და ჩემთვისვე აჯობებს, თუ ვაღიარებ, რომ გარკვეულ საკითხებში, ობიექტურად მართალია.
თუმცა, ჩვენი პარტნიორობის შედეგად, ჩემი ფასეულობათა სისტემის ძლიერი ნგრევა მაინც ნაკლებად მოსალოდნელია. სინამდვილეში ეს ორმხრივად ბასრი ასპექტი ჩემი პარტნიორისთვის უფრო საშიშია: ჩემთან იდეოლოგიური კონფლიქტი მის ნათალურ პლუტონს ააქტიურებს, მთელი თავისი ნათალური ასპექტებით, და მასაც არანაკლები ყურადღება მართებს ჩვენი ურთიერთობის იმ მომენტების მიმართ, როდესაც ჩემგან წინააღმდეგობას გრძნობს.
ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”